2014-12-18 განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ ლალი თვალაბეიშვილი თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში, პირველ სემესტრში, საგნობრივ კათედრებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექციამ დაგეგმა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია — „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“, რომლის მიზანი იყო: მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება, საუკეთესო პროექტებისა და ნაშრომების გამოვლენა და წახალისება. ამ იდეამ უფროსკლასელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ სხვადასხვა დისციპლინებში აირჩიეს თემები, მოიძიეს და დაამუშავეს მასალა, შექმნეს თვალსაჩინო რესურსი, ჩაატარეს ექსპერიმენტები. სულ საკონფერენციოდ, საგნობრივ სექციებში, 100-მდე ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროექტი მომზადდა. 1-5 დეკემბერს საბუნებისმეტყველო, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, რუსული ენის, მათემატიკისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრებმა სექციური სხდომები ჩაატარეს და კონფერენციის დასკვნითი ტურისთვის 28 მოსწავლის 21 ნამუშევარი შეარჩიეს. იყვნენ მოსწავლეები, რომლებსაც რამდენიმე საგანში ჰქონდათ მომზადებული საკონფერენციო თემა: თამუნა ცერცვაძე — ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ბიოლოგია, ინგლისური ენა; ნინო გოდორაძე — ინგლისური ენა, ბიოლოგია; ანასტასია ჩხენკელი — მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა. წარმოდგენილი იყო ჯგუფური ნაშრომები: დავით ჭკადუა, ნიკოლოზ სარაჯიშვილი — „ზეგამტარები“, ქიმია; ლუკა ნადარეიშვილი, ნინო ზურაშვილი — „რეაქციის მიმდინარეობის ენერგეტიკული და ენტროპული ფაქტორები“, ქიმია; თათია მიქელაძე, ანა ბესიაშვილი — „ტაო-კლარჯეთი — ჩვენი ტკივილი და სიამაყე“, ქართული ენა და ლიტერატურა. კონფერენციის დასკვნით ტურზე გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები საჯაროდ წარადგინეს. მონაწილეები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ფასდებოდნენ: პრეზენტაციის სტრუქტურა — 2 ქულა; პრეზენტაციის უნარი — 2 ქულა; რესურსის წარმოჩენა — 1 ქულა; ნაშრომის ორიგინალურობა, ავტორის დამოუკიდებელი აზროვნება, ინოვაცია — 5 ქულა; სულ — 10 ქულა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები: თამარ ქუთათელაძე — ქართული ენა და ლიტერატურა; ნატა ქოჩლაძე — რუსული ენა; დალი გულაია — ქიმია; ქეთევან სადრაძე — ფიზიკა; დოდო ნარსია — ინგლისური ენა; თეა ძაგნიძე — ბიოლოგია; დიანა დეკანოიძე — მათემატიკა; ჟიურის თავმჯდომარე — სკოლის დირექტორი გულიკო ხორბალაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციებისა და პროექტების ლაბორატორიის წარმომადგენლები — ნანა მახარაძე, ალექსანდრა მატვეევიჩი, ია გოდერძიშვილი; ვაკე-საბურთალოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგინაშვილი. პრეზენტაციების დაწყებამდე გავესაუბრეთ სკოლის დირექტორს, გულიკო ხორბალაძეს: „ამ სკოლის დირექტორად სექტემბერში დავინიშნე. ჩემი მიზანი იყო ისეთი სამოქმედო გეგმის შედგენა, რომ მაქსიმალურად მიმექცია ყურადღება სწავლებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის. სწორედ ამიტომ, საგნობრივ კათედრებთან ერთად, დავგეგმეთ კონფერენცია. მოვიფიქრეთ დებულება, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაგვეტარებინა კონფერენცია სათაურით — „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“. დებულება გავაცანით მასწავლებლებს და მოსწავლეებს. შემდეგ მონაწილეთა რეგისტრაცია ჩავატარეთ და განვსაზღვრეთ მასალა, ანუ უფროსკლასელებს, საორიენტაციოდ, საგნების მიხედვით, შევთავაზეთ თემები, რომლებიც უნდა აერჩიათ. იმავდროულად, შესაძლებლობა მივეცით, თვითონაც მოეფიქრებინათ თემატიკა. ძალიან ბევრი საინტერესო თემა შემოვიდა საგნობრივ სექციებში. მოსმენებს შეძლებისდაგვარად ვესწრებოდი. პირადად ჩემი შთაბეჭდილება მოკლედ ასეთია: საკონფერენციო თემებზე მუშაობამ კარგი უკუკავშირი მოგვცა, მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები, ექსპერიმენტები, მოიძიეს ინფორმაცია და ა.შ. მიმაჩნია, რომ ჩვენი მიზანი — მოსწავლე პრობლემაზე ორიენტირებული ყოფილიყო და მისი ხედვა — არგუმენტირებული და ინოვაციური, დამოკიდებულება — ახლებური — მიღწეულ იქნა. ყოველგვარი სუბიექტური მიდგომა რომ გამოგვერიცხა, წინასწარ მოვიფიქრეთ, რის მიხედვით შეგვეფასებინა ბავშვები. პრეზენტაციისთვის ძალიან ცოტა დრო მივეცით — 3 წუთი და გამოვყავით 4 კრიტერიუმი. ამ კრიტერიუმებით იმუშავებს ჟიური და გამოავლენს 10 საუკეთესო მოსწავლეს, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. მე პერსონალური პრიზი დავაწესე — „დირექტორის სიმპატია“. მინდა გამოვარჩიო და წავახალისო ყველაზე ერუდიტი მოსწავლე, ვინც ყველაზე მეტი შრომა გასწია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მოსწავლის შრომა წახალისებას იმსახურებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ბევრი ნიჭიერი მოსწავლე გვყავს.“ პრეზენტაციები მრავალფეროვანი და საინტერესო მოსასმენი იყო. ამა თუ იმ საგნის ცოდნასთან ერთად, მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარები — პრეზენტაციის, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირების, დეკლამაციის და სხვ. ანასტასია ჩხენკელი, ჳხ3 კლასის მოსწავლე, თემა — „ოქროს კვეთა“ (მათემატიკა): „სამყაროში ყველაფერი კანონზომიერი, ჰარმონიული და ერთიანად სიმეტრიულია. ის, რასაც ჩვენი თვალით აღვიქვამთ, თითოეული საგანი, რომელშიც ვპოულობთ ოქროს კვეთას, სრულყოფილია. ოქროს კვეთა გვხვდება მათემატიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში, რასაც ჩვენ კულმინაციას ვუწოდებთ. სწორედ კულმინაციაა გადამწყვეტი კვანძი, მნიშვნელოვანი ნაწილი ქმნილებისა, რომელიც დიდ როლს თამაშობს ამა თუ იმ ნაწარმოებსა და ხელოვნების ნიმუშში. ფოტოხელოვნებაში ოქროს კვეთა არის კადრის მთავარ წერტილში მნიშვნელოვანი ელემენტის ჩასმა. საინტერესოა, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ძირითადად, ოქროს კვეთას წარმოადგენს, რაც ახლებურად სვამს საკითხს რუსთაველის ლექსის მეტრიკული სტრუქტურის შესახებ, ხოლო მის ავტორს სრულებით განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს მსოფლიო პოეზიის ისტორიაში. პოეზიაში რუსთაველი პირველია, ვინც ოქროს კვეთაზე ააგო ესოდენ დიდი მოცულობის ნაწარმოები.“ თინათინ ცისკარიძე, ჳხ3 კლასის მოსწავლე, თემა — „ლენინგრადის მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადის ერთი ამოცანის შესახებ“ (მათემატიკა): „რამდენიმე წელი მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით ნორჩ მათემატიკოსთა და პროგრამისტთა წრეზე, სადაც ვეცნობოდით სხვადასხვა საინტერესო მათემატიკურ ამოცანას და ვწერდით პროგრამებს. ერთ მეცადინეობაზე წრის ხელმძღვანელმა დავალებად შემოგვთავაზა ამოცანა, რომელიც ლენინგრადის ერთ-ერთ მათემატიკურ ოლიმპიადაზე იყო წარმოდგენილი. საკონფერენციოდ სწორედ ეს ამოცანა განვიხილე, სადაც დასამტკიცებელი იყო, რომ არ არსებობს ფიგურა, რომელიც გარკვეული სახის პირობებს აკმაყოფილებს. დავადგინეთ, რომ თანდართულ მითითებებში მოყვანილი გზა ეყრდნობა უტოლობას, რომელიც საზოგადოდ სამართლიანი არ არის და მოვიყვანეთ შესაბამისი მაგალითი. უფრო მეტიც, ჩვენ გავაანალიზეთ მოცემული შეზღუდვები და კომპიუტერის დახმარებით მოვახერხეთ სათანადო ფიგურის აგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო ამოცანის მითითება, არამედ თვით ამოცანის პირობაც შეცდომას შეიცავს.“ ნინო გოდორაძე, ჳხ2 კლასის მოსწავლე, თემა — „ნიკოტინის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე“ (ბიოლოგია): „მსოფლიოში, დაახლოებით, მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით, ყოველწლიურად, 4 მილიონი კაცი კვდება. თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ, სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა. სიგარეტის მავნებლობაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. ყველა მწეველმა უნდა შეიგნოს, რომ თამბაქოს მოწევა ნაადრევად აბერებს ორგანიზმს და სიკვდილთან აახლოებს. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე არ უნდოდეს. მინდა მივმართო მწეველებს — გიღირთ, სიცოცხლის ფასად, ის 5-10-წუთიანი „სიამოვნება“, რომელსაც ვეღარ აღწევთ თავს? ის 5-10 წუთი არის დრო, რომელსაც სიგარეტი თქვენი ორგანიზმიდან სასიცოცხლო ენერგიის წართმევას ახმარს. გახსოვდეთ, თითოეული სიგარეტის მოწევის შედეგად ჩამოგეჭრებათ სიცოცხლიდან 5-10 წუთი.“ ანი ოქროპირიძე, ჳხ2 კლასის მოსწავლე, თემა — „საოცარი ნივთიერება — წყალი“ (ფიზიკა): „ნივთიერებებს შორის წყალს, თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. წყლის ყველა ეს თვისება ბუნების გამონაკლისია. ის ნამდვილად ყველაზე საოცარი ნივთიერებაა. ის საოცარია არა მარტო მოლეკულების იზოტოპური ფორმების მრავალსახეობით და იმით, რომ მომავალი ენერგიის უშრეტი წყაროა, ის საოცარია თავისი ჩვეულებრივი თვისებებით. ჩვენი პლანეტის ზედაპირის 3/4 წყლითაა დაფარული, მყარი წყლით — ყინულითა და თოვლით დაფარულია ჩვენი პლანეტის 20%. წყალზეა დამოკიდებული ჩვენი პლანეტის კლიმატი. წყალი რომ არა, დედამიწა დიდი ხნის წინ გაცივდებოდა და გადაიქცეოდა უსიცოცხლო ქვის ნატეხად. წყალი, დიდი კუთრი სითბოტევადობის გამო, გათბობისას, სითბოს შთანთქავს ნელა, გაცივებისას კი ნელა გამოყოფს სითბოს, რითაც თითქოს „აწონასწორებს“ დედამიწის კლიმატს. ატმოსფეროში ორთქლისა და ღრუბლების სახით გაფანტული წყლის მოლეკულები იცავს დედამიწას კოსმოსური სიცივისგან. ადამიანის ორგანიზმის 2/3-ს შეადგენს წყალი, ყველა ბიოლოგიური პროცესი ცოცხალ უჯრედებში წყალხსნარების რეაქციაა. წყალხსნარებში მიმდინარეობს ქიმიური მრეწველობის უმეტესი ტექნოლოგიური პროცესები. წყლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. წყალი სიცოცხლის საფუძველია და მასზე ძვირფასი ბუნებაში არაფერია.“ ნიკოლოზ სარაჯიშვილი, დავით ჭკადუა, ჳხ3 კლასის მოსწავლეები, თემა — „ზეგამტარობა“ (ფიზიკა): „ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი მასალა იყო აღმოჩენილი, როგორიცაა, მაგალითად, მაღალტემპერატურული ზეგამტარები. ეს მასალა ძალიან პერსპექტიულია მომავლის ტექნოლოგიებისათვის და მას დიდი გამოყენებითი პოტენციალი აქვს. ზეგამტარი ეწოდება ისეთ გამტარს, რომელიც ელექტრონულ დენს წინაღობის გარეშე ატარებს. სადენს, რაგინდ კარგი გამტარიც არ უნდა იყოს, აქვს წინაღობა, რომელიც იწვევს ენერგიის დაკარგვას. თუმცა, გამტარების გაცივებასთან ერთად, მისი წინაღობა იკლებს, ხოლო გარკვეული ტემპერატურის შემდეგ (კრიტიკული ტემპერატურა) ის ნულდება. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ზოგიერთი ისეთი მასალის ელექტრო და მაგნიტური თვისებები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი ან ზოგიერთი ოქსიდი, რადიკალურად იცვლება. ეს მასალები ზეგამტარი ხდებიან — ისინი ვეღარ უწევენ წინააღმდეგობას ელექტრულ დენს და მაგნიტურ ველს განდევნიან. დღეს ზეგამტარობა უაღრესად აქტიური კვლევის სფეროა, საქმე ეხება მისგან წარმოშობილი მექანიზმების გარკვევას, ახალი ზეგამტარი მასალების შეცნობასა თუ უკვე მრავალრიცხოვანი გამოყენების გაფართოებას.“ ანა ბესიაშვილი, თათია მიქელაძე, ხ3 კლასის მოსწავლეები, თემა — „ტაო-კლარჯეთი — ჩვენი ტკივილი და სიამაყე“ (ქართული ენა და ლიტერატურა): „დღეს ისტორიული კლარჯეთის მხარე მთლიანად თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, კაშხლის მშენებლობის გამო, რამდენიმე წელიწადში წყლით დაიფარება. დღეს იგი, როგორც ცალკე პროვინცია ან რაიონი, არ არსებობს. თურქეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით, კლარჯეთი მოქცეულია შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ართვინის პროვინციაში. აერთიანებს ამ პროვინციაში შემავალ არტანუჯს, ართვინის, მურგულისა და ბორჩკის რაიონებს, ასევე ზღვისპირა ხოფას რაიონს. წლების განმავლობაში ბევრი ქართველის განუხორციელებელ ოცნებად ქცეულა ძირძველ მიწაზე ფეხის დადგმა, მიტოვებული ტაძრების მოლოცვა და აწ თურქულად ქცეული სამშობლოს მოსიყვარულება. ამიტომაც დიდი იყო ინტერესიც, მოლოდინიცა და შიშნარევი სიხარულიც, როცა გზას გავუდექით მშობლიური, მაგრამ საოცრად შორეული ტაო-კლარჯეთისკენ... ეს ნაშრომიც ჩვენი ემოციების, სიხარულისა და ტკივილის გაზიარებას ისახავს მიზნად.“ პრეზენტაციები დასრულდა და ვიდრე ჟიური მსჯელობდა, კონფერენციის სტუმრებს მოსწავლეებმა საახალწლო კლიპი (მოამზადა ჳხ1 კლასის მოსწავლემ — ლაშა თელიამ) შემოგვთავაზეს, რითაც საქმიან ატმოსფეროს ხალისიანი განწყობა შემატეს. ნანა მახარაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციებისა და პროექტების ორგანიზატორი: „მისასალმებელია, რომ კიდევ არის იმის რესურსი, რომ სკოლებში მსგავსი საგანმანათლებლო კონფერენციები ჩატარდეს. ჩვენ წლების განმალობაში ვკურირებთ რესპუბლიკურ კონფერენციებს, ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და მიხარია დღევანდელი კონფერენცია ასეთი საინტერესო რომ იყო. ვერც კი წარმომიდგენია, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს პრეზენტაციები იმიტომ, რომ ოცდაერთივე ნაშრომში ჩადებულია უზარმაზარი შრომა. მივესალმები ამ დიდ წამოწყებას. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ გულიკო ხორბალაძეს, რომ სათავეში უდგას ასეთ დიდ კონფერენციას. მიმაჩნია, რომ წახალისების ასეთი ფორმა — დაჯილდოება, ბავშვებს შემდგომში ცოდნის გაღრმავების სტიმულს მისცემს. მოვუწოდებ ყველა სკოლას, მიბაძონ 128-ე საჯარო სკოლის წამოწყებას, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს და მისცენ გზა ფართო განათლებისა და განვითარებისაკენ. არაჩვეულებრივი ბავშვია თამუნა ცერცვაძე, განათლებული და ჭკვიანი, ასევე, არაჩვეულებრივი იყო ტაო-კლარჯეთის თემა. სასიამოვნოა, რომ ჩვენი თაობისგან მივიწყებული პრობლემა ახალი თაობისთვის აქტუალურია. მივესალმები ფიზიკა-მათემატიკისა და ქიმიის წამოწევას, იმიტომ რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად გვყავს მეცნიერები, ეს ბავშვები აუცილებლად უნდა წავახალისოთ.“ ჟიურიმ 10 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა და ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადასცა. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით. დირექტორის მიერ დაწესებული პრიზი — „დირექტორის სიმპატია“ ხჳ1 კლასის მოსწავლე თამუნა ცერცვაძეს გადაეცა. „ჩემთვის თემაზე — სიტყვისა და საქმის შეფასება ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში — მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია საქართველოში. არავინ არ მოქმედებს იმისთვის, რომ არსებული ვითარება გამოსწორდეს, მხოლოდ საუბრობენ. გადავწვიტე ეს საკითხი წარმომეჩინა და მეთქვა, რომ, რადგან მივაქციეთ ყურადღება, კარგად დავფიქრდეთ და, რაც მთავარია, ვიმოქმედოთ მის გამოსასწორებლად. ჩვენ გარდა, ამას არავინ გააკეთებს. თემა განხილული მქონდა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“, „კაცია-ადამიანის?!“ და „ოთარაანთ ქვრივის“ მაგალითზე. წარმოვადგინე რუსულ ენაზე დაწერილი ჩემი საკუთარი მოთხრობა „ახალგაზრდა მეკობრე“, რომელიც 14 წლის ასაკში დავწერე. შევეხე რასიზმის პრობლემას და, ზოგადად, ძალადობის პრობლემას. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში, გენდერული თანასწორობა არ არსებობს — ჯერჯერობით, კაცები დომინირებენ ქალებზე. გადავწყვიტე ეს საკითხი და რასიზმის გლობალური პრობლემა წარმომედგინა ჩემს მოთხრობაში. „ახალგაზრდა მეკობრე“ ინგლისურ ენაზეც ვთარგმნე და საკონფერენციოდ გამოვიტანე. კიდევ წარმოდგენილი მქონდა ნაშრომი ბიოლოგიაში. ნარკომანია უდიდესი პრობლემაა მთელ მსოფლიოში და საქართვველოშიც. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. უნდა ვეცადოთ მდგომარეობა გამოვასწოროთ. როდესაც ეს პრობლემა ვიკვლიე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ძალიან ეფექტური იქნება თვითონ ნარკომანებმა რომ მოუწოდონ ბავშვებს, არ მიიღონ ნარკოტიკი და უთხრან, რომ ეს უდიდესი შეცდომაა.“ — გვითხრა თამუნამ. კონფერენციის დასკვნითი ტურის მონაწილე უფროსკლასელთა შორის ყველაზე მეტი ხჳ1 კლასიდან იყო წარმოდგენილი. პირველ ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი და „დირექტორის სიმპატია“ — თამუნა ცერცვაძეც ამ კლასის მოსწავლეა. თამარ ქუთათელაძე, ხჳ1 კლასის დამრიგებელი, ქართული ენის პედაგოგი: „მიმაჩნია, რომ საკონფერენციო ტიპის მუშაობა სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. თემა, რომელიც საკონფერენციოდ გამოვიტანე — სიტყვისა და საქმის შეფასება ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში — მანამდე კლასში დავამუშავეთ. დამუშავდა ხუთი თემა, რომელთაგან საუკეთესო წარმოდგენილი იყო დღევანდელ კონფერენციაზე. მიმაჩნია, რომ ჩვენი თემის პრობლემატიკა დღესაც აქტუალურია, ძალიან დიდი აცდენაა სიტყვასა და საქმეს შორის. მოსწავლეს, რომელმაც ჩემს საგანში გაიმარჯვა — თამუნა ცერცვაძეს — ძალიან ფართო აზროვნება აქვს და გონიერი გოგონაა. თავისთავად ის, რომ სკოლაში კონფერენცია ტარდება, სწორია. მოსწავლე სკოლაში, ცოდნის მიღებასთან ერთად, კვლევითი საქმიანობის წარმოების უნარ-ჩვევასაც უნდა იძენდეს. ჩვენს სკოლაში მსგავსი საქმიანობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.“
|