გამოდის 1998 წლიდან
2010-09-22
"პეტის სკოლა" ოცდამეერთე საუკუნეში

ვითანამშრომლოთ და შევძლებთ!

ეს სლოგანი ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ლოგოზე ამოვიკითხე, თანამშრომლობით მიღწეულით დავინტერესდი და წერილის დაწერაც გადავწყვიტე. აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს და საუკუნოვანზე მეტი ისტორიით დღემდე მოღწეული სასწავლებელი  ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს. სკოლის ისტორია გურიის თავადაზნაურთა წინამძღვრის კოწია ერისთავის ეზოში, მისი ძმის პეტრე (პეტი) დავითის ძე ერისთავის მიერ 1884 წელს სკოლის მშენებლობით იწყება. .. "პეტის" სკოლად წოდებული სასწავლებელი მალევე ორკლასიანი სწავლებიდან  7-წლიან სწავლებაზე გადადის, ხოლო 1993 წლიდან ათწლედი იხსნება.

1934 წლიდან სკოლას აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის №1 სანიმუშო-საცდელ საშუალო სკოლად მოიხსენიებენ, ოთხი წლის შემდეგ კი სკოლისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება, 70-იან წლებში მას ახალი კორპუსიც მიემატა, რის შემდეგაც სკოლას რემონტი არ ჩატარებია. 2006 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაბილიტაციის პროგრამით, სკოლა, რომელსაც ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე უდგას სათავეში, თითქმის თავიდან აშენდა.

სკოლაში 7 კათედრა მუშაობს: ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, შრომითი, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის, დაწყებითი კლასების.

სკოლას სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის ამსახველი მდიდარი ვიდეოთეკა აქვს. სასწავლო პროცესს ემსახურება სასკოლო ბიბლიოთეკა 16000-იანი წიგნადი ფონდითა და სამკითხველო დარბაზით, ქიმია-ბიოლოგიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, 2 კომპიუტერული კლასი 33 კომპიუტერით, ვიდეო და აუდიოტექნიკა, ღია და დახურული სპორტული მოედნები.

ორიგინალური ფორმით, წლის ბოლოს, სკოლა ანგარიშს აბარებს მშობლებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც კითხვა უჩნდება: რა გააკეთა სკოლამ მთელი წლის განმავლობაში. თითოეული კლასი, კათედრა საკუთარი კუთხით და ნამუშევრებითაა წარმოდგენილი შემფასებლის, ძირითადად, მშობლებისა და მომავალი მშობლების წინაშე, ხშირად ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების სისტემის წარმომადგენელთა წინაშეც.  მოსწავლეები და მასწავლებლები წლის განმავლობაში გაწეული შრომისა და შეძენილი ცოდნის დემონსტრირებას პრეზენტაციების სახით ახდენენ.  საყოველთაო სახალხო წარდგინება _ ასე უწოდებს ქალბატონი მანანა, სკოლის მუშაობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, 2007 წლიდან დანერგილ ტრადიციულ ანგარიშს, რომელიც ყოველწლიურად იხვეწება და, რაც შეიძლება, მიმზიდველ ფორმას იძენს.

 

 დისკებად აკინძული სკოლის ცხოვრება

დისკებზე ასახულ სასკოლო ღონისძიებებს, პროექტებსა თუ  სასწავლო პროცესს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალბატონი მანანას კაბინეტში.  დისკებზე ქრონოლოგიურად ასახული სკოლის ცხოვრება ერთი თვალის შევლებით  მდიდრად გამოიყურება, შინაარსის გაცნობისას ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი -პროექტები, ღია გაკვეთილები, ღონისძიებები, წარჩინებული მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის მიღწევები და ..

მოსწავლეთა ძალებით, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, თემთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობით სკოლაში ეწყობა საინტერესო, სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად დაგეგმილი ღონისძიებები: ლიტერატურული გმირებისა და ისტორიული პიროვნებების გასამართლებები, ინტეგრირებული და ინტერაქტიური გაკვეთილები, სასწავლო ექსკურსიები, ცნობილ ადამიანთა მიერ ჩატარებული ლექცია-გაკვეთილები, ინტელექტუალური თამაშები, სასკოლო თუ სკოლისგარეშე პროექტები სხვადასხვა საგნებსა და დისციპლინებში, აქციები... 

გამოდის სასკოლო ცხოვრების ამსახველი გაზეთი "მარიოტა".

ფონდ `ირმის ნახტომის~ მიერ გამოცხადებულ ინტეგრირებული გაკვეთილების კონკურსში ჩაერთო სკოლის 4 მასწავლებელი, რომელთა მიერ ჩატარებული საკონკურსო გაკვეთილები "ირმის ნახტომის" ვებგვერდზე განლაგდა.

17-მა მოსწავლემ წარჩინებული სწავლისთვის პრეზიდენტის ჯილდო -  პერსონალური კომპიუტერი დაიმსახურა. სკოლას ჰყავს პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი.

სკოლა, კარგა ხანია, შერჩეულია ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტოლერანტობის პროგრამის საპილოტე სკოლად. დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, აქციები თემში, ღია საჩვენებელი გაკვეთილები, პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 7 მასწავლებელი. X კლასის მოსწავლემ გაიმარჯვა სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, თემით - "ჰაოსი და ქართლოსი ძმები არიან" - და პერსონალური კომპიუტერი დაიმსახურა.

საინტერესო თანამშრომლობა განვითარდა არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესსა" და ლიტვის რესპუბლიკის ეთიკის ინსტიტუტთან, სადაც შემოქმედებითი მივლინებით გაიგზავნა 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ასევე სკოლამ სტუმრად მიიღო ეთიკის ინსტიტუტის წარმომადგენლობა. დაისახა ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები. 

სკოლასთან თანამშრომლობს და დიდ დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი~, რომლის უშუალო ძალისხმევით გაკეთდა სკოლის თვითშეფასება, შემუშავდა და ჩამოყალიბდა სტრატეგიული გეგმა, ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი მასწავლებელთა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის, მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების დანერგვის ტრენინგები მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

უკვე სამი წელია, მუშაობს ვაჟთა კლუბი, რომელიც ურფოსკლასელ ვაჟებს თავისუფალ დროს სასარგებლო საქმით აკავებს, რასაც მათთვის წარმატებებიც მოაქვს. ასევე, ფუნქციონირებს: სტუდია "დო, რე, მი", "ბებიას ოთახი" პირველკლასელთათვის, ბებიების კლუბი,  ვაჟთა ანსამბლი "მომავლის ხმები", გოგონათა ვოკალური ჯგუფი "ჭრიჭინები" და სხვ.

ეკოკლუბი საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი ნაზი ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს, კლუბმა სერიოზული წვლილი შეიტანა ბორჯომის ხეობის დასუფთავებაში.

 

მედიაგვერდი

არც არდადეგების პერიოდმა ჩაიარა უქმად და პირველსკოლელებს დირექციამ,  ახალ სასწავლო წელს, შენობა  რადიოფიცირებული დაახვედრა, რათა შესვენების მცირე დროც მათთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ასე გაჩნდა  "მედიაგვერდი" სკოლის ცხოვრებაში კიდევ ერთ ახალ გვერდად, რომელიც ინფორმაციის ვაკუუმს ამოავსებს  -  მუსიკა, მცირე ვიქტორინები, "ვილაპარაკოთ სწორად", სიახლეების გაცნობა და .. ეს "მედიაგვერდის" რუბრიკებია, რაც მთავარია, ინიციატივას თავად მოსწავლეებისგან ელიან, რადგან ერთობლივი მუშაობის სტილი სკოლისთვის მთავარი და შედეგიანი სლოგანია.

 

რა სიახლეებით ხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს

ამაზე თავად ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე ისაუბრებს: "არც ერთ სიახლეს გვერდს არ ვუვლით. გვინდა, ყველა ინოვაციას, სიახლეს ჯერ კარგად გავეცნოთ და შემდეგ ჩვენს სკოლაში დავნერგოთ. გასულ წელს, კონკურსზე "ნოვატორი", რომელშიც ჩვენი სკოლის   8 მასწავლებლის 14  ნამუშევარი მონაწილეობდა, სამის გარდა, ყველა პირველ ხუთეულში მოხვდა და სკოლას "ინოვაციის" ტიტული მიენიჭა.

ყველა ის სიახლე, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს შემოგვთავაზა, რასაკვირველია, სურვილი გვაქვს, წარმატებით განვახორციელოთ. წელს ერთ-ერთ სიახლედ სპორტის სწავლების დანერგვაა. სკოლას ორი  დიდი მოედანი აქვს და  ერთი სპორტდარბაზი, თუმცა ერთი დარბაზის დამატება მაინც სჭირდება, რადგანაც სპორტის გაკვეთილები შეუფერხებლად და ხარისხიანად ჩაუტარდეს  500-ზე მეტ მოსწავლეს.

ჩვენს სკოლაში სიახლეა, ასევე,  ინკლუზიური სწავლების დანერგვა. საპილოტე ინკლუზიურ სკოლათა რიცხვს განვეკუთვნებით. თავისთავად არ არის სასურველი, როცა ამ კატეგორიის ბევრი მოსწავლე გყავს, მაგრამ, როცა გყავს, სასურველია, მათ სათანადო პირობები შეუქმნა. წელს პირველად, სკოლაში ინკლუზიური განათლება დაიწყება.  გასულ წელს რეგიონული მულტიდისციპლინური ჯგუფი (ფსიქოლოგი, სპეციალისტი და ჯგუფის ხელმძღვანელი) შედგა, რომელიც ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობდა. განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ 15 მასწავლებელი გადაამზადა ინკლუზიური სწავლებისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის კი  ინდივიდუალური პროგრამები მომზადდა, სასწავლო ინდივიდუალური პროგრამები გაკეთდა 9 ბავშვზე. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა და, ამავე დროს, შრომატევადიც, რადგანაც პროგრამის მომზადებისას ჯერ მშობელთანაა საჭირო ინდივიდუალური მუშაობა. გამოკვლეულია თითოეული მოსწავლის განათლების დონე, უნარ-ჩვევები და შემდეგ შემუშავებულია სპეციალური პროგრამები. ვიმუშავეთ 9 ბავშვზე,  ამ რიცხვს კიდევ ხუთი დაემატება და წელს, სულ, 14  ინკლუზიური მოსწავლე გვეყოლება (გონებრივი შეფერხების მქონე). ამ ბავშებისთვის სკოლაში ადაპტირებული ავეჯი და ტექნიკა მივიღეთ. ასევე, გვინდა, სათანადო პირობები შევქმნათ ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისთვის, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მონტაჟდება პანდუსები და სხვ.

სკოლას ამ კატეგორიის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, გარკვეულწილად, აქვს. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახვედრად მზაობაა როგორც პედაგოგების, ისე მშობლებისა და თანატოლების მხრიდან. ვფიქრობთ, ინკლუზიური განათლების პროცესში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელსაც შეუწყობს მის სრულფასოვნად წარმართვას. მართალია, ეს პროექტი 2011 წელს მთავრდება, მაგრამ, რადგანაც სკოლას ბაზა ექნება, შემდგომში პროექტს ჩვენივე ძალებით გავაგრძელებთ."

სკოლის კონტინგენტი ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებით გაიზარდა. რადგანაც პირველ საჯარო სკოლაში სწავლის მოთხოვნა გაჩნდა და სკოლას ასეთი 120 მოსწავლე ჰყავს, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავტობუსი გამოუყო.   გორაბერეჟოულში, ფარცხმაში, ქვემო ერკეთში, საჭამიასერში, კოხნარსა და  წიფნარში მცხოვრებ ბავშვებს ავტობუსი ემსახურება. როგორც გაირკვა, მსურველთა რიცხვი,  თურმე, დღითიდღე იზრდება...

წელს სკოლა 45-მდე პირველკლასელს მიიღებს.

 

მასწავლებელთა სერტიფიცირება

ბუნებრივია, წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთ აქტუალურ თემას განათლების სფეროში _  მასწავლებელთა სერტიფიცირებას  ვერც პირველ სკოლაში ავუვლიდით გვერდს. მოვიკითხეთ პედაგოგები, რომელთაც ტესტირება გაიარეს. იმ დროს, სკოლაში ასეთი ორი პედაგოგი აღმოჩნდა

67 მასწავლებლიდან წელს 35-მა სცადა ბედი სასერტიფიკაციო გამოცდებზე,  უმეტესობამ პროფესიული უნარები ჩააბარა.  `ეს აუცილებელი პროცესია, რადგანაც პროფესიონალი მასწავლებელი მუდმივად თუ არ განვითარდა, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, _ ასე აფასებს დირექტორი მასწავლებელთა სერტიფიცირებას, - პედაგოგებმა 43 ქულაც აიღეს,  47, 49, 52-იც, იყო ჩავარდნები, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი სკოლის პედაგოგებმა დამაკმაყოფილებელი სურათი აჩვენეს. რაც მთავარია, მათი განწყობაა დადებითი, რაც იმის საწინდარია, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაივლიან გამოცდებს".   

ქეთევან კუბლაშვილი, რუსული ენის პედაგოგი: "რასაკვირველია, მასწავლებელთა ტესტირება აუცილებელი პროცესია.  შეუძლებელი და დაუძლეველი მართლა არაფერია, ეს ჩემს შედეგებზეც აისახა. ვაუჩერით, ბუნებრივია, ვისარგებლე და მოვემზადე სერტიფიცირებისთვის. ტესტირება გავიარე  და შემიძლია გითხრათ, რომ სერიოზული შენიშვნები არ მაქვს, პრინციპში არაფერს შევცვლიდი. მხოლოდ გეტყვით იმას, რომ  უმჯობესია ორგანიზაციული საკითხები უკეთ იყოს მოგვარებული, ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იყო, მაგალითად, ყურსასმენები იყო სუსტი.... ეს ის დეტალებია, რომელთა გამოსწორება იოლია. პრეტესტირების გავლისას იყო პუნქტი, სადაც გვთხოვდნენ დაგვეფიქსირებინა აზრი სწორედ ტესტების სირთულეზე. ბევრმა  პედაგოგმა დაწერა, რომ ტესტი რთული იყო და ბევრი საკითხი იყო მოცემული, რაც შემდგომ, ტესტირებისას, გაითვალისწინეს.  მაგალითად, უნარებში, აღარ იყო ბევრი საკითხი (27 საკითხი იყო),  თუმცა, არც გაიოლებული იყო, მარტივიდან  რთულისკენ იყო დალაგებული, საერთო ჯამში -  არავითარი სირთულე არ ყოფილა.

ვერ გეტყვით, რომ ადრე ჩემს თავზე, პროფესიულ ზრდაზე არ ვმუშაობდი, მაგრამ ტესტირებამ ეს პროცესი გააორმაგა. პირველ რიგში, მეტად თავდაჯერებული შევუდგები ახალ სასწავლო წელს. რაც შეეხება მასწავლებელთა სერტიფიცირებით გამოწვეულ უკმაყოფილებას, ვფიქრობ, ეს მაინც ასაკობრივი მიზეზებით იყო განპირობებული. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუკი 50 წლის ზემოთ პედაგოგების გამოცდილებას გაითვალისწინებენ და გამოცდით არ შეაფასებენ. სკოლას უნდა ექნეს უფლება, ასეთ გამოცდილ პედაგოგებს თავად მიანიჭოს სტატუსი. არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ 50 წელს გადაცილებულ პედაგოგს გამოცდილება აკლია..."

ზოია ჯიბლაძე, ქიმიის პედაგოგი:  "წელს უნარები ჩავაბარე, მომავალი წლისთვის საგანში მოვემზადები. საერთოდ, სიახლეს ყოველთვის ინტერესით ვიღებ, მით უფრო, როცა ეს ჩვენს პროფესიულ ზრდას ეხება... მართალი გითხრათ, ვერ დაველოდე მომავალ წელს, რადგანაც მაინტერესებდა, რა სირთულის იქნებოდა სასერტიფიკაციო  გამოცდა.  მზად ვარ, მომავალ წელს ჩემს საგანში გავიარო ტესტირება.

ზოგადად კი, შემიძლია გითხრათ, რომ, რასაკვირველია, მასწავლებელი მუდმივად უნდა მუშაობდე საკუთარ თავზე.  რაც მთავარია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დადებითი განწყობა ამ პროცესებისადმი, მხოლოდ შედეგებზე კი არა, ასეთი შედეგების მიზეზებზეც უნდა ვისაუბროთ.  მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟი უნდა დავუბრუნოთ, მასწავლებელს _ ავტორიტეტი, მისი შრომა სახელმწიფომ  სათანადოდ უნდა შეაფასოს  და არამც და არამც არ უნდა მოვიხსენიოთ პედაგოგი საცოდავ ადამიანად, სხვათა საქილიკოდ... მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეყოლება ქვეყანაში ძლიერი, პროფესიონალი მასწავლებლები, შესაბამისად - ძლიერი განათლების სისტემა."

 

სამომავლო გეგმები

წინ ბევრი გეგმაა დასახული, ერთ-ერთი, სწორედ სკოლის ისტორიას უკავშირდება და შენობის წინ ხელუხლებლად შემონახულ  ერისთავთა პატარა ეზოს ნაწილის ღია მუზეუმად გადაკეთებას ისახავს მიზნად, იქ მისული მოსწავლეები ყოველდღიურად შეეხებიან მეთვრამეტე საუკუნის 30-იანი წლების საქართველოს, მეორე ღია მუზეუმით კი -  ოცდამეერთე საუკუნეს  - "ნატოს".  ესეც გეგმის მეორე ნაწილია და ჩანაფიქრი, რომელიც, იქვე, ნატოს წევრი ქვეყნების დროშებით წარმოგვიდგება.

                                                                                                                                                                                      ლალი ჯელაძე

25-28(942)N