2014-01-30 რეფორმირებული მანდატურის ინსტიტუტი და მანდატურების პროტესტი
ლალი ჯელაძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურის სამსახურის რეფორმირებას იწყებს — ამის შესახებ სამინისტრომ ოფიციალურად იანვრის დასაწყისში გაავრცელა ინოფორმაცია. მანამ კი საზოგადოება ინფორმირებული იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაქმნის შესახებ, სახელი შეეცვალა სკოლის მანდატურებსაც და მათ ბავშვთა დაცვის ოფიცრები დაერქვათ. გარკვეული ცვლილებები მოჰყვა მანდატურის — ბავშვთა დაცვის ოფიცრის ასაკობრივი ზღვრის დადგენასაც — თუ მანდატურად პირის დანიშვნა 20 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი, ბავშვთა დაცვის ოფიცრები 23 წლის ასაკიდან დაინიშნებიან.
ამ ყველაფერს „ზოგადი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
დაგეგმილი რეორგანიზაციისა და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მანდატურებისგან განსხვავებით, ბავშვთა დაცვის ოფიცრების ფუნქციები და უფლებამოსილება მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონტროლით, სკოლებში წესრიგის უზრუნველყოფით და სამართალდარღვევათა აღკვეთით არ შემოიფარგლება. მას ისეთი ფუნქციის შესრულება ემატება, როგორიცაა ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა (ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, პრევენცია და რესოციალიზაცია). მის ფუნქციაში შევა მოსწავლისათვის პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის დაგეგმვაში ხელშეწყობა, ასევე სამეცნიერო-კვლევითი (ფსიქოლოგიური ან სოციალური) საქმიანობის განხორციელება, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება და საექსპერტო დასკვნის გაცემა.
თავის მხრივ, იზრდება ბავშვთა დაცვის ოფიცრების უფლება-მოვალეობები და მათ ფუნქციებში დამატებით განისაზღვრება ფსიქოსოციალური პრობლემის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და, ამ დაკვირვების საფუძველზე, შუამდგომლობის გაწევა ასეთი მოსწავლის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის ფსიქოლოგებთან გადამისამართების თაობაზე. ასევე მათ ფუნქციას ემატება ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე პირების მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობა.
პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფსიქოსოციალური პრობლემის მქონე სუბიექტის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ამგვარი ინფორმაციის არასამსახურეობრივი მიზნით გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაისჯება.
კანონპროექტის გათვალისწინებით, ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურმა სამსახურმა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.
ამ ინფორმაციას ჩვენი გაზეთის მკითხველს კიდევ ერთხელ იმიტომ ვახსენებთ, რომ ამ დღეებში მანდატურების საპროტესტო აქციებმა, რომელიც „მანდატურის სამსახურის გაუქმების“ მცდარი ინფორმაციის გამო გაიმართა, ალბათ, საზოგადოება გაურკვევლობაში ჩააყენა, რადგანაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეფორმა, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება, თუკი მანდატურის სამსახური უქმდება. მანდატურებმა პროტესტი გამოაცხადეს — 29 იანვარს სკოლები სწავლას მანდატურების გარეშე აგრძელებდნენ. ამ განცხადებას სამინისტროს მხრიდან მყისიერად მოჰყვა რეაგირება — განმარტება, რომელიც იმავე საღამოს ელექტრონულად გავრცელდა:
მანდატურის სამსახური არ უქმდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგირიულად უარყოფს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანდატურის სამსახური უქმდება.
მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში. სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს. წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში. რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამ და შესაბამისად კანონპროექტი შევიდა პარლამენტში განსახილველად. რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა, აღნიშნული ცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა. მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება.
ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შეტყობინება სოციალური ქსელით (Skype) დაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას.
მიუხედავად ამ განმარტებისა, მანდატურებმა პროტესტი გეგმის მიხედვით გააგრძელეს და სამინისტროს წინ შეიკრიბნენ, ისინი მინისტრთან წეხვედრას მედიის თანდასწრებით ითხოვდნენ. „პირველი პროტესტის გამოცხადება მანდატურის სამსახურიდან იქნება ის, რომ ხვალიდან არ გამოვცხადდებით სკოლაში. შემდეგ შევიკრიბებით სამინისტროში, მოვიწვევთ ჟურნალისტებს და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ხდება რეალურად“ — განაცხადა ერთ-ერთმა მანდატურმა.
აქციის მონაწილეები მინისტრისგან კონკრეტულ განმარტებებს და გუშინ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ერთ-ერთი მანდატური საუბრისას განმარტავს, განცხადება, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა, მათთვის შერაცხმყოფელი იყო.
აქციის მონაწილეები მინისტრმა მანდატურის სამსახურის შენობაში შეხვედრაზე მიიწვია. მანდატურის სამსახურის გაუქმების შესახებ იფნორმაცია განათლებისა და მენციერების მინისტრმა პროვოკაციად აღიქვა და მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა: „მანდატურის სამსახურში რეფორმა მიმდინარეობს და დირექტორები ამ საკითხზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, აუცილებლად მოვახდენ იდენტიფიცირებას იმ ადამიანებისა, ვინც ამას პროვოცირება გაუკეთა. არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მანდატურის სამსახურის რეფორმა არაჩვეულებრივად განხორციელდა და მთელი წელია ამაზე ვსაუბრობთ. ტელეეთერები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, როგორ გარდაიქმნა სამსახური და რამდენად მოთხოვნადი გახდა. მანდატურის სამსახური ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.“
შეგახსენებთ, მანდატურის ინსტიტუტი დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში, 2009 წელს ამოქმედდა. მანდატურების პროტესტს ყოფილი მინისტრები გამოეხმაურნენ. დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ „მანდატურების მთლიანად სკოლებზე დაქვემდებარება ნიშნავს რეფორმის მთლიანად მოსპობას“. ხატია დეკანოიძემ კი მანდატურის სამსახურის გაუქმებით, სკოლებისთვის კატასტროფული შედეგები იწინასწარმეტყველა: „თუ ნამდვილად მივიდა განათლების სამინისტრო იმ დასკვნამდე, რომ გააუქმოს მანდატურის სამსახური, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი სკოლებისთვის, რადგანაც თითოეული ბავშვის უსაფრთხოება დიდი ქალაქების სკოლებში და არა მხოლოდ იქ, უმნიშვნელოვანესია როგორც მშობლებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის“.
საქართველოს პრეზიდენტმაც, გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი მინისტრის პოზიციიდან შეაფასა მანდატურის ინსტიტუტი: „ჩემი პოზიცია შემიძლია არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დავაფიქსირო (რადგანაც ძალიან ვცდილობ, რომ არ შევიდე აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში). მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ მანდატურის სამსახური წარმოადგენდა იმ ძირითად ბერკეტს, რომლითაც წინა ხელისუფლება, ფაქტობრივად, რკინის ხელით მართავდა სკოლებს. ჩვენ ეს პირველივე წელს შევცვალეთ და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მანდატურის ინსტიტუტის სულისკვეთება სრულად შევცვალეთ, როდესაც მანდატურის სამსახური სკოლის მართლწესრიგის დამცავ სტრუქტურად ვაქციეთ. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ახალი მინისტრი კიდევ უფრო სიღრმეებში წავიდა და მანდატურის ინსტიტუტი კიდევ უფრო მოქნილი სტრუქტურა ხდება — მის შემადგენლობაში შევიდა ფსიქოლოგიური სამსახურები, ბავშვისა და მშობლის დახმარების სამსახური, კონსულტაციის სამსახური. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის.“
მინისტრისა და მანდატურების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილე განაწყენებულმა მანდატურებმა მინისტრისაგან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ნინო ქოჩორაშვილი, აქციის მონაწილე: „გუშინ ძალიან ამაღელვებელი დღე იყო, არ ვიცოდით, ვრჩებოდით თუ არა სამსახურში და საერთოდ რა ბედი ეწეოდა მანდატურის სამსახურს. მინისტრმა დადებითი პასუხები გაგვცა და გადაწყვეტილებები გვამცნო ყველა ჩვენს შეკითხვასა და მოთხოვნაზე. შესაბამისად, მანდატურის სამსახური ჩვეულად აგრძელებს მუშაობას. მინისტრმა ასევე გვითხრა, რომ დირექტორი იქნება უბრალოდ შუამავალი სამინისტროსა და მანდატურებს შორის და არც ხელფასის მხრივ იქნება პრობლემები“.
თამარ სანიკიძემ მანდატურებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესათანხმებელი არაფერი იყო და შექმნილი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია: „ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობით დიდი ხანია არ შემდგარა. დღეს მოვახერხეთ და შევხვდით. ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა. ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და მანდატურები ხვალიდან სკოლებში თავის საქმიანობას გააგრძელებენ. ვფიქრობ, რომ შეკითხვა აღარ დარჩა, თუმცა თუ ვინმეს შეკითხვა გაუჩნდება, შეუძლია პასუხი მიიღოს შესაბამისი პირებისაგან“.
მანდატურების ორდღიანი პროტესტი დასრულდა, მანდატურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სკოლებში მუშაობას.
|