გამოდის 1998 წლიდან
2010-12-08
იყალთოს აკადემია

XI-XII საუკუნეები ქართული სახელმწიფოს აღმავლობის და გაძლიერების ხანაა. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აყვავების შედეგად ქვეყანაში დიდად დაწინაურდა კულტურის თითქმის ყველა დარგი, უპირველეს ყოვლისა, ქართული მეცნიერება.
საქართველოში მეცნიერება სახელმწიფო პოლიტიკის რანგამდე იყო აყვანილი. ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული კერების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ასეთი კერა იყალთოს აკადემიაა.
კომპლექსი ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან მოიხსენიება. ამასვე ადასტურებს სოფელში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიც. თავდაპირველად, მოსახლეობა დღევანდელი იყალთოს ზემოთ, მთის კალთებზე იყო დასახლებული, თუმცა, თანდათან, ქვემოთ დაიწყეს ჩასვლა. ახლა კი სოფლის ძირითადი ნაწილი თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გარშემო ცხოვრობს.
იყალთო მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. დღემდე შემორჩენილია 70-ზე მეტი ეკლესიის ნაშთი, კომპლექსიდან მხოლოდ 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია `ღვთაება~ (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), სამების მცირე ეკლესია, რომელშიც საფუძვლიანი გადაკეთების მიუხედავად, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5მხ9მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი, სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.
VI საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, ზენონი იყალთოში ჩავიდა და იქ ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ზენონი აქვე მოღვაწეობდა და აქედან დამკვიდრდა მისი სახელიც _ ზენონ იყალთოელი. შემდეგში, ზენონის მიერ აგებული ტაძრის ადგილას ღვთაების ეკლესია აშენდა, მოგვიანებით კი სამონასტრო კომპლექსი შეიქმნა, რომელშიც, ღვთაებასთან ერთად, მის გვერდით აშენებული ყველაწმინდის და სამების ეკლესიები გაერთიანდნენ. დღეს მონასტრის ეზოში, ტაძრების გარდა, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების, მათ შორის იყალთოს აკადემიის და სატრაპეზოს ნანგრევებიც არის შემორჩენილი.
სოფელში მრავალი ეკლესიის არსებობა მეტყველებს, რომ ამ ადგილას კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ყალიბდებოდა. იყალთოს აკადემია IX საუკუნეში დაარსდა, თუმცა არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად არსებობა შეუწყვეტია. XII საუკუნეში კი იყალთოში დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი ჩავიდა და აკადემიის აღდგენა დაიწყო. წარმოშობით იყალთოელი, გვარად მაყაშვილი იყო, წყაროებში ვაჩეს ძედ იხსენიება. მისი თაოსნობით, 1114-20 წლებში იყალთოს აკადემიას ფუნქცია დაუბრუნდა.
არსენ იყალთოელი აკადემიის პირველი რექტორი იყო. მან თარგმნა და ერთ კრებულში `დოგმატიკონი~ (ყველაზე სრული ნუსხაა შ-1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები: ანასტას სინელის `წინამძღვარი~; იოანე დამასკელის `წყარო ცოდნისა~, მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი; თეოდორე აბუკარის პოლემიკური ეპისტოლენი; მიქაელ ფსელოსის `პირმშოსათვის~; კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური თხზულებანი; არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე `დიდი სჯულისკანონი~, გიორგი ამარტოლის `ხრონოღრაფი~ და სხვ.
არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ მას მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ _ `ანატომიკოსად~ (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია `ვინ ნაჭარმაგევს მეფენი~. არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I.
არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკური საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი _ დოგმატიკური. ფილოსოფიაში სქოლასტიკის, არისტოტელიზმის მიმდევარია. მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხანანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ იყალთოელს არსენ ბერთან აიგივებს.
აკადემიაში სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა, ანუ ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა (`მეკეცეობა~) და მევენახეობა-მეღვინეობა. აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22მ საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი, სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია.
ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადია დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზისფერი კრამიტები, ასეთი მხოლოდ ეკლესია-მონასტრებთან გვხვდება. იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.
სულ ახლახან კი, კომპანია `ჯეოსელის~ მიერ დაფინანსებული იყალთოს აკადემიის აღსადგენი პროექტის ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მონასტრის ეზოში ზენონ და არსენ იყალთოელების სამარხებს მიაკვლიეს.
იყალთოს აკადემია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერებების აღორძინების საქმეს. მან არსებობა შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ, 1616 წელს შეწყვიტა.

მოამზადა
ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N