გამოდის 1998 წლიდან
2010-09-22
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადიდან ოქროს მედლით დაბრუნდა

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველ მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. აქამდე ოქროს მედალი კიდევ ერთ ქართველ მოსწავლეს,  გიორგი დათუაშვილს ჰქონდა მოპოვებული 1990 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, რაც არანაკლებ საამაყოა. მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ნაკრები (ნაკრებში, მაქსიმუმ, 4 მოსწავლეა) მასში 1996 წლიდან ჩაერთო და 2000 წელს პირველი ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ამის შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად, მინიმუმ, 2 მედალს მაინც იღებდნენ (2006 და 2009 წლებში ოთხ-ოთხი მედალი მოვიპოვეთ) და დღემდე 6 ვერცხლის, 19 ბრინჯაოს და ყველაზე პატარა გამარჯვებულისათვის დაწესებული 2 სპეციალური მედალი აქვთ მოპოვებული. წელს კი, ნაკრების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მოსწავლეების მრავალწლიანი, თავდაუზოგავი და მიზანმიმართული შრომის შემდეგ, ნაკრების ყულაბას პირველი ოქროც შეემატა.

ოლიმპიადა, მიმდინარე წლის 14-21 აგვისტოს, გაიმართა კანადის ქალაქ ვატერლოოში და მასში 83 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩვენი ქვეყნის ნაკრები წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: მარიამ კობიაშვილი _ თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის XII კლასის მოსწავლე; ცოტნე ტაბიძე _ ქუთაისის 41- საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე; ნოდარ ამბროლაძე _ ქუთაისის 41- საჯარო სკოლის  XII კლასის მოსწავლე; ნიკა ბეგიაშვილი _ თბილისის 199- საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე (თბილისის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~); გიორგი მანდარია _ გუნდის მწვრთნელი (ხელმძღვანელი); ზაზა გამეზარდაშვილი _ გუნდის მწვრთნელი (ხელმძღვანელის მოადგილე); გურამ ქოთოლაშვილი _ გუნდის მწვრთნელი.

ოქროს მედალი ცოტნე ტაბიძემ მოიპოვა, რომელიც შარშანდელი ოლიმპიადიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ტრადიციულად, ამ ოლიმპიადებზე ჩინეთისა და რუსეთის ძლიერი გუნდები ლიდერობენ და ყოველწლიურად პირველობასაც არავის უთმობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა  ის ფაქტი, რომ ცოტნე ტაბიძემ თავისი შედეგით რუსეთის გუნდის ოთხივე და ჩინეთის გუნდის ოთხივე წევრს აჯობა. გარდა ამისა, ჩვენი შედეგით უკან ჩამოვიტოვეთ მსოფლიოს ბევრი განვითარებული და ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ქვეყანა.

ერთთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი შეკრება დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ბოლო ათი დღე მეცადინეობები მიმდინარეობდა დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში, სადაც გუნდს კარგი პირობები ჰქონდა მომზადებისთვისაც და დასვენებისთვისაც.

მსოფლიო ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება. უკვე მეორე წელია, თითოეულ ტურზე მონაწილეებს 4 ამოცანა ეძლევათ (აქამდე ამოსახსნელი ამოცანების რაოდენობა 3 იყო), ხოლო სამუშაო დრო _ 5 ასტრონომიული საათი იგივე დარჩა. გარდა ამისა, წელს ოლიმპიადის მასპინძლებმა და საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა მონაწილეებს სრულიად განსხვავებული ფორმატის ამოცანები და შეფასების სქემა შესთავაზეს, რამაც, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაართულა სამუშაო პირობები, ზოგიერთი მონაწილე შეჯიბრების პირველ ტურზე დააბნია  და უფრო ძნელი გახადა წარმატების მიღწევა. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენი გუნდის დანარჩენმა სამმა წევრმა (ორი მათგანი ამ ტიპის შეჯიბრში პირველად მონაწილეობდა) პირველ ტურზე ქულების გარკვეული ნაწილი დაკარგა და, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურზე სიტუაციას ალღო აუღეს და საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს, ჯამური ქულა მედლების მოსაპოვებლად უკვე საკმარისი აღარ აღმოჩნდა. სიახლე იყო ისიც, რომ წელს პირველად მსოფლიო ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და, თუ სხვა წლებში მონაწილეთა მიერ ნაჩვენები შედეგები დაჯილდოებამდე გასაიდუმლოებული იყო, ამჯერად ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ინტერნეტით თვალი ედევნებინა შეჯიბრის მსვლელობისათვის და მონაწილეთა შედეგებისათვის, რამაც ოლიმპიადას საკმაო აზარტი შესძინა. მაგალითად, ცოტნე ტაბიძემ მეორე ტურის ბოლო წამებზე შეძლო კიდევ ერთი ამოხსნილი ამოცანის გაგზავნა, რითაც ძალიან გვანერვიულა და თან უზომოდ გაგვახარა კიდეც (ჩვენს ნაკრებს საქართველოდანაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა და მუშაობის პროცესს ადევნებდა თვალს). ორგანიზატორების მიერ ზოგიერთი პრობლემის გაუთვალისწინებლობის გამო კიდევ უფრო გართულდა მწვრთნელების სამუშაოც _ ორივე ტურის წინა ღამით, 7-8 საათის განმავლობაში, ამოცანებს ინგლისურიდან ქართულად თარგმნიან. თუმცა, უდიდესი გამოცდილების ხარჯზე მაინც მოხერხდა ამოცანისთვის თავის გართმევა და ბავშვებისთვის ხარისხიანი თარგმანის დროულად მიწოდება.

როგორც აღვნიშნეთ, ოლიმპიადაზე სამუშაო პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია. წელს, ასევე პირველად, სპეციალური ავტომატიზებული სისტემა იღებდა მოსწავლეთა მიერ დაწერილ პროგრამებს, ტესტავდა მათ სამეცნიერო კომიტეტის მიერ მომზადებულ ყველა რეალურ ტესტზე (წინა წლებში მხოლოდ ზოგიერთი პროგრამის გატესტვა იყო შესაძლებელი ტესტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობაზე) და შესაბამის დიაგნოსტიკას იძლეოდა, რის შემდეგაც მონაწილეს საშუალება ეძლეოდა, შეცდომების აღმოფხვრაზე ემუშავა და კვლავ გაეტესტა პროგრამის ახალი ვერსია. საბოლოოდ კი, მას ყველა გატესტვათა შორის საუკეთესო შედეგი ეთვლებოდა. ამასთან, იგი შეჯიბრის მთელი მსვლელობის განმავლობაში თვალს ადევნებდა საკუთარი (მხოლოდ საკუთარი) მუშაობის შედეგებს და ოლიმპიადის დასრულებისთანავე იცოდა, თუ რა შედეგი მიიღო. ყოველივე ეს კი, გარანტიაა იმისა, რომ ნაშრომების შეფასების დროს გამორიცხული იყო სუბიექტური ფაქტორი.

 რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელებს უკეთესი შედეგის მიღწევაც გვსურდა, რის საფუძველსაც ჩვენ მიერ წინასწარ ჩატარებული საწვრთნელი შეკრებები და მოსწავლეთა მომზადების მაღალი დონეც იძლეოდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმატიკის ოლიმპიადას თავისი სპეციფიკაც აქვს და ამიტომ, მიღწეული შედეგიც დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. აქვე უნდა ითქვას, ტრადიციულად, ზამთრის არდადეგების პერიოდში, ნაკრების წევრებისა და კანდიდატებისათვის, თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯში, `საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის~ თაოსნობით, ისევე როგორც გასულ წელს, კვლავ ჩატარდა 10-დღიანი შეკრება. ამ შეკრების მიზანი, ნაკრების პოტენციური წევრების უკეთ მომზადების გარდა, უმცროსი ასაკის პერსპექტიული მოსწავლეებიდან ნაკრებისათვის მომავალი ღირსეული ცვლის მომზადებაც იყო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოლიმპიადა ვატერლოოში, კერძოდ კი ვატერლოოს უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. საცხოვრებელი პირობები და კვება ნორმალური იყო. ტურებს შორის თავისუფალ დღეს კი, დელეგაციები დასასვენებლად და გასართობად ვატერლოოს ვონდერლენდში წაიყვანეს და, რაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო _ ნიაგარას ჩანჩქერზე, რომელიც ვატერლოოდან ავტობუსით, დაახლოებით, 2 საათის სავალზე მდებარეობს.

წლევანდელი ნაკრების მომზადებაში და მსოფლიო ოლიმპიადაზე გამგზავრებაში ბევრმა ადამიანმა თუ დაწესებულებამ შეიტანა წვლილი. თანადგომისა და ხელშეწყობისათვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სამეცნიერო ეროვნულ ფონდს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, თბილისის დემირელის სახ. კერძო კოლეჯს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ბაკურიანის საჯარო სკოლას. ასევე, ნაკრების მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ყოფილ ოლიმპიელებს: ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილს, გიორგი ლეკვეიშვილს, ელდარ ბოგდანოვს, დავით თვალჭრელიძეს და ლევან ვარამაშვილს.

განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ მიღწეული წარმატება ქუთაისის 41- საჯარო სკოლას: დირექტორს _ ივლიანე ნაჭყებიას, პედაგოგ ვახტანგ შეკიშვილს და მთელ კოლექტივს.

გიორგი მანდარია

ნაკრების მწვრთნელი (ხელმძღვანელი),

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

ზაზა გამეზარდაშვილი

ნაკრების მწვრთნელი (ხელმძღვანელის მოადგილე),

თბილისის 199- საჯარო სკოლის ინფორმატიკის წრის ხელმძღვანელი

25-28(942)N