გამოდის 1998 წლიდან
2010-11-24
პროფესიის მოტივაციით დაძლეული "მოდურობა"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
ზურაბ ვადაჭკორია

– რა სურათი მოგვცა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა პირველკურსელთა მომზადების დონის თვალსაზრისით; როგორი მომზადებულები მოდიან პირველკურსელები?
– რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, სამედიცინო დონემ აიწია, მოდიან უფრო მეტად მომზადებული სტუდენტები, ვიდრე ეს იყო მანამდე და, რაც მთავარია, ახალგაზრდები მეტად მოტივირებულები არიან. ყველაზე მეტად რაც გამოიკვეთა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეს მობილობის მსურველთა რიცხვის ზრდაა – მატულობს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩვენს უნივერსიტეტში გადმომსვლელ სტუდენტთა რიცხვი. შეიძლება ითქვას, ეს ამ მოდელის ერთადერთი მსუბუქი "ნაკლია". თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. 2010 წლიდან სხვა სამედიცინო სასწავლებლებიდან გადმომსვლელების რიცხვს, აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამებიდან გადმომსვლელებიც დაემატა. ანუ შესაძლებელია, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდანაც გადმოვიდნენ სტუდეტები, მაგრამ ისინი, ყველა შემთხვევაში, პირველი კურსიდან იწყებენ სწავლას. ეს კიდევ უფრო გამოხატავს ამ ახალგაზრდების სურვილს ექიმობის პროფესიის დაუფლებისა. იმდენად დიდია მათი სურვილი ისწავლონ სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ მზად არიან მესამე და მეოთხეკურსელებმა პირველი კურსიდან დაიწყონ სწავლა ჩვენს უნვერსიტეტში. ბუნებრივია, ეს გრანტიანი სტუდენტების ფინანსურ მხარეზე სერიოზულად აისახება, მაგრამ არც ამას უფრთხიან. მესამე კურსიდან გადმოსულ გრანტიან სტუდენტებს მხოლოდ ერთი წლის დაფინანსებაღა რჩებათ, დანარჩენი წლების საფასურს თავად იხდიან (ჩვენთან ბაკალავრი 6 წელია, სხვა სასწავლებლებში – 4 წელი). მობილობის თავისუფლება ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნაცაა და პრინციპში სწორი მოთხოვნა. უმჯობესია, ახალგაზრდას, რომელიც თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, გაერკვა და სპეციალობას იცვლის, ამის შანსი მივცეთ, ვიდრე შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობდეს და არასასურველი პროფესიის დიპლომი გვერდზე გადადოს. როგორც წესი, ახალგაზრდებს ეს ხშირად ემართებათ. ამდენად, ეს პროცესი სრულიად დასაშვებია.
დავუბრუნდები პირველკურსელთა მომზადების დონეს და გეტყვით, რომ საერთო ჯამში დონე ამაღლდა, მაგრამ არის რიგი საგნები, სადაც ახალგაზრდებს უფრო მეტად უჭირთ. მაგალითად, ქიმია, ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი საგანია (ამიტომაც გავამახვილებ ყურადღებას). ქიმიაში მომზადების დონე გაცილებით დაბალია დანარჩენ საგნებთან შედარებით. როცა მეოთხე საგამოცდო საგანს ვირჩევთ (ქიმია თუ ბიოლოგია), არჩევანს ბიოლოგიაზე ვაკეთებთ. სამედიცინო უნივერსიტეტი ოთხ ფაკულტეტზე ბიოლოგიას ირჩევს, ეს არჩევანი იმითაა განპირობებული, რომ ბიოლოგიაც მნიშვნელვოვანი და საჭირო საგანია სამედიცინო ფაკულტეტებისათვის. გასულ წელს, როგორც გითხარით, ოთხმა ფაკულტეტმა აირჩია ბიოლოგია, ხოლ მეხუთე – ფარმაციის ფაკულტეტმა – 70 პროცენტი მისცა ბიოლოგიაჩაბარებულ აბიტურიენტებს, ხოლო 30 პროცენტი – ქიმიას. ბუნებრივია, ამით ხელს ვუწყობთ აბიტურიენტებს გრანტების მოპოვებაშიც. საერთოდ, თუ რომელიმე საგანზე დაიჩივლებენ ჩვენი დეპარტამენტები, ეს სწორედ, ქიმიაა. როგორც ჩანს, ქვეყანაში ქიმიის სწავლების დონე ასაწევია.
– სამედიცინო უნივერსიტეტი ძალიან მიმზიდელი გახდა უცხოელი სტუდენტებისთვის, რა არის ამის მიზეზი, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი სწავლის საფასური?
– სამედიცინო უნივერსიტეტს ბევრი უცხოელი სტუდენტი ჰყავს. 2009-10 სასწავლო წელს მათი რაოდენობა გაორმაგდა, მეტსაც გეტყვით, მათთვის სწავლას ორჯერ ვიწყებთ, შემოდგომაზე და გაზაფხულზე, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო პროცესზე. მაგალითად, შრილანკაში სკოლაში სწავლას ნოემბერში ამთავრებენ, ამიტომ სწავლას ნოემბერში ვიწყებთ, ბუნებრივია, უცხოელებისთვის გახსნილია სპეციალური ინგლისურენოვანი ჯგუფები. წელს მათმა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა, რამდენადაც ვიცი, ამდენი უცხოელი სტუდენტი, სხვა უმაღლეს სასწავლებლებს ერთად აღებული არ ჰყავთ.
მოდიან იმიტომ, რომ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის რეიტინგი მაღალია ევროპაში და აშშ-ში, ჩვენ პირველები გავერთიანდით ევროატლანტიკურ სივრცეში და ვართ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი, ვსარგებლობთ ყველაზე მაღალი რეიტინგით საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. ბოლონიის პროცესსაც სამედიცინო უნივერსიტეტი რამდენიმე თვით ადრე მიუერთდა, ვიდრე დანარჩენი ქართული უნივერსიტეტები. კიდევ ერთი ფაქტორია აღსანიშნავი, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების საკმაოდ მაღალი პროცენტი აბარებს სალიცენზიო გამოცდებს აშშ-სა და ევროპაში საექიმო მოღვაწეობის მოსაპოვებლად. ჩვენი პროფესია რეგულირებადია და დიპლომი თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ არ ჩააბარე იმ ქვეყნის სალიცენზიო გამოცდა. ჩვენს დიპლომს ცნობენ იმ დონეზე, რომ უფლებას გვაძლევენ სალიცენზიო გამოცდის ჩასაბარებლად, რომლის შემდგომაც აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრიაში და ა.შ. მოღვაწეობის უფლება გვეძლევა, ანუ იმ ქვეყანაში, სადაც ჩააბარებ სალიცენზიო გამოცდას, უცხო ენასთან ერთად. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ჩვენ ვასწავლით ინგლისურად, ამდენად, ენობრივი ბარიერიც არ აქვთ ახალგაზრდებს. ამის გარდა, მათთვის სხვა პროგრამების შეთავაზებასაც ვაპირებთ.
– რომელ ფაკულტეტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– მედიცინის ფაკულტეტზე. გეგმაში გვაქვს, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, შევქმნათ სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტებისათვის, რომლითაც, რასაკვირველია, ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. ამ პროგრამებზე სწავლის ფასი გაცილებით მეტი იქნება, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტიც კი, ვიდრე ახლა გვაქვს. ამჟამად უცხოელი სტუდენტებისათვის (საერთოდ, ინგლისურენოვან პროგრამებზე) წელიწადში 3 ათასი დოლარია გადასახადი. ახალი პროგრამით კი, პირველი კურსიდანვე მოვამზადებთ სტუდენტებს აშშ-ში ექიმის სალიცენზიო გამოცდის მოსაპოვებლად – უსნლი ასე ჰქვია ამ პროგრამას. იგი ბევრი უცხოელი სტუდენტისთვის იქნება მიმზიდველი, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც პროამერიკული ორიენტაცია აქვთ.
ჩვენი უცხოელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ ზედმეტად ლმობიერები ვართ უცხოელი სტუდენტების მიმართ – თუ სხვა ქვეყანაში რასიზმის პრობლემაა, ჩვენ ცოტა მეტ სიმკაცრესაც კი გვთხოვენ. როგორც წესი, უცხოელი სტუდენტები ქართულს სწავლობენ, მეხუთე-მეექვსეკურსელები უკვე ქართულად საუბრობენ. ძალიან იოლად ხდება ინტეგრაცია, ახლაც, რომ მიბრძანდეთ სტუდენტურ თვითმმართველობაში, ნახავთ, როგორი ურთიერთობაა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის – ქართულ ცეკვებსაც კი ცეკვავენ და მღერიან "...აყვავილდა ნუში".
– უცხოელი სტუდენტების მოზიდვა უნივერსიტეტის ბიუჯეტზე დადებითად უნდა აისახოს...
– თავისთავად, უცხოელი სტუდენტებით უნივერსიტეტს შემოსავალიც აქვს, ამდენად, ფინანსური ინტერესიც არსებობს, გარდა უნივერსიტეტისა, სახელმწიფოსაც აქვს აქედან შემოსავალი.
– ბუნებრივია, ხარისხიანი სწავლის გარანტი კარგად მომზადებული პროფესორ-მასწავლებლები და პედაგოგები არიან, როგორ ზრუნავს უნივერსიტეტი პედაგოგთა გადამზადებაზე?
– პედაგოგთა გადამზადება აუცილებელია და, სხვათა შორის, ის პედაგოგები რომლებიც ინგლისურენოვან სწავლებას წარმართავენ, გადამზადებულნი არიან დასავლეთის ქვეყნებსა და, ძირითადად, აშშ-ში. ეს პროცესი წლების წინ დავიწყეთ ჯორჯიის შტატის ემორის უნივერსიტეტთან ერთად (1992 წლიდან), ბევრი ქართველი სპეციალისტი მომზადდა. გარდა ამისა, გვაქვს ურთიერთობები მსოფლიოს 40-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მხრივაც, საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტს წამყვანი ადგილი უჭირავს. ბუნებრივია, საკუთარი ძალებითაც ვზრუნავთ კადრების გადამზადებაზე. რაც მთავარია, ჩვენი 40 პარტნიორი გვეხმარება ამ საქმეში.
– თუ ადევნებთ თვალს, რა ხდება ზოგადი განათლების სფეროში?
– ქიმიის სწავლების დაბალი დონის შესახებ უკვე მოგახსენეთ, დანარჩენ საგანში, ვფიქრობ, არც თუ ისე ცუდადაა საქმე. ბიოლოგიის სწავლებით არ ვართ უკმაყოფილო, უცხო ენის სწავლის მოტივაცია ჩვენს საზოგადოებაში არის და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. საბოლოო ჯამში, რეფორმით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ, ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა პროცესები მიდის და შედეგებიც, ბუნებრივია, იქნება. პრინციპში, ერთიანი ეროვნული გამოცდები რეფორმის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია. როგორც აღვნიშნე, აბიტურიენტთა დონემ საკმაოდ აიწია. ერთი რამ ცხადია, სამედიცინო განათლებისადმი ლტოლვა ქვეყანაში შემცირდა, არც ეს არ არის ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ადრე ჩვენი უნივერსიტეტისადმი გადამეტებული ლტოლვა, ხშირ შემთხვევაში, მოდურობით იყო განპირობებული. ახლა ჩვენთან მოდიან მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ექიმის პროფესია იზიდავთ, მათ ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა რთულ საქმეს ეჭიდებიან და მზად არიან გაუმკლავდნენ სირთულეებს. ზოგადი განათლების შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც ტრადიციულად (ადრეც ასე იყო) ჩვენთან შედარებით კარგად მომზადებული ახალგაზრდები აბარებენ.
– იქონია თუ არა რეფორმამ გავლენა კვალიფიციური ექიმების მომზადებაზე, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ბოლო წლებში სამედიცინო უნივერსიტეტი უფრო კვალიფიციურ კადრებს უშვებს...
– რასაკვირველია, გავლენა იქონია. განათლების ხარისხის აწევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, პრობლემები არსებობს. ჩვენ წლების განმავლობაში ვყიდულობდით სიმულატორებს, ფანტომებს პრაქტიკული სწავლებისთვის; ანუ სიმულაციები ხდებოდა ავადმყოფის ფანტომებზე. ეს ყველაფერი დღეს საკმაოდ ძვირია, მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ განვაახლოთ, გვაქვს, ასევე, სასწავლო კომპიუტერული პროგრამებიც. მაგრამ, დღეს ყველა აქტიურად სვამს ავადმყოფის საწოლთან სწავლების საკითხს, ეს სწორიცაა. ბოლო წლებში, გარკვეული მიზეზების გამო, სამედიცინო უნივერსიტეტმა დაკარგა ბევრი კლინიკა, დღეს ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა კერძო კლინიკებთან, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი კურსდამთავრებულები გვეხმარებიან, ისინი ზრუნავენ უნივერსიტეტზე, 130-ზე მეტ კლინიკასთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და სტუდენტები პრაქტიკაზე დაგვყავს, მაგრამ ეს არ არის სამკარისი. ჩვენი კათედრების 66 პროცენტი კლინიკურია, ანუ საავადმყოფოებში უნდა იყოს, დანარჩენი 34 კი – აქ. მაგალითად, ქირურგიას სხვაგვარად ვერ ვასწავლით. ჩვენ ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ, ინტენსიურად განიხილება ჩვენთვის სასწავლო საავადმყოფოს გადმოცემის საკითხი. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა მალე მოგვეცემა. ჩვენ კი მზად ვართ, საკუთარი ძალებით მოვახდინოთ იმ საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რომელსაც უნივერსიტეტს გადმოსცემენ.
დავუბრუნდები ისევ ექიმების კვალიფიკაციას და გეტყვით, რომ მართლაც კვალიფიციური ექიმების თაობა მოდის. ამის თქმის უფლებას 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ჩვენი ექიმების გმირობაც მაძლევს. იქ სამედიცინო შეცდომები ფაქტობრივად არ ყოფილა დაშვებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, სამედიცინო შეცდომები არის, ამის გარეშე ვერ ვიქნებით, მაგრამ, რაც მთავარია, სწორი კურსი გვაქვს აღებული. საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო განათლება ძალიან ძვირადღირებული განათლებაა, ნებისმიერ სხვა სფეროსთან შედარებით. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და სწავლის საფასურს არ ვზრდით, რადგანაც არ გვინდა დაზარალდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მოწოდებულნი არიან დაეუფლონ ექიმის პროფესიას. მაგრამ, ისმის კითხვა: ამდენი ექიმი გვჭირდება? ბუნებრივია, გვჭირდება, მით უფრო დღეს, რადგანაც განათლებული თაობა ძლიერი ქვეყნის მშენებლობის გარანტია.
– რა სიახლეებით ხვდება სამედიცინო უნივერსიტეტი 80 წლის იუბილეს?
– ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ და რომლის საშუალებითაც საერთაშორისო არენაზე ვაპირებთ დამკვიდრებას. ეს პროგრამა პირველი დღიდანვე მოამზადებს სტუდენტებს აშშ-ში საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად. თავიდან ეს 16-კაციანი ჯგუფი იქნება, სამომავლოდ კი ალბათ უფრო გაიზრდება. პროგრამა, თავისთავად, მოიცავს ჩვენს ქვეყანაში ლიცენზიის მოპოვების უფლებასაც, თუმცა, ექიმს, რომელსაც აქვს აშშ-ს, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის ქვეყნების ლიცენზია, ჩვენთან აღარ სჭირდება სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება. ამდენად, ეს პროგრამა, ვფიქრობთ, მიმზიდველი იქნება როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, როტერდამის უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ პროფესიული განათლების პროგრამას ბებია ქალების მოსამზადებლად. აქაც პატარა ჯგუფი გვყავს 10-კაციანი, უახლესი აპარატურით მთლიანად მათ აღჭურვეს. ასევე, ბევრია შიდა სიახლეები. მაგალითად, სტომატოლოგიის ფაულტეტზე მეორე კურსის სტუდენტი გამოცდას აბარებს ფანტომზე, ეს გასულ წელს დაიწყო. ძალიან ადრე ვაწყებინებთ ხელით მუშაობას სტომატოლოგიის ფაკულტეტზე; ბევრი სიახლეა ფარმაციის ფაკულტეტზე. საერთოდ, მედიცინა ისეთი დარგია, რომ ძალიან დიდი რყევები არ შეიძლება იყოს, უფრო მეტად ახალი სასწავლო ტექნოლოგიები შემოდის და აქცენტიც სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს.
ბევრი ჩვენი სტუდენტი მიდის მესამე-მეოთხე კურსიდან, მაგალითად გერმანიაში; სასიხარულოა, რომ აღიარებენ ჩვენს უნივერსიტეტს და მათ სწავლის გაგრძელების უფლებას აძლევენ. ძალიან ბევრი სიახლეა, რომლითაც მართლა ამაყობს ჩვენი უნივერსიტეტი თავის 80-წლიან ისტორიასთან ერთად. მართალია, უნივერსიტეტი 80 წლის გახდა (ასაკს ვმალავთ, სინამდვილეში, სამედიცინო განათლება საქართველოში 92 წლის ისტორიას ითვლის), რადგანაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი საქართველოში სამედიცნო ფაკულტეტს. სწორედ ამ ფაკულტეტის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ცალკე გამოყოფოდნენ უნივერსიტეტს. ეს ჩვენ 1930 წელს გავაკეთეთ, სხვათა შორის, ავსტრიამ – 21-ე საუკუნეში. დღეს მსოფლიოში არც ერთ უნივერსიტეტს აღარ აქვს სამედიცინო ფაკულტეტი და მათ ცალკე დაიწყეს ფუნქციონირება სამედიცინო უნივერსიტეტებად. ჩვენ ტრადიციული უნივერსიტეტი ვართ და საიუბილეო სლოგანიც ეს არის – "ტრადიციებით მომავლისაკენ". საიუბილეო დღეები აღვნიშნეთ, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, დაახლოებით 60-მდე, ჩამოვიდნენ ქართველი კოლეგებიც, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ. გვინდა, ისინი კიდევ მეტად ჩავრთოთ ჩვენი უნივერსიტეტის აღმშენებლობის საქმეში, თუმცა, ისედაც აქტიურად მუშაობენ ამისთვის – გაცვლით პროგრამებზე – ბევრი ჩვენი რეზიდენტი მიდის ამ პროგრამებით უცხოეთში. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა; კონგრესების კვირეული – რადიოლოგების, პედიატრების, ინპლანტოლოგების; ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით მოეწყო კონფერენცია; ძალიან ცნობილმა ჰოლანდიელმა პროფესორმა სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებზე ჩაატარა მასტერკლასი; დაიდო ახალი ხელშეკრულებები უკრაინის და მოლდოვას უნივერსიტეტებთან, ასევე, გაეროს განათლების ცენტრთან გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, ნაყოფიერი და საინტერესო კვირა იყო. გარდა ამისა, საკმაოდ წარმომადგენლობითი საზეიმო სხდომა ჩატარდა: განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით. საიუბილეო საღამო ფილარმონიაში მოეწყო, კონცერტამდე კი 45-წუთიანი ვიდეოფილმი ვაჩვენეთ, რომელიც სწორედ იუბილესთვის შეიქმნა და რომელშიც ჩვენი ისტორია აისახა; იქვე მოეწყო ექიმი მხატვრების გამოფენა და უნივერსიტეტის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა; პოეტ-ექიმების წიგნების პრეზენტაციები. ვფიქრობთ, დავამტკიცეთ, რომ ექიმები მრავალმხრივ ნიჭიერი ხალხი ვართ!

ესაუბრა ლალი ჯელაძე

14(848)N