2016-06-16 დირექტორობიდან ლიდერობამდე 15 აგვისტოდან „ლიდერობის აკადემია“ ამოქმედდება და 1850-მდე დირექტორს პირველი საფეხურის გავლის შესაძლებლობა მიეცემა. აკადემია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ერთ-ერთი ნაწილია და მიზნად ისახავს სკოლის დირექტორთა გადამზადებას.
რა ტიპის მოდულებისგან შედგება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ლიდერთა პროფესიული განვითარების სამსაფეხურიანი კურსი და როგორ მიიღწევა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის საბოლოო მიზანი — არსებული დირექტორებისგან შექმნან სკოლის დირექტორთა სასწავლო ლიდერები და მმართველები — ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ირინა აბულაძე:
— რას ნიშნავს „ლიდერობის აკადემია“, ორი სიტყვით გვითხარით მისი კონცეფციის შესახებ.
— „ლიდერობის აკადემია“ იმ დიდი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიულ განვითარებას გულისხმობს. „ლიდერობის აკადემია“ უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ყველა საჯარო სკოლის დირექტორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას სამ ეტაპად. თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგების ციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, ასევე ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგს. საერთო ჯამში, დირექტორები, 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, პროფესიული განვითარების 200-საათიან, საკონტაქტო თუ არასაკონტაქტო აქტივობებს განახორციელებენ.
დღევანდელი მონაცემებით, აგვისტოში, დაახლოებით, 1850-მდე დირექტორი გაივლის ლიდერობის აკადემიის პირველ საფეხურს, რომელიც სამი მოდულისგან შედგება. საერთო ჯამში კი, სამივე საფეხური 11 მოდულს აერთიანებს.
— რას ეხება მოდულები?
— პირველი საფეხურის სამი მოდული, რომელიც 15 აგვისტოდან 25 აგვისტომდე ჩატარდება, ეხება 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლებს, წარმატებული დირექტორისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მათ შორის, თუ როგორ უხელმძღვანელოს თანამედროვე სკოლას, რას ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და შესაბამისი გარემოს შექმნა, როგორ გააანალიზოს და დაამუშაოს მონაცემები და მასზე დაფუძნებით შექმნას სკოლის განვითარების გეგმა, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება სკოლაში და განახორციელოს ეფექტური კომუნიკაცია განსხვავებულ აუდიტორიასთან. ამასთანავე, შეძლოს სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვა, ჰქონდეს უახლესი ცოდნა სკოლის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
ტრენინგების პირველი ნაწილი უფრო მეტად ზოგადმენეჯერული საკითხებისგან შედგება, თუმცა, რასაკვირველია, ისევე, როგორც დანარჩენ მოდულებში, ცენტრალური ადგილი უჭირავს სკოლას. აღნიშნულ გრძელვადიან კურსს ეწოდება „მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა სკოლაში“, რომელიც შეგვიძლია შემდეგნაირად შევაჯამოთ: დირექტორების მიერ გავლილი ყველა მოდული, ისევ და ისევ, უკავშირდება იმას, რომ მათი ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ადგილზე განახორციელებენ, იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული.
შემდეგ საფეხურებზე განხორციელდება მოდულები, რომლებიც ეხება გაზიარებულ ლიდერობას, სასწავლო ლიდერობას, შეფასებასა და მონიტორინგს, სხვადასხვა გაკვეთილის შეფასებისათვის საჭირო სტრატეგიებსა და უნარ-ჩვევებს, ინკლუზიური გარემოს შექმნას სკოლებში, სასწავლო თემის განვითარებას, მშობელთა ჩართულობას და სხვა აქტუალურ საკითხებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სკოლას ეხება და კურსი, იქნება არა ზოგადად ლიდერობაზე, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მაქსიმალურად ეფექტიან მართვაზე.
ჩვენი ინტერესია, არსებული დირექტორებისგან, რომელთაც სურთ და მოტივირებულები არიან, ამ მიმართულებით გააგრძელონ საქმიანობა, შევქმნათ სკოლის სასწავლო ლიდერი, მმართველი, და არა ზოგადად მენეჯერული უნარების მქონე ადამიანი. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სკოლებში დირექტორის როლის გაზრდაა. გასაგებია, რომ ამ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ სასწავლო ნაწილიც და სკოლის დანარჩენი პერსონალიც, თუმცა, უპირველეს ყოვლისა — დირექტორი. სწორედ ის უნდა გახდეს საგანმანათლებლო ლიდერი სკოლაში. „ლიდერობის აკადემიის“ სამივე საფეხურის მოდულები სწორედ ამაზეა აგებული.
— ვინ ქმნის და ვინ ატარებს მოდულებს?
— პროგრამას მხარდაჭერას „აირექსის“ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი უწევს. ეს ორგანიზაცია, კარგა ხანია, საქართველოში მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად, სწორედ მათი ექსპერტები არიან ჩართულები მოდულების შექმნაში. მოდულების ავტორებმა უკვე გაიარეს სერტიფიცირება და გადამზადდნენ. რაც შეეხება ტრენერებს, მათი მომზადება სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ტრენერთა მომზადების ერთ-ერთი მოკლევადიანი გზაა „ტრენერთა სკოლის“ მიერ განხორციელებული ტრენინგები, რომელიც უკვე დაიწყო. „ტრენერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში განხორციელდა. საბოლოოდ შეირჩა 300-მდე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან ორ წლამდე ტრენერობის გამოცდილება აქვს, ხოლო მათთვის, ვისაც 2-წლიანი ან მეტი გამოცდილება აქვთ, შედარებით მოკლევადიანი სატრენინგო კურსი შევიმუშავეთ. მომზადების შემდეგ, სწორედ ეს ტრენერები გაუძღვებიან ტრენინგების კურსს.
— პროექტი მხოლოდ მოქმედი დირექტორების გადამზადებას გულისხმობს, ექნებათ თუ არა პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათ, ვინც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში დაიკავებენ ამ პოზიციას?
— ჩვენ არ ვმონაწილეობთ დირექტორების მომზადების პროცესში, მხოლოდ მათ გადამზადებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, სამომავალოდ, უკვე შექმნილი და კარგად აპრობირებული ტრენინგ-მოდულები შევთავაზოთ დირექტორობის მსურველებს. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ უნივერსიტეტებთან, რომლებსაც განათლების ადმინისტრირების პროგრამები აქვთ და, რეალურად, პოტენციურ დირექტორებს ამზადებენ. პრინციპში, დირექტორები სწორედ ასეთი აკადემიური პროგრამის დასრულების შემდეგ ხდებიან ან თვითონ სკოლის წიაღიდან მოდიან, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ — ეს შიდა კონკურენციის თემაა. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც განათლების სისტემაში დაინერგა, ალბათ, ამასაც შეუწყობს ხელს, რადგან მასწავლებლის მეოთხე საფეხური — მენტორი — ისეთ მასწავლებელს გულისხმობს, რომელსაც პედაგოგობის კარგი გამოცდილება და, ამასთან ერთად, ლიდერობის უნარ-ჩვევებიც აქვს. ამდენად, საფეხურებრივი წინსვლა მასწავლებელს ხელს შეუწყობს, გაუჩნდეს დირექტორობის სურვილი. ეს, ცოტა ხანში, ბევრად უფრო თვალსაჩინო გახდება და ვფიქრობ, მასწავლებლებიც, კარიერულ წინსვლასთან ერთად, გაცილებით უკეთ გამოავლენენ თავიანთ უნარ-ჩვევებს.
სამივე საფეხურის დასრულების შემდეგ პროექტიც დასრულდება, მაგრამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფარგლებში მისი განხორციელების იდეა ისიც იყო, რომ დარჩეს მზა პროდუქტად და მის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებული იქნება, ხოლო პირველი ეტაპი — გავლილი და გამოცდილი. ამის შემდეგ, თუკი სისტემაში ახალი კადრები შემოვლენ, ცენტრი პროექტს, საკუთარი სახსრების ფარგლებში, უკვე მზა მოდელით გააგრძელებს.
— რეალურად როდის გვეყოლებიან ლიდერობის სკოლაგავლილი დირექტორები?
— დირექტორი, რომელიც პროგრამაში აგვისტოში ჩაერთვება, „ლიდერობის აკადემიის“ სამივე საფეხურს 2018 წლის შემოდგომისთვის დაასრულებს. ვინაიდან ტრენინგები, საათობრივი თვალსაზრისით, ხანგრძლივია და ბევრ დროს მოითხოვს, ძირითადად, არდადეგების პერიოდში დაიგეგმება, რათა დირექტორები სასკოლო პროცესს არ მოვწყვიტოთ. ცენტრი უზრუნველყოფს სატრენინგო ჯგუფების დაკომპლექტებას და მაქსიმალურად ვეცდებით, ისე დავაჯგუფოთ დირექტორები, რომ ლოკაციები მათთვის, გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს. თითოეული ჯგუფი დაახლოებით 25 დირექტორისგან დაკომპლექტდება და სესიას ორი ტრენერი გაუძღვება. რაც მთავარია, ტრენინგი იქნება ინტერაქტიული და არა სალექციო ტიპის.
— რა მექანიზმით შეფასდებიან დირექტორები?
—პროექტში მონაწილე დირექტორებმა, საბოლოო ჯამში, „ლიდერობის აკადემიის“ დასრულების შემდეგ, სერტიფიკატები უნდა მიიღონ. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით დავადგენთ, რამდენად წარმატებით გაიარა თითოეულმა მონაწილემ „ლიდერობის აკადემიის“ ეტაპები. რაც შეეხება გრძელვადიან შედეგს — რა შეცვალა პროექტმა სკოლაში და როგორ განახორციელა თითოეულმა დირექტორმა კურსის გავლის შედეგად მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში — ეს უფრო ეფექტის შეფასებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იზომება. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ერთად, პარალელურად, ვმუშაობთ შეფასებისა და მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც სწორედ ამ შედეგებს გაზომავს. ასე რომ, პროექტის საბოლოო შედეგებიც გვექნება, მაგრამ უფრო მოგვიანებით, რადგან ცვლილებების განხორციელება ერთ დღეში არ ხდება, გარდა ამისა, ბევრი სხვა ფაქტორია, რომელიც წარმატებას თუ წარუმატებლობას განაპირობებს. მაგალითად, შეიძლება დირექტორს ძალიან ეფექტურად განეხორციელებინა ცვლილებები, მაგრამ გარემო ფაქტორები არ აძლევს ამის შესაძლებლობას. სკოლები მაინც სამინისტროზე დამოკიდებული სსიპ-ებია და ყველას განსხვავებული ბიუჯეტი აქვს, ამიტომ ცვლილებების განსახორციელებლად ყველა დირექტორს თანაბარი გარემო არ ექნება და არ ეყოლება ერთნაირად ძლიერი მასწავლებელთა გუნდი. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასების და მონიტორინგის დროს, ინდიკატორების იმგვარად განსაზღვრა, რომ ყველა ეს ფაქტორი იქნეს გათვალისწინებული. თუმცა, აუცილებლად უნდა გავზომოთ ისიც, თუ რა ეფექტი მოიტანა იმ ფინანსურმა რესურსმა, რომელიც პროექტისთვის დაიხარჯა. ასე რომ, პროექტის მონაწილე დირექტორები მხოლოდ მსმენელების როლში არ იქნებიან. ჩვენი მთავარი მიზანია მათი შემდგომი მიღწევები სკოლის მართვაში.
— დირექტორებისთვის პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თუ სავალდებლო, შეუძლია თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პროექტში მონაწილეობა?
— პროექტი საჯარო სკოლების მოქმედი დირექტორებისთვის არის გათვალისწინებული, ნებაყოფლობითია და რაიმე აქტი, რომელიც აიძულებს მას პროექტში ჩართვას, არ არსებობს. თუ ვიმსჯელებთ იმ გამოხმაურებებით, რომელიც დღეს გვაქვს, მოლოდინი დიდია. რაც შეეხება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს — ჩვენი აზრით, მათ უნდა მიეცეთ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს გამონაკლისი შემთხვევებიც: თუკი რომელიმე დირექტორი, რაიმე მიზეზის გამო, გამოაკლდება პროექტს და მის ადგილს დაიკავებს სხვა, მათთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი ლიდერობის აკადემიის ფარგლებში, თუმცა, ასეთი ჯგუფი მხოლოდ წლის დასაწყისში დაკომპლექტდება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|