გამოდის 1998 წლიდან
2010-12-02

გვესაუბრება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი

_ საუბარი ჩვენი რუბრიკის ტრადიციული კითხვით დავიწყოთ: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, რა დონის პირველკურსელები მოდიან თქვენს უნივერსიტეტში?
_ სპეციფიკური უმაღლესი სასწავლებელი ვართ და ამიტომ, გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, ჩვენთან მოსახვედრად საშემსრულებლო სპეციალობებზე აბიტურიენტებს უწევთ შიდა გამოცდის ჩაბარება _ შემოქმედებითი ტურის გავლა. ეს ეხება სამსახიობოს, ყველა სარეჟისოროს _ ტელე, დრამის, მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმის, საოპერატოროს, საერო და საეკლესიო გუნდის რეჟისურას, დამდგმელ ქორეოგრაფს და ა.შ. ეს უფლება შემოქმედებით უმაღლესებს `უმაღლესი განათლების შესახებ~ კანონით აქვთ მინიჭებული. შიდა გამოცდებით მოწმდება, პირველ რიგში, ახალგაზრდის ნიჭი, ის საწყისი მონაცემები, რაც აუცილებელია ამ სპეციალობისათვის, შემდგომში პროფესიულ ცოდნას სტუდენტი უმაღლესში შეიძენს. ასე რომ, ჩვენთან მოხვედრის მსურველები ჯერ შიდა გამოცდას გადიან, ხოლო შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. ეს, როგორც გითხარით, ეხება საშემსრულებლო სპეციალობებს. რაც შეეხება თეორეტიკოსებს _თეატრმცოდნეებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კინოთმცოდნეებს _მათთვის არ არის შიდა გამოცდები და პირდაპირ ერთიანი ეროვნული გამოცდებით აბარებენ. იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა შიდა გამოცდებით მაღალქულიანი აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილან. ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პირველ ნაკადში (პირველ წლებში) ძალიან ბევრი მინიმალურ ზღვარს გადაცილებული სტუდენტი მოვიდა. ყოველ წელს, ეს მაჩვენებელი ზევით იწევს, ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფაქტორმა აბიტურიენტები აიძულა, რომ მოემზადონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ წარმატებით ჩააბარონ მისაღები გამოცდები. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, შიდა ტურებში მიღებული მაღალი ქულების ანულირება რომ არ მოახდინონ, ანუ არ დაკარგონ თავიანთი მონაცემი, ნიჭი და გახდნენ კარგი მსახიობები თუ რეჟისორები. ვახსენე, რომ გამოცდებზე მიღებული ქულების მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება, მეტიც, იმატა 100-პროცენტიანი გრანტის მფლობელ სტუდენტთა რიცხვმა. სულ უფრო და უფრო მცირეა ჯგუფი სტუდენტებისა, რომლებსაც მინიმალური კოეფიციენტი აქვთ.
ჩვენ დაფინანსების მხრივაც (როგორც ყველა სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელს) ცოტა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. შიდა გამოცდებზე მაღალი შეფასების მქონე გარკვეული რაოდენობის სტუდენტებს კულტურის სამინისტრო, რომელიც ჩვენი დამფინანსებელია, უფასოდ სთავაზობს სწავლას, ანუ მთლიანად უფინანსებს სწავლის საფასურს. არის შემთხვევები, როცა სტუდენტი ორმხრივ დაფინანსებას მოიპოვებს, ანუ ჩვენც ვაფინანსებთ მაღალი ქულების გამო და სახელმწიფო გრანტიც აქვს მოპოვებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტებს იდეალურ მდგომარეობას ვთავაზობთ _არსებული კანონმდებლობის თანახმად, მათ სახელმწიფო გრანტის ნახევარს სტიპენდიის სახით ვუბრუნებთ.

_ რამდენი სტუდენტის სწავლას აფინანსებს კულტურის სამინისტრო და გაიზარდა თუ არა ამით სწავლის მოტივაცია აბიტურიენტებში?
_ კულტურის სამინისტროსგან გვაქვს უფლება, ყოველწლიურად 60 სტუდენტის (მხოლოდ საშემსრულებლო სპეციალობების) სწავლა დავაფინანსოთ. ეს სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების მცირედი უპირატესობაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, გარკვეულწილად, მოტივაციაც არის ახალგაზრდებისთვის, რათა კარგად მომზადებულები მოვიდნენ როგორც შიდა გამოცდებზე, ისე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ განსაკუთრებული მონაცემების მქონე ახალგაზრდები არ დავკარგოთ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მათ შიდა გამოცდაზე მაღალი ქულები მოიპოვეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ შეძლეს გრანტის აღება. აქედან გამომდინარეც შეიძლება ითქვას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ნამდვილად კარგ შედეგად აისახა აბიტურიენტთა მომზადების დონეზე. ვიცი, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები საბუნებისმეტყველო საგნებში, მაგრამ რადგანაც ჩვენ არანაირი შეხება ამ საგნებთან არ გვაქვს, ჩვენი უნივერსიტეტის პირველკურსელთა დონისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გეტყვით, რომ პირველკურსელთა დონემ აიწია. ბუნებრივია, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგიც ეს უნდა იყოს.

_ შიდა გამოცდებმა თეატრალურში მოხვედრის მსურველ აბიტურიენტებს კიდევ მეტი საზრუნავი გაუჩინა. მათ ისევე, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, დამატებით უწევთ რეპეტიტორებთან სახელოვნებო საგნებში მომზადება...
_ სპეციფიკურ საგნებში წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკა იყო _ აბიტურიენტები, როგორც სხვა საგნებში, ემზადებოდნენ რეპეტიტორებთან. ქორეოგრაფიულზე, როგორც წესი, მოდიან აბიტურიენტები, რომლებიც წლების განმავლობაში ცეკვავენ სხვადასხვა სტუდიებში, ანსამბლებში, ამდენად, ისინი მომზადებულები არიან. კონკურენციაც ძალიან სერიოზულია, რადგანაც სულ 16 ადგილია, რომლისთვისაც ასობით სტუდენტი იბრძვის. რაც შეეხება სამსახიობო ფაკულტეტს, როგორც წესი, ახალგაზრდები ემზადებოდნენ რეპეტიტორებთან. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ შეგვექმნა მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ნოემბერში იწყება და გრძელდება მაისამდე. მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს. რადგანაც ეს ჩვენი პროფესორებისა და პედაგოგების სავალდებულო საქმიანობაში არ შედის, ბუნებრივია, ფასიანია. გარდა ამისა, შევქმენით სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მარტიდან (ყოველ შაბათს) ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების უფასო კონსულტაციებს. მათ კი, ვისაც ინტენსიური კონსულტაციების კურსი სჭირდებათ, როგორც გითხარით, ვთავაზობთ ფასიან სპეციალურ პროგრამას. თუმცა, არანაირი გარანტია იმისა, ვინც ამ კონსულტაციებს გაივლის, უნივერსიტეტის შიდა გამოცდებზე რაიმე პრივილეგიით ისარგებლებს, არ არსებობს. ამ გზით ვაძლევთ აბიტურიენტს საშულებას ელემენტარული წარმოდგენა იქონიოს, რა და როგორ მოეთხოვება მისაღებ შიდა გამოცდებზე.

_ რამდენად ერევა გარედან სხვა თქვენს შიდა გამოცდებში? როგორია ობიექტურობის ხარისხი?
_ ამ პროცესში გარედან ვერავინ ვერ ჩაერევა, ეს გამორიცხულია. რაც შეეხება მიმღებ კომისიას, ყოველ ტურზე იცვლება, სულ სამ ტურად მიმდინარეობს შიდა გამოცდა. კომისიის ცვლა, გარკვეულწილად, ობიექტურობის ხარისხს ზრდის, რადგანაც, ვფიქრობ, ყოველ ტურზე აბიტურიენტის ახალი თვალით შეფასება მეტი ობიექტურობის გარანტია, სამჯერადი შემოწმების შემდგომ იწერება ქულა.
_ რომელ სპეციალობაზეა უფრო მეტი მოთხოვნა?
_ უფრო მეტი კი არა, შეიძლება ითქვას, ისტერიული მოთხოვნაა სამსახიობო სპეციალობაზე და კინორეჟისურაზე. კონკურსიც, შესაბამისად, ყველაზე დიდი ამ სპეციალობებზეა. შემდეგ ყველაზე მაღალია კონკურსი ცეკვის სპეციალობაზე. სამსახიობოზე, ერთ ადგილზე საშუალოდ 9-12 ადამიანი მოდის. დაახლოებით, ასეთივე პარამეტრია კინორეჟისურაზე, ცეკვის სპეციალობაზე _ ცოტა მეტიც კი.

_ ზრუნავთ თუ არა პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებაზე?
_ ჩვენს უნივერსიტეტში, მოწვეული სპეციალისტების მიერ, სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, უმეტესწილად კინოფაკულტეტზე, ასევე დრამის ფაკულტეტზეც, კინომცოდნეებისთვის, მენეჯმენტისა და სხვა სპეციალობებისთვისაც. ეს, რაც შეეხება ჩვენთან ჩატარებულ მასტერკლასებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი პედაგოგები საზღვარგარეთ ჩვენივე პროფილის ევროპულ უნივერსიტეტებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავაგზავნოთ.

_ სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან თუ თანამშრომლობთ?
_ დადებული გვაქვს მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებთან. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ვილნიუსის ჩვენივე პროფილის უმაღლეს სასწავლებელთან, საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული ტელევიზიის კინორეჟისურის ფაკულტეტთან. ეს არის ის, რაც ამ დროისთვის არსებობს.

_ თუ ადევნებთ თვალს, რა ხდება ზოგადი განათლების სისტემაში...
_ შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არის ზუსტად შესატყვისი იმისა, როგორიც უნდა იყოს გარდამავალ ეტაპზე მყოფი სისტემა. რეფორმა არ დასრულებულა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქართველები ცოტა სულსწრაფი ხალხი ვართ და შედეგები ძალიან მალე გვინდა, საქმის დაწყებიდან მეორე წუთშივე, ასეთი სწრაფი შედეგი განათლების სფეროში ძნელი მისაღწევია. ხდება კორექტირება, ცვლილებები. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც ერთი მყარად ჩამოყალიბებული, თავისი ხერხემლის მქონე სისტემიდან გადავდივართ მეორე, აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემაზე, რომლის ხერხემლის ჩამოყალიბებაც ახლა მიმდინარეობს, ანუ ყოველი მალის ეტაპობრივი ჩამოყალიბება ხდება. ეს რთული და ამავე დროს ძალიან ფაქიზი პროცესია და თუ ყველაფერი სწორად არ გაკეთდა, ხერხემალი შეიძლება მრუდე გამოვიდეს. ეს რომ თავიდან ავიშოროთ, დიდი მოთმინება და სიდინჯე გვჭირდება, ამასთან ერთად ზოგი გადაწყვეტილების კორექტირებაც, რომელიც არ იძლევა იმ შედეგს, როგორსაც ველოდით. სწორედ ეს პროცესია _ მიმდინარეობს იმ გადაწყვეტილებების გადახედვა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს. ეს ცოცხალი პროცესია სირთულეებითაც და მტკივნეული პროცესებითაც, რაც მთავარია, სწორი პროცესია, საჭირო კორექტირებით, სხვაგვარად ვერ მივალთ სასურველ შედეგებამდე.


_ ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა მეთორმეტეკლასელთა გაფიცვის სახით, რომელსაც, ბუნებრივია, გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
_ მართალი გითხრათ, არ მესმის მოსწავლეთა მოთხოვნა _ `არ მინდა გამოცდა~. არა მგონია, მოსწავლეებისგან ისეთ რამეს ითხოვდნენ, რასაც არ უნდა ითხოვდნენ. მათგან ითხოვენ არა კარიერის დაცლას, არამედ გამოცდის ჩაბარებას იმ საგნებში, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში ისწავლეს სკოლაში. აპროტესტებენ იმის გამო, რომ ჩვენ ეს საგნები არ გვისწავლიაო. აი, რატომ არ უსწავლიათ, ეს უკვე სხვა საკითხია. აქ გასარკვევი, ალბათ, ის არის, რატომ ვერ მიიღეს ცოდნა _ იმიტომ, რომ სკოლაში არ დადიოდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ არ სჭირდებათ და მათთვის საკმარისია მხოლოდ უნარ-ჩვევებსა და კიდევ რამდენიმე საგანში მომზადება; თუ სასწავლო გეგმები არ იძლეოდა ამის საშუალებას; თუ უბრალოდ გაჯიუტებაა, რომ გამოცდა არ გვინდა? თუკი პრობლემა ისაა, რომ სურვილის შემთხვევაშიც ვერ მიიღებდა მოსწავლე სკოლაში ცოდნას, მაშინ ეს სერიოზულად მისახედია; რაც მთავარია, ამ პრობლემაზე არც ერთი მეთორმეტეკლასელი არ საუბრობს. მაშინ მიზეზად მხოლოდ მათი გაჯიუტება გვრჩება, ამ სახის პროტესტს კი, ბუნებრივია, არავინ მიიღებს.
რატომ მივედით აქამდე? როგორც კი მეოთხე გამოცდა დაემატა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ქვეყანა ჩამოიქცა და იმ წუთში საჭირო გახდა სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოტანა იმისათვის, რომ მოსწავლეები ვაიძულოთ ისწავლონ _ აქ მე ვერაფერს გეტყვით, რადგანაც საშუალო განათლებაში ასეთი კომპეტენტური არ ვარ, ვერც დასკვნებს გავაკეთებ. თუ ეს პრობლემა საერთოდ არ დგას და, უბრალოდ, სიახლეს იღებენ მწვავედ, მაშინ, თავისთავად, აპროტესტებენ იმას, რისი ვალდებულებაც აკისრიათ. ბუნებრივია, თვალყურს ვადევნებ პროცესებს და არც ერთი მოსწავლე მიზეზად სასწავლო პროგრამას არ ასახელებს, მათ გამოცდები არ უნდათ.

_ ხშირად საუბრობენ, რომ ახალგაზრდებში წიგნიერების დონე დაბალია, ეს გარკვეული კვლევების შედეგადაც დასტურდება. რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ რომ გითხრათ, წიგნიერი თაობა მოდის და ჩვენს უნივერსიტეტში მოსულ სტუდენტებს ბევრი წიგნი აქვთ წაკითხული, მოგატყუებთ. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, აიძულო სტუდენტი იკითხოს. სტუდენტს, რომელსაც ეკითხები, წაკითხული აქვს თუ არა, მაგალითად, `ანა კარენინა~, გპასუხობს, დიახ. მაგრამ როცა ნაწარმოების სიუჟეტიდან სხვადასხვა ეპიზოდს ეკითხები (მოგეხსენებათ, ჩვენ უფრო სიღრმისეულად გვჭირდება ნაწარმოების ცოდნა, რადგანაც ლიტერატურის ქმედით ენაზე გადატანა ხდება), ცოტა გაოცებული გიყურებენ, ანუ არ იციან. გვიყვებიან იმას, რაც ერთ-ერთ გამოცემაში ამოიკითხეს, სადაც მსოფლიო ლიტერატურის ადაპტირებული შედევრებია ჩატეული _ სქელტანიან ნაწარმოებს გვერდნახევარი ან, მაქსიმუმ, ორი გვერდი აქვს დათმობილი. რაც ყველაზე სამწუხაროა, მიაჩნიათ, რომ ამაზე მეტი არც უნდა იცოდნენ. ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ჩემთვის არასერიოზულია, როცა ჩამოთვლილი თექვსმეტი პასუხიდან შეკითხვაზე _ ვისი ნაწარმოებია `დანაშაული და სასჯელი~? _ ერთი სწორი უნდა შემოხაზო. თუ დოსტოევსკი შემოხაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საოცარი მომზადების მქონე ადამიანი ხარ. არის ეს ცოდნა? ფორმალურად არის, შინაარსობრივად _არა. ამაში დამნაშავეც არავინაა, რადგან ჩვენ ვიკიპედიების საუკუნეში ვცხოვრობთ, გარკვეულ პარამეტრებში მოქცეული ინფორმაცია ძალიან იოლად ხელმისაწვდომია ყველასთვის, უფრო სიღრმისეული ცოდნისთვის ახალგაზრდა თავს აღარ იწუხებს, არც სურვილი აქვს, არც დრო და, რაც მთავარია, გამზადებულ ფორმატში მოქცეული ინფორმაცია აქვს. სამწუხაროდ, ასეთი ცოდნით ბევრია. რაც შეეხება სტუდენტების იმ რაოდენობას, ვინც წიგნს მართლა კითხულობს, აანალიზებს და შეუძლია თუნდაც მხატვრულ ნაწარმოებზე იმსჯელოს, ასეთი ცოტაა. ჩვენ, სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობა გვიწევს, რადგანაც რეჟისორმაც და მსახიობმაც პიესა მაინც ხომ უნდა წაიკითხოს. ეს გარდაუვალია. წიგნიერების, წიგნის კითხვის კულტურის საერთო დონე სასურველია უკეთესი იყოს.

_ ეს, რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, სტუდენტებისთვის პროფესიული ლიტერატურა, სახელმძღვანელოები არანაკლებ მნიშვნელოვანია...
_ სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ბოლო წლებში დავიწყეთ საქმიანობა. აქამდე უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები სხვადასხვა გამომცემლობებში ბეჭდავდნენ სახელმძღვანელოებს ან დამხამრე სახელმძღვანელოს ფუნქციის მატარებელ ლიტერატურას. ბოლო წლებია, რაც ამ საქმიანობას მოვკიდეთ ხელი და საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ. იბეჭდება ძალიან დიდი რაოდენობით ლიტერატურა, თუმცა უფრო მეტია საჭირო, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ფინანსებთანაა დაკავშირებული. გამოვცემთ სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს როგორც თარგმანებს, ასევე ჩვენივე პროფესურის მიერ შექმნილს; კვარტალში ერთხელ გამოდის ჟურნალი, სადაც იბეჭდება თეორიული ხასიათის სამეცნიერო ნაშრომები, ყოველი წლის ბოლოს _ სამეცნიერო კვლევების კრებული. ჩვენს სფეროში _ დრამის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინოს _ ძალიან ბევრი უცხოური ლიტერატურაა, რომლის თარგმნაც გვინდა, ამ მიმართულებით წინ ბევრი სამუშაო გველის. კატეგორიულად აუცილებელია, სტუდენტებს პროფესიული ლიტერატურა ქართულ ენაზე ჰქონდეთ. ვცდილობთ, ეს, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად განვახორციელოთ. არ მიმაჩნია სწორად მიდგომა, სტუდენტს უთხრა _ ლიტერატურა ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და ა. შ. ენებზეა, კეთილი ინებე, მოიძიე და ისწავლე. ამდენად, მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუდენტებს პროფესიული ლიტერატურა ქართულ ენაზე შევთავაზოთ. ჩვენ გარკვეული გეგმები გვაქვს _ კულტურის სამინისტროსთან ერთად გავზარდოთ როგორც თარგმნილი ლიტერატურის, ისე ქართული ლიტერატურის გამოცემა. ახლა, მიხეილ თუმანიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვამზადებთ სამტომეულს, რომელიც დიდი ხნის წინ გამოიცა და მაშინვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ცოტა ხნის წინ გამოვეცით აკაკი ვასაძის ორტომეული. ასევე, ვაპირებთ გამოვცეთ ქართველი თეატრალური კრიტიკოსების საუკეთესო, რჩეული ნაშრომები; ვამზადებთ წიგნების სერიას ქართული თეატრის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონალიების _ რეჟისორებისა და მსახიობების შესახებ. ვნახოთ, გეგმები ბევრი გვაქვს.

_ რამდენ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად უნივერსიტეტი და რამდენად არიან რეალიზებული კადრები, რომელსაც თქვენ ამზადებთ. არის ამდენი მსახიობი თუ რეჟისორი საჭირო?
_ ყოველწლიურად 205 ადამიანს ვიღებთ, შეიძლება წელს ეს რიცხვი გავზარდოთ. გაზრდა, ბუნებრივია, მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ამავე დროს, ეს ჩვენი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსზეცაა დამოკიდებული. რაც შეეხება მათ დასაქმებას, სიღრმისეული კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გარკვეული მონაცემების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ საშემსრულებლო სპეცილობების 80 პროცენტი რეალიზებულია, დასაქმებულია ტელესივრცეში _ მსახიობები, ტელეოპერატორები, მომსახურე ტექნიკური პერსონალი, რეჟისორები; ბუნებრივია, დრამატულ თეატრებში ჩვენი კადრები არიან, არ არსებობს დამდგმელი ქორეოგრაფი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი არ ჰქონდეს დამთავრებული. ხელოვნებათმცოდნეეების, კინო თუ თეატრმცოდნეების უმეტესობა დასაქმებული არიან ჟურნალებსა თუ ტელევიზიებში და ა.შ. ამდენად, მარტივად შემიძლია გიპასუხოთ, კადრების ის რაოდენობა, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი ამზადებს, საჭიროა. რაც შეეხება კონტინგენტის გაზრდას, გონივრულ პარამეტრებში უნდა ჩაჯდეს, ზომიერება არ უნდა დავკარგოთ.

_ დაბოლოს, რა სიახლეა წელს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
_ სიახლეა პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით _ ძალაში შემოდის ახალი, ხუთდონიანი კლასიფიკატორი, ამ ნაწილზე ვმუშაობთ ისე, როგორც სხვა უმაღლესი სასწავლებლები. პროფესიული სწავლების სექტორს დაემატება ახალი სპეციალობები, მაგალითად, მონტაჟის რეჟისორი, ოპერატორის ასისტენტი და ა.შ. აქამდე გვქონდა ფოტოგრაფია, საესტრადო ვოკალი. დეტალიზაცია შორს წაგვიყვანს, ახალი კლასიფიკატორით ყველა უმაღლესი სასწავლებელი განსაზღვრავს იმ სპეციალობებს დონეების მიხედვით, რომელსაც ასწავლის პროფესიული განათლების დონეზე. აქ მთავარია, აკრედიტაციის სამსახურმა ჩვენთან ერთად სწორად შეადგინოს ბადე, სადაც განსაზღვრული იქნება, თითოეული სპეციალობა რა კვალიფიკაციის კადრს მოამზადებს.

ესაუბრა
ლალი ჯელაძე

25-28(942)N