გამოდის 1998 წლიდან
2010-10-07
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი

გამოცდებზე გასასვლელად 13800-ზე ოდნავ მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა, რეალურად გამოცდაზე 10003 გამოცხადდა, იგულისხმება ის პედაგოგები, რომლებმაც ორივე გამოცდა ჩააბარეს - პროფესიული უნარები და საგნობრივი ტესტი და ის პედაგოგებიც, რომლებმაც წინასწარ განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება სურთ. ასეთია სტატისტიკა.
მოგეხსენებათ, პირველადი შედეგებით, ორივე ბარიერი 1147-მა პედაგოგმა გადალახა და მოიპოვა სერტიფიკატი. თუმცა, აპელაციის პროცესი ახლა დასრულდა და მათ რიცხვს გარკვეული რაოდენობა, ალბათ, მოემატება. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ, სერტიფიკატის მიღების უფლება, დაახლოებით, 1200-მა პედაგოგმა მოიპოვა.

რომელი გამოცდის ჩაბარება უფრო გაუჭირდათ?
ასე ვერ გავმიჯნავთ, რადგან შედეგები საგნობრივ ტესტებშიც და პროფესიულ უნარებშიც, მეტ-ნაკლებად, თანაბარი იყო. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ცუდი შედეგი მივიღეთ, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ფორმულირების მომხრე. ამ ყველაფერს არ ვუყურებ, როგორც გამოცდას, ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო. პირადად მე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ასე მარტივად მიიღო გამოწვევა, პირველივე გამოცდაზე გამოვიდა და საკუთარი თავის შეფასების არ შეეშინდა. ნიშნული, რომელიც დავაწესეთ, ნამდვილად არ იყო დაბალი, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იყო. ეს ის ბარიერია, რომელიც კარგმა მასწავლებელმა უნდა გადალახოს, იმ მასწავლებელმა, როგორიც ჩვენს წარმოდგენაშია და პედაგოგების წარმოდგენაშია, როგორ შედეგებსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ 2014 წლამდე. ასე რომ, პროცესი დაიწყო და 2014 წლამდე გაგრძელდება. არაფერი ტრაგიკული იმაში არ არის, რომ პედაგოგმა, გარკვეულ ვითარებათა გამო, კონკრეტულ გამოცდაზე ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაღალი ნიშნული, რომელიც ერთობლივად დავაწესეთ, არის ის, რისკენაც უნდა წავიდეთ და ერთობლივი ძალისხმევით დავაკმაყოფილოთ. ხშირად მეკითხებიან, რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი. მინდა გითხრათ, რომ მიზეზი პედაგოგი არ არის. პირველივე ცდაზე ბარიერის გადალახვა რომ ვერ მოახერხა, პედაგოგის ბრალი არ არის. უნდა განხორციელებულიყო ბევრი თანმდევი აქტივობა, რაც დაეხმარებოდა პედაგოგს, უპრობლემოდ გადაელახა ბარიერი. მომზადების პროცესი გარკვეული ხარვეზებით წარიმართა - პედაგოგთა გადამზადება, ტრენინგები უფრო ეფექტურად უნდა დაგეგმილიყო, რაც, სამწუხაროდ, სათანადო დონეზე ვერ განხორციელდა; უნდა მომზადებულიყო დამხმარე მასალა, რომელიც ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა; ისიც თვალსაჩინოა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, მომავალი პედაგოგების მომზადების თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს პედაგოგს ნუ გადავაბრალებთ. ეს აქტივობები ერთობლივად განსახორციელებელია, საერთო მიზანს რომ მივაღწიოთ - 2015 წლიდან გვქონდეს იმის დასტური, რომ კლასში სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი მასწავლებელი შედის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, სწორედ იმ უნარებით აღჭურვილი, რომელიც პედაგოგს შესაძლებლობას აძლევს, ეს ცოდნა მოსწავლეს გადასცეს. შეიძლება მასწავლებელი საგნის კარგი მცოდნე პროფესიონალი იყოს, მაგრამ ამ ცოდნის გადაცემის უნარი აკლდეს. ეს კი ყველაზე მთავარია.

მომავალი წლისთვის ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება?
პროგრამაში, ალბათ, ნაკლებად იმიტომ, რომ ჩვენი პროგრამა, როგორც იცით, ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ და საგნობრივ სტანდარტებს. რას გავაუმჯობესებდით მომავალი წლისთვის? ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მასწავლებელს, რაც შეიძლება მეტი ლიტერატურით აღიჭურვოს.
ჩვენ წელსაც გამოვცემთ ტესტების ნიმუშთა კრებულებს. ვგეგმავთ, გარკვეული სახეცვლილება მივცეთ - ტესტური დავალებების მხოლოდ მშრალი ნიმუშები კი არ იყოს ჩართული, არამედ უკვე განვლილ პირველ ეტაპზე დაყრდნობით, გაკეთდეს ანალიზი და, ასე ვთქვათ, ახსნა-განმარტება იმისა, სად უშვებდნენ, ძირითადად, შეცდომას, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რატომ არის ეს შეცდომა, განხილვა კონკრეტული დავალებებისა, რომლებიც პრობლემა აღმოჩნდა მასწავლებლებისთვის. აი, ასეთი ფორმით გვინდა მოვამზადოთ კრებულები და ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში ყველა სკოლას მივაწოდოთ.

რა აღმოჩნდა ყველაზე რთული დასაძლევი პედაგოგებისთვის?
წინასწარ ვვარაუდობდით, რომ პროფესიულ უნარებში, მაგალითად, განვითარების თეორიების ნაწილი გაცილებით უფრო რთული იქნებოდა ჩვენი პედაგოგებისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი იმიტომ, რომ აქ ხარვეზს აშკარად ვხედავდით. ხარვეზს ვხედავდით უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში, იმ სასწავლებლების, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს ამზადებენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ მწირი იყო ლიტერატურა ამ მიმართულებით და ამაზე დიდი აქცენტი არ კეთდებოდა არც მომზადების პერიოდში და არც შემდგომ, ლიტერატურის მიწოდების თვალსაზრისით. ასე რომ, ეს რომ ჩვენი პედაგოგებისთვის ყველაზე მძიმე ნაწილი იქნებოდა, ამას იმთავითვე ვვარაუდობდით. თუმცა, რიგ შემთხვევïში, მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგები არ წარიმართა ისე, როგორც გვინდოდა, მაინც დაეხმარა ჩვენს პედაგოგებს, თუნდაც ამ ნაწილის მეტ-ნაკლებად ათვისებაში. თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი და გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პედაგოგებს მივცეთ თვითგანვითარების შესაძლებლობა და შესაძლებლობა იმისა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ და მოსამზადებლად საკმარისი ლიტერატურა ჰქონდეთ.
თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ პროფესიულ უნარებში უფრო გაუჭირდათ მასწავლებლებს, ვიდრე საგნობრივში, ორივე თანაბრად პრობლემური აღმოჩნდა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პედაგოგებმა, რომლებიც წელს გამოცდებზე გავიდნენ, სერიოზული გამოცდილება შეიძინეს. რაც ყველაზე მთავარია, მათ უნიკალური შანსი ჰქონდათ, საკუთარი თავი გამოეცადათ და აღმოეჩინათ ხარვეზები, რაც კონკრეტულად მათ აქვთ და არა კოლეგების გამოცდილებას დაყრდნობოდნენ, როგორც ზოგიერთი მასწავლებელი აცხადებდა - მოდი, ჯერ ჩემი კოლეგები გავიდნენ გამოცდაზე, მე ვნახავ როგორ ჩააბარებენ და შემდეგ წელს გავალ. მათ, სამწუხაროდ, ძალიან კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან. შეხვედრებზე სულ ვეუბნებოდით, ნუ გეშინიათ. შეიძლება ვითარებათა გამო ბარიერი ვერ გადალახოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული პედაგოგი კლასში შესვლის ღირსი არ არის და არ არის კარგი მასწავლებელი. საუბარია იმაზე, რომ მეტი შევიძინოთ, ცოდნის თვალსაზრისით და უნარების თვალსაზრისითაც. ადამიანებს, ვინც წელს მონაწილეობæა სასერტიფიკაციო გამოცდებში, სწორედ ეს უნიკალური შანსი ჩაუვარდათ ხელში - საკუთარი თავი შეაფასეს, ზუსტად აღმოაჩინეს, სად ჰქონდათ ხარვეზები, სად იყო მათი სუსტი წერტილი. ახლა უკვე ამაზე შეუძლიათ აქცენტის გაკეთება, ფოკუსირებულად და მიზანმიმართულად მუშაობა. ზუსტად ვიცი, რომ ასეთი პედაგოგი, გაისად რომ გამოვა გამოცდაზე, სრულიად უპრობლემოდ მოახერხებს ბარიერის დაძლევას.

პრეტენზიები
პირველადი შედეგები თავსდება ჩვენს ვებგვერდზე. თუ აპლიკანტს რამეში ეჭვი ეპარება (ეს მხოლოდ მასწავლებლებს არ ეხება, ასევეა აბიტურიენტებისა და მაგისტრანტების შემთხვევაშიც), ჰგონია, რომ არასწორად შეფასდა მისი ნამუშევარი, შეუძლია დადგენილ ვადებში მიმართოს სააპელაციო კომისიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს და საბოლოო შედეგებიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

მომავალ წელს გამოცდები ყველა საგანში ჩატარდება?
დიახ, 2011 წლისთვის ჩვენ შევთავაზებთ ყველა საგნის მასწავლებელს, მათ შორის დაწყებითი კლასის მასწავლებლებსაც და ამას დაემატება პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - თუ სერტიფიცირებულმა მასწავლებელმა ჩააბარა მარტივი დონე ინგლისურის და კომპიუტერის, მას ხელფასზე 200 ლარის დანამატი ექნება. ასე რომ, ეს ნაწილიც მოსამზადებელი გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ იმ პერიოდისთვის, როცა სასერტიფიკაციო გამოცდები დამთავრდება, უკვე მზად გვექნება და სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეეძლებათ ამ გამოცდების ჩაბარება.

დაწყებითების პედაგოგები რა ტიპის გამოცდას ჩააბარებენ?
დაწყებით კლასებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ ვართ, თუმცა აპრობაციები ყველა შესაძლო მიმართულებით, კარგა ხანია, დაწყებულია და გარკვეული ეტაპი უკვე გავიარეთ. საუბარია ტესტებზე I-IV კლასის მასწავლებლისთვის, რომელიც მხოლოდ I-IV კლასებში ასწავლის, ასევე, საუბარია ტესტებზე იმ მასწავლებლისთვის, რომელიც I-IV კლასში ასწავლის, მაგრამ სურვილი აქვს, შემდეგ კლასებში გააგრძელოს კონკრეტული საგნის, მაგალითად, ქართულის სწავლება. მათთვის ცალკე ტესტი იქნება, ბუნებრივია, შესაბამისად - მათემატიკისა და ბუნების. მიდის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, გვექნება თუ არა ცალკე ტესტი იმ მასწავლებლისთვის, რომელიც მხოლოდ ქართულს ასწავლის I-VI-მდე, ანუ მოვთხოვთ თუ არა ამ პედაგოგს, I-IV-ს ნაწილიც ჩააბაროს, თუ მხოლოდ ქართულის ტესტს შევთავაზებთ. მე პირადად იქითკენ ვიხრები, რომ დაწყებითი კლასების ყველა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს I-IV-ს ნაწილი და თუ მას ქართულის სწავლება უნდა მხოლოდ, დამატებით - ქართული. ჩატარებული აპრობაციები შესაძლებლობას მოგვცემს, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ ყველანაირი ფორმისთვის ვიქნებით მზად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - 2010
წლევანდელ გამოცდებზე ბევრი სიახლე შემოვიდა - ყველა აბიტურიენტი აბარებდა ოთხ გამოცდას, სამი სავალდებულო იყო - ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და ერთ-ერთი უცხო ენა; მეოთხე სავალდებულო გამოცდა დამოკიდებული იყო იმ კონკრეტულ ფაკულტეტზე, რომელიც აბიტურიენტს მითითებული ჰქონდა სარეგისტრაციო ფორმაში. უმაღლესი სასწავლებელი წინასწარ აცხადებდა მისთვის სავალდებულო გამოცდას. მოგეხსენებათ, შვიდი არჩევითი საგანი გვქონდა, აქედან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ჩაებარებინა აბიტურიენტს.
აქედან გამომდინარე, დაფინანსების წესიც შეიცვალა. აქამდე დაფინანსება მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების მიხედვით იყო, რასაც წლების განმავლობაში არასამართლიანად მივიჩნევდით იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სისტემა ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ძირეულ პრინციპზე იყო დამყარებული - ცოდნისა და უნარების კომპლექსური შეფარდება. თანაბრად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია როგორც უნარები, ასევე ცოდნა, კონკრეტულად - საგნობრივი ცოდნა. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე, სტუდენტზე, რომელიც კონკრეტული დარგის სპეციალისტად უნდა ჩამოყალიბდეს. საბედნიეროდ, წელს უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და გრანტი ოთხი გამოცდის საფუძველზე გაიცა. ამ შემთხვევაში, საერთო თანხა განაწილდა შვიდი საგნის მიხედვით და თითოეულ არჩევით საგანს თავისი ჯიბე, ე.წ. „კალათა“ ჰქონდა. ვინც მათემატიკა ჩააბარა, მათთვის ცალკე თანხა იყო გამოყოფილი, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და არა სხვა საგანჩაბარებულს; ასევე, ვინც ისტორია ჩააბარა - მათთვის ცალკე და ა.შ.
როგორ განაწილდა თანხა? მთლიანი თანხის 1% განაწილდა თანაბრად ყველა ჯიბის მიხედვით, დარჩენილი 99% - უკვე კონკურსის მიხედვით, პროპორციულად. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ისტორია ორჯერ მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, ვიდრე გეოგრაფია, მაშინ ისტორიის კალათაში ორჯერ მეტი თანხა მოხვდებოდა, ვიდრე გეოგრაფიის. აქედან გამომდინარე, თანხა ასე გადანაწილდა: ყველაზე დიდი თანხა შეხვდა მათემატიკის კალათას იმიტომ, რომ, დაახლოებით, 14 000-მდე აბიტურიენტი აბარებდა, შემდეგ მოდის ისტორია, შემდეგ - ლიტერატურა და ა.შ. ყველაზე მცირე თანხა განაწილდა ქიმიასა და ფიზიკაზე იმიტომ, რომ ჩვენდა სავალალოდ, ფიზიკა ჩასაბარებელ საგნად მხოლოდ და მხოლოდ 80-მა აბიტურიენტმა აირჩია 34 ათასზე მეტიდან (ეს უკვე არანაირი პროცენტი აღარ არის). ქიმია - დაახლოებით, 500-მდე აბიტურიენტმა (ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა, დამეთანხმებით).
შედეგი ასეთია: დაახლოებით, 9000-მდე გრანტი გაიცა, აქედან ყველაზე მეტი - 3000-ზე მეტი მათემატიკაჩაბარებულებზე. თუმცა, ბევრი უკმაყოფილო დარჩა. რატომღაც ასეთი ილუზია შეიქმნა, თუ აბიტურიენტი მათემატიკას ჩააბარებდა და გადალახავდა ზღვარს, აუცილებლად ეკუთვნოდა სახელმწიფო გრანტი. თავიანთ შედეგებს ადარებდნენ სხვა საგნების, ვთქვათ, ისტორიაჩაბარებულის შედეგებს და პრეტენზია ჰქონდათ, როგორ მიიღო გრანტი ამა თუ იმ აბიტურიენტმა, როცა უფრო დაბალი ქულა ჰქონდა. ცოტა რთული აღმოჩნდა მშობლებისთვის და აბიტურიენტებისთვის აგვეხსნა, რომ, ამ შემთხვევაში, მათემატიკაჩაბარებული ისტორიაჩაბარებულს არ ეჯიბრება, მას თავისი თანხა აქვს გამოყოფილი. საბოლოო ჯამში, 8000-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა, ვინც მათემატიკა ჩააბარა და ბუნებრივია, ყველა ვერ დაფინანსდებოდა, გარკვეული რაოდენობა გრანტის გარეშე დარჩა.
პირადად მე, მიმაჩნია, რომ დაფინანსების ეს სისტემა გაცილებით უფრო სამართლიანია, თუმცა გაუგებრობა მაინც არსებობდა. ვინც ჩვენს ცენტრს მოაკითხა, მას განვუმარტეთ, თუ რატომ არ უნდა შევადაროთ ერთი საგნის საკონკურსო ქულა სხვა საგნებში მიღებულ ქულებს.

შედეგები
რაც შეეხება შედეგებს, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ შედეგებით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ჩემს მოსაზრებას, შედეგებთან დაკავშირებით, ოპონენტთა გამოხმაურება მოჰყვა, რომ სურათი კი არ გაუარესდა, პირიქით, გაუმჯობესდა. მაშინ ამ შეკითხვაზე გამცეს ვინმემ პასუხი: როდესაც აბიტურიენტი შემოდგომაზე ირჩევს გამოცდას ჩასაბარებლად, მაგალითად მათემატიკას და èàåäò ùåäò ამ საგანში განსაკუთრებულად ემზადება (მე არ ვსაუბრობ რეპეტიტორზე), ნუთუ სკოლამ ვერ უნდა მოახერხოს იმდენი, რომ ამ მოსწავლემ 14 ქულა მაინც მიიღოს და არ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ 34-მა პროცენტმა იმ აბიტურიენტებისა, ვინც მათემატიკა ჩააბარა, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (13 ქულა) ვერ გადალახა. აი, ამაზე მაქვს საუბარი და არა იმაზე, ამ აბიტურიენტმა მაღალი ან საშუალო ქულა მაინც რატომ არ მიიღო. არც წინა წლების შედეგებს არ ვადარებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ (და, ალბათ, ეს ლოგიკურია), როგორ ხდება, რომ სკოლა12 წლის განმავლობაში სავალდებულო საგანს ასწავლის მოსწავლეს, უჩენს ილუზიას, რომ იმდენად არის მომზადებული, შეუძლია ეს გამოცდა ჩააბაროს და ის 13 ქულაზე მეტს ვერ იღებს. აი, ეს არის სავალალო შედეგი და ასეთ აბიტურიენტთა რაოდენობა მათემატიკაში 34%-ია, ქიმიაში - 38%, ფიზიკაში - 56%. ფიზიკა საერთოდ ცალკე თემაა - როდესაც მხოლოდ 80 მოსწავლე ირჩევს ფიზიკას ჩასაბარებლად, აქედან ნახევარზე მეტი კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სკოლებში ფიზიკა საერთოდ არ ისწავლება, როგორც საგანი. რა შედარებაზე და რა გაუმჯობესებაზეა საუბარი, მე არ მესმის. ეს სერიოზული დისკუსიის საგანია და სერიოზული დაფიქრების საბაბი, თუ ჩვენ გვინდა, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება როგორღაც წამოვწიოთ. ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი, მათემატიკოსი საიდან გვეყოლება ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში, მეცნიერებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ სკოლაში, საშუალო საფეხურზე, ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ, იმას მაინც ვერ მივაღწევთ, რომ სკოლის ბაზაზე მიღებული ცოდნით აბიტურიენტმა მინიმალური ზღვარი მაინც გადალახოს, კონკურსში მონაწილეობაზე აღარაფერს ვამბობ. წლევანდელი გამოცდების შედეგები პირდაპირი ანარეკლია იმ მდგომარეობის, რაც საშუალო განათლების სისტემაში გვაქვს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სერიოზული ექსპერტების ჩართვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და სწორი ნაბიჯების გადადგმა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოვიდეთ. მხოლოდ იმაზე საუბრით, რომ ხელი უნდა შევუწყოთ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლას, პრობლემა ვერ მოგვარდება.

სამაგისტრო გამოცდები
დაახლოებით, 7500-მდე მსურველი იყო, ზღვარი გადალახა 4300-მა. გამოცდებმა ნორმალურად ჩაიარა. შარშანდელთან შედარებით, დიდი ცვლილება არ არის. ახლა მათ წინ სპეციალობის გამოცდები ელით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთმა უკვე ჩააბარა, დანარჩენებიც გაივლიან გამოცდებს და, ალბათ, ოქტომბრისთვის განაწილდება გრანტები მიმართულებების მიხედვით. საბოლოო სურათი ოქტომბრის ბოლოს გვექნება.

მომავალი გეგმები
ვიწყებთ მზადებას მომავალი წლისთვის. წელს დიდი გამოწვევები გვაქვს - გარდა ეროვნული გამოცდებისა უნდა მოვამზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდები ყველა საგნის მასწავლებლებისთვის, ასევე, სამაგისტრო გამოცდები, ოლიმპიადები გვაქვს ჩასატარებელი და კიდევ გამოსაშვები გამოცდები, რაზეც უკვე ვმუშაობთ. ეს ჩვენთვის, მართლაც, ძალიან სერიოზული გამოწვევაა, ასეთი დატვირთული წელი ჯერ არ გვქონია და, ალბათ, აღარც გვექნება.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N