2013-10-02 თუ მზად ვართ ვაღიაროთ პრობლემები, ყველაფერი გამოსწორდება გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი
— როგორ ჩაიარა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა და გაამართლა თუ არა რეგისტრაციის ახალმა მოდელმა?
— პროცედურულად ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მინიმალური ხარვეზიც არ დაფიქსირებულა. ბუნებრივია ვღელავდით, რადგან წელს ძალიან ბევრი აპლიკანტი გვყავდა — 42 000-მდე აბიტურიენტი, 10 000-მდე მაგისტრობის მსურველი, ამდენივე სტუდენტი, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობდნენ და 21 000-მდე პედაგოგი, საერთო ჯამში — 100 ათასამდე აპლიკანტი. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლოჯისტიკის თვალსაზრისით.
სიახლემ, რაც წელს აბიტურიენტებს შევთავაზეთ, ნამდვილად გაამართლა. შეგახსენებთ რა სიახლეზეა საუბარი — აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მას შემდეგაც გაეკეთებინათ საბოლოო არჩევანი, რაც გაიგებდნენ საკუთარ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 13 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ სურვილისამებრ შეეცვალათ უმაღლესი სასწავლებლების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი. ამასთანავე, რეგისტრაციისას შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლოთ მიეთითებინათ ფაკულტეტი და უმაღლესი სასწავლებელი. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ ის, რომ წელს, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. თუ წინა წლებში სტუდენტების რაოდენობა 24 000-ს არ აჭარბებდა, წელს 28 401 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი და იმ აბიტურიენტთა რაოდენობაც, რომლებმაც მოახერხეს სავალდებულო გამოცდებში ზღვრის გადალახვა, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში, წელს გაცილებით ნაკლებია — 700-მდე, როცა გასულ წლებში 4-5 ათასამდე იყო, რიგ შემთხვევებში, 6 ათასამდეც აღწევდა.
ასე რომ, პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს სიახლე განგვეხორციელებინა. ძალიან მიხარია, რომ ამან კარგად იმუშავა და, ბუნებრივია, მომავალ წლებშიც, სანამ ამ ფორმით იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასეთივე შესაძლებლობას მივცემთ აბიტურიენტებს.
— რეგისტრაციის ახალი მოდელის დანერგვა მიზნად ისახავდა მეორადი ჩარიცხვების საჭიროების მოხსნას. მიუხედავად ამისა, აბიტურიენტები, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ისარგებლებენ მეორადი ჩარიცხვების უფლებით...
— როგორც იცით, ეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რასაც შესაბამისი ცვლილებები სჭირდება. რამდენადაც ვიცი, ამაზეც უკვე მიდის მუშაობა. თქვენ იცით, რომ ჩვენი ცენტრი ამის წინააღმდეგია, მაგრამ განათლების სამინისტრომ, უფრო სწორად მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
— წელს ბევრმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი...
— პროცენტულად თუ შევხედავთ იმ აბიტურიენტთა რაოდენობას, ვინც ზღვრის გადალახვა ვერ მოახერხა, დიდად არ განსხვავდება წინა წლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ 13 700 თავისთავად დიდი ციფრია, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წელს გაცილებით მეტი აბიტურიენტი გვყავდა და ამიტომ პროცენტულად დიდი განსხვავება არ არის.
ხშირად გვეკითხებიან — ვართ თუ არა კმაყოფილი შედეგებით? (ეს მხოლოდ წლევანდელ წელს არ ეხება, წინა წლებშიც), რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი გვქონდა, გვაქვს და გვექნება ყოველთვის. ბუნებრივია სურვილი, რომ აბიტურიენტებმა კარგი შედეგები აჩვენონ. კარგ შედეგში არ ვგულისხმობ იმას, რომ აბიტურიენტი ზღვრის გადალახვას ახერხებს და აუცილებლად ხდება სტუდენტი. ჩემი სურვილი იქნებოდა (და არა მარტო ჩემი, ყველასი, ვინც ჩვენს ორგანიზაციას წარმოადგენს), აბიტურიენტებს გამოცდებზე გაცილებით უკეთესი მიღწევები დაეფიქსირებინათ, მაგრამ ასეთია რეალობა. ბუნებრივია, გამოცდები თავის ფუნქციას ასრულებს — არსებული პოპულაციიდან საუკეთესოს ირჩევს, მაგრამ ის საუკეთესო რამდენად საუკეთესოა ნამდვილად, ეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
— წელს პირველად სახელმწიფომ 17 პროგრამაზე სწავლა სრულად დააფინანსა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი უფასო ფაკულტეტიდან გადასვლას მოისურვებს?
— აბიტურიენტები, რომლებიც ამ პროგრამებზე აბარებენ, ჩვეულებრივად მონაწილეობენ საგრანტო კონკურსში. თუ მათ მოიპოვეს საგრანტო დაფინანსება, ნაწილობრივი ან სრული, და ჩაირიცხნენ იმ პროგრამაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სამინისტრო (სტუდენტების რაოდენობა, ვინც ამ მიმართულებებზე ჩაირიცხა, დაახლოებით, 3500-ია), მათ მიერ მოპოვებული გრანტი ამ ფაკულტეტზე მიდის; თუ მათ სხვა მიმართულებაზე გადასვლა მოინდომეს, მათ საგრანტო კონკურსში მოპოვებული გრანტი გადაჰყვებათ. თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა ფაკულტეტზე, სადაც სახელმწიფო სრულად ფარავს სწავლების საფასურს, მაგრამ საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვა და ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, გადასვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავად მოუწევს სწავლის საფასურის დაფარვა.
— გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აბიტურიენტების ერთმა ჯგუფმა ტესტები წინასწარ იცოდა...
— დარწმუნებული ვარ, ეს მიზანმიმართული მცდელობა იყო, აგორებულიყო ჭორი, რაც, ბუნებრივია, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველი გამოცდის შემდეგ, დასრულდება თუ არა საგამოცდო დღე, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ გამოყენებულ ტესტებს. ეს აღარ არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახვა.
ის ნიმუშები, რაც ერთ-ერთმა სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ჯერ ერთი, გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცენტრის ვებგვერდზე დავდეთ; მეორე, ვისაც ჰქონდა ინტერესი ენახა გამოქვეყნებული ტესტები, დარწმუნდებოდა, რომ არ ჰგავდა საგამოცდო ტესტებს — იყო ხელნაწერი, რიგ შემთხვევაში, პირობა არ იყო ბოლომდე დამახსოვრებული ან პირობა იყო და პასუხები არ იყო ბოლომდე მითითებული და ა.შ.
დარწმუნებული ვარ, თუ ეს ოდნავ მაინც შეეფერება სიმართლეს (თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანმიმართული მცდელობა იყო სკანდალის აგორების), შესაძლებელია მოსწავლემ, რომელიც სააპრობაციო გამოცდებში მონაწილეობდა (აპრობაციაზე გატანილი დავალებები, ბუნებრივია, გამოცდაზე არ ხვდება), სააპრობაციოდ გამოტანილი ტესტური დავალებები დაიმახსოვრა (რამდენიმე ბოლომდე ვერც დაიმახსოვრა).
ეს იყო უსუსური მცდელობა. ვიმეორებ, რომ ტესტები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩვენს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული იყო ყველა ტესტური დავალება.
— როგორ შეაფასებდით პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს, რაც ნამდვილად არასახარბიელო იყო...
— მხოლოდ და მხოლოდ წლევანდელ შედეგებს ნუ შევხედავთ. უამრავი აზრი გამოითქვა — შემაშფოთებელი, სავალალო და ა.შ. მე ამას ასე არ ვუყურებ ერთი უბრალო მიზეზის გამო — ვინც ამას ამბობს, წინა წლების შედეგებიც გაიხსენოს. განსხვავება, წინა წლებთან შედარებით, ის იყო, რომ მაშინ უბრალოდ აკრძალული იყო იმ პრობლემებზე საუბარი, რაც ამ მიმართულებით გვქონდა. შედეგები, რა თქმა უნდა, წინა წლებშიც სრულიად არასახარბიელო იყო, დიდი განსხვავება, პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ უარესი შედეგია, მაგრამ ანალოგიური ვითარება გვქონდა გასულ წლებში, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან დაკავშირებით.
არა ერთხელ მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ არასწორია და უფრო მეტიც, დანაშაულია პირდაპირ მასწავლებლისკენ გაიშვირო ხელი. წინა წლებში სათანადო ზომები რომ მიღებულიყო, სერიოზული მხარდაჭერა რომ აღმოეჩინათ პედაგოგებისთვის, ბუნებრივია, წელს ასეთი შედეგი არ გვექნებოდა. ეს არის მიზეზი იმ რეალობისა, რაც დღეს გვაქვს და რეალობა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. გასული წლები რომ ეფექტურად ყოფილიყო გამოყენებული და განათლების სამინისტროს თვალი რომ გაეხილა, არსებული რეალობისთვის პირდაპირ შეეხედა, ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა და არ ესაუბრა მხოლოდ და მხოლოდ „წარმატებებზე“, ბუნებრივია, პედაგოგებთან ერთად გამოვასწორებდით ამ მდგომარეობას.
მოგეხსენებათ, არსებული კანონმდებლობით, 2014 წელი ბოლო წელია, როდესაც პედაგოგებმა ნებაყოფლობით უნდა გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლიდან, თითქოსდა, ყველა პედაგოგი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ადრეც ბევრს ვსაუბრობდით და ახლაც გავიმეორებ, რომ სერტიფიცირების პროცესს ძალიან სერიოზული დახვეწა სჭირდება და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. საჭიროა პედაგოგის ეფექტური მხარდაჭერა და არა მხოლოდ ორ-სამდღიანი ტრენინგები.
ბუნებრივია, თვითონ სერტიფიცირების პროცესი უამრავი ხარვეზითაა სავსე. როცა ამ პროცესისთვის ვემზადებოდით, ამგვარი შეთანხმება იყო — მომზადდებოდა საგამოცდო სისტემა (რაზეც ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა) და, პარალელურ რეჟიმში, ამუშავდებოდა დამატებითი, და მე თუ მკითხავთ, გაცილებით მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდებოდა პედაგოგი. დღეს რა ვითარება გვაქვს? სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ ამ ორი გამოცდის შედეგზე და შეფასების მიღმა რჩება უმნიშვნელოვანესი კომპონენტი — როგორია პედაგოგი კლასში, მარტივად რომ ვთქვათ, მისი პრაქტიკული საქმიანობა — როგორ იყენებს კლასში მუშაობისას ამ ყველაფერს, როგორ ახერხებს ეფექტურად საკუთარი ცოდნის გადაცემას, მოსწავლეთა მოტივირებას და მათთვის მაქსიმალურად ხელშეწყობას იმისთვის, რომ შესაბამისი ცოდნა მიიღონ. აი, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი შეფასების მიღმა რჩება. უკვე მერამდენე წელია, ვატარებთ სასერტიფიკაციო გამოცდებს და, სამწუხაროდ, ეს კომპონენტი ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული და პედაგოგის ბედი მხოლოდ ორი გამოცდის შედეგზეა დამოკიდებული.
მოხარული ვარ, რომ განათლების სამინისტრომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად დაიწყო ფიქრი. მეტსაც გეტყვით, ნოემბრის თვეში, როდესაც ახალი მინისტრი — გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც დავიწყეთ საუბარი და მისგან სრული მხარდაჭერა გვქონდა, სწორედ სერტიფიცირების დახვეწა იყო. ჩვენმა ორგანიზაციამ მოიპოვა მსოფლიო ბანკის გრანტი, რომელიც სერტიფიცირების პროცესის დახვეწასა და შესაფერისი მექანიზმების შემუშავებას ემსახურება, სწორედ პრაქტიკულ ნაწილზე და არა მხოლოდ თეორიულზე. აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ. გრანტი 2-წლიანია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს პედაგოგებს რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში შევთავაზოთ სიახლე. მაქსიმალურად ვეცდებით ეს პროცესი იდეალური თუ არა, მაქსიმალურად დახვეწილი იყოს.
— როგორი სურათი იყო საგნობრივად? ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რომელ საგანში გამოვლინდა?
— ყველაზე მეტად გვიჭირს ფიზიკაში, მხოლოდ 4%-მა მოახერხა ბარიერის გადალახვა, გვიჭირს ასევე ქიმიაში — 9%-მა მოახერხა გადალახვა, მათემატიკაში — დაახლოებით 14%-მა; შედარებით კარგი მდგომარეობაა ისტორიასა და გეოგრაფიაში; უკეთესი — ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სურათი ასეთია — საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში გვიჭირს.
უამრავი სამუშაოა, ამავე დროს, უამრავი პრობლემაა. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე შეიძლება პრობლემებზე ღიად საუბარი. თუ პრობლემის იდენტიფიცირება არ ხდება, ბუნებრივია, ვერაფრით ვერ უშველი. სისტემისთვის ყველაზე მავნეა, როცა პიარისთვის ან გარკვეული მიზნებისთვის მაქსიმალურად ცდილობ შეფუთო არსებული პრობლემა. ის არსად არ წავა, უფრო გაღრმავდება.
როცა განწყობა გაქვს ისეთი (განათლების სამინისტროს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რადგან პოლიტიკას სამინისტრო წარმართავს), რომ არ გეშინია რეალობისთვის თვალის გასწორების, პრობლემის დაფიქსირების, მასზე ხმამაღლა საუბრის, ეს უკვე აპრიორი ნიშნავს, რომ შენ უკვე სერიოზულად ფიქრობ მის გამოსწორებაზე. ამით თუ არ დაიწყე, რა თქმა უნდა, სისტემას არაფერი ეშველება. განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. განსაკუთრებით და მართლაც ხაზგასმით ვამბობ ამას — პირველ რიგში, საშუალო განათლების საფეხურს უნდა ეშველოს რამე. არც უმაღლეს განათლებაზე შეგვიძლია საუბარი და არც მეცნიერების განვითარებაზე, თუ საშუალო საფეხურის პრობლემები არ მოგვარდა მნიშვნელოვანი მიმართულებებით — თვითონ ორგანიზება საშუალო განათლების საფეხურის; რა თქმა უნდა, სასწავლო გეგმები და პროგრამები, სახელმძღვანელოები; უმნიშვნელოვანესი კომპონენტი — პედაგოგების მხარდაჭერა. ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთი, რაც კეთდებოდა, განათლების სამინისტრო პირიქით ხელს უშლიდა პედაგოგებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ეზრუნათ, რადგან მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. კარგად ვიცით, რა ვითარებაში ვიყავით. რა თქმა უნდა, პედაგოგი თვითონაც უნდა ზრუნავდეს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მაგრამ განათლების სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ ამისთვის მაქსიმალური პირობები შექმნას. პირველ რიგში, განათლების სამინისტრო უნდა იყოს დაინტერესებული პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებით. წლების განმავლობაში პირიქით ხდებოდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამიტომაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ის ნაბიჯი, რომელიც ახლა გადაიდგა განათლების სამინისტროს მხრიდან — იდენტიფიცირება არსებული პრობლემებისა და დაუფარავად საუბარი ამ პრობლემებზე, არა შეფუთვა, არამედ დაფიქსირება და მის გამოსწორებაზე სერიოზული ფიქრი. აქედან გამომდინარე, არა იმიტომ, რომ ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ მზად ვართ ვაღიაროთ პრობლემები, ყველაფერი გამოსწორდება.
გაჩნდა შეკითხვა, რატომ აჩვენეს პედაგოგებმა ცუდი შედეგები, როცა აბიტურიენტებს ასეთი კარგი შედეგები აქვთ, ისინი ხომ ამ პედაგოგების მომზადებულები არიან? ამ ორი რამის შედარება, პირდაპირ გეტყვით, სასაცილოა, იმიტომ რომ, პედაგოგი სასერტიფიკაციო გამოცდას აბარებს და გადასალახავი ბარიერი ძალიან სერიოზულია — 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს, გამოცდა ჩაბარებულად რომ ჩაითვალოს. აბიტურიენტები კონკურსში მონაწილეობენ და ეროვნული გამოცდის მიზანია არსებული პოპულაციიდან საუკეთესოს შერჩევა. ხშირ შემთხვევაში, ეს საუკეთესო სულაც არ ნიშნავს დამაკმაყოფილებელს. იქ მინიმალურზე მინიმალური ბარიერია და ამ ბარიერს თუ გადალახავს აბიტურიენტი და სტუდენტი გახდება, ეს წარმატება სრულიადაც არ არის. პირდაპირ ვთქვათ. კარგია, რომ სტუდენტია, მაგრამ სრულიად არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის, ყველასთვის. თუ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს გამოკითხავთ, სტუდენტების განათლების დონით უკმაყოფილოები არიან. შესაძლებელია საუკეთესო სტუდენტი აღმოჩნდეს ის, ვინც, მაგალითად, 100-ქულიან ტესტში 30 ქულა მიიღო. მეორე მხრივ, საუკეთესოა 30-ქულიანი სტუდენტი?! ასე რომ, ამ ორი რაღაცის ერთმანეთთან შედარება ნამდვილად სასაცილოა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სტუდენტების მომზადების დონეზეც აისახება და ყველაფერი სკოლის პრობლემებიდან მოდის. ერთი მხრივ, უდავოდ, კარგია 28401 სტუდენტი რომ გვყავს საქართველოში, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გვაკმაყოფილებს მათი შედეგები და მიღწევები. ეს ნამდვილად არ არის ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ. ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ყველა ამ პრობლემას ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ — ძალიან სერიოზულად უნდა ეშველოს საშუალო განათლების საფეხურს.
საუბარი იმაზე, რომ პედაგოგებმა ასეთი ცუდი შედეგები იმიტომ აჩვენეს, რომ მთავრობას და განათლების სამინისტროს ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია პედაგოგთა დასახმარებლად, დემაგოგიაა. გაცილებით მეტი ინტენსივობით ტარდებოდა ტრენინგები, რომლებიც გასულ წლებშიც ტარდებოდა. მთავარი ის არის, რომ ეს ტრენინგი მნიშვნელოვანს არაფერს აძლევს პედაგოგს, მას სხვაგვარი დახმარება სჭირდება. ტრენინგი თავისთავად კარგია, მაგრამ წლების განმავლობაში ტრენინგები ორიენტირებული იყო პედაგოგის მომზადებაზე კონკრეტული გამოცდისთვის, მაშინ როცა სამინისტროს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ეზრუნა და არა კონკრეტული ტესტისთვის მომზადებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი ინტენსივობით ჩატარდა ტრენინგები, შედეგი ცოტა უარესიც კი მივიღეთ, ვიდრე წინა წლებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ტრენინგები სულ რომ არ ჩატარებულიყო, 7-8 თვეში მასწავლებელს ფიზიკა ან ქიმია არ დაავიწყდებოდა, ხომ?! ეს იმის შედეგია, რომ წინა წლებში პირში წყალი უნდა ჩაგვეგუბებინა და არ გველაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც უამრავი გვქონდა. წინა ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორებაზე 3-4 წლის წინ რომ დაეწყო ზრუნვა, დღეს უკეთესი სურათი გვექნებოდა.
ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი
|