2014-09-18 ტრენინგსისტემიდან უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციის დანერგვაზე წლევანდელი სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბევრი სიახლით იწყება. ბუნებრივია, „სასურველი“ სიახლეები სასკოლო ცხოვრებაში ძალიან დიდი სტიმულია როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. თუმცა, არის სიახლეები, რომელიც პედაგოგების მხრიდან რთულად და საშიშადაც კი აღიქმება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე არსებობს „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის “ სისტემის ჩარჩო. ამ სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემის“ მარეგულირებელი დოკუმენტი არ წარმოადგენს გასაიდუმლოებულ დოკუმენტს — მის განხილვას უამრავი შეხვედრა დაეთმო — მაინც გაისმის პედაგოგების მხრიდან უკმაყოფილება, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ. ეს კი წინაპირობაა სწორედ იმ მითქმა-მოთქმისა, რომ მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს პედაგოგებისთვის. ყველა მასწავლებელს აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.
— რატომ გახდა აუცილებელი არსებული მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოდიფიცირება? — ამ კითხვით ვიწყებთ საუბარს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის კოორდინატორთან კახა ჟღენტთან. — სასერტიფიკაციო გამოცდით ხდება მხოლოდ თეორიული ცოდნის შემოწმება საგნობრივი და პროფესიული უნარების მიმართულებით. თუმცა, სერტიფიკატის აღება არ ნიშნავს, რომ პედაგოგი თავის ცოდნას საგაკვეთილო პროცესშიც წარმატებით იყენებს. არ ვიცით, რა ხდება კლასში. სამწუხაროდ, არ არსებობდა შიდა სასკოლო მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა. პედაგოგების საქმიანობის შედეგების შეფასება მიმდინარეობდა საერთაშორისო კვლევებით, ეროვნული და CAT-ის გამოცდებზე მოსწავლეების შედეგებით. ხოლო კითხვა: როგორია გაკვეთილის პროცესი, როგორი კომუნიკაცია აქვს პედაგოგს ბავშვებთან და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტი ღიად გვრჩებოდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სტანდარტის მოდიფიცირება. არსებითად შეიცვალა მისი ფორმა და არა შინაარსი, ის მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებისათვის უფრო მოხერხებული გახდა. სტადნდარტი დამტკიცდა 2014 წლის აპრილში, სადაც განისაზღვრა პროფესიული განვითარების 4 საფეხური: პირველი — „პრაქტიკოსი“ პედაგოგი; მეორე — „წარჩინებული“ პედაგოგი; მესამე „მკვლევარი“ და მეოთხე — „მენტორი“. ალბათ დაგაინტერესებთ, დამწყებ პედაგოგსაც იგივე მოეთხოვება, რაც 5 წლის სტაჟის მქონეს? აქამდე სწორედ ასე იყო და პედაგოგებიც ფიქრობდნენ, რომ ყველას თანაბრად მოეთხოვებოდა ყველაფერი, რაც სტანდარტში იყო გაწერილი, სტანდარტი „მიუღწეველი“ ოცნება გახდა. შეიქმნა მითი, თითქოს სტანდარტი იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა და მოწყვეტილი იყო პრაქტიკისგან. მოხდა მასწავლებლების გაუცხოება სტანდარტში მოცემული ორიენტირებისგან. ახალი სტანდარტი ადგენს, რომ ეს თეორიული ცოდნა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული პრაქტიკაში. თუმცა, აქვე, სტანდარტში მკაფიოდ ჩანს მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა, რა განსხვავებაა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს შორის, როგორ და რა საშუალებებით მიიღწევა წარმატება კარიერაში.
— სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას, რომელთაგან ყველაზე დაბალია პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო ყველაზე მაღალია მენტორი მასწავლებელი. რითი განსხვავდებიან ამა თუ იმ კატეგორიაში მოხვედრილი პედაგოგები ერთმანეთისგან? — მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიები გამოყოფილია კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით. ყოველი საკვალიფიკაციო კატეგორიის მინიჭება — (ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი; ბ) წარჩინებული მასწავლებელი; გ) მკვლევარი მასწავლებელი; დ) მენტორი მასწავლებელი) — დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით. ყოველი მომდევნო საკვალიფიკაციო კატეგორიის მასწავლებელი სრულად უნდა ფლობდეს წინა საკვალიფიკაციო კატეგორიის კომპეტენციებს. პრაქტიკოსი პედაგოგი — ეს არის პედაგოგი, რომელსაც აქვს თეორიული ცოდნა პროფესიულ უნარებსა და საგანში, რომლის საფუძველზეც ის კლასში სასწავლო პროცესს ახორციელებს. შემდეგი ეტაპი, ანუ წარჩინებული პედაგოგი, არის კატეგორია, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ყველა მოსწავლესთან, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეუძლია დაეხმაროს წარმატების მიღწევაში. მესამე — მკვლევარი პედაგოგი, რომლებიც გაკვეთილს ატარებს საკუთარი პრაქტიკული კვლევების, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სიღრმისეული რეფლექსიის საფუძველზე. ყველაზე მაღალი საფეხური კი მენტორი პედაგოგია, რომელიც თავისი პრაქტიკული კვლევებით, ანალიზით, გაკვეთილების ჩატარების სტილით, და მიღწეული შედეგებით ავტორიტეტია და მისი გზა სამაგალითოა დამწყები პედაგოგებისთვის, მას გააჩნია ლიდერის ფუნქციები და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს სკოლის განვითარების პროექტებზე. ახალი სქემის ფარგლებში, მასწავლებლისათვის მისანიჭებელ კატეგორიებს, სავარუდოთ ასეთი სახელწოდება ექნება: — პრაქტიკოსი მასწავლებელი (პრაქტიკოსის კომპეტენცია); — წამყვანი მასწავლებელი (წარჩინებულის კომპეტენცია); — უფროსი მასწავლებელი (მკვლევარის კომპეტენცია); — მენტორი მასწავლებელი (მენტორის კომპეტენცია). — ახალი სქემის მიხედვით, სერტიფიცირება — გამოცდა, როგორც მასწავლებლობის უფლების მოპოვების იურიდიული ფორმა, გაქრება. როგორ მოხდება პედაგოგის კატეგორიის განსაზღვრა და როგორ გადავლენ ისინი მომდევნო საფეხურზე? — მასწავლებელი თავად ირჩევს პროფესიული განვითარების გზას ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე. ასევე თავად გეგმავს იმ საკლასო და კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც გამოისახება კრედიტქულებში. აქტივობები შეფასდება წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმებით, რაც მასწავლებლებს გაეცნობათ შეფასების პროცესის დაწყებამდე. კარიერის თითოეულ საფეხურზე განსაზღვრული იქნება ამ დონის შესანარჩუნებელი და კარიერულ კიბეზე გადაადგილებისათვის აუციელებელი აქტივობები და შესაბამისი კრედიტქულები, რომელსაც შეიმუშავებს და დაამტკიცებს სახელმწიფო კომისია, სქემის ძირითადი დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ. მასწავლებელი შეფასდება საკვალიფიკაციო საფეხურის სტანდარტის შესაბამისად. შეფასება განხორციელდება სამ დონეზე: 1. თვითშეფასება; 2. სასკოლო შეფასება; 3. გარე შეფასება. თვითშეფასება განხორციელდება საკუთარი პრაქტიკის შესაფასებლად და დაედება საფუძვლად მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას; გაიზრდება სკოლის ჩართულობა პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებისა და მასწავლებლის საქმიანობის პროგრესის მიმართულებით; გაიზრდება სკოლის როლი საკუთარი მასწავლებლის შეფასების საკითხში, თუმცა დაინერგება ხარისხის მართვისა და შეფასების ცენტრალიზებული მექანიზმებიც. რაც შეეხება საგნობრივ გამოცდას, ის სავალდებულო დარჩება პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურიდან წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე გადასასვლელად.
— რის მიხედვით მოხდება კრედიტების დაგროვება? — შეიქმნება სახელმწიფო კომისია რომელიც განსაზღვრავს აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს და კრედიტქულების წონებს დაადგენს. აღნიშნული მოხდება მას შემდეგ, რაც შეჯერდება და დამტკიცდება პროფესიული განვითარებისა და შეფასების კომპონენტი. მასწავლებელს არ მოუწევს საკუთარი საგაკვეთილო პრაქტიკიდან მოწყვეტილი აქტივობების განხორციელება და კრედიტქულების დასაგროვებლად დამატებითი საქმიანობა. მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს ის, რასაც ის პრაქტიკაში ახორციელებს. კრედიტების კონკრეტულ, საბოლოო რაოდენობას განსაზღვრავს სახელმწიფო კომისია.
— რამდენი წელი სჭირდება პრაქტიკოს პედაგოგს, რომ მენტორი გახდეს და შესაძლებელია თუ არა, რომელიმე კატეგორიიდან ჩამოქვეითება? პრაქტიკოს მასწავლებელს ეძლვა სამი წელი იმისთვის, რომ დააგროვოს შესაბამისი კრედიტქულა, წარჩინებულ მასწავლებელს ეძლევა 4 წელიწადი, მკვლევარ მასწავლებელს — 5 წელიწადი. ასევე, იარსებებს დაჩქარებული გავლის შესაძლებლობა — ყველა კატეგორიის მასწავლებელს შეუძლია 2 წელიწადში თავად დააყენოს საკითხი შეფასების შესახებ, თუ მიაჩნია, რომ ის უკვე მზად არის. კატეგორიის შენარჩუნებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ შემდეგზე, რა არის ამ სისტემის მიზანი? სწავლა/სწავლების ხარისხის განვითარება, რისი საფუძველიც არის მასწავლებლის მუდმივი პროფესიული განვითარება. დააკვირდით შესაფასებელ აქტივობებს, მათი უმეტესობა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის სავალდებულო აქტივობებია. ვინ არის საკვანძო შემფასებელი? სკოლა! თუ სკოლის, კოლეგების და დირექციის შეფასება აფიქსირებს, რომ მასწავლებელი მინიმალურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს ხარისხიანად და თუ ამას გარე შეფასებაც ადასტურებს, რა თქმა უნდა, მასწავლებელი კარგავს კატეგორიას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ნიშნავს — „მასწავლებელს ეძლევა 3 წელი, 4 ან 5 წელი“. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი ჩართულია პროფესიული განვითარების უწყვეტ პროცესში. თუ, ვთქვათ, სამწლიანი პერიოდის საწყის ეტაპზე, დაკვირვება გაკვეთილზე გამოავლენს პრობლემებს მასწავლებლის საქმიანობაში, მას ეძლევა განმავითარებელი შეფასება და გაეწევა დახმარება, სრულყოს საკუთარი საქმიანობა. თუ მასწავლებელი იმუშავებს თავის თავზე, ის უპრობლემოდ დააგროვებს მინიმალურ კრედიტებს, მაგრამ თუ დახმარების მიუხედავად, ჩვენი კოლეგა ვერ ახერხებს პროფესიული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას, ის ვერ შეინარჩუნებს კატეგორიას. ვფიქრობ ეს სამართლიანია, პირველ რიგში, მოსწავლეების მომავალზე ზრუნვიდან გამომდინარე.
— ბუნებრივია, მასწავლებლებს ძალიან აინტერესებთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი მათ ხელფასებზე, როგორ მოხდება ანაზღაურების გადანაწილება? — 9 მაისს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საკითხებს“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. წლის ბოლოსთვის ჩვენ უკვე კონკრეტულად გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015, 2016 და 2017 წლებში. დიდწილად ეს ზრდა დაუკავშირდება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და შეფასებას.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|