2016-03-10 5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილი — ზოგადი დიდაქტიკის კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითრების კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული განვითრების 5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილი და რა მოდულებს გაივლიან მასწავლებლები — ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე:
— პროფესიული განვითარების 5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილის გავლის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა, უფრო კონკრეტულად ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი და რამდენ კრედიტს მოუტანს ის პრაქტიკოს მასწავლებელს?
— მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, თითოეული სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის, განსაზღვრულია სავალდებულო და დამატებითი აქტივობები. პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა პროფესიულ უნარებში ტრენინგ-კურსის გავლა. თავად ეს ტრენინგ-კურსი ორი ნაწილისაგან შედგება, ეს გახლავთ ზოგადი დიდაქტიკა და საგნობრივი მეთოდიკები. 5-კრედიტიანი ტრენინგ-კურსის პირველი ნაწილის წარმატებით გავლა მასწავლებელს 3 კრედიტს მოუტანს.
მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ტრენინგ-კურსის გავლის წინაპირობას წარმოადგენს საგნის გამოცდის ჩაბარება. ანუ, იმ მასწავლებლებს, რომელთაც საგნობრივი გამოცდა წარმატებით აქვთ დაძლეული, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ გამოცხადებულ ტრენინგზე.
— ერთდროულად რამდენ მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირება და სად ჩატარდება ტრენინგები?
— რეგისტრაცია გამოცხადდება მთელი წლის განმავლობაში, ყოველი თვის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში დარეგისტრირების მსურველთა რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. თვის მეორე ნახევარში კი ჯგუფები რეგიონების მიხედვით დაკომპლექტდება და ტრენინგები ადგილებზე დაიწყება.
— საინტერესოა ტრენინგების ხანგრძლივობაც — რამდენ ხანს გრძელდება კურსი ან წელიწადში რამდენჯერ გამოცხადდება?
— ტრენინგ-კურსის პირველი ნაწილის, ანუ ზოგადი დიდაქტიკის საკონტაქტო საათების რაოდენობა 52 საათია, ხოლო მეორე ნაწილის, ანუ საგნობრივი მეთოდიკების — 30 საათიდან 40 საათამდე, განსხვავებული სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.
— რას მოიცავს ტრენინგების ციკლის პირველი ნაწილი და კონკრეტულად რა მოდულებისგან შედგება? უფრო ვრცლად რომ გაგვაცნოთ მოდულები...
— ტრენინგ-კურსის პირველი ნაწილი, ანუ ზოგადი დიდაქტიკის კურსი შედგება ორი მოდულისაგან: თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში და ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები. პირველ მოდულში განხილული იქნება: როგორ დაგეგმოს და წარმართოს მასწავლებელმა მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; როგორ გამოიყენოს პედაგოგიურ პრაქტიკაში კონსტრუქტივისტული მიდგომა; მიზნის შესაბამისად როგორ შეარჩიოს სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდები; როგორ აქციოს უკუკავშირი სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად; როგორ შექმნას შეფასების სქემები, როგორ გამოიყენოს შეფასების შედეგები მოსწავლეთა სწავლის ხელშესაწყობად და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის და ა.შ. როგორ გააანალიზოს და გამოიყენოს შეფასების შედეგები მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით და ა.შ.
მეორე მოდულის ფარგლებში მსმენელები გააცნობიერებენ უნივერსალური სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობას ყველა მოსწავლის წარმატებისთვის და გამოიმუშავებენ განსხვავებული შესაძლებლობებისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთა კლასში სწავლების უნარ-ჩვევებს. რაც მთავარია, 5-კრედიტიანი კურსი არ იქნება აგებული მხოლოდ თეორიული მასალის მიწოდებაზე, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება, თუ როგორ შეძლებს მსმენელი ტრენინგზე მიღებული გამოცდილების გადატანას სასწავლო პროცესში.
— როგორ გადავა მასწავლებელი შემდეგ ეტაპზე? რას გულისხმობს 5-კრედიტიანი ციკლის შემდეგი ეტაპი და რას მოიცავს მეორე კურსი?
— ტრენინგ-კურსის თითოეულ მოდულს აქვს შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, მაშასადამე მასწავლებელი ფასდება იმ კომპონენტების მიხედვით, რომელიც თითოეული მოდულითაა გათვალისწინებული. თუ ამ კომპონენტების შეფასების ჯამური რაოდენობა, 100-ბალიანი შეფასების სისტემაში, იქნება 60 ქულიდან, ჩაითვლება, რომ მსმენელმა მოდული წარმატებით დაძლია და მას ექნება უფლება დარეგისტრირდეს შემდეგ ეტაპზე. ტრენინგ-კურსის ფარგლებში, შეფასების ისეთი კომპონენტებია შერჩეული, რომელთა საშუალებითაც ფასდება, როგორ მოახდინა მასწავლებელმა ტრენინგზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი გაკვეთილზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრენინგ-კურსის მეორე ეტაპი მოიცავს საგნობრივი მეთოდიკების ნაწილს.
— იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ შეძლებს პირველივე ჯერზე ამ კურსის წარმატებით გავლას აქვს თუ არა უფლება შემდეგ გამოცხადებაზე ისევ სცადოს დარეგისტრირება?
— პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შესაბამისი გამოცდით, ტრენინგ-კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, უფლება აქვს განმეორებით დარეგისტრირდეს კურსზე, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის 5-კრედიტიანი კურსის დაფინანსება გათვალისწინებულია ერთჯერადად.
— რეალურად, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ეს არის პირველი სავალდებულო აქტივობა, რომლის განხორციელებაც მას სქემის ფარგლებში უწევს. როგორია თქვენი მოლოდინი, პირველივე ჯერზე ბევრ მასწავლებელს ელოდებით?
— დღეისათვის ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 4000 მასწავლებელი, ვისაც ჩაბარებული აქვს საგნობრივი გამოცდა და აქვთ ტრენინგ-კურსის გავლის უფლება. ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენი მასწავლებელი დარეგისტრირდება პირველ ეტაპზე. მათ ხომ ოთხი წელი აქვთ ვადა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად და მათი სრული უფლებაა, ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, გადაანაწილონ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით განსაზღვრული აქტივობები.
რუბრიკა მოამზადა ლალი ჯელაძემ
|