გამოდის 1998 წლიდან
2010-10-13
მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად

თანდათან იზრდება პრდაგოგთა ინტერესი სერტიფიცირებისადმი. წლევანდელმა გამოცდებმა მრავალი შეკითხვა გააჩინა, თუნდაც მენტორობასთან დაკავშირებით. განმარტებისთვის მივმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს გია მამულაშვილს.

 _ ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი გახდება მენტორი?

_ 2010-2011 სასწავლო წლისთვის მენტორებად შეირჩევიან ის მასწავლებლები, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღეს მაღალი შეფასება. ამასთან, მენტორი უნდა იყოს მოქმედი მასწავლებელი და ჰქონდეს სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.  მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

_  რა პროცედურის გავლა იქნება საჭირო, რომ სერტიფიცირებულმა პედაგოგმა მენტორობა მოიპოვოს, თუ სერტიფიცირება ავტომატურად გულისხმობს მენტორობის უფლებას?

_ მენტორი მასწავლებლები შეირჩევიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიღებული შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციის საფუძველზე. მენტორებად შერჩევამდე პედაგოგები გასაუბრებას გაივლიან.

_ რა ევალება მენტორ-პედაგოგს?

_ ახალბედა მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ხელშეწყობა პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმისთვის. მაძიებლობის პერიოდის გავლა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ მასწავლებელს გამოცდილი პედაგოგის დახმარებით გამოიმუშაოს მასწავლებლობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და განიმტკიცოს ცოდნა.

მენტორი, მაძიებლის თანამონაწილეობით,  შეიმუშავებს პროგრამას, რომელიც დაწვრილებით აღწერს მაძიებლობის ერთწლიანი პერიოდის მიზნებს, მაძიებლობის პერიოდის გავლის ეტაპებს, მაძიებლისა და მენტორის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, მაძიებლობის პერიოდის გავლის შედეგად მისაღწევ შედეგებს და სამოქმედო გეგმას. მასწავლებლობის მაძიებლის ინდივიდუალური პროგრამა ითვალისწინებს მაძიებლის ცონდას, უნარებს, შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე მენტორი უფლებამოსილია შეიმუშაოს, ერთ ან რამდენიმე მაძიებელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა.

_  რამდენი მენტორი ეყოლება სკოლას?

_ სავარაუდოდ, სკოლას 2 მენტორზე მეტი არ ეყოლება, თითოეულ მენტორს კი _ 4 მაძიებელი.

_ როდესაც 30 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელი, უკანასკნელი სამუშაო ადგილის რეორგანიზაციის გამო, ბოლო წლებში სკოლაში არ მუშაობს, მაგრამ გაიარა სერტიფიცირება, ექნება თუ არა უფლება, მოიპოვოს მენტორის სტატუსი?

_ მენტორი აუცილებლად უნდა იყოს მოქმედი მასწავლებელი და ჰქონდეს სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.

_ გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში, რამდენჯერ აქვს პედაგოგს უფლება, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე და სცადოს ბედი?

_ როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი _ ყველასათვის სავალდებულო. 2014 წლამდე პედაგოგს უფლება აქვს გავიდეს გამოცდაზე რამდენჯერაც მას დასჭირდება გამოცდის ჩასაბარებლად.

_ 2014 წლიდან, როდესაც გამოცდები სავალდებულო სახეს მიიღებს, რა ბედი ეწევა პედაგოგს, რომელიც გამოცდას ვერ ჩააბარებს?

_ პედაგოგს, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარა გამოცდა თავის საგანში და პროფესიულ უნარებში, აღარ ექნება მასწავლებლობის უფლება.

_ 2014 წლიდან კერძო სკოლების პედაგოგებისთვისაც სავალდებულო იქნება გამოცდის გავლა?

_ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნიშნავს მასწავლებლობის უფლების მოპოვებას და როგორც არაერთხელ განიმარტა, 2014 წლიდან ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო იქნება. და თანაც, არ მგონია, კერძო სკოლებს სურდეთ ისეთი კადრების დასაქმება, რომელთაც არ გააჩნიათ სერტიფიკატი, ანუ მასწავლებლობის უფლება.

_ როგორც ვიცით, სერტიფიკატის განახლების სამი ალტერნატიული გზა არსებობს. იქნებ ცოტა ვრცლად მოგვითხროთ თითოეულზე. აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლა ან პედაგოგიური/საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნა ხომ არ გაანთავისუფლებს პედაგოგს სასერტიფიკაციო გამოცდიდან და მას ავტომატურად განუახლდება სერტიფიცირება?

_ სერტიფიცირების დებულების 24- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებისათვის მასწავლებელი ვალდებულია, განაახლოს მასწავლებლობის უფლება და ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა ან გაიაროს აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამები და დააგროვოს კრედიტები. ამჟამად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუშაობს `მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე~, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული ყველა ეს პროცედურა.

_ რამდენ წელიწადში ერთხელ განახლდება სერტიფიკატი?

_ დებულების თანახმად, სერტიფიკატის განახლება სავალდებულოა ყოველ 8 წელიწადში.

2011 წლიდან თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ზუგდიდსა და კაჭრეთში გაიხსნება მასწავლებლის სახლები, რომელთა ძირითადი მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა იქნება.

მასწავლებლის სახლი განათლების სფეროს მუშაკების, მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების შეხვედრების ადგილი და სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციების ურთიერთგაცვლის საკვანძო ადგილი იქნება.

 

ესაუბრა მაკა ყიფიანი

25-28(942)N