2017-06-08 მომავალი განათლებაშია
ლალი ჯელაძე
კოალიციამ „განათლება ყველასთვის — საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა პირველად ხორციელდება საქართველოში და მასწავლებელთა პოპულარიზაციისაკენ მიმართული გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
„მომავალი განათლებაშია“ — ეს ეროვნული ჯილდოს კამპანიის სლოგანია და, ორგანიზატორების აზრით, ზუსტად გამოხატავს იმ მიზანს, რომელიც ამ ინიციატივას დაუსახეს. „ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია და ვფიქრობთ, ამ მომავლის გასაღები ხელში მასწავლებლებს უჭირავთ — გვითხრა ირინა ხანთაძემ, კოალიციის დირექტორმა, — შესაბამისად, რამდენადაც დავაფასებთ ამ პროფესიას, ხელს შევუწყობთ მის განვითარებას და ახალგაზრდების მოზიდვას, იმდენად წაიწევს წინ ჩვენი განათლების სისტემა და ის გამოწვევები, რაც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს, უფრო ადვილად დაძლევადი იქნება. ამიტომ ვუსახავთ ამ მიზანს ჯილდოს.“ რადგან ეროვნული ჯილდო, გლობალური ჯილდოს მიერაა აკრედიტებული და აფილირებული, ამიტომაც ორგანიზატორები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას სწორედ მათგან მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჯილდოს მფლობელს მეტი შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს და დაწინაურდეს გლობალურ კონკურსში, „თუმცა ეს, თავისთავად, არანაირ გარანტიას არ გულისხმობს“ — ამბობენ კოალიციაში.
წლევანდელი, რიგით პირველი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინანსური მხარდამჭერები არიან: ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი და ტელეკომპანიები — „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამარჯვებული მასწავლებელი კამპანიის გენერალური სპონსორის, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილის მიერ დაწესებულ 10 000 ლარს მიიღებს. თუმცა, როგორც რევაზ აფხაზავამ განაცხადა, საპრიზო ფონდი ღიაა და იმედია, კიდევ უფრო გაიზრდება. მისი აზრით, მთავარი ჯილდო მაინც საუკეთესო მასწავლებლად აღიარებაა.
„ამ დღისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჯილდო გახდეს მთლიანად საზოგადოებრივ-სახალხო პროექტი, რომელშიც არა მარტო მასწავლებლები ჩაერთვებიან, არამედ ფართო საზოგადოებაც. იმედს ვიტოვებ, რომ წელს ფეხბედნიერი იქნება ეს პროექტი, მაგრამ ამით არ დამთავრდება, ჩვენ გვექნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდო — 2018,19, 20 და ა.შ. პროექტი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება.“ — ამბობს ირინა ხანთაძე.
ლია გიგაურმა საქართველოს მასწავლებლებს მიულოცა, მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, წარმატებით დასრულებული ჯილდოს დაწესება. „ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, შევუერთდეთ მასწავლებლების გლობალურ ჯილდოს, რომელშიც მრავალი ქვეყნის მასწავლებელი მონაწილეობს. მოგეხსენებათ, საკმაოდ სოლიდური პრიზია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ, პრიზთან ერთად, ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და პროფესიის პრესტიჟის ზრდას განაპირობებს, თითოეულ მასწავლებელს უჩენს მოტივაციას, გახდეს ბევრად უკეთესი და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. გლობალური კონკურსის საწყისი ეტაპი სწორედ ეროვნული ჯილდოა. დღევანდელი პრეზენტაციიდან ვიღებთ სტარტს რეგიონებში, სადაც წარვადგენთ პროექტს და თითოეულ მასწავლებელს გავაცნობთ იმ კრიტერიუმებსა და პირობებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ იმისათვის, რომ გახდნენ ეროვნული ჯილდოს მონაწილე. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მასწავლებელს და ჩვენს ქვეყანას, რომ მომავალ წელს, გლობალურ ჯილდოზე, თუნდაც ათეულში, მოხვდეს საქართველოდან წარდგენილი მასწავლებელი.
გლობალურ ჯილდოს დაწესებული აქვს კრიტერიუმები, ინდიკატორები, რომლითაც აფასებს მასწავლებელს, შესაბამისად, ჩვენ მივყვებით სწორედ მათ მიერ დადგენილ სტანდარტებს. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ძალიან ობიექტური. პროექტის მიზანი არ არის იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ მასწავლებელი თავის საქმიანობას კარგად ასრულებს. მისი მიზანია ლიდერი, ინიციატივის მქონე, ნოვატორი მასწავლებლების გამოვლენა, იმ მასწავლებლების, რომლებიც პროფესიას ავითარებენ ადგილზე, საკლასო ოთახში.“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ დაწესებულებაში. კონკურსანტების რეგისტრაცია ვებგვერდზე — www.tprize.ge — 31 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, 17 წევრისაგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიური დაკომპლექტებულია: განათლების სპეციალისტების, სამეცნიერო/სასწავლო წრეების წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკუთარ პროფესიაში წარმატებული ადამიანებისგან.
ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
მნიშვნელოვანია, მასწავლებელი სწავლებისას იყენებდეს და ნერგავდეს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აქედან გამომდინარე — სწავლის შედეგებსაც. ყურადღება ექცევა სასწავლო ტექნოლოგიების ინოვაციურ გამოყენებას ან არასტანდარტული სწავლების ტექნიკის გამოყენებას; მოსწავლეების აღჭურვას საკვანძო ცხოვრებისეული უნარებით და მათ მომზადებას სწრაფად ცვალებადი, მრავალფეროვანი, თანამედროვე სამყაროსათვის, სადაც მათ მოუწევთ განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა, რაც სასწავლო პროცესში ღირებულებითი განათლების ინტეგრირებითაა შესაძლებელი. ასევე, კონკურსის კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მასწავლებლის როლი და მონაწილეობა სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება. თავისთავად, მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მასწავლებელი ადასტურებდეს მასწავლებლის კომპეტენციას და ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე.
პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განაცხადების შერჩევა ოთხ ეტაპად მოხდება: ტექნიკური შემოწმება, ჟიურის/აკადემიის შეფასება, პირისპირ ინტერვიუ და ადგილზე შემოწმება და ჟიურის დისკუსია. პირველ ეტაპზე განაცხადების ტექნიკურ შემოწმებასა და გადარჩევას განახორციელებს ორგანიზატორთა ტექნიკური პერსონალისგან შემდგარი ჯგუფი. მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებს განახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ჟიური-აკადემია. ტექნიკური შემოწმებისას ტექნიკური კომიტეტი შეამოწმებს ყველა შემოსული განაცხადის შესაბამისობას ტექნიკურ მოთხოვნებთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სისრულეს, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
მეორე ეტაპზე გადასული განაცხადები გაივლიან ჟიურის შეფასებას შინაარსობრივ კრიტერიუმებთან მიმართებით. აპლიკაციები შეფასდება ქულობრივად, თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით. თითოეული აპლიკაცია შეფასდება, მინიმუმ, 2 შემფასებლის მიერ. ქულების დაჯამების შემდეგ შეირჩევა 10 საუკეთესო კანდიდატი. თანაბარი ქულების შემთხვევაში, გაიმართება დისკუსია და, ჟიური 10 საუკეთესო განმცხადებელზე შეთანხმდება.
პირისპირ ინტერვიუები და ადგილზე შემოწმებები კონკურსის მესამე ეტაპია და ამ ეტაპზე, ჟიური გამართავს პირისპირ ინტერვიუებს 10-ეულის წევრებთან. გასაუბრებების შემდეგ, კონსენსუსის საფუძველზე, მონიტორინგისთვის, შეირჩევა 5 კანდიდატი.
საორგანიზაციო ჯგუფის წევრებისაგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს თითოეულ შერჩეულ კანდიდატს: დასაქმების ისტორიის გადამოწმება, შეხვედრები თემის წარმომადგენლებთან, კოლეგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, რეკომენდატორებთან. მონიტორინგის ჯგუფი ასევე განახორციელებს ონლაინ შემოწმებას: საჯარო ინფორმაციის მოძიება, პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, აქტივობა სოციალურ მედიაში და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დამტკიცდება და გამოქვეყნდება 5 ფინალისტის ვინაობა. მეოთხე ეტაპზე, 5 ფინალისტს შორის, ჟიურის განხილვის საფუძველზე, წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება. გამარჯვებულის ვინაობა საჯაროდ საზეიმო ცერემონიაზე გამჟღავნდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მიიჩნევს, რომ საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა არ გაძნელდება, რადგანაც სისტემაში ბევრი პროფესიონალი მასწავლებელი ეგულება. „მართლა ძალიან კარგი საქმე კეთდება ჯილდოს დაფუძნებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა არ გაგვიძნელდება, რადგან ბევრი პროფესიონალი მასწავლებელი მეგულება სისტემაში, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ჯილდოსთვის ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას, მაგრამ ეს ჯანსაღი კონკურენციაა. შემდეგ გამარჯვებული საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯილდოს დაფუძნებით საერთაშორისო მოძრაობის წევრები ვხდებით, ვუერთდებით გლობალურ ჯილდოს, რომელიც ყოველწლიურად ატარებს კონკურსს და ავლენს გამარჯვებულ მასწავლებელს. წელს გამარჯვებული კანადელი მასწავლებელი გახდა და იმედია, მომავალში ქართველი თუ არ გაიმარჯვებს, ხუთეულში მაინც შევა. ასე რომ, წინ ძალიან სერიოზული პერიოდი გველის. დიდი მადლობა კოალიციას ასეთი საინტერესო ინიციატივისთვის. დიდი ხანია, ამ მიმართულებით ვაპირებდით ნაბიჯის გადადგმას და, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, სიამოვნებით ვუერთდებით მოძრაობას, როგორც თანადამფუძნებლები.
ჩვენი მიზანი და ამოცანაა, კონკურსი მაქსიმალურად გახსნილად ჩატარდეს, იმ წესების და კრიტერიუმების დაცვით, რომლებიც საერთაშორისო კრიტერიუმებთან იქნება თანხვედრაში. ასე რომ, ჩვენ არა მარტო ქართველ პრეტენდენტს ვირჩევთ ამ კონკურსით, არამედ ვაძლევთ მანდატს და ვეუბნებით, რომ ის ონკურენტუნარიანია საერთაშორისო მასშტაბით და კონკურენციას გაუწევს კოლეგებს საერთაშორისო მასშტაბით. დიდ იმედებს ვამყარებთ და ვნახოთ, როგორ გამოგვივა, ერთობლივი ძალებით ჩვენ ამას შევძლებთ.“
მარიამ ჯაშმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაწესება არაჩვეულებრივ ინიციატივად შეაფასა: „სლოგანი — „მომავალი განათლებაშია“ — კიდევ უფრო ნათელს ხდის ამ ინიციატივის მიზანს. ჯერ კიდევ გვყავს საკმაოდ დიდი არმია პედაგოგებისა, რომლებიც არ ღალატობენ მთავარ ფასეულობებს და ერთგულებას საკუთარი პროფესიის მიმართ. ეს პრიზი გახდება არაჩვეულებრივი საწყისი იმისა, რომ გაიზარდოს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟი, მით უმეტეს, როცა გამარჯვებულს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა, რაც კიდევ უფრო დიდი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება. მინდა მადლობა გადავუხადო არა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ახალ ნოვაციებს გვთავაზობენ განათლების სისტემაში, არამედ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კოალიციას — „განათლება ყველასათვის — საქართველო“, ეს არის კრიტიკული, მაგრამ პოლიტიკურად მიუკერძოებელი, არასამთავრობი სექტორის მაგალითი. ასეთი არასამათავრობო და საზოგადოებრივი სექტორი გვჭირდება ბევრად უფრო მეტი ყველა მიმართულებით. გულწრფელი მადლობა მათ ასეთი არაჩვეულებრივი მაგალითისთვის.“
განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარემ მაია კობახიძემ განაცხადა: „რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთი კონკურსი, ერთი ღონისძიება ან ერთი ჯილდო ძირეულად შეცვლის არსებულ ვითარებას, მაგრამ ვფიქრობ, პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“. მისი აზრით, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე ზრუნვა კიდევ უფრო საჭირო და აქტუალური ხდება იმ ფონზე, „როდესაც ჩვენს ქვეყანაში პედაგოგის პროფესია ყველაზე არაპრესტიჟული და დაბალანაზღაურებადი გახდა, თავად პედაგოგი კი საყოველთაო კრიტიკის საგნად იქცა. დამეთანხმებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესება დროული და უმთავრესი გადაწყვეტილებაა და ძალიან სასარგებლო ინიციატივა. სახელმწიფომ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, დროა, რადიკალურად შეცვალონ დამოკიდებულება პედაგოგის პროფესიის მიმართ. დღეს განათლების სისტემაში არსებული სირთულეების პედაგოგებზე გადაბრალება მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედეგებს იწვევს და, რაც მთავარია, მათ მოტივაციაზე და მუშაობის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
ასევე მინდა განვაცხადო ისიც, რომ მასწავლებლის ღირსების და ავტორიტეტის ამაღლება პირდაპირ კავშირშია ამ პროფესიის პროპაგანდასთან. ამიტომაც, კარგად უნდა დავგეგმოთ და მოვიფიქროთ კომპლექსური ღონისძიებები, რომ ამ მიმართულებით გავაუმჯობესოთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.“
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჟიურის წევრი მაგდა მაღრაძე ეროვნული ჯილდოს დაწესებას ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივად მიიჩნევს და ამბობს, რომ: „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო პირველი კონკურსია საქართველოში, რომელიც დაეხმარება მათ, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ჯილდოს კონკურსში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოიზიდავს იმ წარმატებულ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ქვეყნებმა დააფასეს და დააჯილდოვეს. საერთაშორისო კონკურსში იმარჯვებს ერთი მასწავლებელი, რომელიც საუკეთესოა თავის სფეროში. ეროვნული ჯილდო ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის დაფასებას, რაც საქართველოში ისეთ დონეზე არ არის, როგორც უნდა იყოს. განათლების შეფასებებშიც არ გვაქვს ისეთი სახარბიელო შედეგები, ჩვენი მოსწავლეები საერთაშორისო შეფასებებში მაღალ დონეზე ვერ არიან და ხშირად ეს სწორედ მასწავლებლების გამოა. თუ გვინდა, სწავლა-სწავლების ხარისხი სკოლებში უფრო მაღალი იყოს და ჩვენი მოსწავლეები უფრო წარმატებულები იყვნენ, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესია უნდა დაფასდეს, სწორედ ამ საკითხის წამოწევას შეუწყობს ხელს კონკურსი.
კონკურსი, თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან კომპლექსური მიდგომით წარმოდგენილი ჯილდოა, რომლის კრიტერიუმები არა მხოლოდ სწავლა-სწავლების ხარისხს, არამედ საზოგადოებრივ საქმიანობაში მასწავლებლის მონაწილეობას შეაფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ჟიურის წევრი ვარ და საშუალება მექნება, გამოვავლინო საუკეთესო მასწავლებელი. საქმე საკმაოდ შრომატევადი იქნება. იმედი გვაქვს, ბევრი მასწავლებელი გააკეთებს განაცხადს ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის.“
მაია კობახიძე, რომელიც ასევე ჟურის წევრია, ამბობს, რომ ჟიურის დანარჩენ წევრებთან ერთად, წინ რთული სამუშაო ელოდებათ, რადგანაც კონკურსი, თავისი შინაარსით, რთულია. „მაგრამ ამისთვის მზად ვარ და, რაც მთავარია, ვიქნებით მაქსიმალურად ობიექტურები,“ — ამბობს ქალბატონი მაია და, ორგანიზაციის სახელით, ჩვენი გაზეთის საშუალებით, წინმსწრებ განცხადებას აკეთებს: „ნახევარფინალში მოხვედრილი ათი მასწავლებელიც იმსახურებს ჯილდოს და პროფკავშირები ამ ათ მასწავლებელს, ხოლო შემდეგ ფინალში მოხვედრილ 5 მასწავლებელს, სპეციალური პრიზებით დააჯილდოებს.“
პრეზენტაციაზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი და ვებგვერდი — www.tprize.ge, რომელზეც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირება.
„დღევანდელ პრეზენტაციამდე რამდენიმეთვიანი საკმაოდ რთული საორგანიზაციო პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა არც დღეს მთავრდება საორგანიზაციო სირთულეები, რადგან კიდევ უფრო ინტენსიურ მუშაობაზე გადავდივართ,“ — განაცხადა რევაზ აფხაზავამ და მოუწოდა მასწავლებლებს, მონაწილეობა მიიღონ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში, რომლის გამარჯვებულიც 5 ოქტომბერს დასახელდება და, ავტომატურად, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე გახდება. რაც მთავარია, ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მასწავლებლის პროფესიის განვითარება მომავალთან მჭიდრო კავშირშია. „გვინდა, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რატომ უნდა ვაფასებდეთ მასწავლებელს,“ — განაცხადა ირინა ხანთაძემ.
|