გამოდის 1998 წლიდან
2010-11-17
გელათის აკადემია

გელათის აკადემია, ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, დაარსდა 1106 წელს, გელათის მონასტერთან, დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ შეკრიბა სწავლული ქართველები. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტ რ ი ვ ი უ მ ი ს (გეომეტრია _ `ქვეყნის საზომლოЎ~, არითმეტიკა _ `რიცხუნი~, მუსიკა _ `სამუსიკო~) და კ ვ ა დრ ი უ მ ი ს (ფილოსოფია სამი სახის _ `საქმითი, მხედველობითი და განსიტყუელობითი~, რიტორიკა სამი სახის _ `თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა~, გრამატიკა და ასტრონომია _ ვარსკვლავთმრიცხველობაЎ~) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
სხვადასხვა დროს გელათის აკადემიაში მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმის ძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი. გელათის აკადემიაში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა.
გელათის აკადემია თავისი სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობით იმდროინდელ კულტურულ სამყაროში არსებულ სახელგანთქმულ სამეცნიერო ცენტრებს უსწორდებოდა. იგი სათავეში ედგა საშუალო საუკუნეების ქართული კულტურის განვითარებას. გელათის აკადემიას ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი, მოძღვართ-მოძღვარი, ანუ რექტორი, რომელიც სახელმწიფოში უდიდესი გავლენით სარგებლობდა. ქართული კულტურის დიდმა მოამაგემ, მეფე დავითმა, გელათში მოიწვია გამოჩენილი ქართველი მეცნიერები საქართველოს ყველა კუთხიდან და საზღვარგარეთიდან. გაჩაღდა მრავალფეროვანი ფილოსოფიურ-ლიტერატურული მუშაობა, რომელსაც, პირველ ხანებში, სათავეში ედგნენ დიდი მეცნიერები და ფილოსოფოსები _ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვეთა გადმოცემით, გელათი გადაიქცა `ყოვლისა აღმოსავლისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღუარად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა.~ გელათის აკადემია საქართველოში ადრეული რენესანსის (ჰუმანიზმის) იდეოლოგიური ცენტრი გახდა.
გელათის აკადემიასთან, რომელმაც ოთხ საუკუნეზე მეტ ხანს იარსება, დაკავშირებული იყვნენ სხვა ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც: იოანე შავთელი, არსენ კათალიკოსი, პეტრე გელათელი, ანტონი (მე-13 ს.), საბა (მე-14 ს.), ილარიონი (მე-16 ს.), მანასე (მე-16 ს.) და ბევრი სხვა. აქ დაიწერა და ითარგმნა მრავალი ნაწარმოები. შეიქმნა ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ბევრი შედევრი. გელათშივე არსებობდა ოქრომჭედლობის მსოფლიოში განთქმული სკოლა. ამ სკოლის ატესტაციისათვის საკმარისია დავასახელოთ საქვეყნოდ ცნობილი ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომლის კარედიც აქ დამზადდა.
ბაგრატის ტაძარი, გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი და გეგუთის სასახლე ხელოვნების ის ძეგლებია, რომლებიც მიმართულებას აძლევდნენ შუა საუკუნეების ქართული ეროვნული კულტურის განვითარებას. ხოლო გელათის აკადემიის მეცნიერული მემკვიდრეობა ქართული კულტურისა და ხელოვნების, ქართველი ერის მაღალი ინტელექტუალური შემოქმედების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგაც კულტურული ცხოვრება ქუთაისში არ შეწყვეტილა. მწიგნობრულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-ლიტერატურული ინტერესები აქ საკმაოდ ძლიერი იყო.
დავით აღმაშენებელმა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სულიერი სფეროს გარდაქმნას მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება. შემთხვევით არ უწოდებია მისთვის ანტონ კათალიკოსს `მეფე ფილოსოფოსი~. დავით აღმაშენებელმა იცოდა, რომ სულიერი ცხოვრების გადაქმნის გარეშე შეუძლებელი იყო გონივრული პოლიტიკური კურსის განხორციელება. ამიტომაც იპყრობს მისი მოღვაწეობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას რუის-ურბნისის საეკლესიო კრების საკითხი. ეს იყო ჰუმანიტარულ ღირებულებებზე აგებული გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში XII-XIII საუკუნეებში მომხდარ სოციალურ-პოლიტიკურ ძვრებს. დავით აღმაშენებელმა საეკლესიო კრებას ურთულესი საკითხი გადააწყვეტინა _ თანამდებობიდან დაითხოვეს მაღალი რანგის საეკლესიო პირები, რომლებიც `გვარიშვილობით~ და `მამულობით~ იყვნენ დაწინაურებული. მათ ნაცვლად დააწინაურეს პიროვნებები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი მაღალი ღირსებით, ცოდნითა და განსწავლულობით. ეს იყო ეპოქალური გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე გაუგონარ ამბავს წარმოადგენდა. მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოში პირველი ვეზირობა სწორედ მწიგნობართუხუცესს მიაკუთვნა.
გაერთიანებულ საქართველოს მეცნიერების ცენტრი სჭირდებოდა და დავით აღმაშენებელს ამ მიზნის სამსახურში ესახებოდა გელათის აკადემია. იგი საქართველოში საერო და სასულიერო მეცნიერების ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც მეცნიერების ყველა დარგს აერთიანებდა. გელათის აკადემია გაერთიანებული საქართველოს ცენტრალურ სამეცნიერო დაწესებულებად ითვლებოდა, რომელზე დაყრდნობითაც სამეფო ხელისუფლების განსაკუთრებული მზრუნველობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა. გარდა შვიდი სამეცნიერო-სასწავლო დარგისა, რომელიც აქ ისწავლებოდა, დავით აღმაშენებელმა გელათში კიდევ ობსერვატორია და სამედიცინო დაწესებულება _ ქსენონი დააარსა. ასე ესმოდა `მეფე ფილოსოფოსს~ მე-12 საუკუნეში მეცნიერული მართვის ორგანოს _ გელათის აკადემიის დანიშნულება.
გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური და ლიტერატურული ნაშრომი. აქ თარგმნა იოანე პეტრიწმა ბერძნული ენიდან ქართულად არისტოტელეს, ი. ფლავიოსის, პ. დიადოხოსის, ნ. ემესელის და სხვათა თხზულებანი და შრომები. აქვე თარგმნა არსენ იყალთოელმა `დიდი სჯულის კანონი~...
გელათის სამეცნიერო სკოლის მეშვეობით საქართველოში იქმნებოდა შესანიშნავი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ნაშრომები ქრისტიანული აზროვნებისა, ამ სკოლაში ინერგებოდა თანამედროვე ბიზანტიის უმაღლესი სკოლის ტრადიციები, ქართველი სწავლულები ესწრაფვოდნენ ძველი ბერძნული და ბიზანტიური მწერლობის ნაშრომების თარგმნას ქართულ ენაზე. გელათის აკადემიაში თავს იყრიდა მე-12 საუკუნემდე თარგმნილი ნაშრომები, აქ იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები. თუ რა შემოქმედებით დონეს მიაღწია გელათის სკოლამ, ამაზე ის ლიტერატურული მემკვიდრეობა მეტყველებს, რომელიც ხელნაწერი წიგნების სახითაა შემონახული. მტკიცე საფუძველი ჩაეყარა მწიგნობრულ საქმიანობას, რომელიც ინტენსიურად გრძელდებოდა XII-XVI საუკუნეებში.
გელათის აკადემიამ მე-16 საუკუნემდე იარსება, მაგრამ მწიგნობრული საქმიანობა შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა. ქუთაისის ისტორიული მუზეუმი გელათის აკადემიის ერთ-ერთი მემკვიდრე გახდა. ფასდაუდებელი განძი, რომელიც აქ შეიქმნა, ხელნაწერთა ფონდში დავანდა. ხელნაწერთა ფონდიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ქართული ხელნაწერი წიგნები. აქ სულ 700-მდე ხელნაწერი წიგნია დაცული, მაგრამ ზოგიერთი მათგანის მნიშვნელობა სცილდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. მათი მეცნიერული ღირებულება ფასდაუდებელია არა მარტო საქართველოს ისტორიისა და კულტურული წარსულის შესასწავლად, არამედ მეზობელი და მახლობელი ქვეყნების კულტურის ისტორიის შესწავლისათვისაც მე-10 საუკუნიდან დაწყებული მე-19 საუკუნის ჩათვლით. ეს ხელნაწერი წიგნები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან არის შემოსული მუზეუმში; მათ შორის მეცნიერული ღირებულებითა და რაოდენობრივი სიმდიდრით გელათური ხელნაწერი წიგნები გამოირჩევა.
ძველი ქართული დამწერლობის თვალსაზრისით დიდად საყურადღებოა სახარება-სამოციქულო (#176), რომელიც შესრულებულია ეტრატზე ასომთავრულით მე-11 საუკუნის დასაწყისში.
ხელნაწერთა ფონდში დაცულია ხუთტომიანი მეტაფრასული აგიოგრაფიული კრებული, რომლის მეცნიერული მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურის თვალსაზრისით მეტად დიდია. ეს კრებული მე-11 საუკუნის ბიზანტიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა იოანე ქსიფილინოსმა შექმნა. მან კრებულში მოათავსა მთელი წლის აგიოგრაფიული ტექსტები, აქედან 5 თვის (სექტემბრიდან იანვრამდე) მე-10 საუკუნეში იყო გაკეთებული სიმონ ლოღოფეტის მიერ, ხოლო დანარჩენი (შვიდი თვის _ თებერვლიდან აგვისტომდე) კრებულის ავტორმა ი. ქსიფილინოსმა გადაამეტაფრასა. მაგრამ კრებულის ბერძნული ვარიანტი დაიკარგა, ამიტომ ეს მწერალი უცნობი იყო მეცნიერებისათვის. საბედნიეროდ შემოინახა კრებულის ქართული თარგმანი, გადაწერილი მე-16 საუკუნეში გელათში, რომელშიც 1912 წელს აკად. კ. კეკელიძემ ი. ქსიფილინოსის ანდერძი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენამ მაშინ დიდი სენსაცია გამოიწვია, როგორც რუსეთის, ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში, გაირკვა რომ ს. ლოღოფეტის მიერ დაწყებული საქმე 100 წლის შემდეგ ი. ქსიფილინოსს გაუგრძელებია. ამჟამად ხუთივე ტომი დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში (#1-5); ამათგან #1 ხელნაწერში მოთავსებულია ი. ქსიფილინოსის ანდერძი.
ი. ქსიფილინოსის აგიოგრაფიული კრებულის ცალკეული ტექსტები დაცულია აგრეთვე გელათის 10 ხელნაწერში _ ზოგი ეტრატზეა დაწერილი, ზოგი _ ქაღალდზე (XIII-XVIII სს). მსოფლიო ლიტერატურის თვალსაზრისით ამ ძეგლებსაც დიდი მეცნიერული ღირებულება აქვთ.
ხელნაწერთა ფონდში დაცულია მე-11 საუკუნის ქართველი მწერლის ექვთიმე ათონელის მიერ ბერძნულიდან ქართულად გადმოთარგმნილი იოანე ოქროპირის ეგზეგეტიკური ნაშრომი _ `თარგმანებაЎ მათეს სახარებისაЎ~ (2 წიგნი) და `თარგმანებაЎ იოანეს სახარებისაЎ ~ (1 წიგნი). სამივე ხელნაწერი (#3 19, 20, 21), დიდტანიანია, ეტრატზეა შესრულებული და დათარიღებულია: # 19 ხელნაწერი 1047 წელს ეკუთვნის, #20 _ 1048 წელს, ხოლ ო #21 _ 1053 წელს. ეს ხელნაწერები იმ მხრივაა საყურადღებო, რომ აქ მოცემულია ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ძეგლების უძველესი და სწორი ქართული ტექსტები. ერთ ხელნაწერს (#20) დართული აქვს ექვთიმე ათონელის მამის, იოანეს ვრცელი ანდერძი, რომელშიც აღნიშნავს, რომ მან თავისი შვილი ექვთიმე განსწავლა ბერძნული ენიდან ქართულად წიგნების გადმოსათარგმნად.
ქართული კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდმნიშვნელოვანია მე-13 საუკუნის ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი (#22). წიგნში შესულია მეტად საყურადღებო ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. ამ ხელნაწერში მოთავსებულია მე-11 საუკუნის შესანიშნავი ქართველი მეცნიერისა და პოეტის ეფრემ მცირეს მიერ ბერძნულიდან ქართულად გადმოთარგმნილი მხატვრული ძეგლი _ `ასმუხლედი~ _ გრიგოლ ნაზიანელისა. ამ თარგმანის გარდა ხელნაწერში შეტანილია მე-12 საუკუნის პოეტის იოანე შავთელის აკროსტიხული ლექსი `გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი~, რომელიც წარმოადგენს ლიტურგიკული წესით დაწერილ სამადლობელ იამბიკოს ღვთისმშობლის პატივსაცემად.
ქართული მწერლობის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე ეფრემ მცირეს ეგზეგეტიკური ნაშრომი, `თარგმანებაЎ ფსალმუნთაЎ~ (#29). ხელნაწერთა ფონდში ინახება მე-12 საუკუნის მოაზროვნის არსენ იყალთოელის მიერ გელათში ბერძნულიდან ქართულად გადმოთარგმნილი დიდი `სჯულის კანონის~, ოთხი ხელნაწერი წიგნი (##17, 25, 26, 465); აქედან ორი ნუსხა (##17, 25) გადაწერილია მე-13 საუკუნეში. ამ ნუსხებში დაცულია `სჯულის კანონის~ ძველი და სწორი ქართული ტექსტი. მომდევნო ორი ნუსხა მე-18 საუკუნეშია გადაწერილი, აქვეა არსენ იყალთოელის მიერ შედგენილი დოგმატიკურ-პოლემიკური კრებული _ `დოგმატიკონი~, რომელშიც თავმოყრილია ბერძნულიდან გადმოთარგმნილი დოგმატიკურ-ფილოსოფიური და პოლემიკური ძეგლები (#15, 23, 24,). მათ შორის #23 ხელნაწერი წიგნი ეტრატზეა დაწერილი მე-13 საუკუნეში, ხოლო #24 მე-14 საუკუნისაა; ორივე ნუსხაში მოცემულია `დოგმატიკონის~ ძველი და სწორი ქართული ტექსტი. #15 ხელნაწერს დართული აქვს მინაწერი, რომლითაც დავით აღმაშენებელი იძლევა ცნობას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა არსენი `დოგმატიკონზე~ შიომღვიმის მონასტერში. აქ ინახება მე-12 საუკუნის დიდი ფილოსოფოსის იოანე პეტრიწის მიერ ბერძნულიდან ქართულად გელათში გადმოთარგმნილი ოისიპოს ფლავიოსის ყველაზე ძველი ნუსხა სახელწოდებით `წიგნი ჰურისა~, რომელიც მე-16 საუკუნეშია გადაწერილი, აგრეთვე იოანე პეტრიწმა შექმნა თხზულება `ნემესიოს ემესელისა~, თხზულება `ბუნებისათვის კაცისა~. XIV ს-ში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი `გარიგება Јელმწიფის კარისა~ და საისტორიო წყარო `გელათური ქორონიკონი~.
ხელნაწერთა ფონდში ინახება საქართველოს ლიტურგიკული პრაქტიკის მიერ სპეციალურად შემუშავებული საღვთისმეტყველო წიგნების კრებული _ `გულანი~. სულ დაცულია 4 ნუსხა (##16, 38, 440, 596), მათ შორის ##16, 596 ხელნაწერები გადაწერილია გელათში; პირველი _ მე-17 საუკუნეში ქუთაისის მთავარეპისკოპოსის სვიმონ ჩხეტიძის შეკვეთით, ხოლო მეორე _ მე-16 საუკუნეში დასავლეთ საქართველოს კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის შეკვეთით (მოცულობით #16 ნუსხა 2406 გვერდს შეიცავს). დამწერლობით ქუთაისის მუზეუმის `გულანის~ ხელნაწერები უაღრესად საყურადღებო ძეგლებია.
ჩამოთვლილი ძეგლების უმრავლესობა გელათური ხელნაწერი წიგნებია და მათი გაცნობით ცხადი ხდება ის კულტურულ-მწიგნობრული საქმიანობა, რომელიც გაჩაღებული იყო გელათის აკადემიაში XII-XIV საუკუნეებში. გასაგები ხდება, თუ რატომ უწოდებდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გელათს `მეორე იერუსალემს~ და `სხვა ათინს~. ეს ძეგლები საპატიო ადგილს იკავებენ მსოფლიოს ლიტერატურულ ძეგლებს შორის.
გელათში მოღვაწე იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის (ვაჩეს-ძე) პიროვნული დავის შედეგად ერთი კარგი და დიდი საქმე გაკეთდა. არსენი გადავიდა აღმოსავლეთში, კახეთში, თავის მომხრეებთან ერთად, სადაც დააარსა იყალთოს აკადემია XII საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებლის დროს. აქედან გამომდინარე, იყალთოს აკადემია გელათის აკადემიის პირმშოა.

ლია გაბუნია
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ახალი და უახლესი განყოფილების კოორდინატორი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი

9(783)N