გამოდის 1998 წლიდან
2010-12-02
რამდენიმე დამაფიქრებელი ტენდენცია

წელს, ეროვნულ გამოცდებზე, კონკრეტულად ქართული ენის გამოცდაზე გამოიკვეთა ახალი ტენდენცია _ ბავშვები არაადეკვატურ პარალელებს ავლებდნენ ნაწარმოებებს შორის; უხვად იყენებდნენ უცხო სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა აშკარად არ ესმოდათ; მწირი იყო მათი ლექსიკური მარაგი... ამის შესახებ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე საუბრობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია. მისივე რჩევით გთავაზობთ იმ პედაგოგების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გასწორების პროცესში მონაწილეობდნენ. საუბარი შემდეგ ნომერშიც გაგრძელდება.

რუსუდან მეგრელიშვილი, 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი, სააპელაციო კომისიის წევრი:
წლევანდელ გამოცდებს ვერ ვუწოდებ აბიტურიენტთა ინტელექტუალური დონის კატასტროფულ ვარდნას. განათლების სისტემაში ასეთი `ვარდნები~ ერთ წელიწადში არ ხდება. იგი თანდათანობითია. `ვარდნა~ შეიმჩნეოდა შარშანაც, შარშანწინაც და იმის წინაც, მაგრამ მე პირადად წელს შევამჩნიე რამდენიმე დამაფიქრებელი, უფრო სწორედ, შემაშფოთებელი ტენდენცია, რომლის გააზრება ჯერ, ალბათ, იუმორის განწყობაზე დაგვაყენებს, ამავდროულად, სერიოზულად დაგვაფიქრებს.
მუშაობა მიხდებოდა საგამოცდო ტესტის IV დავალებაზე (თხზულება არაპროგრამული ტექსტის მიხედვით) ტექსტები საშუალო სირთულისა იყო: 1) `ვეფხისტყაოსნის~ ის ეპიზოდები, რომლებიც არ იყო შეტანილი საგამოცდო პროგრამაში; 2) ლეო ქიაჩელის `გვადი ბიგვას~ ორი ფრაგმენტი; 3) ფრაგმენტი მიხეილ ჯავახიშვილის `არსენა მარაბდელიდან~; 4) ფრაგმენტი ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან `ელგუჯა~.
ხარვეზები აბიტურიენტთა ნამუშევრებში შეგვიძლია სამი ტიპით წარმოვადგინოთ:
I. სრული ალოგიზმები გამოწვეული ტექსტის აღქმის უნარის დაქვეითებით. აბიტურიენტთა ნაწილს არაადეკვატურად ესმოდა მოყვანილი ფრაგმენტი ან ცალკეული მონაკვეთები ტექსტიდან. არაადეკვატურ აღქმაში იგულისხმება როგორც შინაარსობრივი, ისე ლექსიკური მხარე.
მაგალითად: 1) `ავთანდილი ბოლშევიკებთან იბრძოდა და დაამარცხა~; 2) ბარათაშვილი მიმართავს ბოროტ სულს, რომლისთვისაც სახელიც მოუძებნია: `მარქვი~, `მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა~.
3) `გვადი ბიგვამ მოწველა გოჩა სალანდიას ხარი~ (სხვა შემთხვევაში სახედარი _ რ.მ.)
4) `არ შეიძლება ადამიანს თვითმკვლელობით მოვუსწრაფოთ სიცოცხლე~.
გვადი ბიგვას სახელისა და გვარის აბიტურიენტისეული ინტერპრეტაცია სრულ აბსურდამდე მიდის: გვადი ბიგვია, გვადი გვარდია, გვაჯი, ბილგვა, ხვადი და თვით ბუდაც კი! როგორ უნდა ავხსნათ ყოველივე ეს? აზროვნების დეფიციტით, განუვითარებლობით? ფაქტი ერთია. ყოველივე ერთ კითხვამდე მიდის: სად და როგორ დაამთავრა ახალგაზრდამ საშუალო სკოლა? როგორ აღმოჩნდა IV ან V კლასში?
II. ხარვეზების II ტიპი ვთვლით, რომ უფრო საინტერესოა და მეტყველებს არა მარტო აბიტურიენტთა ინტელექტზე, არამედ ერთობ უჩვეულო მეთოდურ მოდელზე, რომელსაც ის ადამიანები იყენებენ, რომლებიც ამეცადინებენ ან კონსულტაციებს უწევენ აბიტურიენტებს.
საქმე ისაა, რომ საგამოცდო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებში ერთი პარამეტრია, რომელიც ამოწმებს აბიტურიენტის წიგნიერებისა და ორიგინალური აზროვნების დონეს. პარამეტრი 3-ქულიანია (V პარამეტრი) და აი, ქულების მოსაპოვებლად მებრძოლ აბიტურიენტთა ერთი ნაწილი სრულიად გამაოგნებელ პარალელებს ავლებს განსახილველ ფრაგმენტსა და მასთან `თემატურად დაკავშირებულ~ სხვა ნაწარმოებს, ან სხვა ნაწარმოების პერსონაჟს შორის.
მაგალითად, 1. `გვადი შეიძლება შევადაროთ ექიმს `ლამბალო და ყაშადან~. მას ისევე უნდა სახერხი ქარხნის გადარჩენა, როგორც ექიმს ლამბალოსი~.
2. `გვადის ხარი (`ხარი~ გოჩა სალანდიასია _ რ.მ.) საქართველოს სახეა, რომელსაც ასევე წველის რუსეთი~.
3. `გვადის ყამა იგივე ბარათაშვილის `მერანია~.
4. `ავთანდილი ჰგავს ჰომეროსს, ტარიელი _ `ოდისეას~.
5. `ფრიდონსა და ტარიელს ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც იაკობსა და შუშანიკს~.
უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება თვითმიზნად აქციო ლიტერატურული პარალელები, აუცილებლობად დაუსახო მოსწავლეს, მაინცა და მაინც დააკავშირონ ერთმანეთთან პრინციპულად ურთიერთგანსხვავებული ნაწარმოებები, გმირები, მოტივები თუ თემატიკა და ამითი ელემენტარული უხერხულობის წინაშე აღმოჩნდეს ახალგაზრდა. მით უმეტეს, რომ საგამოცდო შეფასების კრიტერიუმებში არსებობს ასეთი პარამეტრიც: ლოგიკური გააზრების უნარი! აბიტურიენტს ამ `უცნაური პარალელებით~ არც წიგნიერებაში ემატება ქულა, ლოგიკურ აზროვნებაში კი დააკლდება.
III. მესამე ტიპის ხარვეზები აბიტურიენტთა ნამუშევრებში უკავშირდება ე.წ. სიტყვებითა და ტერმინებით `კეკლუცობას~. ეს ის შემთხვევაა, როცა ცნების ან ტერმინის მნიშვნელობა არ ესმის აბიტურიენტს, ან არასწორად დამახსოვრებული, ხშირად არარსებული ტერმინი მოჰყავს ნაშრომში. განსაკუთრებით ეს ეხება ნაწარმოების მხატვრული მხარის ანალიზს. ორიგინალური და ინტელექტუალური წერის სურვილით შეპყრობილ აბიტურიენტთა ერთ ნაწილს (ბუნებრივია, მასწავლებელთა რეკომენდაციით) `მომარჯვებული~ აქვთ ეგრეთწოდებული `უნივერსალური სქემები~, რომლებიც `მოერგება~ ყველა დროისა და სივრცის ყველა ნაწარმოებს.
მაგალითად:
1. `ბორდიარის სახეთა იერარქიაში ნიკო ფალავანდიშვილი II კატეგორიას მიეკუთვნება, იასე ფალავანდიშვილი _ III-ს~.
2. `თხზულებათა ორმაგი თესაურესები ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი~.
3. `თხზულებაში მეტაპლაზმი გამოხატულია კითხვისა და ძახილის ნიშნით~.
4. `ნიკო ფალავანდიშვილი ფლუსტრაციულ მდგომარეობაშია~ (გავითვალისწინოთ, რომ მოყვანილ ფრაგმენტში ნიკო აგზნებულია, შეიძლება ითქვას _ ისტერიულიც კი).
5. `ამ შემთხვევაში მწერალი მიმართავს ლიტერატურულ მიმდინარეობას _ გაპიროვნებას~.
6. `საზოგადოება არის ლაქტაციური~.
7. `ეპითეტები `გამახვილებული~ და `დაცქვეტილი~ მიემართება გვადის ორგანოებს~ (იგულისხმება თვალები _ მზერა და ყურები)
ყოველივე ეს ძალზე მცირე ჩამონათვალია იმისა, რა `მარგალიტებიც~, სამწუხაროდ, გვხვდებოდა წლევანდელ მისაღებ გამოცდაზე.
რაც მოგახსენეთ, ეს მხოლოდ ფაქტების დაფიქსირებაა. მთავარი მიზეზების ძიება უნდა იყოს. ეს ძიება კი სერიოზულ კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს, რომელშიც როგორც ფილოლოგებმა, ასევე, ფსიქოლოგებმაც უნდა თქვან თავიანთი სათქმელი ჩვენი მხრიდან კი აბიტურიენტთა ერთი ნაწილის წარუმატებლობის მიზეზები შემდეგნაირად გვესახება:
1) რეალური ცოდნის დეფიციტია და, აქედან გამომდინარე, იოლად ფონს გასვლის სურვილი.
2) მიღებული ცოდნის უსისტემობა: აბიტურიენტმა შეიძლება რაღაც ისწავლა, რაღაც დაიზეპირა, რაღაც იცოდა, მაგრამ ვერ ახერხებს ყოველივე ამის რეალიზებას. მისი ცოდნა ფრაგმენტულია, აკადემიურობას მოკლებული. მოსწავლეს ლიტერატურა როგორც ერთიანი პროცესი, მთლიანობა, სისტემა არასოდეს გაუაზრებია. ამის საშუალებას არც სკოლა აძლევდა და არც სახელმძღვანელო.
3) წლების განმავლობაში მიშვებული სწავლის პროცესი შეუძლებელია ერთ-ორ წელიწადში (ვგულისხმობ აბიტურიენტობის წლებს) ისე გააქტიურდეს და ყოვლისმომცველად იქცეს, რომ აბიტურიენტმა პროგრამის შეგნებულად ათვისება შეძლოს. სწავლა თანამიმდევრული პროცესია, იგი თანდათანობითობას მოითხოვს. ასე რომ, სახელდახელოდ ერთ წელიწადში ცოდნით `დატენილი~ აბიტურიენტი უკეთესს ვერაფერს მოახერხებს.
4) აბიტურიენტი არ იცნობს მწერალსა და მწერლობას. არც ასწავლიან და არც სთხოვენ ცალკეული მწერლის შემოქმედების ანალიზს, არ აცნობენ ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ კონტექსტს, ცალკეული ავტორისა თუ ლიტერატურული მიმდინარეობის თავისებურებას, ესთეტიკურ ღირებულებას (ეს, შეიძლება, სახელმძღვანელოების ბრალიც იყოს). აქედან გამომდინარე, 18 წლის ახალგაზრდისათვის ავთანდილის მეკობრეებთან ბრძოლა, მეფის რუსეთი, სოციალისტური სინამდვილე ერთი და იგივეა, ერთ სივრცეშია წარმოდგენილი და რაც ყველაზე უცნაურია... ყოველივე ეს `ბოლშევიზმია~ (ე.ი. რაღაც ცუდია) მეტიც, ავთანდილი `ოდისეაა~ (და არა ოდისევსი), გვადი ბიგვას ყამა და `მერანი~ ერთი რეალობაა, ერთი სიბრტყეა და რამდენადაც მოსწავლის ცოდნას შეგნებული და სისტემური სახე ნაკლებად აქვს, იგი ისე აღიქვამს ცალკეულ ფრაგმენტს, მოვლენას, მონაკვეთს, პერსონაჟს, როგორც თავად ესმის და საკუთარი მწირი ინტელექტის კვალობაზე, საკუთარივე მწირი ლექსიკით `აფორმებს~ ამ ნააზრევს.
არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ მოსწავლე იმის სარკეა, რასაც აირეკლავს. ალბათ, ასეთ მრუდე სარკეს ვთავაზობთ ახალგაზრდებს. არადა, ქართული ლიტერატურა ყველაზე არსებითი საგანია. იგი ადამიანთმცოდნეობაა, ზნეობისა და ეთიკის მასწავლებელია, ესთეტიკური ღირებულებების დამამკვიდრებელია.
დიდი სიამოვნებით ვიხდი ბოდიშს ყველა იმ აბიტურიენტის წინაშე, რომელთა ნაწერებმა დიდი სიამოვნება მოგვანიჭა თავისი ცოდნით, ლოგიკური აზროვნებით, დახვეწილი მსჯელობით და პრობლემის ორიგინალური გადაწყვეტით. თუმცა, ასეთი ნაშრომები არც თუ ისე ბევრი იყო ჩვენდა სამწუხაროდ.


ყოველივე ზემოთქმული მაინც არსებული რეალობის წარმოჩინებასა და ანალიზს წარმოადგენს. არაეთიკურად მიმაჩნია რამდენიმე მოკრძალებული რეკომენდაცია არ შევთავაზო აბიტურიენტებსა და პედაგოგებს:

1) მართალია, დღეს არსებული სახელმძღვანელოები ამის ნაკლებ საშუალებას იძლევიან, მაგრამ აბიტურიენტები და პედაგოგები უნდა შეეცადონ, მეტი ინფორმაცია მოიპოვონ და დაამუშაონ ცალკეული ავტორების შემოქმედებითი თავისებურებების შესახებ იმ ეპოქალური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ავტორს უხდება ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეები ღრმად უნდა გაეცნონ ნაწარმოებების მხატვრულ თავისებურებებს, უნდა იცნობდნენ სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობას (მით უმეტეს საგამოცდო პროგრამა ამას მოითხოვს აბიტურიენტებისგან). რაც მოგახსენეთ, ეს განსაკუთრებით XX საუკუნის მწერლობას ეხება, რომელიც ბოლშევიკური ცენზურისაგან თავის დასაცავად საინტერესო, მშვენიერ ალეგორიებსა და მეტაფორებს მიმართავდა სათქმელის გადმოსაცემად. უამისოდ მოსწავლეს გაუჭირდება გაიგოს როგორ და რატომ ამბობს `ჰაკი აძბას~ ავტორი ერთს და გულისხმობს მეორეს. ან რას ნიშნავს ტიციან ტაბიძის სიტყვები:
`ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.~
2) მწერლის შემოქმედებითი ბიოგრაფიის, მიმართულების, ნაწარმოების იდეურ-ესთეტიკური ფონისა თუ ისტორიულ-გეოგრაფიული არეალის გაცნობის შემდეგ, ტექსტის ანალიზის პროცესშივე, პედაგოგებმა საჭიროა მოსწავლეებს დააწერინონ ნაწარმოების საკვანძო ეპიზოდების, დიალოგებისა თუ საინტერესო პასაჟების ანალიტიკური კომენტარები. ეს აბიტურიენტებს განუვითარებს არასაპროგრამო ტექსტზე მუშაობის უნარსაც.
3) იმისათვის, რომ მოსწავლეს მივცეთ წერითი დავალება, ჯერ მას უნდა გავააზრებინოთ მოცემული მონაკვეთი შინაარსობრივად (ლექსიკურად და აზრობრივად). ამის შემდგომ კონკრეტული ეპიზოდის მიხედვით გამოვატანინოთ დასკვნები პერსონაჟთა ფსიქოლოგიისა თუ ფრაგმენტში ასახული სიტუაციის შესახებ. მსჯელობა წარვმართოთ იმ მიმართულებით, თუ რა კავშირშია ეს ფრაგმენტი მთლიან ნაწარმოებთან, მწერლის მსოფლმხედველობასთან, სხვა დროისა და სივრცის სხვა ნაწარმოებთან ან პერსონაჟთან. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, ეს კავშირები არ იყოს ხელოვნური, თვითმიზნური. ლიტერატურული პარალელები უნდა იყოს ზუსტი და დამაჯერებლად არგუმენტირებული.
4) აუცილებელია, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ თხზულების სტრუქტურული ორგანიზების საკითხებზე. მსჯელობა უნდა იყოს თანამიმდევრული და გამთლიანებული. მოსწავლემ არა მარტო სათანადოდ უნდა გაიაზროს წერითი დავალების პირობაში ჩადებული სამივე მითითება, არამედ უნდა შეძლოს მათი (მითითებების) ერთ თხზულებაში გაერთიანება. აბიტურიენტს უნდა განვუმარტოთ, რომ ჯერ ამოწუროს ერთი (ვთქვათ, პირველი) მითითებით გათვალისწინებულ საკითხზე მსჯელობა და მერე გადავიდეს სხვაზე (მეორეზე ან მესამეზე). სწავლებისას ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერის მარკერი.
5) რაც შეიძლება ხშირად შევთავაზოთ მოსწავლეებს არასაპროგრამო ტექსტები (როგორც ქართული ლიტერატურიდან, ისე _თარგმანები). ამით არა მარტო ფართოვდება მოსწავლის თვალსაწიერი, არამედ ახალგაზრდები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საგამოცდო თხზულების დასაწერად.
6) განსაკუთრებით მინდა შევეხო `დამოუკიდებელი აზროვნების~ საკითხს. მასწავლებელმა და მოსწავლემ უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ შეხედულებას სჭირდება არგუმენტაცია-დასაბუთება. თვალსაზრისი და პოზიცია მოსწავლისა (როგორიც არ უნდა იყოს) მნიშვნელოვანია მაშინ, როცა არგუმენტირებულია. ამ შემთხვევაშიც სასურველია, აბიტურიენტმა გამოიყენოს გამოთქმები: `მე ვფიქრობ~, `ჩემი აზრით~...
7) სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, ტრადიციული ეიფორიულ-ტრაფარეტული სტილი და სტერეოტიპური გამოთქმები ნაკლებად გვხვდება თანამედროვე აბიტურიენტთა ნაშრომებში. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ადგილი დაიკავა `ანალიზის დეფიციტმა~, ეპიზოდის გაშინაარსებამ (ნაცვლად მსჯელობისა). მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ შინაარსი არის ის მასალა, რომლის შესახებაც უნდა ვიმსჯელოთ.
8) განსაკუთრებით უნდა გაღრმავდეს მუშაობა მოსწავლეთა ლექსიკაზე. საგამოცდო ნამუშევართა დიდი ნაწილი გამოირჩევა ლექსიკური სიმწირით ან არაადეკვატური ლექსიკით. ცნობილი ფაქტია, მოზარდები ცოტას კითხულობენ, ან კითხულობენ მხოლოდ იმას, რასაც ავალებენ. ამიტომ მათ უნდა დავავალოთ დაამუშაონ სპეციალური ლიტერატურა (დამატებით), ქართული კრიტიკის ნიმუშები, ფრაზეოლოგიზმებისა და მყარი შესიტყვებების ახსნა-ანალიზი. სწავლებისას ყურადღება გავამახვილოთ იმ ფრაზებზე, მხატვრულ გამოთქმებზე, რომლებიც ამა თუ იმ მწერლის ლექსიკისთვისაა დამახასიათებელი.
9) გრამატიკული შეცდომების, მართლწერის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა აბიტურიენტთა ნამუშევრებში. ამ კუთხით საჭიროა რაც შეიძლება მეტი ვარჯიში. სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ ამონარიდები სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოებიდან ან ლიტერატურული კრიტიკიდან (შეგნებულად გამდიდრებული შეცდომებით). ამით აბიტურიენტი საინტერესო მასალასაც ითვისებს და სწორ წერასაც სწავლობს.
ფატი ფირუაშვილი, 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გამსწორებელთა ჯგუფის და სააპელაციო კომისიის წევრი:
2010 წლის ეროვნული გამოცდების ანალიზი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოკვეთს რამდენიმე პოზიტიურსა თუ ნეგატიურ ტენდენციას. კერძოდ:
ა) აბიტურიენტთა ნაშრომების ტესტურმა ნაწილმა აჩვენა, რომ ისინი, გასულ წლებთან შედარებით, უკეთ იცნობდნენ სკოლაში შესწავლილ ტექსტებს, რაც, ვფიქრობ, გამოიწვია ტესტების პირობის შეცვლამ: თუ აქამდე აბიტურიენტს მოეთხოვებოდა ნაწარმოებიდან შეთავაზებული ფრაგმენტის მიხედვით კითხვებზე პასუხი, ახლა მისგან მოითხოვდნენ თავად გაეხსენებინა ესა თუ ის ეპიზოდი;
ბ) უკეთესი შედეგები იყო ე.წ. ფუნქციური წერის პირობათა გაგებისა და შესრულების მხრივაც. საფიქრებელია, გასული წლის გამოცდილებამ მასწავლებლებსაც და აბიტურიენტებსაც ამ საკითხზე მეტად გაამახვილებინა ყურადღება;
გ) უკეთ ართმევდნენ თავს უცხო ტექსტის არა მხოლოდ იდეურ ანალიზს, არამედ გამოყოფდნენ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებსაც და ცდილობდნენ მათი ფუნქციის გარკვევასაც, რაც ალბათ ასევე ეროვნულ გამოცდაზე შარშანდელი მოთხოვნებით იყო განპირობებული;
დ) სამწუხაროდ, აბიტურიენტთა არცთუ მცირე ნაწილი ნაშრომებში სრულიად გაუმართლებელ ლიტერატურულ პარალელებსა და მწერალთა თუ დიდ მოაზროვნეთა გამონათქვამებს, კონტექსტთან სრულიად დაუკავშირებელს, მოიხმობდა. ვფიქრობ, ასეთი ტენდენცია განაპირობა იმან, რომ წერითი ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთ მოთხოვნად ზოგადი განათლების საკითხია წამოწეული. როგორც ჩანს, ხშირად აბიტურიენტი, ძნელი სათქმელია, ვისგან _ უკვე გამოცდაგავლილი თანატოლისა თუ მასწავლებლისაგან (რეპეტიტორისაგან) _ იღებს ასეთ არაკომპეტენტურ რჩევას. თუ აბიტურიენტს ესა თუ ის ნაწარმოები წაკითხული აქვს, ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ, თუ მას არასწორი პარალელისთვის მოიხმობს, რა თქმა უნდა, მსჯელობის ლოგიკა ირღვევა და ნაშრომი მაღალი ქულით ვერ შეფასდება. მაგალითად, `გვადი ბიგვა არ ჰგავს `ვეფხისტყაოსნის~ გმირ ტარიელს~(!). `გვადი მისდევს ილიას გზას. მართალია, ირიბად, მაგრამ მაინც~. ანდა ასეთი ასოციაციები: გვადი ჯაყოა, კამეჩი _ საქართველო, ხოლო მისი უხეირო პატრონი გოჩა სალანდია კი _ თეიმურაზ ხევისთავი.
ე) განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო `მაღალფარდოვნების~ თვალსაზრისით _ აბიტურიენტები ხშირად `ახვავებდნენ~ `ლიტერატურათმცოდნეობით~ ტერმინებს, რომელთა მნიშვნელობა, სრულიად ცხადი იყო, არ ესმოდათ (თუ თავად ტერმინი იყო სწორად დაწერილი). ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ აბიტურიენტთა ეს ნაწილი რაღაცა ერთ სკოლაგავლილი, ერთი სტილით ნამეცადინები ხალხი იყო.

ქეთევან გოჩიტაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, გამსწორებელთა ჯგუფის უფროსი:
პირველი წლიდან ვარ გამსწორებელთა შორის. კონკრეტულად ჩემი სფერო არის თხზულების გასწორება. ზოგადად ყველამ ვიცით, რომ შედეგები არც ისე სახარბიელოა, მაგრამ არც ისეთი კატასტროფული, როგორსაც ხატავენ. საშუალო დონე არის ადეკვატური იმისა, რაც რეალურად მოსალოდნელია და რასაც აქვს წინაპირობა, რამაც აქამდე მიიყვანა ვითარება. ჩვენ, სამწუხაროდ, იმის მომსწრე გავხდით, რომ პრობლემები აქვთ მასწავლებლებს (სასერტიფიკაციო გამოცდებზე), ამდენად ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ ეს არ არის მარტო აბიტურიენტის პრობლემა. ეს კომპლექსური პრობლემაა და მისი ერთ-ერთი ჯაჭვია მოსწავლე. თუმცა, გავიმეორებ, საგანგაშო სურათი არ არის _ კარგი ყოველთვის ცოტაა და განათლების სისტემა მაინცდამაინც კარგებზე არ უნდა იყოს აგებული.
რაც შეეხება თვითონ აბიტურიენტების პრობლემებს, ეს არის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, როდესაც ენის მატარებელი ხარ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კარგად იცი ეს ენა. რასაკვირველია, ყველა ინგლისელი ვერ აბარებს ენის გამოცდას, რადგან ეს ენის ფლობის გარდა სხვა კომპეტენციებსაც მოითხოვს. როდესაც აბიტურიენტები ცდილობენ, ერთ წელიწადში დაძლიონ ის, რაც ადრე არ უსწავლიათ, რასაკვირველია, საგამოცდო პროგრამა ასე იოლად არ დაიძლევა.
მით უმეტეს, სირთულე აქვთ წერის პროცესში. წერა ზოგადად ყველა საზოგადოებაში, თუნდაც ძალიან მაღალგანვითარებულში, სადაც განათლების სისტემა ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო დიდი დაფინანსება აქვს, სირთულეს წარმოადგენს. იმიტომ, რომ თავისთავად რთული კომპლექსური პროცესია და მოითხოვს არა მხოლოდ უშუალოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ: ტექსტის შინაარსის და ავტორის მიზნის ადეკვატურად გაგებას; იმის გარკვევას, რა არის რეალური და რა, ვთქვათ, მხატვრული გამონაგონი, რა არის ფაქტი და რა ვარაუდი; ლოგიკური და მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას ტექსტის ნაწილებს შორის; მაღალ ენობრივ კომპეტენციას, ანუ ლექსიკურ ცოდნას, ასევე მხატვრული სახეების ცოდნას; ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნას... ასე რომ, ძალიან ბევრი ამოცანაა. ამ ამოცანების ამოხსნასთან ერთად, მოითხოვს სხვა უნარებს, როგორიცაა: თვითორგანიზება; დროის მენეჯმენტი, რაც ძალიან ძნელია ასეთ სტრესულ გარემოში _ გათვალო, რა დრო გჭირდება ტექსტის წასაკითხად, აღსაქმელად, დასამუშავებლად, მერე ჩამოსაყალიბებლად. მათ ამ უნარებზე რეალურად არ უმუშავიათ, იმიტომ რომ სკოლაში აძლევენ დავალებას დროში აბსოლუტურად გაუწერლად (საკლასო ან საშინაო დავალებას). გამოცდაზე ისინი დროში ლიმიტირებული არიან და ესეც ძალიან ცუდად მოქმედებს შედეგზე. ჩვენ გვინახავს არაჩვეულებრივად დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი ნაწერები იმიტომ, რომ დროში ვერ ჩაეტიენ. ხშირად გაგვიგია _ გამოცდაზე დრო არ მეყოყ. საგამოცდო დრო რეალურად ძალიან ოპტიმალურად არის შერჩეული, ეს არ არის გამოცდის პრობლემა (ასე რომ იყოს, მასობრივი სახე ექნებოდა), უბრალოდ, კონკრეტულ ადამიანებს უჭირთ კონკრეტულ დროში ორიენტირება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრირების მაღალი ხარისხი. ეს არის უნარები, რომლებიც თორმეტი წლის განმავლობაში უნდა გამოუმუშავდეს მოსწავლეს, რაც სამწუხაროდ, არ ხდება. სხვა ენების სწავლებისას, დავალების შესასრულებლად, ბავშვებს დროს ლიმიტირებულად აძლევენ _ წინასწარ განსაზღვრული აქვთ რამდენ წუთში უნდა ჩაეტიონ. სწორედ ეს არის სათანადო მომზადება მიზნის მისაღწევად. ბოლოს და ბოლოს, რისთვის ვამზადებთ მოსწავლეებს _ გვაინტერესებს კონკრეტული დავალების შესრულება თუ ამოცანის ამოხსნა შეუძლია, თუ ზოგადად ვამზადებთ ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ უნდა გაუძლონ ამ გარემოს. რა თქმა უნდა, მეორეა _ ჩამოყალიბდნენ ნორმალურ პიროვნებებად, რომლებიც ადაპტირებას მოახდენენ საზოგადოებასთან და შეძლებენ ამ კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ყველა უნარი საბოლოოდ უნდა მიიმართოს იქითკენ, რომ ახალგაზრდას ჰქონდეს პიროვნული კაპიტალი _ წერითი კომუნიკაციის უნარი და სტრესულ გარემოსთან ადაპტირების უნარი. სმწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენს აბიტურიენტებს არ აქვთ იმიტომ, რომ მათთან უბრალოდ არავის უმუშავია, კიდევ გავიმეორებ, ეს ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს მათი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ უკვე ფაქტს, შედეგს.
საგამოცდო ტესტში ტექსტი უცხოა, ამიტომ მათ შაბლონი არ შეიძლება ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსწავლეები ცოტა შეზღუდულები არიან საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის თვალსაზრისით. უარყოფით გმირში არ ეძებენ პოზიტივს, არ ეძებენ, რატომ არის უარყოფითი, ანუ ისინი იღებენ მოცემულობას და მსჯელობენ ამ მოცემულობაზე, მაგრამ ლიტერატურა არ არის მხოლოდ მოცემულობა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რამ მიიყვანა გმირი აქამდე, რა გარემოებები იყო. გარდა ამისა, ტექსტის ანალიზი მოითხოვს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დავალების შესრულებას, არამედ გარკვევას, რა კონტექსტია, რა კულტურულ-სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენებია. იმდენად მომზადებული უნდა იყოს მოსწავლე სხვა დისციპლინებში, ვთქვათ ისტორიაში ან სამოქალაქო განათლებაში, რომ მიხვდეს ეპოქას და გაითვალისწინოს კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური კონტექსტი, ანუ ამოცანა არის საკმაოდ რთული, მაგარამ ეს ამოცანები მათ ეროვნული სასწავლო გეგმით მოეთხოვებათ. ეს არ არის დაუძლევადი.
კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია _ ბავშვები, სამწუხაროდ, არ არიან ბოლომდე ტოლერანტულები უცხო ღირებულებების და უცხო კულტურების მიმართ. როგორც ჩანს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ ბავშვების ისე აღზრდას, რომ მათ ობიექტურად შეაფასონ და შემდეგ დააფასონ სხვისი ღირებულებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ბავშვის პრობლემა, ეს არის გარემოს პრობლემა, როდესაც ასწავლი, რომ ერთადერთი და ყველაფერი ხარ შენ და არ ასწავლი, რომ სხვა შენზე არანაკლებ ღირებულს ქმნის და არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათში არ არის ეს ტოლერანტულობა სხვათა კულტურული ღირებულებების მიმართ, ვერ იგებენ სხვა ფასეულობებს. სამწუხაროდ, მათთვის შუშანიკი არის ერთი ჯიუტი ქალი, რომელმაც მიატოვა ქმარი და ვერ იგებენ, რომ ის სხვა ღირებულებების მატარებელია. რატომღაც ვერ იაზრებენ, რომ არ შეიძლება მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან შეაფასო ლიტერატურული ნაწარმოები, გმირი თუ ანტიგმირი და სხვ. მათ ჰგონიათ, რომ შავი მხოლოდ შავია და თეთრი _ მხოლოდ თეთრი. მათ ფერთა პალიტრაზე მხოლოდ ორი ფერია _ კარგი-ცუდი, უარყოფითი-დადებითი _ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ამას შემოქმედებითად მიუდგნენ, ეძიონ მიზეზები _ იყო თუ არა სხვა გამოსავალი, ვთქვათ ვიღაცა ვიღაცას კლავს _ ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული თუ ეს იყო დანაშაული, რომელიც არ ეპატიება. ასე ჩაღრმავება მათ არ შეუძლიათ. ამას კრიტიკული მიდგომა ჰქვია, მაგრამ კრიტიკული, ამ შემთხვევაში, არ ნიშნავს უარყოფითს, ეს არის შეფასებითი დამოკიდებულება, რაც ძალიან უჭირთ. ეს ძალიან სამწუხარო პრობლემაა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით. უჭირთ კონკრეტულის განზოგადება და ზოგადის დაკონკრეტება, ანუ ინდუქციურ-დედუქციურ მეთოდებს ნაკლებად ფლობენ. რამდენად მოეთხოვება 18 წლის ახალგაზრდას ასე სრულყოფილად ტექსტის ანალიზი? ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც იდეალურს, ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც მისი ასაკისთვის შესაძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვართ ძალიან ლოიალურები და ტოლერანტულები მათ მიმართ, ვცდილობთ, თუკი ოდნავ რაღაც ნაპერწკალია თხზულებაში, არ დავუკარგოთ და სათანადოდ დავუფასოთ.
წლევანდელი შედეგები, პროცენტული თვალსაზრისით, ზოგადად, უფრო დაბალი იყო, მაგრამ ერთი რამ იყო აშკარა _ უფრო მეტი უკეთესი თემა გამოიკვეთა. ამან, სამწუხაროდ, ვერ შეცვალა ზოგადი სურათი, მაგრამ ნამდვილად გაჩნდნენ ბავშვები, რომლებიც თამამად, ლაღად, დაწყობილად წერენ თხზულებებს. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია _ გაიზარდა ასეთი ბავშვების რაოდენობა. ფუნქციური წერის გამსწორებლებიც აღნიშნავენ, რომ შარშან იყო არასახარბიელო შედეგი და წელს ბევრად უფრო მეტმა ბავშვმა დაწერა კარგად.
კიდევ ერთ რამეზე შევჩერდები _ მოულოდნელად საკმაოდ სუსტი ბავშვი, რომელიც წესით არ უნდა იცნობდეს ნიცშეს, კანტს, ჰეგელს, არისტოტელეს, პლატონს, მათ ციტატებს იშველიებს. ფაქტია, რომ ეს არ არის რეალურად მისი ცოდნის ადეკვატური და ამსახველი, ეს არის ერთგვარი მზა ფრაზები. როგორც ჩანს, ჯგუფი მასწავლებლებისა ამას ასწავლის აბიტურიენტებს. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს ცუდი არ არის, რადგან მის კოგნიტურ ბაზაში რჩება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისიც უნდა ასწავლოს, სად და როგორ გამოიყენონ, რომ ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. მასწავლებელმა, პირველ რიგში, მათი მოხმარება უნდა ასწავლოს. არ შეიძლება გვადი ბიგვას და ჰეგელის, კანტის, არისტოტელეს ციტატების აბსოლუტურად არაადეკვატურად მოტანა, რაც ხშირად სასაცილოდაც კი გამოიყურება. ეს ტენდენცია ადრე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. შესაძლოა, ჩვენ ოდესმე წავახალისეთ მსგავსი თხზულება მაღალი ქულით და ამიტომ გახშირდა მსგავსი შემთხვევები (თუმცა ეჭვი მეპარება) ან ამით თავმოწონების ტენდენცია გაჩნდა. ყველა შემთხვევაში, ამ პრობლემას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ სკოლებში.

გია მურღულია, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში, ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ აპროტესტებს ყველა, მნიშვნელობა არა აქვს _ აქვს საფუძველი თუ არა აქვს საფუძველი. მხოლოდ საპროტესტო ნაშრომებით, ცხადია, სრულად ვერ ვიმსჯელებთ როგორი თაობა მოდის, იმიტომ რომ, ბევრი უკეთესი ნაწერიც იყო და უარესიც. მარტო ამ ერთი სეგმენტით მსჯელობა ძნელია, მაგრამ რაღაც დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
ჩვენ გვაქვს სკოლაში წერის, ანუ აზროვნების კულტურის თვალშისაცემი ნაკლებობა. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ასეა. აბიტურიენტები ადეკვატურად ვერ აღიქვამენ ტექსტს. კითხულობენ და რასაც კითხულობენ არსობრივად არ ესმით _ ან სრულფასოვნად არ ესმით, ან არასწორად ესმით. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირი იყო. ტექსტის ადეკვატური აღქმა საგამოცდო დავალებათაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. აი, ამ დავალების შესრულებისას საკმაოდ სერიოზულ ხარვეზებს ვაწყდებით. მაგალითად, იყო დავალება, რომელიც გულისხმობდა ჯემალ ქარჩხაძის ინტერვიუს პატარა მონაკვეთის ანალიზსა და შეფასებას: კლასიკას არ ვაქცევთ ჩვენი ცხოვრების ცოცხალ ნაწილად. თითქოს მუზეუმებში გამოვფინეთ და შორიდან ვუყურებთ, ვტკბებით, მაგრამ პრინციპულად არ გავიაზრებთ და არ ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. აბიტურიენტებს უნდა შეეფასებინათ და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება. ბევრმა დაწერა, რომ კარგია, მუზეუმებში თუ ვინახავთ, მუზეუმში ყველაფერი კარგად არის დაცულიო. ამაზე ამ ტექსტში საერთოდ არ არის ლაპარაკი.
ზოგჯერ აბიტურიენტები ვერ იგებენ, კონკრეტულად რა დავალებას აძლევენ მათ, რა ამოცანის გადაწყვეტას სთხოვენ. მაგალითად, ევალებათ, რომ კონკრეტული ერთი ეპიზოდის მიხედვით დაახასიათონ ტარიელი _ `ვეფხისტყაოსნის~ მთავარი პერსონაჟი. უკეთეს შემთხვევაში, წერენ ტარიელის დახასიათებას მთელი ტექსტის მიხედვით და არა _ ამ კონკრეტული ეპიზოდის, უარეს შემთხვევაში _ საერთოდ არ წერენ არაფერს. მთავარი ის არის, რომ აბიტურიენტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ გაიაზრა, რას სთხოვდნენ.
ძალიან სერიოზული ნაკლია გატაცება ყალბი ან ზოგჯერ უაზრო ე.წ. მხატვრულობით. ეს `დაშაქრული~ მეტყველება ჩვენი სკოლის დიდი ნაკლია _ მეტყველება სულ აღმატებული ხარისხებით. ადრე თხზულებები რომ იწერებოდა, ძალიან ხშირად, რუსთველზე წერდა ადამიანი თუ, მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ვერ გაარჩევდი, იმიტომ რომ ერთზეც და მეორეზეც დაახლოებით ერთნაირი ეპითეტებით და ერთნაირი აღტაცებით წერდნენ. რაციონალური ფიქრის დეფიციტია, ემოციური ფიქრი ჭარბობს და თან გადაჭარბებულად ემოციური.
როგორც ჩანს, აბიტურიენტები ამოცანად ისახავენ პარალელების გავლებას _ ეს მიიჩნევა ზოგადი განათლების ერთ-ერთ დამადასტურებლად. ამ პარალელების კითხვისას ზოგჯერ ისეთს წააწყდები, არაფერში რომ არ წერია. მაგალითად, ერთი მოსწავლე წერს _ გვადი გამოსწორების გზაზე დამდგარი ადამიანის მხატვრული სახეა, მისი სისხლიანი ყამა კი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერნად იქცა. რა შუაშია ეს?! არ მინდა უფრო მძაფრი შეფასება გამოვიყენო (რადგან ბავშვზე ვსაუბრობთ), ვიტყვი მხოლოდ, რომ უკიდურესად შორს დგას ერთი მეორესგან, აქ პარალელის გავლება წარმოუდგენელია.
ან კიდევ ერთი _ გვადისთვის უცხო იყო შუშანიკის წამება, რომელმაც უფალთან დასამკვიდრებლად მრავალი ტანჯვა გადაიტანა და მასთან გვადის გაჭირვება ახლოსაც ვერ მივა. რას ადასტურებს ან რისი გამომხატველია ეს ფრაზა, ძალიან ძნელი მისახვედრია. უფრო სწორად, ძალიან ადვილი მისახვედრია _ ამ ბავშვს კარგი მასწავლებელი რომ არ ჰყავდა, ეს სრულიად ნათელია.
ბევრია მიმდევარი გაუგებარი `ფილოსოფოსობის~ და უცხო ტერმინთა საჭიროზე მეტად ან უადგილოდ გამოყენების. ბევრ ნაწერში შეგვხვდა `მეტაპლაზმი~, `ანთროპომორფული~ აბსოლუტურად არასწორ კონტექსტში.
საზოგადოდ, არის პრობლემა აზრის გამოხატვის და ეს არის ყველაზე მძიმე, რაც მე შემიძლია დღეს გითხრათ. ბევრს ძალიან უჭირს აზრის ჩამოყალიბება. მავანი მთელ აბზაცს ისე დაწერს, რომ ვერ გაარჩევ, რისი თქმა სურდა, აზრს ვერ გამოიტან ვერანაირს. აღარ ვლაპარაკობ სინტაქსზე, პუნქტუაციაზე, ორთოგრაფიაზე _ აქაც საკმაოდ სერიოზული, პრობლემური ვითარება გვაქვს.
როგორც ჩანს, აბიტურიენტების მომზადების პრაქტიკაზე სერიოზული გავლენა იქონია შეფასების კრიტერიუმებმა, რაც წინასწარ გამოცხადდა. მაგალითად, აზროვნება და ზოგადი განათლება _ აქ, როგორც ჩანს, რეპეტიტორები წინასწარ რაღაც კლიშეებს ამზადებენ, შემდეგ აბიტურიენტებს ასწავლიან და ისინიც აბსოლუტურად გაუაზრებლად იყენებენ ამ კლიშეებს რაგინდარა ვითარებაში.
როდესაც სურათი ასეთი მკაფიოა, უნდა დავფიქრდეთ და განვსაზღვროთ, რა გავაკეთოთ, რომ უკეთესი შედეგი გვქონდეს. ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არის მიზეზი?
მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი გაკვეთილებზე არ დადიოდა. ახლა მდგომარეობა გამოსწორდა, ახალი და საკმაოდ მკაფიო მოთხოვნების შემოღების შემდეგ. პირდაპირ გეტყვით, რომ მივესალმები ამ მოთხოვნებს.
პედაგოგთა პრობლემაც გვაქვს. მაგალითად, მე ყურადღება მივაქციე დასკვნას დაწყებით კლასებში წიგნიერების კვლევის კომისიისას, რომლის თანახმადაც, ის პრობლემა, რაც საქართველოს სკოლების დაწყებით კლასებში (ზედა კლასებშიც) გვაქვს, დაკავშირებულია, მაგალითად, ერთ-ერთ სერიოზულ ფაქტორთან _ დაწყებით კლასებში ჩვენ გვყავს პედაგოგები, რომელთა ლამის 100%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა აამაღლონ წიგნიერება დაწყებით კლასებში. პედაგოგთა მომზადების მეთოდიკაში, პროგრამებში სერიოზული ცვლილებებია შესატანი, სკოლის დღევანდელ გამოწვევებს ახალმომზადებულმა კადრმა მაინც რომ უპასუხოს სრულფასოვნად. ვინც გვყავს პედაგოგები, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი კარგად არის მომზადებული ამ საქმისთვის, მაგრამ ასევე საკმაოდ მოზრდილი ნაწილი იმ მეთოდოლოგიას, სწავლების იმ ხერხებსა და საშუალებებს არ იცნობს ან ვერ იყენებს ეფექტურად.
პედაგოგთა მუდმივი პროფესიული განვითარების გაუმჯობესება ნამდვილად არის ამოცანა ჩვენს სკოლებში. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ სერიოზული დახმარება სჭირდებათ მასწავლებლებს ლიტერატურით და ტრენინგებით, რომ მათ გააცნობიერონ და კარგად აუღონ ალღო იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის სკოლაში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს:
ჩვენმა პედაგოგებმა აბიტურიენტები კარგად უნდა მოამზადონ იმისთვის, რომ მათ ზუსტად ჰქონდეთ აღქმული საგამოცდო დავალებების ტიპები _ რა ტიპის დავალება შეიძლება მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამისათვის მომზადება შესაძლებელია, გამოცემულია კრებულები `როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის~, რომელიც ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია. მასწავლებელი ვალდებულიც კი არის, მოსწავლეები ავარჯიშოს ამა თუ იმ ტიპის დავალების შესრულებაზე.
მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ტექსტის ადეკვატური აღქმა. ამისთვის სპეციალური მეთოდოლოგია არსებობს. ძალიან ხშირი უნდა იყოს სკოლაში ტესტირება _ მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში უნდა ემზადებოდეს და მისთვის ფსიქოლოგიური დისკომფორტი კი არ უნდა იყოს გამოცდაზე გასვლა და ტესტირება, არამედ _ ჩვეულებრივი ამბავი.
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, როგორ იყენებენ აბიტურიენტები მიღებულ ცოდნას. თუ კითხვას პირდაპირ სვამთ, შეიძლება გიპასუხონ, თუ თქვენ მოსთხოვთ, რომ ირიბად გამოიყენონ მათ მიერ მიღებული ცოდნა ახალ ვითარებაში, ეს პრობლემას ქმნის. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ჩვენმა სკოლებმა ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაონ.
ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრის კონსტრუირების სწავლება. ეს განსაკუთრებით ეხება თხზულების ნაწილს. როდესაც ადამიანი აზრს აყალიბებს, მას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიოდ გააზრებული, რა უნდა თქვას, რა არის ამ სათქმელის ძირითადი პოსტულატები, რა არის არგუმენტაცია ამ სათქმელის დასასაბუთებლად, როგორია ეს არგუმენტაცია და მას უნდა ჰქონდეს უნარი იმისა, რომ სათქმელი თქვას დალაგებულად, აბზაცები გამოყოს (ხშირად ესეც პრობლემადაა გადაქცეული). უნდა გითხრათ, რომ სათქმელის გააზრება და ჩამოყალიბება არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებელთა სერიოზული ნაწილის პრობლემაცაა. მაგალითად, როცა მასწავლებლებს მისცეს ასეთი დავალება _ როდესაც ასწავლით რომელიმე ნაწარმოებს, პირველ რიგში, გვითხარით, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე არსებითი სათქმელი ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, უმთავრესი შინაარსი; მეორე _ ამ შინაარსის სწავლებით ამა თუ იმ კლასში რა სირთულეს შეიძლება წააწყდეს ადამიანი (ეს მასწავლებელს გამოცდილი უნდა ჰქონდეს) და მესამე _ რომ გააგებინო უმთავრესი შინაარსი და მოსწავლემ რომ დაძლიოს უმთავრესი შინაარსი ლიტერატურული ნაწარმოების სწავლებისას _ რას გააკეთებთ გაკვეთილზე? ზოგჯერ ერთი პასუხი ალთას იყო, მეორე _ ბალთას, ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო. ზოგი წერს, რომ არსებითი ღირსება `შუშანიკის წამების~ არის მისი ავტორი. რამეს გავს ეს პასუხი?! მგონია, რომ ასეთ პედაგოგს სერიოზული პრობლემა აქვს საკუთარი ფუნქციის გააზრებასთან დაკავშირებით.
თუ წერდა მასწავლებელი, რომ ეს პრობლემაა, მესამე ნაწილში ვერ ხსნიდა, როგორ გაუმკლავდება ამ პრობლემას საკუთარ გაკვეთილზე. გავიმეორებ, რომ ჯერ პედაგოგთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უნდა დაძლიოს პრობლემები თავის თავში, იმუშაოს ამაზე და მერე უკვე მოსწავლეებსაც კარგად უნდა ასწავლოს ეს ყველაფერი.
რაც შეეხება მხატვრულობას, მისი მთავარი საზომია გემოვნება. ჭყეტელა მხატვრულობა მხატვრულობა არ არის, ეს არის ნაკლები გემოვნების თვალსაჩინო გამოვლინება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს დამთავრდეს. სისადავე, შესაბამისობა, აზრის ინტენსიურად გამოხატვა _ აი, ეს არის მხატვრულობის საფუძველი და არა ის, რომ დაახვავო აღმატებული ხარისხის ზედსართავი სახელები. ამას სერიოზული მიხედვა სჭირდება.
ცალკე სამუშაო უნდა გასწიოს მასწავლებელმა დასაბუთების კულტურის ასამაღლებლად. ზოგჯერ მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას (ვფიქრობ, რომ ეს კარგია), მაგრამ მერე არ ან ვერ ასაბუთებენ, არგუმენტები ვერ მოჰყავთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტექსტიდან ვერ მოჰყავთ არგუმენტები. ტექსტის ცოდნა, აღქმა და გაგება ერთია, ინტერპრეტაცია მეორეა, სიმბოლური წიაღსვლები და სიმბოლოებით წვდომა მესამეა, მაგრამ უბრალოდ შინაარსის გადმოცემა ხომ უნდა შეეძლოს ადამიანს?! ესეც ძალიან არსებითია. შემდეგ ამის გამოყენება უნდა შეეძლოს თავის ფიქრში, განსაკუთრებით დასაბუთებისა და არგუმენტაციის დროს.
ბავშვების ლექსიკაა ძალიან მწირი, ძალიან ცოტას კითხულობენ. მასწავლებელი უნდა ეცადოს, მოსწავლე წიგნით დააინტერესოს, თვითონ უნდა მოიტანოს ნაწარმოები, განხილვა ჩაატაროს, ბავშვებს სათქმელი გაუნაწილოს, დისკუსია მოაწყოს. ასეთ დროს ძალიან საინტერესოა ხოლმე მოსწავლეთა დაინტერესება შეჯიბრით და ძალიან ხშირად გამოსაყენებელია ეს ხერხი იმიტომ, რომ როდესაც ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თავიანთი თვალსაზრისის უკეთ გამოკვეთასაც ახერხებენ ამ დროს. `იძულებულნი~ არიან ტექსტი კარგად შეისწავლონ _ მათ უნდებათ, სურვილი ებადებათ, გაცნობიერებული, მოტივირებულია მათი მოქმედება.

***
დალი გვენცაძე, შპს `საქართველოს უნივერსიტეტის~ საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გამსწორებელთა კომისიის წევრი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სააპელაციო კომისიის წევრი:
უპირველეს ყოვლისა, გამოიკვეთა, რომ ძირითად პრობლემად რჩება ინსტრუქცია _ მოსწავლეები ვერ კითხულობენ მას, ვერ იგებენ რას ავალებენ მათ, რა მოეთხოვებათ. სწორად წაკითხული ინსტრუქცია, პრინციპში, სწორ პასუხს ითხოვს. პასუხები იყო არაადეკვატური, გამოწვეული იმით, რომ ვერ კითხულობენ ინსტრუქციას.
იმდენად, რამდენადაც მე მიმუშავია როგორც დაწყებით სკოლაში, ისევე უფროს კლასებში, შემიძლია განვაცხადო, რომ ამ პრობლემას ყოველდღიურად ყველა საფეხურზე ვაწყდებით. ეს არ არის მხოლოდ ქართულის პრობლემა, ზოგადად მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩემი აზრით, მიზეზი არის ერთი _ წამოვიდა თაობა, რომელთა სწავლის დროს სკოლებში სასწავლო პროცესი, თითქოს, ცოტა გაჩერდა. ეროვნული გამოცდების ცენტრი ცალკე აღმოჩნდა, სკოლა ვერ დაეწია იქ მიმდინარე პროცესს. სკოლაში ბევრი სერიოზული პრობლემაა, იმავე სახელმძღვანელოების, კვალიფიციური მასწავლებლის როგორც დაწყებით სკოლაში, ისე ზოგადში საერთოდ. არსებობს ისეთი პრაქტიკა, რომ მოსწავლეებს სკოლაშიც და სახლშიც უმარტივებენ დავალებას, ანუ ინსტრუქციას უკითხავს მასწავლებელი ან მშობელი. თანაც ეს ხდება `ენისმოჩლექით~, შეძლებისდაგვარად უმარტივებენ _ მოსწავლემ არ იცის რას ავალებენ და მასწავლებელი ან მშობელი მას პირობას `უთარგმნის~. ბუნებრივია, რომ ამის გარეშე _ თუ განმარტება არ მიეცი მისგან რა უნდათ, დამოუკიდებლად ინსტრუქციაში ვერ ერკვევა. ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ქართულის პრობლემა, მსგავსი სურათი დგას ზოგადად. შეუძლებელია, რომ ეს პრობლემა არ იყოს მათემატიკაში ან სხვა საგნებში, როდესაც მოსწავლეს არ ესმის რა მოქმედება უნდა განახორციელოს, რას სთხოვენ მას. ცხადად წარმოჩინდა, რომ არაადეკვატური პასუხების უმეტესობა განპირობებული იყო სწორედ ინსტრუქციაში გაურკვევლობით.
კითხვის უნარ-ჩვევის არქონა დაწყებითი სკოლიდან მომდინარე პრობლემაა. აბიტურიენტები წაკითხულიდან ინფორმაციას ვერ კრებენ, ვერ იღებენ და მეორე საფეხურზე ვერ აწესრიგებენ. მათთვის პირველივე საფეხური _ ინფორმაციის ამოკითხვაც კი პრობლემაა. ყველას გვახსოვს, როდესაც ჩატარდა კვლევა კითხვის უნარ-ჩვევის შესამოწმებლად, საკმაოდ მძიმე ვითარება გამოიკვეთა. მოსწავლეები ვერ კითხულობენ მოცემულ ტექსტს, უფრო სწორად _კითხულობენ შეცდომით. შემდგომ როგორ წარმოგიდგენიათ შეცდომით ამოკითხული ინფორმაციის მოწესრიგება?! ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.
ამის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტულ დისციპლინაზე, მაგალითად ლიტერატურაზე, ფიზიკაზე, მათემატიკასა და ა.შ. ეს საზოგადო პრობლემაა. როდესაც მოსწავლეს კითხვა არ შეუძლია, ძნელია მას მოსთხოვო ანალიზი და შეფასება. სკოლა ზოგადად დგას ამ პრობლემის წინაშე და თუ მას კონკრეტული სახელი არ დაერქვა, საკმაოდ მძიმე შედეგამდე მივალთ. უბრალოდ, უხერხულიც კი არის ხოლმე, როდესაც მეთორმეტეკლასელებს ხმამაღლა კითხვა უჭირთ. თვალწინ მიდგას, როგორ კითხულობენ გამოცდაზე. მათთვის კითხვა ტანჯვაა. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ამ თაობას არ უყვარს კითხვა, ამას სერიოზული მიზეზები აქვს, რომელსაც თუ არ ჩავწვდით და არ ვეცადეთ გამოსწორება, შედეგი თანდათან გაუარესდება.
ყველა პრაქტიკული სავარჯიშო მიმართული უნდა იყოს არა შინაარსზე, არამედ იმის შესამოწმებლად, როგორ კითხულობს მოსწავლე ტექსტს, არა თხრობა, არა ზეპირად მოყოლა (4-5-ჯერ წაკითხვა და გაზეპირებულის მოყოლა), არამედ _ შინაარსის წვდომა. ხშირად, ბავშვს საქმე რომ გაუიოლოს, მშობელი უკითხავს ტექსტს ან მასწავლებელი, რომელიც დამატებით ამეცადინებს, იმიტომ რომ მისთვის ეს პრობლემაა. წესით და რიგით, სახელმძღვანელოებიც, პრაქტიკული მუშაობაც იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, შევამოწმოთ როგორ ამოიკითხა მოსწავლემ ინფორმაცია. როგორც სტატისტიკა აჩვენებს წელს საშინელი შედეგი იყო და მდგომარეობა ყოველწლიურად დამძიმდება, სანამ პრობლემას არ დაერქმევა სახელი. შეუძლებელია ადამიანმა, რომელიც ტექსტის ამოკითხვას ვერ ახერხებს, ისწავლოს სხვა საგნები. ასე რომ, შეიძლება ითქვას, აბიტურიენტებს, ძირითადად, ინსტრუქციის კითხვის პრობლემა აქვთ.
რაც შეეხება მხატვრულ ანალიზს, პროგრამა წინასწარ ეძლევათ და მასწავლებლებმა იცოდნენ, რას მოითხოვდნენ მათი მოსწავლეებისგან. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ მხატვრული ანალიზის პრობლემაც ჯერჯერობით დაუძლეველია. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს საათობრივ ბადესთანაა დაკავშირებული. ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა იცის, რამდენად ცოტა დროა იმისათვის, რომ მან არსებული სახელმძღვანელოების მიხედვით ამოწუროს არსებული სტანდარტი, წლის ბოლოს გავიდეს კონკრეტულ შედეგზე, კონკრეტულ ინდიკატორებზე. რეალურად, არა მგონია, რომელიმე მასწავლებელი დაეთანხმოს იმას, რომ არსებული სახელმძღვანელოებიდან თუნდაც ერთი მოცემულ დროში ეტევა. ვიმეორებ, აქ საათობრივი ბადის პრობლემაა.
ასევე დადგა ქართული ენის პრობლემა _ დისციპლინა, რომელიც სკოლაში არ ისწავლება. განათლების რეფორმის რაღაც ეტაპზე ჩათვალეს, რომ გრამატიკა, ანუ ცნებებით აზროვნება ადრეა დაწყებით სკოლაში (რაც მართლაც ასეა, კატეგორიებით აზროვნება არ შეუძლიათ). ამიტომ ჩათვალეს, რომ ენის სწავლება საჭირო არ არის (აკაკი შანიძის `გრამატიკა~, ლეო კვაჭაძის `გრამატიკა~ გადავაგდეთ) და, სამწუხაროდ, დაიწყო ენის აბსოლუტურად უსისტემოდ სწავლება. გადაწყვიტეს, რომ ენა ინტეგრირებული უნდა იყოს ლიტერატურასთან და პრაქტიკულად ცალკე დრო არც არის მისთვის განსაზღვრული. ენობრივი მასალა მიჰყვება ლიტერატურულ ტექსტს, რაც აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილია, რადგან ამას სერიოზული დაგეგმვა სჭირდება _ ზუსტად უნდა იყოს გაწერილი. არ შეიძლება იმის მიხედვით ვასწავლოთ, რომ, ვთქვათ, დღეს დაგვჭირდა ადგილის ან ვითარების გარემოება, ხვალ _ ჩართული... მერე უცებ სინტაქსზე გადავედით ისე, რომ მოსწავლე ამისთვის მოუმზადებელია. რადგან სტანდარტმა მოითხოვა ლიტერატურასთან ინტეგრირებული ენა (რაც თავისთავად ცუდი არ არის), ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. მაგალითად, ენის სახელმძღვანელო, რომელიც ავტორმა (ვახტანგ როდონაიას ჯგუფიდან) დაურთო, საათობრივ ბადეში არ ჯდება, სრულიად მოწყვეტილია. აუცილებლად სჭირდება დამატებითი დრო. სკოლაში ენის სწავლება სრულიად მოშლილია, მოსწავლე კლასიდან კლასში ისე გადადის, რომ უმარტივესი რაღაცეებიც კი არ იცის. ამიტომ მეთორმეტეკლასელებს მთელი კურსის თავიდან გავლა სჭირდებათ.
ხშირად კომიკურ სიტუაციამდეც კი მივდივართ _ ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ქართულის მასწავლებლებს გვჭირდება ინგლისურის მოშველიება (უცხო ენაში გრამატიკა ცალკე ისწავლება), გრამატიკული კატეგორიები რომ ავუხსნათ მოსწავლეებს. ბუნებრივია, როდესაც ვითარება ასეთი სავალალოა, ეს მოსწავლეების მეტყველებაზე და წერით აზროვნებაზეც აისახება. როგორ უნდა მოსთხოვო მას გამართული სინტაქსური კავშირი, როდესაც სინტაქსის კი არა, მორფოლოგიის კურსიც კი არ გაუვლია.
თუ შევაჯამებთ აბიტურიენტების ცუდი შედეგების გამომწვევ მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, თავიდან მოყოლებული, სერიოზულად დასაგეგმია ენის სწავლება, ამავდროულად, ეს კარგი სახელმძღვანელოებისა და კვალიფიციური მასწავლებლების პრობლემაა სკოლებში.
წლევანდელი გამოცდის შედეგები გვაფიქრებინებს, როგორც ჩანს, იმისათვის, რომ აბიტურიენტები მოკლე დროში მოემზადონ, დააკმაყოფილონ კრიტერიუმები (რომლებიც წინასწარაა ცნობილი), `აკრიფონ~ ამ კრიტერიუმებით ქულები, შემუშავდა ე.წ. `მზა სქემები~. მაგალითად, თქვენ შეხვდებით სხვადასხვა აბიტურიენტების ნაწერებში ვიკიპედიიდან თემატურად ამოყრილ ერთი და იმავე ციტატებს (ხუმრობით `ვიკიფრაზებიც~ კი შევარქვით), ანტიკური ფილოსოფიით დაწყებული XXI საუკუნის ჩათვლით (პლატონი და არისტოტელე კი არა, ერთ-ერთ აბიტურიენტს ჟიჟეკის ციტატებიც კი ჰქონდა მოტანილი), ისეთი ბავშვების ნაწერებში, რომლებსაც ნამდვილად არ ეტყობათ, რომ ამ განათლებას ფლობენ. უბრალოდ, საჭირო გახდა წიგნიერების კრიტერიუმში ამ ქულის აღება. რასაკვირველია, ეს წიგნიერებაზე არ მეტყველებს, მით უმეტეს, ხშირად ციტატები უადგილო ადგილას, კონტექსტიდან ამოვარდნილია. წელს ეს მართლაც სერიოზული პრობლემა იყო, რომლის წინაშე სააპელაციო კომისიის მუშაობის დროს აღმოვჩნდით. უკვე ვცნობდით ერთი და იმავე ავტორის ერთი და იმავე ციტატებს, რომლებიც სხვადასხვა აბიტურიენტებს სპეციალურად ჰქონდათ მომზადებული და, კაცმა არ იცის, რატომ მოხმობილი. ეს იმის შედეგია, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოკლე დროში მოემზადონ და ჩააბარონ გამოცდა. თუ სკოლებში, დაწყებითი საფეხურიდან მოყოლებული არ დაიწყო მოსწავლეების სერიოზული მომზადება, სათანადო შედეგი არ გვექნება.
პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენი მოსწავლეები ცდილობენ, ერთ წელიწადში, მისახვევ-მოსახვევი გზით, უსწრაფესად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის და რაღაცნაირად ახერხებენ კიდეც, მაგრამ ეს გზა ტყუილია. ამიტომ მსგავსი ნაშრომების ავტორებს ჩვენ ვერ მივეცით შეფასება წიგნიერებაში.
გავმეორდები და ვიტყვი, რომ სკოლას სჭირდება გამართული სახელმძღვანელო, კარგ სახელმძღვანელოს კი _ კვალიფიციური მასწავლებელი. დღეს, როცა ამბობენ ამა თუ იმ სკოლაზე, რომ კარგია, იქ, უბრალოდ, კარგად შეიძლება იყოს აწყობილი რეჟიმი, მასწავლებლის კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემა, სამწუხაროდ, ყველგან დღითი დღე უფრო თვალშისაცემი ხდება. ამის მიზეზი პრაქტიკოსი მასწავლებლების სიმცირე მგონია, იმიტომ რომ აკადემიურ პერსონალს, ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელსა თუ უნივერსიტეტის ლექტორს სკოლის პრობლემებზე უბრალოდ ვერ ექნება წარმოდგენა. სკოლის წინაშე მდგარი პრობლემა მხოლოდ კვალიფიციურმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეიძლება გაიაზროს. სკოლის ყველა პრობლემა საბოლოოდ პედაგოგამდე მიდის, მხოლოდ კვალიფიციურ პედაგოგს შეუძლია არსებული მდგომარეობის გამოსწორება.

მოამზადა
ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N