2015-12-10 მინდობითი აღზრდის მიღწევები და რისკები ლალი ჯელაძე
ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისთვის მზრუნველობის ალტერნატიული ფორმების განვითარებაზე საქართველომ მუშაობა 1999 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბავშვზე ზრუნვის რეფორმის შედეგად, 50-მდე დიდი ზომის სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულება დაიხურა და ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 5 ათასამდე ბავშვი დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს ან განთავსდა ალტერნატიულ ზრუნვაში — მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში. მინდობითი აღზრდა მზრუნველობის ერთ-ერთი ალტერნატივაა და გულისხმობს, სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას, რომელსაც ექვემდებარებიან 18 წლამდე ასაკის პირები: რომლებიც არიან ობლები; რომელთა მშობელი/მშობლები სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; რომელთა მშობლებს შეეზღუდა (თ), ჩამოერთვა (თ) ან შეუჩერდა (თ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
როგორ ხდება მინდობით აღმზრდელების შერჩევა, ჯეროვანია თუ არა აღმზრდელთა კვალიფიკაცია და რამდენად კარგად ხორციელდება მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე მეთვალყურეობა სახელმწიფოს მხრიდან? — სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში არსებული პრობლემებისა და უშუალოდ მინდობითი აღზრდის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბში.
ბავშვთა კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Everey Child საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი ანდრო დადიანი მიღწევად მიიჩნევს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ალბათ, ყველაზე დიდი რაოდენობა მიმღები მშობლებისა ჩვენს ქვეყანაშია და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბავშვზე ზრუნვის ეს ალტერნატივა ყველაზე ქმედითად საქართველოშია წარმოდგენილი.
„ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დეინსტიტუციონალიზაციის რამდენიმე ტალღის განხორციელების შემდეგ, დეინსტიტუციონალიზებული ბავშვების, თითქმის, 50 პროცენტი მინდობით აღზრდაში განთავსდა და დღეს 1000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს მინდობით აღზრდაში. ეს სახუმარო ციფრები არ არის. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, მასშტაბები აბსოლუტურად წარმოუდგენელია — მიღწევა სახეზეა. ამ მიღწევას, რისკების სახით, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ვიდრე რისკებზე ვისაუბრებ, მინდა ხაზი გავუსვა ყველაზე მთავარს — დღეს, სახელმწიფოს, როდესაც საქმე მინდობით აღზრდის სისტემას შეეხება, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ რაიმე ხედვა ჰქონდეს. ბოლო 3-4 წლის წინ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ამ სისტემის ელემენტებზე. სისტემა გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, მოიძიოს, მოამზადოს, შეინარჩუნოს, მხარდაჭერა და მონიტორინგი გაუწიოს მიმღებ მშობლებს და მინდობით აღზრდას, როგორც ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთ ფორმას. ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფომ თავის სისტემურ ელემენტად შექმნა რაღაც რგოლი, რომელიც სწორედ ამ ფუნქციით იქნება აღჭურვილი — მოძიება, უზრუნველყოფა, მომზადება, შენარჩუნება, მხარდაჭერა და მონიტორინგი. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტთან მუშაობის შედეგად, სისტემური რგოლი ჩამოყალიბდა, მაგრამ სისტემის შესანარჩუნებლად აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტები, თანხები და სხვა მარეგულირებელი ელემენტები — სტანდარტები. სხვათა შორის, სტანდარტზე მუშაობა თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის გარეშეც, პრინციპში, ყველაფერი აზრს კარგავს. ვიმუშავეთ მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის შესახებ კანონზეც. შვილად აყვანის ნაწილში ძალიან პოზიტიური ცვლილება დაიგეგმა და მომზადდა. მინდობით აღზრდის ნაწილში კი ამდენი ცვლილება არ იყო საჭირო, თუმცა, კანონით განისაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი — ვალდებულება იმის შესახებ, რომ მიმღები მშობლები მომზადდნენ. ეს აუცილებელი ცვლილებაა, რადგან დღესაც სახეზე გვაქვს ის, რომ მიმღებ მშობელს არ მოეთხოვება მინდობით აღზრდისთვის მომზადება.
არსებული ალტერნატივებიდან, ყველა რეზიდენტული ტიპის დაწესებულებებში — იქნება ეს მცირე საოჯახო, მინდობითი აღზრდა თუ დიდი ზომის ინსტიტუცია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს (კერძო თუ სახელმწიფო) — მოქმედებს რაღაც სტანდარტი. ეს დაწესებულებები საჭიროებენ ლიცენზიას, რომლის მისაღებად ან შესანარჩუნებლად უნდა დაამტკიცონ, რომ მათი კადრი სათანადოდაა მომზადებული. სამწუხაროდ, იგივე არ მოეთხოვება მიმღებ მშობელს. ბოლო წლების განმავლობაში, თუ არ ვცდები, 2013 წლამდე მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება, მცირე მასშტაბით, სპეციალისტების მომზადება. ამ ყველაფერს გაეროს მხარდაჭერითა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტის სახით ახორციელდებენ, ანუ სისტემური ხასიათი არ აქვს. არ მოხდა იმ მიღწევების — მომზადებული სპეციალისტების სისტემაში გაერთიანება და მომზადების, ტრენინგების, ზედამხედველობისა და ერთიან მხარდამჭერ სისტემად გარდაქმნა. თუმცა, ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოს სახით, ბევრი რამ ნამდვილად გაკეთდა. თუნდაც სცენარი — როგორ უნდა იყოს მოწყობილი სისტემა და როგორი უნდა იყოს სტანდარტი.“
ანდრო დადიანი მიიჩნევს, რომ რისკები, რომელიც ამ სისტემის მიღწევებს ახლავს, საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზად კი „სოციალური მომსახურების გაძარცვულ სისტემას“ ასახელებს: „სამწუხაროდ, გვაქვს გაძარცვული სოციალური მომსახურების სისტემა და სოციალურ მუშაკებს არანაირი სამუშაო პირობები არ აქვთ იმისთვის, რომ ზედამხედველობა სრულფასოვნად განახორციელონ — არანაირი სამუშაო პირობა ოფისში და არასაკმარისი თანხები გადაადგილებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად. ასეთ პირობებში კი, ბუნებრივია, რისკი ათმაგად იზრდება — ათასზე მეტ ბავშვს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბითაა მიმოფანტული, ამ მდგომარეობით, სრულფასოვან მხარდაჭერას ვერ აღმოვუჩენთ. შესუსტებული ზედამხვედველობისა და მხარდაჭერის არქონის პირობებში შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს დააზარელებს და, თუ სისტემურად შევხედავთ, ჩრდილს მიაყენებს მთელ ამ ინსტიტუტს, რომლის დამკვიდრებაშიც დიდი ინვესტიცია ჩაიდო. დღესაც გრძელდება ბრძოლა მის წინააღმდეგ ზუსტად იმ არგუმენტით, რომ ეს ოჯახები არ არიან სწორად მოტივირებული, რომ მათ რაღაც სხვა ამოძრავებთ. როგორ უზრუნველვყოთ ამ ბავშვების დაცვა?! აი, ასეთი სურათია დღეს“.
კლინიკური სოციალური მუშაობის კონსულტანტმა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის წევრმა ია შეყრილაძემ ისაუბრა მინდობით აღზრდის უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე — მინდობით აღმზრდელთა მოძიება, მომზადება-გაძლიერებასა და მათ შესაბამისად არჩევაზე. წლების განმავლობაში ორგანიზაციების — „საქართველოს ბავშვები“ და ჶverey Child წყალობით, სახელმწიფოს მინდობით აღმზრდელთა ნაკლებობა არ ჰქონდა. „დღესდღეობით, მინდობით აღმზრდელების სერიოზული კრიზისია საქართველოში. — აცხადებს ია შეყრილაძე, — სოციალური მუშაკები ვერ პოულობენ არა თუ გადაუდებელ, არამედ გრძელვადიან მინდობით აღმზრდელებსაც კი. მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ ხდება ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის საჭიროების სათანადოდ გააზრება. ამისთვის სახელმწიფომ გარკვეული ბიუჯეტი უნდა გამოყოს. დღევანდელ დღეს სოციალურ მუშაკს, რომელსაც უამრავი ფუნქცია და მძიმე სამუშაო პირობები აქვს, დამატებით ვერ მოვთხოვთ, თემში პოტენციური მინდობით აღმზრდელები მოიძიოს.
როდესაც მთელი მიმართულება მინდობით აღმზრდელების მოზიდვაზე, შერჩევაზე, მომზადებაზე, სკრინინგზე მუშაობს და სახელმწიფო უკვე ამ შერჩეულ კადრს მიაწოდებს სოციალურ მუშაკს, ეს სისტემის უზარმაზარი დახმარება იქნება. ასე კეთდებოდა ადრე და ამის ხარჯზე იყო ეს სისტემა წარმატებული. დღეს ეს გამოწვევა სახეზეა და უნდა მოგვარდეს.
მინდობით აღმზრდელების პრობლემა თბილისში გვაქვს და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება რეგიონებში, როდესაც ბავშვი, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ბიოლოგიურ მშობელთან. მინდობით აღზრდა სწორედ ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერებას და მასში დაბრუნებას ითვალისწინებს, თუმცა ამის ფუფუნება სააგენტოს სოციალურ მუშაკს არ აქვს. მას სათანადო სამუშაო პირობებიც კი არ აქვს და არც არავინ ცდილობს, ამ პირობების გაუმჯობესებას. მათ არ ემსახურება მანქანა, დანიშნულ ადგილას მონიტორინგზე რომ იარონ.
მინდობით აღსაზრდელს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა, სოციალური მუშაკის გარდა, რომელი სახელმწიფო წარმომადგენელი ნახულობს? არც არავინ. რეალურად, მინდობით აღზრდის პროცესში თუ რამე ცუდად წავიდა, ყველაზე დაუცველი სწორედ ბავშვია. თუ სოციალური მუშაკი არ გაუწევს მონიტორინგს, ბავშვი ხმას ვერავის მიაწვდენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სოციალური მუშაკი, მას შესაბამისი სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს. მხოლოდ გაძლიერებული სოციალური მუშაკი შეძლებს ოჯახის გაძლიერებას და სათანადო მონიტორინგის გაწევას.”
როცა დეინსტიტუციონალიზმის პროცესში 45 ბავშვთა სახლი დაიხურა, ბავშვების ნახევარი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა, დიდი ნაწილი კი მინდობით აღზრდაშია, რამაც, ვფიქრობ, ყველაზე კარგად იმუშავა. ბავშვზე ზრუნვასა და მეურვეობაზე პასუხისმგებელი პირები მიიჩნევენ, რომ მინდობით აღზრდა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის ოპტიმალური შეთავაზებაა. საქართველოში მინდობით აღზრდაში 1 208 არასრულწლოვანი იმყოფება. აქედან მხოლოდ 204 ბავშვია ნათესაურ მინდობით აღზრდაში, დანარჩენები არანათესავ ოჯახებში ცხოვრობენ.
არსებობს სამი ტიპის მინდობით აღზრდა: რეგულარული, გადაუდებელი და ნათესავთან. განსხვავებულია ბავშვებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებაც. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ჯანმრთელ ბავშვზე სახელმწიფო თვეში 200 ლარს იხდის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდაში კი — 300 ლარს.
არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შშმ ბავშვის აღზრდისთვის სახელმწიფოს დღეში 20 ლარი აქვს გათვალისწინებული, ამდენივე თანხაა განსაზღვრული გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაშიც. ჯანმრთელი ბავშვისთვის კი სახელმწიფო, არანათესაურ მინდობით აღზრდაში, ერთ კალენდარულ დღეზე, 15 ლარს ითვალისწინებს.
„მინდობით აღზრდა პანაცეა არ არის, — აცხადებს ია შეყრილაძე, — იდეალური იქნებოდა, ამის საჭიროება საერთოდ არ გვქონოდა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვთა კეთილდღეობა, ზოგადად, ყველაზე რთული სფეროა, სადაც ყოველთვის არსებობს რისკი, პერიოდული ბედნიერი შემთხვევები იშვიათია. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ ქვეყანაში ხდება. თავისთავად უკვე რისკის შემცველია ის, თუ ვინ შეიძლება დახვდეს ბავშვს მიმღებ ოჯახში. ასევე, მინდობით აღზრდის სისტემა გარკვეულ ფინანსურ წახალისებასაც გულისხმობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოჩნდნენ ოჯახები, რომლებიც ამის გამო გახდნენ ბავშვის მიმღები მშობლები და ა. შ. რისკი მუდმივად არსებობდა და იარსებებს.“
როცა ამის საჭიროებაა და თუ ბავშვის მინდობით აღზრდა ვინმეს სურს, უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სოციალური მუშაკი ბავშვის საჭიროებებსა და მინდობით აღზრდის მსურველ პირებს შეამოწმებს. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მიიღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მინდობით აღმზრდელს აუცილებლად მოუწევს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მეურვეობა ჩამოერთმევა.
10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. დაუშვებელია და-ძმის დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება. მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს, არანაკლებ, 16 წელი.
მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას, პერიოდულად, სოციალური მუშაკი ამოწმებს: პირველი თვის განმავლობაში, თვეში არანაკლებ 4-ჯერ, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში — მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, მინდობით აღზრდის პროგრამა საქართველოში საკმაოდ წარმატებულია. მიაჩნიათ, რომ ყველაზე კარგია, როცა ბავშვი ნათესავის ოჯახში იზრდება, რადგან ასეთი ოჯახი ბავშვისთვის გენეტიკურად ბიოლოგიური გარემოა. თუმცა, სტატისტიკით, ბავშვების უმეტესობა მაინც არანათესაურ მინდობით აღზრდაში იმყოფება. არის შემთხვევები, როცა მინდობითი ოჯახებიც იცვლება, მაგრამ ეს არც თუ ისე ხშირად ხდება.
|