გამოდის 1998 წლიდან
2010-11-22
რეალისტი სიცოცხლის ბოლომდე

"იყო დღეები, როცა იგი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მუშაობდა და არც კი სადილობდა. უკან დავდევდი ხოლმე, როგორც პატარა ბავშვს და ვეხვეწებოდი, ან ერთი ჭიქა რძე დაელია, ან მაწონი ეჭამა." (მიულბაუმი-გაბაშვილისა)

უდიდესი ქართველი მხატვრის – გიორგი (გიგო) გაბაშვილის დაბადებიდან 148 წელი გავიდა. ის 1862 წლის 9 ნოემბერს დაიბადა – თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომლის ივანე გაბაშვილისა და მდაბიო მოქალაქის თამარ ნარეკლიძის უკანონო შვილი იყო. ექვსი წლისას, მამა გარდაეცვალა, ოჯახს საშინლად გაუჭირდა. დედა ხელსაქმით არჩენდა გიგოს და მის უმცროს ძმას – ილიას. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ბავშვი ყოფილა – რეალურ სასწავლებელში მხოლოდ ხატვის, ტანვარჯიშის და გეოგრაფიის გაკვეთილებს ესწრებოდა. დანარჩენ დროს ქუჩაში დახეტიალობდა, მტკვარზე თევზაობდა, მეგობრებთან ერთობოდა. დედა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მხსნელად მეორე ქმარი მოევლინა, რომელმაც მკაცრად მოჰკიდა ხელი ბიჭების აღზრდას და მაშინვე შეამჩნია გიგოს ნიჭი… ათი წლის გიგო დედამ აღსაზრდელად თბილისში მცხოვრებ გერმანელს ფონ დერ ნენიეს მიაბარა, სადაც იგი მისივე ასაკის ორ სხვა ბავშვთან ერთად იზრდებოდა და გერმანულ და ფრანგულ ენებს ეუფლებოდა.
1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში. ამ დროს თბილისში ჩამოსული იყო ცნობილი ბატალისტი მხატვარი ფრანც რუბო, რომელიც მეფის მთავრობის შეკვეთებს ასრულებდა თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის. გაბაშვილი რაღაც პერიოდის განმავლობაში მისი ასისტენტი გახდა.
1886 წელს გიგო გაბაშვილის ოცნება ასრულდა და ის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი გახდა – მეცადინეობა დაიწყო პროფესორ ვილევალდეს ბატალურ კლასში. ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარს დიდ დახმარებას უწევდა ილია ჭავჭავაძე. შემონახულია წერილი, რომელიც გიგოს ილიასთვის გამოუგზავნია: "თქვენო ბრწყინვალებავ, ილია გრიგოლის ძევ, ჩემი დიდი ხნის სიჩუმე შეიძლება ხელოვნებაში ჩემი წარმატებით გავამართლო: ამ წელს დავამთავრე პროფესორ ვილევალდეს ბატალური კლასი დიდ ვერცხლის მედალზე, ეთნოგრაფიულ სურათში კი პატარა ვერცხლის მედალი დავიმსახურე. არ მინდოდა შემეწუხებინეთ და ამიტომ არ გეხმაურებოდით, მსურდა ჩემი ნაშრომებით და წარმატებებით გამემართლებინა თქვენი ჩემდამი ყურადღება. ახლა, როცა ყველაფერი მივიღე აკადემიისგან, რისი მიღებაც შეიძლებოდა ამ წელიწადს, გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ ტიფლისში ჩამოსვლაში, ამით საშუალებას მომცემთ ხელოვნების დიდი გზა გავაგრძელო. გზისთვის და ფერწერის აუცილებელი ხარჯებისთვის 200 მანეთი მჭირდება. ეს იქნება ჩემი უკანასკნელი თხოვნა, რომლითაც ვბედავ თქვენს შეწუხებას. იქნებ პასუხი დროზე გამომიგზავნოთ, რადგან თქვენმა წერილმა შეიძლება განსაზღვროს ჩემი გამომგზავრება 1-ლ აპრილამდე. საუკეთესო სურვილებით, თქვენი ერთგული მეგობარი გიგო გაბაშვილი"
ილია გიგოს ხშირი სტუმარი იყო, მასთან მეგობრობდა, ის საკუთარ მეგობრებსაც გააცნო. არტურ ლაისტი იგონებს: "დიღომში ილია ჭავჭავაძესთან ერთად წავედი მისი საკუთარი ეტლით… სადილობისას გაბაშვილის გვერდით ვიჯექი. ზოგიერთი მისი სურათი ნანახი მქონდა. ვურჩიე, მხატვრობაში გასავარჯიშებლად მიუნხენში პროფესორ ბრანდთან წასულიყო. ეს უკანასკნელი პოლონელი ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათებით იყო ცნობილი. გ. გაბაშვილმა მითხრა, პეტერბურგის პროფესორებმაც იგივე მირჩიესო. პატრიარქალური ცხოვრების ამსახველი ჟანრი, ჩემი ღრმა რწმენით, ძლიერ შეეფერებოდა მხატვარ გიგო გაბაშვილის ნიჭს. მან თავის შემოქმედებაში, სამწუხაროდ, ეს მხარე ძალიან ნაკლებად განავითარა და ხელი უფრო სხვა თემებს მოჰკიდა. რა სიმაღლეს მიაღწევდა ამ ჟანრში მისი ნიჭი იმ ტილოდან ჩანს, რომელზეც სამი თბილისელი მოქალაქეა გამოსახული. ეს სურათი დავით სარაჯიშვილის სახლში ინახებოდა… მახსოვს, 1903 წელს დავით სარაჯიშვილთან სტუმრობისას როგორი აღტაცებით უყურებდა ამ სურათს გერმანელი მეცნიერი და მწერალი გოტფრიდ მერცხბახერი…”
გიგო აკაკისთანაც მეგობრობდა. მისი პორტრეტის შექმნას ასე იხსენებს მხატვარი: "აკაკის პორტრეტზე 1908 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა და კოსტუმში ვხატავდი. შეთანხმებული ვიყავი მგოსანთან, რომ იგი რამდენჯერმე უნდა მოსულიყო ჩემთან. იმისთვის, რომ ნატურიდან დამემთავრებინა და შემდეგ დამოუკიდებლად მემუშავა პორტრეტზე. მაგრამ როდესაც მეორედ გამოცხადდა პოეტი სახელოსნოში, უკვე გვიანი შემოდგომა იყო, ზამთრის პირი და პალტო რომ გამეხადა, მოსალოდნელი იყო აკაკის გაცივება, ვინაიდან სახელოსნო არ თბებოდა, არადა, მე არ მინდოდა მისი პალტოში დახატვა. აკაკიმ კი დაჟინებით მოითხოვა, გინდა თუ არა ამ პალტოში უნდა დამხატოო, ეს პალტოა ჩემთვის დამახასიათებელიო. ბოლოს თავის ჩვეულ ხუმრობასაც მიმართა: "ნუთუ ვერ ხვდები, რატომ მინდა ამ ცუდ პალტოში დამხატო? ახლა სულ მალე ჩემი იუბილე იქნება და ცუდ პალტოში რომ მნახავენ, იუბილეზე ბევრ საჩუქრებს მომიტანებენო".
გიგო გაბაშვილმა ჯერ კიდევ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს მიიპყრო ყურადღება თავისი ნამუშევრებით. თბილისში კი მისი პირველი და საოცრად წარმატებული პერსონალური გამოფენა 1891 წელს მოეწყო. 1894 წელს რუბოს რჩევით გიგო მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხდება, მაგრამ იმედი უცრუვდება: "თავს ვიკლავ მუშაობით და ეს პირდაპირ აისახება ჩემს ჯანმრთელობაზეც" – წერდა იგი 1895 წელს დეკემბერში მხატვარ დავით გურამიშვილს. სხვა წერილებიდან ჩანს, რომ საერთოდ მიუნხენის სამხატვრო აკადემიას არ შეეძლო რაიმე ახალი მიეცა ისეთი ოსტატისათვის, როგორიც იყო გიგო გაბაშვილი. ამას კარგად გრძნობდნენ თვით აკადემიაშიც. "საშინლად მკიცხავენ მხატვრები, აკადემიაში რომ ჩავაბარე, მათ შორის აზენგუტიც. ბრაზობენ რუბოზეც, აკადემიაში ჩაბარება რომ მირჩია და თვით რუბომაც, როცა სახელოსნოში მეწვია, აღიარა, რომ არ ეგონა, რომ მე ასე ვმუშაობდი. ის გაოგნებული იყო ჩემი წარმატებებით".
გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილ. ჭავჭავაძე, 1907-1908; აკ. წერეთელი, 1913; გრ. ორბელიანი, 1913; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები ("უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი", ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი გენერალი", 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები ("მძინარე ხევსური", 1898; "მთვრალი ხევსური", 1899; "მთვრალი ხევსურები", 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი მოქალაქე", 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვ).
მისი "ბაზარი სამარყანდში", (1894 წ.) 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.
გიგო გაბაშვილს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მიეცა მომავალი თაობისთვის. 1897 წელს თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან ამ სკოლის დირექტორი იყო. გახლდათ თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.
მხატვრობის ყველა დარგი და ყველა ჟანრია მის შემოქმედებაში ასახული მეტ-ნაკლები სიძლიერით და, რაც მთავარია, ამ ჟანრების უმრავლესობის ფუძემდებლად თავად გვევლინება – ბატალური მხატვრობა და ნატურმორტი. მის სახელს უკავშირდება დამთავრებული ჟანრული და პეიზაჟური სურათების შექმნა, მაგრამ გაბაშვილის სტიქიას პორტრეტი წარმოადგენს. ამ ჟანრში ყველაზე სრულყოფილად გამოვლინდა მხატვრის ტალანტი და ოსტატობა..
მან შექმნა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და საქართველოს კუთხეების წარმომადგენელთა გამოსახულებები. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამუშევრების სერია: ხევსურული. მისი ხევსურები, პირველ რიგში, თავისუფლებისათვის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მებრძოლი ხალხია.
გამორჩეულია გაბაშვილის ციკლი თბილისური – (ძველი თბილისის ტიპები) "სამი მოქალაქე" (ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ცნობილი ნამუშევარი), "ხალიანი მოქალაქე", "მეყასბე" და სხვ.
თავის ნამუშევრებში მხატვარმა არ გვიჩვენა დროის სოციალური კონფლიქტები, მაგრამ ყველაფერი, რასაც ასახავდა, გაჟღენთილი იყო დიდი სიყვარულით თავისი ხალხის მიმართ. თავისუფალ დროს ის უბრალოდ იჯდა და იხსენებდა გარდასულ დღეებს. გასახსენებელი კი მართლაც ბევრი ჰქონდა და ჩვენც ბევრი დაგვიტოვა... გიგო გაბაშვილმა 2000-ზე მეტი სურათი, ეტიუდი და ნახატი შექმნა, რომელთა უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ცალკეული სურათები ინახება რუსეთის, ევროპისა და ამერიკის მუზეუმებში, ხოლო ნაწილი – კერძო კოლექციებში.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

25-28(942)N