2015-01-22 ახალი რეგულაციებით დაწესებული მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომები და სახდელები ლალი ჯელაძე
მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი მასწავლებლებისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს, რომელთა გადაცდომის შემთხვევებში პედაგოგებს დისციპლინური სახდელი დაეკისრებათ. წესი 1 იანვრიდან ამოქმედდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹167/ნ ბრძანების თანახმად, რომელიც 2014 წლის 30 დეკემბერს გამოიცა, მასწავლებელთა დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტეირტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა; მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით მასწავლებელს შესაძლოა დისციპლინური სახდელები დაეკისროს: შენიშვნის, საყვედურის, სამსახურიდან გათავისუფლების სახით ან შესაძლოა, დისციპლინური სახდელის სხვა სახე სკოლის შინაგანაწესით განისაზღვროს. დოკუმენტში მითითებულია, რომ დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხის ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.
ბრძანებაში გაწერილია ის დეტალები, რომლებიც მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს არეგულირებს — რა ეთვლება პედაგოგს დარღვევებად და რა სახის სანქციები ეკისრება. მითითებულია ისიც, თუ ვინ ადგენს პედაგოგის გადაცდომის სიმძიმეს და ვის გამოაქვს საბოლოო განაჩენი და რა ვადებში.
რა შეიცვალა რეალურად?
ახალი წესით დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც სკოლაში ირჩევა ერთი წლის ვადით და მის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შევიდეს პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი მოსწავლის მიმართვა ხდება და არა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიმართვა, როგორც აქამდე იყო. ახალი ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური წარმოება იწყება: ა) სკოლის სამეურვეო საბჭოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე; ბ) სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ცვლილება დისციპლინური წარმოების დაწყების ხანდაზმულობის ვადასაც ეხება. მე-19 მუხლის თანახმად, „მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.“ განათლების პროფკავშირისთვის სწორედ ეს მუხლი გახდა გაუგებარი და მათი შენიშვნაც სწორედ ხანდაზმულობის 3-წლიანმა ვადამ გამოიწვია.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, შეიქმნა სერიოზული დამცავი მექანიზმი მასწავლებლებისთვის: „ყველა საჯარო სკოლისთვის, გარკვეულწილად, უნდა არსებობდეს ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო და, ყველა შემთხვევაში, მასწავლებლის მიმართ დაახლოებით ერთი ტიპის დამოკიდებულება. სწორედ ამ მიზნით დამტკიცდა მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესი. ის თავის თავში მოიაზრებს რეგულაციებს, მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, სკოლამ რა ქმედებებს უნდა მიმართოს; როგორ უნდა განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა; როგორი გასაჩივრების უფლებით არის აღჭურვილი პედაგოგი; რა დამცავი მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ სკოლას არ ჰქონდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების უფლება“.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი კი მიიჩნევს, რომ „მაღალი ავტონომიურობის მქონე სკოლას, ცხადია, უნდა ჰქონდეს დისციპლინის რეგულირების პროცედურები, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია“. ცვლილებას კი მოკლედ ასე აჯამებს: „როდესაც ცენტრალიზებული გზით ხდება ბრძანებების გამოცემა და სხვადასხვა საკითხების რეგულირება, ეს ადმინისტრაციული ავტონომიის შეზღუდვას გულისხმობს, ანუ ცენტრალიზებულად ხდება საკითხების რეგულირება. ცვლილება არ იქნება ქმედითი და ვერ შეცვლის დისციპლინის რეგულირების სფეროს. ასე რომ, დისციპლინური კომიტეტის ქმედუნარიანობის ზრდის ინსტრუმენტად ამ ბრძანებას ვერ მივიჩნევ. დისციპლინის რეგულირების, ანუ შინაგანაწესზე კონტროლის უფლებამოსილება აქვს დირექტორს. იბადება კითხვა: რამდენად თავისუფალია დირექტორი სკოლაში დაიწყოს პროფესიონალი კადრების მოზიდვის პროცესი, აკონტროლოს სკოლის შინაგანაწესი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები? ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, ის გადაწყვეტილებაც ვერ იქნა მიღებული, რომ სერტიფიცირება გამხდარიყო მასწავლებლის სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა. ყველაფერი რეგულირდება, მათ შორის, ადმინისტრაციული ავტონომიაც.
დღეს მთავარი გამოწვევა არის სკოლაში მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. მოხარული ვიქნებოდი, თუ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნებოდა კვალიფიციური კადრის სკოლაში დასაქმების პროცედურები. სამწუხაროდ, 2015 წელი ვერ გახდა ის თარიღი, როდესაც სკოლის კარი გაიღებოდა სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის.“
სკოლის ავტონომიის შეზღუდვას არ ეთანხმებიან სამინისტროში, რადგანაც მიაჩნიათ, რომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესში მკაფიოდ არის გამოკვეთილი სკოლის ატონომიურობის, მისი თავისუფლების მაღალი ხარისხის მანიშნებელი პუნქტები. „მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით“ (მუხლი 2, მე-2 პუნქტი); „დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით“ (მუხლი 3); მუხლი 18. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა და ვადაზე ადრე მოხსნის წესი, 1-ელი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: 1. დისციპლინური სახდელის (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების ვადაა 1 წელი, შესაბამისი დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტით დადგენილ მაქსიმალურ ვადას. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.
წესის მიხედვით გადაცდომის სახეებს ადგენს სკოლა — სკოლის შინაგანაწესი, ხოლო დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე პასუხისმგებელია დისციპლინური კომიტეტი, კონკრეტულ მასწავლებელზე კი დაკვირვება შეიძლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც კომიტეტს მიმართავს მშობელი, სკოლაში დასაქმებული პირი და მოსწავლეც კი. საბოლოო სიტყვას დირექტორი ამბობს, თუმცა განაჩენი არც ეს იქნება, რადგან დირექტორიც შეიძლება შევიდეს შეცდომაში, ამიტომ მასწავლებელს გასაჩივრების უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში. „დისციპლინური კომიტეტი არის დამცავი მექანიზმი ნებისმიერი პედაგოგისათვის და იგი დაცულია ადმინისტრაციის ან დირექტორის მხრიდან ნებისმიერი სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებისაგან — აცხადებს ნინო კვიტაიშვილი — სწორედ ამიტომ, დაცვის მექანიზმის არსებობის მიზნით, ამუშავდა აღნიშნული წესი. წესის შემუშავებაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკრეტული სპეციალისტების გარდა, ჩართული იყვნენ პედაგოგები, სკოლები და არასამთავრობო სექტორი. ჯგუფი დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგებოდა და მათ შორის ვიყავი მეც. შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებითაც საბოლოოდ დამტკიცდა მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომის წესი“.
დისციპლინური გადაცდომის წესში აღნიშნულია, რომ სკოლებმა წესის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შინაგანაწესი შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. მართალია, სკოლებში შინაგანაწესი აქამდეც არსებობდა, თუმცა, როგორც სამინისტროში მიიჩნევენ, ის იმდენად ქაოტური იყო, რომ ხშირად ცდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს. ამის ბევრი მაგალითიც არსებობს — კონკრეტული პედაგოგები ხშირად ხდებოდნენ უსამართლო გადაწყვეტილებების მსხვერპლნი. ნინო კვიტაიშვილის განცხადებით — „ეს არის გარკვეული უნიფიცირებული სისტემა, რომელიც გააერთიანებს ყველა საჯარო სკოლას, სადაც მასწავლებლის მიმართ გარკვეული დისციპლინური დევნა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩამოთვლილ კონკრეტულ შემთხვევებს ექნება ადგილი. დისციპლინური კომიტეტი თავის რეკომენდაციას მოკვლევის წარმოებისა და გარკვეული შედეგის დადგომის შემდეგ გააცნობს სკოლის დირექტორს. სკოლის დირექტორს დასჭირდება სერიოზული არგუმენტირებული უარი ან თანხმობა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების არგათვალისწინების შემთხვევაში“.
წესიდან გამომდინარე, დისციპლინური კომიტეტის როლი და ფუნქცია მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება კი — მეტად საფრთხილო და საპასუხისმგებლო, რადგანაც დირექტორმა, ოქმის მიღებიდან არაუგვიანეს 4 დღის ვადაში, უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი — მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ან უარი თქვას მასწავლებელზე სახდელის დაკისრებაზე. ორივე შემთხვევაში, დირექტორს მოუწევს წერილობითი დასაბუთება, განმარტება — რეგულაცია მასწავლებლის მიმართ ობიექტური, გამჭვირვალე, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.
და მაინც, რატომ გახდა აუცილებელი მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცება, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ ავალდებულებს სამინისტროს ამ რეგულაციების 2015 წლის დასაწყისისთვის დამტკიცებას. „შესაბამისად, მთელი 2014 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა. აქედან გამომდინარე, ეს, უბრალოდ, გარდაუვალი იყო“. პედაგოგთა პროტესტს კი, მინისტრის აზრით, იწვევს ის ფაქტი, რომ პედაგოგები ბრძანების შინაარსს ბოლომდე არ იცნობენ: „მინდა გითხრათ, რომ ბრძანებაში და პროცედურებში განსხვავებული და ახალი არაფერია, რაც აქამდე არ იყო. იმიტომ, რომ ეს რეგულაციები და პროცედურები არა იმ სახით, მაგრამ გაფანტული სახით არსებობდა სამ დოკუმენტში — კანონი, ეთიკის კოდექსი და დებულება. შესაბამისად, რადგანაც კანონი ამას გვავალდებულებდა, თავი მოვუყარეთ იმ ოპტიმალურ ვერსიას და ვარიანტს, რომელიც შეიძლებოდა ამ სამი დოკუმენტის საფუძველზე ჩამოყალიბებულიყო.“
რას უნდა ველოდოთ ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ? მინისტრი აცხადებს, რომ „ეს პროცედურები გარკვეულ ფილტრს წარმოადგენს და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს პედაგოგს, ყველა პროცედურა (თუ ამის საჭიროება დადგება) გაიაროს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მას მეტი ბერკეტი ექნება, რომ თავი დაიცვას პროცედურების მიხედვით, ვიდრე აქამდე შეეძლო.“ დისციპლინური კომიტეტების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის გარანტად კი მინისტრს ისევ და ისევ კანონი მიაჩნია, რადგან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში 2005 წლიდან მოქმედებს მუხლი, რომელიც აკონკრეტებს, რომ ასეთი პროცედურები უნდა გაიარონ დისციპლინური კომიტეტის ფარგლებში. კანონივე ადგენს შემადგენლობას, თუ ვისით უნდა დაკომპლექტდეს კომიტეტი, შესაბამისად, ეს ყველაფერი სკოლის შიგნით ხდება.
უმთავრესი მიზანი, ცვლილებების განხოცრიელებისას, უნდა გახდეს ის, თუ რამდენად მოემსახურება ეს ყველაფერი მოსწავლეთა ინტერესებს და რამდენად გააუმჯობესებს რეაგირებას პედაგოგთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე ან უბრალოდ, დაიცავს კი მასწავლებლებს არაეთიკურობისგან რაიმე რეგულაციის დაწესება, თუკი ის არაეთიკურია? მასწავლებლის დისციპლინის რეგულაციები დღემდეც არსებობდა და მასწავლებლის ეთიკის კოდექსსა და „ზოგადი განათლების კანონში“ იყო გაწერილი, სკოლის შინაგანაწესი კი სკოლის სამოქმედო დოკუმენტია. მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების აღნიშნული წესი საჯარო სკოლების მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას განსაზღვრავს და არ ეხება კერძო სკოლის მასწავლებლებს, რადგანაც მათ დისციპლინურ გადაცდომებს თავად კერძო სკოლის მიერ დადგენილი დისციპლინური წარმოების წესი განსაზღვრავს.
დისციპლინური წარმოების წესის მიხედვით რეალურად გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია მიმართვა დისციპლინური წარმოების დასაწყებად და, გარკვეულწილად, გამკაცრდა სახდელის ზომებიც; დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა 1 წლით განისაზღვრა და სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი სკოლის შინაგანაწესით განისაზღვრება. სახდელის მოქმედების პერიოდში კი მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები, გამონაკლისი შეიძლება სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სკოლებს 3 თვის ვადა მიეცათ იმისთვის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი ამ წესთან შესაბამისობაში მოიყვანონ. საინტერესოა, როგორ შეხვდნენ პედაგოგები და დირექტორები ახალი რეგულაციებით დაწესებულ გადაცდომების ნუსხასა და სახდელებს და როგორ გეგმავენ ახალი ცვლილების პრაქტიკაში განხორციელებას?
ნინო ნაბახტეველი, 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკოლის შინაგანაწესი უკვე მოყვანილია შესაბამისობაში ბრძანებასთან. ფაქტობრივად, ახალი არაფერია. ჩვენი სკოლის შინაგანაწესშიც წერია და როგორც გავარკვიე, ყველა სკოლის შინაგანაწესში იდო ის მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რაც დისციპლინური წესით მასწავლებლებს ეკისრებათ. მათ შორის არც სახდელებია ახალი.
გამიხარდა ის, რომ ადრე დირექტორს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება სახდელის დადების შესახებ, ახლა კი დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, რომელშიც მასწავლებელიც შედის და მშობელიც. ეს უკეთესიც არის იმიტომ, რომ სანამ დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, მანამ კოლეგები განიხილავენ და შეიძლება სხვაგვარადაც კი შეტრიალდეს ყველაფერი და არ მოხდეს სახდელების დადება პირადი დამოკიდებულების მიხედვით. ამით სუბიექტური აზრი გამოირიცხება. აი, ამ კუთხით არის ცვლილება, თორემ თავად დისციპლინური გადაცდომები და სახდელები არ შეცვლილა.“
თამარ ბარისაშვილი: 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „ძალიან საწყენი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ამ წესის საინფორმაციო საშუალებებით გამოცხადება. მასწავლებლების ინფორმირება, მაინცდამაინც, 3 იანვარს მოხდა, როდესაც ყველა იმის მოლოდინში იყო, რომ საახალწლოდ განათლების სამინისტროსგან მილოცვა იქნებოდა და არა დისციპლინურ გადაცდომებზე საუბარი. ამ წეს-კანონში ბევრი რამ უფრო მეტად იმ კუთხითაა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა იმუშაოს დამცავმა მექანიზმმა, თითქოს ერთი შეხედვით, მასწავლებლების ინტერესების დასაცავად. მაგრამ ინფორმირება დაიწყეს მაინცდამაინც ლოთი მასწავლებლების, ეთიკური ნორმების გადამცდენი მასწავლებლების და, ამავდროულად, იმ სახდელებისა თუ ტერმინოლოგიების ხსენებით, რაც ყველა შემთხვევაში ძალიან ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანს, რა პროფესიისაც არ უნდა ყოფილიყო, გააღიზიანებდა. მით უმეტეს, მასწავლებელი, რომელსაც შთაგონებული აქვს, რომ მას უნდა ეკითხებოდნენ და არა სჯიდნენ, იმიტომ კი არა, რომ გადამეტებული თვითრწმენა გვაქვს, უბრალოდ, წარმოუდგენელია მასწავლებელი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა — ის მასწავლებლად ვერ იმუშავებს. ადამიანს, რომელსაც აქვს იმის შინაგანი განცდა, რომ ნამდვილად შეუძლია მოქალაქეობრივი მრწამსით იყოს კეთილი ნების გამომხატველი, ტელევიზიიდან, საახალწლოდ — საშობაო კვირაში თითს უქნევენ და ეუბნებიან, რომ სახდელს მიუყენებენ თუ ეთიკური გადაცდენის შემთხვევებს დაუფიქსირებენ. შეუმცდარი არავინაა, მით უმეტეს, მასწავლებლებმა კარგად ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება შეცდომად ჩაგვითვალონ, თუ ძალიან ზემოდან გადმოვხედავთ ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობას. რაც მეტია პროფესიონალიზმი, მით მეტია საკუთარი თავისადმი თვითკრიტიკაც, მაგრამ გაცნობის და მიწოდების ფორმა იყო არაეთიკური, რაც, თავისთავად, მიუღებელი აღმოჩნდა პედაგოგებისთვის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ, ალბათ, ნაკლებად ფიქრობენ მასწავლებლების ღირსებაზე. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, იმიტომ, რომ თუ ადამიანს ღირსებით მოვეკიდებით მის გაღიზიანებას არანაირი წეს-კანონი (თუ ის ნამდვილად წესი და კანონია) არ გამოიწვევს. რასაკვირველია, სიღრმისეულად გავეცანით, კათედრამაც მივიღეთ მონაწილეობა, შემდეგ ჩვენი პოზიციები შევაჯერეთ და მაინც ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა ჩვენს თავთანაც და იმ საზოგადოების მიმართაც, რომელიც ამას გვთავაზობს. კერძოდ, მიუღებელია ტერმინი „ექსპერტი“ და „ექსპერტიზა“ — თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ტერმინები აქ პირობითადაა ნახმარი, მაშინ კანონთან მიმართებაში პირობითობა რა შუაშია. ნებისმიერი საგნის სპეციალიტს სად აქვს იმის დრო, ექსპერტების დონეზე იკვლიოს, სასწავლო პროცესის პარალელურად, მასწავლებლის ეთიკური ნორმის გადაცდენა-არგადაცდენა.
უხერხულობას ქმნის, ასევე, საუბარი იმ საკითხზე, რასაც ნდობის ფაქტორი ჰქვია. ერთმანეთის მიმართ კოლეგებს ნდობა, რასაკვირველია, გვაქვს. მაგალითისთვის, ავიღოთ ჩვენი 100-კაციანი კოლექტივი — ამ სკოლაში 100 მასწავლებელი თანამშრომლობს, თუ კომისია, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს იქნება მაქსიმუმ 10-კაციანი, მაშინ 100 მასწავლებლის ცხოვრების 10 მასწავლებლის თვალით დანახვა რამდენად რეალურია? და საერთოდ, აღარ დადგა დრო, რომ მასწავლებლებს ჩვენი საქმე გვაკეთებინონ?
გადაცდომის ელემენტი, სუბიექტური ხედვით, შეიძლება ყველა მასწავლებელს ვუპოვოთ — მაგალითად, მასწავლებელმა მოსწავლეს მაქსიმალურად მოსთხოვა გაკვეთილის ცოდნა ან დავალების შესრულება და არა ელემენტარულად და მას არადამაკმაყოფილებელი დაუწერა. ეს შეიძლება მშობლის გაღიზიანების საბაბი გახდეს ან უამრავი მსგავსი შემთხვევა. ეს მასწავლებლის გადაცდომად უნდა ჩავთვალოთ? და ამის გამო მან თავი იმართლოს? კანონში კი წერია, რომ მასწავლებელს დუმილის უფლება აქვს, მაგრამ ამ მასწავლებლის ქმედებაზე რომ სჯა-ბაასი გაიმართება და საექსპერტო მასალების შეგროვება დაიწყება, ვინმემ იფიქრა, როგორი იქნება მისი ფსიქიკური მდგომარეობა? როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს? — მშვიდი? რატომ ვქმნით ბარიერს, არ მესმის, გვაკლია მასწავლებლებს წინაღობები?
თავისთავად, როცა არსებობს პრეტენზია იმისა, რომ მასწავლებლებს მოუწოდონ როგორ იცხოვრონ და ეთიკური ნორმები არ დაარღვიონ, თვითონ ჭკუის დამრიგებლებს მეტი მოეთხოვება, მათ მასწავლებლის მოტივაციაზეც უნდა იფიქრონ. სამწუხაროდ, ჯერ ისედაც არ არის მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია და, ამ ფონზე, მას საერთოდ ხომ არ უნდა ჩაუკლა ინდივიდუალური შემოქმედებითი თავისუფლება. თუ ასე გამოეკიდება ვინმე მასწავლებელს, რაც უნდა კვალიფიციური იყოს ის, მიზეზს ყოველთვის უპოვის. ამ მიზეზების ძებნაში გავატაროთ დრო, სასკოლო საათები თუ ვიფიქროთ იმაზე, რა და როგორ ვასწავლოთ.“
მაია მიქაძე, 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „ნამდვილად არ მინდა ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია ცალკე პედაგოგებისთვის რატომ იყო გამოსაყოფი ქცევის წესებთან დაკავშირებულ ნორმებზე საუბარი. მე მგონი მასწავლებლებიც ადამიანები არიან და, ზოგადად, კანონმდებლობა, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ მოქმედებს, მათაც ისევე ეხებათ, როგორც დანარჩენებს. სიმართლე გითხრათ, ამიტომ ვერ გავიგე კარგად, რა მიზანს ისახავდა განათლების სამინისტრო ამ ბრძანების გამოცემით.
მეტ-ნაკლებად, მასწავლებელს, რომელიც სკოლაში შედის და იქ მუშაობას აგრძელებს, გაცნობიერებული აქვს ყველაფერი — რა მისია აკისრია და რა მოეთხოვება. კიდევ ასე დამძიმება და დამატებითი ტვირთის დაკისრება რა საჭიროა ვერ გავიგე. ვიფიქრე და ერთადერთი ახსნა, რაც ამას მოვუძებნე, არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს პროფესიულ სქემაში ჩართვის იძულებითი ბერკეტი. მე პირადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის არანაირი სურვილი არ მაქვს. შიშის ფაქტორი იმუშავებს, თუკი დაფრთხებიან მასწავლებლები და გამუდმებით იმაზე იფიქრებენ, რომ ყოველ ნაბიჯზე უთვალთვალებენ და მათ ქცევას აკონტროლებენ, ეს მათ მეტად დათრგუნავთ. დათრგუნული და შეშინებული კი იოლი სამართავია.“
გიორგი კაკაბაძე: 24-ე სკოლის დირექტორი: „რეალურად ამ ცვლილების შეტანა კანონით იყო გათვალისწინებული და წელს უნდა მომხდარიყო. მე თუ მკითხავთ, ეს დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. იდეაში კი, ეს ყველაფერი სწორად არ იქნა აღქმული. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ახალი სასჯელები შემოდის, არადა ეს ყველაფერი შინაგანაწესშიც ასე იყო. ისედაც ისჯებოდა ყველა ეს ქმედება. აქ საუბარია იმაზე, რომ მოკვლევას და პირველ გადაწყვეტილებას მიიღებს დისციპლინური საბჭო და არა დირექტორი — ეს რეალურად დემოკრატიული ნაბიჯია. სხვა საკითხია, რამდენადაა მზად დისციპლინური საბჭო მოკვლევისთვის.
დისციპლინური საბჭო სამეურვეო საბჭოს მიერაა არჩეული, აქედან გამომდინარე, ალბათ, გარკვეულწილად, სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობაცაა მათი ქმედებები. თუმცა დირექტორსაც შეუძლია, არ დაეთანხმოს საბჭოს გადაწყვეტილებაში და დაასაბუთოს, რატომ არ ეთანხმება. რეალურად, თუ სკოლის შიგნით გარემო დემოკრატიულია, მაშინ ეს არც უნდა ხდებოდეს. სხვა საკითხია, რამდენად მზადაა ამ პასუხისმგებლობისთვის სტრუქტურული ერთეულები. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ის კი შემიძლია გითხრათ, რომ თუ სადმე სამეურვეო საბჭო კარგად მუშაობს, მათ შორისაა ჩვენი სკოლაც. ჩვენთან ყველაფერი განხილვადია და ჩართულები ვართ პროცესებში — პედსაბჭოზეც ბევრი საკითხი განიხილება და სამეურვეო საბჭოც ცდილობს, მაქსიმალურად გამოიკითხოს მშობლებისა და მასწავლებლების აზრი და ამის შემდეგ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება— ეს პროცესებს მაქსიმალურად გამჭვირვალეს ხდის.
არ ვფიქრობ, რომ ამ ბრძანებით დირექტორის უფლება იზღუდება. მართალია, პირველ ეტაპზე, გადაწყვეტილებას დისციპლინური საბჭო იღებს, თუმცა შემდეგ დირექტორს აქვს დასაბუთების უფლება, ანუ არმიღების უფლება, თუკი მასწავლებლის დასჯას არ ეთანხმება. პრინციპში პროცედურა გართულებულია, მაგრამ დირექტორის უფლება შეუზღუდავია. სკოლის ავტონომია პირდაპირ კავშირშია სასკოლო საზოგადოების აქტიურობასთან, განსწავლულობასა და ჩახედულობასთან — სამართლებრივ და საგანმანათლებლო საკითხებშიც, ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც და ა.შ. თავიდან საკმაოდ რთული იქნება გადაწყვეტილებების მიღება, უფრო მეტად კი, სწორად მოკვლევა ამ პროცედურების, იმიტომ რომ შინაგანაწესი ამის საშუალებას იძლევა. როცა ყველაფერს გავითვალისწინებთ და შინაგანაწესს დავადგენთ, იქ პირდაპირ ჩაიწერება, რა დარღვევის შემთხვევაში რა სახდელი უნდა დაეკისროს მასწავლებელს. გადაცდომის მოკვლევა და დადასტურება კი, როგორც აღვნიშნეთ, დისციპლინური კომიტეტის ხელში გადადის და ეს პრობლემა მან უნდა მოაგვაროს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მასწავლებელს დუმილის უფლება აქვს და არ აქვს ვალდებულება, თავი იმართლოს.
არ მიმაჩნია, რომ დირექტორს რაიმე უფლება წაართვეს, უბრალოდ, ამ უფლებების განხოცრიელება უფრო მეტი პროცედურის გავლას მოიცავს. საბოლოო ჯამში, ეს პროცედურები სკოლის საზოგადოებაზე, ანუ არჩეულ ადამიანებზე გადის.
რაც შეეხება ობიექტურობის გარანტს, გეტყვით: მაგალითად, ინგლისს პრეცედენტული სამართალი აქვს, მაგრამ იქაც კი ობიექტურობის აბსოლუტური გარანტი არ არსებობს. ყველაფერი ეს კომპეტენტური ადამიანების შეხედულებებზეა დამოკიდებული ისე როგორც, მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემთხვევაში. გამარტივებულია გასაჩივრების პროცედურაც, გასაჩივრება სამერვეო საბჭოდან იწყება, რის შემდეგაც, არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია, მოკვლევის დოკუმენტები სამინისტროში ან სასამართლოშიც კი წაიღოს.
ამ ბრძანებით ყველაფერი უფრო დაკონკრეტდა, უბრალოდ, პროცედურები გაიზარდა.
პედაგოგებს, რასაკვირველია, ბრძანება გავაცანი, შემდეგ პედსაბჭოზეც განვიხილეთ, თუმცა იქ ძალიან ბევრ კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა, რადგან დოკუმენტს, კარგად წაკითხვის გარდა, კარგად გააზრებაც სჭირდება. პედაგოგებს შევთავაზე, შეგვექმნა მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ მშობლებთან, გამოკითხავენ მათ, რა შენიშვნები აქვთ მასწავლებლების მიმართ — სასწავლო ან საგაკვეთილო პროცესში. არის შემთხვევები, როცა მშობლებს პრეტენზიები აქვთ საკლასო წერებთან ან გაკვეთილის ახსნასთან დაკავშირებით. სწორედ ამის გამო ავამუშავეთ მონიტორინგის ჯგუფები, ამ ტიპის საჩივრები რომ გამოვრიცხოთ, რადგან დისციპლინურ საბჭოებს ამ საჩივრებზე მუშაობა გაუჭირდებათ, ვინაიდან აქ საქმე მასწავლებელთა თვითშემოქმედების თავისუფლებას ეხება. მონიტორინგის ჯგუფები, გარდა იმისა, რომ იმუშავებენ მშობელთან და მათ გამოკითხავენ, დაესწრებიან გაკვეთილებსაც, დაწერენ რეკომენდაციებს. ისევ შევიკრიბებით და მოვაწყობთ განხილვას. როცა დავრწმუნდები, რომ პედაგოგებს ეს ყველაფერი კარგად აქვთ გაცნობიერებული და გააზრებული, მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებ შინაგანაწესზე.
ოდესღაც ეს ყველაფერი ხომ უნდა დაწყებულიყო, თუკი სკოლა უნდა იყოს დემოკრატიული, სწორედ ასეთი უნდა იყოს. სხვა საკითხია, როგორია საზოგადოების მზაობა. პროცესი რომ სწორად წარიმართოს, საჭიროა პასუხისმგებლობების გადანაწილება და ამის შემდეგ უნდა განვსაზღვროთ მართვის სწორი საშუალება. პასუხისმგებლობები გადანაწილებულია, ვნახოთ, ნელ-ნელა მივყვეთ პროცესებს.“
|