2014-05-29 სამუზეუმო საქმიანობის ახლებური ხედვა ლალი თვალაბეიშვილი
ორი წელია, რაც ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრი — მედიათეკა — გაიხსნა, პროექტის ხელმძღვანელია ზიზი თორთლაძე; კოორდინატორები — სოფიო ფანჩულიძე და გოდერძი შარაშია; პროექტის დამფინანსებელი — ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“; მხარდამჭერები: კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება, დირექტორი — გივი მელაძე; ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი — მარინე კოშაძე, ანა ბაისონაშვილი.
პროექტი „მედიათეკა“ მიზნად ისახავდა: მუზეუმის ცხოვრების გაცოცხლებას, მოსწავლე ახალგაზრდობის მოზიდვას, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მომავალში მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს; მუზეუმის დაახლოებას სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, ასევე ბაღებთან. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები, სპორტული შეჯიბრებები, ვორკშოპები, სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში — საქართველოს ისტორიულ ძეგლებზე გასვლითი ტურები; მულტიმედიური საშუალებების დახმარებით არაერთი კინოჩვენება გაიმართა. მედიათეკასთან არსებული არტკლუბი ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა.
პროექტის მიმდინარეობისას მედიათეკას ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ეწვია — მეცნიერები, მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სტუდენტები, სპორტსმენები და კიდევ ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ამ შეხვედრებმა მოსწავლეებში ახლის შეცნობის სურვილი გააჩინა და მათი თვალსაწიერი უფრო ფართე გახადა. ცნობილი ადამიანების გაცნობა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა პედაგოგებისთვის და უბრალოდ სოფლის მოსახლეობისთვის, რომლებიც მედიათეკის, შესაბამისად მუზეუმის, ხშირი სტუმრები გახდნენ.
24 მაისს, ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში „მედიათეკის“ ორწლიანი მუშაობის ამსახველი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე; გამომცემლობა „მერიდიანის“ დირექტორი კახა რუსიძე; კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გივი მელაძე; ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველოს“ წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი ანი ახალკაცი; ხოვლეს საჯარო სკოლის პედაგოგები; პროექტის მამოძრავებელი ძალა — ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხოვლელები.
ბატონმა კახა რუსიძემ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს გამომცემლობა „მერიდიანის“ მიერ, საგანგებოდ ამ დღისთვის, მომზადებული საჩუქარი გადასცა — მედიათეკის ორწლიანი საქმიანობის ამსახველი ბანერი, რომელიც მუზეუმში გამოიფინება. აქტიური მედიათეკელებისთვის დაამზადეს მაისურები მედიათეკის ლოგოთი.
პროექტის ხელმძღვანელმა, ზიზი თორთლაძემ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეაჯამა და ერთგვარი ანგარიში ჩააბარა იმ ადამიანებს, ვინც პროექტის განხორციელებას შეუწყო ხელი: „ორი წლის წინ, 2012 წლის ზამთარში, დაიწყო ჩვენი პროექტი. ზამთარი, მით უმეტეს სოფელში, ისეთი დროა, როცა ადამიანები უფრო პასიურები არიან. ამიტომ, პროექტის ზამთარში დაწყება, ვფიქრობ, ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იყო — რას შევძლებდით, რას გავაკეთებდით. დღეს უკვე შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ეს შევძელით. გონივრულად დაგეგმილი სამუშაოს შესრულება არასოდეს გაგიჭირდება, წარმატებით გაართმევ თავს, თუკი გრძნობ, რომ ამის გაკეთება მართლა შეგიძლია. პროექტის მთავარი მიზანი იყო ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის გაცოცხლება, ახლებური ფუნქციონირება. ამ მუზეუმს ძალიან კარგი თანამშრომლები ჰყავს, თავიანთ საქმეს ყოველთვის კარგად ასრულებდნენ, მაგრამ სამუზეუმო ცხოვრებას აკლდა ის რაღაც, რაც ნამდვილად გაეხარდებოდა იმ ადამიანს, ვის სახლ-მუზეუმშიც ვიმყოფებით — ივანე ჯავახიშვილს, დიდ საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის ერთ-ერთ თანადამაარსებელს, საქართველოზე შეყვარებულ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე ამ სიყვარულით დაასრულა — ახალგაზრდების სიახლოვე მუზეუმთან. დღეს ეს ტერიტორია სავსეა თქვენნაირი ადამიანებით.
მას შემდეგ, რაც მედიათეკა ამუშავდა, ორი წლის განმავლობაში, აქ ინტერნეტი არ გაწყვეტილა. მულტიმედიამაც, თქვენი დახმარებით, კარგად იმუშავა. პირველ წელს177 ბავშვმა კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები შეისწავლა, რაც დიდებული საქმე იყო. ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ შევძინეთ, მე თვითონ თქვენთან ურთიერთობისას ბევრი რამ ვისწავლე.
გვესტუმრა ბევრი წარმატებული ადამიანი, ოღონდ წარმატებას ბევრ ფულთან, ლამაზ მანქანასთან თუ სახლთან ნუ გააიგივებთ. თქვენ შეხვდით ჯუმბერ ლეჟავას, რომელსაც იმის საშუალებაც კი არ ჰქონდა, რომ გამოფენა მოეწყო და საზოგადოებისთვის წარედგინა ის უნიკალური მასალა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას დაუგროვდა. მიუხედავად ამისა, ბატონი ჯუმბერი ნამდვილად წარმატებული ადამიანია.
არ დამავიწყდება ის დღე, როცა პროექტით მივედი ფონდში „ღია საზოგადოება — საქართველო“ და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზოგადი მონახაზი გვქონდა, ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა ქეთევან ხუციშვილმა დაგვიჯერა და მოგვცა საშუალება, ორი წლის განმავლობაში ჩვენთვის სასიამოვნო და საინტერესო საქმით ვყოფილიყავით დაკავებული. შეიძლება მომავალში სხვებმა ბევრი რამ ჩვენზე უკეთესადაც გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით. ეს ბავშვები შეიძლება დღეს ვერც აცნობიერებენ, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში, მაგრამ გავა წლები და აქ შეძენილი გამოცდილება მათ დაეხმარება ახალ საზოგადოებაში, მოდერნიზებულ საზოგადოებაში საკუთარი თავის, საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. მე ამის ძალიან მჯერა.
უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის განხორციელებაში. მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენს შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო. მოდით, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ახალ საზოგადოებას ვაშენებთ.
ფილმი, რომელიც მედიათეკის მუშაობის ერთგვარი ანგარიშია, ცოტა სევდიანი გამოვიდა, ალბათ ეს ჩვენი საყვარელი მაგდა ბითაძის გარდაცვალებამაც განაპირობა. მან ჩვენი გულისტკივილი თან წაიღო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება.“
ანი ახალკაცი, პროექტის კოორდინატორი: „ჩემთვის ეს პროექტი განსხვავებული და საინტერესო იყო — თავიდან ქალბატონ ზიზის ჰქონდა ზოგადი იდეა და იცოდა მიზანი, რომლისთვისაც უნდა მიეღწია. აქტივობები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მუშაობა — შექმნილიყო მედიათეკა, სადაც იქნებოდა კომპიუტერი, ინტერნეტი, ბევრი წიგნი; სხვა უამრავი ღონისძიება, რომელიც პროექტის ფარგლებში მოეწყო, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მოტივაციის ზრდისთვის. ხშირად პროექტებში წინასწარ დეტალურად არის გაწერილი ერთი წლის გეგმა, რომელიც ახალგაზრდებისთვის შეიძლება საინტერესო არც იყოს. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები ძალიან მრავალფეროვანი იყო, სპორტული ღონისძიებებით დაწყებული და ფსიქოლოგიაზე და სოციალურ მეცნიერებებზე საუბრით დამთავრებული, ყველა ტიპის ღონისძიებას მოიცავდა. ასეთი სოფლისთვის, რომელშიც მოზარდებისთვის საინტერესო პრაქტიკულად არაფერი ხდება, მედიათეკამ თვალსაწიერის გაფართოების ძალიან დიდი შესაძლებლობა მისცა ბავშვებს.“
გივი მელაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი: „ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს არა მარტო აქ, არამედ ძალიან ბევრ რაიონში, ბევრ მუნიციპალიტეტში, ბევრ მუზეუმში. ვინც ადრე ყოფილა ხოვლეს მუზეუმში, ახლანდელს თუ შეადარებს, დღეს ეს თვისობრივად სხვა მუზეუმია. ძალიან დიდია ბავშვების აქტივობა, ჩვენი დაძახება აღარ სჭირდებათ, მათ რაიმეს კეთების მოთხოვნილება გაუჩნდათ. ალბათ ეს არის სწორედ ამ პროექტის ყველაზე დიდი უკუგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა — სახეზეა ბავშვების აქტივობა.
ძალიან კარგია, რომ არსებობს ფონდი, რომელმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთა. ერთი თხოვნა მექნება, ნუ შევწყვეტთ ამ პროექტს, გავაგრძელოთ და უფრო გავაფართოვოთ. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ზიზი თორთლაძეს და ქალბატონ სოფიო ფანჩულიძეს. ადამიანები ხომ იმისთვის ვარსებობთ, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ რამე.“
თეა ხორბალაძე, კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი: „სამწუხაროდ, ეს პროექტი დღეს დამთავრდა. მედიათეკის ღონისძიებას პირველად დავესწარი და მქონდა ბედნიერება, მენახა ვიდეოკოლაჟი და ფოტოკოლაჟი — ის, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გაკეთებულა. ორი წლის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს ის ცოდნა და გამოცდილება, რაც თავად ივანე ჯავახიშვილს და მის სახლ-მუზეუმს შეეფერებოდა. გამოჩენილ ადამიანებს შეხვდნენ და მათგან ბევრი რამ ისწავლეს. ამ ბავშვებისთვის ეს ერთგვარი ტრამპლინია მომავალი ცხოვრების, არა აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიას აირჩევენ, ნებისმიერ სფეროში უფრო ადვილად დაიმკვიდრებენ ადგილს. გამეხარდებოდა, ეს პროექტი არა მარტო აქ გაგრძელდეს, არამედ რაიონის სხვა სკოლების მიმართაც თუ გამოიჩენს ვინმე ყურადღებას და უფრო მეტი პროექტები ამუშავდება.
კასპის მუნიციპალიტეტის სახელით, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ავტორებს და ყველას, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა მის განხორციელებაში.“
ეკა მერებაშვილი, ხოვლეს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „უდიდესი მადლიერებით ვარ განმსჭვალული. ფილმს რომ ვუყურებდით, გამიკვირდა, რამდენი საინტერესო ღონისძიება გვინახავს, ყველა არც კი მახსოვდა. ჩვენს ბავშვებს ძალიან წაადგა ეს პროექტი და მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს. შესაშური ენერგეტიკა აქვთ ქალბატონ ზიზის და ქალბატონ სოფიოს. მათ ძალიან უყვართ ბავშვები და ჩვენი ბავშვებიც, ხედავთ, როგორი მადლიერებით არიან განმსჭვალულნი.
ერთ-ერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო წიგნის ბაზრობა. ქალბატონმა ზიზიმ ჩვენ მოგვცა ვაუჩერები და სრული თავისუფლება, თვითონ აგვერჩია სასურველი წიგნები (ბავშვებმა წინასწარ კომპიუტერით მოიძიეს წიგნები — რომელი უფრო გამოადგებოდათ). ეს საოცრად სასიამოვნო პროცესი იყო და, რაც მთავარია, შედეგზე აისახა — IX-XI კლასების მოსწავლეები კითხულობენ დოჩანაშვილს, ქარჩხაძეს, საუკეთესო ლიტერატურას და განხილვებს ვაწყობთ ხოლმე. პირადად მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს.“
ანა ბაისონაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი: „ძალიან მოხარულები ვართ, რომ პროექტმა, რომელსაც ქალბატონი ზიზი თორთლაძე ხელმძღვანელობს, პირველი მერცხლის როლი ითამაშა. მუზეუმმა ახლებური ცხოვრება დაიწყო. პროექტში ჩართული იყვნენ სკოლები, ბაღები და საერთოდ საზოგადოება. სოფელი გაერთიანდა ამ პროექტის გარშემო.
მედიათეკას ძალიან კარგი ბიბლიოთეკა აქვს, ოთახი აღჭურვილია კომპიუტერით, შემოყვანილია ინტერნეტი, არის ყველაფერი, რაც 21-ე საუკუნეში ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საინფორმაციო ცენტრი ჩვენს ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში და საჭირო ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება. ეს ყველაფერი ჩვენი სოფლისთვის ხელმიუწვდომელი იყო. პირველი ინტერნეტი სწორედ ამ პროექტის დახმარებით შემოვიდა სოფელში.
ძალიან დიდია მეზობელი სოფლების ჩართულობაც. დავდივართ გაცვლითი პროგრამებით მეზობელ სოფლებში, ვატარებთ სამეცნიერო სესიებს, ჩვენთვის ღიაა ნებისმიერი სივრცე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე ამ პროექტის არის ის, რომ ჩვენი მუზეუმი აღარ არის იმ მუზეუმთა სიაში, რომელიც მხოლოდ დამთვალიერებელს ელოდება. დღე არ გავა, რომ აქ 50-მდე ბავშვი არ შემოვიდეს, ასევე ხშირი სტუმრები გახდნენ უფროსებიც.
სიამაყით მინდა ვთქვა, ამ პროექტმა მოგვცა ბიძგი და შევქმენით „პროექტში პროექტი“ — „პატარა ქართველები“, რომელშიც V-VII კლასელები გაერთიანდნენ, ასევე უფროსკლასელთათვის — ახალგაზრდული წრე „ცოდნა“. ძალიან გვინდა, რომ პროექტი გაგრძელდეს. „პირველმა მერცხალმა“ დაუვიწყარი რამ გაუკეთა სოფელს. გვიხარია, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ამ პროექტის ნავსაყუდელი. სიახლემ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია რაიონში, მოდიან მუზეუმების წარმომადგენლები, კერძო სკოლების მასწავლებლები და მენეჯერები, ეცნობიან ახლებურ ხედვას და ანალოგიური აქტივობების განხორციელების სურვილს გამოთქვამენ.“
მარინა ლელაშვილი, ხოვლეს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: „ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი სწავლობს, თითქმის ყოველი მეორე. ამ ოჯახებისთვის ძალიან ძნელია თუნდაც ათი ლარის გაღება, რომ მათი ბავშვი სადმე წავიდეს, უმეტესად იმაზე ფიქრობენ, რა აჭამონ. ფიროსმანის ნახატების გამოფენაზე რომ გვყავდა ბავშვები, მართლაც უდიდესი საჩუქარი იყო. ასეთ გამოფენაზე, შეიძლება, ცხოვრებაში ვეღარც მოხვდნენ. ასევე ყველა ის ექსკურსია, სადაც დადიოდნენ, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები, ბავშვებისთვის კი არა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. თუნდაც ის დღე, რატი ამაღლობელი რომ ჩამოვიდა, ჩემთვის დღესაწაული იყო, იმდენად ახლო, უშუალო კონტაქტი გვქონდა მასთან.
სკოლიდან რომ დაგვიგეგმია ექსკურსიები, ნახევარი კლასი ვერ მოდის, კლასებს ვაერთებთ, რომ როგორმე საჭირო თანხა შეიკრიბოს. ამათ უმეტესად სწორედ ასეთი სოციალურად დაუცველი ბავშვები დაჰყავდათ. სოფლისთვის ეს ძალიან დიდი რამ არის — ჩვენი ბავშვები ბევრ რამეს ეზიარნენ. თუნდაც ინტერნეტი, დღევანდელ სახელმძღვანელოებში ხშირად შეხვდები მითითებას — მოიძიეთ ინტერნეტით. როგორ უნდა მოიძიონ, სოფელში 1-2 ოჯახს თუ აქვს ინტერნეტი. მოდიან მედიათეკაში და აქ მუშაობენ. უზომოდ მადლიერები ვართ, ასეთი კარგი პროექტი რომ გაკეთდა.“
ლევან ბაისონაშვილი,XI კლასი, მუზეუმთან არსებული მოზარდ ახალგაზრდული სამეცნიერო საბჭოს „ცოდნა“ თავმჯდომარე: „ორი წლის წინ, მუზეუმში, საგანმანათლებლო-საინფორმაციო პროექტის დაარსებამ დიდი დახმარება გაგვიწია. ინტერნეტ სივრცის მეშვეობით, ჩვენთვის ბევრი რამ გახდა ხელმისაწვდომი. ჩვენი საბჭოს წევრები, სადაც 19 უფროსკლასელია გაერთიანებული, აქტიურად ვმონაწილეობდით პროექტის საქმიანობაში, არაერთი ერთობლივი ღონისძიება მოგვიწყვია.
ძალიან მტკივნეულად გავიხსენებ ჩვენი აწ განსვენებული მეგობრის, მაგდა ბითაძისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც მისი ბოლო დაბადების დღე იყო. მალე მისი გარდაცვალების მეორმოცე დღე იქნება და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვამზადებთ.
მადლობას ვუხდი პროექტის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ბევრი ლამაზი დღესასწაული გვაჩუქეს — ქალბატონ ზიზი თორთლაძეს, ქალბატონ სოფიო ფანჩულიძეს და ჩემს მეგობარ გოდერძი შარაშიას.“
ეთერ ჯანანაშვილი, VII კლასი: „მას შემდეგ, რაც მედიათეკაში დავიწყე სიარული, უამრავი ახალი რამ გავიგე. ერთხელ ქალბატონმა ზიზიმ გვითხრა, რომ ჩვენთან ჩამოვიდოდა პოეტი რატი ამაღლობელი. ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე, მესწავლა მისი ერთ-ერთი ლექსი. ის ჩემი საყვარელი პოეტია. რატი ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა, გადავიღეთ სურათები. ძალიან მოეწონა, მისი ლექსები რომ წავუკითხეთ. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.“
ნაზი ხათაშვილი,VII კლასი: „მე-5 კლასში ვიყავი. ეკლესიაში მივდიოდი, ციოდა, შემხვდა მარი ჯავახიშვილი და მითხრა, მუზეუმში ღონისძიებაა, წამოდიო. წავყევი. იქ სხვა სკოლებიდანაც იყვნენ მოსულები. გავიცანით ქალბატონი ზიზი თორთლაძე და ბატონი გოდერძი შარაშია. მაშინ გავიგეთ, რომ მედიათეკა იხსნებოდა.
ამ ორი წლის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას ვესწრებოდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი, მაგალითად, ვისწავლე თექაზე მუშაობა, თიხის დამუშავება, ორიგამას გაკეთება და სხვ. მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები, მიხაროდა, რადგან, რაც მაინტერესებდა, ვეკითხებოდი. ვიგებდი ბევრ საინტერესო ამბავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბატონი ჯუმბერ ლეჟავა, ანსამბლი „ჩვენებურები“, ჯგუფი „ხრიდოლი“, მწერალი ნატო დავითაშვილი. სხვებიც მომეწონენ, მაგრამ ეს ოთხი შეხვედრა კარგად დამამახსოვრდა. მადლობელი ვარ მედიათეკის, რადგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და იმედი მაქვს, კიდევ ვისწავლი.“
მარიამ ყურაშვილი, VII კლასი: „მედიათეკამ უამრავი რამ შემმატა. დაუვიწყარი იყო ექსკურსია თბილისში, ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე. მუზეუმში ბევრი ცნობილი ნახატი ვნახეთ. როდესაც დავბრუნდი თითოეულ ცნობილ მხატვარზე და ნახატზე ინტერნეტით შევაგროვე ინფორმაცია, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.
მედიათეკაში ძალიან ბევრი წიგნია. ბავშვებს გვიყვარს კითხვა, მედიათეკა ამაში ხელს გვიწყობს.
ძალიან მიყვარს ხატვა, მედიათეკამ კიდევ უფრო შემაყვარა. აქ მოწვეულმა მხატვრებმა ხატვა შეგვასწავლეს და კიდევ უფრო შეგვაყვარეს. ვისწავლე თექის დამუშავება, ძალიან საინტერესო პროცესია. თექისგან მძივებს და სხვადასხვა ნივთებს ვამზადებთ. გვასწავლეს ორიგამას დამზადება, რაც ჩემთვის აღმოჩენა იყო. ორიგამაც ისევე საინტერესოა, როგორც თექა.
არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე გვესტუმრა. ძალიან საინტერესო ადამიანია და მასთან საუბარი სასიამოვნო იყო. წაგვიკითხა რამდენიმე მოთხრობა, გაგვახსენა რამდენიმე მწერალი და ბევრი საინტერესო რამ მოგვიყვა.
მედიათეკაში უამრავი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. წინასწარ კარგად ვემზადებოდით, ვკითხულობდით ბევრ საინტერესო წიგნს, ვეცნობოდით ათასგვარ ინფორმაციას. ძალიან ბევრი ცოდნა შევიძინე, ამისთვის მედიათეკის მადლობელი ვარ.“
***
პროექტის ყველაზე დიდი დამსახურება ალბათ ის არის, რომ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ხოვლელთა თავშეყრის საყვარელი ადგილი გახდა. მუზეუმს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მისი თანამშრომლებიც სამუზეუმო საქმიანობას ახლებურად უყურებენ და ბევრ საინტერესო პროექტსა თუ პროგრამას გეგმავენ.
|