გამოდის 1998 წლიდან
2010-12-02
შეხვედრა მეთორმეტეკალსელებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში წარუდგინეს და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დაწყებამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებისთვის განმარტებები გააკეთეს:


დიმიტრი შაშკინი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი ამოცანაა გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხის დონე საჯარო სკოლებში. ერთ-ერთი კომპონენტი ამ პროგრამის არის საატესტატო გამოცდები _ 2011 წლის მაისიდან ყველა მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს რვა სავალდებულო საგანში, გამოცდები ჩაბარდება სკოლებში, ყველაზე თანამედროვე ჩAთ-ის სისტემით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოდ ცოდნა და არ ვიყოთ ორიენტირებული ნიშანზე. სამწუხაროდ, განათლების ხარისხის დონე საჯარო სკოლებში დაბალია, მისი გაუმჯობესების ერთ-ერთი კომპონენტი საატესტატო გამოცდებია. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროგრამა იქნება წარმატებული. ყველა სკოლის მე-12 კლასში დანერგილია აბიტურის საათები. პროგრამა შემუშავებულია ექსპერტების მიერ, დაახლოებით 200 ექსპერტი მუშაობდა მის მომზადებაზე და გვაქვს აბსოლუტური გარანტია, თუ მოსწავლე დაესწრება აბიტურის გაკვეთილებს ის იქნება მომზადებული სააბიტურო გამოცდებისთვის.
ყოველდღე დავდივარ სკოლებში, ვხვდები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. არ მჭირდება შუამავალი, გაურკვეველი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, იმისათვის, რომ მქონდეს კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან ან მშობლებთან. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას და შევახსენო,რომ სკოლა აპოლიტიკური ინსტიტუტია და არ შეიძლება მოსწავლის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

მაია მიმინოშვილი: დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მეთორმეტეკლასელებთან გვაქვს შეხვედრა. მინდა მოსწავლეებს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა დავამშვიდო ისინი, რომ ნამდვილად არაფერი დრამატული გამოცდების თვალსაზრისით არ ელით. ახლა კი, ვაჩვენო მათ, როგორი იქნება ეს გამოცდა.
მოგეხსენებათ, ახალი სისტემა შემოგვაქვს _ მოსწავლეებს მოუწევთ კომპიუტერის მეშვეობით გამოცდის ჩაბარება, თუმცა, ეს სისტემა არ გულისხმობს სიღრმისეულად კომპიუტერული უნარების ფლობას. ვაჩვენებ მათ კონკრეტულ დავალებებს, დავალების ტიპებს და დავამშვიდებ იმ თვალსაზრისით, რომ ორიენტაცია ნამდვილად გვაქვს აღებული მარტივი დავალებების ბლოკზე და საშუალო მოსწრების მოსწავლე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება სუსტი მოსწრების მოსწავლეს, რა თქმა უნდა, მას გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს. ის ვადა, რაც დარჩენილია მაისამდე, უნდა გამოიყენოს ძალიან ეფექტურად და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასაც არანაირი პრობლემა არ ექნება, გადალახოს ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ყველა ტიპის დავალება გამოიყენება როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული და მარტივი, რადგან პირველი წელიწადია, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძირითად აქცენტს გავაკეთებთ მარტივი დავალებების ბლოკზე და მათ ხარჯზე გადალახავს მოსწავლე ბარიერს. რაც შეეხება შინაარსს, კარგა ხანია, ცნობილი უნდა იყოს ჩვენი მოსწავლეებისთვის, რადგან მინიმალური სტანდარტი, რაზე დაყრდნობითაც ტესტური დავალებები დგება, განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე. ეს არის საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც არსებული სასწავლო გეგმის ძირითად ნაწილს მოიცავს. სწორედ ამით უნდა ეხელმძღვანელათ სკოლებს, რომ მოსწავლეები სათანადოდ მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის.
მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრას დიდი ხანია ვგეგმავდით. სხვათა შორის, მახსენდება 2005 წელი, როდესაც პირველად ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. მაშინაც იყო გარკვეული მღელვარება იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ადრე იყო გამოცდების შემოღება, ჯერ სკოლაში უნდა გამოგვესწორებინა ვითარება და შემდეგ შემოგვეღო გამოცდები... ახლა ალბათ ბევრი დარწმუნდა, რამდენად კარგი იყო 2005 წელს ახალი სისტემის შემოტანა. ასე რომ, 2004 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდეც, ძალიან ბევრი შეხვედრა მოვაწყვეთ სწორედ აბიტურიენტებთან და არა მარტო თბილისის მასშტაბით. ხვალ მივემგზავრებით თელავის რაიონში, იქ შევხვდებით მოსწავლეებს. ასე გაგრძელდება მაისამდე, გვინდა მოვიცვათ მთელი საქართველო.
საატესტატო გამოცდები ყველა სკოლაში ჩატარდება. ეს სისტემა ამ თვალსაზრისითაც მომხიბლავია. გარდა იმისა, რომ ინოვაციურია და გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად ეფექტურად შევაფასოთ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა, თავისთავად, ძალიან კომფორტულია მოსწავლეებისთვის _ ახალ გარემოში არ უწევთ გამოცდის ჩაბარება, არ უწევთ გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში და საგამოცდო ცენტრში გამოცხადება. გამოცდებს საკუთარ სკოლაში, შინაურ გარემოში ჩააბარებენ.
ჩAთ-ის ტიპის სისტემით, რომელიც არის მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული ტესტირება, მაქსიმალურად ეფექტურად შეიძლება მოსწავლის შესაძლებლობის შეფასება.
თუკი ის მაინც ვერ გადალახავს მინიმალურ კომპეტენციას, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა შემდეგ წლებში სცადოს ბედი. უფრო მეტსაც გეტყვით _ იმ საგნებში, რომლებშიც ბარიერს გადალახავს მოსწავლე, შედეგი შეუნარჩუნდება, მომდევნო წელს მხოლოდ და მხოლოდ იმ საგნის ჩაბარება მოუწევს (ამას არავის ვუსურვებ), რაშიც ვერ გადალახა ბარიერი.
მედალოსან მოსწავლეს არავითარი პრივილეგია არ ექნება.

***
მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პროგრამის პრეზენტაციამდე მიმართა და განუმარტათ, რომ ისინი, იოლად შეძლებენ, საატესტატო გამოცდების ჩაბარებას, რადგან კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით დადგინდება.
`ვიდრე ქალბატონი მაია და ბატონი სოსო გააკეთებენ პროგრამის პრეზენტაციას, მინდა, რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა პოლიტიკურ საკითხს, თუ რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას. ყველამ კარგად იცით, რომ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს 8 სავალდებულო საგანს _ ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია, ისტორია _ ეს ის საგნებია, რომლებიც ყოველთვის ისწავლებოდა სკოლებში. ყოველდღე ვხვდები მეთორმეტეკლასელებს, ვისმენ მათ მოსაზრებებს. ერთ-ერთმა მოსწავლემ საინტერესო რამ მითხრა: მე ვერ ვიგებ, რატომ აპროტესტებს ხალხი გამოცდებს. თუ გამოცდილებას შევხედავთ, ყველაზე ადვილი გამოცდები სწორედ წელს იქნება, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები სწორედ პირველ წელს იყო ყველაზე იოლი და მერე უფრო გართულდაო. ისიც კარგად ვიცით, რომ განათლების დონე სკოლებში არ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს _ სამწუხაროდ, შეცდომები დაუშვა სახელმწიფომაც და თქვენც.
არც ერთ სკოლაში არც ერთ მასწავლებელს არ უთქვამს, მოდით, არ ვისწავლოთ გეოგრაფია იმიტომ, რომ საჭირო არ არის, ან არ ვისწავლოთ ქიმია ან ბიოლოგია იმიტომ, რომ რთულია. შარშან ჩატარდა ექსტერნის გამოცდები ბათუმში, რომელსაც თავად ვესწრებოდი. შეკითხვაზე _ რა არის ვალენტობა, ბავშვები წერდნენ, რომ არის ვალენტინობის დღე. თუ ჩვენ ისეთი სკოლა გვინდა, სადაც ბავშვები გვიპასუხებენ, რომ დემონი არის ფარაონი, მაშინ სხვა არის. თუ ჩვენ გვინდა სკოლა, სადაც ბავშვების მხოლოდ 12 პროცენტს შეუძლია ჩამოთვალოს საქართველოს მეზობელი ქვეყნები, ესეც უნდა ვთქვათ. სკოლა არ არის უნივერსიტეტის დანამატი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სკოლა იძლევა ზოგად განათლებას, რომელსაც გამოიყენებთ ცხოვრებაში.
რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე შევჩერდები. მეც ვიყავი თქვენს ასაკში. გუშინ პირველი სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ გარკვეული დაძალების გარეშე შეუძლებელია ვისწავლოთო. მეც რომ არ მქონდეს კონკრეტული ვალდებულებები ჩემი ოჯახის წინაშე, არ მყავდეს ორი შვილი, მეუღლე და არ მჭირდებოდეს მუშაობა, რატომ უნდა მოვიდე სამსახურში 8-9 საათზე. მეც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სახლში. ისევე როგორც მე, თქვენც გაქვთ კონკრეტული ვალდებულებები მომავლის წინაშე, თქვენ გინდათ, რომ ჩააბაროთ უმაღლეს სასწავლებელში. ბაკალავრიატს რომ ამთავრებს სტუდენტი, სწავლას აგრძელებს მაგისტრატურაში, ორი მესამედი მაგისტრატურაში იცვლის პროფესიას, ანუ ორი მესამედი მაგისტრატურაში ირჩევს სხვა მიმართულებას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი იზრდება და ვითარდება, შესაბამისად, იცვლება პრიორიტეტებიც. ამიტომ, განათლების ხარისხის დონის ამაღლება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საატესტატო გამოცდები არ არის ერთადერთი ამ მიზნის მისაღწევად, ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლების სერტიფიცირება, დირექტორების სერტიფიცირება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ინფრასტრუქტურის განვითარება _ სამეცნიერო კლასების შექმნა, სადაც ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ლაბორატორიები იქნება იმისათვის, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს სწავლა. სახელმწიფომ ვაღიარეთ დაშვებული შეცდომები, ფსევდოლიბერალიზმს სწორედ ამას ვეძახი, ფსევდოლიბერალურმა მიდგომამ (რაც გადაიზარდა ანარქიაში) არ გაამართლა. ნიკა გვარამიას საყვედურობდნენ, რომ მეთორმეტეკლასელები არ დადიან სკოლაში. ახლა სწორედ ეს ხალხი გამოდის და გვეუბნება, რად გვინდა გამოცდებიო. ამ გამოცდების შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში გამოვაცხადეთ. წელიწადნახევარი საკმარისია იმისათვის, რომ გაიმეოროთ ნასწავლი. არგუმენტი, რომ ჩვენ არ გვისწავლია, ჩემთვის მიუღებელია, ძალიან უბრალო მიზეზის გამო _ თქვენ გაქვთ მიღებული ნიშანი ყველა საგანში. ამიტომ ყველამ კარგად გაიაზრეთ, რას ამბობთ, რადგან ეს ნიშანი რაღაცის მაჩვენებელია. როცა ამბობენ, რომ ნიშანი გვიწერია, მაგრამ არ გვისწავლია, უნდა დაფიქრდნენ, რადგან აქ უკვე სხვა კომპეტენციის საკითხი დგება. ყველანი ჭკვიანები ხართ და მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. საშუალო მოსწავლე უპრობლემოდ ახლავე ჩააბარებს ამ გამოცდებს, სუსტი მოსწრების მოსწავლეს მოუწევს მეცადინეობა, მაგრამ ისიც ჩააბარებს. რთული შეკითხვების ბლოკი მთლიანად ამოღებულია გამოცდებიდან. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ და დაგამშვიდოთ, ყველანი ჩააბარებთ.~

***
მაია მიმინიშვილმა დეტალურად ისაუბრა პროგრამის შესახებ და არც ერთი მეთორმეტეკალსელის კითხვა არ დატოვა უპასუხოდ. განმარტებების სახით გთავაზობთ შეხვედრაზე დასმული კითხვების პასუხებს:
_ თქვენ აუცილებლად გექნებათ საშუალება კომპიუტერთან ერთად შავი სამუშაოსთვის გამოიყენოთ ფურცელი.
_ როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ მხოლოდ მარტივ დავალებებზე ვაკეთებთ აქცენტს. ბუნებრივია, თითოეულ საგანში დასაწესებელია, რა არის მარტივი. რომ მკითხოთ, რა იქნება მარტივი, ახლა ძალიან რთული იქნება ამის ახსნა. დიდი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, ბევრი აპრობაცია მოგვიწევს, რათა რეალობას მოვარგოთ ყველაფერი. ბარიერი დადგინდება არსებული მონაცემების საფუძველზე. მარტში იქნება პრეტესტი, რომლის შემდეგ გვექნება ნათელი სურათი და რადგან პირველი წელია, ბევრი რამ იქნება გათვალისწინებული ისევ და ისევ არსებული რეალობიდან გამომდინარე.
_ რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ბუნებრივია, ჩააბარებს ის, ვინც მიიღებს ატესტატს. ვისაც სურს მიიღოს ატესტატი, მან უნდა ჩააბაროს საატესტატო გამოცდები, ხოლო ვინც ვერ შეძლებს რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს, სწორედ იმ საგანში მოუწევს მომავალ წელს გამოცდის თავიდან ჩაბარება, სხვა საგანში კი ქულა შეენახება. სხვათა შორის, აქამდეც იყო შემთხვევები, რომ მოსწავლე ვერ იღებდა ატესტატს, მიუხედავად იმისა, რომ ატესტატი სკოლებში იოლად გაიცემოდა.
_ რაიონებში ზუსტად იმავე ფორმით ჩატარდება გამოცდები, როგორც თბილისში. იმ სკოლებში, სადაც შეუძლებელია ინფრასტრუქტურის შეცვლა, იმისათვის რომ სათანადო დონეზე ჩატარდეს გამოცდა ან მეთორმეტეკლასელთა მცირე რაოდენობაა, ეს ბავშვები ახლომდებარე რაიონის სკოლაში ჩააბარებენ გამოცდას.
_ ჩვენს ცენტრს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადასალახად არანაირი წიგნები არ გამოუცია. მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რა წიგნებზეა საუბარი. ასე რომ, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას და ვერ მოგცემთ გარანტიას, დაგეხმარებათ თუ არა ეს წიგნები მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვაში.
_ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყველა სკოლის მოსწავლეს შევხვდეთ, გავცეთ ყველა კითხვაზე პასუხი, რათა ისინი სწორად იყვნენ ინფორმირებულები. ვგეგმავთ საქართველოს ყველა რაიონში ჩავიდეთ და თქვენს თანატოლებს ვესაუბროთ.
_ სამწუხაროდ, საატესტატო გამოცდებზე დამკვირვებლებად თქვენი სკოლის მასწავლებლები არ იქნებიან. იქ, სადაც გამოცდა ჩატარდება, იქნება ერთი მეთვალყურე, მას კარგად უნდა ესმოდეს მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესი. სწორედ ამ კრიტერიუმით შევარჩევთ მეთვალყურეებს.
_ თუკი მოსწავლე ვერ გამოცხადდება გამოცდაზე ავადმყოფობის გამო, სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში არ მოხდება გამოცდის გადავადება. ასე რომ, გირჩევთ მაისის მეორე ნახევარში ყველანი ვიყოთ ჯანმრთელნი.
_ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა რესურსები და ინფრასტრუქტურა აქვს სკოლებს, აქედან გამომდინარე, ისიც ვიცით, რა შეიძლება მოვთხოვოთ ან არ მოვთხოვოთ მოსწავლეს. ასე რომ, გამოცდაზე ლაბორატორიული ცდების ჩატარებას ქიმიასა და ფიზიკაში არავინ მოგთხოვთ.
_ პირადად მინდა დაგარწმუნოთ, როცა მოსწავლე ტონუსშია, მას ყველაფერი კარგად გამოსდის. ერთიან ეროვნულ გმოცდებზე აბიტურიენტს სამი საგნის ჩაბარება უწევს, რადგან უნარ-ჩვევები არ არის საგანი და არ შეიძლება ათი და თორმეტი წელი ემზადო ამისთვის. უნარ-ჩვევები მოსწავლეს თავისთავად უვითარდება სკოლის პერიოდში. უბრალოდ ამის გავარჯიშება შეიძლება. რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, აქ ის საგნებია, რომელსაც წლების განმავლობაში ისედაც სწავლობთ სკოლაში. გარწმუნებთ, თუ ცოტა სერიოზულად მოეკიდებით ამ საქმეს, არანაირი სირთულე არ შეგხვდებათ. აქ თქვენ მინიმალური კომპეტენცია უნდა დაადასტუროთ, ანუ არ დაგჭირდებათ სერიოზული ძალისხმევა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სკოლებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, პედაგოგები უნდა დაგეხმარონ ამაში, სააბიტურო საათები სწორედ ამისთვის არსებობს. მეც თქვენთან ერთად მინდა გავიარო ეს გზა. სკოლამ კარგად უნდა გამოიყენოს ეს საათები. ასე რომ, ჩვენ ჩართულები ვართ საერთო პროცესში და მჯერა, წარმატებით გავართმევთ თავს იმას, რაც გველის მაისში.

მეთორმეტ კლასელთა
მოსაზრებები შეხვედრის შემდეგ

_ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. რაც მაინტერესებდა, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მივიღე. სკოლაში სააბიტურო გაკვეთილები ტარდება. ჩვენ ვიცოდით, რომ დასწრება სავალდებულო იყო. შეხვედრაზე კი გავიგე, რომ სააბიტურო გაკვეთილზე დასწრება არ არის სავალდებულო. ამიტომ, სავარაუდოდ, რომელი საათებიც მაწყობს, იმაზე გავჩერდები.
_ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ნამდვილად აღარ მეშინია საატესტატო გამოცდების, ქალბატონმა მაიამ დაგვარწმუნა, რომ გამოცდები ძნელი არ იქნება.
_ დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, კარგი იქნება თუ სხვა მეთორემეტეკლასელებსაც ექნებათ საშუალება, მსგავსი ინფორმაცია მოისმინონ.
_ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, ყველა კითხვას, რომელიც საატესტატო გამოცდების ირგვლივ იყო დაგროვილი, ამომწურავად გაეცა პასუხი. პირადად მე, ვაგრძელებ ინტენსიურ მომზადებას როგორც საატესტატო, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. სააბიტურო საათები მე არ მეხება, რადაგანაც კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე ვარ, თუმცა ჩვენს სკოლაშიც არის დამატებითი საათები გამოყოფილი ამისთვის და სხვა ღონისძიებებიც ტარდება, რათა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარონ საატესტატო გამოცდები.

მაკა ყიფიანი

25-28(942)N