გამოდის 1998 წლიდან
2010-12-08
აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი - 170 -

საქართველო იყო ორი ბუმბერაზი მოაზროვნის, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის სალოცავი ხატი, მისი ნათელი მერმისისათვის ბრძოლის, შრომის, შემოქმედების, სათავე.
`თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ~ _ ამბობდა აკაკი. `ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი ძალები და ცოდნა ეკუთვნის ჩემს სამშობლოს~ _ აღნიშნავდა იაკობი. ისინი თავად იძლეოდნენ სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულისა და მისთვის თავდადების ნათელ მაგალითს. გულის ტკივილამდე განიცდიდნენ მამულის მწარე ხვედრს. როგორც იაკობს, ასევე აკაკის ხალხის მდიდარი და უტყუარი განძის, ქართული ენის გადარჩენისათვის ბრძოლა საკუთარ მისიად მიაჩნდათ.
პროფესორი უშანგი ობოლაძე შენიშნავდა, ამ ორი დიდებული ადამიანის ურღვევ მეგობრულ კავშირს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ისიც, რომ აკაკიცა და იაკობიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მარტოხელანი იყვნენ. თუმცა აკაკის ცოლიც ჰყავდა და შვილიც _ ალექსი, მაგრამ ოჯახური სიამტკბილობა არ ჰქონდა. აკაკიმ ვერ დაიყოლია მეუღლე საქართველოში გადმოსულიყო. იგი ალექსისთან ერთად ძირითადად რუსეთში ცხოვრობდა, დიდი მგოსანი კი მარტოხელა კაცის მძიმე ცხოვრებით სასტუმროებში, ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ათენებდა და აღამებდა. რაც შეეხება მუდმივ სახელმწიფო თუ სხვა სახის სამსახურს, ამაზე აკაკიმ თავიდანვე კატეგორიული უარი თქვა იმ მოტივით, რომ ხელს შეუშლიდა თავისუფლად მიჰყოლოდა საკუთარი მრწამსის, გონებისა და გულის კარნახის აღსრულებას, ხელს შეუშლიდა შეენარჩუნებინა მოქმედების თავისუფლება. სწორედ ამას გულისხმობდა იაკობ გოგებაშვილი, როცა წერდა:
`აკაკის თავისი ცხოვრების გზაზე თურმე ბევრი მაცდური სირინოზი ხვდებოდა. ერთი მათგანი ჩინ-მედლებსა და უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა მგოსანს, ჰპირდებოდა დიდ წინსვლას ბიუროკრატიული კიბის მაღალ საფეხურზე, მეორე კიდევ ოქრო-ვერცხლის მთებს სთავაზობდა თუ მგოსანი კაპიტალისტთა ბანაკს შეუერთდებოდა. აკაკიმ ორთავეს ფიცხლავ ზურგი აბრუნა და მწუხარე, ფერმიხდილ სირინოზს მიუგდო ყური, რომელიც ჩასჩურჩულებდა: `მე ვარ მოციქული შენი პატარა, დაჩაგრული, გაღარიბებული, უკიდურესად შევიწროებული სამშობლოსი. თუ შენ საოცარ ნიჭს შესწირავ შენს უბედურ სამშობლოს, გზა ცხოვრებისა შენისა ეკლით იქნება სავსე: შენ არ მოგაკლდება არც შიმშილი, არც წყურვილი, არც სიტიტვლე და არც სხვაგვარი ტანჯვა-წვალება. მაგრამ სამაგიეროდ შენ დაიმსახურებ მთელი შენი ერის მხურვალე და უაღრეს სიყვარულს~. სწორედ ეს ეკლიანი გზა აირჩია აკაკიმ, შეუდრეკელი გულით გაჰყვა მას და სამშობლოს აყვავებას, აღდგენას, უანგაროდ და შეუსვენებლად ემსახურება.~
ცხოვრების ასეთივე გზას ადგა თავადაც. არც მან ათხოვა ყური მაცდურ სირინოზს და მწუხარე სირინოზის მიერ ნაჩვენებ ნარ-ეკლიან გზას გაჰყვა.
ღრმად ერუდირებული, შემოქმედი პედაგოგი შეუპოვრად შეებრძოლა სასწავლებელში გამეფებულ არაადამიანურ რეჟიმს. მან ახალი სიო შეიტანა სკოლის ცხოვრებაში, გამოაცოცხლა იგი. ამიტომ იყო, რომ აღიარებასთან და სიყვარულთან ერთად, არაერთი თავდასხმა ხვდა წილად. დაავადმყოფებულმა, სასწავლებლიდან უსამართლოდ დათხოვნილმა, აუტანელი მდგომარეობიდან, თავის დაღწევის მიზნით, თვითმკვლელობა გადაწყვიტა და მტკვრის ტალღებს მისცა თავი, მაგრამ საბედნიეროდ გადაარჩინეს. `ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო~, თქვა მან და ერთი წამით აღარ გადაუხვევია ამ მიზნისაგან. დედაენა, სამშობლო, მამულიშვილთა აღზრდა _ ეს იყო მისი საფიქრალი და საზრუნავი. ამ მიზნით იყო მისი აზრი და გონება გართული. თავისი პირადი `მე~ თითქოს არ გააჩნდა იქედან გამოუცალკევებელი. მამულზე ზრუნვა იყო მისთვის ცოლ-შვილიც, ოჯახიც, გართობაც, პირადი ბედნიერებაც, სიმდიდრეც, სიღარიბეც. იგი დაკარგულად თვლიდა ყოველ წამსაც კი, რომელიც სამშობლოს კეთილდღეობისათვის არ ჰქონდა გამოყენებული.
ერის ბუმბერაზი შვილების _ აკაკისა და იაკობის შემოქმედებითი თანამშრომლობა განსაკუთრებული შარავანდედით შემოსა უკვდავმა ქმნილებამ, ანაბანის სახელმძღვანელოების შედევრმა `დედა ენამ~. `დედა ენა~ არა მარტო წერა-კითხვის სწორუპოვარი სახელმძღვანელოა, არამედ ჩვენი ხალხური შემოქმედებისა და კლასიკური საბავშვო მწერლობის მარგალიტების ხელთუქმნელი საუნჯეც. გოგებაშვილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებდა და ხალხსავე უბრუნებდა თავისი სახელმძღვანელოებით. იგი ხვეწდა, ამუშავებდა და სრულყოფდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს და ისე შეჰქონდა `დედა ენასა~ და `ბუნების კარის~ ფურცლებზე.
ბავშვთა გულის მესაიდუმლე, ხელოვანი პედაგოგი, არა მარტო თავად ამოწმებდა და ალამაზებდა `დედა ენაში~ შესატან ყოველ სიტყვასა და გამოთქმას, არამედ სხვებსაც იშველიებდა. `ვთხოვე აკაკის ჩაეცმია მისთვის თავისებური პოეტური ტანისამოსი. მანაც დაუზარებლად ამისრულა თხოვნა. ზოგი ძლიერ შესცვალა, ზოგი უფრო ნაკლებად,~ _ აღნიშნავდა იაკობი.
იგი ყოველთვის დიდი დამფასებელი და თაყვანისმცემელი იყო აკაკის უბადლო ღვთაებრივი ნიჭისა. დიდი პედაგოგი გრძნობდა აკაკის პოეზიას და მაღალი მთის გულიდან გამოვარდნილ ანკარა წყაროს ადარებდა, ხოლო თავად აკაკი საქართველოდ ჰყავდა წარმოდგენილი. `აკაკის მაღალი ბუნება იტევს თავის წიაღში არა ერთს კუთხეს ჩვენი სამშობლოისას, არამედ მთელს საქართველოს. აკაკი პატარა საქართველოა~. აღნიშნავდა დიდი ერისკაცი. როდესაც შენიშნავდა დინჯად მომავალ სასიქადულო მგოსანს, თვალებგაბრწყინებული წამოიძახებდა: `აგერ გამოჩნდა ქართველი ერის მშვენიერება, ქართული პოეზიის ფეხადგმული იალბუზი~.
ასე მაღალ შეფასებას აძლევდა იაკობი ბუმბერაზ მგოსანს, ამიტომაც დაუთმო დიდი ადგილი თავის სახელმძღვანელოებში პოეტის უკვდავ შედევრებს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იაკობ გოგებაშვილი აკაკის არა მარტო დიდი მამულიშვილობის, მისი უმწიკვლო ღვაწლის და შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო, არამედ იგი დიდად ზრუნავდა პოეტის ჯანმრთელობაზე და სათანადო მატერიალურ დახმარებასაც უწევდა. სტატიაში `ნაციონალური საჩუქარი~ იაკობი წერს, რომ `ერთი ფრიად სამწუხარო მოვლენა დაჟინებით ითხოვს `ნაციონალური საჩუქრის~ შემოღებას საქართველოში. რამდენიმე დღის წინათ ავად გახდა მთავარი მამულიშვილი და დიდი პოეტი საქართველოისა აკაკი.
ავადმყოფობა უმთავრესად არის შედეგი უკიდურესის ნივთიერი გაჭირვებისა. ექიმების აზრით, ჩვენის მხცოვანის მგოსნის სრული მორჩენისათვის საჭიროა არამარტო სამაგალითო მოვლა, არამედ წყლებზე გაგზავნა. ეს კი მოითხოვს ბლომად ფულსა, რომელსაც სრულიად მოკლებულია აკაკი.~
იაკობი ყურადღებას ამახვილებდა ორ გარემოებაზე, რომელიც მისი აზრით კარგად უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს: `პირველი ისაა, რომ აკაკის პოეტური ნიჭი და სიძლიერე კალმისა დღემდინ იოტისოდენადაც არ შემცირებულა, თუმცა იგი სამოცდამეხუთე წელში გადადგა და არაერთს უკვდავ ქმნილებას აჩუქებს კიდევ თავის საყვარელ სამშობლოს, თუ სენსა და მოუსვენრობას თავითგან ავაშორებთ. მეორეც ისაა, რომ იმისთანა მაღალი და თავისებური ნიჭი, რომლითაც უხვად დაჯილდოვებულია აკაკი, თვით ევროპულ ერებშიაც ძალიან იშვიათი მოვლენაა და ვინ იცის, ეღირსება თუ არა ქართველებს მეორე აკაკი შემდეგ საქართველოში...~
ამ თანხის სასარგებლოდ იაკობმა ასი მანეთი გადადო და ვალდებულება აიღო ყოველ თვეში გადაეხადა თითო თუმანი. ხოლო ანდერძში შეიტანა _ აკაკის ყოველ წელიწადს ასი მანეთი აძლიეთ იმ ლექსების ჰონორარად, რომლებიც ჩემს სახელმძღვანელოებში მაქვს მოთავსებულიო.
საყოველთაოდ ცნობილია იაკობ გოგებაშვილის უბრალოება და თავმდაბლობა. თავისი `რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერების~ პირველი ტომის შესახებ აკაკის წერდა: `საზოგადოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ჩემს წიგნსაც არ მოეპოვება არც ერთი სიტყვა, არც ერთი ფრაზა, რომელიც ნათქვამი იყოს სახელის გულისთვის, ყოველ შემთხვევაში მე სახეში მქონდა და მაქვს სიკეთე ჩვენი ტანჯული ერისა და სხვა არაფერი. ეს შენც კარგად იცი და მინდა, რომ სხვებმაც შეიგნონ~. ხოლო როცა გაიგო, რომ განზრახული იყო მისი 35 წლის მოღვაწეობის აღნიშვნა, `ივერიაში~ (#95) უარი განაცხადა საიუბილეო საღამოზე. ჯერ იალბუზსა და მყინვარს ღირსეული იუბილეები გაუმართონ და მერე გაუწიონ თავაზიანობა სერებსაც, თუ არ დაუშლიათ. ცხადია, `მყინვარად~ ილიას გულისხმობდა, `იალბუზად~ _ აკაკის.
თავად აკაკიც განსაკუთრებული ძმური სიყვარულითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული იაკობისადმი. 1894 წელს იაკობ გოგებაშვილი საგრამატიკო პოლემიკაში ჩაერთო. პოლემიკაში აკაკიმაც მიიღო მონაწილეობა. თუმცა მალე კამათს თავი მიანება, თქვა, მე იაკობ გოგებაშვილს მეტისმეტად დიდ პატივს ვცემ და არ მინდა ცხარე კამათით ჩრდილი მივაყენო ჩვენს დამოკიდებულებასო.
ერთ-ერთ წერილში დიდი პოეტი საყვარელ მეგობარს წერს: `ძმაო იაკობ, არის ხოლმე ისეთი გარემოებაც, როცა ადამიანი მადლობასაც ვეღარ ახერხებს. შენი მოსაკითხი სიცოცხლის წონათ მოვითვალე იმდენად დააკმაყოფილა ჩემი ზნეობრივი მხარე. მე ჩემს თავს დიდად აქამდისაც არ ვაფასებდი და ახლა ხომ სულ აღარ მეღირება ამ ავადმყოფობის გამო... პირადად ჩემთვის სულერთია დღეს აღარ ვიქნები თუ ხვალ, მაგრამ ის კი მწყინს, რომ როდესაც დავმწიფდი, ჩავჯექ გრძნობა-გონებაში, მაშინ უნდა შევიქმნე უძლური და ურგები ქვეყნისათვის...~
მეორე წერილში აკაკი იაკობს სთხოვდა, რომ ჩაბრძანებულიყო საჩხერეში. `წელს ორჯერ ჩამოველ ბორჯომში რამდენიმე დღით. რადგანაც გარემოება მეტ დროს არ მაძლევდა, რომ საკუთრად შენ მენახე, მაგრამ ხომ გაგიგონია; `უბედო კაცს ქვა აღმართში მიეწიაო~. ჩემი პირადი სიამოვნება, გინდ მცირეც იყოს, არა სწერია ბედის ვარსკვლავზე... ორჯერვე გულდაწყვეტილი დავბრუნდი და ახლა აქა ვარ ჩემს საჩხერეში, სადაც სამუდამო ბუნაგს ვიკეთებ, თუ დამცალდა. როგორც არის აქ უფრო ვუძლებ ჩემს სენსა და სატკივარს... გულს ვაყოლებ მუშაობას. დაღამდება თუ არა, რომ მოიცლიან მუშები მომისხდებიან ხოლმე გვერდითა და ცა და მიწა, მთა და ბარი გაერთიანებული გვაქვს, ვერ ვიტყვი, რომ მოწყენით ვიყო... უსიამოვნო სტუმრებისათვის სახლში არ ვარ ხოლმე, მაგრამ ხანდახან მომენატრება ხოლმე, როგორც მარტოხელას, ზოგიერთი ჩემი ნაცნობის ნახვა და მათ რიცხვში შენ ყველაზე უმალ, არ გეგონოს, რომ იმერულად გწერდე!.. აკაკაურადა გწერ, მხოლოდ გულის აყოლით. მაგრამ შენ აქეთ რა წამოგიტყუებს, ამ სიშორეს? თუმცა სურამსაცა და ბორჯომსაც სჯობია ჩემი საჩხერე!.. განსაკუთრებით, სადაც მე ვსახლობ, არც ქარი იცის, არც სიცხე და არც სიცივე, _ თუ მივაღწიე გაისამდე, ეგება გაგაბედვინო, როგორმე რამდენიმე დღით ჩამოტყუება!.. იმედი კი არა მაქვს, მაგრამ მაინც თავს ვიტყუებ და გიმზადებ ოთახებს, სწორედ შენი გემოს საკადრისს... ერთი აქეთკენაც დაენახვე თვალით ჩვენებურ ბავშვებს. გუშინ ერთი პაწაწინა მეზობლის გოგონა მეკითხებოდა შენს შესახებ `ბელატია (მელოტია) თუ არა იაკობ გოგებაშვილი? შვილები თუ ჰყავსო? გაწყრომა იცისო? და სხვანი. ნეტავი მაჩვენაო და შენს პორტრეტს დავპირდი. დიდად გაიხარა... ამ წერილს გწერს შენი მარად ერთგული და მოსიყვარულე აკაკი~.
ასევე იაკობისადმი დიდი სიყვარულითაა გამთბარი აკაკის შემდეგი წერილი: `წარსულის შვილო, მომავლის მამავ და მყოფადის გადიავ, ძმაო იაკობ!.. ხანდახან რომ გამომელაპარაკები ხოლმე, გულს მიკეთებ, აი ახლაც შენმა წერილმა, თან მოყოლებულმა წიგნმა გულს გადამიყარეს მოწოლილი სევდა... გადავიკითხე, გადავათვალიერე, მუშტრის თვალით ავწონ დავწონე და შიგ ჭეშმარიტებისა და სიკარგის მეტი ვერა ვიპოვე რა. კურთხეული იყოს არა თუ მარტო შენი შრომა, ყოველი ნაბიჯის გადადგმაც კი~.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხარი მხარს იდგნენ აკაკი და იაკობი ქართული გონებრივი ცხოვრების ასპარეზზე. ქართველი ხალხის მოჭირნახულეებმა თავიანთი კალთით ატარეს ბედი და უბედობა, ტანჯვა და სიხარული ქართველი ერისა. ერთი ღმერთი სწამდათ და ერთი სამლოცველო ჰქონდათ _ საქართველო, ერთს ეტრფოდნენ _ სამშობლოს თავისუფლებას და ერთი სძაგდათ, თავგანწირვით ებრძოდნენ ქვეყნის მტერს და ორგულს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ამ ორი დიდი მამულიშვილის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი ანდერძი, რომელიც მათი ცხოვრების გვირგვინს და უდიდეს ჰუმანურ აქტს წარმოადგენს. ქველმოქმედების მსგავსი მაგალითი იშვიათად მოიძებნება გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაში. სულმნათმა იაკობმა წ.კ.გ. საზოგადოებას დაუტოვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 100 000 მანეთს. დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა კი მთელი თავისი მამული (100 დესეტინა მიწა, ეზო), სახლი, რომელშიც თავად ცხოვრობდა და გამოცემული თუ გამოუცემელი ნაწარმოებები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას უანდერძა.
იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა მხცოვანი მგოსანი აკაკი წერეთელი. მან შთამბეჭდავი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა მშობლიური ქვეყნის დიდი მოამაგის, თავისი უერთგულესი მეგობრის საფლავთან: `ძმაო იაკობ!.. შენ წარსდგები პირნათლად ჩვენს სახელოვან წინაპართა წინაშე... და ამოუდგები მათ გვერდში საუკუნო განსვენებით. აქ კი იღაღადებენ შენი ნაშრომნი და დარჩება სამარადისოდ შენგან გადატკეპნილი გზა და ვინც ამ გზას არ გაივლის, ის არც ქართველად იხსენიება. კურთხეული იყოს სამარადისოდ ის წმინდა გზა და მასთან ერთად სახსენებელი შენი... ამინ~.
ასეთი გაუბზარავი, სპეტაკი სიყვარულის შარავანდედით იყო დამშვენებული ქართული კულტურის ამ ორი მოამაგის, აკაკისა და იაკობის ძმობა და მეგობრობა. ასევე მარადიულია მათი შემოქმედება და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი

აკაკი ზოიძე
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის
პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, დოქტორი

25-28(942)N