2014-05-01 ორიენტირი — მხოლოდ შედეგი რუბრიკის სტუმარია თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ლალი კვინიხიძე
ბავშვის სამყაროს შეცნობის სურვილით გაკეთებული არჩევანი
მასწავლებლობა არასოდეს ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება, ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სკოლაში დავიწყებდი მუშაობას. თუმცა ძალიან მსურდა, ახლო ურთიერთობა მქონოდა ბავშვებთან. მინდოდა, ჩავწვდომოდი მათ სამყაროს, მეტი გამეგო მათ შესახებ. უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დროს დავრწმუნდი, რომ არა მხოლოდ ზოგადად ადამიანის, არამედ ბავშვის ფსიქოლოგია და მათი სამყარო ძალიან მაინტერესებდა. მივხდი, რომ ამის საშუალებას სკოლა მომცემდა. სწორედ მასწავლებლობით მივიღებდი იმას, რაც მაინტერესებდა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მასწავლებლობა. მუშაობის პროცესში კი დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
უკვე 14 წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ. თავიდან, 2 წელი, დამხმარე მასწავლებლად ვიმუშავე. ამ პერიოდში ახლოს გავეცანი სკოლაში მუშაობის სპეციფიკას. ამავდროულად, გავიარე მასწავლებლის გადამზადების სრული კურსი. 2002 წლიდან კი, დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ. დღეს მყავს საკუთარი სადამრიგებლო კლასი და მათთან ერთად სიამოვნებით ვმუშაობ. ისინი უკვე მე-3 კლასში არიან, ძალიან ალერსიანები, ლაღები და ცნობისმოყვარენი. სიამოვნებით მონაწილეობენ კლასგარეშე აქტივობებში — დავდივართ ექსკურსიებზე, ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს. გადაწყვეტილებებს, შეძლებისდაგვარად, ერთად ვიღებთ. ვცდილობ, საგნობრივი და ფაქტობრივი ცოდნა გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იყვნენ ჰუმანურები, კომუნიკაბელურები, კრეატიულები; გაუღრმავდეთ სამყაროს შეცნობის სურვილი, კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება. ვცდილობ, სწორი მიმართულება მივცე მათ პიროვნულ განვითარებას.
მეტი, ვიდრე პროფესია
მასწავლებლობა ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესია. მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ამ საქმიანობაში წარმოუდგენელია გულგრილობა,ზერელე დამოკიდებულება, რადგან საქმე გვაქვს ბავშვთან, როგორც ქვეყნის ჯანსაღ, ნათელ მომავალთან. მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს წარმატებულ პიროვნებად. მუშაობის პროცესი ნამდვილად არ არის მარტივი — გასათვალისწინებელია ბევრი რამ — ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით დაწყებული, ბავშვის ფსიქოემოციური ფაქტორებით დამთავრებული.
როგორ ავამაღლოთ მასწავლებლის მოტივაცია
იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მასწავლებლის მდგომარეობა, პირველ რიგში, საჭიროა მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, პოპულარიზება, სათანადო ანაზღაურება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შესაბამისი რესურსი.
რაც შეეხება პროფესიულ წინსვლას — პედაგოგის პროფესიული განვითარებაა, როდესაც მასწავლებელი იკვლევს თავის საჭიროებებს და, აქედან გამომდინარე, გეგმავს აქტივობებს, რამაც შედეგზე უნდა გაიყვანოს. მუშაობა ამ კუთხით უკვე დაწყებულია. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის პილოტირება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას სკოლის ბაზაზე, რაც ძალიან ხელსაყრელია პედაგოგებისთვის. პროცესი აქტუალური ხდება ახალი სასწავლო წლიდან.
ამ ეტაპზე, პედაგოგი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია განვითარდეს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად. ამის საშუალებას იძლევა კვალიფიციური ტრენერების არსებობა და ტრენინგ-მოდულები, რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. რიგ შემთხვევაში, შესაძლებელია დაიხვეწოს ამა თუ იმ ტრენინგის პროგრამა.
საკითხს სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ, კერძოდ: გამოთქვამს თუ არა მასწავლებლების უმრავლესობა სურვილს, ინტერესს ამ კუთხით. ვფიქრობ, თუ მასწავლებლის პროფესიონალიზმი მის ანაზღაურებასა და წახალისებაზე აისახება, მოტივაციაც ამაღლდება.
სერტიფიცირების ახალი სქემა
მისასალმებელია, რომ სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, შეიცვალა, მიიღო უფრო სრულყოფილი სახე, რომელშიც სექტემბრიდან ჩაერთვება ყველა მოქმედი მასწავლებელი. განისაზღვრება კატეგორიები და კატეგორიის მიხედვით განსხვავებული იქნება ანაზღაურებაც. სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლის არასრულყოფილი შეფასების ფორმა იყო. პედაგოგის პროფესიონალიზმის შესაფასებლად მარტო თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სქემა არ ითვალისწინებს ღვაწლმოსილი პედაგოგების მაღალ პროფესიონალიზმს და მათ მეოთხე კატეგორიას (პრაქტიკოსი) ანიჭებს; მკვლევარი მასწავლებლის სტატუსი (მეორე კატეგორია) მხოლოდ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე გამოცდილ პედაგოგებს მიენიჭებათ.
რას ნიშნავს იყო პროფესიონალი მასწავლებელი
პროფესიონალი მასწავლებელი უნდა ფლობდეს საგნის კომპეტენციებს და შესაბამის უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროცესის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა შეეძლოს. პროფესიონალია მასწავლებელი, რომელიც მუდმივად მზადაა სიახლეებისათვის, გამოირჩევა შემოქმედებითობით, ჰუმანურობით, აქვს თანამშრომლობის უნარი და, რაც მთავარია, მოსწავლე გაჰყავს შედეგზე.
რატომ უნდა აირჩიო მასწავლებლის პროფესია
მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც იძლევა საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, რეალიზების საშუალებას. ახალგაზრდამ, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, რომელსაც აქვს უნარი სხვისი გამოცდილების მიღებისა და გაზიარების, რომელსაც აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის განვითარებაში და მიიღოს უანგარო სიყვარული გაწეული შრომისათვის, ვინც მზადაა თავისი ენერგია და ძალისხმევა მოახმაროს ამ საქმიანობას, ნამდვილად უნდა აირჩიოს ეს მართლაც კეთილშობილური საქმე.
სამწუხაროდ, მასწავლებლობა ნაკლებად პრესტიჟული პროფესიაა. პედაგოგთა შრომა არ არის სათანადოდ დაფასებული. სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა დაისახოს ამ პროფესიის პოპულარიზაცია. ინტელექტუალმა ახალგაზრდამ სკოლაში პროფესიული ზრდის პერსპექტივა უნდა დაინახოს, რაც შემდგომში სათანადოდ იქნება დაფასებული და რაც აისახება ანაზღაურებაზე. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, ენერგიული, ინტერესიანი კადრების მოზიდვას, რაც, თავის მხრივ, სკოლის განვითარებაზეც დადებითად იმოქმედებს.
როგორ დავძლიოთ რეპეტიტორობა
ზოგადად რეპეტიტორობა სწავლა-სწავლების დაბალ ხარისხზე მეტყველებს, რაც, თავის მხრივ, ამ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ამის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, კომპლექსურად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, სკოლას უნდა დაუბრუნდეს ავტორიტეტი სწავლის ხარისხის ხარჯზე. თავის მხრივ, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა იზრუნოს ამ ყველაფერზე. მნიშვნელოვანია, ყველა პედაგოგი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის საქმიანობას და ორიენტირებული იყოს მხოლოდ შედეგზე. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის. უდავოა, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად მასწავლებლის ხელშეწყობაა საჭირო, რათა გაუმჯობესდეს მისი სამუშაო გარემო.
მასწავლებლისთვის აუცილებელი თვისება
ბავშვის უპირობო სიყვარული — აი, რა არის საჭირო, მასწავლებელი მისაღები რომ გახდეს მოსწავლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა მასწავლებელში დაინახოს მეგობარი და გულშემატკივარი.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|