2016-11-10 ცვლილებები ხარისხიანი უმაღლესი განათლებისთვის
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი, განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებისთვის ხელშეწყობასთან ერთად, მოსწავლეთა, სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა თუ აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილებისთვის, სწავლის, კვლევისა და დასაქმებისთვის მოქნილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მექანიზმების შექმნაა.
განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ იხვეწება, ვითარდება და იცვლება ცენტრის პრიორიტეტები. სწორედ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ გვესაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე.
— რას დაასახელებთ მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ?
— უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სიახლეები. სიახლეების კუთხით საინტერესო იყო ბოლო თვე, რადგანაც დასრულდა მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სააპელაციო საბჭო, რომელიც ახალი რგოლია ჩვენს სისტემაში და ამავდროულად, განახლდა ყველა არსებული საბჭოს შემადგენლობა.
რა თქმა უნდა, ავტორიზაციის სტანდარტი, შესაბამისი პროცედურებით, წლების განმავლობაში მოქმედებდა საქართველოში და ამ კუთხით საკმაო გამოცდილებაც აქვს ცენტრს, მაგრამ, გარკვეულ ეტაპზე, დადგა მისი გადახედვის საჭიროება, რადგან ამ სტანდარტით ვერ მოხერხდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა იმ დონეზე, რასაც ველოდით, თუმცა, მანამდე არსებული ბევრი პრობლემა გადაიჭრა. ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პირველ რიგში, გავაკეთეთ რამდენიმე სახის შეფასება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. შევისწავლეთ საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის 13 საუკეთესო ქვეყნის გამოცდილება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცენტრისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უშუალო მონაწილეობით, შეიქმნა ახალი სტანდარტი, რომელიც პირდაპირ მოდის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტთან და, რომელიც, უკეთესად უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის მონიტორინგს, ზოგადად, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.
— რა განსხვავებაა შეფასების ახალ და ძველ მეთოდებს შორის?
— აქამდე ჩვენ გვქონდა 3 სტანდარტი, რომელიც, ძირითადად, საგანმანათლებლო საქმიანობის ინფრასტრუქტურულ, ადამიანურ, მატერიალურ რესურსებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს აფასებდა. ახლა გვაქვს, კანონით დამტკიცებული 7 შეფასების სტანდარტი. განსხვავება ისაა, რომ თვითონ სტანდარტები გაიმიჯნა, დაკონკრეტდა და მივიღეთ უკეთესი სურათი, სადაც მკაფიოდ ჩანს რას ვაფასებთ და რა მეთოდოლოგიას ვიყენებთ; მეორე განსხვავება — შეფასების ახალი სტანდარტი და პროცედურები აღარ არის ორიენტირებული მხოლოდ რესურსის შეფასებაზე, რაც მთავარია, რესურსებთან ერთად, ის შეაფასებს თვითონ პროცესს, როგორ მიმდინარეობს ამ რესურსების უტილიზაცია საგანმანათლებლო პროცესში ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე და რა შედეგზე გადის სასწავლებელი ავტორიზაციის ციკლის ბოლოს. შეფასებაში იგულისხმება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული გეგმა, კვლევითი კომპონენტი და მისი ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში, რა თქმა უნდა პროგრამების დაგეგმვის მეთოდოლოგია, ხარისხი და მდგრადობა, ინფრასტრუქტურა, ძირითადი და დამხმარე საშუალებები, ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო რესურსები, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალი, მმართველი ორგანოები და მართვის სისტემა. გაჩნდა ახალი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტის მხარდამჭერ სერვისებს — რამდენად უწყობს ხელს სასწავლო დაწესებულება სტუდენტს სრულფასოვანი განათლების მიღებასა და შემდგომ დასაქმებაში. ეს აუცილებლად უნივერსიტეტების გასაკეთებელი საქმეა. სწორედ აქ უნდა შეფასდეს, რამდენად კარგად არის სტუდენტი აღჭურვილი იმ უნარ-ჩვევებით, რასაც შრომის ბაზარი ითხოვს და რამდენად ახერხებენ კურსდამთავრებულები მიღებული ცოდნისა და სპეციალობის მიხედვით დასაქმებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები უნივერსიტეტს აუცილებლად დასჭირდება შემდეგი პროგრამების დაგეგმვისთვის — შინაარსის ცვლილების, პროგრამის ჩანაცვლებისა თუ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისას.
— სწავლების გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაა. ამ კომპონენტს რა დოზით ითვალისწინებს ახალი სტანდარტი?
— რა თქმა უნდა, ჩვენ ცალკე ვაფასებთ კვლევით კომპონენტს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელს. ასეთი შეფასების საშუალება ადრე არასოდეს გვქონია. ახალი სტანდარტის ამოქმედებით ჩვენ გვეცოდინება, რამდენად მზად არის სასწავლო დაწესებულება, თავისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსებით, კვლევითი საქმიანობისთვის, რამდენად დაახლოებული ან ინტეგრირებული იქნება ეს კვლევები საგანმანათლებლო პროცესში. ცხადია, ყველა სახის უნივერსიტეტს თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სხვადასხვა დოზით მოეთხოვება კვლევების განხორციელება. ამიტომაც აღვნიშნე, კარგია, რომ სტანდარტები გაიმიჯნა და დაკონკრეტდა, თითოეულს აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმები.
— როცა განხილვა დასრულდება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი საბოლოო სახეს მიიღებს, როგორი იქნება მისი დანერგვის მექანიზმი?
— ავტორიზაციის პროცესის მხარდასაჭერად შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს მთელი ამ პროცესის ერთ სისტემაში მოქცევას. მოქმედი პროცედურების ფარგლებში გვაქვს გარკვეული პრობლემები, მაგალითად, საქმის წარმოების ნაწილში, როდესაც დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი განცხადებები ხელით გადაისინჯება. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული ადამიანს რაიმე შეეშალოს ან გამორჩეს. არადა ეს ინფორმაცია შემდგომში სჭირდება ექსპერტს, რომელიც გარე შეფასებას ახორციელებს და წარმოადგენს დასკვნას. როგორ ხორციელდება უშუალოდ შეფასება, რას ითვალისწინებს ექსპერტი და რას არა, რამდენად აქვს შემუშავებული ერთგვაროვანი მიდგომა და ა.შ. მთელი ეს პროცესი — განცხადებები, დასკვნები დამუშავებული მოხვდება ერთ პროგრამაში, რომელზეც წვდომა ექნება საბჭოს წევრს, რომელიც თავისი შეფასების კრიტერიუმებით შეძლებს მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, რომელ სტანდარტთან მიმართებაში რა სახის პრეტენზია აქვს, რას ითხოვს დამატებით და საკუთარი არგუმენტირებული გადაწყვეტილება პროგრამაში ასახოს. ეს მინიმუმამდე დაიყვანს იმ შეცდომების რაოდენობას და სუბიექტურ მიდგომას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც სამწუხაროდ, არაერთხელ ჰქონდა ადგილი.
— ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სააპელაციო საბჭოს შექმნა თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელოვან სიახლედ შეაფასეთ, რატომ?
— დიახ, ეს ახალი რგოლია. როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინტერესდნენ, რა გვაქვს შესაბამისობაში მოსაყვანი, რომ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ (რაც ნიშნავს მეტ სანდოობას, ევროპული სტანდარტის თანაზიარობას და ყველა იმ სიკეთესთან წვდომას, რაც ჩვენს პარტნიორ ევროპულ ქვეყნებს აქვთ) და ამ კუთხით შეფასდა ცენტრის საქმიანობა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური მიმართულება, მათ შორის, გასაჩივრების მექანიზმი, რომელიც ცენტრის შიგნით არ ფუნქციონირებდა. ამის გამო, ერთადერთი ადგილი, სადაც აპლიკანტს (საგანმანათლებლო დაწესებულებას) შეეძლო მიემართა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო. თუ გავითვალისწინებთ სფეროს სპეციფიკას, ადვილი წარმოსადგენია, როგორ ყოველმხრივ პრობლემურია ეს გზა. არადა შესაძლოა ძალიან ბევრი რამის გამო არ დაეთანხმოს დაწესებულება საბჭოს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, არც ექსპერტის დასკვნას, რომლის საფუძველზეც საბჭომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და სადაც ასახულია სტანდარტის ხარვეზები და დარღვევები, რაც გამოსწორებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას გულისხმობს და არა ავტორიზაციის მინიჭებას. არის შემთხვევები, როცა ექსპერტისგან განსხვავებით უნივერსიტეტს საკუთარი არგუმენტები აქვს და ამტკიცებს, რომ აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს. ეს თემები შინაარსობრივი ხასიათისაა და პროფესიულ დონეზე სამსჯელო, რომელსაც სასამართლო, ძირითადად, პროცედურულ დონეზე განიხილავს ხოლმე.
როგორც მოგახსენეთ, სააპელაციო საბჭო სრულიად ახალი რგოლია და სამომავლოდ, შესაძლოა ბევრი რამის დახვეწა და განვითარება გახდეს საჭირო. როცა ვქმნიდით ამ საბჭოს, ბევრი ვიფიქრეთ, რა ფუნქცია მიგვენიჭებინა მისთვის — სწორი იქნებოდა თუ არა მას ჰქონოდა წინა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების უფლება. ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე გამართული კონსულტაციებისა და უცხოური გამოცდილების გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ სააპელაციო საბჭოს ექნება ორგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება — განხილვის შემდეგ იგი ან დაეთანხმება წინა საბჭოს გადაწყვეტილებას ან შესაბამისი არგუმენტაციის საფუძველზე განსახილველად დაუბრუნებს, ხოლო თუ გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსთვის წარმოდგენილი არგუმენტაცია საკმარისი არ აღმოჩნდება და ძალაში დატოვებს თავის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში, აპლიკანტი მიმართავს სასამართლოს. მიმაჩნია, რომ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან კარგია, როცა პროფესიულ დონეზე შეიძლება სადავო საკითხების განხილვა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამის უზრუნველყოფა ხშირადაა დავის საგანი. მაგალითად, სტანდარტი, ამა თუ იმ პროგრამის განსახორციელებლად, ითხოვს სრული დატვირთვის მქონე პროფესორს (მოთხოვნა განპირობებულია პროგრამის მდგრადობის უზრუნველსაყოფად), ხოლო უნივერსიტეტი ირჩევს მოწვეულს და ასაბუთებს იმით, რომ, ამ შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად, ის უპირატესობას პრაქტიკოს სპეციალისტს ანიჭებს. დავის საგანიც ესაა — რომელი უფრო უზრუნველყოფს პროგრამის მდგრადობას, კრიტერიუმების შესრულება თუ მეტი მოქნილობა. ახალი სტანდარტი არჩევანის შეფასების საშუალებას მოგვცემს — ეს კი რადიკალურად სხვა მიდგომაა.
სააპელაციო საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც 11 წევრისგან შედგება. მასში წარმოდგენილია სახელმწიფო და კერძო სექტორები, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი უფლებამოსილება ერთწლიანი ვადით განისაზღვრება, ხოლო თავმჯდომარედ ირჩევენ საბჭოს ერთ-ერთ წევრს. ამჯერად ამ ფუნქციას თსუ-ს პროფესორი აპოლონ სილაგაძე შეასრულებს.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სააპელაციო საბჭოს მთავარი ფუნქცია ფორმალურ დარღვევებზე ყურადღების გამახვილება კი არა, გადაწყვეტილებების შინაარსობრივი განხილვა და შეფასება იქნება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია და უთუოდ შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, შესაბამისად, მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას.
— პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამების კუთხით თუ გვაქვს რაიმე სიახლე?
— ეს მიმართულება ცენტრის საქმიანობის ამოსავალი წერტილია. სხვა დაწესებულება, რომელიც ამაზე იზრუნებს, არ არსებობს. ახლა ძალიან სერიოზული პროცესი მიმდინარეობს — ჩვენი საკვალიფიკაციო ჩარჩოს ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებლად გასაკეთებელია. იმდენად გაზრდილია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, რომ თუ არ გასწორდა ჩვენი საკვალიფიკაციო ჩარჩოს ხარვეზები, პრობლემები ექნებათ საზღვარგარეთ სწავლისა თუ მუშაობის მსურველებსაც და საერთაშორისო სტუდენტებსაც, რომლებიც უკვე არც ისე ცოტაა საქართველოში. სწორი კვალიფიკაციების განსაზღვრა და შესაბამისი დირექტივებით პროგრამების განხორციელება პირდაპირ არის ხარისხიანი განათლებისა და პროფესიის მიღებასთან დაკავშირებული, რაც შემდგომ დასაქმებაში აისახება. პრობლემა იმაშიც არის, რომ ჩარჩოს ხარვეზის გამო, სხვა ქვეყნებს უჭირთ საქართველოში მიღებული განათლების აღიარება. კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით საყურადღებოა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეში საქართველოს ინტეგრირების ნაწილში. რომ შევაჯამოთ, საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ეს საქმე დროულად და კვალიფიციურად დავასრულოთ. ამ მიმართულებით დიდი წილი სამუშაოსი უკვე შესრულებულია და განათლების სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, დარჩენილ განსახილველ საკითხებზე შეთახმების შემდეგ, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოც თანხვედრაში მოვა ევროპულ დოკუმენტთან, რაც ავტომატურად მოხსნის ბევრ პრობლემას.
— ქალბატონო თამარ, სიახლეები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება. რას იტყვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიული განათლების შესახებ, აქაც ხომ არის პრობლემები განათლების ხარისხის კუთხით?
— გეთანხმებით, თუმცა პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე პროგრამებისა და სტანდარტების დახვეწის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა მოდულური სწავლების პროგრამისა და დუალური მიდგომის მოსინჯვა, რაც ერთდროულად გულისხმობს სწავლასა და მუშაობას; ძალიან აქტიურად შემოვიდა ამ სფეროში დამსაქმებელი (სოციალური პარტნიორი), რაც უმაღლეს განათლებაშიც გვინდა რომ დავნერგოთ. ახალი პროგრამებისა და მიდგომის განხორციელების მიზნით აღდგა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა პროფესიული სასწავლებლები და ა.შ.
რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სიახლე სტანდარტებთან მიმართებაში, ჯერჯერობით, არ გვაქვს. თუმცა, მუშავდება მონიტორინგის ახალი სისტემა, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურს — სკოლას, პროფესიულ განათლებას და უმაღლეს განათლებას, მისი ამოქმედება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სწორედ შეფასების კუთხით, მათ შორის, სკოლების შეფასებისთვის.
სამომავლოდ კი ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენი ცენტრის შიგნით მოსაგვარებელია, თანამედროვე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, ასახულია ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც გასაცნობად და განსახილველად გავუგზავნეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მათგან ველოდებით რეკომენდაციებს. შევთანხმდებით პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიმართულებებზე და უფრო მიზანმიმართულად შევუდგებით მის განხორციელებას. ასე რომ, გვაქვს ხედვა და გეგმა იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი. სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, დროა საჭირო, რომ შედეგი ვნახოთ. თუმცა პროცესი საკმაოდ დინამიურია და იმედი მაქვს, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ და თანმდევი ხელშეწყობის მექანიზმების მეშვეობით, ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ თავიანთი სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტის, ხარისხიანი განათლების მიცემას.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი
|