2016-06-09 MCC მთავარ ორიენტირს ხარისხზე აკეთებს ლალი ჯელაძე
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს მიერ, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად, მედიატური მოეწყო. მოვინახულეთ სამი სოფლის — ქარელის რაიონის კეხიჯვრისა და ბებნისის და გორის რაიონის ხიდისთავის საჯარო სკოლები. ვიდრე უშუალოდ ამ სკოლების ამბებზე გადავალ, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მCC) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი კომპაქტით (გრანტით) განსაზღვრულია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება-დანერგვა.
პროექტის შედეგად მოხდება საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო მომავალი სამი წლის განმავლობაში 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესაბამისად, პროექტის შედეგად, გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და განათლებისადმი ხელმისაწვდომობა 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის, ხოლო პირველი სარეაბილიტაციო სეზონი 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოიცავს.
რა კრიტერიუმებით შეირჩა სარეაბილიტაციოდ სკოლები და როგორ განისაზღვრა სტანდარტი — ამის შესახებ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული სკოლები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებულმა ამერიკულმა კომპანიამ შეაფასა: „ჩამოყალიბდა კრიტერიუმები და პირველი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც სკოლების შეფასება ხდება, ბენეფიციართა რაოდენობაა, შემდეგ — ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ასევე, იმის განსაზღვრა, რამდენად დიდია სოციალურად შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა იმ რეგიონში და ა.შ. შემდეგ, ყოველგვარი სუბიექტური ფაქტორების გამორიცხვით, შემთხვევითი შერჩევის კრიტერიუმებით მოხდა სკოლების იდენტიფიცირება. დასათვალიერებლად დაგეგმილი სკოლებიც, ბენეფიციართა რაოდენობის მხრივ, მართლაც დიდი სკოლებია, სადაც მაქსიმალურად თვალსაჩინო იქნება ამ ინვესტიციის სარგებელიც.
რაც შეეხება სტანდარტს, დაახლოებით, ერთი წელი მიმდინარეობდა იმ სტანდარტების განსაზღვრა, რომლითაც აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია ჩატარდებოდა. ამისთვის აყვანილი გვყავდა საერთაშორისო სტანდარტის უცხოური კომპანიები. შეიქმნა გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლას ერთი სტანდარტით ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რაც სოციალურ და გარემოს დაცვით ფაქტორებსა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებას ითვალისწინებს; რაც მთავარია, ხარჯეფექტიანი უნდა იყოს ის ინვესტიცია, რასაც ჩვენ განვახორციელებთ. “
სამი სკოლის მაგალითზე შესაძლებლობა მოგვეცა, პროცესს ისეთი თანმიმდევრობით დავკვირვებოდით, რომ სრული წარმოდგენა შეგვქმნოდა — რითი იწყება, როგორ გრძელდება და რა შედეგით მთავრდება. შერჩეული სკოლებიდან პირველი, კეხიჯვრის საჯარო სკოლის შენობა მოვინახულეთ, რომელიც 1981 წელს აშენდა და მას შემდეგ არანაირი სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებია. სკოლაში ამჟამად 7 სოფლიდან 276 მოსწავლე სწავლობს. მედიატურს მეგზურობას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მთავარი ინჟინერი ქართლოს ყიფიანი უწევს და დეტალურად გვიხსნის პროექტის მიმართულებებს. კეხიჯვრის საჯარო სკოლა შეფასებულია, როგორც საშუალოზე დაბალ მდგომარეობაში მყოფი შენობა, ამაზე უარეს მდგომარეობაშია არაერთი სკოლის შენობა საქართველოში. თუმცა, აქ რომ არ ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სულ რამდენიმე წელიწადში, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება.
თითქმის ყველა სკოლის პრობლემა სველი წერტილია. აქაც, შენობას მოშორებულ ტუალეტში, ენით აუწერელი ანტისანიტარიაა, ამის გარდა, ზამთარში სიცივესა და ყინვაში უწევთ პატარებს გარეთ გამოსვლა, რაც მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ სკოლასთან, ტუალეტის გამო სახლში მიდიან და ხშირად აღარც უბრუნდებიან გაკვეთილს. სხვები კი, ფაქტობრივად, ვერ სარგებლობენ, არადა, როგორც გითხარით, ბავშვები მეზობელი სოფლებიდან დადიან. „მე ასეთ სკოლაში ბავშვის გაშვება მართლა შემეშინდებოდა“ — ამბობს ბატონი ქართლოსი და გვიხსნის, თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა მათ მიერ რეაბილიტირებულ სკოლებში. —რა თქმა უნდა, ჩვენი პროექტი, სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, თანამედროვე პირობების შექმნასაც ითვალისწინებს. ამიტომ იმ შენობაში, სადაც სველი წერტილის შეტანა-განთავსება არ არის შესაძლებელი, მიშენება გაკეთდება, სადაც ტუალეტები განთავსდება“. თუმცა, ამის გარდა, აქ სხვა პრობლემაცაა — არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. ამ შემთხვევაშიც, არსებობს გამოსავალი — საკმაოდ ძვირადღირებული ბიოგადამამუშავებელი აპარატურის დამონტაჟება, რომელიც, სრულ შესაბამისობაში მოდის ქართულ კანონმდებლობასთან. უცხოეთის ქვეყნებში მსგავსი გადამუშავების შედეგად მიღებულ ტექნიკურ წყალს ჩვეულებრივ მოიხმარენ, თუმცა, ამის აუცილებლობა ჩვენს ქვეყანში არ არსებობს.
ერთი შეხედვით საშუალოზე დაბალ მდგომარეობაში მყოფი კეხიჯვრის საჯარო სკოლის შენობას თუ კარგად დაათვალიერებ, დასმულ დიაგნოზს შეუცვლი და კიდევ უფრო დაბალ დონეზე ჩამოიყვან, რადგან სკოლის შენობის ერთი ფლიგელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და, ამიტომ, ფაქტობრივად, გაუქმებულია. ბავშვები, პირველ რიგში, რის გაკეთებასაც ასახელებენ — იატაკია. კიბის უჯრედზე ისეთ ბზარებს ვხედავთ, ცოტა მეშინია, კიბე ფეხქვეშ არ გამოგვეცალოს. სველი წერტილები (ხელსაბანი) ძველი ტილოებით შეუფუთავთ, ეტყობა წყალი გასდის. სპორტის დარბაზში იატაკი ფეხქვეშ ტალღასავით მოძრაობს, ირყევა და თუ ბავშვები ხტუნავენ, ისეთი მტვერი ამოდის, ვეღარ სუნთქავ. ამის მომსწრეც თავად გავხდით, რადგან ფიზკულტურის გაკვეთილი ტარდებოდა. ეს გარეგნულად რასაც შეავლებ თვალს, თორემ ოფიციალური დასკვნა ამის შესახებ, როგორც გითხარით, უკვე არსებობს და სკოლის შენობის, რომლის სარეაბილიტაციო ფართი 2344.8 კვ.მ-ს შეადგენს, რეაბილიტაცია ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება. სკოლის დირექტორი ლეილა ოსიტაშვილი რეაბილიტაციას, სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდასაც უკავშირებს. ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები.
შემდეგი გაჩერება ბებნისის საჯარო სკოლაა, რომელშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება. დღეის მონაცემებით, სკოლაში176-მდე მოსწავლე ირიცხება, თუმცა რეაბილიტირებული შენობა 240 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. სარებილიტაციო ფართი 1048 კვ.მ-ს შეადგენს.
ქართლოს ყიფიანი იმ სტანდარტებს გვაცნობს, რომლის მიხედვითაც სკოლამ, მინიმუმ, 20-25 წელი ისე უნდა გაძლოს, რომ არანაირი სარემონტო სამუშაოს ჩატარება აღარ დასჭირდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც ამბობს, ვიდრე რეაბილიტაციას დაიწყებენ, კვალიფიციური კადრების დახმარებით, გამოიკვლიონ შენობის კონსტრუქციული მდგრადობა. „ჩვენ მიერ შერჩეულ სკოლებს უტარდება კონსტრუქციული და გეოტექნიკური კვლევები, რომლის საფუძველზეც გვაქვს დასკვნა იმის შესახებ, შენობა ავარიულია თუ არა და სჭირდება თუ არა მას პრევენციული გამაგრებითი ჩარევა — რკინის კონსტრუქციაში ჩასმა. სწორედ ეს პროცედურა იძლევა 25-წლიანი გარანტიის მიცემის საშუალებას“.
ბებნისის სკოლაში ასეთი ტიპის გამაგრება კორპუსის ნაწილს დასჭირდა, ყოფილი სპორტული დარბაზი მთლიანად ჩაისვა რკინის პერანგში, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ მიწისძვრის დროს ეს ნაწილი, მართალია, გამოუსწორებელ დეფორმირებას მიიღებს, მაგრამ არ ჩამოიშლება, რაც ბავშვების მინიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თორემ, როგორც ბატონი ქართლოსი ამბობს, არსებობს გამაგრების ისეთი სცენარიც, რომელიც ქვეყანა რომ ამოტრიალდეს, შენობა მაინც არ დაინგრევა. ასეთი გამაგრება ძალიან ძვირადღირებულია და ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.
აუცილებელი გახდა, ბებნისის სკოლაში სველი წერტილებისთვის გაკეთებულიყო მიშენება, რადგან სკოლის ფართი ამის საშუალებას არ იძლეოდა და დამონტაჟდა ნარჩენი წყლის გადამამუშავებელი დანადგარი, რომელიც სიახლეა და ფიქრობენ, ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. რეაბილიტირებული სკოლების სველ წერტილებში სსსმ მოსწავლეებისთვისაც გათვალისწინებულია ტუალეტები.
რეაბილიტაცია რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ამაზე ყველა დეტალი მეტყველებს. სახიფათო და საშიში ნარჩენები სპეციალური პროტოკოლის დაცვითაა შეფუთული და, შესაბამისად, სპეციალურ ნაგავსაყრელზე გადაიტანენ. ამ სტანდარტების დაცვის მოთხოვნა ჩადებულია სამშენებლო კომპანიის ხელშეკრულებაში. „ დაქირავებული გვყავს სამშენებლო ზედამხედველი, რომელიც ამ პროექტის ავტორია და საავტორო ზედამხედველობას ახორციელებს ხარისხზე. ამის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს დაქირავებული ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გადამოწმებას, რამდენად ადეკვატურად ახორციელებს ზედამხედველი მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ჩვენი ორგანიზაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, სკოლების რეაბილიტაციის პარალელურად, სკოლების მოვლა-პატრონობის ტექნიკური პროტოკოლების შემუშავებას ახორციელებს. ჩვენი შესყიდვების წესების მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესში ხდება შუალედური მიღება-ჩაბარების განხორციელება სამუშაოებზე. შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ დაქირავებული ზედამხედველი კომპანიები ახდენენ შენობის დათვალიერებას. თუ აღმოჩნდება რაიმე სახის წუნი ან გაჩნდება თუნდაც ნაპრალი, სამშენებლო კომპანიები იძულებული არიან, თავისი ხარჯებით გამოასწორონ ყველაფერი. ამიტომ, სამშენებლო კომპანიებიც ორიენტირებული არიან ხარისხზე, ურჩევნიათ თავიდანვე ხარისხიანად შეასრულონ სამუშაო, ვიდრე შემდეგ თანხები დახარჯონ მის გამოსასწორებლად.“
ბებნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე, ერთ კვადრატზე, გათვლილია, დაახლოებით,180 დოლარი, თანხა იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი.
გიორგი ზედგინიძე, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების დირექტორია და გვაცნობს მის სამსახურზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამბობს, რომ თავისთავად საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა „სამი მიმართულება — სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა და უსაფრთხოება. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წესები იმდენადაა დაცული, რომ, ჯერჯერობით, არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა.
მაქსიმალურად სრულდება ყველა სტანდარტი გარემოს დაცვის მიმართულებით, ობიექტზე ნარჩენების დახარისხება ყველა წესის დაცვით ხდება; ასევეა უსაფრთხოების მიმართულებაც — მკაცრად კონტროლდება როგორც თავად სამშენებლო კომპანიის თანამშრომლების, ისე გარეშე პირების უსაფრთხოების დაცვაც.
რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, სპეციალურად გამოყოფილია ერთი ადამიანი, რომელიც ყურადღებას აქცევს, საკმარისად არიან თუ არა პროცესებში ჩართული სკოლისა და თემის წარმომადგენლები. დანიშნულია შეხვედრების სპეციალური რაუნდები და ვიდრე დაიწყება რეაბილიტაცია, ყალიბდება კომიტეტი, რომელშიც მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები შედიან. სანამ პროექტის დიზაინი დასრულდება, ვაწყობთ განხილვას, ვისმენთ მათ შენიშვნებსა და სურვილებს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ. მას შემდეგ, რაც სკოლა და კომიტეტი მოიწონებს პროექტს და იტყვის, რომ ეს მათთვისაც მისაღებია, ცხადდება ტენდერი. სოციალურ ნაწილში ადგილზე ხალხის დასაქმებაც არის გათვალისწინებული. სოციალური მიმართულება განსახლებასაც უზრუნველყოფს — თუკი სკოლაში, სადაც შევდივართ, ბიზნეს აქტივობა გვხვდება, კომპენსაციას ვუხდით. მაგალითად, სკოლაში ფუნქციონირებს კაფეტერია, ის, თავისთავად, რეაბილიტაციის პერიოდში ვეღარ იმუშავებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი უდანაკარგოდ უხდის კომპენსაციას იმ ოდენობით, რამდენ მოგებასაც მიიღებდა ამ ხნის განმავლობაში.“
ალბათ, გასაკვირიც აღარ იქნება, თუ გეტყვით, რომ ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება საჯარო სკოლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს მიერ, რომლებსაც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან გაუმართლათ. ხარისხი კი მართლაც ვიხილეთ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, სადაც სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. სკოლა, სადაც უკვე 140 ათასი დოლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მართლაც ტოლს არ უდებს არც ერთ გარემონტებულ სკოლას, თუნდაც დედაქალაქში. მაღალი სტანდარტი ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალშისაცემია — ლაბორატორიის, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის, კაფეტერიის, სველი წერტილების ყველა დეტალი ისეა გათვლილი, რომ მისი ახსნა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანის გარდა სხვას ნამდვილად გაუჭირდება. ამიტომაც, ყველა დეტალს ისევ მთავარი ინჟინერი ქართლოს ყიფიანი გვაცნობს და თან გვეკითხება — მოგწონთ? მაგალითად, გვიყვება, რატომ გახდა საჭირო სკოლის შენობის მთლიანად ჩასმა რკინის პერანგში, რომლის მდგრადობაზეც ახლა უკვე თავს დებს; როგორ გაკეთდა გათბობის სისტემა ისე, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები დანახარჯი ექნეს სკოლას; რატომ არის ძალიან ხარისხიანი მასალით დამზადებულ კარზე პატარა ჭრილი, რომელშიც შუშაა ჩასმული; რატომ იღება კარი შიგნიდან გარეთ და არა პირიქით; რატომ არის ლაბორატორიაში ცდების ჩასატარებელი ადგილი სცენასავით ამაღლებული, რომელიც, სულ მალე, ამავე პროექტის ფარგლებში, თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება; საკლასო ოთახებში, რატომ არის კედლების შუა ნაწილი ვიწრო ხის ზოლით დაფარული ან რისთვის უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ოთახის წინა კედელზე მიმაგრებული პატარა ხის ნაჭრები; რატომ დასჭირდათ იატაკის მასალის შეკვეთა სპეციალურად უცხოეთში; შენობაში გამოყოფილ სარეკრეაციო ზონებს რა დატვირთვა აქვს ბავშვებისთვის; დაბოლოს, რა პარამეტრებისა და სტანდარტების დაცვით გაკეთდა სპორტული დარბაზი, რომელიც ქართულ საჯარო სკოლებში, ჩემი თვალთახედვით, პირველი თუ არა, მოწინავეთა რიგებში აუცილებლად აღმოჩნდება. ამას ყველაფერს ის ახალი სტანდარტი ემატება, რომელიც გამწმენდი ნაგებობის სახით შემოიტანა პროექტმა და კანალიზაციის სისტემა ჩაანაცვლა. ბატონი ქართლოსი გვათვალიერებინებს გემოვნებით შეხამებულ და ხარისხით გაჯერებულ, რეაბილიტირებული სკოლის შენობას, თითქმის, დასრულებულ სველ წერტილებს, რომელიც, ვფიქრობ, პირველადაა ასაკობრივი ჯგუფების, სქესისა და სპეციალური საჭიროების მიხედვით დაყოფილი. აქ სსსმ მოსწავლეებისთვის ტუალეტში ერთი კედელი სხვა ფერის კაფელითაა დაფარული, ეს იმიტომ გავაკეთეთ, ამბობს ბატონი ქართლოსი, რომ მათ ცხოვრებაში, ამითაც კი, შევიტანოთ მხიარულება.
სკოლის დირექტორი სიამაყით აცხადებს, რომ აქამდე არსებული ტენდენცია, რომ ბავშვები ქალაქის სკოლაში წაეყვანათ, უკვე შეიცვალა. „წელს, ჩვენი სოფლიდან ყველა პირველკლასელი ხიდისთავის სკოლაში დარეგისტრირდა. სექტემბერში, დიდი ხნის შემდეგ, ველოდებით პირველკლასელებს. კარგა ხანია, პირველი კლასი აღარ გვყოლია. დარწმუნებული ვარ, არც ერთი გადინება არ გვექნება სკოლიდან, მეტიც, ასეთი სკოლის შენობით და ჩვენი პედაგოგებით, ვფიქრობ, კონტინგენტს მოვიზიდავთ კიდეც. დღეის შემდეგ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის სკოლა სერიოზულ კონკურენციას გაუწევს გორის რაიონის და ქალაქის სკოლებს. სულ მალე დაიწყება ეზოს მოწყობა, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველ იერ-სახეს შესძენს სკოლას. ჩვენ ქალაქის სკოლებში წასული მოსწავლეების დაბრუნებასაც ველოდებით. სკოლაში, ამჟამად, 345 ბავშვი ირიცხება, მაგრამ რეაბილიტირებული შენობა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, ამდენად, ჩვენი სკოლის შენობა ყველას დაიტევს. უკვე ყველანაირი პირობა გვაქვს მაღალხარისხიანი სწავლის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინფრასტრუქტურა მოტივაციას კიდევ უფრო აუმაღლებს როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს.“ — ამბობს სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი.
იმ სკოლებში, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს, ეზოს კეთილმოწყობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახური იზრუნებს. მათივე პრეროგატივაა, საჭიროების მიხედვით, სკოლების ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვა.
გარემოში, სადაც 21-ე საუკუნეა და მთავარი ორიენტირი ხარისხზე გაკეთდა, ცუდად სწავლის უფლება, ალბათ, აღარავის აქვს.
|