2018-06-14 მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საწავლებისას ლალი ჯელაძე
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 9 ივნისს, გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია — „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“, რომელსაც 200-ზე მეტი მასწავლებელი, 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრო. კონფერენცია დამატებითი შესაძლებლობა გახდა სწავლებისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომებისა და რესურსების გასაცნობად.
„რეფორმის პროცესის ეფექტიანად წარმართვაში საქართველოს უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, განათლების რეფორმისთვის 140 მლნ. დოლარის მოცულობის გრანტი გამოიყო. დაიწყო საკმაოდ ამბიციური პროექტის განხორციელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. მიზნად დავისახეთ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლების გადამზადების გზით, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს დამკვიდრება, სკოლის დირექტორების ლიდერებად ჩამოყალიბება.
შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით და პროექტის მონაწილეების შეფასებების გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროექტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მყარ საფუძველს ქმნის საბოლოო მიზნების მისაღწევად. მინდა, წარმატება ვუსურვო პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს — ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ პარტნიორობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.“ — განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, 18 ათასამდე საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის საგნების მასწავლებელი გადამზადდა მეთოდოლოგიურ და საგნობრივ მოდულებში. იქმნება სხვადასხვა დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის, იმართება სასწავლო შეხვედრები და კონფერენციები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საკითხებზე. რაც შეეხება კონფერენციას, როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, ყოველწლიურად ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აფინანსებს და მისი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ინიცირებული მასწავლებლების და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ კონფერენციის ჩატარება ჯერ კიდევ პროექტის დაწყებისას დაიგეგმა, რადგან „ამით გვინდოდა დამატებითი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა სწავლებისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომებისა და რესურსების გასაცნობად. 2018 წელი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ამ დროისთვის პროექტი პირველ და მყისიერ შედეგებს იმკის. მასწავლებელთა პირველ ნაკადს უკვე სრულად აქვს გავლილი მომზადების ერთწლიანი კურსი და ახლა საკლასო დონეზე განხორციელების ეტაპზეა. მეორე ნაკადი კი ზაფხულში დაასრულებს მომზადებას.“
მისივე შეფასებით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობა უდიდესია ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად და ამიტომ „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ დროული ინვესტიციაა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. „საქართველო, რამდენიმე წელია, მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო კვლევებშია ჩართული და არ არის ახალი, რომ ჩვენი მოსწავლეები, მაგალითად TIMSS კვლევაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მე-4 და მე-8 კლასელ თანატოლებს. მეოთხეკლასელთა 22% და მერვეკლასელთა 28% მინიმალურ ცოდნას არ ფლობს მათემატიკაში; ბუნებისმეტყველებაში ასეთივე შედეგები აქვთ მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26%-სა და მერვეკლასელ მოსწავლეთა 30%-ს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მოსწავლეთა მიღწევებში გაუმჯობესების დინამიკაა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს ზოგადი განათლების მეორე მიმართულება ეროვნული შეფასებების განხორციელებაა, სადაც, როგორც კვლევამ აჩვენა, მე-9 კლასელ მოსწავლეებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში არასახარბიელო მაჩვენებლები აქვთ ამ საგნების საშუალო დონეზე ფლობის მიმართულებითაც კი. მოსწავლეთა აკადემიური მზაობის კონკრეტული მაჩვენებლების გამომწვევ მიზეზებზე ფიქრისას, უმნიშვნელოვანესია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენი მოსწავლეების დიდ ნაწილს ნაკლებად აქვს.
მოსწავლის მოტივაცია რომ გაიზარდოს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწავლების პროცესი სახალისო და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული გავხადოთ. მიდგომები უნდა შევცვალოთ, გავხადოთ გაკვეთილი მოსწავლეზე მეტად ორიენტირებული, ინტერაქტიული, დინამიური, მოსწავლეს დავუსახოთ გამოწვევები და ერთად ვეძებოთ გადაჭრის გზები. ცხადია, მხოლოდ ფორმულების ამოხსნით მას ვერ დავაინტერესებთ.“ — განაცხადა ირინა აბულაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებზე, რომელიც თანამედროვე განათლების სისტემის საფუძველია და, ამავდროულად, ჩვენი მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცა, მისი აზრით, ზოგადი განათლების სისტემის მიმართ მუდმივი პრეტენზიების მიუხედავად, არ შეიძლება ამ პრეტენზიების ყველა მასწავლებელზე განვრცობა, რადგან კონფერენციაზე წარმოდგენილი პედაგოგთა კორპუსი და კიდევ ათასობით მასწავლებელი სკოლებში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ გამორჩეულები, განსაკუთრებულები, წარმატებულები და სწორედ მათზე დგას დღეს განათლების სისტემა.
„ძალიან ხშირად მიწევს მათთან კომუნიკაცია, საკლასო სივრცეში შესვლა, სხვადასხვა პროექტის გაცნობა და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი მასწავლებელია ლიდერი თავის საგანში. განსაკუთრებულად გამოვყოფდი STჶმ მიმართულების იმ მასწავლებლებს, რომლებმაც, მიუხედავად ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა, ბოლო ოცწლეულის განმავლობაში, როდესაც აღარც ბაზა იყო და აღარც განვითარების პროგრამები, საგნის სწავლების მაღალი დონე და ხარისხი მაინც შეინარჩუნეს. ეს მათ ინიციატივაზე, მოტივაციაზე დაყრდნობით ხდებოდა.
ძალიან ბევრი მასწავლებლის წარმატებული პრაქტიკის შესახებ ვიცი, მათ უმეტესობას ვიცნობ კიდევაც და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი საუკეთესო მასწავლებელი. რომ არა მათი დამსახურება, წლების განმავლობაში, ჩვენ ვერ წარმოვადგენდით იმ საუკეთესო მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულები ხდებიან. რასაკვირველია, ეს ჰაერიდან არ მოდის, სწორედ სკოლებისა და პედაგოგების დამსახურებაა.
ამავე დროს, არ შემიძლია არ გავიზიარო STჶმ მიმართულებით ის გამოწვევები, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს, რადგან კარგად ვიცნობ პრობლემებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო თუ მათემატიკის საგნების მიმართულებით. კარგად ვიცი, სად გვაქვს ისეთი პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა.“
მინისტრის მოადგილის თქმით, განათლების პოლიტიკა დაფუძნებულია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე და, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გაცილებით მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს, ვიდრე — მასწავლებელზე ორიენტირებული. „როცა სისტემა მოსწავლეზეა ორიენტირებული, ასეთ შემთხვევაში, მთელი სისტემა და სახელმწიფო პოლიტიკა ვალდებულებას და პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რომ ყველა მოსწავლეს მისი საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პროცესი შესთავაზოს. თან ეს პროცესი უნდა იყოს ინტერაქტიული და სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ ამავდროულად, მასწავლებლის პრესტიჟი შევინარჩუნოთ და ის მხოლოდ ფასილიტატორად კი არა, ამ პროცესის ლიდერად იქცეს. ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა გვინდა პროექტზე დაფუძნებული, პრობლემაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, რომელიც, ყოველდღიურად, მოსწავლეს აღმოჩენის სიხარულს მიანიჭებს. ძალიან მარტივია ეს სიხარული STEM მიმართულების საგნებში განაცდევინო, მაგრამ ამ სიმარტივეს მასწავლებლის მხრიდან დიდი ძალისხმევა, მომზადება, დაფიქრება და საუკეთესო სტრატეგიების შერჩევა სჭირდება. ამავდროულად, ეს პროცესები მოსწავლისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური გარემოს შემქმნელი და მოტივაციის მიმცემი, უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლის უსაფრთხოებას და ემოციურ მზაობას. ამიტომ ყველა იმ მასწავლებელს, ვინც დღეს კონფერენციაში მონაწილეობს, ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ყველა გამოწვევის იდენტიფიკაცია მოახდინოს და იმუშაოს მოსწავლის წარმატებისათვის, ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ აქვს საუკეთესო პრაქტიკა და შეუძლია კოლეგებს გაუზიაროს, ამავდროულად, საერთაშორისო გამოცდილება მიიღოს, არ შემიძლია ქედი არ მოვუხარო და მადლობა არ გადავუხადო.“ — განაცხადა ლია გიგაურმა.
მარიამ ჯაშმა, კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას, ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთა, თუ როგორ შეიძლება მეტი რესურსის გაჩენა სკოლებში STEM პროგრამებისა და საგნების სასწავლებლად და აღნიშნა, რომ, ამ შემთხვევაში, მილენიუმის პროექტში ჩართულ სკოლებს გაუმართლათ, მაგრამ აუცილებელია, ქვეყნის მასშტაბით, 2000-ზე მეტ სკოლაში, გაჩნდეს უფრო მეტი კვალიფიციური მასწავლებელი და პედაგოგიური კადრი (სადაც ამის დეფიციტია), სკოლები აღიჭურვოს მინიმალური ლაბორატორიული აღჭურვილობით, რომელიც სწავლების პროცესისთვის აუცილებელია. მან კონფერენციაზე გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების დივერსიფიკაციას — გაფართოებას ეხება. „გარდამავალ ეტაპზე, ვიდრე ინტეგრირებული პედაგოგიური პროგრამები სრული მასშტაბით ამოქმედდება, იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების დეფიციტი გვაქვს (განსაკუთრებით დეფიციტი სწორედ STჶმ მიმართულებითაა რაიონისა და სოფლის სკოლებში), სკოლის ადმინისტრაციებს მიეცეთ საშუალება, უფრო მოქნილი სისტემით აიყვანონ პედაგოგები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, სკოლის სასწავლო პროცესში ჩართულიყვნენ, მაგრამ არსებული რეგულაციები მათ ამის შესაძლებლობას უზღუდავთ, თუკი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას არ გაივლიან. გარდამავალ ეტაპზე ამ შესაძლებლობას ვუშვებთ, განსაკუთრებით STჶმ მიმართულებით, სკოლის ადმინისტრაციებს მეტი შესაძლებლობა გეძლევათ, მასწავლებლები მოიწვიოთ სკოლებში.“
მეორე მიმართულებაც, რომელზეც მარიამ ჯაშმა ისაუბრა, საკადრო რესურსს უკავშირდებოდა — როგორ გავაჩინოთ მეტი აღჭურვილობა საინფორმაციო და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. „რეალურად, დღეს არსებული ციფრული სამყარო განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მთელი რიგი აპრობირებული პროგრამები არსებობს, რომელიც ძალიან მარტივად აწვდის მოსწავლეებს ისეთ რთულ საგნებს, როგორიც საბუნებისმეტყველო საგნებია. უნდა ვეცადოთ, ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისო პროგრამების გავრცელებას, ასევე ქართველი მეცნიერების პრაქტიკის დანერგვასა და პოპულარიზებას, იმ მეცნიერების, რომლებმაც უკვე დააგროვეს არაერთი საინტერესო პილოტური პროექტი. მილენიუმის ექსპოს და კონკურსის გამარჯვებული გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული პროფესორი, მეცნიერი დავით სონღულაშვილი, რომლის მოსწავლეები, უახლოეს პერიოდში, ცერნს ეწვევიან. თუკი არ გინახავთ იმ ვირტუალური ლაბარატორიების მიდგომა, რომელიც დავითმა შექმნა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, თუკი ეწვევით თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს ან თავად მოიწვევთ მას სკოლაში. ამ მიმართულებებით, თუკი რამე რეგულაციის გამარტივება შეიძლება იმისთვის, რომ მეტი საკადრო თუ ტექნიკური ბაზის შესაძლებლობები გაჩნდეს სკოლებში, მე მზად ვარ მხარდაჭერისთვის.“ — განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კონფერენციის მონაწილეებს, ერთი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა ფორმატში დაგეგმილი აქტივობებით მიეღოთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. კონფერენციის ფორმატი პლენარულ სესიას ითავლისწინებდა, რომელსაც ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა აერთიანებდა — რა უწყობს ხელს მოსწავლის ჰოლისტურ, მთლიან პიროვნებად განვითარებას? მასწავლებლებმა, განათლების ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ჰოლისტური განვითარების ხელშემწყობ სასწავლო გარემოზე, ტექნოლოგიების როლზე სწავლა-სწავლების პროცესში და ინოვაციურ სწავლებაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. იმსჯელეს, თუ როგორ გაზარდონ მოსწავლეებში მოტივაცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისადმი, როგორ შეცვალონ მასწავლებლებმა მიდგომები, რათა გაკვეთილი მოსწავლეზე მეტად ორიენტირებული, ინტერაქტიული და დინამიური გახადონ.
არაფორმალურ გარემოში პედაგოგებმა კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი საუკეთესო პრაქტიკა პოსტერ პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინეს. ასევე, მოეწყო საქართველოში არსებული ინოვაციური სასწავლო რესურსის გამოფენაც. STEM EXPO ორი ნაწილისგან შედგებოდა — პოსტერების პრეზენტაცია და რესურსების გამოფენა. მასწავლებლებმა, აუდიტორიასთან მჭიდრო კონტაქტში, წარადგინეს თავიანთი პრაქტიკა და დაინტერესული ადამიანების კითხვებსაც უპასუხეს.
STEM EXPO-ს ფარგლებში თანამედროვე საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური სასწავლო რესურსების გამოფენაც გაიმართა, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები. დატვირთული კონფერენციის დღეს, აქტიური სწავლების მიმზიდველობის დემონსტრირებისთვის, პროექტის საგნობრივმა სპეციალისტებმა ვორქშოფები ჩაატარეს.
ტოლია გვასალია, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი, კონფერენციაზე ერთ-ერთი პოსტერ პრეზენტაციის მონაწილე იყო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინა ხელსაწყო, რომელმაც მის მოსწავლეებს, 2017 წელს, საერთაშორისო კონკურსში პირველობა მოუტანა და ისინი ნასაში უკვე ორჯერ იმყოფებოდნენ. მათ მიერ გამოგონებული „შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის“უკვე დამზადებულია და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ მეწყერსაშიშ ზონებში. კონფერენციაზე ტოლია გვასალიამ სწორედ ეს ხელსაწყო წარადგინა, ორ მოსწავლესთან ერთად. „პირველ რიგში, ყურადღებას STEM სწავლების აუცილებლობაზე გავამახვილებ და გეტყვით, რომ ეს აუცილებლობა იქიდან გამომდინარე წარმოიშვა, რომ სამყარო მომავალი ტექნოლოგებისაა და მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ამის სურვილი, მსოფლიო მიდგომები ისე შეიცვლება, რომ გარკვეული სპეციალობების გაქრობის აუცილებლობის საკითხიც კი დადგება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, გვყავდეს უფრო მეტი მოსწავლე, რომელიც STჶმ სპეციალობით იქნება დაინტერესებული, რადგან სწორედ ამ მიმართულებების სპეციალისტები იქნებიან მეტად საჭირო, ისინი, ვინც რამე ახალს ქმნიან. STEM კი სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ასეთ კადრებს ამზადებს.“ — გვითხრა მან.
ნიუტონის თავისუფალი სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, შორენა სამაკაშვილმა, რომელიც კონფერენციას მსმენელის სტატუსით ესწრებოდა, ჩვენთან საუბრისას ერთგვარად შეაჯამა მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები, რომელიც STEM მიმართულების მასწავლებლებისთვის ხორციელდება. მისი აზრით, სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რას ვასწავლით მოსწავლეს და, მეორე მხრივ, როგორ ვასწავლით. „რას ვასწავლით, ეს უფრო მეტად აკადემიური ნაწილია და შეიძლება დღევანდელი მდგომარეობით ითქვას, რომ ამის პრობლემა ნაკლებად გვაქვს. ამიტომ, მეტი მუშაობა იმაზე გვჭირდება, თუ როგორ ვასწავლოთ. მილენიუმის პროექტის ფარგლებში, ძალიან ბევრი სამუშაო შესრულდა იმისთვის, როგორ გავხადოთ სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო საინტერესო, როგორ გავზარდოთ მისი მოტივაცია, რა აქტივობები დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს ბავშვების ჩართულობა და ინტერესი ისე, რომ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებზე გავიდნენ. ისინი არ უნდა იყვნენ მხოლოდ ცალკეული პროცესების შემსწავლელები და სწავლება მხოლოდ დამახსოვრების დონეზე არ უნდა წარიმართოს. აუცილებელია, ის გაიზარდოს, როგორც შემოქმედი. ამისთვის კი კრიტიკული აზროვნების უნარი უნდა განუვითაროთ და სკოლამ რაღაცის შექმნის სურვილი გაუჩინოს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სწორედ სწავლების მეთოდიკის მიმართულებით შესრულდა ძალიან დიდი სამუშაო, რაც ჩვენთვის ფასეულია. თანამედროვე მოთხოვნებიც ამ გამოწვევას აყენებს — როგორ გავხადოთ სწავლება ბავშვზე ორიენტირებული — პროექტზე და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით მოსწავლე თავადვე მივიყვანოთ იქამდე, რომ აღმოაჩინოს რა არის მნიშვნელოვანი მის გარემომცველ სამყაროში, რისი შესწავლა ან გაუმჯობესება შეიძლება და როგორია მისი როლი ამ პროცესებში.
მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებში, საქართველოს მასშტაბით, ბევრი მასწავლებელი იყო ჩართული. რამდენიმე მოდულის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადება, მეთოდური მიმართულების გარდა, საგნობრივი კომპეტენციების თვალსაზრისითაც მოხდა, თუმცა აქაც მეთოდიკაა წამყვანი — როგორ ვასწავლოთ მოცემული საგანი ისე, რომ გათვალისწინებული იყოს თანამედროვე სწავლების მეთოდები. სულ ოთხი მოდული განხორციელდა. ამის გარდა, სიღრმისეულად და დეტალურად იყო განხილული კლასის მართვის საკითხებიც, რამაც საშუალება მოგვცა, თანამედროვე სწავლების მეთოდები გამოგვეყენებინა, დაგვენერგა სასწავლო პროცესში და დავკვირვებოდით შედეგებს უკვე რეალურ საკლასო სიტუაციებში.
რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, ჩართული არიან ის წამყვანი მასწავლებლები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთ სფეროში სწავლების თვალსაზრისით და მათი მოსწავლეებიც — მიღწეული შედეგებით. ასეთი გამოცდილების გაზიარება და მეთოდური რჩევების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული აქ მყოფი პედაგოგისთვის/მსმენელისთვის და მეც სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოვადგენ.“
|