გამოდის 1998 წლიდან
2010-10-07
ისევ გამოცდები...

2009 წლის სექტემბერი... გამოცდების პირველი ეტაპი ზაფხულში ჩატარდება. ვინ გავა გამოცდაზე? გონება ცდილობს ამ ინფორმაციას გულგრილად შეხვდეს, არ გამოდის. მართალია, ნებაყოფლობითია, მაინც... გონება ელვის სისწრაფით ალაგებს, გაკვეთილის გეგმის მსგავსად, მიზნებსა და შედეგებს. მიზანი: საკუთარი თავი ხომ უნდა გამოვცადო, მაინტერესებს, რა იქნება ისეთი... შედეგი: სერტიფიცირებული მასწავლებელი იქნები, 8 წელი ვერავინ შეგეხება... იქნებ ხელფასიც მოგიმატონ?

2009 წელი, ოქტომბერ-ნოემბერი... ტრენინგები ყოველ შაბათ-კვირას, კვირის დანარჩენი დღეები ისედაც დაკავებულია, დილით _ სკოლაში,  საღამოს _ მეცადინეობა, დავალებების შესრულება, შაბათ-კვირას _ ისევ ახალი დავალებები... ბევრი სიახლე, ახალი ადამიანები, ახალი აზრები, ახალი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი მაინც! ბრუნერი, მასლოუ, კონკურენტული სწავლა, გარდნერის ინტელექტის თეორია, პიაჟეს კოგნიტური სქემები...  შიში, ეს ტრენინგები არ არის საკმარისი, მეტი ვარჯიშია საჭირო, რათა გონებამ გაითავისოს ზღვა მასალა და თავად გააკეთოს აღმოჩენები. თავს ვიმშვიდებ, ზაფხულამდე დიდი დროა, თუ არადა, არავინ მაძალებს...

2010 წელი, თებერვალი... სააპრობაციო ტესტირება პროფესიულ უნარებში... არც ისეთი საშინელება ყოფილა, როგორც ველოდი, თუ მოინდომებ, დაწერ. ყველა დაწერს, თუ ტრენინგებს გაივლის... ვითომ? (ახლა 2010 წლის აგვისტოა, ბოლო მონაცემებით 10000 პედაგოგიდან მხოლოდ 1253-მა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი პროფესიულ უნარებში).

2010 წელი, მარტი... პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება. პასუხისმგებლობა მატულობს, თუ გაივლი რეგისტრაციას, უკან ვეღარ დაიხევ, მერედა ხარ მზად გამოცდისთვის? ვიღაც გიჩიჩინებს შინაგანად, უნდა გახვიდე, იქნებ პირველ ეტაპზე უფრო მარტივად იყოს?! მაინც მოგიწევს ამის გაკეთება, იქნებ გაგიმართლოს!

2010 წლის ივნისი... რაღა დარჩა, გამოცდების გრაფიკი უკვე ცნობილია: 13 და 19 ივლისი, დროა, გადავდო ყველაფერი და სერიოზულად მოვემზადო, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა განვეწყო დადებითად (მახსენდება უზნაძის განწყობის თეორია), რათა დადებითი შედეგი მივიღო. სად არის მერე ამის დრო? სწავლა მთავრდება ივნისის ბოლოს, ნიშნების გამოყვანა და ჟურნალებში გადატანა, დამრიგებელიც თუ ხარ, 3 დღე დამატებით გჭირდება ნიშნების ფურცლის შესავსებად, წლიური და საფეხურის ნიშნების გამოსაყვანად... ქართულის გამოცდაზე სულ აღარ ვფიქრობ, აქცენტი მაინც პროფესიულზეა გადატანილი, რადგან ეს უცხოა მაინც უმეტესობისათვის, ქართული თითქოს ვიცი...

2010 წელი, 13 ივლისი... დღის 2 საათი... ისეთი სიცხეა, გარეთ რომ გახვიდე, გამოცდაზე რომც არ მიდიოდე, მაინც გული შეგიწუხდება. სხვა რა გზაა?! ტაქსი აჩერებს `გეპეის~ (ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის) შენობასთან, იმდენი ხალხია, გული მისკდება, ნეტავ ყველა აბარებს, თუ ზოგი გულშემატკივარია? (მავიწყდება, აბიტურიენტი რომ აღარა ვარ და რომ მშობელი სახლში მელოდება). რეგისტრაციის დაწყება გადაიდო ნახევარი საათით, ისე ცხელა, მართლა მგონია, რომ თვალთ მიბნელდება და გონება მებინდება. რაღა უნდა დავწერო, სახლში ხომ არ დავბრუნდე?  

გვეღირსა, როგორც იქნა, შენობაში შესვლა, მართალია, კონდიციონერები არ არის, მაგრამ მაინც გრილა. ტესტები დალუქულია, 5 საათი გვაქვს დრო. დაიწყო დროის ათვლა...

3 საათში დავამთავრე, რა ვიცი, ჩემი აზრით, ნორმალურად დავწერე, თავს ვიმშვიდებ, ყველა კმაყოფილია თითქოს, ისეთებიც კი, რომ არ უმეცადინიათ, მე რა ღმერთი გამიწყრება, 43 ქულა მაინც ვერ მოვაგროვო?! მაინც ეჭვებში ვარ. მეორე დღეს სამსახურში დიალოგების უცვლელი თემაა: 15-ის პასუხი გახსოვს? მგონი ) უნდა შემომეხაზა და ) შემოვხაზე, ვაიმე, რაღა ვქნა, ჭეშმარიტსაც მივუწერე განმარტება და მცდარსაც, ის ბავშვი მე-17 დავალებაში ინკლუზიური იყო თუ ჰიპერაქტიული და . .

2010 წლის 19 ივლისი... დილის 8 საათი... სიგრილეა, მაგრამ ისევ გამოცდების ციებ-ცხელებაა, ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები ცდილობენ საკუთარი ძალების მოსინჯვას. 4 საათი და 45 წუთი დამჭირდა, საათს გაოცებული შევყურებ, როგორ გაფრინდა დრო, ვერც გავიგე, არ მეგონა, თუ ამდენ ხანს მოვანდომებდი. მთელი დღე ტვინი გამალებით მუშაობს, გამოგრჩა რაღაც, ნერვიულობ, საწერი ბევრი იყო, ნეტავ გაიგებენ ჩემს ნაწერს?

აგვისტო მოლოდინის რეჟიმში გავიდა, ჯერ 20-ისთვის ველოდით პასუხებს, მერე 25 აგვისტოსთვის გადაიდო, მღელვარებამ პიკს მიაღწია, როცა გამოაცხადეს: 10000 პედაგოგიდან მხოლოდ 1147-მა მოიპოვა სერტიფიკატი, ქართული ჩააბარა 702-მა. რაღა მეშველება ახლა? რიცხვების უსაშველო კორიანტელში ვიძირები: თუ სულ 6054 აბარებდა ორივე გამოცდას, მაშინ გამოდის, რომ ყოველმა მეექვსემ ჩააბარა, რა ზღაპრებს ყვები, 1147 ხომ 10000-ის 11 პროცენტია... მერე რა გინდა... და უცებ შედეგებს ვკითხულობ: ჩავაბარე... გამიმართლა...  მიხარია... ძალიან მიხარია... გამარჯვების სიხარული ტკბილია ძალიან, ვიღებ მილოცვებს, მიხარია! ყველას მინდა მივულოცო!

როგორ მინდა, ყველას, ვინც იშრომა, მოინდომა, მოემზადა _ გაუმართლოს, მჯერა, ყველა შეძლებს ამას და მიაღწევს წარმატებას!

 

ქეთი ქათამაძე

144- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

25-28(942)N