2016-12-15 ინგლისური ენის საღამოები
მაკა ყიფიანი
„ძვირფასო მეგობრებო!
ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი გიწვევთ ინგლისური ენის საღამოებზე.
საღამოებს ჩვენი ამერიკელი სტუმარი, ჯედ გურლი, ენის შემსწავლელი ამერიკული კლუბ „ბორბლის“ დირექტორი გაუძღვება.
ბატონი ჯედი განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია. ის, უკვე ორი წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებით და საუბრებით ასწავლის. დასწრება თავისუფალია.“
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ განცხადებამ ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა. ინგლისური ენის შესასწავლად, ყოველ კვირა დღეს, 5 საათზე, ახალგაზრდები ეროვნულ ბიბლიოთეკაში იკრიბებიან.
მაია სიმონიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი: „ანგლო-ამერიკულ დარბაზში პერიოდულად მკითხველებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ვაწყობთ. ძირითადად, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როდესაც მკითხველებს შენობაში ყოფნა ურჩევნიათ, ერთი სემესტრი ფილმებს ვაჩვენებდით, მეორე სემესტრი ინგლისურის გაკვეთილებს ვატარებდით. ახლაც ვეძებდით, ვინ დაგვთანხმდებოდა შეთავაზებაზე, რომ ჩვენი მკითხველებისთვის ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მიგვეცა.
ეს უკვე მესამე პროექტია, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით დავიწყეთ. ფეისბუქში აღმოვაჩინეთ ბატონი ჯედ გურლი, განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატი, რომელიც საქართველოში მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს და ინგლისურის სასაუბრო კლუბს „Cartwheels“ ხელმძღვანელობს. მას მივმართეთ შეთავაზებით, რომ მკითხველებისთვის, კვირაში ერთ დღეს, ჩვენს დარბაზში, ინგლისურის საღამოები გაგვემართა. ბატონი ჯედი დაგვთანხმდა და ასე დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები პროფესიულ დონეზე ტარდება და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ როგორც ფილმების, ისე სავარჯიშოების, თამაშებისა და მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით, სახალისო ფორმატში ისწავლონ ან გაიუმჯობესონ ენის ცოდნა. პროექტთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოგვეხმაურნენ სოფელ წილკანიდან და ოცმა ადამიანმა გამოთქვა სოფლიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის შესასწავლად სიარულის სურვილი. ბატონი ჯედი თანახმაა, მათაც შეასწავლოს უცხო ენა. რა თქმა უნდა, თუ მათი ტრანსპორტირების საკითხი მოგვარდება, მათთვის ინგლისური ენის გაკვეთილებს ცალკე დანიშნავს. ახლა ვეძებთ საშუალებას წილკანის მაცხოვრებლების დახმარებისთვისაც.“
ჯედ გურლი, ამერიკელი პედაგოგი: „საქართველოში ინდიანას შტატიდან ჩამოვედი. ჩემი სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს. სახელი „ინდიანა“ ინდიელთა მიწას ნიშნავს. იქ ბევრი ფერმაა. ჩემს ქალაქში, კროუფორდსვილში (Crawfordsville), 40 000 მოსახლე ცხოვრობს.
მასწავლებლის ოჯახში აღვიზარდე — მამა სკოლის დირექტორია, დედა და ჩემი და- ძმები, ყველანი პედაგოგები არიან. უმაღლესი განათლება კალიფორნიის უნივერსიტეტში მივიღე. მე და ჩემმა მეუღლემ, რენემ ერთმანეთი უკრაინაში გავიცანით. ჩემი მეუღლე 16 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად უკრაინაში წავიდა და იქაურ მოქალაქეებს ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარებოდა. მანამდე რენე, დედასთან ერთად, აფრიკაში ცხოვრობდა და იქ იზრდებოდა. ამჟამად, ჩემი მეუღლის დედა ინგლისურ ენას უნგრეთის უნივერსიტეტში ასწავლის.
ორი წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, პირველად დავტოვე ამერიკა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამოგზაუროდ წამოვედი. პირველად ჩავედი კიევში, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ვმუშაობდი, რამდენიმე მოქალაქეს კერძო ბიზნესის წამოწყებაში დავეხმარე; შემდეგ ყირგიზეთში გადავედი, სადაც დიპლომატიურ საქმიანობას ვეწეოდი. საქართველოში პირველად მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. თქვენმა ქვეყანამ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად მომხიბლა. ჩამოსვლამდე თითქმის არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ, არ მქონდა არანაირი მოლოდინი და შესაბამისად, არ ვიცოდი რა დამხვდებოდა. ახალი შთაბეჭდილებებისთვის გახსნილი ვიყავი. ჩემთვის გასაოცარი იყო იმის აღმოჩენა, თუ რამდენად განვითარებულია თქვენი ქვეყანა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით. ქართველები კარგად ფლობთ და იცით თანამედროვე მიღწევების გამოყენება. საქართველო ძალიან ახლოსაა ევროპულ ფასეულობებთან.
მე ხუთი შვილი მყავს და, პირველ რიგში, ვაკვირდები ქვეყანას, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, შესაბამისად ჩემს შვილებს, ოჯახს, როგორ პირობებში, გარემოში მოუწევთ ცხოვრება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც ჩემს ოჯახს ვანდობ. ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა აქაური ადამიანები, აქ თბილი და გახსნილი ურთიერთობებია, რაც მე ძალიან მომწონს. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია. მომწონს მისი ხალხმრავალი უბნები, ადამიანებთან თბილი და გახსნილი ურთიერთობები.
როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიპლომატიის შესასწავლად დავდიოდი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე პედაგოგიური საქმიანობა დამეწყო, ადამიანებს რაიმეთი დავხმარებოდი, უმრავლესობას ინგლისური ენის შესწავლა უნდოდა. ინგლისური ენის სწავლება ადამიანებთან ურთიერთობას მიმარტივებს კიდეც. მით უმეტეს, ჩემი ოჯახის პედაგოგიური გამოცდილებიდან მეც ბევრი ვისწავლე. მინდოდა უფრო ახლოს გამეცნო ადგილობრივი ადამიანები, ენის არცოდნა კი ბარიერს ქმნიდა. ინგლისური ენის შესწავლა იყო ის, რისი მიცემაც და დახმარებაც მათთვის შემეძლო.
ინგლისური ენის სწავლებას სოციალურად კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ადამიანები, რომლებიც ჩემთან ენის შესასწავლად მოდიან, ერთ უბანში ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ. ინგლისურის გაკვეთილებზე ხდება მათი გაცნობა და დაახლოება, რაც ხელს უწყობს მათ დამეგობრებას. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული მეთოდით ვასწავლი. ვასწავლი სასაუბრო ინგლისურს, მეტყველებას, ვცდილობ გავითვალისწინო ყველა ტიპის მსმენელი და გამოვიყენო მათთვის სასურველი მეთოდები. ზოგი ადამიანი სწავლობს კეთებით, ზოგი — ყურებით, ზოგიც კი — მოსმენით.
ჩემი შვილები ქართულ სკოლაში დადიან და შესაბამისად, ქართულ განათლებას იღებენ. მათ კარგად იციან რუსული ენა, რადგან გარკვეული პერიოდი ყაზახეთში ვცხოვრობდით. რაც შეეხება ქართულ სკოლებს, აქ ბევრი რამ დასახვეწია. დილის და საღამოს ცვლებით მივხვდი, რომ თბილისში სკოლების დეფიციტია. ამერიკაში მოსწავლეები სკოლაში დილის 8 საათიდან შუადღის 3 საათამდე არიან. საშინაო დავალებას სკოლაში ასრულებენ, საკვები მათთვის უფასოა და ჯანსაღი. კარგი იქნებოდა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეები უფრო მეტ დროს თუ გაატარებენ, ეს მათი სოციალიზაციისთვის ძალიან კარგია. სკოლებში მოსწავლეებისთვის საკვები უფასო და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი უნდა იყოს.
მე, როგორც მამა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში აქტიურად ვარ ჩართული და შვილების ყველა ინტერესს ვითვალისწინებ. არის შემთხვევები, როცა მათ დედის აზრი მეტად აინტერესებთ, ვიდრე ჩემი. ზოგ საკითხში მათთვის ჩემი მოსაზრება უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები ხედავდნენ, რომ მამა დედას კარგად ექცევა და პირიქით. ისინი ჩვენგან სწავლობენ ადამიანებთან ურთიერთობებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ბავშვებს დავანახოთ თუ როგორ გვიყვარს ერთმანეთი, პატივს ვცემთ და ვეხმარებით ერთმანეთს, ყურადღებას გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ იმისთვისაც, რომ შვილებმა ისწავლონ თანატოლებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. საინტერესოა, რომ ჩვენი შვილები სწორედ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისა და მუშაობის დროს გაჩნდნენ. ვცდილობთ, მათ სამყარო და ადამიანი უყვარდეთ.
მე მოხალისე პედაგოგი ვარ, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ინგლისური ენის შესწავლა უფასოა. ეს შემოწირულობის საფუძველზე ხდება. ვისაც საშუალება აქვს, იხდის, ვისაც არა, ჩვენ ვეხმარებით. ჩვენ გვყავს მეგობარი ოჯახი ამერიკაში, რომელიც ფინანსურად გვეხმარება იმისთვის, რომ ბინა ვიქირაოთ და არსებობის საშუალება გვქონდეს. დამატებით ფუფუნებისთვის არ ვითხოვ ფულს, ღმერთს და საკუთარ საქმიანობას ვეყრდნობი.
ზაფხულში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ქალაქგარეთ გავდივართ და საქართველოში ვმოგზაურობთ. ქართველი მოსწავლეები მეგზურობას მიწევენ. თქვენი ქვეყანა ტურისტული ქვეყანაც არის და ისინი ინგლისურად სწავლობენ ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის შესახებ საუბარს. ეს, რა თქმა უნდა, ინგლისური ენის გამყარებაში და გარკვეული უნარების განვითარებაში ეხმარება მათ.“
თამარ ხაჩიძე, 119-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე: „მე და ჩემმა მეგობარმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ ინგლისური ენის გაკვეთილების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. დღეს პირველად ვარ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, მსგავსი მეთოდებით ინგლისური ენის შესწავლა ძალიან შემიწყობს ხელს ენის დაუფლებაში.“
სოფო ხოხაშვილი, 119-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე: „მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება ინგლისური ენის უფასო გაკვეთილებს დავესწროთ. დღეს გაკვეთილზე ჩემს მეგობრებთან ერთად მოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი ახალი უცხო სიტყვა მოვისმინე და ჩავინიშნე კიდეც. უცხო ენის ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებით და საუბრებით შესწავლა გაცილებით ეფექტურია.“
თამარ ღლონტი, სტუდენტი: „ინგლისური ენის გაკვეთილები ძალიან მომწონს. ძირითადად ბრიტანულ ინგლისურთან მქონდა შეხება და კარგია, რომ ამერიკული ინგლისურის დაუფლების საშუალებაც მომეცა. მართლაც არაჩვეულებრივი მეთოდია მსგავსი გაკვეთილებით უცხო ენის შესწავლა. პედაგოგები ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან. იმედი მაქვს, ჩემს ცოდნასა და მეტყველების უნარებს გავაუმჯობესებ.“
***
მათ, ვისაც სურვილი აქვს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ინგლისური ენის საღამოებს შეუერთდეს, ვაცნობებთ, რომ წინასაშობაო გაკვეთილი 18 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. მომავალი წლიდან, საღამოებზე ახალ მსურველებსაც ელოდებიან.
|