2015-12-23 სკოლის მიღმა დარჩენილები — რა უშლის ხელს მათ სასკოლო სივრცეში ინტეგრაციას ლალი ჯელაძე
საქართველოში ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებიც სასკოლო განათლებას ვერ იღებენ. რა აფერხებს სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციას და მათი ზოგადი განათლების უზრუნველყოფის პროცესს — ამ თემაზე „ფრონტლაინში“ დისკუსია გაიმართა. ზუსტი მონაცემები სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების არ არსებობს, თუმცა, ვინც ამ ფუნდამენტურ უფლებას მოკლებულია, მათი რიცხვი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ რაც არის, საკმაოდ პრობლემურია — სხვადასხვა მიმართულების პრობლემები გვაქვს — მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე: „საინტერესოა ჩავუღრმავდეთ იმ საკითხებს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე გვაყენებს. მაგალითად, რა ვიცით ამ პრობლემის მოცულობის შესახებ, თვითონ ამ ბავშვების შესახებ, ქვეყანაში რა მექანიზმები არსებობს, რომლებიც საზოგადოებას ეხმარება მათ იდენტიფიცირებაში, პოვნასა და რეგისტრაციაში.
მათი იდენტიფიცირება და დარეგისტრირება რომ მოხდეს, მნიშვნელოვანია, შეგროვდეს ინფორმაცია მათ შესახებ. პრაქტიკულად, დღეს მონაცემები ამ ბავშვების შესახებ ძალიან ურთიერთგამომრიცხავია და ერთიანი მონაცემები არ გვაქვს. იუნისეფი კარგა ხანია მუშაობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, რათა გადაიხედოს ინდიკატორების ნუსხა იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ინდიკატორთა სიაში რეალურად შევიდეს ახალი ინდიკატორები სკოლისა და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ. შესაბამისად, შეგროვდეს მონაცემები ასეთი ბავშვების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ყველა დასკვნა — სტრატეგიული, პროგრამული თუ სხვა ეფუძნებოდეს იმას, თუ რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა საქართველოში და თუკი აქტუალურია, მაშინ ვეძებოთ მიზეზები, თუ რა გვაძლევს ამის საფუძველს.“
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა აუცილებელია, რადგან საკითხის განზოგადება არაფრის მომცემი და არაეფექტური იქნება. ამის მაგალითად თუნდაც ის გამოდგება, რომ წლების განმავლობაში ამ საკითხზე არაერთი დისკუსია და მსჯელობა გაიმართა, მაგრამ როგორც ქალბატონი მაია აცხადებს: „რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, სისტემურ დონეზე, მაინცდამაინც შორს არ ვართ წასულები. პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ მონიტორინგის სისტემას — როგორ მიდის საქართველოში მონიტორინგი, რაც იუნისეფისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მონიტორინგის საკითხი სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდმა შემოვიტანეთ, იმიტომ რომ სკოლის მიღმა და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ამ საკითხზე იუნისეფი ევროსტატთან და იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტთან მუშაობს. უახლოეს ხანებში, ჩვენს ქვეყანას, რომელმაც ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, მოუწევს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია სკოლის მიღმა და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ — სტატისტიკა როგორც ევროსტატს, ისევე იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტს. ახალი ინდიკატორების გაჩენა სისტემაში ყველა იმ ქვეყნის ვალდებულებაა, რომელმაც ბავშვის უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.“
ვინ არიან სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები და როგორ მოხდა დეფინიცია, ამის შესახებ მაია ყუფარაძე აცხადებს, რომ იუნისეფმა შემოიტანა დეფინიცია — თუ რა იგულისხმება განსაზღვრების „განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები“ ქვეშ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს განსაზღვრება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ თვითონ ქვეყანამ არ იფიქროს დეფინიციაზე, იმიტომ რომ, ყველა ქვეყანას თავისი კონტექსტი აქვს და შესაბამისი დეფინიციაც სწორედ ამ კონტექსტს უნდა მოერგოს.
მივყვეთ იმ განმარტებებს, რომელზეც განათლების პროგრამის ხელმძღვანელი საუბრობს. მან სამი კატეგორია, ანუ სამი ჯგუფი გამოყო, რომელსაც განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები განეკუთვნებიან:
„ხილული ბავშვები“ — ყველა ის ბავშვი, რომლებიც რეგისტრირებული არიან განათლების სისტემაში და მათ შესახებ ინფორმაციას ფლობს როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. შესაბამისად, ბავშვი შეყვანილია მონაცემთა ბაზაში და ჩარიცხულია სკოლაში. აი, ამას ჰქვია „ხილული ბავშვი“.
„ნახევრად ხილული ბავშვი“ — ბავშვი, რომელიც შესაძლებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ იყოს რეგისტრირებული, მაგრამ რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფო უწყების მონაცემთა ბაზაში. შეიძლება რეგისტრირებული იყვნენ სამოქალაქო რეესტრში, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, მაგრამ მათ შესახებ არაფერი იცოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, შესაბამისად არც სკოლამ.
„ნახევრად ხილულ“ ბავშვებში ორი კატეგორია გამოიყოფა. პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ის ბავშვები, რომლებიც ჩარიცხული იყვნენ სკოლაში და შემდეგ განთესილნი. მათ შესახებ ინფორმაცია რეალურად ხელმიუწვდომელია. მეორე კატეგორიას ის ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც სკოლაში არასოდეს ყოფილან ჩარიცხული, მაგრამ რეგისტრირებული არიან რომელიმე სახელმწიფო უწყების მონაცემთა ბაზაში.
„უხილავი ბავშვები“ — მესამე ჯგუფი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფია. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში არასოდეს ყოფილან ჩარიცხული, მიუხედავად სასკოლო ასაკისა და არც ერთი სახელმწიფო უწყების საინფორმაციო რეესტრში არ არიან გატარებული, ანუ მათ შესახებ მონაცემები, პრაქტიკულად არ არსებობს. გარდა იმისა, რომ სავალდებულო განათლებას ვერ იღებენ, მათი დაცვის ფაქტორები სრულიად გაუთვალისწინებელია. ასეთი ბავშვი ძალიან იოლად შეიძლება გახდეს ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი, რადგანაც ეს ადამიანი „ბუნებაში არ არსებობს“, არც ერთ სისტემაში არ არის რეგისტრირებული, მასზე განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტს არ ექნება რაიმე სახის ადმინისტრაციული და იურიდიული მსვლელობა — ეს ძალიან საგანგაშო პრობლემაა.
ისევ მონიტორინგის სისტემის საკითხს დავუბრუნდეთ, რადგან მონიტორინგის, ანუ ამ ბავშვების გამოვლენის, მათი მუდმივი აღრიცხვიანობის (და არა — ერთჯერადი) მექანიზმი ყველა ვალდებულ და პასუხისმგებელ ორგანიზაციას თუ ადამიანს საშუალებას აძლევს, ფლობდეს ინფორმაციას თავად პრობლემის შესახებ, განსაზღვროს მისი მასშტაბი და შემდეგ, პრობლემის მოცულობიდან გამომდინარე, გააკეთოს ანალიზი, თუ რა სავალდებულო მექანიზმები და პროგრამები უნდა ამუშავდეს ქვეყანაში, რათა შემცირდეს ამ ბავშვების რაოდენობა და ის პრობლემები, რაც ამ ფაქტითაა გამოწვეული ქვეყანაში.
მაია ყუფარაძე: „ეს, პირველ რიგში, ბავშვის საჭიროებაა, ამიტომ ქვეყანამ რეაგირება უნდა მოახდინოს და მეორე მხრივ — საერთაშორისო ვალდებულებაა. უახლოეს ხანებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუცილებლად ვალდებული იქნება, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ შეგროვებული მონაცემები, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ერთად, იუნესკოს და ევროპის სტატისტიკის სააგენტოს გაუზიაროს. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ყოველწლიურად ახლდება ინფორმაცია მსოფლიოს ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. უნივერსალური განათლების ინდიკატორები შემოგვთავაზებს ახალ ინდიკატორებს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ და ქვეყანაში უნდა არსებობდეს მზაობა, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალი, ბავშვთა ინტერესიდან გამომდინარე, მოვიხადოთ და უზრუნველვყოთ ამ ინფორმაციით ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც ანგარიშვალდებულია განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის წინაშე. მიგვაჩნია, რომ სტატისტიკა და მონიტორინგის სისტემის არსებობა ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებაა. ამასთან ერთად, აუცილებელია, ასევე, ამ საკითხთან მიმართებაში ადგილობრივი, ეროვნული დეფინიციების შემუშავება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს გამომწვევი ფაქტორების დეფინიცია — მაგალითად, საპატიო და არასაპატიო გაცდენები სკოლაში. ეს ისეთი დეფინიციაა, რომელშიც გარკვეული უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ განათლების მესვეურებმა, რა იგულისხმება საპატიო გაცდენაში და რა — არასაპატიოში, რამდენი საათია არასაპატიო გაცდენა, იმიტომ რომ, თუ ბავშვი არასაპატიოდ აცდენს, ეს უკვე საგანგაშოა სკოლისთვის, განათლების სისტემისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან ეს კონკრეტული ბავშვი, უკვე თავისთავად, ძალიან მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. არსებობს რიგი საკითხები, რომლებსაც ძალიან კარგად ჩამოყალიბება სჭირდება საქართველოს კონტექსტში, ჩვენი განათლების სისტემის კონტექსტში და ეს რეალურად არაერთ ანგარიშშია ჩაწერილი, რომელიც იუნისეფმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში შეიმუშავა, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.
რაც შეეხება პრობლემის მასშტაბურობას, მცირე მასშტაბის შემთხვევაშიც კი, ქვეყანა ყოველმხრივ უნდა იყოს მზად და ყველა ბერკეტი უნდა ჰქონდეს, რომ მასზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.“
განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს, მონიტორინგისა და სასკოლო განათლების გარდა, სჭირდებათ შუალედური განათლება. რას გულისხმობს შუალედური განათლება და რომელი კატეგორიის ბავშვებისთვისაა აუცილებელი? შუალედური განათლების სამიზნე ჯგუფი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან. რასაკვირველია, სახელმწიფოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასეთი ბავშვების სკოლებში ინკლუზიაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მათგან ზოგიერთი არასოდეს ყოფილა სკოლაში ჩარიცხული და არანაირი აკადემიური მოსწრება არ გააჩნია, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო იმ არაფორმალური განათლების მექანიზმების გაძლიერება, რომელიც იქნება შუალედური ქუჩასა და სკოლას შორის და დაეხმარება ბავშვს როგორც ადაპტაციაში, ასევე აკადემიურ მომზადებაში. ამ პროცესს ემსახურება რამდენიმე დღის ცენტრი, რომელიც, გარდა ფსიქოლოგიური, დაცვითი და სხვადასხვა სოციალური სერვისებისა, მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, არაფორმალურ განათლებას სთავაზობს, ანუ ამზადებს სკოლაში ჩასართველად. რეალურად, მათ აგუებს გარემოს, რომ უფრო იოლად შეძლონ სკოლაში სიარული და სწავლა. განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მიიჩნევს, შუალედური განათლება რომ უკეთ წარიმართოს, „უნდა არსებობდეს ადაპტირებული პროგრამები, რომელიც მთავარ საკვანძო საკითხებზე გაამახვილებს იმ სპეციალისტების ყურადღებას, რომლებიც დღის ცენტრებში მუშაობენ. ამ პროგრამების საფუძველზე, ისინი განივითარებენ პროფესიულ ალღოს და სასწავლო პროცესში გამოიყენებენ. ე.ი. ჩვენ გვჭირდება პროგრამები არაფორმალური განათლებისათვის, რომლებიც დაეფუძნება სტანდარტს — სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო გეგმას. სტანდარტი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს ბავშვმა და რა მიზნებსა და ამოცანებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი აკადემიური მიღწევები. აუცილებელია ამ სტანდარტის საფუძველზე ადაპტირებული სასწავლო გეგმისა და პროგრამის შემუშავება. არაფორმალური განათლების გარდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას და ძალიან კარგია, რომ ინკლუზიური განათლების ცნებამ მოიცვა ყველა ის ბავშვი, რომელსაც ამა თუ იმ სახის სასწავლო საჭიროება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ადაპტირებული პროგრამები შემუშავდეს და მასწავლებლებმაც იცოდნენ, ინდივიდუალური გეგმების საფუძველზე, როგორ დააწიონ მოსწავლე იმ სავალდებულო სასწავლო გეგმას, რომელსაც ჩამორჩენილია.“
ინკლუზიური განათლება, როგორც კომპლექსური ფენომენი, მიმდინარეობს ქვეყანაში და ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა თუ პროექტი არსებობს ფორმალური და არაფორმალური განათლების დონეზე, რომელსაც გაფართოება სჭირდება. პროგრამის განვრცობა აუცილებელია, იმიტომ რომ, ის ბავშვების ძალიან მცირე რაოდენობას ფარავს, მაშინ, როცა დიდი ნაწილი ამ პროგრამის მიღმა რჩება. ამ შემთხვევაში კი „დროს და ვადას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს — ამბობს ქალბატონი მაია — რეგიონებში ინკლუზიური განათლების სხვადასხვა ინიციატივები ძალიან ფასობს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ კოლეგები შუა აზიიდან, ტაჯიკეთიდან, იუნისეფის რეკომენდაციით, საქართველოში ჩამოვიდნენ, რომ გაცნობოდნენ ინკლუზიური განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს. ზუსტად ეს არის სამწუხარო, რომ ბევრი წარმატებული მოდელი გვაქვს, რომელიც დროსა და სივრცეშია ჩაკეტილი და მათი განვრცობა არ ხდება.“
დისკუსიაზე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებზეც ისაუბრეს და გამოიკვეთა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთელ რიგ ინოვაციებზე მუშაობს, რომელსაც საკანონმდებლო სისტემის დახვეწა სჭირდება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათ დანერგვას ხელს უშლის კანონში გაუთვალისწინებელი რეგულაციები. ამ მიმართულებითაც იუნისეფმა სერიოზული დახმარება გაუწია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა დასრულების ფაზაშია. იმედს გამოთქვამენ, რომ 2016 წლისთვის დამტკიცება.
რეალურად რა პროგრამები ხორციელდება განათლების მიღმა დაჩენილი ბავშვებისთვის, რა ტიპის სერვისებს სთავაზობს მათ სახელმწიფო?
2013 წლიდან, იუნისეფის მხარდაჭერით, დაიწყო პროგრამა — „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში“, რომლის ფუნქციონირებით სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, დაინახოს სად და ვინ არიან ბავშვები, რომლებიც განათლების მიღმა არიან დარჩენილები და რა პროგრამები შესთავაზოს, როგორ მოხდეს მათი ჩართვა ინკლუზიურ განათლებაში.
თუმცა, ამ პროგრამის ამოქმედებამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფუნქციონირებდა პროგრამა — სოციალური ინკლუზია, რომელიც ინკლუზიური განათლების ნაწილი არ იყო და ცალკე პროგრამად მიმდინარეობდა. პროგრამის შესახებ საუბრობს ეკა დგებუაძე, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი: „ძალიან მიხარია, რომ სამინისტროს იმ ჯგუფის ხედვა, რომელიც ინკლუზიურ განათლებაზე მუშაობს, უფრო მეტად გაფართოვდა და ჩვენც დავინახეთ, რომ ყველა იმ ბავშვზე, რომელიც ვერ ძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს და რომლებიც ფორმალური განათლების მიღმა არიან დარჩენილები, განათლების სამინისტრომ ვალდებულება აიღო — ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და სხვადასხვა ტიპის სერვისები თუ პროგრამები შესთავაზოს.
პირველ რიგში, დადგინდა რა ტიპის მოწყვლადი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, ამის შემდეგ დავიწყეთ იმ მიზეზების მოკვლევა, რის გამოც არ დადიან ბავშვები სკოლაში, გაკეთდა სპეციალური კითხვარი, ავირჩიეთ ის სკოლები, რომლებშიც ირიცხებიან ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვები. საჭიროების მიხედვით მოვამზადეთ პროგრამები, რომლებიც მათ სკოლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2015 წელს, დაიწყო საპილოტე ტრანზიტული პროგრამის განხორციელება — სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების პილოტირება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. ჩვენ თვითონ შევედით დღის ორ ცენტრში, ბავშვები კი არ ვაიძულეთ, წასულიყვნენ სკოლაში, არამედ, პროგრამის ფარგლებში, გამოცდილმა სპეციალისტებმა მათთან სოციალური და აკადემიური უნარების განვითარებაზე იმუშავეს, დავადგინეთ მათი საგანმანათლებლო საჭიროებები, განვახორციელეთ სოციალური უნარებისა და აკადემიური განვითარების პროგრამები. მოვიყვანეთ სპეცმასწავლებლები და პედაგოგები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს, ნელ-ნელა მოემზადონ სკოლაში წასასვლელად.
ძალიან ბევრი საინტერესო და პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მაგ., ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ აქვს საბუთი, ზოგს კი სკოლასთან ურთიერთობის მწვავე პრობლემა აქვს, ანუ მკაფიოდ დავინახეთ თითოეული მოსწავლის პრობლემები. პარალელურად, დავადგინეთ იმ სკოლების ნუსხა, რომელშიც ეს ბავშვები ირიცხებოდნენ და დირექტორებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგებისთვის ჩავატარეთ ტრენინგები. გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოგვარების კომპლექსური გზა გვეპოვნა — გავაძლიერეთ სკოლა, ადგილზე უზრუნველვყავით ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიწოდება და დავეხმარეთ ტრანზიციაში.“
პროგრამის განხორციელების პირველი წელი საპილოტე წლად გამოცხადდა და შეიძლება ითქვას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ 2016 წლიდან, პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ ფარგლებში, სამინისტრო გეგმავს ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ ექვსივე დღის ცენტრში შესვლას და ამ მიმართულებით მუშაობას.
რაც შეეხება კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, ეკა დგებუაძე ადასტურებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას“, სახელმიწიფომ, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრომ, ვალდებულება აიღო, მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებულია კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები. სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ აისახება.
ქალბატონმა ეკამ, ასევე, ისაუბრა „სოციალური ინკლუზიის“ პროგრამის შესახებ, რომელიც კარგა ხანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ხორციელდება და ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროგრამად მიიჩნევა. მისი უნიკალობა იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამა თემში ეძებს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს. პროგრამა ენთიკური და რელიგიური უმცირესობების ბავშვებთან მუშაობს. 2015 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, 100-ზე მეტი ბოშა ბავშვი ჩაირიცხა საჯარო სკოლებში. პროგრამამ ასევე მოიძია მესხი ბავშვები. „განათლების სამინისტროს ინტერესი სწორედ ეს არის — მაქსიმალურად მოიძიოს ასეთი ბავშვები, არსებული სიტუაციების საფუძველზე, შეიმუშაოს გარკვეული პროგრამები და შესთავაზოს მათ ფორმალური თუ არაფორმალური განათლება. ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხზე სისტემამ დაიწყო ფიქრი და ზრუნვა. კარგი იქნება, ამ პრობლემაზე რაც შეიძლება მეტს თუ ვილაპარაკებთ, მეტ აზრს გავუზიარებთ ერთმანეთს, მეტად ჩავერთვებით დისკუსიაში — ასეთი ურთიერთობები და თანამშრომლობა მეტი სწორი ქმედითი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მოგვცემს.“
რამდენიმე დღის წინ გაიმართა პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მონიტორინგის ჩარჩო, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები.
პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSდC)“ მიერ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სერვისებში არსებულ ორ ცენტრში (კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში და 24-საათიანი ტრანზიტული მომსახურების ცენტრში) განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის პილოტირება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის.
გამოცდილმა სპეციალისტებმა ბავშვების სოციალური და აკადემიური უნარების განვითარებაზე იმუშავეს, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა. სკოლების გაძლიერების მიზნით, თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“ გადამზადდნენ იმ სკოლების მასწავლებლები და დირექტორები, რომელ სკოლებშიც ცენტრებში რეგისტრირებული ბავშვები ირიცხებიან, ასევე, ცენტრებთან ტერიტორიულად ახლომდებარე სკოლები. მშობლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურა.
პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) მჭიდრო თანამშრომლობით, იუნესკოს ექსპერტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა, სკოლის მიღმა დარჩენისა და სკოლის მიტოვების რისკის იდენტიფიცირებისთვის, განათლების სისტემაში საერთაშორისო ინდიკატორების დანერგვაზე.
ნათია ჯოხაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი: „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა ყველა ბავშვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოკიდებულება და ხედვა, როგორ შევუწყოთ ხელი ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რომ მიიღონ განათლება და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში. გენერალური მიზანი, ცხადია, ამ ბავშვებისთვის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების მიწოდება, სწავლება და მათი საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვაა. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ეს ისეთი ჯგუფია, რომელსაც, საგანმანათლებლო კომპონენტის გარდა, სხვა ტიპის სერვისების შეთავაზებაც სჭირდება: საცხოვრისი, კვება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვ. აქედან გამომდინარე, ურთულესი საკითხია, რომელიც სხვადასხვა უწყებებს შორის ძალიან ზუსტ, კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას მოითხოვს.
ცხადია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავისი კომპონენტით, აქტიურია, ვცდილობთ, ამ ბავშვებს საგანმანათლებლო პროგრამები შევთავაზოთ. პროექტის შედეგების დღევანდელი პრეზენტაციაც ზუსტად ამ მიმართულებისაა — რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებისთვის ხელი შეგვეწყო ჩართულიყვნენ საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო პროცესში. ვიმუშავეთ სკოლებთანაც, რადგან მნიშვნელოვანია სკოლის/მასწავლებლების მზაობა იმუშაონ ამ ბავშვებთან მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და ხელი შეუწყონ მათი უნარების განვითარებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მშობლების მზაობაც. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სისტემის მიღმა.
სამწუხაროდ, პრობლემა იმდენად დიდია, რომ ერთ, ორ ან სამ თვეშიც ვერ მოგვარდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროგრამა გაგრძელდება და გაფართოვდება. იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე წელიწადში, საქართველოში, აღარ იქნებიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ყველა ჩართული იქნება საგანმანათლებლო პროცესში.“
მარინა ხუნძაყიშვილი, Word Vision საქართველოს განათლების სპეციალისტი: „პროექტი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა ჩვენი ძირითადი პროდუქტი — სასიცოცხლო უნარების განვითარების კურიკულუმი — 11-დან 18 წლამდე ახალგაზრდებზეა გამიზნული. მასზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენი მიზანი იყო, კარგად გამოგვეკვლია, რა სასიცოცხლო უნარების განვითარების საჭიროების წინაშე დგანან როგორც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები. ამ კვლევის საფუძველზე, შეგვექმნა სასიცოცხლო უნარების კურიკულუმი და შემდეგ უკვე შეგვეთავაზებინა მისი პილოტირება თბილისში არსებულ დღის ცენტრებში.
ჩატარდა საჭიროებების კვლევა და, ამ კვლევაზე დაფუძნებით, შეიქმნა 3-საათიანი სასიცოცხლო უნარების კურიკულუმი, რომელიც 6 ძირითადი თავისგან შედგება — თვითცნობიერება, კომუნიკაცია, ინტერპერსონალური ურთიერთობები, ემოციების მართვა, კრიტიკული აზროვნება და სოციალური პასუხისმგებლობა. პილოტირების პროცესში ძალიან ბევრმა სავარჯიშომ იცვალა სახე — ზოგი ამოვიღეთ, შევცვალეთ ან დავამატეთ და ა.შ. ვფიქრობთ, საბოლოო სახით, კარგი კურიკულუმი გამოვიდა. კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეულმა მაჩვენებლებმა, ინტერვენციის შემდეგ, საკმაოდ აიწია ამ ასაკის ბავშვებში.“
იმედია, იუნისეფისა და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, მომავალ წელს ის მაინც გვეცოდინება, რამდენი ბავშვია დარჩენილი სკოლის მიღმა. დადგენილი პრობლემის მასშტაბი კი, სამომავალო გეგმებს უფრო კონკრეტულს, ხოლო სისტემური მიდგომის შედეგად გაჩენილ შედეგებს, უფრო ხელშესახებს გახდის.
|