გამოდის 1998 წლიდან
2010-11-24
უფლებამოსილების გადამეტება თუ უსაფუძვლო ეჭვი?

სკოლებში მანდატურების შესვლამ საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. თბილისის რამდენიმე სკოლიდან მასწავლებლების გათავისუფლებას უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამბობენ, დირექტორებმა პედაგოგები სკოლიდან მანდატურების ზეწოლის გამო გაუშვესო. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციებიდან, ძირითადად, პრეტენზიებს მანდატურების მიმართ მასწავლებლები გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ მანდატურები გაკვეთილების მიმდინარეობისას სისტემატურად აყურადებენ საკლასო ოთახებს და ამ მეთოდით აკონტროლებენ სიტუაციას. სკოლაში ტოტალური დასმენაა, ამის გამო მრავალი მასწავლებელი სამსახურის დატოვებას აპირებს. დირექტორებსა და პედაგოგებზე მეტი უფლებებით მანდატურები სარგებლობენ, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით პოლიტიკური ხელისუფლების შექმნა სურთ სკოლაში.
ვესაუბრეთ ასევე რამდენიმე პედაგოგს, რომლებმაც პირად საუბარში აშკარა უკმაყოფილება გამოხატეს მანდატურის სამსახურის შემოღების გამო, თუმცა საჯაროდ ვინაობის გამჟღავნებასა და საკუთარი აზრის გამოთქმაზე კატეგორიული უარი გნაცხადეს იმ მოსაზრებით, რომ პრობლემები შეგვექმნებაო.
ჭორ-მართალის გასარკვევად, გადავწყვიტეთ მანდატურებს გავსაუბრებოდით, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს – უფლება არ გვაქვს ჟურნალისტების შეკითხვებს ვუპასუხოთო და გვირჩიეს მანდატურის სამსახურის პრესცენტრისათვის მიგვემართა. პრესცენტრმა კი ასეთი განმარტება მოგვცა – მანდატურებთან თქვენი საუბარი შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩნდეს სასწავლო პროცესისთვის, თუ გასაუბრება გნებავთ, გაკვეთილების შემდეგ მიმართეთ მათ, ოღონდ გვითხარით კონკრეტული სკოლა და ჩვენ მოვამზადებთ მანდატურს თქვენთან შესახვედრადო (?!). მანდატურის სამსახურში მისულმა, თავდაპირველად, სამსახურის უფროსის ვინაობა ვიკითხე. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიპასუხა, რომ უფლება არ აქვს სამსახურის უფროსის გვარი და სახელი მითხრას. საბოლოო შედეგი ის იყო, რომ ჩვენ მიერ მომზადებულ რამდენიმე შეკითხვას ინტერნეტის საშუალებით უპასუხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრმა (იხ. გვ. 4) პასუხები იმდენად ზოგადია, რომ ტყუილ-მართალის გაგებაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ სკოლის დირექტორებისთვის მიგვემართა და მანდატურების მუშაობის შესახებ საზოგადოებისთვის მათი მოსაზრება გაგვეზიარებინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრის პასუხები გაზეთ "ახალი განათლების" შეკითხვებზე.

არსებობს თუ არა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული დებულება "სკოლის მანდატურის სამსახურის" შესახებ (ბრძანების ნომერი და თარიღი)?
"სკოლის მანდატურის სამსახურის" უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს # 74/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სკოლის მანდატურის სამსახურის" დებულებით და "ზოგადი განათლების შესახებ" კანონით. ჩამოგითვლით იმ ძირითად უფლება-მოვალეობებს, რომლის შესრულებაც ევალება მანდატურს:
1. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
2. სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედსაბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან გასაუბრება;
3. საგანგებო სიტუაციებში (მიწისძვრა, ხანძარი) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;
4. დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება;
5. დარღვევების შემთხვევაში, დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შევსება და მისი წარდგენა სკოლის დირექტორის და სამსახურის უფროსისთვის.
მანდატურები პირველად თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდნენ (2010 წლის 10 აპრილს). რა სახის დანაშაულებები გამოვლინდა სკოლებში და დაფიქსირდა ე.წ. "დარღვევის აღრიცხვის ფურცელში"? როგორც ვიცით, ამ დარღვევების შესახებ, თითოეულ სკოლაზე, საინფორმაციო ელექტრონული ბაზაც არსებობს.
ძირითადად, ადგილი ჰქონდა ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: დაგვიანება, გაცდენა, თამბაქოს მოხმარება, იყო გაკვეთილის ჩაშლის მცდელობის ფაქტებიც.
რაც შეეხება საინფორმაციო ელექტრონულ ბაზას, მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სრულად ამ წლის ბოლომდე დამთავრდება. ამ ეტაპზე, სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ გარკვეული სტატისტიკური მონაცემები ზოგადად გაგვაჩნია.
ჩვენ ხელთ არსებული დებულების თანახმად, მანდატურს უფლება აქვს "კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენოს სპეციალური საშუალებები". რა მოიაზრება სპეციალურ საშუალებებში?
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) მოსწავლეზე, მასწავლებელზე, სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალზე, ასევე, სკოლაში მყოფ სხვა პირებზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას.
მანდატურს აკრძალული აქვს სპეციალური საშუალების გამოყენება ფეხმძიმე ქალის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
(პასუხი არ შეესაბამება ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას – "ახალი განათლების" რედაქცია)
ამჟამად რამდენ სკოლაში მუშაობს მანდატურის სამსახური?
ამჟამად შესული ვართ თბილისის 141, ქუთაისის 9, ბათუმის 18 და ზუგდიდის 6 სკოლაში.
რა შემთხვევაში იძახებს მანდატური პატრულს?
საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება შემდეგ შემთხვევებში: ცივი იარაღის ტარება, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარება, ჯანმრთელობის დაზიანება, წვრილმანი ხულიგნობა და სხვა ისეთი ფაქტები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა პედაგოგთა აზრი: "მანდატური პირდაპირ ასოცირდება სადამსჯელო ღონისძიებასთან... ჯობდა სკოლაში ფსიქოლოგის სამსახური ამოქმედებულიყო". არიან თუ არა მანდატურები სათანადოდ მომზადებულები, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიონ მოსწავლეს.
ძალიან სამწუხაროა, რომ მანდატურის საქმიანობა სადამსჯელო ღონისძიებებთან ასოცირდება, ეს ასე ნამდვილად არ არის. კარგი იქნება თუ პედაგოგები ყურადღებით გაეცნობიან ჩვენს დებულებას და იმ მოვალეობებს, რომელიც მკაფიოდაა გაწერილი კანონში. საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის მიმართ დიდი ნდობა და პატივისცემაა. ამის აშკარა გამოხატულებაა ისიც, რომ სკოლებში შემცირდა დისციპლინის დარღვევის და ძალადობის ფაქტები.
როგორც ვიცით, სკოლებში გაუქმდა ექიმის სამსახური. კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია თუ არა მანდატურს, პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ბავშვს (მსგავსი შემთხვევები რამდენიმე სკოლაში დაფიქსირდა).
მანდატურებს გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის კურსები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ან შეითავსონ ექიმის ფუნქციები, მათ ექიმის მოსვლამდე პირველადი დახმარების გაწევა ევალებათ.
გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე სკოლიდან, მანდატურის ჩარევის საფუძველზე, პედაგოგები გაუშვეს. რა იყო მასწავლებლების გაშვების მიზეზი?
ეს არის არასწორი ინფორმაცია, მავანს და მავანს სურს მანდატური წარმოაჩინოს როგორც სადამსჯელო მანქანა. სინამდვილეში ეს ასე არ არის, მანდატური მხოლოდ დარღვევის ფაქტს აფიქსირებს აღრიცხვის ფურცელში, რომელსაც გადასცემს სკოლის დირექტორს რეაგირებისათვის. შემდგომ უკვე დისციპლინური კომიტეტი მსჯელობს მასწავლებლის გაშვება-არგაშვების თუ სხვა დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხზე.
მასწავლებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი უფლებები ილახება, მაშინ როდესაც გაკვეთილის მიმდინარეობისას, კლასში მანდატური მოულოდნელად შედის და სასწავლო პროცესში ერევა. აქვს თუ არა მას უფლება, ჩაერიოს პედაგოგის საქმიანობაში? "სკოლის მანდატურის სამსახურის" დებულებაში წერია: "მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობას მათთან ინდივიდუალური გასაუბრების წარმოებას, მათ ქცევაზე დაკვირვებასა და კონტროლს". მუხლი 2. პუნქტი გ).
მანდატური პედაგოგის საქმიანობაში არ ერევა, მას იმ შემთხვევაში შეუძლია შევიდეს კლასში, თუ საკლასო ოთახიდან გამოდის ხმაური და პედაგოგი ვერ უზრუნველყოფს კლასში დისციპლინის დამყარებას. მანდატური საკლასო ოთახში შედის სკოლის დირექციის წარმომადგენელთან ერთად.
ჩვენი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც უფლება-მოვალეობების გადაჭარბების გამო მანდატურები სკოლიდან გაუშვეს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? რამდენი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული?
მანდატურების მხრიდან უფლება-მოვალეობის გადამეტების თაობაზე რაიმე საჩივარი შემოსული არ ყოფილა. თუ რაიმე ფაქტს ექნება ადგილი, ჩვენ მზად ვართ, თითოეულ ფაქტზე მოვახდინოთ სათანადო რეაგირება.

გია მურღულია, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
ამბობენ, სკოლებში დირექტორებსა და პედაგოგებზე მეტი უფლებებით მანდატურები სარგებლობენ, მასწავლებლებს უფლებები ჩამორთმეული გვავქვს მანდატურის უფლებები კი განუსაზღვრელიაო... როგორ მუშაობს მანდატურის სამსახური თქვენს სკოლაში?
მანდატურს სკოლაში მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორს არავინ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, სკოლაში დისციპლინა – ეს ჩვენი ფუნქციაა. მანდატურები მხოლოდ გვეხმარებიან. ნურავინ იფიქრებს, რომ მანდატურის სკოლაში შემოსვლის შემდეგ ეს ფუნქციები დირექტორს, სასწავლო ნაწილის გამგეს, მასწავლებელს და ა.შ. ჩამოერთვათ. ეს ასე არ არის. რაც შეეხება მუდმივ ჭორს, რომ მანდატურების სკოლაში შესვლის შემდეგ ძალიან გამკაცრდნენ სკოლის დირექტორები, სიმართლე არ არის. პირდაპირ გეტყვით, მე არ მჭირდება არავის მითითება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცე სკოლაში. დისციპლინის დამყარების თვალსაზრისით ადრეც და ახლაც მთავარი პირი ვარ მე და ამიტომ, მოვითხოვ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. როდესაც საუბრობენ, რომ მანდატურების მიერ ფაქტის დაფიქსირების გამო, სკოლიდან გავუშვი პედაგოგი – მეღიმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის მითითებას არ ვსაჭიროებ, ვიცი რა უნდა გავაკეთო და თვითონ ვაგებ პასუხს ჩემს გადაწყვეტილებებზე. ადამიანი რომ მოსწავლეს ხელს გაარტყამს, რაგინდა რა ვითარებაში, ძალიან კარგი მასწავლებელიც რომ იყოს, მისი ადგილი სკოლაში არ არის. ასეთი შეცდომის უფლება, უფრო მეტიც – დანაშაულის მასწავლებელს არ აქვს. ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ თავშეკავების ხარისხი მაღალი უნდა იყოს, სხვა პროფესიებთან შედარებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როდესაც საუბრობენ, რომ სკოლის დირექტორი იძულებულია უფრო მკაცრად მოექცეს მასწავლებელს (თუმცა ეს არ უნდა, მაგრამ მანდატურის ზეგავლენით ასე აკეთებს), მართალი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სკოლაში ასეა, სხვა სკოლებზე პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ ზოგადი პრინციპი ასეთია: მინისტრი აცხადებს, მთავარი პასუხისმგებელი პერსონა სკოლაში, რომელიც პასუხს აგებს განათლების ხარისხზე, დისციპლინაზე – არის სკოლის დირექტორი. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია.
პრეტენზიები მანდატურების მიმართ ძირითადად მასწავლებლებიდან მოდის. ამბობენ, მანდატურები სკოლებში სწორედ მათ გასაკონტროლებლად შევიდნენო, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
ის, რომ სკოლაში დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ფაქტია. მსგავსი და უარესი პრობლემები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა. რუსებმა გამოაცხადეს, რომ ყველაზე საშიში დაწესებულებები, კრიმინალური თვალსაზრისით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებია (რუსეთის დიდ ქალაქებში). იგივე პრობლემაა აშშ-ში, ესპანეთში, ინგლისში... მოზარდთა დანაშაულებები, აგრესიულობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. პირველ რიგში, ამას სჭირდება მიხედვა პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ხერხებით. ეს სკოლის ამოცანაა. რასაკვირველია, სკოლა ძალიან ჰუმანური დაწესებულებაა, მაგრამ ის ამავდროულად სახელმწიფო დაწესებულებაცაა, რომელთანაც მოზარდს პირველი შეხება უწევს. სკოლამ მოზარდს გარდა სრული კეთილგანწყობისა, უნდა ასწავლოს, რომ სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე გარკვეული ვალდებულებები არსებობს, რომელიც მოქალაქემ უნდა შეასრულოს.
მოქალაქის აღზრდა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა. სრულფასოვანი მოქალაქე კი ის არის, ვინც თავის უფლებებს იცნობს და იცავს და თავის მოვალეობებსაც ასრულებს. მოვალეობების შესრულების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პრობლემებია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. როდესაც პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ხერხები აღარ ჭრის, მაშინ შეიძლება მანდატურის სამსახურმა ძალიან სერიოზული დახმარება გაუწიოს სკოლას. მანდატურის სამსახური მხოლოდ ავსებს იმ მოთხოვნებს, რომელიც სკოლაში თავისთავად უნდა არსებობდეს. საერთოდ ნებისმიერ სიახლეს ახლავს ჭორები, მინარევები და ა.შ. მანდატურის უფლებამოსილებები მკაფიოდ განსაზღვრულია, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ შეიძლება თავის უფლებამოსილებას რომელიმე სკოლაში გადააჭარბოს და მორიგ ჭორს აგორების საფუძველი მისცეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად პრინციპებზე. ნებისმიერ რაღაცას შეიძლება მოუძებნოს ადამიანმა ჩრდილები, იდეალური ამ ქვეყანაზე არაფერია. შეიძლება ამ ინსტიტუციის სკოლაში დანერგვასაც გარკვეული ჩრდილები ახლდეს, მაგრამ მთავარია დავინახოთ ამ ინსტიტუციის დანერგვის სიკეთე, რას გვარიდებს ეს სამსახური. უშეცდომო არავინ არის, არ გამოვრიცხავ რომ რომელიმე მანდატურს რაიმე შეეშალოს, ისიც ადამიანია, ნუთუ ეს გადასძალავს და გადასწონის იმას, რომ საქართველოს სკოლებში იყოს პრევენცია დანაშაულის ან დისციპლინის უხეში დარღვევების? რასაკვირველია, ვერ გადასძალავს.
ბატონო გია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ფსიქოლოგის სამსახურის აუცილებლობაზე, თუმცა ფსიქოლოგის შტატი სკოლებში გაუქმდა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქოლოგიის ცოდნა ყველა მასწავლებელს მოეთხოვება. ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი აძლევს ასეთ ცოდნას იმ ადამიანს, ვინც უმაღლეს პედაგოგიურ განათლებას ეუფლება. კარგია, რომ სკოლაში ფსიქოლოგი იყოს. ჩვენ გვყავდა ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან კარგ საქმეებს აკეთებდა, მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ერთმა ფსიქოლოგმა შეიძლება მთელი სკოლის პრობლემები გადაწყვიტოს, ყველა მასწავლებლის სანაცვლოდ – ეს ილუზიაა და ამაზე ტყუილად დროს ნუ დაკარგავს საზოგადოება. მთავარია, პედაგოგის კომპეტენცია მოიცავდეს ფსიქოლოგიის ცოდნას, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ელემენტარულ ცოდნას მაინც. მასწავლებლობა ამას თავისთავად გულისხმობს. ამ პრობლემის გადაწყვეტისას, პირველ რიგში, მთავარია მასწავლებლის კომპეტენცია. ჩვენ სკოლაში 1400 მოსწავლე სწავლობს. თქვენ გჯერათ, რომ 1400 ან თუნდაც 100-200 ბავშვის პრობლემას ერთი ფსიქოლოგი მოაგვარებს? რა თქმა უნდა, არა. ფსიქოლოგი მასწავლებლის კომპეტენციას ვერ შეცვლის.
პედაგოგები პრეტენზიას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მანდატური გაუფრთხილებლად შედის კლასში და ამით მასწავლებლის უფლებები ილახება.
მანდატური არ შედის და არც უნდა შედიოდეს გაკვეთილზე იმ მიზნით, რომ რაიმე ურჩიოს ან მიუთითოს მასწავლებელს. მაგალითად, როგორ დაგეგმოს სასწავლო ან აღმზრდელობითი პროცესი. ეს მანდატურის ფუნქციაში არ შედის. მისი საქმე არ არის. მანდატურს შეუძლია კლასში შევიდეს ერთადერთ შემთხვევაში – თუ იქიდან გამოდის გამაყრუებელი გნიასი, არააკადემიური ხმაური... ასეთ შემთხვევაში, გაკვეთილზე შედის დახმარების მიზნით, რათა სასწავლო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართოს. აი, ეს არის მანდატურის ფუნქცია. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მანდატურს, უფლებამოსილების არქონის გარდა, არც სათანადო კომპეტენცია აქვს, რომ მასწავლებლის საქმიანობაში ჩაერიოს.
რა შეიცვალა მანდატურების მოსვლის შემდეგ სკოლაში, რა სახის დანაშაულობები გამოვლინდა მათ მიერ?
სკოლაში მანდატურის მოსვლის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციას და დირექტორს მკვეთრად შეგვიმსუბუქდა ჩვენი დღის რეჟიმი. მათ მოსვლამდე მუდმივი კონტროლი გვეკისრებოდა ჩვენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შემცვლელი პედაგოგები გვყავდეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სხვა უამრავი ფუნქციაც აქვთ და ძალიან რთულია ყოველი კუთხე-კუნჭულის კონტროლი. ამ თვალსაზრისით მანდატურები ძალიან გვეხმარებიან, ისინი აკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს. როცა მასწავლებელი უდისციპლინობისთვის მოსწავლეს გარეთ უშვებს, რა თქმა უნდა, ბავშვი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. უდისციპლინო მოსწავლეების ქცევას აკონტროლებენ და აფიქსირებენ დარღვევის აღრიცხვის ფურცელში. ჩვენ ამის შემდეგ ერთობლივად ვმუშაობთ, ვიბარებთ მშობელს, ვაყენებთ მას საქმის კურსში. უარეს შემთხვევაში, მოსწავლე სადისციპლინო კომიტეტზე გამოგვყავს – ჯერ გაფრთხილებას ვაძლევთ და თუკი აღმოუფხვრელი აღმოჩნდება მსგავსი მომენტები, უკიდურესი შემთხვევა მისი სკოლიდან გარიცხვაა. საბედნიეროდ, ჯერ არ გამომიყენებია ეს მეთოდი. პრევენციას რაც შეეხება, სკოლაში ხშირია კლასებს შორის კონფლიქტი, ან თუნდაც სკოლის გარედან შეიძლება ცდილობდეს ვინმე შემოსვლას. ასეთ ვითარებაში კონფლიქტის ჩაცხრობა, დარეგულირება ძალზე მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არ გაგრძელდეს. მოგეხსენებათ ბავშვების ფსიქოლოგია, მათ სამაგიეროს გადახდა იციან, ამიტომ აუცილებელია ეს კონფლიქტი აღმოიფხვრას. ასეთ დროს მანდატურებს სერიოზული სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, იმიტომ რომ ისინი სპეციალურად არიან მომზადებულები ასეთი საქმისთვის. როცა ჩვენ სკოლის დისციპლინაზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მანდატურებმა აღნუსხონ პედაგოგთა "გადაცდომებიც". ბუნებრივია, ამას ჩვენც ვაკეთებთ. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელს უბრალოდ დაავიწყდა კლასში შესვლა, ამ დროს კლასიდან გამოდის ხმაური, მანდატური ამის შესახებ გვატყობინებს. ან ვთქვათ, შესაძლებელია ჩვენ ერთობლივად ჩამოვიაროთ და აღმოჩნდეს, რომ მასწავლებელმა არ აღნუსხა მოსწავლის დაუსწრებლობა და საკლასო ჟურნალში არ დააფიქსირა. თუკი პედაგოგი თავის მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებს, მითითებას მიიღებს.
ყველა სკოლას დაგვიანებულ მოსწავლეებზე სპეციალური სახდელები აქვს. დაგვიანებულ მოსწავლეს (იმ დღეს) სკოლაში არც თქვენ აღარ უშვებთ. ძალიან მკაცრი ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება?
ძალიან მკაცრი კი არა, ეს ერთადერთი მართებული გადაწყვეტილებაა. იყო მომენტი, როდესაც დილას სკოლაში 200 ბავშვი აგვიანებდა. მე ვაღმერთებ საქართველოს და ქართველებს, მაგრამ ვხედავ ჩვენს, მინუსებს. ჩვენი მინუსია – ქართველების საკმაოდ მოზრდილი ნაწილის დამოკიდებულება დროსთან. არც თავის დროს უფრთხილდებიან და არც სხვისას. წარმოიდგინეთ, გაქვთ პირველი გაკვეთილი. გაკვეთილის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ ერთი მოსწავლე შემოდის, მერე – მეორე, 5 წუთის შემდეგ – მესამე და ა.შ. თქვენ კი ამ დროს საუბრობთ ბარათაშვილის "მერანზე". გაკვეთილი ხელოვნებაა, შემოქმედებითი აქტი. ეს ადამიანები თავიანთი არაპუნქტუალობით მასწავლებელსაც და თანაკლასელებსაც ხელს უშლიან. კარგი გაკვეთილი ისაა, როცა განწყობა იქმნება. განწყობის შექმნა ყველგან მნიშვნელოვანია – გაკვეთილზე, ოჯახში, სუფრასთან, სტადიონზე. ჩვენ უზნაძის ქვეყნის შვილები ვართ და ეს არავისგან არ გვესწავლება. ამ განწყობას ანგრევს ასეთი უდისციპლინობა. ხშირად მშობლები ამბობენ: რა მოხდა, 5 წუთით დააგვიანა... ის მოხდა, რომ დაგვიანებით დაინგრა გაკვეთილი, ამაზე უარესი სასწავლო დაწესებულებაში რა უნდა მოხდეს. როდესაც გამოვაცხადე, რომ დაგვიანება არ შეიძლება, ამან დიდი შედეგი არ გამოიღო. ჯადოსნური ჯოხის აქნევით ქართველების მენტალური ნაკლის ცვლილება რომ შემეძლოს, კარგი იქნებოდა, მაგრამ... ძალიან შორს ვარ ამ აზრისგან. მერე გამოვაცხადე, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც დააგვიანებდნენ, პირველ გაკვეთილზე აღარ დავუშვებდი. ეს აღქმულ იქნა ასევე ქართულად. ჩათვალეს, რომ მათ შეუძლიათ პირდაპირ მოვიდნენ მეორე გაკვეთილზე და მოდიოდნენ კიდეც. ასეთი ბავშვი იყო უამრავი. ამიტომ, გამოვაცხადე: დაგვიანებულ მოსწავლეს იმ დღეს სკოლაში აღარ შემოვუშვებ! 15 წუთი ვაცლით, ამის შემდეგ კარი იკეტება. ცხადია, ასეთ გადაწყვეტილებას რაღაც მინუსები ახლავს. ტელევიზიით გამოდის ვიღაც დემაგოგი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სკოლაზე, გაკვეთილზე და საერთოდ არც არაფერზე. ლაპარაკობს, რომ მე ვარ მონსტრი, სწავლას მოწყურებულ მოსწავლეებს არ ვუშვებ სკოლაში. საერთოდ, საქართველოში მომთხოვნელობას ძალიან ხშირად არქმევენ დესპოტიზმს, თუ რამე მოითხოვე კანონიერი, ე.ი. შენ ხარ ყველაზე უარესი ადამიანი. რაც უნდა ის იფიქრონ, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. შედეგი რა არის, იცით? არავინ აღარ აგვიანებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ცხადია, ვითვალისწინებ გარემოებას, რომელიც ჩვეულებრივობის ფარგლებს სცილდება. თუ რაღაც ისეთი მოხდა, რაც არაორდინარულია, რა თქმა უნდა, ბავშვს შემოვუშვებ სკოლაში. მაგრამ როდესაც შენ უბრალოდ გეძინება და ამის გამო საერთო წესს არღვევ, ეს უდისციპლინობაა და ჩემთვის მიუღებელია. ერთი გამონაკლისის დაშვება საერთო წესის უარყოფას ნიშნავს. ჩემი მხრიდან ეს უსამართლობა იქნება. ამიტომ, მე ამას არ გავაკეთებ.
ჩვენ მოგვწონს წესები, რომელსაც სხვები უნდა დაემორჩილონ, როდესაც ჩვენ თვითონ მოგვთხოვენ, ეს აღარ მოგვწონს. ძალიან ხშირად ვეკითხები ყველას, განსაკუთრებით მშობლებს, რომლებსაც არ ესმით რაღაც, უფრო სწორად ძალიან კარგად ესმით, მაგრამ არ უნდათ გაიგონ: რა გინდათ თქვენ, ის, რომ სკოლაში წესრიგი იყოს, ნორმალური გარემო, რომ თქვენმა შვილებმა კარგად ისწავლონ? განათლების ხარისხს რომ ითხოვთ (ზოგიერთი ამასაც არ ითხოვს), უდისციპლინობაში განათლების ხარისხი რომ არ არსებობს, ეს ხომ ელემენტარულია?! ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ სრულფასოვანი გარემო შევქმნათ. მე რომ ვთხოვ თქვენს შვილს წესრიგს და კანონმორჩილებას, თქვენც იგივე უნდა მოსთხოვოთ, თუ გინდათ, რომ კარგი მოქალაქე აღიზარდოს. ოჯახისთვისაც და სკოლისთვისაც მთავარი პრობლემაა, როგორ ვაქციოთ ბიოლოგიური არსება სოციალურ არსებად. "კაცია ადამიანი?!"– კითხულობდა ილია ჭავჭავაძე. ადამიანი ბიოლოგიური არსებაა, ყველა იბადება, მაგრამ იქცევა თუ არა იგი სოციალურ არსებად ეს უკვე ოჯახის და სკოლის განსჯისა და გარჯის შედეგია. მომთხოვნელობის გარეშე ეს საქმე არ გამოვა.

მიხეილ მინდაძე, 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
მანდატურების სკოლაში შემოსვლას ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან ამ მხრივ რაიმე ცუდი ხდება. არანაირი ექსცესები არ ყოფილა. საკმაოდ კარგად მუშაობენ. მანდატურის უფლება-მოვალეობაში შედის სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული მოთხოვნების განხორციელება. რასაც სკოლა ადრეც ანხორციელებდა დირექტორის მოადგილეებისა და დამრიგებლების მეშვეობით თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და მიზანი ყოველთვის ვერ მიიღწეოდა. მანდატურების უფლებამოსილება არის დააფიქსირონ დისციპლინის დარღვევის ფაქტები და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შეიძლება გადამოწმდეს ან არ გადამოწმდეს, აქ ნდობის მომენტია. მათი უფლებამოსილება არ არის მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, თუნდაც პედაგოგის სკოლიდან გაშვების თაობაზე. ერთადერთი რამ, რაც ჩემი აზრით მოუქნელს ხდის მანდატურის ინსტიტუტს არის ის, რომ მანდატურებს არა აქვთ შრომითი ხელშეკრულება დადებული უშუალოდ სკოლასთან. ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია ნაყოფიერი თანამშრომლობა. აქ უნდობლობის ძალიან დიდი მომენტია. ამ შემთხვევაში, მანდატურები არაფერ შუაში არ არიან. ეს არის სამსახურის არასწორი მოწყობა. ნუთუ ასე არ ვენდობით სკოლებს? მანდატური სკოლისთვის არ უნდა იყოს უცხო სხეული, ის სკოლის თანამშრომელი უნდა იყოს და ხელს უწყობდეს სკოლაში უსაფრთხო გარემოს ფორმირებას. და კიდევ ერთი – სკოლა სააღმზრდელო დაწესებულებაც არის, აქ ყალიბდება ადამიანი პიროვნებად. მხოლოდ დასჯით სრულყოფილი ადამიანი ვერ ჩამოყალიბდება. პრევენცია სასჯელის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
თავისთავად მანდატურის ინსტიტუტის შექმნა ცუდი იდეა არ არის, მაგრამ როდესაც რაღაც სიახლე შემოგვაქვს და ვნერგავთ, უნდა გავითვალისწინოთ სკოლის მოთხოვნები და საჭიროებები. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა ფართოდ დანერგილია უცხო ქვეყნებში. თუმცა იქ არც ერთი სკოლის დერეფანში არ მინახავს ფორმიანი ადამიანი.
მანდატურებმა ინტერვიუზე უარი განაცხადეს, გვითხრეს, არ გვაქვს უფლება ჟურნალისტთან გასაუბრებისო.
ჩვენ აკრძალვებითა და შიშით 80 წელი ვიცხოვრეთ, გავიარეთ 37-იანი, 40-56 წლები და ბევრი სხვაც.
არა მგონია, რომ მათთვის ვინმეს აეკრძალა ინტერვიუს მიცემა, მითუმეტეს თქვენი გაზეთისთვის, ალბათ თვითონ აარიდეს თავი. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, განა შეიძლება, კონკრეტულ ადამიანს (გარდა საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებისა) არ ჰქონდეს ჟურნალისტთან გასაუბრების უფლება?
სასწავლო დაწესებულებაში გარკვეული სიმკაცრე და მომთხოვნელობა კარგია. საქართველოს სკოლებში იყო დისციპლინის გადაცდომის შემთხვევები: გაკვეთილზე დაგვიანება, უმიზეზო გაცდენები, ფიზიკური შეურაცხყოფა და ფსიქო-ემოციური ძალადობა. სკოლის თანამშრომლებს ყველაფერი წესიერად რომ ეკეთებინათ, მანდატურის ინსტიტუტის საჭიროება აღარ იქნებოდა. პედაგოგები რომ ამბობენ, მანდატურს ყური აქვს კარზე მოდებული და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა. კლასიდან როცა ხმაური გამოდის, ყურის მიდება საჭირო არ არის, ისედაც კარგად ისმის. ყველაფრის გაზვიადება არც მანდატურის და არც პედაგოგის მხრიდან არ არის ეთიკური.
როგორც ვიცით, სკოლებში გაუქმდა (შემცირდა) ექიმის სამსახური. კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია თუ არა მანდატურს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ბავშვს?
რაც შეეხება ექიმს, ჩემი აზრით, სკოლაში უნდა იყოს კვალიფიციური ექთანი და არა ექიმი. სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ჩვენთანაც შემცირდა ექიმის შტატი, დავტოვეთ მხოლოდ ერთი. ვინაიდან ჩვენ ორი კორპუსი გვაქვს, ორივე კორპუსში საჭიროა სამედიცინო პერსონალი – მაღალი კვალიფიკაციის ექთანი, რომელიც ბავშვს გაუწევს პირველად დახმარებას, მოაწესრიგებს მის სამედიცინო დოკუმენტაციას. არა მგონია, მანდატურმა შეძლოს ამ საქმის კეთება. მას სხვა ფუნქცია აქვს.
სკოლას არ ჰქონდა უფლება, ექთანი დაეტოვებინა?
არსებობს ორი ადამიანის ხელშეკრულებით აყვანის კვოტა. ზამთარი მოდის და აუცილებლად ცეცხლფარეში უნდა აგვეყვანა. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლას არ ჰქონდა იმის საშუალება, დაგვეტოვებინა ექთანი.
თავდაპირველად იყო საუბარი, რომ მანდატური აიღებდა ფუნქციას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ, ასევე ფსიქოლოგის ფუნქციას, იყო საუბარი სასწავლო პროცესში ჩართვაზე სპორტთან დაკავშირებით. როცა დავსვი საკითხი, მანდატურებმა გვითხრეს, ეს ჩვენი საქმე არ არისო.
კიდევ ვიმეორებ, თავისთავად უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ფარგლებში "სკოლის მანდატურის სამსახურის" შექმნის იდეა ძალიან კარგია, მაგრამ დასახვეწი. ჩემი აზრით, ეს მთავარია.
თქვენი სკოლიდან ორი პედაგოგის წასვლას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, გავრცელებული ინფორმაციით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება მანდატურების მოთხოვნა იყო. უფრო მეტიც, ამბობენ მანდატურებმა სკოლის დირექტორი აიძულეს მასწავლებლები გაეთავისუფლებინაო. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს და რა იყო რეალურად მათი სკოლიდან გაშვების მიზეზი?
პედაგოგმა, რომელმაც მოსწავლეს ფანჯრიდან ქუდი გადაუგდო, თვითონ დაწერა განცხადება სკოლიდან წასვლის შესახებ. ასეთი საქციელი მასწავლებლის მხრიდან შეურაცხმყოფელია მოსწავლისთვის. მოდით უფრო ჩავწვდეთ მომხდარ ფაქტს, რამ გამოიწვია მასწავლებლის ასეთი ქმედება. ჩვენს სკოლაში მოქმედებს ინსტრუქცია, რომელიც ადგენს მოსწავლის ჩაცმის ნორმებს. ამ მოსწავლემ ეს ნორმა არაერთხელ დაარღვია, უფრო მეტიც, გაკვეთილზე ქუდი სათამაშო გახდა, მოსწავლეები ქუდს ერთმანეთს ესროდნენ. ამის გამო პედაგოგმა ვერ მართა გაკვეთილი და შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვა, როცა ქუდი ფანჯრიდან გადააგდო იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე დირექტორთან ჩამოეყვანა. მასწავლებლის ასეთი ქცევა უფროსკლასელისადმი და მთელი კლასისთვის შეურაცხმყოფელია. ამ პედაგოგმა გადაწყვეტილება სკოლიდან წასვლის შესახებ თავად მიიღო, ის ძალიან კარგი პედაგოგი იყო და სკოლას ნამდვილად დააკლდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება სკოლიდან წასვლის შესახებ, მისი მხრიდან, სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო.
მეორე პედაგოგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლეს (ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ ცემას არ ნიშნავს). როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ხელით ეხება, ამას გამართლება არ აქვს. მოსწავლეს არ უნდა შეეხო. ეს დაუწერელი კანონია.
ორივე მომხდარი ფაქტი მანდატურმა მხოლოდ დააფიქსირა, ისინი საქმეში არ ჩართულან, მათ მხოლოდ ინფორმაცია მომაწოდეს პედაგოგების "გადაცდომის" შესახებ.
მეორე შემთხვევაში გადაწყვეტილება მე მივიღე (პირველ შემთხვევაში, ვიმეორებ, მასწავლებელმა სკოლა საკუთარი მოთხოვნით დატოვა).
ძალიან მკაცრი ხომ არ იყო თქვენი გადაწყვეტილება, იქნებ პირველ ჯერზე გაფრთხილება მიგეცათ პედაგოგისთვის.
არის რაღაცეები, რაზეც შენიშვნა არ უნდა მივცეთ პედაგოგს, რას დაველოდო, სანამ მეორე და მესამე მოსწავლეს სცემს? როცა ასეთ შეცდომას უშვებს მასწავლებელი, ის აღარ არის კარგი პედაგოგი. არსებობს ზღვარი, რომელიც მასწავლებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადალახოს. არა აქვს მნიშვნელობა, მაგრად დაარტყამ ბავშვს თუ მსუბუქად, მაგრად მოწიწკნი თმებს თუ მსუბუქად, ყურს აუწევ თუ მხარზე შეეხები... რა მიზეზითაც არ უნდა მოხდეს ინციდენტი, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების უფლება მასწავლებელს არ აქვს. იყო შემთხვევა, როცა მასწავლებელმა "დეგენერატი" უწოდა მოსწავლეს. მას სასტიკი საყვედური გამოვუცხადე (იმ დროს მანდატურები სულაც არ არსებობდნენ). მასწავლებელი იმიტომ ხარ, რომ ასეთი რამ არ შეგეშალოს. მშობელი რომ უშვებს შვილს სკოლაში და განდობს შენ, გარანტირებული უნდა იყოს, რომ ის უსაფრთხო გარემოში იმყოფება. ბავშვი დაცული უნდა იყოს ფიზიკური, მორალური და ფსიქოემოციური ძალადობისგან. მართალია, ძალიან ბევრი რამ გაზვიადებულია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დოზით კონტროლი ყველას სჭირდება.
პედაგოგები გაკვეთილის მიმდინარეობისას მანდატურის კლასში შესვლას აპროტესტებენ, ისინი მიიჩნევენ, რომ ამით მათი უფლებები ილახება.
გაკვეთილზე შესვლის უფლება არავის აქვს. სიმართლე გითხრათ, მე თავად ვერიდები დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შევუშალო. ყველაზე ცუდი იცით რა არის? ერთი მხრივ, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა და მეორე მხრივ, უსაფუძვლო ეჭვი. რა თქმა უნდა, თუკი დაკისრებულ მოვალეობას ისე არ შევასრულებ, როგორც საჭიროა, მომეთხოვოს პასუხი, მაგრამ წუთების დათვლა, სიის ამოკითხვა მაინცდამაინც განსაზღვრულ დროში, ვფიქრობ, ძალიან გადამეტებულია. შეიძლება მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს ამოიკითხოს სია, როგორ, ამის გამო მას გაფრთხილება უნდა მივცეთ? არ შეიძლება ერთნაირი საზომით გავზომოთ მომხდარი ფაქტები. ასეთი დამოკიდებულება, მითითება თრგუნავს მასწავლებელს. აქ პრევენციაა მთავარი და არა ჩასაფრება ფაქტის დასაფიქსირებლად. კარგია დადგენილი წესები, მაგრამ მათი განხორციელება, მით უმეტეს სასწავლო დაწესებულებაში, ძალიან რთულია და თითოეული ფაქტი კარგად გააზრებას მოითხოვს. ბევრი რამ სერიოზულ გადახედვას და დახვეწას საჭიროებს.
მინისტრი აპირებს ურჩი მოსწავლეების მშობლებისათვის ჯარიმების დაწესებას, რას იტყვით ამ მოსაზრების შესახებ?
ჯარიმების დაწესების უფლება სკოლას არ აქვს. ეს იურიდიულად არასწორია და მიუღებელი. ამ ეტაპზე სკოლაში არანაირი ფულადი ჯარიმა არ არსებობს, მაგრამ თუ ამას სამინისტრო საჭიროდ ჩათვლის, პრინციპში შესაძლებელია. თუკი ნაგვის დაყრაზე ჯარიმა უნდა გადაიხადო, მაშინ სხვა წესების დარღვევისთვისაც შეიძლება დაწესდეს ჯარიმა. მე მიმაჩნია, რომ უნდა ამაღლდეს მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მშობელი უნდა იცნობდეს და იცავდეს სასკოლო წესებს და სთხოვდეს შვილსაც ამ წესების პატივისცემას. როდესაც მოსწავლე სკოლაში მოდის დაგვიანებით, თანაც მაკიაჟითა და გაუგებარი ჩაცმულობით ან ხელს უშლის სასწავლო პროცესს, ეს მშობლის პასუხისმგებლობაა. მან უნდა მიიღოს სკოლის მიერ დადგენილი კონკრეტული წესები და თუ შვილთან ერთად ისიც არ დაემორჩილება ამ წესებს, მაშინ მანაც პასუხი უნდა აგოს. თუმცა ყველაფერს სჯობს საზოგადოებამ ისე იმოქმედოს, რომ ჯარიმების გადახდა არ დასჭირდეს.

დავით ეცადეიშვილი, ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი:
ადასტურებთ თუ არა ფაქტს, რომ სკოლიდან გაუშვით ისტორიის მასწავლებელი მანდატურის შენიშვნის შემდეგ?
რაც შეეხება ფაქტს ჩემ მიერ სკოლიდან მასწავლებლის გათავისუფლების შესახებ – ვადასტურებ. პედაგოგი, კონკრეტული ფაქტისთვის გავუშვი სკოლიდან. მანდატურმა დაგვიანებული მოსწავლე შეიყვანა კლასში და ამის გამო მასწავლებელმა მოსწავლეს ხელი გაარტყა. მანდატურმა ფაქტი დააფიქსირა და მაცნობა. მივიღე გადაწყვეტილება პედაგოგის სკოლიდან გაშვების შესახებ. სხვა სახის დარღვევები, საბედნიეროდ, სკოლაში არ დაფიქსირებულა, თუ არ გამოვრიცხავთ გაკვეთილზე დაგვიანებას მოსწავლეების მხრიდან და სიგარეტის მოხმარებას. მანდატურების მიმართ პრეტენზია ჯერჯერობით არ გამოთქმულა არც მშობლების და არც მოსწავლეების მხრიდან. ჩემთვის მანდატურების სკოლაში შემოსვლა მისაღებია. ისინი ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რაც დებულებაში აქვთ გაწერილი. სამწუხაროდ, საზოგადოება ძალიან ცუდად არის ინფორმირებული და ბევრი დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს.

მოამზადა
მაკა ყიფიანმა

25-28(942)N