გამოდის 1998 წლიდან
2011-05-25
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი

ქუთაისში რევოლუციამდელ პერიოდში მრავალი სასულიერო და საერო ხასიათის სასწავლებელი გაიხსნა.
ახალი სასწავლებლის გახსნისას პირველი სირთულე ნებართვის მიღებით იწყებოდა. ქუთაისში მცხოვრებ ერთ-ერთ მემამულეს სტრუიცკის ბალახვანში ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთი, მშვენიერი ბაღით, ორსართულიანი შენობითა და ამავე ეზოში აგებული ულამაზესი პატარა ეკლესიით. 1888 წელს სტრუიცკიმ მთელი ეს ქონება უანდერძა სასულიერო უწყებას, საქართველოს საეპარქიო სამმართველოს. გაბრიელ ეპისკოპოსმა კარგად ისარგებლა ამ შემთხვევით და ეცადა, რომ მის ბაზაზე გაეხსნა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი. ასეთი სტილის სკოლების მუშაობის გამოცდილება ამ პერიოდის საქართველოში ნამდვილად არსებობდა. ამ სასწავლებელს თავისი სტრუქტურით ჩამოჰგავდა 1866 წელს უწმინდესი სინოდის მიერ დამტკიცებული და საქართველოს ეგზარქოსის ევსევის შუამდგომლობით გახსნილი, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერთან არსებული ქალთა სასწავლებელი.
ამ სასწავლებლის მიზანს შეადგენდა `მტკიცე მართლმადიდებელ ქრისტიან ქალთა აღზრდა, რომლებიც მართლმორწმუნეობით უნდა ემსახურონ ეკლესიას და ოჯახს~.
ასეთი მაგალითის არსებობა თავისთავად ხელშემწყობი პირობა აღმოჩნდა. გაბრიელ ეპისკოპოსმა აღძრა შუამდგომლობა სინოდის წინაშე, რომ სტრუიცკის ყოფილ სახლში გახსნილიყო იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი. 1889 წელს სინოდმა დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და გაბრიელ ეპისკოპოსმაც სკოლის მოწყობა-გაფართოებისა და გამშვენიერების საქმეს დიდი ენერგია შესწირა და ფულად ათი ათასი მანეთი გაიღო.
1889 წელს შეიქმნა ეპარქიული სასწავლებლის გახსნის კომიტეტი, გაბრიელ ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით. მცხეთის დედათა სასწავლებლის მსგავსად არ იყო საშუალება თავიდანვე სრული სასწავლებელი გაეხსნათ, ამიტომ კომიტეტი შეუდგა მზადებას უფრო მცირე, სამკლასიანი სასწავლებლის გასახსნელად, ერთი მოსამზადებელი კლასით. ეს პროცესი თითქმის ორ წელიწადს (1890-1892) გაგრძელდა. საორგანიზაციო კომიტეტი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა სასწავლებლისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას. ბევრ ახალგაზრდას სურდა ახალგახსნილ სასწავლებელში დაეწყო სწავლა. უპირატესობა სასულიერო წრის წარმომადგენლებს ეძლეოდათ, თუმცა, რამდენიმე ადგილი საერო პირთათვისაც რჩებოდა. დასაწყისისათვის მისაღები კონტინგენტი 45-ით განისაზღვრა.
მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა ი. ასათიანი; კლასის ზედამხედველად და ბიბლიოთეკის გამგედ _ ქ. ჩიქოვანი; სასწავლებლის ექიმად ს. ლორთქიფანიძე მოიწვიეს, გალობის მასწავლებლად კი _ კ. მაღრაძე.
1892 წლის 21 იანვარს გააუქმეს სასწავლებლის გახსნის კომიტეტი და შეადგინეს სასწავლებლის საბჭო, რომლის თავმჯდომარედ კვლავ გ. ცაგარეიშვილი დაინიშნა. წევრები იყვნენ: ი. ჭეიშვილი და ნ. ყუბანეიშვილი. მოგვიანებით, 1894 წელს, სასწავლებლის უფროსად დაინიშნა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ნინო თავდგირიძე, ინსპექტორად კი _ იოსებ დავითაშვილი. იმავე წელს, საღვთო სჯულის მასწავლებლად მოიწვიეს ი. ჭირაქაძე, რუსული და ქართული ენების მასწავლებლად _ ვ. ვარდანაშვილი.
1892-1893 სასწავლო წლისათვის უკვე მზად იყო 7 სამოსწავლო საკლასო ოთახი, საგამოცდო კომისია და ადმინისტრაცია. გამოცდების ჩატარების შემდეგ მაღალ მოსამზადებელ კლასში 13 გოგონა ჩარიცხეს, დაბალ მოსამზადებელ კლასში _ 20. სულ სასწავლებელში მიიღეს 42 მოსწავლე გოგონა. მათ შორის ძირითადი ნაწილი სასულიერო უწყებიდან იყო, სულ _ 38. დანარჩენი 4 მოსამსახურეთა შვილები იყვნენ.
შემდგომ წლებში უკვე პოპულარული სკოლა ამართლებს თავის არსებობას. ამის ნათელი დადასტურებაა გაზეთ `იმერეთის~ ფურცლებზე მოთავსებული, ქუთაისის ქალთა ეპარქიული სასწავლებლის ხელმძღვანელობის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 1913 წელს ხსენებული სასწავლებლის არც ერთ კლასში ვაკანტური ადგილი არ ყოფილა, გარდა მოსამზადებელი კლასებისა.
ამ სკოლას ხშირად სტუმრობდა ეპარქიის არქიელიც, ამოწმებდა პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების დონეს, ცდილობდა დახმარებოდა მათ საჭიროების მიხედვით. იგი, ყოველი სასწავლო წლის გასვლის შემდეგ, სრულ ანგარიშს წარუდგენდა ხოლმე უწმინდეს სინოდს სასწავლებლის საერთო მდგომარეობისა და მისი ზნეობრივი მხარის შესახებ. მასწავლებლის დანიშვნა და მისი განთავისუფლებაც ეპარქიის არქიელის საქმე იყო. მისსავე ფუნქციებში შედიოდა ვინმეს დაჯილდოება თუ შუამდგომლობაც. არქიელის მეშვეობით ხდებოდა პარალელური განყოფილებების, ან კიდევ, ახალი სასწავლებლების გახსნა.
თითოეული ეპარქია, სასწავლებლთა რიცხვის მიხედვით, იყოფოდა ნაწილებად, რომელთაც ოლქები ეწოდებოდა. ადგილობრივი სამღვდელოება ვალდებული იყო, ეზრუნა შესაბამისი ოლქის სასწავლებელზე.
ხშირად იმართებოდა ეპარქიათა ყრილობები, რომელსაც ესწრებოდნენ სასწავლებლის სამმართველოს წევრები. ისინი აწვდიდნენ ცნობებს სასწავლებლის საქმიანობის შესახებ. ამ ყრილობებზე ხდებოდა სასწავლებლისათვის საჭირო ხარჯების მოძიება, მოსწავლეთა გადასახადებისათვის ზრუნვა და ა. შ.
სამმართველო ცდილობდა და ბევრჯერ ახერხებდა კიდეც, საუკეთესო სასწავლო საშუალებები მიეწოდებინა სკოლისათვის, მაგალითად: ლექსიკონები, გეოგრაფიული და ისტორიული რუკები, წიგნები თუ სხვა საჭირო ნივთები.
როგორც ცნობილია, სასულიერო სასწავლებლები ძირითადად იხსნებოდა სასულიერო პირთა შვილებისათვის. ეს ეპარქიულ სასწავლებელშიც ასე იყო (თუმცა, უმნიშვნელო რაოდენობით აქ სხვებიც სწავლობდნენ). სასწავლებელი მიზნად ისახავდა საშინაო მასწავლებლის (`???????? ???????????~) მომზადებას. 1907 წლიდან სამრევლო სკოლის მასწავლებლის მომზადებაც დაიწყეს.
ეპარქიულ სასწავლებელთან არსებობდა `??????????????? ???????~-დ წოდებული სამგანყოფილებიანი სასწავლებელი. სამივე განყოფილება ერთ კლასში იყო და სამივეს ერთდროულად ასწავლიდა ერთი მასწავლებელი. სწავლობდნენ ქართულს, რუსულს, არითმეტიკას, საღვთო სჯულს და სხვა საგნებს.
დასაწყისისათვის საღვთო სჯულს ტარასი სოხაძე ასწავლიდა, დანარჩენ საგნებს მხოლოდ ერთი მასწავლებელი _ ნადია სანიკიძე. ქართულ ენაზე მხოლოდ ქართული და საღვთო სჯული ისწავლებოდა, დანარჩენი ყველაფერი რუსულ ენაზე. ბავშვებს ძალიან უჭირდათ რუსული ენის გაგება, ზოგჯერ დამახინჯებულადაც კი სწავლობდნენ.
საოცრად თბილი დამოკიდებულება ყოფილა ეპარქიულ სასწავლებელში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
ეპარქიულმა სასწავლებელმა 1892 წლიდან 1920 წლამდე იარსება. სასულიერო პირთა ქალიშვილების აღზრდას როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, სწორედ ასეთი ეპარქიული სკოლები ემსახურებოდნენ. თავისი არსებობის მანძილზე აქ 1860-მდე გოგონა აღიზარდა. მათგან სრული კურსი მხოლოდ 728 მოსწავლემ დაასრულა.
სასწავლო გეგმის მიხედვით, აქ ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღვთო სჯული, რუსული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (რომელსაც მხოლოდ ორი საათი ჰქონდა დათმობილი კვირაში), არითმეტიკა მეთოდიკით, გეოგრაფია, ფრანგული ენა, დიდაქტიკა, ფიზიკა, გეომეტრია, სლავური და ქართული გალობა, ფსიქოლოგია, ალგებრა, ისტორია, რუსული ენის მეთოდიკა, ბუნებისმეტყველება, ხატვა, ხელსაქმე, უცხოეთის ლიტერატურა და პედაგოგიკის ისტორია. სასწავლო პროგრამებმა ცვლილებები განიცადა 1899 წელს. 1907 და 1917 წლებში, სასწავლებლის გარდაქმნასთან დაკავშირებით, ეპარქიულ სასწავლებელში, ისე როგორც სხვა სკოლებში, პროგრამებს საგნის მასწავლებლები ადგენდნენ.
1890 წელს სამკლასიანი სასწავლებელი ექვსკლასიანად გადაკეთდა. 1903 წლისათვის ექვსივე კლასი დაკომპლექტებული იყო. სასწავლებელთან გაიხსნა საბაზო დაწყებითი სკოლა (გამგე _ ლაზარე ხმალაძე), 24 მოსწავლე გოგონათი. ამ სკოლაში პედაგოგიურ პრაქტიკას გადიოდნენ სასწავლებლის I კლასის მოსწავლეები. ისინი აკვირდებოდნენ საბაზო სკოლის ცხოვრებას, მორიგეობდნენ სანიმუშო სკოლაში. თითოეული მათგანი თითო გაკვეთილს გადაცემდა პარასკეობით. საცდელ გაკვეთილებს ესწრებოდნენ სასწავლებლის უფროსი, ინსპექტორი, დიდაქტიკის მასწავლებელი და სხვ. გადაცემული გაკვეთილების გარჩევა ხდებოდა კვირაში ერთ დღეს.
სკოლას უნდა მოემზადებინა სამრევლო სკოლის მასწავლებლები, ამიტომ აუცილებელი იყო პედაგოგიური პრაქტიკისათვის ერთი წელი მაინც დაეთმოთ. 1907 წლისათვის, ამ მიზნით, უკვე გაიხსნა მე-7 კლასი, რომელიც პედაგოგიურ კლასად იწოდებოდა და კურსდამთავრებულს სამრევლო სკოლის მასწავლებლობის უფლებას აძლევდა. ეპარქიულ სასწავლებელთან დაარსებული იყო სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც 1898 წლის 1 სექტემბრიდან გაიხსნა და რომლის დაარსების ინიციატორი დიდაქტიკის მასწავლებელი ლაზარე ხმალაძე იყო.
ლაზარე ხმალაძე 17 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ მსახურობდა იმერეთის ეპარქიული სასკოლო საბჭოს წევრად. იგი იბრძოდა იმერეთის ეპარქიის სამრევლო სკოლებში ცნობილი რუსიფიკატორის ვოსტორგოვის პროგრამების წინააღმდეგ. 1916 წელს სამრევლო სკოლების იმპერიის მეთვალყურემ, ვანჩაკოვმა, იმერეთის ეპარქიის სამრევლო სკოლები დაათვალიერა და სასკოლო საბჭოს სხდომაზე მოხსენება გააკეთა. მოხსენებაში საყვედური გამოუცხადა სკოლის საბჭოს ურჩობისათვის, ვოსტორგოვის პროგრამის უარყოფისათვის. მას, საბჭოს სახელით, პასუხი ლაზარე ხმალაძემ გასცა და დაამტკიცა მთელი ამ პროგრამის ანტიპედაგოგიური ხასიათი, მისი რუსიფიკატორული მიზნები. ვანჩაკოვმა საბოლოო სიტყვაში მხოლოდ ისღა თქვა, რომ ქუთაისის ეპარქიის სასკოლო საბჭო იმპერიაში ყველაზე უფრო რევოლუციური საბჭოაო.
ლაზარე ხმალაძემ თავისსავე დაარსებულ პრაქტიკის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა პატიოსანი, ნიჭიერი და ახალგაზრდული ენერგიით აღსავსე ქალი _ ოლია დუმბაძე. საარქივო მასალებში ბევრგან გვხვდება მის მიმართ გამოთქმული საქები სიტყვები. იგი, ლაზარეს ხელმძღვანელობით, ერთდროულად სამ განყოფილებასთან აწარმოებდა მეცადინეობას. აქ, ამ სკოლაში, უფროსი კლასის მოსწავლეები პრაქტიკულ მუშაობას ეწეოდნენ, ამიტომ კურსდამთავრებულები ცხოვრებაში საკმაოდ მომზადებულები გამოდიოდნენ. ბევრი კარგი მასწავლებელი აღზარდა ეპარქიულმა სასწავლებელმა. ბეჯით მოსწავლეებს დამთავრებისას ეძლეოდათ ოქროსა და ვერცხლის მედლები. 1912 წელს გაზეთი `კოლხიდა~ ახალ ამბებში იუწყებოდა, რომ იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელი დაასრულა 33-მა ქალმა.
რაც დრო გადიოდა, ეპარქიული სასწავლებლის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 1908-1910 წლებისათვის სასწავლებელს დიდძალი ახალგაზრდობა მოაწყდა, რომლებიც გამოცდებს აბარებდნენ სამრევლო სკოლის მასწავლებლის უფლებისათვის. პირველად ისინი მოსწავლეთა პედაგოგიურ პრაქტიკას ეცნობოდნენ.
1905-1907 წლების რევოლუციურ მოძრაობაში ეპარქიული სკოლის მოსწავლეებმაც თავისი წვლილი შეიტანეს.
1904 წლის 3 თებერვალს მე-6 კლასის 13 მოსწავლიდან მხოლოდ ორი გამოცხადდა სკოლაში, მე-5 კლასის 24-იდან _ 8, მე-4 კლასის 29 მოსწავლიდან კი _ 14. სულ სკოლაში 43 მოსწავლე აკლდა. ამ ფაქტმა შეაშფოთა სასწავლებლის ადმინისტრაცია, აგრეთვე იმერეთის ეპისკოპოსის კანცელარია, ეგზარქოსი და სინოდიც კი. გამოირკვა, რომ ეს მოსწავლეები დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. მათი საკითხი 6 თებერვალს სასწავლებლის საბჭომ განიხილა. `დამნაშავეები~ სამ კატეგორიად დაახარისხეს.
მოგვიანებით სასკოლო საბჭოს სხდომამ დაადგინა: I ჯგუფის `დამნაშავეებს~ ყოფაქცევაში _ ნიშანი `3~ და გარიცხულიყვნენ სასწავლებლიდან გადასაყვან გამოცდებამდე, ე. ი. სასწავლო წლის ბოლომდე.
II ჯგუფის `დამნაშავეებს~ ყოფაქცევაში _ ნიშანი `4~ და დასჯილიყვნენ სკოლაში ორსაათიანი პატიმრობით, ზოგიერთი მათგანი კი, უფროსების შეხედულების მიხედვით, უფრო მეტი ხნითაც.
III ჯგუფის `დამნაშავეებს~ მიკუთვნებული მოსწავლეები დაუსჯელნი დატოვეს, რადგან არ იცოდნენ მათი გაკვეთილებზე არყოფნის მიზეზები. არ დასტურდებოდა მათი მონაწილეობა დემონსტრაციაშიც.
1904 წლის 9 ივნისს უწმინდესმა სინოდმა მოისმინა ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის მოსწავლეთა საქმე, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ზემდგომ ორგანოებში. მდგომარეობა გართულდა. ამის გამო სინოდმა მოხსნა სასწავლებლის უფროსი ნინო თავდგირიძე და გადააყენა ინსპექტორი დობროლოვსკი. ეგზარქოსმა დაავალა იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდს: თუ ახალი პანსიონის აშენება ვერ მოხერხდა, დაიქირავეთ საერთო საცხოვრებელი, რომელშიც მოათავსებთ ყველა მოსწავლეს და ამით გზას გადაუღობავთ მათზე მავნე გავლენასო.
1905 წლიდან ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. ამავე წლის მეორე მეოთხედიდან ეპარქიულ სასწავლებელში სწავლა უკვე მთლიანად შეწყდა. ჯერ მაღალი კლასები დაითხოვეს მეცადინეობიდან, შემდეგ დაბალი კლასებიც ზედ მიაყოლეს.
რა თქმა უნდა, ზემდგომი ორგანოები ყოველთვის განტევების ვაცს ეძებდნენ. აქაც ეგზარქოსმა და სინოდმა ჯავრი მთლიანად სასწავლებლის ხელმძღვანელობაზე იყარეს. მათ დაშალეს პედაგოგიური საბჭო. დეკანოზი ვ. ცაგარეიშვილი გაათავისუფლეს, თითქოს `თანახმად მისი თხოვნისა~. მის ადგილზე, 1905 წლის 5 ივლისს, კორნელი კეკელიძე დანიშნეს.
თავისთავად კორნელი კეკელიძის დანიშვნა ქართული სულის ამოძრავებას ნიშნავდა. მისი მუშაობის პერიოდში შეიქმნა პროექტი აღნიშნული სასწავლებლის გარდაქმნის შესახებ. პროექტში აღძრული იყო უმნიშვნელოვანესი საკითხები. კერძოდ, ახალგაზრდებს ქართულ ენაზე უნდა შეესწავლათ ყველა საგანი, გარდა რუსული ენის, რუსული ლიტერატურის, რუსეთის ისტორიისა და რუსეთის გეოგრაფიისა.
პროექტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია: სურს რა გაატაროს ეს ცვლილებები, სასკოლო საბჭო დარწმუნებულია, რომ ამით სწავლა-აღზრდის საქმე მოიგებს. ყველა საგნის მშობლიურ ენაზე სწავლება გააადვილებს მეცნიერებათა ათვისებას.
ამ პროექტის მთლიანად განხორციელება იმ პერიოდში შეუძლებელი იყო, მაგრამ ასეთ მოთხოვნას ცარიზმის პირობებში, და ისიც სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელისაგან, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
საერთოდ, სხვა სასულიერო სასწავლებლებთან შედარებით, ქალთა ეპარქიული სასწავლებლის ხელმძღვანელობის სტრუქტურა განსხვავდებოდა სხვა სასწავლებლებისაგან. ეპარქიულ სასწავლებელს ჰყავდა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარე განაგებდა. ხოლო სასწავლებელს მართავდნენ `უფროსი ქალი~ (`??????????~) და ინსპექტორი. `უფროსი ქალი~ აღზრდის საქმეებს განაგებდა, ინსპექტორი _ სწავლების პროცესს. ორივე მათგანი საბჭოს თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა.
სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, სხვადასხვა დროს, დანიშნულნი იყვნენ: ვ. ცაგარეიშვილი (1892-1905), კ. კეკელიძე (1905 წლის 5 ივლისიდან 1906 წლის 28 მაისამდე), ნ. ყუბანეიშვილი (1906-1907), მ. ცაგარეიშვილი (1907-1912), ი. აბესაძე (1912-1917), შემდეგ ეს ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა სასწავლებლის ინსპექტორს ტ. ჯაფარიძეს; `უფროსი ქალისა~ _ ნ. თავდგირიძეს (1894-1904), ე. გორბაცევიჩს (1904-1905), ს. ახვლედიანს (1905-1906), ა. პოპედოვას (1906-1907), მ. ვარდოსანიძეს (1907-1919), ა. ბახტაძეს (1919-1921); სასწავლებლის ინსპექტორისა _ ი. სანებლიძეს (1894-1899), ა. ნიკოლსკის (1899-1905), მ. ჩოგოვაძეს (1905-1915), ტ. ჯაფარიძეს (1910-1921).
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამ ხელმძღვანელი პედაგოგის, პირველ რიგში, კორნელი კეკელიძის, ტრიფონ ჯაფარიძის, მარიამ ვარდოსანიძის და სხვათა გარეშე, ქალთა ეპარქიული სასწავლებლის ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. მათთან ერთად, ამ სკოლის კოლექტივს ბევრი სხვა ნიჭიერი `რიგითი~ მასწავლებელი ამშვენებდა. მათ შორის იყვნენ: ლაზარე ხმალაძე, ვლადიმერ ვეკუა, ევსევი მიქელაძე, სიმონ ეზიკაშვილი და მრავალი სხვ.
ქალთა სასწავლებლების მიზანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ყოფილიყო არა მარტო სხვადასხვა მეცნიერების საფუძვლების შესწავლა, არამედ მათი აღზრდა ისეთ ქალებად, რომლებიც კარგი მეოჯახენი, საუკეთესო დედები და მაღალი ზნეობის მეუღლეები იქნებოდნენ. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი ამ მისიას ძირითადად ბრწყინვალედ ასრულებდა.
ასე რომ, ქუთაისის ეპარქიული სასწავლებელი წარმოადგენდა ქართული სულიერი განათლებისა და კულტურის კერას, რომელიც თავის სითბოსა და სინათლეს თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს უზიარებდა. ამ კერის შემქმნელი და ხელმძღვანელი, ძირითადი სიმძიმის მზიდველი იყო ცნობილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოსი (ერისკაცობაში _ გერასიმე ქიქოძე, 1825-1896).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში გაბრიელის სახელობის იმერეთის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელს გაბრიელის სახელობის გიმნაზია ეწოდა, მაგრამ სასწავლებლის შინაარსი ამით არ შეცვლილა. დარჩა იგივე პროგრამა, იგივე მასწავლებლები, იგივე ატმოსფერო.
დროდადრო ქუთაისის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელში ტარდებოდა საღამოები. აქაური მოსწავლეები მაყურებლებს განაცდევინებდნენ ისეთ წუთებს, დღიურ ჭირვარამს რომ ავიწყებდა მათ.
ქუთაისის ეპარქიულ სასწავლებელს თავიდანვე ჰქონია მოზრდილი ეზო _ 8778 კვ. მეტრი მიწის ფართობით, 14-ოთახიანი შენობა, ბიბლიოთეკა, საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდით და სხვ. 1921 წლიდან ამ სკოლას ბევრჯერ შეეცვალა სახელი. 1921 წელს მისთვის უწოდებიათ მე-9 შრომის სკოლა.
მთელი თავისი არსებობის მანძილზე (1892-1921) ქალთა ეპარქიული სასწავლებელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. სასწავლო-აღმზრდელობითმა მუშაობამ, ბრწყინვალე პედაგოგიურმა კადრებმა, საგნების ქართულ ენაზე სწავლებისადმი ახალი დამოკიდებულების დამკვიდრებამ და მისმა გამოყენებამ მეცნიერებათა საფუძვლების დაუფლების პროცესში, აგრეთვე მოსწავლეთა წარმატებებმა აამაღლა აღნიშნული სკოლის ღირსება და ავტორიტეტი ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს საზოგადოებაში.
ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის ისტორიას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სახალხო განათლების კაბინეტის ფონდში შენახული ორი ფოტოსურათი. ერთზე გამოსახულნი არიან ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები 1915 წელს, მასწავლებლებთან ერთად. მეორე ფოტოსურათი 1926 წელს განეკუთვნება.
ასე რომ, შრომას, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ქალთა ეპარქიული სასწავლებლის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე დაიხარჯა, გარჯასა და მცდელობას პედაგოგებისა, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ, უსარგებლოდ არ ჩაუვლია. სკოლამ თავისი როლი პირნათლად შეასრულა ქართველი ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეში.

ლია გაბუნია
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ახალი ისტორიისა და
განათლების განყოფილების
კოორდინატორი, ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საქართველოს
ისტორიის დეპარტამენტის
ასოცირებული პროფესორი,
მეცნიერებათა დოქტორი,
უნივერსიტეტთან არსებული
ქუთაისის და მისი რეგიონის
ისტორიისა და კულტურის
შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი

გურამ გაბუნია
სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერტსიტეტის
საზოგადოებათმცოდნეობის
ფაკულტეტის საქართველოს
ისტორიის კათედრის სრული
პროფესორი, უნივერსიტეტთან
არსებული ქუთაისის და მისი
რეგიონის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო
კვლევითი ინსტიტუტის
მთავარი მეცნიერ-კონსულტანტი

25-28(942)N