2018-02-01 ახალი სასწავლო გეგმა — მეგობარი დოკუმენტი მომხმარებლებისთვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა, ორგანიზაცია „თანადგომის“ დახმარებით, თბილისის სამ საჯარო სკოლაში — 86-ე, 112-ე და მე-11 — განახორციელა საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სტანდარტიდან, მე-7 კლასის პროგრამიდან, ერთ-ერთი თემის — „ჯანსაღი ცხოვრება“ პილოტირება. მართალია, სამი სკოლა არ არის ბევრი, მაგრამ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძალიან საინტერესო შედეგები გამოვლინდა. ორგანიზაცია „თანადგომის“ და დეპარტამენტის თითო-თითო წარმომადგენელი, წყვილში, ყველა გაკვეთილს ესწრებოდა, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩათვლით. „მე პირადად, 86-ე სკოლაში ვესწრებოდი გაკვეთილებს — ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი — ორგანიზაცია „თანადგომა“, მართლაც დიდ თანადგომას გვიწევს ხოლმე სხვადასხვა საკითხების პილოტირებაში. ალბათ გახსოვთ საგანი „მე და საზოგადოება“, მისი ერთი კომპონენტის — „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ — პილოტირებაც ამ ორგანიზაციის დახმარებით განვახორციელეთ“. რომელ კლასებში ჩატარდა და რა შედეგი გამოიღო ჯანსაღი ცხოვრების წესის გაკვეთილებმა, რა საჭიროებები გამოიკვეთა და როდის შევა ახალი სასწავლო გეგმა სკოლებში — გვესაუბრება ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი.
— რა პრობლემები და საჭიროებები გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად?
— პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პილოტირების დაწყებამდე საგანგებო მომზადება ჩატარდა, კერძოდ, შემუშავდა წლიური პროგრამის ნიმუში — ძირითადი რეკომენდაციები, სარეკომენდაციო საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო და ა.შ. ეს ყველაფერი გაიწერა იმ სკოლების წარმომადგენელი მასწავლებლების მონაწილეობით, რომლებიც პილოტირებისთვის შეირჩა. ისინი თავად იყვნენ იმ სასწავლო რესურსის შექმნის მონაწილეები, რომლის საფუძველზეც უნდა ჩაეტარებინათ 8 გაკვეთილი, რადგან ეს ერთი თემა 8 გაკვეთილს მოიცავდა. გაკვეთილები შემაჯამებელი დავალებით სრულდებოდა. აქ უნდა გამოჩენილიყო, რა შედეგები გამოიღო ამ გაკვეთილებმა. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი და დადებითი შედეგები მივიღეთ, იმიტომ რომ, მოსწავლეებმა ზუსტად გაიგეს და აითვისეს ის ძირითადი ასპექტები, რაც ამ გაკვეთილებით გვინდოდა მათთვის გადაგვეცა.
— რომელ კლასებში ჩატარდა პილოტირება?
— პილოტირება მეცხრეკლასელებთან განხორციელდა. მართალია, ეს თემა განკუთვნილია მე-7 კლასისთვის, მაგრამ მე-7 კლასში სამოქალაქო განათლება არ ისწავლება, ამიტომ, რომელ კლასშიც ისწავლებოდა, ის შევარჩიეთ. ჩვენ გვჭირდებოდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელიც ამ გაკვეთილებს ჩაატარებდა. როდესაც დამტკიცდება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რასაკვირველია, ამ თემას მე-7 კლასში გაივლიან.
ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია და ჩაუტარდათ გაკვეთილები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, ადიქცია და ადრეული ქორწინება. აქცენტი გაკეთდა ამ საკითხების სოციალურ და სამართლებრივ ასპექტებზე. მაგალითად, ადრეულ ქორწინებაზე საუბრისას აქცენტი დასმული იყო არა ბიოლოგიურ-სამედიცინო, არამედ სოციალურ ასპექტებზე, მაგალითად, რა უფლებები შეეზღუდებოდა ადამიანს, თუ ნაადრევად დაქორწინდებოდა — ის ვერ მიიღებდა სრულფასოვან განათლებას, ზოგადად, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეხვდებოდა და ა.შ.
ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც თემა „ჯანსაღი ცხოვრება“ მოიცავდა. შედეგები, როგორც გითხარით, ძალიან კარგი იყო იმიტომ, რომ მოსწავლეებმა ადეკვატურად მიიღეს ეს ყველაფერი, ზუსტად გაიგეს, რისი მიწოდებაც გვინდოდა, რაც მათ მიერ შესრულებულ შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებებში წარმოჩინდა. მახსოვს, ერთმა ჯგუფმა მოამზადა სპექტაკლი, თავად მოიფიქრეს სცენარი ადიქციის საკითხზე და თავადვე დადგეს. სპექტაკლში ძალიან კარგად გამოჩნდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა და, რაც მთავარია, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გადმოსცეს თავიანთი სწორი პოზიცია ამ საკითხის მიმართ.
— რის მიხედვით შეირჩა სკოლები?
— სკოლები თავად ორგანიზაცია „თანადგომამ“ შეარჩია, მოიძია ინფორმაცია. ეს მასწავლებლები შემდეგ დატრენინგდნენ კიდეც, როგორც გითხარით, ისინი ჩართული იყვნენ რესურსების და სასწავლო კურსის მომზადებაში. ამან შედეგი ნამდვილად გამოიღო. როდესაც სწავლების პროცესში ახალი და განსხვავებული თემები შემოდის (მოგეხსენებათ, ცხოვრება ვითარდება, ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და ამას ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ), აღმოჩნდა, რომ ზოგად ტრენინგთან შედარებით გაცილებით ეფექტიანია მასწავლებლის მომზადება ცალკეული კომპონენტის (ამ შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესი) მიხედვით.
— ბუნებრივია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მზადდება სკოლებისთვის, მასწავლებლებისთვის. არის მათი მხრიდან დაინტერესება, მზად არიან ისინი ამ სიახლისთვის?
— აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. არიან მასწავლებლები, რომლებსაც, რა თემაც უნდა შესთავაზო, დეტალებში რომც არ იცოდეს, საკუთარ განვითარებაზე იზრუნებს, რაღაცას წაიკითხავს, თვითონ მოვა და შეგეკითხება, სათანადოდ მოემზადება და ღირსეულადაც წარუძღვება ახალ კურსს. არიან მასწავლებლები, რომლებსაც გარკვეული მიხმარება, საგანგებო გადამზადება სჭირდებათ.
ერთია, ეროვნული სასწავლო გეგმის დაწერა და მეორეა მისი დანერგვის შრომატევადი პროცესი, რომელიც ძალიან ლოგიკურად უნდა იყოს აწყობილი, რაც იმას გულისხმობს, რომ, ერთი მხრივ, აუცილებლად უნდა გადამზადდნენ მასწავლებლები. სხვანაირად შეიძლება ვერ მივაღწიოთ იმ შედეგებს, რაც სტანდარტებშია მოცემული. მეორე მხრივ, ასევე აუცილებელია კარგი სახელმძღვანელოების მომზადება და მერე, კონკურსის წესით, მათ შორის საუკეთესოების გამოვლენა.
— პილოტირების პროცესში თუ გამოჩნდა რაიმე ხარვეზი?
— უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც პროგრამა განკუთვნილი იყო მეშვიდეკლასელებისთვის და ჩატარდა მეცხრეკლასელებთან, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საკითხი ამ თემაში ძალიან ეადვილათ. ეს არ იყო მკაფიო მაჩვენებელი პროგრამის ვარგისიანობის, ზუსტ სურათს ვერ მივიღებდით. მაგრამ უნდა აღინიშნოს არა პროგრამის სიძლიერე, ასაკობრივი შესაბამისობა, არამედ ის, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს, ამ პროგრამის მიხედვით, მოსწავლეებში. ამ მხრივ, ვფიქრობ, პროგრამა კორექტირებას არ საჭიროებდა, რადგან შედეგებმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ მოცემული საკითხების — ჯანსაღი კვების, ჰიგიენის, ადიქციის, ადრეული ქორწინების მიმართ. მათ დისკუსიები, დებატები მოაწყვეს და კარგად ჩანდა, რამდენად ადეკვატურად გაიაზრეს ეს საკითხები და სწორი დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდათ. ასე რომ, კორექტირება, ვფიქრობ, პროგრამას არ სჭირდება. რასაკვირველია, უფრო სრულყოფილი სურათი მაშინ იქნება, როდესაც მას მეშვიდეკლასელები გაივლიან.
— არ წყდება საუბარი სკოლებში სექსუალურ აღზრდასთან, ასევე, ერთსქესიანთა ქორწინებასთან თუ სხვა საკითხების შეტანასთან დაკავშირებით, ამ საგნის ფარგლებში. ამაზე ადრეც გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ გკითხავთ, არის თუ არა ეს საკითხები, რაიმე დოზით, შეტანილი პროგრამაში?
— მარტივად რომ გითხრათ, არა. სასწავლო პროგრამა პედაგოგებთან ერთად შევიმუშავეთ, რვავე გაკვეთილი დეტალურადაა გაწერილი — რა კითხვა დასვას მასწავლებელმა, რა ტექსტი მიაწოდოს, რა უნდა მიეცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალებად და ა.შ., სხვათა შორის, გამოვიყენეთ მულტფილმებიც, როგორც მოსწავლეთა მამოტივირებელი სასწავლო საშუალება. თუ თვალს გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ იქ მხოლოდ ის საკითხებია, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ — ჯანსაღი კვება, პირადი ჰიგიენა, ადრეული ქორწინება და ადიქცია (დამოკიდებულება ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე და ა.შ.). ადრეული ქორწინებაც, როგორც გითხარით, იმ კუთხით იყო წარმოდგენილი, თუ რა დაბრკოლებების და პრობლემების მომტანი შეიძლება იყოს ახალგაზრდისთვის, რომელიც ადრეულ ასაკში შექმნის ოჯახს, რომ მას ერღვევა უფლებები, ჩნდება რისკი, რომ ვერ მოახერხოს პიროვნული რეალიზება. სქესობრივ ურთიერთობებზე სიტყვაც კი არ არის ნახსენები. ეს საგანი ამას არ ითვალისწინებს. სხვა საკითხია, მსგავსი სწავლება საერთოდ უნდა იყოს თუ არა, არის ბევრი მომხრე, უფრო მეტი — მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა. სამოქალაქო განათლება სქესობრივ განათლებას არ მოიცავს.
— „სამოქალაქო განათლება“ თუ „მოქალაქეობა“?
— წლების განმავლობაში, დამკვიდრდა სახელწოდება „სამოქალაქო განათლება“, თუმცა, გადავწყვიტეთ, ახალი, რევიზირებული სასწავლო გეგმების ფარგლებში, ამ საგანს შევუცვალოთ სახელწოდება და უფრო მკაფიო სახელი ვუწოდოთ — „მოქალაქეობა“.
— სექტემბრიდან შევა სკოლებში ახალი სასწავლო გეგმა?
— ახალი სასწავლო წლიდან არა, სტანდარტი ჯერ დამტკიცებული არ არის და დამტკიცების შემდგომაც დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი: ერთი — უნდა შეიქმნას სახელმძღვანელოები სტანდარტის მიხედვით და მეორე — პედაგოგებს უნდა მიეცეთ დრო, რომ ამ გეგმის მიხედვით გადამზადდნენ.
— რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?
— ასეთი გეგმა არსებობს — წელს, 2018 წლის სექტემბრიდან, ჳ-ვჳ კლასებში დაიწყება დანერგვის პროცესი. ლოგიკურია, რომ 2019 წლის სექტემბერი ვივარაუდოთ, როდესაც დაიწყება საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა III-IXკლასებში.
— ახალ სასწავლო გეგმას, სარეკომენდაციოსთან ერთად, სავალდებულო ნაწილიც ახლავს. ხომ არ იზღუდება პედაგოგთა თავისუფლება?
— მიმაჩნია, რომ არ იზღუდება. მასწავლებლებს ჩვენ ვაძლევთ სტანდარტს, რომელიც სავალდებულოა. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ყოველწლიური სტანდარტები იყო, ახლა საფეხურებრივი სტანდარტია — პედაგოგებს ვეუბნებით, სამი წლის განმავლობაში, ვჳჳ-დან ჳხ კლასების ჩათვლით, რა მიზნებს უნდა მიაღწიონ, რა შედეგებზე უნდა გავიდნენ. სტანდარტებს წლიური პროგრამაც მოყვება, როგორც სარეკომენდაციო ნაწილი, ერთ-ერთი გზა დასახული მიზნების მიღწევისა. შემოქმედებით პედაგოგს, რა თქმა უნდა, თავად შეუძლია იმაზე უკეთესიც შექმნას, პირადი კურიკულუმი შეიმუშაოს, იმით ასწავლოს და მიაღწიოს მიზნებს. ასე რომ, არანაირად არ ვზღუდავთ პედაგოგს შემოქმედებით თავისუფლებაში.
— ხშირად სკოლაში მიღებულ ცოდნას ბავშვები პრაქტიკულად ვერ იყენებენ. თუ არის რაიმე ჩადებული ამ ახალ სასწავლო გეგმებში ისეთი, რაც პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შესძენს მოსწავლეებს?
— ზუსტად ეს არის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი — მაქსიმალურად დავაკავშირეთ რეალურ ცხოვრებასთან. ის არ არის მოწყვეტილი იმ რეალობას, რასთანაც შეხება უხდებათ ჩვენს მოსწავლეებს. შეირჩა რეალური ცხოვრებიდან აღებული თემები. მაგალითად, ვჳჳ კლასში, მოსწავლეები გაივლიან თემას — „თემი, რომელშიც ვცხოვრობ“, ანუ ის გარემო, უბანი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, თავისი პრობლემებით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და ა.შ. ამ თემის გავლისას, მოსწავლე შეისწავლის იმას, რასთანაც ისედაც აქვს შეხება, ამავე დროს, თემის ფარგლებში, ვცდილობთ მისთვის იმ უნარების გამომუშავებას, იმ ცოდნის მიწოდებას, იმ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღირსეული მოქალაქის აღსაზრდელად.
მნიშვნელოვანია დავალებები, რომლებიც სარეკომენდაციო ნაწილშია მოცემული, აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია, რომ ჩაატაროს, რომლებიც ძალიან სახალისოა და ცხოვრებისეულ მოცემულობასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი ცხოვრებისეულ პროცესებთან იყოს დაკავშირებული, არ იყოს რეალურ კონტექსტს მოწყვეტილი.
— ითქვა, რომ კურიკულუმზე მუშაობა დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება მიღწეული. ხომ არ გაიწელება ეს პროცესი დროში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კონსენსუსის მიღწევა, ნებისმიერ სკითხთან დაკავშირებით, პრაქტიკულად შეუძლებელია.
— ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების დახასიათებისას, როდესაც მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობენ, სუსტ მხარეებში ყოველთვის მოიხსენიებენ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პროცესები დროში იწელება, ზუსტად იმ მიზნით, რომ კონსენსუსი იქნეს მიღწეული. ეს, ალბათ, ერთ-ერთი კანონზომიერებაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თუმცა, ამ მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამჟამად ეროვნული სასწავლო გეგმის საჯარო განხილვის პროცესში ვართ. დეკემბრის ბოლოს საჯარო სივრცეში განთავსდა რევიზირებული სასწავლო გეგმის პროექტი, დაეგზავნა საქართველოს ყველა სკოლას, რომ თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები მოგვაწოდონ; იმართება მრავალი შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. როდესაც ეს საჯარო განხილვები დასრულდება, თავს მოვუყრით ყველა არგუმენტირებულ, სწორ მოსაზრებას და აუცილებლად ავსახავთ საბოლოო ვარიანტში. ამას კი დრო სჭირდება.
— თუ არის დაინტერესება პედაგოგთა მხრიდან?
— ძალიან დიდი დაინტერესება ჩანს.
— პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ?
— მთავარი სიახლე, ჩემი აზრით, არის ის, რომ, თუ შევადარებთ დღეს მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმას, იქ მოცემული იყო მხოლოდ მოთხოვნები, რას უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა და ჩამოწერილი იყო ინდიკატორები, რა შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მან მიაღწია ამ შედეგს, მაგრამ არ იყო მიცემული რეკომენდაციები, როგორ მიაღწიოს მიზნებს მასწავლებელმა. ეს გარკვეულ ნაკლულოვნების გრძნობას ტოვებდა მასწავლებლებში და, რამდენადაც ვიცით, არსებული სასწავლო გეგმა არც ისე კითხვადი დოკუმენტი იყო. მასწავლებლები უფრო მეტად სახელმძღვანელოებზე აკეთებდნენ აქცენტს და სასკოლო სახელმძღვანელოების მიხედვით ახორციელებდნენ სასწავლო პროცესს, რის გამოც შეიძლება სწავლების მიზნებში აცდენებიც ყოფილიყო.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ უხვად აძლევს მასწავლებელს სარეკომენდაციო მითითებებს, როგორ მიაღწიოს სტანდარტში მოცემულ გრძელვადიან შედეგებს. ალბათ ეს არის მთავარი ღირსება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის — ის არის მეგობარი დოკუმენტი მისი მომხმარებლისთვის, მასწავლებლისთვის, რომლის დახმარებითაც წარმატებით მიაღწევენ უმთავრეს მიზანს. ბუნებრივია, მოსწავლეთა მიღწევების ამაღლებას და მათ ცხოვრებისთვის მომზადებას ვგულისხმობ.
— მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით ხშირად გაისმის, რომ ძალიან გადატვირთულია, დაუძლეველიც კი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლისთვისაც ძნელად მისაღწევი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ამ მხრივ, უფრო განტვირთულია, მაგრამ როგორც კი იწყება განტვირთვა-გამარტივება, პროგრამის შემცირება, იწყება უკმაყოფილებაც, რატომ ამოგვაქვს პროგრამიდან ესა თუ ის თემა ან ნაწარმოები. ამასთან დაკავშირებით თუ იყო რაიმე შენიშვნები?
— ეს მართლაც დილემაა განათლების სფეროში. ძალიან ხშირად გვსმენია, რომ მოქმედი სასწავლო გეგმა გადატვირთულია და შეიძლება ეს ასეც მივიჩნიოთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროგრამის გადატვირთულობა, სასწავლო საკითხების ჩამონათვალი, რაც იქ არის მოცემული, არ გულისხმობდა უკლებლივ ყველას დასწავლას. მთავარი ამოცანა, რაც მასწავლებლის წინაშე იდგა, იყო სასწავლო შედეგების მიღწევა. თუკი ამ შედეგების მიღწევა განტვირთული პროგრამით მოხერხდება, მიზანი მიღწეულად ჩაითვლება. თუმცა, ის დოკუმენტი არ იყო მაინცდამაინც პოპულარული საზოგადოებაში და მასწავლებლები, ძირითადად, სახელმძღვანელოებს მისდევდნენ. აი, სახელმძღვანელოები კი ნამდვილად გადატვირთულია. თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელს არავინ ავალდებულებდა სახელმძღვანელოების თავიდან ბოლომდე გავლას.
ახალ სასწავლო გეგმაში აქცენტი გაკეთებული გვაქვს თემების სიმცირეზე. თემა ძალიან მსხვილი ერთეულია და ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს. თითქმის ყველა საგნის სასწავლო გეგმაში, წლის განმავლობაში, დაახლოებით, ხუთამდე თემაა შეთავაზებული. მე „მოქალაქეობაზე“ გეტყვით, აქ სამიდან ხუთ თემამდეა, ყოველწლიურად, რაც არ არის ბევრი, გადატვირთულობაზე ვერავინ ისაუბრებს. უდავოდ საინტერესოა, რა საკითხებად უნდა დაიშალოს ეს თემა, აქ შეიძლება საკითხების უზღვავი რაოდენობა მივიღოთ, მაგრამ სასწავლო გეგმაში არ არის მოცემული ეს უზღვავი რაოდენობა, შეთავაზებულია მხოლოდ მინიმალურად სავალდებულო საკითხები, მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობდით თემაზე „ჯანსაღი ცხოვრება“, იქ მინიმალური საკითხებია: ადრეული ქორწინება, ჰიგიენა, ადიქცია და ჯანსაღი კვება. სულ ოთხი საკითხია, რომელთა დამუშავებით ვაღწევთ დასახულ მიზნებს.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტში მთავარია ის შედეგები, მიზნები, რასაც უნდა მივაღწიოთ და არა საკითხების ჩამონათვალი, რითიც უნდა მივაღწიოთ. ასე რომ, ბალანსი, ჩემი აზრით, ახალ სტანდარტში დაცულია და მისი გაცნობის შემდეგ, ვერ იტყვიან, რომ ეს საკითხები არასაკმარისია ან პირიქით, ძალიან ბევრია. საკითხები ცოტაა, მაგრამ სავსებით საკმარისია, რომ მათი საფუძვლიანი შესწავლით დასახული მიზნები იქნეს მიღწეული.
— თუმცა, ეს პრეტენზიები, ალბათ უფრო ისეთ საგნებს ეხება, რომლებშიც შემდეგ გამოცდებია და სასწავლო გეგმის პროგრამა საგამოცდო პროგრამაზეც აისახება, ამიტომ მასწავლებელიც იძულებულია მთლიანი პროგრამა გაიაროს.
— ჩვენ შემთხვევაში გამოცდების პრობლემა არ გვაქვს, რადგან VII-IX კლასები არ სრულდება საატესტატო გამოცდებით. გამოცდების პრობლემა, თუ შეიძლება, ასე ითქვას, არსებობს საშუალო საფეხურზე, ხ-ხჳჳ კლასებში, როდესაც რვა გამოცდას აბარებენ და შეიძლება ითქვას, რომ დიდი პროგრამა აქვთ უფროსკლასელებს ჩასაბარებელი. ამ პროგრამებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ მხოლოდ საბაზო საფეხურის სასწავლო გეგმაზე მუშაობა დასრულდა და დაიწყო მსჯელობა იმაზე, როგორ მოვაწყოთ საშუალო საფეხური.
— შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოსაცდელი პერიოდი?
— გამოიცადა არა მთლიანად სასწავლო გეგმა და არა მთლიანად „მოქალაქეობის“ სამწლიანი კურსი, არამედ ამ კურსის მხოლოდ ერთი კომპონენტი, ერთი თემა.
— სხვა თემების გამოცდა გაგრძელდება?
— თუ იქნება ამის შესაძლებლობა, სურვილი და ფინანსური საშუალება, ბუნებრივია, უარს არავინ იტყვის სხვა კომპონენტების პილოტირებაზე. ჯერჯერობით, ეს არ იგეგმება.
— თუ მიმდინარეობს სახელმძღვანელოებზე მუშაობა?
— სახელმძღვანელოებზე მუშაობა, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ არის დაწყებული, რადგან არსებობს ნაბიჯების ასეთი თანმიმდევრობა: ჯერ, მინისტრის ბრძანებით, უნდა დამტკიცდეს საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის გამოცხადება.
— სავარაუდოდ, როდის შეიძლება დამტკიცდეს ახალი სასწავლო გეგმა?
— დამტკიცება იგეგმება თებერვალში, ამის მერე ალბათ კონკურსიც გამოცხადდება და ავტორები სახელმძღვანელოების წერას შეუდგებიან.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი
|