2014-05-29 მომავლის ბაღი თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური თავისი ბუნებით ლალი ჯელაძე
„ადრეულ ასაკში სწავლის დაწყება ხელს უწყობს სწავლას მომავალში, ხოლო ადრეული წარმატებები იწვევს წარმატებას მომავალში ისევე, როგორც ადრეული მარცხი იწვევს მარცხს მომავალში. წარმატება ან მარცხი ამ ეტაპზე საფუძველს უყრის წარმატებას ან მარცხს სკოლაში, რაც, თავის მხრივ, იწვევს წარმატებას ან მარცხს სკოლის შემდგომ სწავლის პროცესში“.
ჯეიმს ჯ. ჰეკმანი
2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკურ მეცნიერებებში
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ანუ საბავშვო ბაღი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ ბავშვის „დასატოვებელ“ ადგილად აღიქმება, რომელიც მშობლებისთვის გამოთავისუფლებული დროის საუკეთესო საშუალებაა — სოციალური დახმარების ფორმა მომუშავეთა ოჯახებისთვის ან მშობლებისთვის, რომელთაც, უბრალოდ, მეტი თავისუფალი დრო სჭირდებათ. ბუნებრივია, ბაღი ნაკლებად მოიაზრება სკოლამდელი აღზრდის ისეთ დაწესებულებად, სადაც ბავშვის განვითარებაზე, განათლებასა და სასკოლოდ მომზადებაზე იზრუნებენ. საქართველოში კომუნისტების დროინდელი საბავშვო ბაღების რეფორმირება, წლების განმავლობაში, არც თუ ისე პრიორიტეტული აღმოჩნდა ქვეყნისთვის, სკოლამდელი აღზრდის მიმართ სისტემური მიდგომა არ არსებობს. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ საქმე დაიძრა. რეფორმა ნელ-ნელა სტარტს იღებს, დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. რაც მთავარია, დღეს საქართველოში ყველა თანხმდება იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ადრეულ განვითარებას მის შემდგომ წარმატებაზე და არავინ სვამს კითხვას, რატომ უნდა იარონ ბავშვებმა ბაღში, უფრო აქტუალური გახდა ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე საუბარი. 2005 წელს სახელმწიფომ, დეცენტრალიზაციის პრინციპით, ბაღები განსაკარგად ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა. საბავშვო ბაღების მდგომარეობა და ხარისხი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებულია და მისი განვითარება კონკრეტული მუნიციპალიტეტების კეთილ ნებასა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, ამ პერიოდში, არაერთი ინიციატივა განხორციელდა სკოლამდელი განათლების მხარდასაჭერად. შეიქმნა მეთოდური სახელმძღვანელოები სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთა და სპეციალისტთა დასახმარებლად, ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი და ა.შ. შემუშავდა საბავშვო ბაღის აღმზრდელთა გადამზადების პროგრამა და შესაბამისად, გადამზადდა არაერთი აღმზრდელი.
2013 წლის დასაწყისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში, შეიქმნა სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო, რომლის მიზანია აღნიშნული სფეროს ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების ძიება. სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან და სკოლამდელი განათლების საკითხებით დაინტერესებულ სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
სამმართველო, ასევე, მუშაობს სკოლამდელი განათლების პოლიტიკის საკითხების განსაზღვრაზე და ამ სფეროს განვითარებისათვის მნიშნველოვან სხვა ასპექტებზე.
იუნისეფის წარმომადგენელი, განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე მიიჩნევს, რომ სწორედ „ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდა არის საფუძველი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს განათლების შემდგომი ეტაპი“. საქართველოში იუნისეფის ხელმძღვანელის, საშა გრაუმანის აზრით, ბავშვთა ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდა, ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა: „კვლევები, რომლებიც დღეს არსებობს, თუნდაც თავის ტვინის განვითარების შესახებ, ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც სკოლამდელ ასაკში აგროვებ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელ ცხოვრებაზე. ადრეული ბავშვობიდან იწყება მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის უთანასწორობა, ღარიბი ბავშვი დიდი ალბათობით ღარიბი მოზარდი იქნება. თუ მდიდარ ბავშვებს განვითარების სტიმულები სახლშიც აქვთ, ღარიბი ბავშვებისთვის სკოლამდელ აღზრდას, ამ კუთხით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში კი ღარიბი ბავშვების მხოლოდ 30 პროცენტი დადის ბაღში.“
მოკლე სტატისტიკით სურათი ასე გამოიყურება: 3-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვთა 46 პროცენტი დადის ბაღში, სოციალურად დაუცველი ბავშვების — მხოლოდ 30 პროცენტი. რატომ არ დაჰყავთ ბაღში ბავშვები? — ამის მიზეზად სოფლად მცხოვრები მშობლების 48 პროცენტი გეოგრაფიულ პირობებს ასახელებს, ქალაქში მცხოვრები მშობლების 53 პროცენტს კი მიაჩნია, რომ მათი ბავშვი ბაღისთვის პატარაა.
2010 წლის სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევამ აჩვენა, რომ ღარიბი ბავშვების 56% (60% — ბიჭები, 53% — გოგონები) ჩართულია რაიმე სახის ორგანიზებულ სასწავლო ან საგანმანათლებლო პროგრამაში. საბავშვო ბაღში არ დადიან სამი ძირითადი მიზეზის გამო: საბავშვო ბაღის არარსებობა (34%), საფასურის გადახდის უუნარობა (21%) და ოჯახის რომელიმე წევრის მიერ ბავშვის მოვლა (16%).
რატომ არ დადიან ბავშვები ბაღში? რა პრობლემებია სკოლამდელი განათლების მიმართულებით საქართველოში და რა კეთდება მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობისთვის? — ამ თემებზე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბის და ჟურნალ „ლიბერალის“ ერთობლივი პროექტის — „დისკუსიები ბავშვთა უფლებების თემაზე“ — ფარგლებში გაიმართა დისკუსია, მოდერატორი — ნანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი; მომხსენებლები: ნათია ჯოხაძე — ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო); გიორგი მესხიძე — „კივიტას გეორგიკას“ დირექტორი; ემილ ვაგას ბარონი — იუნისეფის საერთაშორისო ექსპერტი.
ნათია ჯოხაძემ ისაუბრა სახელმწიფო პოლტიკაზე, სკოლამდელი განათლების მიმართულებით: „აქ შეკრებილებს კარგად გვესმის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ადრეული განვითარებისა და ადრეული განათლების საკითხებს ადამიანის ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური კომპეტენციების ფორმირებაში. ერთი პერიოდი სკოლამდელი განათლების კურატორი გახლდათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თუმცა, შემდგომ, როდესაც დაიწყო რეფორმირება, სკოლამდელი განათლების სექტორი სამართავად ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა. ჩვენი შეფასებით, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობის გადაცემას თან არ მიჰყვა გაწერილი ხედვა, სტრატეგია და, შესაბამისად, ის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის დაწესებულებებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში და დღევანდელი ვითარებაც ისეთია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა-მენეჯმენტი ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციაა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ერთ-ერთი სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებით არ ევალებოდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში მოღვაწეობა, ბევრი რამ გაკეთდა. გამოიცა ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, რომლებიც ელექტრონულადაც ხელმისაწვდომია, ეს არის: ადრეული განვითარებისა და განათლების სტანდარტები, მასწავლებელთა ხელშეწყობის გზამკვლევი, სასკოლო მზაობის შეფასების ფორმა, სასკოლო მზაობის ანგარიში, მშობლის აქტივობების კრებული, ამ დაწესებულების მოვლა-პატრონობის სახელმძღვანელო და ა.შ. 2012 წლის დეკემბერში სამინისტროში შეიქმნა სამმართველო და დებულებაში გაიწერა სკოლამდელი განათლების სექტორში სამინისტროს როლი და ფუნქციები. თუმცა, მართვის თვალსაზრისით, ცხადია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავ არ არის საბავშვო სააღმზრდელო დაწესებულებების მენეჯმენტის განმახორციელებელი, ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი და პრეროგატივაა. მაგრამ საგანმანათლებლო კომპონენტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებით განსაზღვრული ფუნქციებით, ვამზადებთ სასწავლო პროგრამებს, მეთოდიკას, კონსულტაციას ვუწევთ ადგილობრივ ხელისუფლებას იმისთვის, რომ შეიმუშაონ სკოლამდელი განათლების სტრატეგიები და რეალურად განახორციელონ ადგილზე.
ამჟამად ვმუშაობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვასა და სტრატეგიულ დოკუმენტზე. სამინისტროს გააზრებული აქვს, რომ სკოლამდელი განათლების სექტორი, ზოგადად, განათლების დიდი და მრავალი სექტორული დარგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, სტრატეგიულ დოკუმენტში აუცილებლად აისახება განათლების სამინისტროს ხედვა სკოლამდელი განათლების სექტორის მიმართულებით.
ამასთანავე, ვიცით, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, შემდეგ წელს, 6-წლიანი ბავშვები შევლენ პირველ კლასში (წელს გარდამავალი წელია), შესაბამისად, გვეყოლება 5 წლის ბავშვების საკმაო რაოდენობა, რომლებსაც, ცხადია, სჭირდებათ მხარდაჭერა. სასკოლო მზაობის მიმართულებით მთელმა რიგმა კვლევებმა აჩვენა, როდესაც ბავშვი, რომელიც არ არის მომზადებული — არ აქვს განვითარებული გარკვეული უნარები, შედის სკოლაში, სიძნელეებს აწყდება სხვადასხვა მიმართულებით — სოციალური კომპეტენციების, ემოციური თუ აკადემიური მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობთ, შეიქმნას სასკოლო მზაობის წინარე ერთწლიანი კურიკულუმი — დამხმარე მასალით — მასწავლებლის გზამკვლევი, დანერგვის ჩარჩო. შესაბამისად, გვსურს, 2014 წელს 5 წლის ბავშვებს შევთავაზოთ, სხვადასხვა მოდელების მიხედვით გაიარონ ეს სასწავლო პროგრამა. ამ მიმართულებით პარტნიორობას გვიწევს გაეროს ბავშვთა ფონდი, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. კურიკულუმის შექმნის პროცესში ჩართულები არიან ის ადამიანები, რომელთაც საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილება დაუგროვდათ. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სკოლამდელი კომპონენტის ამუშავება საქართველოში. ვიცით, რომ ამ დაწესებულებებს რთულ გარემოში უწევთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მომზადებულია ადრეული განვითარების სტანდარტი და საგანმანათლებლო პროგრამა, ისინი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, არ არის სავალდებულო. შესაბამისად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად იხელმძღვანელებენ ამ პროგრამით.
აღნიშნული მასალები ყველა მუნიციპალიტეტსა და საბავშვო ბაღშია გავრცელებული. კარგი შედეგები გვაქვს ბათუმში, იქ არსებული ბაღების თითქმის უმეტესობა, სწორედ ამ ადრეული განვითარების სტანდარტით სარგებლობს. ცხადია, სკოლამდელი განათლების სექტორის რეფორმირების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამდელი განათლება არ იყო სავალდებულო, შესაბამისად, არც ხელმისაწვდომობა იყო ისე მაღალი — პირველ რიგში, ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამო. მეორე მხრივ, მხოლოდ ხელმისაწვდომობა არ არის მთავარი იმისთვის, რომ ამა თუ იმ სექტორის წარმატებაზე ვისაუბროთ. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. თქვენც კარგად იცით, რომ ხარისხის მიმართულებით სახელმწიფოს ჯერჯერობით რეფორმები არ განუხორციელებია. ყველაზე დიდი ძალისხმევა ყოველთვის ზოგადი განათლებისკენ იყო მიმართული, ასევე — პროფესიული და უმაღლესი განათლებისკენ, სკოლამდელი განათლების მიმართულებით კი რეფორმა არ განხორციელებულა. ამიტომ ვართ მოწადინებულები, ამ სექტორს მივხედოთ. არსებობს უამრავი საერთაშორისო გამოცდილება, უნდა ავირჩიოთ საუკეთესო, თუმცა აუცილებლად გავითვალისწინოთ ადგილობრივი რეალობა, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. სურვილი გვაქვს, ხელმისაწვდომი გავხადოთ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, შევცვალოთ ბაღის აღმზრდელის სტატუსი და მივანიჭოთ მასწავლებლის კვალიფიკაცია, ამაზე სამინისტრო უკვე მუშაობს. შესაბამისად, მათ სათანადო გადამზადება სჭირდებათ. სამინისტრო მალე წარადგენს სტრატეგიას, რომლის დიდი ნაწილი სკოლამდელი განათლების სექტორს ექნება დათმობილი, შემდეგ უკვე შეგვეძლება ახალ ფორმატში განვაახლოთ დისკუსია.“
გიორგი მესხიძე: „საბავშვო ბაღი წარმოგვიდგენია, როგორც მშობლის დამხმარე ინსტიტუცია — მას რომ დრო გამოუთავისუფლდეს, რათა შეძლოს ეს დრო სამუშაოს ან საკუთარ თავს მოახმაროს. შესაბამისად, ნაკლები ყურადღება ექცევა როგორც მშობლის, ისე თვითმმართველობის მხრიდანაც იმას, რომ საბავშვო ბაღის საქმიანობა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იყოს აწყობილი. სწორედ ამიტომ, ხშირად ხელმისაწვდომობა ფარავს ხარისხს. მშობელს, რომელიც, ვთქვათ, 61-ე ბავშვად მიიყვანს შვილს, ცხადია, არ აღელვებს ის, თუ რას ისწავლის მისი შვილი ბაღში, უფრო მეტად ის აღელვებს, რამდენი თავისუფალი დრო ექნება. ეს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი — წამყვანი პრობლემაა. არადა, ხარისხზე მოთხოვნა, პირველ რიგში, მშობლისგან უნდა მოდიოდეს. კვლევა, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ 2012 წელს ჩაატარა, აჩვენებს, რომ სახლში წიგნების არსებობასა და მოტორიკის უნარების განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. ასევე, პირდაპირი კავშირია, მშობლების განათლებასა და საბავშვო ბაღში სწავლების ხარისხს შორის. მშობელს, რომლის განათლების დონე მაღალია, აინტერესებს არა მხოლოდ ის, რა არის მენიუში, არამედ რას სწავლობს მისი შვილი საბავშვო ბაღში. შესაბამისად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მშობლებთან მუშაობა. ყურადსაღებია, ასევე, აღმზრდელის სტატუსის შეცვლა, რაზეც მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დაიწყო. აუცილებელია აღმზრდელს მასწავლებლის სტატუსი მივანიჭოთ. არ შეიძლება აღმზრდელს ჰქონდეს 105 ლარი ხელფასი და დღეში 8 საათი 60 ბავშვთან მუშაობდეს.
უკეთესი საბავშვო ბაღი, სადაც ყველას მოუნდება სიარული, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება, თუ, პირველ რიგში, მოვითხოვთ ასეთი ბაღების არსებობას და, რაც მთავარია, გვეცოდინება, როგორი უნდა იყოს ის, ერთი აუცილებელი პირობით — მხოლოდ ბავშვზე ორიენტირებული. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა ძალისხმევა ჩაიდოს არასამთავრობო სექტორიდან, დონორებისგან თუ სამინისტროსგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არასაკმარისი.“
ემილი ვაგას ბარონმა, იუნისეფის საერთაშორისო ექსპერტმა ისაუბრა სკოლამდელი განათლების შესახებ კანონზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მზადდება: „დიდი მადლობა, ასეთ საინტერესო შეხვედრაზე რომ მომიწვიეთ. ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებთან მუშაობა. საქართველოში საკმაოდ ამაღლდა დაინტერესება სკოლამდელი განათლების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისათვის. აღფთოვანებული ვარ იმ ინტერესითა და ყურადღებით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იჩენს სკოლამდელი განათლების სექტორისადმი და რაოდენ დიდ რესურსს დებს ამაში. ძალიან აქტიურად მუშაობს იუნისეფი და მინდა ხაზი გავუსვა ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველოს“, რომელიც დაკავებულია აგრეთვე ამ საკითხებით. ყველა ეს ორგანიზაცია ხელიხელჩაკიდებული იღვწის და შრომობს, რომ მიაღწიოს ხარისხის ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას ამ დარგში.
ვეცნობი საქართველოში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებს, ვნახე ძალიან ბევრი დედა თუ მამა, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ სფეროთი. ისინი მოითხოვენ, რომ სკოლამდელი განათლების ხარისხი უფრო მაღალი იყოს. აგრეთვე, შევხვდი სკოლამდელი დაწესებულებების შესანიშნავ აღმზრდელებს, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რომ თავიანთი გამოცდილება და ენერგია მოახმარონ ამ საქმეს, მაგრამ ნათელია, რომ მათ სჭირდებათ მასწავლებლის სტატუსი, რადგან იმავე ტიპის მუშაობას ეწევიან, როგორც დანარჩენი მასწავლებლები. თუმცა, ისიც თვალში საცემია, რომ ბევრ მათგანს არ გააჩნია მომზადების ის ხარისხი, რომელიც დღეს სკოლამდელი ბავშვის აღზრდას სჭირდება. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ, პირველ რიგში, ეს ადამიანები დარწმუნდნენ, რომ საჭიროა აიმაღლონ კავალიფიკაცია და ჩაერთონ რეფორმაში, კარგად გააცნობიერონ პრინციპები, რომელსაც დღევანდელი სკოლადელი აღზდის კონცეფცია ეყრდნობა. შევხვდი აგრეთვე უამრავ გულანთებულ პარლამენტარს, რომლებსაც დიდი ძალისხმევა აქვთ გაღებული საკითხის განვითარების საქმეში. სწორედ მათი ინიციატივით მუშავდება ახალი კანონპროექტი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი იუნისეფთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება. კანონპროექტს მხარს უჭერენ პარლამენტის კომიტეტები და განხილვა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. აუცილებელია, მთელი ეს ინფორმაცია გაუზიარონ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სფეროზე.
ეს პროცესი რამდენიმე დაინტერესებული მხარის ინტენსიური ჩართულობით მიმდინარეობს. მთავრობა — განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით, არასამთავრობო სექტორი, რომლის თვალსაჩინო მაგალითია გიორგი მესხიძე, საქართველოს პარლამენტი და ა.შ. კანონპროექტის მომზადების პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი განათლების სტრატეგიაზე, რადგანაც კანონთან ერთად სტრატეგია და ხედვის დოკუმენტი უნდა იყოს ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ინპლიმენტაცია, ანუ დაინერგება ის დებულებები და ქმედებები, რომელიც გათვალისწინებული იქნება კანონით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ყურადღება გადავიტანოთ პედაგოგების თუ აღმზრდელების მომზადების ხარისხზე. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა სატრენინგო და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ასევე აუცილებელია ახალი სასწავლო გეგმების შემუშავება, რომელსაც დღეს კურიკულუმს ვეძახით, რომლის მომზადებაში აქტიურადაა ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იუნისეფი. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, ჩვენს მომავალზე და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კრიტერიუმების შემუშავებას, რომელიც სკოლამდელ პერიოდში ბავშვების განათლების შეფასების საშუალებას მოგვცემს. აგრეთვე გავიგებთ, როგორ მიესადაგება მასწავლებლების ცოდნა და მომზადება იმ კრიტერიუმებსა და სტრატეგიას, რომელიც გაწერილი იქნება სახელმწიფო დოკუმენტში.
გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, მნიშვნელოვანი იქნება, შეიქმნას თანასწორობის პრინციპით აგებული სისტემა, სამართლიანი იმ კუთხით, რომ ხელმისაწვდომი იქნება განურჩევლად ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლამდელი განათლების მიღება არა მხოლოდ შეძლებული ოჯახების შვილებმა შეძლონ, არამედ განურჩევლად ყველამ, მათ შორის მოწყვლადი ოჯახების შვილებმა, ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ ენის ბარიერი ან გარკვეული შეზღუდულობის პრობლემები, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჩვენი სისტემა უნდა იყოს თანაბარუფლებიანი, სამართლიანი და ინკულზიური თავისი ბუნებით. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც, ერთი მხრივ, გაცილებით ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია — შევქმნათ ისეთი საშუალებები, რომლითაც მონიტორინგს გავუწევთ და გავაკონტროლებთ სკოლამდელი აღზრდის მიმდინარეობის მთელ პროცესს და შევიმუშავებთ შესაბამის კრიტერიუმებს.
ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ როგორც პერსონალის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის სრულ ჩართულობას, მათ შორის, მშობლების, საზოგადოების, თემის. ისინი ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები მონიტორინგის შედეგების შესახებ და, რასაკვირველია, აუცილებელია სრული მასშტაბით ანგარიშგებადობა, ამ დაწესებულებების მხრიდან, საზოგადოების წინაშე. ყველაფერი ეს ერთ პროცესად უნდა გაერთიანდეს, რომ საბოლოო ჯამში ის შედეგი მივიღოთ, რაც გვსურს, ანუ თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ბავშვს, საკუთარი პოტენციალის მიხედვით განვითარდნენ და, მათი უნარ-ჩვევების მისხალიც კი არ დაიკარგოს, რადგან საბოლოოდ ეს ქვეყნის მომავალს წაადგება“.
დისკუსიის მსვლელობისას დაისვა კითხვები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა რამდენიმეზე — როგორ გამოიყურება მომავალში სკოლამდელი განათლების სრული სურათი? როგორ წარმოუდგენია სახელმწიფოს ან იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, მომავალი სკოლამდელი განათლება — სად არის რესურსი, ვინ მართავს, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ ადგენს სტანდარტებს? როგორია ინსტიტუციური მოწყობა? გახდება თუ არა სკოლამდელი განათლება სავალდებულო?
ნათია ჯოხაძე: „სანამ არ ვიცით, რომელი ინსტიტუცია რა საკითხზე მუშაობს — ხარისხზე, მენეჯმენტზე, კონტროლზე, სტანდარტებზე და ა.შ. — ძალიან რთული იქნება შედეგებზე საუბარი. ცხადია, შემიძლია გითხრათ, როგორი გვსურს, რომ იყოს ეს სისტემა, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორი იქნება ზოგადი პროგნოზი. სკოლამდელი განათლება განათლების სხვა საფეხურებთან კავშირში უნდა განვიხილოთ — ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი — ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეცენტრალიზება. წარმოუდგენელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მართოს, მაგალითად, ოფუჩხეთის საბავშვო ბაღი და იქ შეარჩიოს კადრები ან განახორციელოს რაიმე ტიპის შესყიდვები. ვფიქრობ, ნამდვილად ადგილობრივი ხელისუფლების საქმეა მენეჯმენტი, იქნება ეს კადრების დანიშვნა, ბიუჯეტის განსაზღვრა, ინფრასტრუქტურული საქმიანობა თუ სხვ. ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს თავისი წილი კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების ამ მიმართულებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ცენტრალური ხელისუფლებიდან არ კურირებს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვა სამინისტროებიც არიან ჩართულები კომპეტენციების მიხედვით — რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა — ფინანსთა სამინისტრო. მიგვაჩნია, რომ სტანდარტები, შესაბამისი მიმართულებებით, ცენტრალიზებულად უნდა დადგინდეს. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სტანდარტი, შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ცენტრალიზებული უნდა იყოს, მაგრამ მისი შესყიდვა, ტენდერი და მომსახურების შესყიდვა, თავისთავად ცხადია, ადგილობრივი ხელისუფლების გასაკეთებელია. ასევე კვებისა და ჰიგიენის სტანდარტები, რა თქმა უნდა, ერთიანი უნდა იყოს მთელ ქვეყანაში, იგივე შეიძლება ითქვას განათლების სტანდარტებზე, კურიკულუმის სტანდარტებზე — შედეგი, რომელზეც უნდა გავიდეს ბავშვი ამ დაწესებულებაში, ცხადია, ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. მიდგომა პედაგოგების მიმართ ცენტრალიზებული უნდა იყოს და ყველა რეგიონზე უნდა ვრცელდებოდეს, ასევე, საკვალიფიკაციო ჩარჩო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს რეგულირებადი პროფესიები. მაგალითად, საჯარო სკოლის მასწავლებელი რეგულირებადი პროფესიაა, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კანონში არ შეიძლება შევიდეს ცვლილებები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ თუ ცვლილება მოხდება და აღმზრდელს მასწავლებელი დაერქმევა, ცხადია, ეს უნდა იყოს რეგულირებადი პროფესია. აქედან გამომდინარე, რეგულირებადი პროფესიების მიმართ მიდგომა ერთნაირი უნდა იყოს — მომზადების, მათი საქმიანობის მონიტორინგის, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. სერვისების მიმწოდებელი შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაცია იყოს.
ბუნებრივია, მნიშვნელოვანია კარგი კურიკულუმი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეალურად როგორ შესრულდება — თუ ის თითოეული ბავშვისთვის სწორად არ განხორციელდა, საუკეთესო კურიკულუმიც კი აზრს და ფასს კარგავს. სისტემური მიდგომაა საჭირო, აუცილებლია მასწავლებლის შესაბამისი მომზადება, თუმცა, ეს იოლი საქმე არ არის, წლები სჭირდება. იმისთვის, რომ კურიკულუმმა იმუშაოს, საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რესურსები, მასალები, მენეჯმენტის მომზადება. ერთია, როცა ვამზადებთ პედაგოგებს, მეორეა გავიგოთ რეალურად, თუ რა ხდება თითოეული საბავშვო ბაღის საკლასო ოთახში, როგორ გადასცემს მასწავლებელი მიღებულ ცოდნას და როგორ გაყავს ბავშვები კურიკულუმით გაწერილ შედეგებზე. ანალოგიური პრობლემა ზოგად განათლებაშიც გვაქვს, ცხადია, არაფერს ახალს არ ვამბობთ. ეს სისტემა ასე მუშაობს — დაგეგმვა, კურიკულუმი, მასწავლებლის და ადამიანური რესურსების მომზადება, ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, აქტიური მონიტორინგი და უკუგება, უკუკავშირი. ამ სისტემაში ცენტრალიზებული ეს უნდა იყოს და არა თანხები სამოქმედო მენეჯმენტზე, თანხა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა გადაეცემოდეს და მათი საშუალებით ნაწილდებოდეს შესაბამის ბაღებზე. ამაზეც საფიქრალი და სამუშაოა. ვფიქრობ, სკოლამდელი განათლების თემა ძალიან სერიოზული თემაა და დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
რაც შეეხება კითხვას — გადავა თუ არა სკოლამდელი განათლება სასურველიდან სავალდებულოზე? — პირველ რიგში, მთავარია ჩამოყალიბებული გვქონდეს სწორი ხედვა — ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სკოლამდელი განათლება ზოგადად ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მეორე — ნებისმიერი განათლება, განათლების ნებისმიერი რგოლი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, იმავდროულად, ხარისხიანი. სწორედ ხარისხიანი სკოლამდელი განათლებაა ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე — აუცილებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ამ სექტორის მართვის პრინციპები და, აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სამინისტრო აუდიტორიის წინაშე ძალიან მალე წარდგება ამ სტრატეგიით, რომელიც სადისკუსიო დოკუმენტი იქნება. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჰოლისტიკური მიდგომით ჩავერთოთ ნებისმიერ სექტორში, ანუ სექტორი უნდა იყოს ინკლუზიური ნებისმიერი ტიპის ბავშვისთვის, არა აქვს მნიშვნელობა არის თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე — სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ოჯახიდან, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. ამიტომ, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჰოლისტიკური მიდგომა დეტალურად უნდა იყოს განხილული, შესაძლოა არა კანონის დონეზე, არამედ კანონქვემდებარე აქტებით. სავალდებულო იქნება თუ არა? მოკლედ გეტყვით, რომ ძალიან გვინდა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სასკოლო მზაობის ერთი წელი მაინც იყოს სავალდებულო, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალდებულო გახდეს 2014 წლის სექტემბრიდან, მაგრამ ვიცით, რომ პრობლემები გვექნება ხელმისაწვდომობაში და ხარვეზები — ხარისხში. ამდენად, სავალდებულო მას შემდეგ შეიძლება გახდეს სექტორი, როცა ხელმისაწვდომობისა და ხარისხის პრობლემები მოგვარდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოვთხოვოთ მშობელს, რომ შვილი მიიყვანოს ბაღში. მანამდე კი, სჯობს სახელმწიფომ იმუშაოს ამ მიმართულებით და შემდეგ გადაწყვიტოს, იყოს თუ არა სავალდებულო სკოლამდელი განათლება.“
***
დისკუსიაზე ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი და ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემაც წამოიჭრა. გამოიკვეთა სკოლამდელი განვითარების უახლოესი გეგმა: საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მიდის მუშაობა სტრატეგიასა და ხედვაზე, რომელიც მას კონკრეტულ სახეს მისცემს; იგეგმება აღმზრდელებისა და პედაგოგების მომზადება, შეფასების ახალი მეთოდების დანერგვა. რაც მთავარია, პრინციპები, რომელიც მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას უდევს საფუძვლად, ეს არის: თანასწორობა, სამართლიანობა, ინკლუზიურობა, ანგარიშვალდებულება, ყველა სუბიექტის ჩართულობა და მონაწილეობა როგორც დაგეგმვის ეტაპზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ისე განხორციელებისა და შეფასების ეტაპზე. ეს ყველაფერი კი ძალიან დამაიმედებლად ჟღერს.
|