2017-10-12 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა
ლალი თვალაბეიშვილი
საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენცია, რომელიც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2-6 ოქტომბერს, ბათუმში ჩატარდა. მის მუშაობაში განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე განათლების სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ნინო რევიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი: „საგანმანათლებლო შეფასებების საერთაშორისო ასოციაცია“ ყოველწლიურად აწყობს კონფერენციას, რომელიც საგანმანათლებლო შეფასებების საკითხებს ეძღვნება. თემატიკა ყოველ წელს იცვლება, წელს კონფერენციის თემა გახლდათ „საგანმანათლებლო შეფასებები, როგორც სოციალური თანასწორობის ბერკეტი“. შესაბამისად, ძირითადად, განვიხილეთ, თუ რა უწყობს ხელს საგანმანათლებლო შეფასებების დროს სოციალური თანასწორობის დაცვას. უცხოელ დელეგატებთან ერთად, ქართველმა მომხსენებლებმაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, გამართეს პრეზენტაციები. ამ ტიპის კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მარტო იმ მხრივ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები და გავიგოთ, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში, არამედ იმითაც, რომ შეგვიძლია კოლეგებს ჩვენი გამოცდილებაც გავუზიაროთ და დარგის სპეციალისტებსა და განათლების ექსპერტებს ჩვენს მიღწევებზე ვესაუბროთ.
ქართველი მომხსენებლები, ძირითადად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. მათ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად — სკოლის დამამთავრებელი გამოცდების კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი სახით, როგორც საქართველოში ტარდება, Cat-ის გამოცდები არსად არ ჩატარებულა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემუშავდა აბსოლუტურად ავთენტური სისტემა და ის ალგორითმიც, რომლის მიხედვითაც მუშაობს ტესტი, ასევე აბსოლუტურად ავთენტურია, მსოფლიოში არსებული არცერთი ტესტის „კლონირების“ მცდელობა არ ყოფილა. აღნიშნული ტესტი შეფასდა, როგორც მოსწავლეთა მიღწევების შეფასების, კონკრეტული მიზნით, კარგი ინსტრუმენტი და არა მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტების მიერ, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმადაც, ეს ტესტი ვალიდური და ობიექტური ინსტრუმენტია. რამდენიმე პრეზენტაცია სწორედ Cat-ის გამოცდებს შეეხებოდა. ასევე განვიხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა რა პრინციპებს ეფუძნება, რა ტიპის ტესტებია, ამასთანავე ვისაუბრეთ ელექტრონული გასწორების სისტემაზე, რომელიც ასევე ცენტრის ფარგლებში, ცენტრის სპეციალისტების მიერ, შემუშავდა — რა მიღწევები და გამოწვევებია ამ მიმართულებით. გამოცდების გარდა ცენტრის მთავარი საქმიანობა საგანმანათლებლო კვლევების განხორციელებაა. საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო შეფასებებს ცენტრი 2006 წლიდან ატარებს. აღნიშნული კვლევების დასრულების შემდეგ მზადდება დეტალური ანგარიშები, სადაც აღწერილია არა მარტო მოსწავლეთა მიღწევები კონკრეტულ საგანში, არამედ ის კონცეპტუალური ფაქტორები, რაც ამ მიღწევებს განაპირობებს. ამ შედეგებისა და ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება არსებითია პოლიტიკის ფორმირების პროცესში. კონფერენციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი პრეზენტაცია განიხილავდა სწორედ მე-9 კლასში ჩატარებული ეროვნული შეფასებების მონაცემებს და მიეძღვნა სკოლის დირექტორებს — რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში და, ზოგადად, ჯანსაღი სასკოლო გარემოსა და კლიმატის შექმნაში.
მოხსენებების და პრეზენტაციების თემატიკის სპექტრი ძალიან მრავალფეროვანი იყო, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ძირითადი თემატიკა სოციალურ თანასწორობას გულისხმობდა და რამდენიმე სადისკუსიო პანელი სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა — რა პრინციპები უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ საგანმანათლებლო შეფასება მაქსიმალურად სამართლიანი იყოს სხვადასხვა სკოლების (ქალაქისა თუ სოფლის, კერძო თუ საჯარო) მოსწავლეებისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეფასებებში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული და მიღწეულზე არ გავჩერდეთ. თუ სასწავლო გარემო იცვლება, ეს აუცილებლად უნდა აისახოს შეფასებებზე. საგანმანათლებლო შეფასება არ უნდა იყოს მხოლოდ ისეთი შემაჯამებელი ტესტის სახით, რომელიც, გარკვეულწილად, მხოლოდ ანგარიშვალდებულების სისტემისთვის არსებობს. საგანმანათლებლო შეფასება უნდა იყოს სწავლებისა და სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ საგანმანათლებლო პროცესში იყოს ინტეგრირებული. ამ მიმართულებით, საინტერესო იყო ის მოხსენებები, რომლებიც განმავითარებელი შეფასებების ინსტრუმენტების დივერსიფიკაციას და ამ შეფასებების სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენების ხელშეწყობას ეხებოდა.
საერთაშორისო გამოცდილება იცნობს უნარ-ჩვევების შეფასების ახალ, ინოვაციურ მიდგომებს. ამ მხრივ საინტერესო იყო ერთ-ერთი გამომსვლელის პრეზენტაცია, რომელიც გვიჩვენებდა, რომ არა მხოლოდ კოგნიტური (შემეცნებითი) უნარების შეფასებაა მთავარი, მაგალითად, სკოლის დირექტორების შერჩევისას. ჩვენც გვქონდა სკოლის დირექტორების შერჩევის კონკურსის ჩატარების გარკვეული გამოცდილება და, როგორც წესი, ყურადღებას ვამახვილებდით იმაზე, თუ რა ცოდნით და პროფესიასთან დაკავშირებული ზოგადი უნარებით მოდის კანდიდატი სკოლაში. საერთაშორისო გამოცდილებამ და კვლევებმა კი აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს მენეჯერისთვის აუცილებელი პიროვნული მახასიათებლები, რომ შეძლოს სკოლის მართვა. ბუნებრივია, ჩვენთან სკოლას მარტო დირექტორი არ მართავს, არის სამეურვეო საბჭო, მაგრამ, ლიდერი სკოლაში მაინც დირექტორია. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთი პრეზენტატორის გამოცდილების გაზიარება, როგორ აფასებენ, მაგალითად, ისრაელში დირექტორობის კანდიდატებს, მათ მოტივაციას და პიროვნულ მენეჯერულ უნარებს.
ძალიან ბევრი საინტერესო, განსხვავებული მოხსენება თუ პრეზენტაცია იყო, ბუნებრივია ყველა უკავშირდებოდა საგანმანათლებლო შეფასებას და განსხვავებული კუთხით წარმოადგენდა განათლებაში სოციალური თანასწორობის დაცვისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.“
„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს. ასოციაცია საგანმანათლებლო კონფერენციებს ყოველწლიურად ატარებს. საქართველო წელს პირველად იყო მასპინძელი ქვეყანა. კონფერენციის ძირითადი თემიდან — „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“ გამომდინარე, 40-მდე ქვეყნის განათლების საკითხზე მომუშავე 300-მდე ექსპერტი, ქართველ კოლეგებთან ერთად, მსჯელობდა ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვაზე, თუ რას უნდა ითვალისწინებდეს შეფასების სისტემა სამართლიანი საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად, რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი სოციალური უთანასწორობის დასაძლევად და სხვ.
ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: „კონფერენციის მთავარი თემაა განათლება და შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი. ჩვენს ქვეყანაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, სოციალური სტატუსის მიხედვით, განათლების ხარისხი არაერთგვაროვანია და ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც რამდენიმე წელიწადში აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ძალიან საინტერესო, სასარგებლო იქნება, ამასთანავე — თანხვედრაში საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებთან, რომელთაგან პირველი სწორედ საგანმანათლებლო სისტემაა.“
სტივენ მეიკერი, საერთაშორისო კონსულტანტი, ჰოლანდია: „ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მრავალი წელია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ვთანამშრომლობ.
ეს კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ასეთი წარმომადგენლობითი რომ არის, იმის დამსახურებაა, რომ ცენტრმა საქართველოში ბევრი მიმართულება განავითარა, განსაკუთრებით ვამაყობ კომპიუტერული ტესტირებით.
ჩვენი მთავარი რეკომენდაცია იქნება, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ პედაგოგები განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, განსაკუთრებით შეფასებით ნაწილში. ეს კონფერენცია სწორედ იმას ემსახურება, რომ მასწავლებლები იყვნენ ინფორმირებულნი.“
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა გვითხრა, კონფერენციის ჩატარების აუცილებელი პირობა იყო, რომ მიმდინარეობისას ერთი დღე კულტურულ ღონისძიებებს დათმობოდა და მასპინძელ ქვეყანას სტუმრებისთვის გაეცნო საკუთარი ტრადიციები: „ტრადიციებით ნამდვილად მდიდარი ვართ და ძალიან მიხარია, ამის წარმოდგენის შესაძლებლობა რომ გვეძლევა.“
ექვსი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემებში მიმდინარე სიახლეებს. მონაწილეთა გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანი იყო — აფრიკა, აზია, სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აშშ და სხვ. — ყველა კონტინენტი იყო წარმოდგენილი. ცენტრი, ორი წლის განმავლობაში, ემზადებოდა საერთაშორისო ფორუმის ჩასატარებლად, ამ ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომ კონფერენცია შინაარსობრივად ძალიან საინტერესო იყო, სამუშაო პროცესი — დატვირთული, საორგანიზაციო მხარე კი — გამართული.
|