2016-02-18 ძველ სქემაში ჩართული 5 266 მასწავლებელი შეფასდა 2011-14 წლებში მოქმედი პროფესიული განვითარების სქემის შეფასების აპელაციის პროცესი დასრულდა. განმეორებით შეფასების მსურველი მასწავლებლების მიერ სააპელაციოდ სულ 1226 განცხადება შევიდა. აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით, წარმატებულად შეფასებული მასწავლებლების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. სასწავლო რესურსების შექმნის მიმართულებით, შედეგები 7%-ით გაუმჯობესდა, ასევე 7%-ით გაიზარდა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით წარმატებულად შეფასებული მასწავლებლების რაოდენობა. მთლიანობაში, ძველ სქემაში ჩართული, შეფასების მსურველი 5266 მასწავლებლიდან, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით, 70%-მა მიაღწია წარმატებას; სასწავლო რესურსების შექმნის მიმართულებით, წარმატებულია მთლიანი რაოდენობის 39%, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით — 55%. შეფასებულთა 28%-მა კი მიიღო 6 კრედიტი. სულ წარმატებით შეფასდა მასწავლებლების 81% — 4 247.
შეფასების შედეგებით, მასწავლებელთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. რა პრობლემები გამოიკვეთა შეფასებისას და რამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება — გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი.
— ბატონო კახა, 2011-2014 წლების სქემაში ჩართული 5266 პედაგოგი შეაფასეთ, დასრულდა აპელაციის პროცესიც, მასწავლებელთა ნაწილი უკმაყოფილოა და გარკვეულ პრობლემებზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, სად იყო ყველაზე მეტი სირთულე და ხარვეზი?
— ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების პროცესი, ახალ სქემასთან მიმართებაში, ძალიან საინტერესო იყო, როგორც ფოკუსჯგუფი, რომლის საფუძველზეც უნდა განვსაზღვროთ ის მოლოდინები, როცა აბსოლუტურად ღია და გახსნილი პროცესებით დაიწყება 2080 სკოლის შეფასება სკოლის ბაზაზე — ეს იქნება ცოცხალი გაკვეთილები, პროექტები და სხვა უამრავი აქტივობები — რეალური სასწავლო პროცესი და არა სასერტიფიკაციო გამოცდა. ამჯერად, მხოლოდ დოკუმენტაციით ვამოწმებდით, რასაც მომავალში გაკვეთილზე დაკვირვებაც დაემატება. 81%, 4 ათასზე მეტი მასწავლებელი, ერთი ან უფრო მეტი კრედიტით შეფასდა. ჩვენთვის ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროცესია, თუმცა მესმის, რომ უმეტესობას მაქსიმალური — 6 კრედიტის მოპოვება სურდა. სხვათა შორის, ჩემი თვალთახედვით, გაცილებით უკეთესი შედეგია, ვიდრე ველოდი, ზოგადად, ამდენმა ადამიანმა წარმოადგინა თავისი პოზიტიური ნაშრომი და შრომის შედეგი.
მიმართულებების მიხედვით, შედეგები ასეთია: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა — როგორ ატარებს მასწავლებელი ინტეგრირებულ გაკვეთილს და რა პროექტებში ამუშავებს ბავშვებს — მასწავლებლების 70%-მა სამი კრედიტი მიიღო, თითქმის 3 ათასზე მეტი კარგი ინტეგრირებული გაკვეთილი ვნახეთ. ამ შეფასებაში უმეტესობა იყო ინტეგრირებული გაკვეთილები, ნაკლები — პროექტები. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევებიც იყო, როცა მასწავლებლებს ჩვეულებრივი გაკვეთილები ჰქონდათ გადმოგზავნილი და მაინც გაგვინაწყენდნენ, რომ არ შევუფასეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც წავაწყდით, სწორედ დოკუმენტაციის არწაკითხვაა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგისგან იმის მოსმენა, რომ: „არ ვიცოდი“, „მე ასე მითხრეს“, „სხვანაირად მეგონა“, ჩემი აზრით, საწყენია და არასერიოზული. მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ყველაფერს გულდასმით გასცნობოდნენ. მოვუმზადეთ დოკუმენტაცია, დავადგინეთ კრიტერიუმები, შევადგინეთ დამხმარე კითხვები იმისათვის, რომ უფრო გამარტივებოდათ მუშაობის პროცესი, ამის შემდეგ, არგუმენტად ისევ იმის მოტანა, რომ „არ ვიცოდი“, იმიტომ რომ „არ მითხრეს“, უხერხულია.
მეორე მიმართლება სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენებაა. მცირე იყო მეთოდური სტატიებისა და სახელმძღვანელოების რაოდენობა, რადგან ბევრ მასწავლებელს არ ჰქონდა. წარმოდგენილიდან კი, ძირითადად, ყველა აკმაყოფილებდა სტანდარტს. ამას ადასტურებდნენ ის რედაქციები, სადაც მასწავლებლების ნაშრომები ქვეყნდებოდა.
ამავე მიმართულებას ეკუთვნის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ან მათი დახმარებით სხვა ტიპის თანამედროვე რესურსის შექმნა, რომ გაკვეთილი უფრო ინტერაქტიული (ეს კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია) გახდეს. კრიტერიუმებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, რომ სასწავლო რესურსი რაც შეიძლება ინტერაქტიული ყოფილიყო. მასწავლებელს, თავის რეფლექსიაში, უნდა დაესაბუთებინა, იძლევა თუ არა რესურსი იმის საშუალებას, რომ სასწავლო პროცესი უფრო მეტად ინტერაქტიული გახდეს. იმავდროულად, უნდა ეჩვენებინა, როგორ ჩართო ბავშვი სასწავლო პროცესში და როგორ გახადა ის, ამ რესურსის დახმარებით, უფრო მოტივირებული და აქტიური. რაც უფრო მეტად იყო გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, შეფასების ქულა უფრო იწევდა. ვიცით, რომ უამრავ სკოლაში ამ ტიპის რესურსებზე, ზოგჯერ ინტერნეტზეც კი, წვდომა არ არის, ამიტომ ზღვარი გადიოდა იმაზე, თუ რამდენად აქტიურს ხდის მოსწავლეს სასწავლო პროცესში გამოყენებული ესა თუ ის რესურსი. ამ მიმართულებით დადებითი შეფასება 40%-ია. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებ წარმატებას მასწავლებელმა სწორედ რესურსის მიმართულებით მიაღწია. თუმცა, ვფიქრობ, ეს შედეგი ადეკვატურია, თუ გავითვალისწინებთ იმ შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული ელექტრონულ ფორმატში დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და განთავსება აღმოჩნდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სულ სამი მიმართულება იყო შესაფასებელი, შესაბამისად დოკუმენტაცია, ამ მიმართულებების მიხედვით, სამ ფოლდერში უნდა მოეთავსებინათ: „სასწავლო პროცესი“, „რესურსი“ და „პროფესიული განვითარება“. საწუხაროდ, გამსწორებლები მთელ რიგ დოკუმენტაციას ვერ პოულობდნენ, შესაბამისად ვერც გაასწორეს, რადგან ფოლდერები ხან ცარიელი იყო, ხან სულ სხვა მასალა იყო ატვირთული, მაგ., სკოლის განრიგის ცხრილები და ა.შ.
გამსწორებლებმა დოკუმენტაციის ნაწილი ვერ გაასწორეს, ფოლდერები ცარიელი იყო, რადგან eSchool-ზე წვდომა არ ჰქონდათ. სააპელაციო კომისიამ ეს მდგომარეობა გაითვალისწინა და მასწავლებლებს გაწეული შრომა რომ არ დაკარგოდათ, დავიწყეთ დოკუმენტაციის ძებნა (საბოლოო შედეგებმა ამის გამოც ცოტა დააგვიანა). მაგალითად, მასწავლებელი, იმის ნაცვლად, რომ წარმოდგენილი რესურსი ატვირთოს, ისე როგორც ეს მითითებულია eSchool-ის პროგრამაში, ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსიაში წერს, რომ მის მიერ შექმნილი რესურსი შეგვიძლია ვიხილოთ რომელიღაც ბლოგზე. მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს ყველაფერი მოგვეძებნა და არც ერთი აქტივობა შეუფასებელი არ დარჩენილიყო, რის გამო ორჯერ მოგვიწია შეფასების პროცესის გადადება-შეფერხება. თუკი მასწავლებელი საბოლოო დასკვნებს არ დაეთანხმება, შეუძლია სასამართლოშიც კი გაასაჩივროს. ჩვენგან წერილობით დასკვნას ყველა მასწავლებელი ოფიციალურად მიიღებს.
ასეთ უცნაურობებსაც კი წავაწყდით, მაგალითად, მასწავლებელი ატვირთავდა რაღაცას და მერე eSchool-ზე ეს ყველაფერი ქრებოდა. ასეთ შემთხვევებს ჶmis-თან ვამოწმებდით, რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა კიდეც — სკოლაში ისტ მენეჯერმა მართლაც ატვირთა დოკუმენტაცია და რამდენიმე საათის შემდეგ ან მეორე დღეს გაქრა. ტექნოლოგიებთან ურთიერთობის პრობლემა მართლაც არსებობს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, მასწავლებელმა თავად შეძლოს ინფორმაციის ატვირთვა, რათა დარწმუნდეს მის სისწორეში, ხშირად გადაამოწმოს ელექტრონული ფოსტა და ა.შ. ამის გათვალისწინება სამომავლოდაც ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რა ვითარება შეიქმნება, როცა 2080 სკოლაში დაიწყება პროცესი. eSchool — ეს ჩვენი სისტემის ერთ-ერთი მიღწევაა, სადაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ დევს ყველა ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ და შეფასებაც სწორედ მას უნდა დაეყრდნოს. ასე რომ, მასწავლებელმაც აუცილებლად უნდა ისწავლოს მასთან ურთიერთობა.
გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ჩვენ თვითონ ვხვდებოდით, სად რა შეცდომა ჰქონდა დაშვებული მასწავლებელს. მაგალითად, რომელიმე მიმართულებაში აღმოვაჩენდით, დოკუმენტის ნაცვლად, ატვირთულ ექსელის ცხრილს, სკოლის განრიგს ან სხვ. ვხვდებოდით, რომ აიტიმენეჯერმა ეს, უბრალოდ, შეცდომით ატვირთა. თავისთავად, როცა შეფასების პროცესი უფრო და უფრო მოიკიდებს ფეხს, ხარვეზებიც ნაკლები იქნება. თუმცა, წარმოუდგენელია ათასობით ადამიანის ღიად შეფასების დროს, გარკვეული ხარვეზებისგან დავიცვათ თავი, მაგრამ სისტემამ უნდა მოძებნოს ისინი და გამოასწოროს. მასწავლებელი ამაზე არ უნდა რეაგირებდეს ისე, თითქოს ამით მისი ცხოვრება დასრულდა და სამყარო დაიქცა. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ შეცდომის დაშვებით ყველაფერი არ სრულდება, რომ მის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ. კიდევ ვიმეორებ, განაწყენებულმა მასწავლებელმა, რომელმაც გამოაგზავნა სერტიფიკატი, მაგრამ დაავიწყდა რეფლექსიის მიმაგრება და მისი პროფესიული განვითარება ვერ შეფასდა, ამას ასე უნდა შეხედოს — ის უარყოფითად კი არ შევაფასეთ, უბრალოდ, ვერ შევაფასეთ. აუცილებლად დავნერგავთ სკოლაში შეფასების პროცესებს, თანამშრომლობას და ნდობას. ჩვენს სკოლებში ხომ შეფასების პროცესი არ არსებობს, სწორედ ახლა ვიწყებთ ამის კეთებას და ეს არ არის ერთჯერადი აქტი, მიმდინარე პროცესია, დადებითი ან უარყოფითი შეფასებებით, გარკვეული ხარვეზებით, შემედეგ მათი გამოსწორებით და საბოლოო ობიექტური შეფასებით.
— მასწავლებლების გარკვეული პროცენტი, იმის გამო, რომ ტექნიკურად სწორად ვერ მოამზადა შესაფასებელი დოკუმენტაცია, შეფასების გარეშე დარჩა ან ნაკლები კრედიტქულებით შეფასდა. ნაჩქარევად ხომ არ დაიწყო პროცესი, იყვნენ თუ არა პედაგოგები სათანადოდ ინფორმირებული ამის შესახებ, რომ ხარვეზები თავიდან აგვეცილებინა?
— ჩვენი საქმიანობა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, ჩვენ მოსწავლეებისთვის ბევრ რამეში ვართ მაგალითი. გაიხსენეთ სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელსაც თან ახლავს წყენაც და ტკივილიც, როგორ განიცდიან პედაგოგები, ცუდი შეფასების შემთხვევაში, რას იტყვიან მოსწავლეები. მართლაც, ბავშვები ყურადღებით აკვირდებიან, როგორ ვრეაგირებთ ჩვენ, უფროსები თუნდაც ჩვენი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებებზე და იცით, რა შეიძლება მივიღოთ? ის, რასაც ჩემი მეექვსეკლასელი შვილი აკეთებს — ეშინია რა, არ დაუშვას შეცდომა, ურჩევნია ან დედამისს დააწერინოს დავალება ან საერთოდ არ წავიდეს სკოლაში. რა არის ამაში არასწორი, იცით? ამას ჩვენ ბაკალავრიატში ან პროფესიული განვითარების ტრენინგებზე ვსწავლობთ — არ უნდა გვეშინოდეს შეცდომის დაშვების. ჩვენ ხომ შეცდომებითაც ვსწავლობთ. მსგავსი საქციელი პროფესიული სიმდაბლეა. თუ ჩვენ ბავშვებს არ დავანახებთ, რომ შეგვიძლია ჩვენს სისტემაში სიახლეების დანერგვა და ურთიერთთანამშრომლობაში წარმოქმნილი წინააღმდეგობების გადალახვა ისე, რომ ეს პროცესი ურთიერთდაპირისპირებაში, ბრალდებასა და შურში არ გადაიზარდოს, მაშინ ჩვენი სისტემა ვერ განვითარდება. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ამის მთავარი გაკვეთილი რა არისო? მთავარი გაკვეთილი ასეთია: ჩვენი სკოლა ან დაიწყებს ამ პროცესს და ურთიერთთანამშრომლობას გახდის ქვაკუთხედად, ან გამუდმებით გვექნება არგუმენტი, რომ ვიღაც განაწყენებულია, ვიღაც ვერ იტანს შენიშვნებს, ვიღაცას თურმე საუბარი არ შეუძლია მოწინააღმდეგე მხარესთან, ან ჩათვალეთ, რომ ჩვენი სკოლა არასოდეს იქნება მზად ძირეული ცვლილებებისთვის. პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაგვეწყო.
— პროფესიული განვითარების მიმართულებით მასწავლებელთა 56% დადებითად შეფასდა. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა ის მიზეზები, რაზეც ზემოთ ისაუბრეთ?
— რასაკვირველია, შეიძლება 56%-ზე მეტი ყოფილიყო. სამწუხაროდ, მასწავლებლების უმეტესობამ მართლა არ წაიკითხა წესები და ეგონათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სერტიფიკატის არსებობა, ან ტრენინგის გავლა, ან რომელიმე კონფერენციაში მონაწილეობა შეფასებისთვის საკმარისი იქნებოდა. შეფასების წესში კი მკაფიოდ ეწერა, რომ ვაფასებდით არა ტრენინგების ან კონფერენციების რაოდენობას, არამედ პროფესიული განვითარების ანალიზს, ანუ რეფლექსიებს. შესაბამისად, თუ ამ დოკუმენტს არ ატვირთავდნენ, ვერ შევაფასებდით. ახალმა სქემამ დაგვიდო ზღვარი — 6 კრედიტი უფროსი მასწავლებლებისთვის და 10 — წამყვანებისთვის. რომ დავითვალოთ, ბოლო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლებს რამდენი ტრენინგი აქვთ გავლილი და შემდეგ 25 საათი 1 კრედიტქულაში გადავიყვანოთ, მაქსიმალური 6 კრედიტი არ ეყოფოდა მასწავლებელთა ნახევარზე მეტს. სწორედ ამიტომ შეიქმნა შეფასების ახალი წესი, რომელიც შეიძლება ვინმეს არ მოსწონს. ტრენინგმა მასწავლებლებს მისცა ცოდნა, რომელიც უნდა გამოვლენილიყო კარგ გაკვეთილში, რესურსში და საკუთარი საქმიანობის პროფესიულად გამოვლენაში. ასე რომ, არ ვეთანხმები აზრს, თითქოს ვინმეს რამე დავუკარგეთ. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ გააზრებულ პროფესიულ განვითარებაზე და ამისთვის უმარტივესი კითხვები დავსვით — რა საჭიროებამ განაპირობა ტრენინგის არჩევა? რა ცოდნა მიიღე? როგორ გამოიყენე (ეს შეიძლება პატარა მაგალითით მოგვიყვე)? რა შედეგზე გახვედი? თუ მასწავლებელი ამ კითხვებს გასცემს პასუხს, მისი პროფესიული განვითარების რეფლექსია შეფასებისთვის საკმარისი იქნება. ამით ნათლად გამოჩნდება გააზრებული ჰქონდა თუ არა მას ტრენინგები, კონფერენციები და ა.შ.
— მასწავლებელთა ნაწილმა იმის შესახებაც დაიჩივლა, რომ პროექტ „შვიდკაცაში“ მონაწილეობა არც ერთი კრედიტით არ შეფასდა. რას გვეტყვით ამის შესახებ?
— როგორც გითხარით, ახალი სქემით კრედიტების განაწილებამ გარკვეულ ჩარჩოებში ჩასვა ძველი სქემა. „შვიდკაცაში“ მონაწილეობა, როგორც კრედიტქულა, შეფასების წესში არ ასახულა. „შვიდკაცაში“ მონაწილეობა პედაგოგთა ცოდნასა და გამოცდილებაში აისახა. აუცილებლად გავაანალიზებთ, მაგალითად, „შვიდკაცას“ მონაწილე რამდენმა მასწავლებელმა მიიღო დადებითი შეფასება. მართლაც საინტერესოა, როგორია „შვიდკაცას“ მონაწილე მასწავლებლების პროცენტული შედეგები. ჯერ ეს დათვლილი არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ ერთმნიშვნელოვანი კორელაცია იქნება. იმიტომ, რომ შვიდკაცას პედაგოგები იცით რამ აღაშფოთა? მათ მიიღეს კრედიტი გაკვეთილში და შეფასებულ რესურსში, მაგრამ ვერ მიიღეს 2 კრედიტი პროფესიულ განვითარებაში, რადგან ჩათვალეს, რომ „შვიდკაცაში“ მონაწილეობა უკვე საკმარისი იყო და რეფლექსია არ გამოაგზავნეს. ასეთი მაგალითები ბევრი გვაქვს. ახლა იმას ასაჩივრებენ, რატომ არ ვუღიარებთ „შვიდკაცაში“ მონაწილეობას. ჩვენი პასუხი ასეთია: გაეცანით შეფასების წესს, შესაძლოა, მას არ ეთანხმებოდეთ ან არ მოგწონდეთ, მაგრამ ხომ უნდა იცნობდეთ.
— როგორია აპელაციის შედეგები, შეიცვალა თუ არა შეფასების სურათი?
— აპელაციამ, პირობითად, 7-დან 9%-მდე ბიჯი გააკეთა უკეთესობისაკენ, 1226 ადამიანის სააპელაციო განაცხადიდან, სხვადასხვა მიმართულებით, უმრავლესობა დადებითად დასრულდა. ლოგიკური ბიჯია იმ თვალსაზრისითაც, რომ მას შემდეგ, რაც კომისიამ დაიწყო ძიება და ამ დოკუმენტაციაში სათითაოდ იპოვა, თუ სადმე რამე არ იყო შემჩნეული, ბუნებრივია, ეს სურათს შეცვლიდა. დაახლოებით, 1000-მდე პედაგოგი მაინც დარჩა ნული კრედიტით, მაგრამ აქ საყურადღებოა ისიც, რომ მათგან 200 მასწავლებელი საერთოდ არ შეფასდა და ვერც შეფასდებოდა იმის, გამო, რომ არ იყვნენ დარეგისტრირებული ძველ სქემაში. მათ შორის იყვნენ გულწრფელი ადამიანებიც, რომლებსაც მართლაც შეეშალათ, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეგონათ, რომ დარეგისტრირებული იყვნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ, რადგან სხვას არეგისტრირებინებდნენ თავს. სწორედ ამიტომაც, მსგავსი შემთხვევები რომ არ მოხდეს, პროფესიონალმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თავისი საქმე თვითონ უნდა აკეთონ.
— მეთანხმებით თუ არა, რომ ეს ცალკეული მასწავლებლის შეცდომა და პრობლემა არ არის, ერთიც და მეორეც სისტემურია — ეს სკოლის პრობლემაა?
— რა თქმა უნდა, ამას არავინ უარყოფს. პირიქით, ამას ისიც ადასტურებს, რომ სკოლის ადმინისტრაციის განვითარებისთვის, სულ ახლახან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან დიდი გრანტი მივიღეთ. რასაკვირველია, ჩვენს სკოლას განვითარება სჭირდება და მით უფრო იმის ფონზე, რომ ახლა იწყება სკოლის შიდაშეფასება, რასაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, რომ თავიდან ავიცილოთ თუნდაც ის პრობლემები, რაც ახლა გამოვლინდა. აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიები გამართულად მუშაობდეს და ჩვენი მასწავლებლები მათ თავისუფლად ფლობდნენ, ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ.
ჩვენი საბოლოო დასკვნა დაიბეჭდება და ეს იქნება ერთგვარი რეკომენდაციების კრებული, რომ თავიდან ავიცილოთ და მინიმუმზე დავიყვანოთ ის რისკები, რომელიც, სქემით გამოვააშკარავეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინ 2080 სკოლის შეფასების პროცესები გველოდება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|