გამოდის 1998 წლიდან
2010-09-22
უპრეცედენტო პროგრამა და რიგი სიახლეები ახალ სასწავლო წელს

გვესაუნრება ნათია ჯოხაძე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი

2010-11 სასწავლო წლის სასწავლო გეგმა

2010-2011 სასწავლო წლების სასწავლო გეგმაში ძირეული ცვლილებები არ არის, თუმცა მიმდინარე წლის სასწავლო პროგრამაში არის რიგი სიახლეებისა

როგორც ზოგადადმინისტრაციულ ნაწილში, ასევე საგნობრივ კომპონენტებშიც. შეიცვალა მოსწავლის შეფასების სქემა, კომპონენტებს აღარ ექნება პროცენტული წონა. მოსწავლეთა შეფასების სამკომპონენტიან სისტემაში სამივე კომპონენტს თანაბარი წონა ექნება და თითოეული კომპონენტის მიხედვით პროცენტების გაანგარიშება საჭირო აღარ იქნება. გამახვილებულია ყურადღება მოსწავლეთა დასწრების სისტემაზე. მოსწავლეთა დასწრება მნიშვნელოვანია როგორც სკოლისთვის, ასევე თვითონ მოსწავლისთვის. ბუნებრივია, მკაცრდება მოსწავლეთა აღრიცხვიანობა. ჩვენი სამწუხარო რეალობა იყო, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, რომ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა გაკვეთილებს არ ესწრებოდა. ამიტომ, სასწავლო გეგმაში ამასთან დაკავშირებით გარკვეული ჩანაწერები შევიდა.

რაც შეეხება ზოგად ნაწილს, არაერთხელ ითქვა, რომ ტრიმესტრული სწავლება სემესტრულით შეიცვალა, რაც, მიგვაჩნია, მოსახერხებელია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც, რადგან კონკრეტული სემესტრის დასრულების შემდეგ არის გარკვეული პერიოდი დასასვენებლად და შედეგების შესაჯამებლად. გადავედით ორსემესტრიან სისტემაზე. ფიქსირებულია სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები _ 15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლა იწყებს სასწავლო წელს და 15 ივნისს ასრულებს. პირველი და მეთორმეტე კლასები სწავლას 20 მაისს დაასრულებენ.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობაც, გარკვეულწილად, ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება, მაგრამ მათ აკადემიური თავისუფლების მეტი ხარისხი აქვთ, ვიდრე საჯარო სკოლებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ საჯარო სკოლების თავისუფლების ხარისხი არ შეზღუდულა _ მათ ისევ აქვთ უფლება, რეკომენდებული საათობრივი ბადის ფარგლებში, საათების 25% საკუთარი მოსაზრებებით გადაანაწილონ საგნებს შორის მას შემდეგ, რაც შეიმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმას.

დაფიქსირდა, ასევე, სპეციალიზებული სკოლების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას სურს გააძლიეროს ამა თუ იმ საგნის სწავლება, სასწავლო გეგმაში გაწერილია, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს და რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. საუბარია საათობრივ ბადეზე, ასევე, გაძლიერებულ პროგრამებზე და .. ეს სიახლეა და ადრე სასწავლო გეგმა ამას არ ითვალისწინებდა.

ახალი სასწავლო გეგმის კიდევ ერთი სიახლეა სადამრიგებლო საათის პროგრამა, რომელიც ჩვენმა ცენტრმა ცალკე პუბლიკაციად, უფრო გაშლილი და დეტალიზებული სახით, დაურიგა ყველა სკოლას. საუბარია დაწყებითი _ I-IV _ კლასების სადამრიგებლო პროგრამაზე, როდესაც დამრიგებელი კვირაში, მინიმუმ, ერთი საათის განმავლობაში ხვდება ბავშვებს და ესაუბრება პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ და პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს I-IV კლასების დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროგრამა ერთგვარი მეთოდური სახელმძღვანელოცაა, რომელიც შედგება სადამრიგებლო საათის მიზნის, ძირითადი პრინციპების, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების მოკლე დახასიათების, საუბრის თემებისა და სადამრიგებლო საათის ნიმუშებისგან. მომავალში სადამრიგებლო პროგრამები ყველა კლასისთვის შეიქმნება.

რაც შეეხება საგნობრივ კომპონენტს, აქაც შევიდა ცვლილება. მოგეხსენებათ, გარკვეული საგნების ინტეგრირებული სწავლება აღარ გვაქვს, მაგალითად, VIII კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებებიდან ისტორია და გეოგრაფია უკვე    ცალ-ცალკე ისწავლება, რაც შესაბამისი სტანდარტებით სასწავლო გეგმაშიც  აისახა. წელს VIII კლასის სახელმძღვანელოებზე გრიფირების კონკურსი იყო გამოცხადებული და ამ საგნებში ახალი, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები გვაქვს. ასევე გარკვეული ცვლილება შევიდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ორგანიზებაში _ ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია აღარ ისწავლება ტრიმესტრულად, ჩვენი მოსწავლეები ამ საგნებს უწყვეტად ისწავლიან რამდენიმე წლის განმავლობაში.

2009-10 წლებში, მეხუთე კლასებში, მიმდინარეობდა ახალი სასწავლო გეგმის პილოტირება, ამ სასწავლო წელს კი უკვე იწყება დანერგვა, ამიტომ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა მეხუთე კლასის სტანდარტები.  შესაბამისად, გამოცხადებული იყო კონკურსი მეხუთე კლასის ახალ სახელმძღვანელოებზე ყველა საგანში, კონკურსი დასრულებულია და სკოლებს უკვე არჩეული აქვთ, თუ რომელი სახელმძღვანელოთი წარმართავენ სწავლებას.

სასწავლო გეგმაში არის ახალი საგანი _ სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ეს სამმოდულიანი საგანია _ IV, VIII და XII კლასებში ისწავლება სემესტრის განმავლობაში. სექტემბრიდან ვიწყებთ XII კლასის მოდულს, ხოლო მეორე სემესტრიდან IV და VIII კლასების მოდულებიც შევა სკოლებში.

პირველი კლასის სასწავლო გეგმაში შევიდა კომპიუტერის მოხმარების მინიმალური საბაზისო უნარ-ჩვევების სტანდარტი და შესაბამისად, მასწავლებლებიც გადამზადდნენ. ასევე მეხუთე კლასში ახალ საგნად შევიდა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. აღნიშნულ კლასში დაინერგება პირველი დონის სტანდარტი, თუმცა იმ სკოლებს, სადაც უფროსკლასელები არ ფლობენ ამ კომპეტენციებს, შეუძლიათ პირველი დონე ნებისმიერ კლასში შეიტანონ, ანუ ამ საგნის სწავლება განხორციელდება არა კლასების, არამედ დონეების მიხედვით.

საგანი `ფიზაღზრდა~ გარდაიქმნა და ეწოდება `სპორტი~. ჩვენ მოვამზადეთ და სკოლებს მივაწოდეთ სპორტის სხვადასხვა სახეობების გზამკვლევების კრებული, რაც მიგვაჩნია, რომ კარგი რესურსი იქნება მოსწავლეთა მოსამზადებლად სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. არჩევანს სკოლა თვითონ გააკეთებს: სავალდებულოა, მინიმუმ, სამი სახეობის არჩევა, მაქსიმუმი შეზღუდული არ არის. თუ სკოლას სათანადო რესურსი აქვს, შეუძლია ეს საგანი ძალიან მრავალფეროვანი გახადოს. მასწავლებელთათვის მომზადებული გზამკვლევი სპორტის 26 სახეობას მოიცავს.

პილოტირების რეჟიმში გვაქვს გარკვეული საგნები, მაგალითად, `მსოფლიო კულტურა~, რომელიც წელს 15 სკოლაში გაივლის პილოტირებას. პედაგოგების ტრენინგები უკვე დასრულებულია. პილოტირების რეჟიმშია, ასევე, პირველ კლასებში ინგლისური ენა. მოგეხსენებათ, რომ 3000 ბავშვისთვის შეძენილ იქნა კომპიუტერები და იმ სკოლებში, სადაც პირველკლასელებს ნეთბუქები დაურიგდებათ, პირველ კლასში საპილოტედ შედის ინგლისური ენა.

 

გრიფირების კონკურსი

წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, რიგ კლასებსა და საგნებში (სადაც ამის საჭიროება იყო) გვაქვს ახალი სახელმძღვანელოები.

 სიახლე ის იყო, რომ შეიცვალა სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების კონკურსის პირობები, გამკაცრდა გრიფირების წესი. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას წარმოადგენს ეს კონკურსი: სახელმძღვანელოების სეგმენტში მონაწილეობენ კერძო გამომცემლები, ასე ვთქვათ, კერძო კომპანიები. ჩვენ ვაცხადებთ კონკურსს ამა თუ იმ კლასის სახელმძღვანელოებზე (მაგალითად, წელს, რადგან მეხუთე კლასის სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით არ იყო შექმნილი, მეხუთე კლასის ყველა საგანში გამოვაცხადეთ კონკურსი). გამომცემლობებს შემოაქვთ სახელმძღვანელოები, ჩვენ ვაფასებთ და ამ შეფასების პროცესში ვიწვევთ როგორც მოქმედ მასწავლებლებს, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოების შეფასებაში ჩვენი ცენტრის ექსპერტებიც მონაწილეობენ. შეფასების საფუძველზე სახელმძღვანელოს ან მიენიჭება გრიფი, ან _ არა. გრიფი არ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ გადალახავს ქულობრივ ბარიერს, რომელიც წელს პირველად დაწესდა. ეს ქულობრივი ბარიერი შეფასების სხვადასხვა კომპონენტთა ჯამია (საუბარია როგორც მეთოდიკაზე, შინაარსზე, სახელმძღვანელოს სამეცნიერო ფასეულობაზე, აგრეთვე ტექნიკურ პარამეტრებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელო).

წელს საკონკურსოდ შემოტანილი 120 სახელმძღვანელოდან 77-მა მიიღო გრიფი, 43-მა ქულობრივი ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წელს უკეთესი ხარისხის სახელმძღვანელოები მივა მოსწავლემდე, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ყველა სახელმძღვანელო იღებდა გრიფს. ბუნებრივია, დიდი იყო შანსი, რომ სკოლებში დაბალი ხარისხის სახელმძღვანელოები შესულიყო.

პროცესი დასრულებულია, სკოლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს და კონკრეტულ კლასებში ამ სახელმძღვანელოებით იწყება სწავლა.

მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველა სახელმძღვანელოს გარეკანზე ფიქსირებულია ფასი (ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო გრიფირებისას). სამწუხაროდ, ადრე ასე არ იყო და თუ სახელმძღვანელო, მაგალითად, ღირდა 6 ლარი, მშობელს შეიძლება 20 ლარად ეყიდა. ირღვეოდა მისი, როგორც მომხმარებლის, უფლება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო რაიონებში. ახლა ძალიან რთული იქნება სახელმძღვანელოებით სპეკულირება.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო არ ერევა სახელმძღვანელოების გაყიდვაში, მას აქვს ბერკეტი, ისე დაარეგულიროს ეს პროცესი, რომ მოსწავლისთვის და მშობლისთვის ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო სახელმძღვანელო. ფასის დაწერა სწორედ ამის ერთ-ერთი მანიშნებელია.

ჩვენ შექმნილი გვქონდა სააპელაციო კომისია, რადგან ბუნებრივია, ადამიანებს აინტერესებდათ, რატომ ვერ გაიარა გრიფირება ან რატომ დააკლდა ქულა მათ მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოს. კომისია განიხილავდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევას. კომისიას სრული უფლება ჰქონდა, შეეცვალა დასკვნა, თუ აღმოაჩენდა, რომ სახელმძღვანელოების შეფასებისას გარკვეული ხარვეზები იქნა დაშვებული. წლევანდელმა სააპელაციო კომისიამ ძალაში დატოვა ყველა თავდაპირველი შეფასება. ერთი შემთხვევაა, როდესაც საქმე სასამართლოშია შეტანილი. ეს არის გამომცემლობა `დიოგენეს~ V კლასის ინტეგრირებული (ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო თავდაცვა) სახელმძღვანელო `ჩვენი საქართველო~. ამ გამომცემლობას წელს საკონკურსოდ შემოტანილი ჰქონდა 18 სახელმძღვანელო, აქედან 13-მა გრიფი მიიღო (სულ ქსელში გამომცემლობა `დიოგენეს~ 90-ზე მეტი სახელმძღვანელო მოქმედებს). დარწმუნებულები ვართ, სასამართლო დაადგენს სიმართლეს.

 

უპრეცედენტო პროგრამა

მიმაჩნია, რომ ჩვენს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, არის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემა, რაც წელს პირველად ხორციელდება. სახელმწიფომ ეს პროგრამა 8-მილიონიანი ბიუჯეტით დააფინანსა. მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის, ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს სახელმძღვანელოების სრულ კომპლექტებს. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ სკოლების დირექტორები, რომლებიც ადგილებზე ავსებდნენ მონაცემებს, კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შემდეგ ეს ინფორმაცია შეიკრიბა სამინისტროში და შეჯამდა. დღეისათვის სკოლებს სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ.

ძალიან კარგი იყო, როდესაც პირველკლასელებს სახელმწიფო ურიგებდა სახელმძღვანელოებს, მაგრამ განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ეს პროგრამა ბევრად უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია.

როდესაც ეს მოსწავლეები შემდეგ კლასებში გადავლენ, სახელმძღვანელოები სკოლების ბიბლიოთეკებში დარჩება და შემდგომი თაობის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს გადაეცემა. ამით, ერთი მხრივ, განმტკიცდება საბიბლიოთეკო სისტემა სკოლებში და, მეორე მხრივ, რამდენიმე თაობა იქნება უზრუნველყოფილი სახელმძღვანელოებით.

კიდევ ერთ საკითხზე მინდა შევაჩერო ყურადღება: დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში ხშირად იყო ისეთი ტიპის სავარჯიშოები, როდესაც მოსწავლეს წიგნის გვერდებზე მოეთხოვებოდა ჩანაწერის ან ჩანახატის გაკეთება. წელს ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ასეთი ტიპის სავარჯიშოები ცალკე რვეულად გაეტანათ. ამით სახელმძღვანელო შემდგომი თაობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ეს მოთხოვნაც წელს პირველად ჩაიდო გრიფირების წესში.  

 

2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა

2010-11 წლების სასწავლო გეგმის პარალელურად, ჩვენი ცენტრი ინტენსიურად მუშაობდა მომავალ სასწავლო გეგმაზე, რომლის დანერგვა 2011 წლიდან დაიწყება და, მინიმუმ, 5-წლიანი ვადა ექნება. შემუშავებული გვაქვს ყველა საგნობრივი სტანდარტის პროექტი, რომელსაც განვიხილავთ მასწავლებლებთან ერთად. საგნობრივი სტანდარტის შექმნაში 280 ადამიანია ჩართული _ მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ცენტრის თანამშრომლები, მაგრამ დიდ წილს შეადგენენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მეთოდისტები, ფსიქოლოგები, მოსწავლეებიც კი. მიგვაჩნია, რომ ეს ისეთი დოკუმენტია, რომელიც საჯარო განხილვას საჭიროებს. ბუნებრივია, ყველა სკოლაში ვერ ჩავალთ, მაგრამ ყველა დიდ ქალაქს ვესტუმრებით და პედაგოგებს შევხვდებით.  პროექტი უნივერსიტეტებსაც ეგზავნებათ შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციებისთვის. სექტემბრის ბოლოს დოკუმენტს დასრულებული სახე მიეცემა და უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი მის ირგვლივ.

ესაუბრა

ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N