2018-04-12 „თავისუფალ გაკვეთილებს“ „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამა“ ჩაანაცვლებს ლალი ჯელაძე
„თავისუფალი გაკვეთილები“ „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამით“ შეიცვლება და სამი მიმართულებით — სპორტი, ხელოვნება-კულტურა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი — განხორციელდება. შარშან თავისუფალი გაკვეთილების ცალკე მიმართულებად იყო „წიგნიერება“, რომელიც წელს ინტელექტუალურ-შემეცნებით მიმართულებაში გაერთიანდება.
სახელწოდების შეცვლასთან ერთად, შეიცვალა პროექტის დაფინანსების ოდენობაც და განისაზღვრა სკოლების რაოდენობაც. წინა პროექტისგან განსხვავებით, რომელიც პროგრამაში მხოლოდ VII-VIII კლასების ჩართვას ითვალისწინებდა, წელს მონაწილეობის უფლება VI კლასის მოსწავლეებსაც მიეცემათ. „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამას“ გამარტივებული დაფინანსების წესი შეეხება, რაც გულისხმობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, შერჩეული სკოლებისთვის ამ მიმართულებებში წინასწარ მომზადებული ჩარჩო-პროექტების შეთავაზებას. სკოლებს წინასწარ შეარჩევს კომისია და დაფინანსდება მხოლოდ ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც VII-VIII-IX კლასებში, ჯამურად, 20-დან 50 მოსწავლემდე ჰყავთ. „ასეთი შერჩევის პრინციპი იმიტომ გამოვიყენეთ, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული — გვითხრა „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის“ კოორდინატორმა, ქეთევან კურცხალიამ, — ამ ჩამონათვალში, ძირითადად, რაიონის სკოლები ხვდებიან, რადგან ქალაქის სკოლები ამ კრიტერიუმით ვერ შეირჩევა. ასეთი სულ 650 საჯარო სკოლაა, აქედან გამომდინარე, ამდენივე დაფინანსდება. რეალურად, 650 სკოლას მიეცემა პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, თუმცა, რასაკვირველია, გადაწყვეტილების მიღება მათზეა დამოკიდებული.“
ჩარჩო-პროექტების ხანგრძლივობა 20 საათია და სკოლამ მისი განხორციელების გრაფიკი ინდივიდუალურად უნდა გაწეროს, საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ცნობილია მხოლოდ პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები, „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამა“ წლის ბოლოს დასრულდება. გასულ წელს, როცა ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ „თავისუფალი გაკვეთილების“ შესახებ განაცხადა, მოდელი ასე გამოიყურებოდა: თავისუფალი გაკვეთილებიდან თითო ჩატარებულ საათზე სკოლას 30 ლარი ერიცხებოდა, აქედან 10 ლარი — მასწავლებელს, 10 — სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო 10 ლარი გაკვეთილისთვის საჭირო რესურსისთვის იყო გათვალისწინებული. ჯამში, სკოლაზე გათვლილი იყო 3000-ლარიანი გრანტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სკოლა, დამატებით, 100 საათის ჩატარებას უზრუნველყოფდა, თავისუფალი გაკვეთილების სახით, სხვადასხვა მიმართულებაში.
წელს უცვლელი დარჩა 1 საათის ჩატარებისთვის განკუთვნილი 10 ლარი, მაგრამ გრანტის საფასური შემცირდა, რადგან პროექტის ფარგლებში, ერთ მასწავლებელს მხოლოდ 20 საათის ჩატარება შეუძლია, აქედან გამომდინარე, სკოლისთვის განკუთვნილი პროექტის საფასურიც 600 ლარია და არა 3000, აქედან 200 ლარი მასწავლებლის ხელფასია, 200 ლარი — ადმინისტრაციის, 200 ლარი — რესურსისთვისაა განკუთვნილი.
„თავისთავად სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამა კლასგარეშე ექსტრაკურიკულარული აქტივობებია და, აქედან გამომდინარე, ანაზღაურებაც დამატებითი შემოსავალია სკოლისთვის და მასწავლებლისთვის.“ — ამბობს ქეთევან კურცხალია.
როგორ განხორციელდა „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა და რამ განაპირობა მისი „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამით“ ჩანაცვლება, ამ შეკითხვაზე პროგრამის კოორდინატორმა გვიპასუხა, რომ „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტები საკმაოდ კარგად წარიმართა სკოლებში, მაგრამ რატომ ჩაანაცვლა ახალმა პროგრამამ, ამის შესახებ ვერაფერს გვეტყვის, რადგანაც ის პროექტის განმახორციელებელია და არა პოლიტიკის განმსაზღვრელი.
„რაც შეეხება „თავისუფალ გაკვეთილებს“, დაახლოებით, 1160-მდე სკოლაში სხვადასხვა ხანგრძლივობის პროექტები განხორციელდა. მაშინაც და ახლაც, ერთ საათზე განკუთვნილია ათი ლარი, უბრალოდ, საათების რაოდენობა გასულ წელს, ზოგიერთ მიმართულებაში, მეტი იყო, მაგალითად, სპორტს დათმობილი ჰქონდა 40 საათი, შესაბამისად, მასწავლებელიც და სკოლაც მეტ ანაზღაურებას იღებდა. — ამბობს ქეთევან კურცხალია. — საერთო ჯამში, „თავისუფალ გაკვეთილებში“ ჩართული იყო 1160-მდე სკოლა, 40 ათასზე მეტი მოსწავლე და 2700-მდე მასწავლებელი. რამ განაპირობა ცვლილება, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა. ამას ის გამოკითხვაც მოწმობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ ჩავატარეთ. სულ 1487 მასწავლებელი გამოიკითხა, კონკრეტულად ის პედაგოგები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მიმართულების პროექტში. მათგან 95 პროცენტი კმაყოფილია „თავისუფალ გაკვეთილებში“ მონაწილეობით და 63 პროცენტი, მსგავს პროექტებში ჩართვის მზაობასა და სურვილს გამოთქვამდა.
გარდა სკოლებისა, „თავისუფალ გაკვეთილებში“, საკუთარი პროექტებით, ოთხი ორგანიზაცია ჩაერთო. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კინოცენტრი, რომელმაც 216 სკოლაში დანერგა პროექტი „კინო სკოლაში“ და 216-ვე სკოლის მასწავლებელი გადაამზადა. პროექტი ძალიან აქტიურად დაინერგა და 8000-მდე მოსწავლე ჩაერთო. ასევე, „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სენი“, ძალიან საინტერესო აქტივობა-პროექტები შესთავაზა სკოლებს — „აღმოაჩინე საქართველო“ და „ნარჩენების მართვა“. ამავდროულად, ამ ორგანიზაციამ პროექტში მონაწილე 175 მასწავლებელი გადაამზადა და სკოლებს სასწავლო მასალა გადასცა. ჩვენთან თანამშრომლობდა, ასევე, ეროვნული ბანკი, რომელმაც 11 სკოლაში დანერგა პროექტი „სკოლა-ბანკი“, მicrosoft გeorgia-სა და ჶducare გeorgia-ს კოდინგის ერთობლივი პროგრამა 12 სკოლაში განხორციელდა და გადამზადდა 12 მასწავლებელი.“
ითვალისწინებს თუ არა „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამა“ ინკლუზიური განათლების მიმართულების პროექტებს, ამის შესახებ ქეთევან კურცხალია ამბობს, რომ კონკრეტულად ინკლუზიაზე მორგებული ჩარჩო-პროექტები არც შარშან ჰქონიათ და არც წელს იგეგმება, რადგან ინკლუზიური განათლება ძალიან სპეციფიკური მიმართულებაა და, მათი მხრიდან, რთული იქნება ამ მიმართულების პროექტზე გრანტის გაცემა და იმის განსაზღვრა, მაგალითად, რამდენად კომპეტენტურია პედაგოგი. ამ მიმართულებით სამინისტროში სპეციალური სამმართველო მუშაობს.
გამარტივებული წესით დასაფინანსებელ პროექტებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 16 აპრილამდე გაგრძელდება.
იგეგმება, ასევე, პროექტების დაფინანსების მეორე წესის შემოღებაც, რომლის მიხედვითაც, სკოლებმა თავად უნდა წარადგინონ პროექტები, რომლებიც შეიძლება 1000 ლარით დაფინანსდეს. მონაწილეობის უფლება ყველა სკოლას ექნება, გამარჯვებულს კომისია გამოავლენს. თუმცა, ამის შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც პროგრამის კოორდინატორმა გვითხრა, დაფინანსების მეორე წესზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
|