გამოდის 1998 წლიდან
2010-10-27
აქედან იწყებოდა საქართველო

ისტორიული ნაშთის კვლევები და პერსპექტივები

"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", ან სულაც აქედან იწყებოდა საქართველო _ ტაო-კლარჯეთის სამეფო _ ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი. დღეს მოიცავს ერზრუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის რეგიონებს. სამეფო, რომელიც 809 წელს ქართლის ერისთავმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა დააარსა. მანვე აღადგინა ციხე-სიმაგრე არტანუჯი, რომელიც სამეფო ცენტრი გახდა. მოგვიანებით, 1001 წელს, სამეფოს ბაგრატ III -მ კლარჯეთი შემოუერთა, ხოლო 1008 წელს _ ტაო. ძველთაგანვე ქართველური ტომებით _ ჭანებითა და მეგრელებით დასახლებული მხარე, დღეს მკვლევართა ყურადღების ობიექტია, როგორც მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსული...

***
`არავინ იცის, თუ რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა, იქნებ ათასის, იქნებ უფრო მეტისაც. მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები, შიგნით შეხვალ და მაღლა აიხედავ. ...აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მისი ცივილიზაციის ნაშთია იგი~. ეს სიტყვები ტბეთით აღფრთოვანებულ თურქ მწერალ ფაქირ ბაიყურთის ეკუთვნის. წლების განმავლობაში ტაო-კლარჯეთით არაერთი უცხოელი მკვლევარი აღფრთოვანებულა, რადგან ქართველ მკვლევარებს (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), მხოლოდ ორი ათეული წელია, საშუალება მიეცათ, ადგილზე ეკვლიათ ტაო-კლარჯეთის ძეგლები. თუმცა, ქართველი და უცხოელი მკვლევარების ერთად თავმოყრილი მასალები მხოლოდ პირველად, გასულ კვირას, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა კონფერენციით: `ტაო კლარჯეთი _ ისტორია და პერსპექტივები უახლოესი კვლევების ფონზე~.
პროექტი რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია ტაო-კლარჯეთის შესწავლის სფეროში დაგროვილი ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წამოწევა. გარდა მკვლევართა საინტერესო მოხსენებებისა, კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა და მსჯელობის საგნად იქცა უნიკალური ძეგლების დაცვა. ოშკი, ხანძთა, ხახული, იშხანი... ეს ძეგლები რომ უნიკალურია, მეცნიერები ამაზე, კარგა ხანია, შეთანხმდნენ, მაგრამ მათ რომ დაცვა და მოვლა სჭირდება, ეს ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია. რეგიონი იზიდავს ტურისტებს მათი უნიკალურობის მოსანახულებლად, მკვლევარებს კი _ ამ უნიკალურობის კიდევ უფრო მეტად გამოსამზეურებლად. კონფერენცია _ ტაო-კლარჯეთი არქიტექტურით, სახვითი ხელოვნებით, ისტორიით, ისტორიული გეოგრაფიით, ეთნოგრაფიით, ენათმეცნიერებითა და ფოლკლორით _ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გამოფენა `ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა~. იგეგმება კონფერენციის მასალების კრებულის გამოცემა, სახელწოდებით `ტაო-კლარჯეთი~.
პროექტის საბოლოო შედეგი ტაო-კლარჯეთის კვლევითი თემატიკის აქტუალიზაცია, ამ სფეროში მოღვაწე მკვლევართა დაახლოება, დაგროვილი ინტერდისციპლინირებული ცოდნის ურთიერთგაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ინტეგრაციაა, რომლის შესახებ გვესაუბრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ გეგია:

პირველი მასშტაბური კონფერენცია ტაო-კლარჯეთის შესახებ
2010 წლის დასაწყისში ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (მაშინდელმა რუსთაველის ფონდმა) გამოაცხადა საგრანტო კონკურსი საკონფერენციო პროექტებისთვის. მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ მოგვემზადებინა პროექტი ტაო-კლარჯეთისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ თემატიკაზე მსგავსი ღონისძიების _ კონფერენციის ჩატარებას ვფიქრობდით, ეს კონკურსი საუკეთესო საშუალება გამოდგა ჩვენთვის. მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გამოგვეყენებინა შანსი, ანუ საგრანტო პროექტი და ამის ფარგლებში, განგვეხორციელებინა ჩვენი ჩანაფიქრი _ კონფერენცია. საბედნიეროდ, პროექტმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მოიპოვა. დავუკავშირდით რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს _ ხელოვნებათმცოდნეებს, ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, ეთნოგრაფებს, ვინც კონკრეტულად ტაო-კლარჯეთის რეგიონით და მისი შესწავლითაა დაკავებული. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 7 ქვეყნის წარმომადგენელმა: აშშ, დანია, რუსეთი, თურქეთი (რაც განსაკუთრებულად საინტერესოა), სომხეთი, თავისთავად საქართველო. კონფერენციას ჰქონდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება _ საისტორიო კვლევები, ფილოლოგიური ხასიათის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობითი მიმართულება _ ეთნოგრაფია-ეთნოლოგია, დაბოლოს, წარიმართა ძალიან საინტერესო პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიგიტალიზაციას და მათი ციფრული (სამგანზომილებიანი) ასლების შექმნას.

ინტერესი, როგორც ისტორიული რეგიონისადმი
რაც შეეხება თემის აქტუალობას, ტაო-კლარჯეთისადმი, როგორც საქართველოს ისტორიული რეგიონისადმი, ინტერესი მეცხრამეტე საუკუნეში იწყება და პირველად იკვლევენ უცხოელი მკვლევარები: კოხი, სპენსერი და სხვ. უფრო _ გერმანელი მოგზაურები. დაახლოებით მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართველი მკვლევარებიც იწყებენ მოგზაურობას. ექვთიმე თაყაიშვილმა სამი ექსპედიცია მოაწყო ტაო-კლარჯეთში, პრაქტიკულად მთელი ეს ტერიტორია მოიარა და აღწერა ძირითადი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, მათი ფოტოგრაფირებაც მოახდინა. ასე რომ, ექვთიმე თაყაიშვილი იყო ქართველთაგან პირველი, ვინც ამ რეგიონის შესახებ ინფორმაცია დანარჩენ საქართველოს მიაწოდა. შემდგომში, უკვე საბჭოთა პერიოდში, რუსეთ-თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობის გამო, ქართველ მკვლევარებს არ ჰქონდათ საშუალება, გადასულიყვნენ და ადგილზე ეკვლიათ ტაო-კლარჯეთი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის უცხოელი მკვლევარების ნამუშევრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტის, ვახტანგ ჯობაძის კვლევები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა და ცხოვრება ტაო-კლარჯეთის კვლევას მიუძღვნა, ამ თემაზე რამდენიმე სერიოზული მონოგრაფიაც გამოაქვეყნა. ეს იყო პირველი წყარო, უკვე მეოცე საუკუნეში, რომლის დახმარებითაც ქართველ მეცნიერებს შეეძლოთ, ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ გაეგოთ რამე. შემდგომ, 90-იანი წლებიდან, როცა საზღვრები გაიხსნა, ქართველ მეცნიერებს თურქეთში გადასვლის და ადგილზე კვლევის საშუალება მიეცათ. მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, მათ შორის მაშინდელი ხელნაწერთა ინსტიტუტის, ისტორიის ინსტიტუტის, ხელოვნების ინსტიტუტის, უნივერსიტეტის თანამშრომლების და დაგროვდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია იქიდან გამომდინარე, რა ტიპის ექსპედიციები ეწყობოდა _ საისტორიო-გეოგრაფიული, საისტორიო, ეთნოგრაფიული და ა.შ. შეიქმნა სურათი, რომ სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდმა მასალამ მოიყარა თავი, უბრალოდ, ერთად თავმოყრილი მასალა დღემდე არ ყოფილა წარმოდგენილი და შეჯამებული. ჩვენს კონფერენციაზე სწორედ ეს გაკეთდა _ სხვადასხვა მიმართულება ერთად წარმოვადგინეთ, შევაჯამეთ და, პრაქტიკულად, დამსწრეებს მეტ-ნაკლებად სრული სურათი შევუქმენით ზოგადად ტაო-კლარჯეთის რეგიონის შესახებ _ ისტორია, კულტურა, თანამედროვე ყოფა და ა.შ. ცალკე მიმართულება იყო კულტურული ტურიზმი _ აქტუალური თემაა, რადგანაც დღითი-დღე იზრდება ტურისტების რიცხვი, რომელთაც ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მონახულება აინტერესებთ. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ თემა იყო საკმაოდ ფართო და საინტერესო, დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა კონფერენციას, ისმენდა და თვალს ადევნებდა ტაო-კლარჯეთის თანამედროვე კვლევის პროცესებს.

ისტორია და რეალური პერსპექტივები
დავიწყოთ ოპტიმისტური განწყობით, რადგანაც დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით კეთილსაიმედოა, ვიდრე ეს იყო, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. ალბათ, იცით, რომ ძეგლები, რომლებიც ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებით ეს ხანძთის და ოშკის ტაძრებს ეხება. სულ რამდენიმე წელია, ხაძცთის გუმბათი ჩამოინგრა, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაკლისია, რაც ბოლო წლებში ტაო-კლარჯეთის ძეგლებმა განიცადა. საგულისხმოა, რომ ტაძრების ნაწილში დღეს მეჩეთებია გახსნილი და სწორედ იმ ტაძრების მდგომარეობა, სადაც მეჩეთები ფუნქციონირებს, გაცილებით უკეთესია. ბუნებრივია, მოქმედია და უფრო უვლიან. მიტოვებული ტაძრების მდგომარეობა უფრო მძიმეა. თავად თურქეთის სახელმწიფოს მიდგომა ბოლო წლებში, როგორც ჩანს, შეიცვალა და ქრისტიანულ ძეგლს უკვე უყურებენ არა როგორც საფრთხეს, არამედ _ კულტურული ტურიზმის ობიექტს. ასე რომ, მათ ინტერესშიცაა, რომ ეს ძეგლები მოვლილი და დაცული იყოს. ბოლო ორი წელია, მიმდინარეობს მოლაპარაკება ოშკის და ხანძთის ტაძრების, პირველ რიგში, სამეცნიერო შესწავლაზე და შემდგომ კონსერვაციაზე. ამის შემდგომ განისაზღვრება, როგორ უნდა მოხდეს ამ ტაძრების რესტავრაცია, თუკი საერთოდ დაისვა რესტავრაციის საკითხი. ლაპარაკი იყო ერთგვარ გაცვლით პროექტზეც, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე რესტავრაცია უნდა ჩაგვეტარებინა რამდენიმე მეჩეთისთვის, სანაცვლოდ, შევძლებდით ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე იმდენივე ტაძრის რესტავრაციას. ამ ეტაპზე, ეს პროცესი შეჩერებულია, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა, არსებობს ოპტიმისტური გეგმები.

გადავარჩინოთ ოშკი და ხანძთა!
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, ამ ეტაპზე, ხანძთა და ოშკია. ოშკი გარეგნულად, თითქოს სხვა ტაძრებთან შედარებით, კარგად გამოიყურება, მაგრამ მდგომარეობას ის ართულებს, რომ გუმბათქვეშა ბზარებში ამოსვლას იწყებს მცენარეული საფარი, რომელიც, ბუნებრივია, ფესვებს იდგამს და ტაძრის რღვევას, ნგრევას იწვევს. პირველ ყოვლისა, საჭიროა გასუფთავება, მაგრამ ქართული მხარე ამას დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს, საჭიროა თურქული მხარის თანხმობა. ეს უნდა იყოს ერთობლივი პროექტი _ თურქი და ქართველი რესტავრატორების მონაწილეობით. ამ მხრივ, მიმდინარეობს მოლაპარაკება. კონკრეტულად დღეს და ხვალ ეს საკითხი ვერ გადაწყდება, რადგანაც რთული და კომპლექსური პრობლემაა, სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა მოხდეს შეთანხმება.
ქართულ სახელმწიფოს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ აქამდე ეს ძეგლები ვერ აღდგა, მცდელობები მუდმივად იყო, მაგრამ თურქეთის სახელმწიფო ამისთვის მზად არ იყო.
იყო პერიოდი, როცა ვიდეო და ფოტოკამერებით გადაღებაც კი იკრძალებოდა, ტაო-კლარჯეთის მოსანახულებლად ჩასულს მუდმივად თურქი პოლიციელები დაგყვებოდნენ და შენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ბოლო რამდენიმე წელია, თურქეთის სახელმწიფომ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შეცვალა და ამიტომაც გახდა შესაძლებელი, უფრო აქტუალური გამხდარიყო ამ საკითხებზე საუბარი.

ენთუზიაზმზე შექმნილი ტრიდე ვიზუალიზაცია
ციფრული ასლების შექმნა რამდენიმე მკვლევარის პირადი ინიციატივაა, ერთ-ერთი მათგანი საკუთარი სახსრებით წავიდა ტაო-კლარჯეთში და ოშკის მთლიანი აზომვა მოახდინა სამგანზომილებიანი სკანერით. ეს რეალურად იძლევა შესაძლებლობას, ელექტრონულ ფორმატში მოხდეს ამ ძეგლის დათვალიერება გარედანაც და შიგნიდანაც და თვითონ ამ ელექტრონულ ვერსიაზე მოხერხდეს, ისევ კომპიუტერულად, ერთგვარი მაკეტის დადგმა, ანუ როგორ შეიძლება შემდგომ ამ ძეგლის რესტავრაცია. მალხაზ დათუკიშვილმა ოშკის ტრიდე ვიზუალიზაცია აბსოლუტურ ენთუზიაზმზე გააკეთა.
რაც შეეხება კონფერენციის მეორე მონაწილეს, ივანე გრემელაშვილს, ის ტაო-კლარჯეთის ძეგლების არქიტექტურულ მხარეს სწავლობს. ეს მკვლევარიც სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნაზე მუშაობს, არც ეს ყოფილა სახელმწიფო დაკვეთა. ეს პროექტები მკვლევარების პირადი ინიციატივაა.

როგორ გამოიყურება ლაზი მამაკაცის სამოსი?
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მამაკაცის ლაზური სამოსი, ეს ფაქტი ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც ლაზურ სამოსს აქამდე ჩამოყალიბებული სახე არ ჰქონია _ რა ეცვათ ლაზ მამაკაცებს ან რა აღჭურვილობა ჰქონდათ. სწორედ ამ დღისთვის შეიმოსა ერთ-ერთი ყმაწვილი, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს ლაზური სამოსი აჩვენა. მართლაც ძალიან საინტერესო იყო აჭარული სამოსის მსგავსი, გურული ყაბალახით შემდგარი ლაზური კოსტიუმი, რომელიც ლუარსაბ ტოგონიძემ შეკერა. ქართული სამოსის მაღაზიის დაარსების იდეაც სწორედ მას ეკუთვნის, ჯერ ყველასთვის ცნობილი სამოსის შეკერვა დაიწყეს _ ჩოხა-ახალუხი და ბოლოს უცნობ ან ნაკლებად ცნობილ ქართულ სამოსამდე მივიდნენ. ლუარსაბი ქართული სამოსის ყველა დეტალს იკვლევს და ეძებს. გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აჭარელი ქალის სამოსის მსხვილი ქამარი, სუხიშვილების მიერ, სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმით დამკვიდრდა, ლუარსაბის მიერ მოძიებულმა ფოტომასალამ შეცვალა. მისი მტკიცებით, ფოტომასალაზე ჩანს მსგავსი აქსესუარები. ასე რომ, ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ძალიან მწირია ინფორმაცია და მასალა ქალის სამოსზე. რაც შეეხება ლაზი მამაკაცის სამოსს, რომელიც ბატონმა ლუარსაბმა შეკერა, კიდევ გავიმეორებ, ფანტაზიის ნაყოფი არ არის, რადგანაც ფოტო და ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა.

ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა
ამ კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო გამოფენა `ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა~. სათაურიდანვე ჩანს, რომ გამოიფინა ის ხელნაწერები და ძეგლები, რომლებიც ტაო-კლარჯეთს უკავშირდება, ან ტაო-კლარჯულ კერებშია გადაწერილი, ან მასში მოიხსენიება ტაო-კლარჯეთის რომელიმე ძეგლი, იქ მოღვაწე პირი და ა.შ. ბუნებრივია, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კერების დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება და ამიტომაც წარმოდგენილია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც. გამოფენის კონცეფცია ასეთი იყო _ წარმოდგენილია მასალა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კერების მიხედვით, ანუ სადაც მიმდინარეობდა სამონასტრო ცხოვრება და იქმნებოდა ეს ხელნაწერები. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ექსპოზიციაზე უნიკალური მასალაა გამოფენილი. დავიწყოთ იქიდან, რომ მათი ქრონოლოგია მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების ირგვლივ ტრიალებს, ეს ის პერიოდია, როცა ზოგადად ქართული ხელნაწერი კულტურის აყვავების ხანაა, ემთხვევა გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის პერიოდს. გამოფენაზე როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელნაწერებია წარმოდგენილი, სულ რამდენიმეს გამოვყოფ: მაგალითად, ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ მოჭედილი `წყაროსთავის~ და `ბერთის~ სახარებები _ ვერცხლით მოჭედილი და შემდეგ მოოქროვილი სახარებები თამარის პერიოდს უკავშირდება; გარდა ამისა, მიქაელ მოდრეკილის `იადგარი~, რომელიც საგალობლების კრებულია და მეათე საუკუნით თარიღდება, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ შესულია უძველესი დროის ქართული საგალობლები თავისი სანოტო ნიშნებით. სამწუხაროდ, ეს ნიშნები ბოლომდე გაშიფრული არ არის; ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილია `პარხლის~ მრავალთავი, უმნიშვნელოვანესი ძეგლი. თვითონ ძეგლი X-XI საუკუნეებით თარიღდება, მაგრამ სხვადასხვა ხასიათის ტექსტების კრებულს წარმოადგენს და აქ გვხვდება პირველად `შუშანიკის წამება~, ანუ ეს ხელნაწერი ადასტურებს `შუშანიკის წამების~ ტექსტს; `ჯრუჭის~ სახარება, რომელიც შატბერდის მონასტერს უკავშირდება და იქ არის გადაწერილი. ძეგლები მრავალფეროვანია როგორც თავისი წარმოშობით, ისე შინაარსით.
გამოფენა კიდევ ორი კვირა გაგრძელდება და ვისაც არ უნახავს, ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ნახოს ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია: ექვთიმე თაყაიშვილის ფოტომასალა მოგზაურობებიდან და ექსპედიციის დღიურების ერთი ნაწილი; საარქივო მასალა, რომელიც სხვადასხვა პერიოდის მოგზაურებს ეხება, მათი ჩანაწერები. ცალკე კუთხე დაეთმო ჩვენთან დაცულ ქართულ თუ უცხოურ სამეცნიერო გამოცემებს.

შვიდი ქვეყნის მკვლევარები ტაო-კლარჯეთმა გააერთიანა
რამდენიმე მკვლევარს გამოვყოფ: ერთ-ერთი ავსტრიელი მკვლევარი ბრუნო ბაუმგარდნერი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს ტაო-კლარჯეთის ძეგლების კვლევაზე, მან სადისერტაციო ნაშრომიც მიუძღვნა ამ თემას. ვახტანგ ჯობაძის შემდეგ, პრაქტიკულად, ეს პირველი მკვლევარი იყო, ვინც ასეთი მასშტაბური კვლევა აწარმოვა ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე. ქართველი მკვლევარებისათვის უცნობი ბევრი ძეგლის ლოკალიზება და იდენტიფიკაცია სწორედ ბაუმგარდნერმა მოახდინა. მას ძალიან საინტერესო შემაჯამებელი მოხსენება ჰქონდა ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ. ასევე საინტერესო მონაწილე გვყავდა დანიიდან, ახალგაზრდა მკვლევარი მარკუს ბოგიში, ხელოვნებათმცოდნე. ის აქტიური გულშემატკივარია ტაო-კლარჯეთის ძეგლების, სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სოციალურ ქსელზე _ ფაცებოოკ სპეციალური ჯგუფი `გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი~, რომელშიც უკვე 7000-მდე გულშემატკივარი გაერთიანდა. ჩამოსულები იყვნენ: ამერიკაში მოღვაწე, წარმოშობით სომეხი, ხელოვნებათმოცოდნე კრისტინა მარანჩი, ასევე ძალიან ცნობილი სომეხი ქართველოლოგი პარუირ მურადიანი; რუსი ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე სამინსკი. ეს ადამიანები ცნობილი მკვლევარები არიან თავიანთ სფეროებში და სასიამოვნოა, რომ მათ ტაო-კლარჯეთთან მიმართებაშიც აქვთ კვლევები.
გარდა იმისა, რომ მოხსენებები მართლაც საინტერესო იყო, დიდი დრო ეთმობოდა დისკუსიებს თითოეულ საკითხზე. საინტერესო იყო ისიც, რომ უცხოელი მკვლევარებისთვის ქართველ მკვლევართა მოხსენებებში ბევრი სიახლე იყო. კრისტინა მარანჩი იმასაც კი ამბობდა _ წიგნს, რომელიც უკვე გამოსაცემად მაქვს მზად, ალბათ, კიდევ დასჭირდება ჩასწორება, რადგან აქ ბევრი ახალი რამ შევიტყვეო. ასე რომ, კონფერენცია ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

25-28(942)N