2017-09-28 თუ სკოლაში ეფექტურად არ მოვაწყვეთ სასწავლო პროცესი, ბუნებრივია, უმაღლესში ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება მაია მიმინოშვილთან საუბარი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, ჩვენი გაზეთისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ვაფასებთ გამოცდებს — ეროვნულს, საატესტატოსა თუ პედაგოგთა. წლების განმავლობაში, სურათი დიდად არ იცვლება და შეიძლება ესეც ერთგვარ ტენდენციად მივიჩნიოთ. არც წლევანდელი საგამოცდო ზაფხული იყო რაიმეთი გამორჩეული, განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო და საგამოცდო ციებ-ცხელებას ცხელი ამინდებიც დაემატა...
— როგორი იყო წლევანდელი ეროვნული გამოცდები? წელს ოდნავ, მაგრამ მაინც მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, შარშანდელთან შედარებით...
— რაოდენობა, დაახლოებით იგივეა, რაც შარშან იყო, 28 ათასზე ოდნავ მეტი. თავისთავად გამოცდების პროცესს რაც შეეხება, ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არანაირი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს პროცესი, მნიშვნელოვანწილად, ჩვენგან დამოუკიდებლი მიზეზებით, ბევრ რამეზეა დამოკიდებული (ელექტროენერგია, ინტერნეტის სიჩქარე თუ სხვა). საგამოცდო ცენტრები იდეალურად უნდა იყოს მოწყობილი, რომ აპლიკანტებს არ შეექმნათ რაიმე პრობლემები. მიმაჩნია, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ერთადერთი, თუ არ გავითვალისწინებთ, იმ „უკმაყოფილებას“, რაზეც გამოცდების დაწყებამდე დაიწყო საუბარი — რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა არ არის, რატომ არ არის, რომ უნდა იყოს და ა.შ. ეს იყო ერთადერთი, რაზეც, სიმართლე გითხრათ, უფრო გამოცდებამდე ვსაუბრობდით და არა გამოცდების პერიოდში. ერთადერთი დღე იყო, როდესაც მართლაც მაღალი იყო ტემპერატურა, ზოგადი უნარების გამოცდას დაემთხვა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც გარე ფაქტორები რაღაც ფორმით გიშლის ხელს, რომ მაქსიმალურად მოახერხო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, მე, მაგალითად, ნამდვილად ვიქნებოდი ბედნიერი, შესაძლებლობა რომ გვქონდეს, წელიწადის სხვა დროს ჩავატაროთ ეროვნული გამოცდები, როცა თუნდაც მაღალი ტემპერატურა არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ეს ფაქტორი მოიხსნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ გამოდის იმიტომ, რომ სკოლები მაისის ბოლოს ამთავრებენ ფუნქციონირებას და უმაღლესი სასწავლებლები კი სექტემბერში იწყებენ. ერთადერთი პერიოდი ზაფხულია და ამას როგორღაც უნდა შევეგუოთ.
მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში ვერ მოვძებნით ისეთ შენობას, რომელიც სრულად კონდიცირებულია და რომელსაც საგამოცდო სექტორებად გამოვიყენებთ, ერთდროულად, 10 000 აპლიკანტს მივიღებთ. ასეთი შენობა ნამდვილად არ არსებობს, სკოლებს კონდიცირების სისტემა არ აქვს. იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგიერთ საგამოცდო ცენტრში არის კონდიცირების სისტემა და არ რთავენ, ასე ნამდვილად არ იყო. ორი უმაღლესი სასწავლებელი გამოვიყენეთ საგამოცდო ცენტრად: ბათუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. სკოლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, უმაღლეს სასწავლებლებშიც კი არ გვაქვს სათანადო პირობები.
სხვა არაფერი მახსენდება, რაც, მეტად თუ ნაკლებად, უკმაყოფილების საგანი შეიძლება გამხდარიყო.
კონდიცირებაზე საუბარს კი იმით დავასრულებ, რომ ამ წლებმა ერთი რამ გვიჩვენა — როდესაც 15 აპლიკანტი ერთ სექტორში ზის, ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც აპლიკანტთა გარკვეული ნაწილი ითხოვს ფანჯრის დახურვას იმიტომ, რომ უბერავს, მეორე ნაწილი კი ითხოვს გაღებას. ძალიან რთულია 10 000 აპლიკანტს, ერთდროულად, მოერგო და ზუსტად ის პირობები შესთავაზო, რაც მათ სურთ. ასე რომ, მე ამას პრობლემასაც ვერ დავარქმევდი — ზაფხულში ცხელა და სამწუხაროდ, სიცხეში გვიწევს ფუნქციონირება და არა მხოლოდ საგამოცდო ცენტრებში.
— გამოცდები რომ დაიწყო, თავიდან, აპლიკანტები კალმებს უჩიოდნენ...
რაც შეეხება კალმებს, სერიოზულად ვფიქრობ, თუ შესაძლებელი იქნა, მომავალი წლისთვის (რა თქმა უნდა ნებაყოფლობით), მივცეთ შესაძლებლობა აპლიკანტებს, სახლიდან მოიტანონ ზუსტად ისეთი პარამეტრების კალამი, რომელსაც სკანერი კითხულობს და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ ამაზე საუბარს. ყოველ წელიწადს ვყიდულობთ კალმებს იმაზე მეტს, რაც გვჭირდება, სწორედ იმიტომ, რომ ყველგან იყოს რეზერვი. როცა დიდი რაოდენობით ყიდულობ, ბუნებრივია, გარკვეული ნაწილი აუცილებლად არ იმუშავებს და მომენტალურად შეცვლის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ყველა საგამოცდო ცენტრში და არა მხოლოდ საგამოცდო ცენტრში — ყველა სექტორში, რა თქმა უნდა, რეზერვია საჭირო. ბუნებრივია, თუ აპლიკანტი კალამს არ მოიტანს, ჩვენ დავახვედრებთ, მაგრამ თუ მოიტანს, მისი პასუხისმგებლობა იქნება, თუ სკანერს რაიმე პრობლემა შეექმნება — წაიკითხავს თუ არა პასუხების ფურცელს.
სხვა მხრივ, გასწორების პროცესიც, აპელაციაც, ჩარიცხვებიც — ყველაფერი ნამდვილად ისე წარიმართა, როგორც გვინდოდა.
28 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, გვყავს გარკვეული რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებმაც ბარიერი კი გადალახეს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხნენ, მათი რაოდენობა, დაახლოებით, სამასია. ერთი რამ მახარებს — ჩარიცხვების შემდეგ შევხვდი ამ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს და აღმოვაჩინე, რომ დიდ ნაწილს არ გამოუყენებია ჩვენი შეთავაზება, რაც შეიძლება მეტი უმაღლესი სასწავლებელი და მეტი ფაკულტეტი შემოხაზონ იმიტომ, რომ, საბედნიეროდ, მათ უკვე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული, სად უნდათ სწავლის გაგრძელება — რომელ უმაღლეს სასწავლებელში და რა მიმართულებით. მათთვის სულერთი არ არის, სად ჩაირიცხებიან. ასე რომ, ეს, ჩემთვის პირადად, ნამდვილად სასიხარულოა.
— ხომ არ მოხსნილან აბიტურიენტები გამოცდებიდან?
— ასეთი შემთხვევები იყო, მაგრამ ნამდვილად აპლიკანტების (მხოლოდ აბიტურიენტებს არ ეხებათ) მიზერული რაოდენობა მოიხსნა. ერთი-ორი შემთხვევა იყო, როდესაც, საგამოცდო წესების დარღვევის გამო, აპლიკანტი მოიხსნა გამოცდიდან. წინა წლებს თუ შევადარებთ, ნამდვილად მიზერული რაოდენობაა.
— წელს უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი მოგვიანებით გამოქვეყნდა?
— მართალია, ჩამონათვალი ცოტა გვიან გამოქვეყნდა, მაგრამ აბიტურიენტებს მაინც ჰქონდათ გარკვეული დღეები იმისათვის, რომ კორექტივები შეეტანათ. ბუნებრივია, აპლიკანტმა, როცა რეგისტრაციას გადის, უნდა იცოდეს ყველა წესი და კარგი იქნებოდა, ჩამონათვალი თავიდან ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ახალგაზრდას სწავლის გაგრძელება უნდა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა, ახალგაზრდას, მეტ-ნაკლებად, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს, რა უნდა და სად სურს სწავლის გაგრძელება. უფასო ფაკულტეტები არ უნდა იყოს თავშესაფარი და ის ადგილი, სადაც ახალგაზრდას სტუდენტი დაერქმევა. მაგალითად, თუ სახელმწიფო ფიზიკის ფაკულტეტს აფინანსებს იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, იმ ახალგაზრდისგან ფიზიკოსი ვერ დადგება, რომელიც მხოლოდ იმიტომ აბარებს ამ ფაკულტეტზე, რომ უფასოდ ისწავლოს. ასე რომ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მაგრამ გადაწყვეტილება ახალგაზრდამ იმგვარად უნდა მიიღოს, რომ ჩამოყალიბდეს, რა უნდა და სად უნდა სწავლის გაგრძელება.
შეიმჩნევა ტენდენცია, რაც ჩემთვის ნამდვილად სამწუხაროა, რომ კლებულობს იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც საგამოცდო საგნად მათემატიკას ირჩევენ. ადრე თუ ორი სრული ვარიანტი გვჭირდებოდა და მათემატიკის გამოცდაზე საგამოცდო ცენტრები მაქსიმალურად იყო დატვირთული, ახლა ერთი ვარიანტიც საკმარისია. წელს ერთი ვარიანტი გვქონდა.
გაიზარდა აბიტურიენტთა რაოდენობა, მაგალითად, გეოგრაფიაში, თავიდან ერთი ვარიანტი გვქონდა, ახლა უკვე სამი ვარიანტი გვჭირდება, იმდენი აბიტურიენტი ირჩევს გეოგრაფიას.
— რაიმე ცვლილება ხომ არ იგეგმება ეროვნულ გამოცდებზე?
— უკვე დაიწყო ახალი ციკლი და ვემზადებით 2018 წლის გამოცდებისთვის. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ დახურულბოლოიანი დავალებები ელექტრონულად შევთავაზოთ აბიტურიენტებს, თუმცა ბევრ პრობლემას ვაწყდებით (ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ იმას, რამდენად მზად არის ცენტრი, რომ აპლიკანტებს ასეთი მომსახურება შესთავაზოს). ძალიან მნიშვნელოვანია თავად მათი დამოკიდებულება ასეთი ფორმის გამოცდისადმი იმიტომ, რომ აქაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, გარკვეულ ნაწილს ურჩევნია ქაღალდზე შეავსოს ტესტი, გარკვეულ ნაწილს — პირდაპირ ელექტრონულად გასცეს პასუხები. ამაზეც ძალიან სერიოზულად უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გარკვეული ნაწილი მაინც გადავიდეს სრულად ელექტრონულ ფორმატში. ეს ძალიან მომგებიანი იქნება აბიტურიენტებისთვის. თუ ზოგადი უნარების გამოცდას სრულად ელექტრონულად ჩავატარებთ, ჩვენს აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მომენტალურად გაიგონ შედეგი და არ ელოდონ თვეობით. ეს მნიშვნელოვანი პლუსია ამ სისტემის.
თუ რაიმე სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს აბიტურიენტებს, შინაარსობრივ თუ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულს, ნოემბრის დასაწყისში აუცილებლად ვაცნობებთ მათ.
— შესაძლებელია წელს უნარების ტესტირება სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადავიდეს?
— საბოლოო ჯამში, როგორ არ შეიძლება და ძალიან კარგიც იქნება. ჩვენი მხრიდან, მოგახსენეთ, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ. თქვენ იცით, რომ მთელ ამ პროცესს თან სდევს ძალიან სერიოზული პროგრამული უზრუნველყოფა და, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კორექტივები და ცვლილებები უნდა შევიდეს თვითონ საგამოცდო პროცესის პროგრამაში. რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ საგამოცდო პროცესი. გარკვეული ცვლილებების გამო, ხარვეზებით რომ არ წარიმართოს პროცესი, სრულად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, არაერთი აპრობაცია და პილოტირება უნდა ჩავატაროთ. თუ ყველაფერი მზად გვექნება, დავუშვათ, იანვარში და შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ თებერვალში, მარტში, აპრილში ახალი სისტემა კარგად გამოვცადოთ, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნება 2018 წლიდან შევიდეს ცვლილება, თუ არადა, მომავალ წელსაც იმავე ფორმატით ჩატარდება, როგორც წელს.
— რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, წელს არასახარბიელო შედეგი დადგა...
— წინა წლებს თუ შევადარებთ, სულაც არ არის დიდად განსხვავებული სურათი. არასასიამოვნო რომ არის და თითოეული ჩვენგანისთვის არასახარბიელო ის შედეგი, რაც გვაქვს, ეს ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ 2017 წლის შედეგი, წინა წლებისგან დიდად განსხვავდებოდა, ასე ნამდვილად არ არის.
ძალიან ცუდია, როდესაც 11 000-მდე მოსწავლე ვერ ახერხებს, ერთ სავალდებულო საგანში მაინც, მიზერულზე მიზერული ბარიერის გადალახვას. საატესტატო გამოცდები ხომ მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციებს ამოწმებს. საუბარი რომ არის იმაზე, საბოლოო ჯამში, ეს გამოცდა რას ამოწმებს, პირდაპირ ვამბობ — მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას სავალდებულო საგანში. აქ არ არის საუბარი მაღალ სააზროვნო უნარებზე და ა.შ. (ამისთვის სკოლა არსებობს, რომელიც უწერს შესაბამის ნიშანს და აფასებს საკუთარ მოსწავლეს), საუბარია იმაზე, აქვს თუ არა მოსწავლეს მინიმალური კომპეტენცია კონკრეტულ საგანში და არის თუ არა ღირსი, მიიღოს ატესტატი.
რასაკვირველია, ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მაგრამ რა არის გამოსასწორებელი და როგორ არის გამოსასწორებელი, ამაზე გამოცდების შედეგებით არ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენი ორგანიზაცია ძალიან ბევრ საგანმანათლებლო კვლევას ატარებს და პასუხები სწორედ ამ კვლევების შედეგებში უნდა ვეძიოთ. იმ დროს, როცა მეცხრეკლასელების ძალიან დიდი რაოდენობა ვერ ადასტურებს მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას საბუნებისმეტყველო საგნებში, რატომ ველოდებით, რომ მეთორმეტე კლასში უკეთესი შედეგი გვექნება. ეს ხომ არარეალისტური იქნებოდა, ეს ხომ არ იქნებოდა ანარეკლი იმისა, რა პრობლემებსაც ვეჯახებით სკოლის პერიოდში.
არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სავალდებულოა შესრულდეს ყველა სკოლაში. ესგ-ს მიხედვით, ვადგენთ იმ მინიმალურ კომპეტენციებს, რაც შემდეგ გამოცდაზე მოეთხოვება მოსწავლეს. აშკარაა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხარვეზი და პრობლემა გვაქვს სასკოლო განათლების საფეხურზე, როცა ვერ ხერხდება (სკოლების უმრავლესობას ვგულისხმობ) ეროვნული სასწავლო გეგმის ათვისება, იმ ამოსავალი და ოფიციალური დოკუმენტის, რომელიც დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, როგორც ყველა სკოლისთვის სავალდებულო დოკუმენტი.
პირველ რიგში, კვლევის შედეგებს უნდა შევხედოთ იმიტომ, რომ კვლევა გვაძლევს პრობლემების კომპლექსურად შეფასების შესაძლებლობას. უამრავი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე. ბუნებრივია, საუბარი მხოლოდ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე არ არის. კვლევის შედეგები ყველა ფაქტორის მიხედვითაა გაანალიზებული და კითხვაზე, რომელიც ყველას გვიჩნდება — რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი მოსწავლეები ვერ ახერხებენ უკეთესი შედეგის მიღწევას? — ბუნებრივია, პასუხი აქ უნდა მოვძებნოთ და ამის მიხედვით დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.
ისევ ვიმეორებ, როცა კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა, რიგ შემთხვევაში — 40-50%, დაბალი საფეხურის მიღმა აღმოჩნდება, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სწავლის დასრულებისას უკეთეს შედეგს აჩვენებენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი — სწორი და მიზანმიმართული — პირველ რიგში.
— მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ალბათ, პედაგოგთა კვალიფიკაცია...
— ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა. როცა მასწავლებლის კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენი თვითმიზანი ხომ არ არის, კვალიფიციური პედაგოგი გვჭირდება იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთესი შედეგები აჩვენოს, მარტივი ენით რომ ვთქვათ, კარგად ისწავლოს.
— გარკვეულ სურათს პედაგოგთა გამოცდებიც ხომ იძლევა?
— ახალი მიდგომაა სამინისტროს მხრიდან — პრაქტიკოსი პედაგოგი, ყველა შემთხვევაში, ადასტურებს კომპეტენციას. პედაგოგთა კვალიფიკაცია ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ისევ ვიმეორებ, თუ ეროვნული სასწავლო გეგმა არარეალისტურია (პირობითად ვამბობ), რა თქმა უნდა, მასწავლებელს გაუჭირდება მისი შესრულება. თუ მასწავლებელს გაუჭირდება მისი შესრულება, ბუნებრივია, ეს უკვე მოსწავლეების შედეგებზეც აისახება. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა მოახერხოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდა სწავლისადმი, მაგრამ მხოლოდ მასწავლებელი ვერაფერს იზამს. მრავალი ფაქტორი იჩენს თავს — ოჯახის, სოციოეკონომიური, სკოლის ინფრასტრუქტურა, სასკოლო რესურსები და სხვ. საქმე ასე მარტივად არ არის, რომ ვთქვათ, რადგან მასწავლებლის კვალიფიკაცია ასეთია, ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგი. თუმცა, გავიმეორებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ვინ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება? მხოლოდ მასწავლებელი ამას ვერ გააკეთებს. მასწავლებელი იქნება, სკოლა, ოჯახი თუ გარემო, ყველაფერი, ბუნებრივია, შემდეგ უკვე ერთ პრობლემად იყრის თავს. ჩვენ, როგორც წესი, საუბარს ვიწყებთ პრობლემაზე, როცა გამოცდების შედეგი არ გვაკმაყოფილებს. და თუ კითხვას ვსვამთ — რატომ გვაქვს ასეთი შედეგი, გამოცდების შედეგებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უკან მოვიხედოთ — აქამდე როგორ მოვიდა მოსწავლე, გავაკეთეთ კი ყველაფერი იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა? ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ არას, მაგრამ რა არ გავაკეთეთ კარგად, ამას ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი, გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ?! ბუნებრივია, მოსწავლეთა შედეგები, მნიშვნელოვანწილად, ჩვენს ნაბიჯებზეა დამოკიდებული (ქვეყანას და განათლების სისტემას ვგულისხმობ) და თავისთავად, ბუნებრივად გამოსწორდება, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და საშუალო განათლების საფეხურს იმგვარად მოვაწყობთ, რომ ასეთი არასახარბიელო შედეგი არ მივიღოთ.
რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასკოლო განათლების საფეხური უმნიშვნელოვანესია, უმაღლესი განათლების ბაზისია. საიდან მიდიან ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში? სკოლებიდან. თუ სკოლაში არ მოვაწყვეთ კარგად და ეფექტურად სასწავლო პროცესი, ბუნებრივია, უმაღლესშიც ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება.
— რამდენად მნიშვნელოვანია წინასასკოლო განათლება?
— უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა, თითქოსდა უმნიშვნელო საფეხურია. ვერ წარმოიდგენთ, რას გვიჩვენებს კვლევის შედეგები — წინასასკოლო განათლების პრობლემები მეცხრეკლასელებზეც კი აისახება, არათუ დაწყებით საფეხურზე. მოსწავლის წინასასკოლო მზაობა პირდაპირ განაპირობებს მის წარმატებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაწყებით საფეხურზე და, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ძალიან სერიოზული კორელაციაა მეცხრე კლასის შედეგებთან. ეს ხომ უწყვეტი პროცესია, ბავშვი ძალიან პატარა ასაკიდან იწყებს აზროვნებას და ძალიან სწორად უნდა წარვმართოთ ეს პროცესი მთლიანად, თანაბრად მნიშვნელოვანია წინასასკოლო მზაობა და დაწყებითი საფეხური. თუ ეს ყველაფერი სათანადოდ გამოსწორდა, გაცილებით მარტივი იქნება პრობლემების გამოსწორება ზედა საფეხურებზე იმიტომ, რომ ამ ბავშვებს უკვე ექნებათ ძალიან სერიოზული ბაზისი იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ უფრო რთულ ამოცანებს.
მე ოპტიმისტი ვარ ბუნებით და მგონია, რომ შესაძლებელი იქნება ვითარების გამოსწორება. შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ სერიოზული ძალისხმევა გვჭირდება და ძალიან დიდი მონდომება, პირველ რიგში, გაცნობიერება, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს ეხება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განათლების სისტემა თუ არ გამოსწორდა ქვეყანაში და სათანადოდ არ განვითარდა, არანაირი მიმართულებით არ განვითარდება ქვეყანა (არც ეკონომისტები გვეყოლება, არც ფინანსისტები, არც პოლიტიკოსები...).
— თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების პერიოდში იწყება მსჯელობა, საჭიროა თუ არა საატესტატო გამოცდები ან თუ საჭიროა, რა ფორმით...
— რაც შემოვიდა გამოსაშვები გამოცდები, იმთავითვე ვამბობდით, რომ არ არის სწორი ახალი საგამოცდო სისტემის შემოტანა იმ დროს, როცა გამოსასწორებელია ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემები სასკოლო განათლების საფეხურზე. გადაწყვეტილება მაშინდელმა მინისტრმა მიიღო, ჩვენ ვალდებული ვიყავით, შეგვეთავაზებინა გამოსაშვები გამოცდების გარკვეული სისტემა. შევთავაზეთ ის, რაც გვაქვს ახლა — თითქოსდა მარტივი სისტემა, იმავდროულად, ძალიან რთული, კომპლექსური, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება. ამ ფორმით, ასეთი ფართო მასშტაბით, ეს საგამოცდო სისტემა, ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ გამოყენებულა (მცირე ზომით კი). ეს სისტემა ასეც მოიხსენიება — „ჯორჯიან ქეის“. რატომ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება? იმიტომ, რომ მაქსიმალურად ზუსტად ერგება კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას და გადალახულად ეთვლება ბარიერი, თუ ის მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას მაინც ადასტურებს. „ერგებაში“ იგულისხმება, რომ ძალიან მარტივი დავალებები მიეწოდება, თუ ის ვერ ახერხებს ოდნავ უფრო რთული დავალებების გადაწყვეტას და საკმარისია, დაახლოებით, 14-15 უმარტივეს დავალებაზე გასცეს პასუხი და ბარიერი გადალახულად ეთვლება. ასეთი დაბალი ბარიერი რომ არ დაგვედგინა და ე.წ. წრფივი ტესტები მიგვეწოდებინა მოსწავლეებისთვის, ლოჯისტიკურ პრობლემასაც შექმნიდა, ბუნებრივია, რადგან ყველა სკოლაში ტარდება გამოსაშვები გამოცდები და პრაქტიკულად შეუძლებელია გააკონტროლო მთლიანად პროცესი. ამ სისტემით კი ყველა მოსწავლეს სხვადასხვა დავალება მისდის და, დავუშვათ, ერთმანეთის დახმარების ან კარნახის პრობლემასაც ვხსნით. წრფივი ტესტი რომ შეგვეთავაზებინა, იქ მარტივი დავალებებიც არის და რთულიც, ბუნებრივია რთული იქნებოდა მოსწავლეებისთვის, ასე ვთქვათ, გამკლავებოდნენ ამ ტიპის ტესტს. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების დროს „სუსტ“ მოსწავლეს მისთვის მორგებული დავალებები მისდის. თუ მოსწავლე კარგია, მაშინ მას ოდნავ უფრო რთული დავალებები მიეცემა, თუ ბრწყინვალეა — რთულ დავალებებსაც გაართმევს თავს. ამიტომაც, ბარიერი, საშუალო მაჩვენებელთან ახლოს რომ ყოფილიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსწავლეების 60-70% ატესტატს ვერ მიიღებდა. ამიტომაც შეგნებულად, ბუნებრივია, ძალიან დაბალი ბარიერი ავირჩიეთ სწორედ იმიტომ, რომ მოსწავლის ბრალი არ არის, ატესტატს რომ ვერ იღებს (პირდაპირ ვთქვათ), ჩვენი, ყველას ბრალია, რადგან ვერ ვახერხებთ მოსწავლეს თუნდაც მოტივაცია გავუჩინოთ სწავლისადმი, თუნდაც სათანადოდ გადავცეთ ცოდნა.
რაც შეეხება საატესტატო და უმაღლესში მისაღები გამოცდების გაერთიანებას, ყველაფერი შესაძლებელია, ბუნებრივია, იმიტომ რომ, მოდელები უამრავი არსებობს. თუ საატესტატო გამოცდების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ველოსიპედი გამოვიგონეთ, ამ შემთხვევაში, შეიძლება ველოსიპედის გამოგონებაც არ დაგვჭირდეს, ყველანაირი ტიპის გამოცდები არსებობს. ერთადერთი, არაფრით არ შეიძლება ჩვენი ორი მოდელის გაერთიანება. ბევრი ვისაუბრეთ, რა მიზანს ისახავს გამოსაშვები გამოცდები, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ალბათ დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია უმაღლეს სასწავლებელში მიიღო ახალგაზრდა, რომელსაც საბაზისო უნარებს არ შეუმოწმებ, შეუძლია თუ არა პროდუცირება ან ლოგიკური ჯაჭვის აწყობა ამოცანის ამოხსნისას, კიდევ უამრავი რამ არის მნიშვნელოვანი. ავიღოთ, მაგალითად, უცხო ენის გამოცდა, რას ნიშნავს — ენას ფლობს, მხოლოდ და მხოლოდ, თუნდაც წაკითხულის გააზრებას შეუმოწმებ ან მხოლოდ გრამატიკას თუ ლექსიკას? არსებობს ბევრი სხვა რამ, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია ენაში, იქნება ეს მოსმენა, ლაპარაკი, წერითი ნაწილი თუ კითხვა. ლაპარაკის გარდა, ეროვნულ გამოცდებზე სამივეს ვამოწმებთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება მეოთხესაც თუ დავამატებთ, უბრალოდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლაპარაკის ნაწილი ჯერ მხოლოდ პედაგოგებთან გვაქვს. თუნდაც წერის გარეშე ან მოსმენის გარეშე შეუძლებელია ითქვას, რომ ახალგაზრდა, თუნდაც მინიმალურ დონეზე, ფლობს ენას. შეიძლება მომავალ ფილოლოგს ერთი წინადადება არ დააწერინო, ისე მიიღო უმაღლეს სასწავლებელში, ან მომავალ მათემატიკოსს თუ ფიზიკოსს ამოცანა არ ამოახსნევინო და თვალნათლივ არ ნახო, რომ ეს ადამიანი მათემატიკურად აზროვნებს და ამოცანას ხსნის?! მაშინ სულ მოვხსნათ გამოცდები, მე წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ ასე ხელოვნურად ამ ორი მოდელის გაერთიანება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.
საგამოცდო სისტემა ემსახურება თვითონ განათლების სისტემას და საფეხურებს. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა კონკრეტული საგამოცდო სისტემისგან, ეს ძალიან ნათელი და მკაფიო უნდა იყოს, თორემ თვითმიზანი და იდეაფიქსი ხომ არ არის, ახალი საგამოცდო მოდელის გამოგონება?! საგამოცდო სისტემა რაღაცას უნდა ემსახურებოდეს. თუ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ, რა გვინდა, ნამდვილად არ გაუჭირდება ჩვენს ორგანიზაციას ახალი საგამოცდო მოდელის მორგება. არ შეიძლება ჯერ საგამოცდო სისტემა შევცვალოთ და მერე ვიფიქროთ, რა ცვლილებები განვახორციელოთ საფეხურებზე. ეს მცდარი მიდგომაა.
წლების განმავლობაში, ჩვენმა ორგანიზაციამ უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა. როდესაც დადგა ამ საგამოცდო მოდელის საჭიროება, გავაკეთეთ, უკვე არაერთი მოდელი მოგვიმზადებია და მომავალშიც ასე იქნება. ოღონდ ბევრი წინაპირობა სჭირდება იმას, თუ როგორი იქნება ეს გამოცდები, ჩამოვყალიბდეთ საზოგადოება და ჩვენ მზად ვართ, ეს ყველაფერი გავაკეთოთ.
— პედაგოგების გამოცდებზე რას იტყოდით...
— 27 ათასამდე პედაგოგი იყო რეგისტრირებული, აქედან ნაწილი პრაქტიკოსი პედაგოგი იყო, ნაწილი — პედაგოგობის მსურველი. პედაგოგობის მსურველი აბარებდა გამოცდას, პრაქტიკოსი პედაგოგი ადასტურებდა კომპეტენციას. გამოცდაზე მესამედი არ გამოცხადდა, როგორც ყოველთვის. ამას, მე მგონი, არაფერი ეშველება, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ, როგორც წესი, რეგისტრირდებიან და მერე რატომღაც გამოცდებზე არ გამოდიან. შედეგები არის ის, რომ ყველამ, ვინც გამოვიდა პრაქტიკოსი პედაგოგი, დაადასტურა კომპეტენცია, მომავალი პედაგოგების გარკვეულმა ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი
|