გამოდის 1998 წლიდან
2010-10-13
აქ რეფორმას მიჰყვებიან

წლევანდელ სასწავლო წელს სკოლები მრავალი სიახლით შეხვდნენ. ერთ-ერთი ჩვენი თაობისთვის ასე ნაცნობი ფიზკულტურის გაკვეთილების მოდერნიზაციას უკავშირდება _ ამიერიდან სკოლებში სპორტის გაკვეთილები იქნება, რომელიც ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს ითვალისწინებს. ახალი რეფორმით, სკოლებს უფლება ეძლევათ, თავად აირჩიონ კონკრეტული სახეობები, მათ ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ საკადრო რესურსებიდან გამომდინარე.

ახალ იდეა-წამოწყებას მუდამ თან ახლავს წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რეფორმა გარკვეულ სახეს მიიღებს და ამაში არაფერია გასაკვირი. ვინ რა სისტემას აირჩევს სკოლაში და რა გზებით ეცდება ბავშვების ჩაბმას სპორტში, ამაზე ჩვენი გაზეთი პერიოდულად მოამზადებს წერილებს, ამჯერად კი დედაქალაქის 161-ე საჯარო სკოლას ვესტუმრეთ.

 როგორც სკოლის დირექტორმა მიხეილ მინდაძემ გვითხრა, სავალდებულო სამი მინიმალური სახეობიდან აქცენტი ისეთ სახეობებზე გააკეთეს, გოგოები რომ არ დაჩაგრულიყვნენ _ კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახეობებს არ სწყალობენ. სკოლაში ფართოდაა წარმოდგენილი ფეხბურთი, რაგბი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, მშვილდოსნობა, კლდეზე ცოცვა, წლეულს კი მათ ტყვიის სროლაც დაემატება...

სპორტის გაკვეთილები ფუნქციურად რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი. საწყის საფეხურზე, ანუ I-III კლასებში ჩვეულებრივი გაკვეთილის ფორმატით ტარდება, ძირითადი აქცენტი კი სათამაშო ხასიათზეა გადატანილი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ესაა `მხიარული სტარტების~ მსგავსი გასართობი თამაში-გაკვეთილი, რომელშიც ზემოჩამოთვლილი პრიორიტეტული სახეობების ელემენტები შედის. მაგალითად, პასები კალათბურთის, ფრენბურთისა თუ ხელბურთის ბურთით, რითაც პატარები, თანდათან, გაეცნობიან ამ სახეობებს...

ამ ეტაპზე სპორტის გაკვეთილის რიგითობას მნიშვნელობა არ ენიჭება _  ცხრილში შეიძლება პირველზეც იყოს ჩასმული, მაგრამ მეორე საფეხურზე _ IV-V კლასებში ბოლო გაკვეთილადაა მოტოვებული. ამასთან, თუ ამინდიც ხელს უწყობთ, გრაფიკია შედგენილი და ბავშვები თბილისის მიდამოებშიც დაჰყავთ _ კუს ტბა, ლისის ტბა, ბოტანიკური ბაღი, ვაკის პარკი. ესაა სალაშქრო ტიპის და არა საექსკურსიო ღონისძიება, სადაც მოსწავლეები გარკვეულ ადგილამდე ფეხით მიდიან, იქ კი დასახული გეგმით ტარდება შეჯიბრი თუ თამაში.  სპორტულის გარდა, ამგვარ გასვლას შემეცნებითი მნიშვნელობაც ენიჭება _ აქ პარალელური კლასების ბავშვები არიან, რომლებიც სწავლობენ ერთმანეთში კონტაქტს, ანუ ეს უკვე სოციალური სფეროა, გადიან ადაპტაციას უცხო გარემოსთან...

მესამე საფეხურზე, VI კლასში _ ასევე ჩვეულებრივ ცხრილში საგაკვეთილო საგნად ამჟამად ხელბურთს ასწავლიან, მომდევნო ეტაპზე კი, ზედა კლასებში ისევ ბოლო გაკვეთილადაა მოტოვებული. თან აქ ერთი პრინციპიცაა _ გაკვეთილი რამდენიმე პარალელურ კლასს ერთად უტარდება. ეს უფრო ეფექტურია იმდენად, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, ვთქვათ, გოგონები ცალკე ამეცადინონ, ბიჭები _ ცალკე. ამასთან, მოზარდებს მოტივაციაც ეზრდებათ, როცა არა მხოლოდ თანაკლასელს, არამედ სხვასაც ეჯიბრებიან.

ცალკეული გაკვეთილების გვერდით, სკოლაში, მთელი წლის განმავლობაში ტარდება ტურნირები ხუთივე სათამაშო სახეობაში _ ფეხბურთში, რაგბიში, ხელბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში...

სკოლისთვის საკმაოდ სპეციფიკურია სპორტის გაკვეთილების შაბათ დღეს ჩატარებაც, ანუ ამ დღეს სხვა გაკვეთილები არ ტარდება, რაც უფროსკლასელებზეც ვრცელდება. დირექციას კანონი უფლებას აძლევს, ექვსდღიანი სასწავლო კვირა ჰქონდეს და მათაც ასე გადაწყვიტეს, ოღონდ არა მთელი დღე, არამედ 3-4 საათი. როგორც მიხეილ მინდაძემ გვითხრა, ამგვარ მიდგომას ჯერ მშობელთა მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამინდი ხელს არ უწყობთ ბუნებაში გასასვლელად, ტურნირი სკოლის დარბაზში ტარდება.

სკოლამ შარშან კანონის კიდევ ერთი მუხლით ისარგებლა და სპორტული კლუბი ჩამოაყალიბა, რომელიც იდეაში ყველა სახეობას მოიცავს. სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა თამამ ნაბიჯად მოგვეჩვენა, რადგან მსგავს სისტემას, აგერ უკვე 20 წელიწადია, პროფესიულმა სპორტულმა კლუბებმა ვერაფრით მოაბეს თავი. ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს აღნიშნულ სკოლაში, მაგრამ სადღეისოდ სისტემა მუშაობს.

ცხადია, ეს ყველაფერი სათანადო ბაზების გარეშე არ გამოვა. არადა, ამ სკოლაში გავრცელებულ სახეობათაგან რამდენიმე ისეთია, ბაზები არა თუ რიგითი სკოლის, სპორტის ეროვნული ფედერაციებისთვისაც კი ფრიად პრობლემატურია, ბევრი მათგანის მოგვარება კი დღემდე ვერც სახელმწიფომ შეძლო. მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს მძლეოსნობის, ტყვიის სროლის, მშვილდოსნობის თანამედროვე ბაზა... ტყვიის სროლის ფედერაციამ რამდენიმეწლიანი თხოვნის შემდეგ სათანადო ნაკვეთის გამოყოფა-დამტკიცებას კი მიაღწია, მაგრამ იმ ტრიალ მინდორზე ბაზის მშენებლობა როდის დაიწყება, ღმერთმა უწყის. მშვილდოსნობაში დღემდე თბილისში არც ხეირიანი დარბაზი იყო და არც _ ღია სასროლეთი. კიდევ კარგი, ბოლო წლებში პატარ-პატარა კერები გაჩნდა, თორემ დედაქალაქში მშვილდოსნობა ნესტიან სარდაფებში ღაფავდა სულს. ამ მხრივ სკოლაში მეტ-ნაკლებად დამაიმედებელი ვითარებაა _ ღია ბაზები აქვთ, მაგრამ დახურული სერიოზული პრობლემაა. სკოლას 6 მარტივი ტიპის მოედანი აქვს, მეკლდეურობით დაინტერესებული პატარებისთვის არის საცოცი კედელი, მომავალში კი უფროსებისთვისაც მოეწყობა. ამდენად, ღია მოედნებზე ტურნირების ჩატარება თავისუფლად ხერხდება, თანაც _ ყველა სახეობაში, მაგრამ ავდარში ან უფრო დარბაზებისთვის განკუთვნილ სახეობებში კი პრობლემებია. სკოლას აქვს 50-მეტრიანი ტირიც, სადაც სროლასთან ერთად მშვილდოსნობასაც ითავსებენ, თუმცა ის არასტანდარტულიცაა, ანუ სათამაშო სახეობებისთვის დასაშვებ ნორმებზე პატარაც და კეთილმოწყობაც სჭირდება. მას კი იყენებენ, მაგრამ იქაურობა არა თუ 2500-მდე ბავშვისთვის, არამედ, ზოგადადაც, პატარაა სათამაშო სახეობებისთვის. სკოლის დირექტორმა პრობლემის მოსაგვარებლად, თურმე,  სათანადო ორგანოებსაც მიმართა საკუთარი მოსაზრებებით. მისი თქმით, ყველა სკოლას აქვს ისეთი ფართი, რომლის სპორტულ დარბაზებად მოდერნიზაციაც თავისუფლად შეიძლება. მიხეილ მინდაძემ თავისი სკოლის მაგალითზე ბრძანა, რომ იმ 6 ღია მოედნიდან ერთიც რომ გადახურონ მსუბუქი, ანუ მინის გადახურვით, პრობლემა მოიხსნება. მისი სკოლის მაგალითზე სხვა პროექტიც აქვს _ მეორე ფლიგელის ბრტყელსახურავიან ზედაპირზე თავისუფლად შეიძლება მსგავსი დარბაზის დაშენება, ისევ და ისევ, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვით, რაც არც ისე ძვირი ჯდება. მისი თქმით, თბილისში, დაახლოებით, ასამდე სკოლას აქვს მსგავსი რესურსი _ მეორე ფლიგელი, სადაც თავისუფლად შეიძლება მანეჟების გაკეთება, ეს კი დედაქალაქში დარბაზების პრობლემას ლამის სრულად გადაჭრის.

დარბაზების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია მწვრთნელ-სპეციალისტთა საკითხი. როგორც სპორტულმა ჟურნალისტმა, კარგად ვიცი, ამ მხრივ რაოდენ კატასტროფული მდგომარეობაა მთელ ქვეყანაში, მაღალი მიღწევების სპორტშიც კი, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მწვრთნელების კვალიფიკაცია საგრძნობლად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს, ხოლო თემაზე _ ვინ მუშაობს ბავშვთა სპორტში (ვგულისხმობთ პროფესიულ კლუბებთან არსებულ მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფებს), სახელმწიფოს დონეზე, რამდენიმე წელიწადია, გრძელდება უშედეგო კამათი. ყველა აღიარებს, რომ იქ ხშირად პირდაპირ ქუჩიდან მოსული მწვრთნელები მუშაობენ, რომლებსაც უსამსახურობამ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ბოლო წლებში, აწ უკვე რეფორმირებულმა და სამინისტროს რანგში აყვანილმა, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი დაიწყო ბავშვთა სპორტში მომუშავე მწვრთნელების ატესტაცია მათი კვალიფიკაციის გაცხრილვის მიზნით, შემოიღო ტესტირების სისტემაც, მაგრამ პრობლემა მაინც გადაუჭრელია. ამ ფონზე ცხადად ისმის კითხვა, ვინ გაწვრთნის სკოლებში ბავშვებს დირექციის მიერ შერჩეულ სახეობებში? ცხადია, ყველას არ უნდა მიეცეს ამის უფლება, რადგან მწვრთნელი პედაგოგიც უნდა იყოს. თანაც, ამ წერილში ნახსენებ უმეტეს სახეობებში _ მძლეოსნობაში, მშვილდოსნობაში, ტყვიის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში არა თუ მაღალი კვალიფიკაციის, რიგითი მწვრთნელებიც კი თითო-ოროლა შემორჩნენ. ამ მხრივ, 161-ე სკოლა შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია _ ძირითადად, ადრინდელ კადრებს დაეყრდნენ და სულ რამდენიმე სპეციალისტის მიწვევა დასჭირდათ, თუმცა _ ყველა ავტორიტეტი. მაგალითად, კალათბურთში ახლო წარსულში ცნობილი კალათბურთელი ალეკო ფერიაშვილი მოიწვიეს, ხელბურთში კი ბოლო 20-წლეულის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ტიტე კალანდაძე! თუმცა კალანდაძე არა მარტო ქართულ, ევროპულ ხელბურთშიც კი _ გავლენიანი სახე იყო. მისი დიდი დამსახურებაა, საქართველოს ნაკრები 1999 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში რომ გავიდა, თუმცა, ასეთი ვარსკვლავის მიწვევის ბედნიერება ყველა სკოლას არ ექნება! ამ სკოლისთვის კალანდაძის კანდიდატურა იმითაცაა საინტერესო, რომ ის წლების განმავლობაში თამაშობდა ევროპაში და კარგად ხედავდა იქაურთა მიდგომას ბავშვთა სპორტისადმი, დღეს კი მათ გამოცდილებას აქაც იყენებს. სხვათა შორის, მისი მეუღლე ყოფილი კალათბურთელია და ისიც აქვე მუშაობს.

კალანდაძის და ფერიაშვილის მაგალითი კარგი ნიმუშია სკოლისა და ფედერაციების თანამშრომლობისა. იმავე ხელბურთისა და კალათბურთის ფედერაციები, განათლების სამინისტროს ამ რეფორმამდეც, ზრუნავდნენ სკოლებში მათი სახეობების დანერგვაზე და პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგეს. ასევეა რაგბის კავშირისა და ფეხბურთის ფედერაციის შემთხვევაშიც _ სკოლაში რაგბისა და ფეხბურთის გუნდებთან სხვადასხვა კლუბებიდან გამოგზავნილი ახალგაზრდები მუშაობენ. ცხადია, მათი უმეტესობა მომავალში სამწვრთნელო კარიერას გააგრძელებს, ეს კანდიდატურები კი შეთანხმებულია ფედერაციებთან.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ 161-ე სკოლას, სადაც მსგავსი მასობრივი მიდგომები უკვე სხვაგვარ მუშაობაში გადაიზარდა _ ბავშვები თანდათან ერთიანდებიან სპორტულ სექციებში, ანუ ისინი, ვინც ამგვარ გაკვეთილებზე ან ტურნირებში გამოიჩენენ განსაკუთრებულ მიდრეკილებას სპორტის რომელიმე სახეობისადმი, სურვილის შემთხვევაში, სათანადო წრეებშიც გაერთიანდებიან. სხვანაირად რომ ვთქვათ, მსგავსი მასობრიობა ხელს უწყობს არჩევანის გაკეთებას _ ვის ვის და, ვთქვათ, იმავე კალანდაძეს ან ფერიაშვილს ნამდვილად არ გაუჭირდებათ, მოზარდში ხელბურთელის ან კალათბურთელის ნიჭი ამოიცნონ, ამგვარი მიდგომებით კი, ვინ იცის, იქნებ ტალანტებიც ვიხსნათ დაკარგვისგან.

დასასრულს, მკითხველის ყურადღებას ერთ უცნაურობაზეც შევაჩერებთ. როგორც მიხეილ მინდაძემ გვითხრა, მათ სავალდებულო საგნების არჩევისას გოგოების ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელს. ეს ქართული მენტალიტეტი კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს, თორემ დასავლურ სამყაროში გოგოებისა და ვაჟების სპორტს არავინ ანსხვავებს _ საქართველოსგან განსხვავებით, იქ ჭიდაობაც მიიჩნევა გოგოების სპორტად, ძიუდოც, კარატეც, ძალოსნობაც და სხვაც. ასეთი დიფერენციაცია კი, იქნებ, დისკრიმინაციადაც მიიჩნიონ.

სხვათა შორის, ამ მხრივ ჩვენი მეზობლები _ თურქებიც, აზერბაიჯანელებიც და სომხებიც ბევრად წინ წავიდნენ. შესაბამისად, მათ ამ ე. წ. მამაკაცურ სახეობებში ბევრი ძალზე ცნობილი ქალი სპორტსმენიც ჰყავთ.

ირაკლი თავაძე

25-28(942)N