2017-11-02 გახდე მენტორი, საჭიროა გქონდეს პროფესიული ზრდის დიდი სურვილი დღეს მენტორების კიდევ ერთ სამეულს გაგაცნობთ:
ირინა ნაცვლიშვილი (სსიპ — თბილისის N21 საჯარო სკოლა),
ლიანა მამულაშვილი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა),
პეტრე ბაბილუა (შპს ევროპული სკოლა).
რატომ აირჩიეს პედაგოგობა და რას ნიშნავს მათთვის მასწავლებლის პროფესია
ირინა ნაცვლიშვილი: ალბათ, საუბარი იმით უნდა დავიწყო, რატომ ავირჩიე მომავალ პროფესიად ფილოლოგობა. ამ არჩევნამდე ლიტერატურის სიყვარულმა მიმიყვანა, იმ სამყაროს პროფესიული შეცნობის, გააზრებისა და გათავისების სურვილმა, რომელსაც მხატვრული ტექსტი გადაუშლის თავის მკითხველს. ფილოლოგს, თუკი იგი უშუალოდ პროფესიით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ფაქტობრივად, ორი გზა აქვს — სამეცნიერო ან პედაგოგიური. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელისა და სხვა პროფესორ-მასწავლებლების თანადგომით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, მუშაობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე დავიწყე, რამაც, უდავოდ, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი პროფესიული ზრდა როგორც პედაგოგიური, ისე სამეცნიერო მიმართულებით. 1997 წელს დავიცავი სადისერტაციო ნაშრომი ქართული ლიტერატურის სპეციალობით. ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ლექცია-სემინარებს ვატარებდი სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებშიც. ამჟამად, სკოლაში მუშაობის პარალელურად, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.
სკოლაში მუშაობა, რამდენჯერმე, ადრეც შემომთავაზეს, მაგრამ პირველად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2006 წელს შევედი (თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ერთთვიან პრაქტიკას, რომელსაც ფილოლოგები, მეოთხე თუ მეხუთე კურსზე, თბილისის სხვადასხვა სკოლაში გავდიოდით). რასაკვირველია, სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს როგორც სწავლების ფორმისა და მასალის, ისე მოსწავლეთა ასაკისა თუ ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, რომელიც მრავალგვარ უნარს სძენს ადამიანს, დიდად დამეხმარა ალღო ამეღო ახალი გამოწვევებისთვის, ბევრ რამეს დავკვირვებოდი, შემეთვისებინა და, ამავე დროს, შემეტანა საკლასო ოთახში დამატებითი საფიქრალი, ჩამება მოსწავლეები იმ ტიპის აქტივობებში, რომლებიც მათ მომავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენდა და მოამზადებდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის.
რას ნიშნავს მასწავლებლობა? — ეს უაღრესად რთული, დატვირთული სამუშაო რეჟიმით მოპოვებული ბედნიერების განცდაა, როცა თვალნათლივ ხედავ შენი შრომის უშუალო შედეგს, შეიგრძნობ მოსწავლისგან დაუფარავად გამოხატულ სიყვარულს, იმას, რომ ეიმედები ახლაც და თუ დასჭირდი, მომავალშიც... მაშინ ხვდები, რომ ამად ღირდა მათ ნაწერებზე გათენებული ღამეები, სხვადასხვა პროექტისა თუ შემეცნებითი აქტივობის მზადებაში დახარჯული უამრავი დამღლელი საათი.
მასწავლებლობა რთული პროფესიაა. დღეს პედაგოგს უამრავ პრობლემასთან უწევს გამკლავება.
ლიანა მამულაშვილი: დავიბადე და გავიზარდე პედაგოგების გარემოცვაში. პირველი სპეციალობით ვარ ფარმაცევტი, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე სამედიცინო სფეროში. ამიტომ შევიცვალე სპეციალობა და გავხდი პედაგოგი, სადაც ჩემი ნამდვილი მოწოდება ვიპოვე.
დღევანდელი პედაგოგების ყველაზე დიდ პრობლემად რჩება რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე არც თუ მარტივად აისახება. თავისთავად, ეს განათლების სფეროსაც ეხება. თუ სახელმწიფოს გაძლიერება და წინსვლა გვინდა, ეს პრობლემა ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ. სხვანაირად ვერცერთ სფეროში, მათ შორის განათლებაშიც, სრულფასოვნებას ვერ მივაღწევთ.
პეტრე ბაბილუა: სიმართლე რომ გითხრათ, მასწავლებლობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩემი ცხოვრების წარმმართველი იყო სიყვარული მათემატიკისადმი. სწორედ ამ სიყვარულმა განსაზღვრა ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის ჩემი მასწავლებლობა. როცა მათემატიკაში მუშაობ, ძნელია, გაავლო ზღვარი კვლევასა და სწავლებას შორის. ამ დროს ხვდები, რომ შენი ყოველი კვლევა, აღმოჩენა, მიგნება სხვასაც უნდა გაუზიარო, ასწავლო. თანაც, მე ვიცი, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მათემატიკის სწავლა და ამიტომაც გადავწყვიტე, შემეცვალა ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება; მინდოდა, მოსწავლეებს ადრეულ ასაკში დაენახათ და ეგრძნოთ, რომ მათემატიკა საშინელი ლაბირინთი კი არა, საინტერესო თავსატეხია, რომლის ამოხსნაც, სიამოვნებასთან ერთად, საჭირო აუცილებლობაა შენივე რეალიზებისთვის. ასე რომ, მათემატიკის სიყვარულმა და ამ იდეის განხორციელების სურვილმა მიმიყვანა სკოლის კარამდე. შესაბამისად, ჩემთვის მასწავლებლის პროფესიაც ასე განისაზღვრება — ყოველდღიურად ისწავლო შენ თვითონ, არასოდეს შეწყვიტო განვითარება, იკვლიო და შემდეგ ეს სიახლეები მიიტანო მოსწავლესთან, რათა ის ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი გაუშვა ცხოვრებაში. ჩვენ მოსწავლეებს არ ვაძლევთ მხოლოდ ცოდნას, ჩვენ მათ ვუვითარებთ უნარებსაც, რომლებსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ. მესმის, რომ ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ დაუძლეველი ნამდვილად არ არის, ყოველმა მასწავლებელმა სწორად უნდა გავითავისოთ ჩვენი ფუნქცია.
როგორი ხელშეწყობა აქვს მასწავლებელს,
თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად რომ განვითარდეს
ირინა ნაცვლიშვილი: განათლების სისტემის შესაბამისი სამსახურები ნამდვილად ზრუნავენ იმისთვის, რომ მასწავლებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად და სრულყონ თავიანთი საგნობრივი ცოდნა თუ პროფესიული უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტრენინგ-კურსის, სპეციალური თუ საინფორმაციო-განმარტებითი ლიტერატურის საშუალებით; თუმცა, აღსანიშნავია, რომ სატრენინგო სისტემა გასაუმჯობესებელი და დასახვეწია. მაგალითად, ე.წ. მილენიუმის ტრენინგები არ არის ხელმისაწვდომი ყველა საგნის პედაგოგებისთვის, კერძოდ, მათთვის, ვინც ჰუმანიტარულ დისციპლინებს ასწავლის. ამის საპირწონედ სხვა ტრენინგი არ არის შემოთავაზებული; ზოგჯერ პედაგოგები რეგისტრირდებიან ამა თუ იმ ტრენინგზე, მაგრამ შემდგომ მათ არავინ უკავშირდება; აგრეთვე, აუცილებლად მიმაჩნია ფართომასშტაბიანი ტრენინგ-მოდულების დაგეგმვა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, რათა მასწავლებლებმა შეძლონ მათი სრულფასოვნად გამოყენება. ამასთან დაკავშირებით არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემაც: საკლასო ოთახები არ არის აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით, რომელიც შესაძლებელს გახდის ციფრული რესურსების მიზნობრივ გამოყენებას, რომ აღარაფერი ვთქვათ საგაკვეთილო პროცესში ინტერნეტის ხელმიუწვდომლობაზე.
რაც ეხება მასწავლებელთა განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობას შიდა სასკოლო სივრცეში, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსხვავებული ვითარებაა, რასაც ცხადყოფს პედაგოგთა მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარები. ჩემი სკოლის მაგალითზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, დირექტორით დაწყებული, ადმინისტრაციული მართვის ყველა საფეხურზე დასაქმებული თანამშრომლები და მთელი პედაგოგიური კოლექტივი მოწადინებულია, მაქსიმალურად დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს მასწავლებელს ნებისმიერი პროფესიული აქტივობის განხორციელებასა და თვითრეალიზებაში.
ლიანა მამულაშვილი: ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე პროგრესული ნაბიჯი იყო სკოლებში ისტ-ის კაბინეტების მოწყობა, რომლებიც, ძირითადად, გამართულად მუშაობს, მათ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ ინტერნეტი (მაღალმთიან რეგიონებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს წყვეტას), რაც უკვე დიდი დახმარებაა პედაგოგებისთვის, რათა შეძლონ საკუთარი პროფესიის სრულყოფა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმონ და ჩაატარონ მაღალი დონის გაკვეთილები, რაც თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნითაა გათვალისწინებული.
პეტრე ბაბილუა: „ევროპული სკოლა“, რომელშიც მე ვასწავლი, კერძო სკოლაა და თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი გამორჩეული თავისი ინფრასტრუქტურით, ბაზით. აქ მასწავლებელს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ წარმატებით ასწავლოს. შესაბამისად, მეც ყველა ტიპის ხელშეწყობა მქონდა როგორც ბაზის თვალსაზრისით, ისე კოლეგებისა და ადმინისტრაციის თანადგომით, რათა სქემით გათვალისწინებული აქტივობები უპრობლემოდ და ხარისხიანად შემესრულებინა. მართალია, რესურსი ამის საშუალებას მაძლევდა, მაგრამ მხოლოდ რესურსი არაა გადამწყვეტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კარგ რესურსს მასწავლებლის კეთილი ნებაც უნდა ერთვოდეს, რომ ხარისხიანი შედეგი მივიღოთ. ასე რომ, თუკი მასწავლებელი მუშაობს საკუთარ თავზე, ის აუცილებლად მოძებნის რესურსს სკოლაში, რომ განახორციელოს სქემით გათვალისწინებული აქტივობები.
ქართველი მასწავლებლის მთავარი გამოწვევა
ირინა ნაცვლიშვილი: ქართველი მასწავლებლები დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მთავარი კი, ალბათ, ის გახლავთ, რომ მათ უნდა შეძლონ, სასკოლო განათლების თანამედროვე მსოფლიო სტანდარტები შეუთავსონ სოციუმის დაკვეთას, რომელსაც დიდწილად ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეროვნულ-მენტალური პრიორიტეტები განსაზღვრავს.
ლიანა მამულაშვილი: ქართველი მასწავლებლის ყველაზე დიდ გამოწვევად, თანამედროვე ტექნოლოგიების სრულფასოვან ცოდნასა და უცხო ენების ფლობას მივიჩნევ, რადგან ცოდნა ყველაზე დიდი „პროდუქტია“. ამ პროდუქტის შესაქმნელად კი უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია.
პეტრე ბაბილუა: დღეს ქართველი მასწავლებლისთვის მთავარი გამოწვევაა სწავლების პროცესში სტერეოტიპული მიდგომების რღვევა. ჩვენ მაინც გარდამავალ ეპოქაში გვიწევს მასწავლებლობა, როცა ძველი და ახალი თაობა, ანუ ძველი და ახალი ხედვა/მიდგომა ერთდროულად თანაარსებობს სასკოლო სივრცეში. მესმის, რომ ეს მტკივნეული საკითხია, მაგრამ უნდა გავიაზროთ ერთი რამ — ჩვენ ვზრდით ჩვენსავე მომავალს; ეს ბავშვები დღეს ჩვენ გვენდობიან, თავიანთ მომავალს გვანდობენ და დამეთანხმებით, ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც მუდმივად ძიების პროცესში მამყოფებს — მე და ჩემი მოსწავლეები არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს. მასწავლებელი კლასში წარმმართველი ძალა კი არ უნდა იყოს, არამედ — ფასილიტატორი, ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც გვერდიდან წარმართავს პროცესს. მთავარი მოქმედი კლასში არის მოსწავლე. თუკი ამას შევძლებთ, მაშინ თითოეული გაკვეთილი იქნება კვლევაზე დაყრდნობილი და არა ლექციური ტიპის, როგორც უმეტეს შემთხვევაში გვაქვს ხოლმე. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გამოწვევა დღევანდელი ქართველი მასწავლებლისთვის.
სქემის სირთულეები და
რეალისტური საფეხურებრივი წინსვლა
ირინა ნაცვლიშვილი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა საქართველოს განათლების სისტემაში, პირველად, 2010 წელს დაინერგა და იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე დისკუსია გამოიწვია. მას შემდეგ, 2015 წლიდან, რამდენჯერმე შეიცვალა, უფრო მასშტაბური (საქართველოს მთავრობის დადგენილება ¹68; 20 თებერვალი, 2015 წ.) თუ მცირე კორექტირების (საქართველოს მთავრობის დადგენილება ¹35; 26 იანვარი, 2017 წ.) შედეგად, თუმცა, ერთგვაროვნად მას დღესაც არ აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მეც მქონდეს შენიშვნები, მაინც მიმაჩნია, რომ სქემა მთლიანობაში საკმაოდ კარგ შესაძლებლობას იძლევა განათლების სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისათვის.
მასწავლებელთა საფეხურებრივი წინსვლა სქემით განსაზღვრულ ვადებში და უფრო სწრაფადაც კი სრულიად რეალისტურად მიმაჩნია პედაგოგთა სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობების ბაზაზე; სირთულეს ქმნის არა უშუალოდ ქმედება, არამედ განხორციელებულის დოკუმენტირება და დადასტურების სტანდარტიზებული მექანიზმი. ბოლო დროს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში გამოჩნდა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, ამ მხრივ, ზოგიერთ ცვლილებას გეგმავს (მაგ.: დოკუმენტების სისტემაში ატვირთვის ვადები და სხვ.). კარგი იქნება, თუ პედაგოგებს ნაკლები დრო დაეხარჯებათ განხილვა-შეფასებისათვის წარსადგენი მასალის მომზადებაში, რათა მთელი ძალისხმევა მოახმარონ თავიანთ უშუალო მიზანს — მოსწავლეთა განათლებასა და აღზრდას.
ლიანა მამულაშვილი: სქემის არსებობას შევაფასებ დადებითად. ის რეალისტურია და პერსპექტიული. თუ პედაგოგი მიზანმიმართულად დაგეგმავს და იმუშავებს საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფასა და მოსწავლეებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნაზე, შედეგს აუცილებლად მიაღწევს.
პეტრე ბაბილუა: კარიერული წინსვლის სქემის არსებობა აუცილებელია. მოგეხსენებათ, ის თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება. სქემა გაძლევს მოტივაციას, იმუშაო საკუთარ თავზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განყენებულად, ანუ ჩვენ ვვითარდებით არა სქემის საფეხურზე ასასვლელად, არამედ საკუთარი თავის უკეთ რეალიზებისთვის. სქემა რეალისტურია და გაძლევს საშუალებას, რომ შენი კარიერული წინსვლა უზრუნველყო, მაგრამ, ზოგადად, როგორ აისახება დღევანდელი სქემა სასწავლო პროცესსა და მოსწავლეებზე, ვფიქრობ, ეს ცალკე კვლევის საგანია. თუკი მასწავლებლის კარიერული წინსვლა, იმავდროულად, სწავლა-სწავლების პროცესზე სასიკეთო გავლენას ახდენს, ე.ი., პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ვგულისხმობ იმას, რომ მასწავლებელმა განვითარების პროცესში არ უნდა იმუშაოს განყენებულად, არამედ მისი კარიერული წინსვლა უნდა აისახოს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
მენტორობამდე განვლილი გზა —
რჩევა კოლეგებს, როგორ გახდნენ მენტორები
ირინა ნაცვლიშვილი: როგორც ზემოთ აღვნიშნე, სკოლაში მასწავლებლად მუშაობა 2006 წელს დავიწყე მცირე საათობრივი დატვირთვით. 2010 წელს სახელმწიფომ ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პედაგოგებს კვალიფიკაციის დასადასტურებლად ორი გამოცდის ჩაბარება მოსთხოვა: საგანსა და პროფესიულ უნარებში. არც დავფიქრებულვარ, ისე დავრეგისტრირდი და ორივე გამოცდა საკმაოდ მაღალი შეფასებით ჩავაბარე, რამაც განაპირობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ჩემი მიწვევა, მენტორის სტატუსით, „მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“. ამ პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ კონსულტირებას ვუწევდი სამ ახალგაზრდას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები, მუშაობა დაიწყეს სხვადასხვა სკოლაში, ერთ-ერთი მათგანი კი დღეს ჩემი კოლეგაა, რამდენიმე წელია ჩვენს სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის. იმავე სასწავლო წელს, 2011-ის გაზაფხულზე, სახელმწიფომ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა პედაგოგებს — ინტეგრირებული გამოცდა ინგლისურსა და კომპიუტერულ უნარებში. ეს გამოცდაც პირველივე წელს ჩავაბარე და, საკვალიფიკაციო გამოცდების საერთო შეფასებათა მიხედვით, მომენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, ამოქმედებისთანავე, 2010 წელს ჩავერთე და არაერთი აქტივობაც განვახორციელე, რომელთაგან, 2015 წელს, სქემის მასშტაბური ცვლილების შედეგად, მხოლოდ ზოგიერთი შეფასდა კრედიტქულებით, თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა — 10 კრედიტი — დავაგროვე. 2015-2016 სასწავლო წლიდან, ახალი სქემით მოთხოვნილი აქტივობების შედეგად, კიდევ 18,5 კრედიტქულა მივიღე და საერთო 28,5 ქულით, გასული სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის შეფასების ჯგუფმა წარმადგინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წინაშე მენტორის სტატუსის მისანიჭებლად.
დასახელებული კრედიტქულები სხვადასხვა აქტივობით დავაგროვე: ჩავატარე 4 სავალდებულო სამოდელო გაკვეთილი და სკოლის საჭიროების კვლევა, მოვამზადე სასწავლო რესურსები, მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე საინტერესო სასწავლო პროექტები, მონაწილეობა მივიღე კონფერენციებში და ა.შ. ვინაიდან მენტორის სტატუსის მისაღებად მხოლოდ 25 კრედიტქულა იყო საჭირო, ზოგიერთი აქტივობა, დოკუმენტირებული სახით, სკოლის შეფასების ჯგუფისთვის არათუ არ წარმიდგენია, არც თავიდან ჩამიფიქრებია მიზანმიმართულად სქემისთვის. სწავლება იმდენად ცოცხალი და უშუალო პროცესია, რომ მის ფარგლებში უამრავი იდეა იბადება, ბევრი სასარგებლო საქმე ისხამს ხორცს. არ არის აუცილებელი, ყველაფერი პროფესიული განვითარების სქემას მივუსადაგოთ, თუმცა, თუ საჭირო გახდა, არც ეს იქნება რთული, რადგან დამატებითი საქმიანობის მიმართულებით იგი საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.
საფეხურის ცვლილების თუ, ზოგადად, კრედიტქულების დაგროვების გზაზე მთავარ სირთულედ ისევ გადამეტებულ (ჩემი აზრით) „ქაღალდობანას“ დავასახელებ, კოლეგებს კი ვურჩევ, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს; ისინი ისეთ კარგ და ღირებულ საქმეს ემსახურებიან ღირსეულად, რომ მათი უანგარო საქმიანობის მხოლოდ ნაწილის წარმოდგენაც კი სათანადო, მოთხოვნილი ფორმით საჭიროზე გაცილებით მეტი რაოდენობის კრედიტქულას მიაღებინებს.
ლიანა მამულაშვილი: მენტორობამდე განვლილ გზას საშუალო სირთულის გზად ჩავთვლიდი, რომლის გასავლელად მიზანმიმართული, მაგრამ თავდადებული შრომაა საჭირო. ამ სტატუსის მოსაპოვებლად მჭირდებოდა 25 კრედიტი. მე კი 40,5 კრედიტი დავაგროვე, რაშიც უდავოდ დამეხმარა სქემაში კრედიტქულების დაგროვების გამარტივება.
კოლეგებს ვურჩევდი, დღევანდელი გასაკეთებელი საქმე სახვალიოდ არ გადადონ და შედეგად — მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
პეტრე ბაბილუა: მენტორობამდე განვლილი გზა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ დაუძლეველი არაფერია, მით უმეტეს, თუკი კარგ გარემოში გიწევს მუშაობა. თუმცა, ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მენტორობა არის კარგი გარემოსა და შენი მისწრაფების ერთიანობის შედეგი. ჩემთვის მიზანი ყოველთვის იყო მოსწავლე და არა, თუნდაც, მენტორობა. ჩემი ყოველი აქტივობა იყო ძიება, როგორ გამეხადა სასწავლო პროცესი ხალისიანი, მარტივი, საინტერესო. ეს მით უმეტეს საჭიროა, როცა მათემატიკას ასწავლი და საგნის სწავლებასთან ერთად, მოსწავლეებში ამ საგნისადმი სტერეოტიპული შიშის დამსხვრევა გიწევს. ამიტომაც ჩემს კოლეგებს შემიძლია ვურჩიო, რომ მენტორობა თვითმიზნად არ გაიხადონ, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ აკეთონ თავიანთი საქმე, ერთგულებითა და მოსწავლის სიყვარულით; იზრუნონ თავიანთ განვითარებაზე იმიტომ, რომ ეს მათ მოსწავლეებს ჰაერივით სჭირდება. თუკი ამას გაითავისებს მასწავლებელი, შედეგი აუცილებლად ექნება ყველგან, მათ შორის კარიერული წინსვლის საფეხურზე მენტორობის სახით.
სტატუსით დაკისრებული პასუხისმგებლობა
და სამომავლო გეგმები
ირინა ნაცვლიშვილი: ნებისმიერი სტატუსი, დიდი თუ მცირე, თავის ვალდებულებებსა და პასუხიმგებლობებს მოიცავს. მთავარი ალბათ ის გახლავთ, რომ ჩემი შრომითა და მუდმივი განვითარების მცდელობით გავამართლო ის, რის შესაფერისად მიმიჩნია არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ ჩემმა კოლექტივმა.
განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს. რასაც ვაკეთებდი და ვცდილობდი, იმასვე გავაკეთებ და ვეცდები: მინდა სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი რამ წაჰყვეთ ახალგაზრდებს ცხოვრების საგზლად, იქნება ეს ცოდნა, უნარები თუ ღირებულებები; არასოდეს დავიზარებ, გამოცდილება გავუზიარო ან ვურჩიო, ვისაც ჩემი პროფესიული თანადგომა დასჭირდება; ვიცი, არ მომბეზრდება სწავლა, არ გამინელდება ინტერესი სიახლეებისადმი...
ლიანა მამულაშვილი: მე, როგორც სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელს, ისედაც მაკისრია გარკვეული მოვალეობები და პასუხისმგებლობები სკოლაში როგორც პედკოლექტივის, მოსწავლეების, მშობლების, ასევე თემის წინაშეც. ხოლო ახლა, მენტორობის სტატუსის მონიჭებით, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ უკვე თავს ვალდებულად მთელი საქართველოს წინაშე ვთვლი.
პეტრე ბაბილუა: ნებისმიერი სტატუსი უკვე გარკვეული პასუხისმგებლობაა, მენტორობა კი ჩემთვის ის პასუხისმგებლობაა, როცა მხოლოდ საკუთარ თავსა და შენს მოსწავლეებსაც არ ეკუთვნი. სჭირდები შენს კოლეგებსაც, უამრავ ნაცნობსა თუ უცნობ მასწავლებელს. ეს გაიძულებს, მუდმივად იყო ფორმაში და არ შეწყვიტო ახლის ძიება, არ დაგრჩეს ვინმე ყურადღების მიღმა. ფაქტობრივად, უკვე შენს თავს არ ეკუთვნი. ამ მხრივ ცოტა რთულია, მაგრამ ესეც საინტერესოა.
ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება,
რომელიც მასწავლებელს ბავშვებისთვის მისაღებს ხდის
ირინა ნაცვლიშვილი: მასწავლებელს, ყოველდღიურად, უამრავ სხვადასხვა ტიპის, განწყობისა და გემოვნების მოსწავლესთან უწევს ურთიერთობა; ზოგი პედაგოგის ერუდიციასა და ინტელექტს აფასებს, ზოგი, თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობასა და ჩაცმულობას, სხვას მომთხოვნი მასწავლებელი მოსწონს, ვიღაცას — უფრო ლოიალური ან „ძმაკაცური“, მაგრამ ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც მასწავლებელს ყველა მოსწავლისთვის მისაღებს ხდის, ეს სამართლიანობაა. სიყალბეს, ორმაგ სტანდარტს, ადრე თუ გვიან, მოზარდი აუცილებლად შეამჩნევს და, კაცმა რომ თქვას, არც მასწავლებელმა უნდა იკადროს.
ლიანა მამულაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მასწავლებლისა არის უანგარო და დიდი სიყვარულის უნარი, ასევე, რთულ სიტუაციაში ლავირების უნარი, პოზიტიური გარემოს შექმნა და შენარჩუნება. ასეთი მასწავლებელი ყველასთვის მისაღებია, მათ შორის მოსწავლეებისთვისაც.
პეტრე ბაბილუა: მასწავლებელი ბავშვისთვის მისაღებია, თუკი ის არის გულწრფელი, ობიექტური და ღია სიახლეებისთვის. ჩვენი მოსწავლეები ჩვენგან წამოსულ ნებისმიერ იმპულსს გრძნობენ და საკმაოდ ემოციურადაც აღიქვამენ, ისინი ხომ თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჩვენს გარემოცვაში ატარებენ. ამიტომ უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილი. მოსწავლე უნდა გრნობდეს, რომ ის მასწავლებლისთვის ღირებულია. თუკი არ შეგვიძლია, რომ მათ ეს ვაგრძნობინოთ, მაშინ არაფერი გამოგვივა.
რატომ უნდა აირჩიონ ახალგაზრდებმა
მასწავლებლის პროფესია
ირინა ნაცვლიშვილი: ვფიქრობ, პროფესია ადამიანმა, იმის გათვალისწინებით უნდა აირჩიოს, სად ხედავს საკუთარ თავს. რჩევა, ამ შემთხვევაში, არათუ ზედმეტი, საზიანოც კი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული პირისთვის, ისე საზოგადოებისთვისაც. ჩემი სტუდენტობისა და შემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს არც ფილოლოგობაა პრესტიჟული, არც მეცნიერული კვლევა-ძიება და, მით უმეტეს, მასწავლებლობა. ბევრჯერ მიფიქრია: რას ვიზამდი, ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე? რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საბოლოოდ პასუხი ყოველთვის ერთია — ისევ ამ გზას ავირჩევდი. ჩემი აზრით, საკუთარ პროფესიას ღირსებას თავად ადამიანი ანიჭებს იმის მიხედვით, რამდენად ღირსეულად ატარებს მას.
ლიანა მამულაშვილი: პედაგოგობა, ეს ყველაზე მაღალპასუხისმგებლიანი საქმიანობაა, რომელთანაც შეჭიდება არც თუ ისე ადვილია. გახდე ღირსეული მასწავლებელი, ნიშნავს იმას, რომ ხარ ყველაზე დიდი პატრიოტი, რამეთუ მომავალ თაობებს უზრდი შენს სამშობლოს. მასწავლებლებს მშობლებმა მათთვის ყველაზე ძვირფასი — შვილები ანდეს აღსაზრდელად, სახელმწიფომ კი ქვეყნის მომავალი ანდო პედაგოგებს. ეს თუ არ აქვს გაცნობიერებული მომავალ მასწავლებელს, სჯობს განზე გადგეს და ღირსეულ ადამიანებს დაუთმოს ადგილი.
დიახ, თუ პიროვნება მიიჩნევს, რომ ის შეძლებს გამოავლინოს მაღალი პასუხისმგებლობა და უზადო სიყვარული ყველასი და ყველაფრის მიმართ, მაშინ მას აქვს უფლება აირჩიოს სპეციალობად — პედაგოგობა!
პეტრე ბაბილუა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ სწორედ მასწავლებლობით შეუძლიათ მათ სამყაროს შეცვლა და ეს არ არის ტრაფარეტული სიტყვები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, გამოძერწოთ და დატკბეთ იმ პროცესით, რომ ქმნით მომავალს. რამე არ მოგწონთ დღეს და ვერ ცვლით? შედით საკლასო ოთახებში და ჩადეთ ეს იმ ბავშვებში, რომლებიც ხვალ აუცილებლად შეცვლიან ამას. თქვენ გეძლევათ შანსი, გაალამაზოთ აწმყო და შვათ მომავალი. ყველა პროფესიას კი არ აქვს ეს ხიბლი. დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ მასწავლებლობა რუტინული და უინტერესო პროფესიაა. ჩვენს ქვეყანაში, წლების მანძილზე, ინერციით მოდის ეს საბჭოური კლიშე და დროა, ის თავიდან მოვიშოროთ. მე 25 წლის ასაკში დავიწყე მასწავლებლობა, როცა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი უკვე მოპოვებული მქონდა. 10 წელზე მეტია, სკოლაში ვარ და წლების შემდეგ ვიტყვი — დიახ, ეს აწმყო ჩვენ შევქმენით! დამიჯერეთ, ამ სიტყვებისთვის ღირს შრომა და ცხოვრება და თქვენც ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.
მოამზადა ლალი ჯელაძემ
|