2013-05-30 პორტრეტები ბაზალეთის ტბის ფონზე ბანალური იქნება ახლა მასწავლებლების გაზეთში დავიწყო იმის მტკიცება, თუ რა ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში მასწავლებელს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მასწავლებელს პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ამიტომ ზოგად სენტენციებს თავს ავარიდებ და შემოგთავაზებთ რამდენიმე ჩემი კოლეგის პორტრეტს. ქართული ენის იმ მასწავლებლებს გაგაცნობთ, რომლებიც ჩვენი პროგრამის „ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა“ ფარგლებში ასწავლიან ქართულს აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში. მაისის დასაწყისში პროგრამის მონაწილეებს გვქონდა ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ბაზალეთის ტბის დასასვენებელ კომპლექსში ჩატარდა და რომლის თემა იყო „პრობლემები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაში“. აქ გვქონდა საშუალება კიდევ ერთხელ გველაპარაკა ჩვენ პრობლემებზე და გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის ამ პრობლემების ჩვენეული გადაჭრის გზები...
მაგრამ ამ წერილის მიზანი არ არის არც პრობლემებზე და არც თავად, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან, კონფერენციაზე საუბარი. ამ წერილის მიზანია გაჩვენოთ ჩემი კოლეგები, რომლებსაც წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ვხვდები და ძირითადად ინტერნეტით ვურთიერთობთ, მიუხედავად ამისა, ან უფრო სწორედ ამის გამო, მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ისინი ძალიან აქტიური და საინტერესო წევრები არიან ჩვენი პროგრამისა, მათგან, თითქმის ყოველდღე, რაღაცას ვსწავლობ. მე ვიცი, რომ ჩემი კოლეგები ზედმეტი ყურადღების გარეშე გაცილებით უკეთესად გრძნობენ თავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.
თავიდანვე მინდა გავაფრთხილო ჩემი მკითხველი, ვერ ვიტყვი, რომ ჩემ მიერ დახატული პორტრეტები სრულყოფილია, მაგრამ ეს არის ის, რასაც და როგორადაც მე ვხედავ და რისი გაცნობა და გაზიარებაც მომინდა სრულიად საქართველოს პედაგოგიური საზოგადოებისთვის. მაშ ასე, დავიწყოთ!
შორენა ხუხუა — ენერგია
ნათია მანია — ინტელექტუალიზმი
ნონა არევაძე-კოტორაშვილი — პროფესიონალიზმი
ია რობაქიძე — გაწონასწორებულობა
ნინო ჭანკვეტაძე — მრავალმხრივი
გიორგი ჭაუჭიძე — „ზმნარდი“
არ გეგონოთ, რომელიმე ამათგანს მეორეს ნიშანთვისება არ ახასიათებდეს, უბრალოდ ეს არის ის სიტყვები, რაც პირველივე მოდის ამ ადამიანების სახელების ხსენებაზე.
არის სხვა მახასიათებლებიც:
შორენა — ხანუმი
ნათია — მოაზროვნე
ნონა — დედა
ია — ცოლი
ნინო — გასათხოვარი
გიორგი — ვაირამინდოდაამათხელში.
კიდევ არის ერთი შტრიხი, რაც აუცელებელია მათი პორტრეტების შესაქმნელად:
ხუხუა — მეგრელი
მანია — მეგრელი
არევაძე-კოტორაშვილი — კახელი
რობაქიძე — იმერელი
ჭანკვეტაძე — იმერელი
ჭაუჭიძე — იმერელი
თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთ საქართველოში წამოსულა იმისთვის, რომ ქართული ასწავლოს:
შორენამ — აზერბაიჯანელს
ნათიამ — აზერბაიჯანელს
ნონამ — აზერბაიჯანელს
იამ — აზერბაიჯანელს
ნინომ — აზერბაიჯანელს
გიორგიმ — სომეხს
მოკლედ, ეს გიორგი თითქმის ყველაფერში განსაკუთრებულია!
***
იმედია, ჩემი მეგობრები და პროგრამის კოლეგები არ მიწყენენ და გიორგით დავიწყებ!
#გიორგი მართლაც განსაკუთრებულია.
ორი უმაღლესი განათლება — თუმცა ჩვენთან რამდენიმეს კიდევ აქვს ორი დიპლომი.
ამ პროგრამაში ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ ჩაერთო -— თუმცა ასეთებიც გვყავს პროგრამაში.
ისე, მამაკაცებიც ბლომად გვყავს პროგრამაში...
მაშინ რით არის ის განსაკუთრებული?
რიით? იმით, რომ ის გიორგია ჭაუჭიძე.
და კიდევ იმით, რომ გიორგიმ შექმნა „ზმნარდი“. არაქართველი ბავშვებისთვის ზმნის უღლების შესწავლის გაადვილების მიზნით მოიფიქრა ელექტრონული რესურსის შექმნა, რომელშიც ყველა ჩვენგანი საკუთარ ზმნებს ჩაწერდა, ამ ზმნებს აუღლებდა და ასე მივიღებდით სასწავლო ელექტრონულ რესურსს, სადაც ზმნები იქნებოდა ნაუღლები სერიებსა და მწკრივებში და ის სულ მუდამ ზრდის პროცესში იქნებოდა!!!
ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ზმნაა ქართულში! ხოდა ეს რესურსი სულ ზრდაში იქნებოდა, ამიტომაც დაარქვა გიორგიმ მას „ზმნარდი“.
გარდა ამისა, გიორგის კარგი მეთოდი აქვს შემუშავებული ზმნისწინების სწორად გამოყენებისათვის. ქმნის წინადადებებს, რომელშიც მოქმედი პირის საკუთარი სახელი იწყება იმ ზმნისწინით, რომლითაც იწყება ამ წინადადებაში ზმნა — შემასმენელი.
გიორგის უკვე მეორე კონფერენციაზე ვუსმენ და ყოველთვის რამე არაორდინარულს, ძალიან საინტერესოს და ამასთანავე საკამათოს გამოიტანს ხოლმე.... აკი აღიარებს თავადაც, რომ ნერვიულობს, როცა ამდენი ფილოლოგის წინაშე გამოაქვს თავისი ნააზრევი.
მე კი მგონია, რომ სწორედ ის, რომ გიორგი არ არის ფილოლოგი, აძლევს მას საშუალებას, სხვებზე უფრო თავისუფალი იყოს ლინგვისტურ ძიებებში, რასაც ძალიან კარგად და საინტერესოდ აკეთებს.
ენის მკაცრი წესების მკაცრი დამცველები კი ბევრნი არიან ჩვენი პროგრამის მასწავლებლებს შორის, თუმცა არც გიორგი არის სხვაზე ნაკლები მექართულე, ის ქართულის საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებელია.
როცა გიორგი აკეთებს პრეზენტაციას, როცა გესაუბრება, როცა სხვას უსმენს, ასე გგონია, განუწყვეტლივ კიდევ რაღაცაზე ფიქრობს, რაღაცას ეძებს... ის თითქოს არის, და თითქოს არც არის აქ და ახლა. მაგრამ ზუსტად იცი, რომ ახლა და აქ მის გონებაში კიდევ რაღაც ახალი „ზმნარდის“ მაგვარი იბადება.
***
#ნამდვილად მიძნელდება რიგითობის განსაზღვრა, როცა ჩემ კოლეგებზე მინდა წერა.
არც ისე შორეული წარსულის პოლიტიკური სლოგანი გამახსენდა — ექიმი, მეწარმე და პოლიტიკოსი... თუ როგორც იყო...
ამ სლოგანის პერიფრაზირებას მოვახდენ — „ლამაზი ქალი, მზრუნველი დედა, წარმატებული მასწავლებელი“.
როცა პირველად, მასწავლებლის სახლში, ვნახე ნონა არევაძე-კოტორაშვილი, გასათხოვარი გოგო მეგონა, გული დამწყდა — ასეთი ლამაზი, მოვლილი, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი სკოლაში შერჩება და გაუთხოვარი დარჩება-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ეს ახალგაზრდა სასიამოვნო გარეგნობის, კარგად მოვლილი ქალი გათხოვილიც არის და ... ხუთი შვილის დედაც!!! სამი გოგოს და ორი ბიჭის მზრუნველი და მოსიყვარულე დედა.
ნონა შეურყევადი არგუმენტია იმ ქალებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, მისი ერთადერთი მოვალეობა შვილის გაჩენაა, სამსახური და ოჯახი ერთად შეუთავსებელია, ან პირიქით, იმ ქალებისთვის, ვინც კარიერულ ზრდაზე ფიქრობს და კარიერა და პროფესიული თვითრეალიზება ოჯახთან შეუთავსებლად მიაჩნიათ.
ნონამ ყველაფერი ჰარმონიულად შეუთავსა ერთმანეთს, მეუღლე და ხუთი შვილი და სკოლა მარნეულის რაიონში სოფელ დაშტაფაში, სადაც ყოველდღე დადის რუსთავიდან. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის წოდება მიიღო, არა მხოლოდ ჩააბარა პროფესიული უნარები და ქართული, არამედ ისწავლა ინგლისური და ჩააბარა ინტეგრირებული გამოცდაც.
ნონასთვის ყველა საქმე — სახლს ეხება ეს თუ სკოლას, დადებითი ემოციებისა და განწყობის წყაროა, რადგან თავადაც ამ დადებით ემოციას, განწყობას და ენერგიას აფრქვევს ირგვლივ და იცით, რა არის მნიშვნელოვანი? ამ ყოველივეს ისეთი სიმშვიდე ახლავს, რომ როცა ეხები და ეხვევი მის ენერგიაში, ის არ გღლის, გამშვიდებს, რაღაცნაირი სიმშვიდე იბუდებს შენში, როცა მას ესაუბრები. როცა კამათობს პრინციპულად, პროფესიონალურად, მაგრამ მშვიდად, მისი ყოველი სიტყვის გჯერა და ხვდები, რასაც ნონა ამბობს სწორია. ეს უკვე, ვფიქრობ, ხუთი შვილის დამსახურებაა!
***
სამი მეგობარი
#ნათია მანია, ია რობაქიძე და ნინო ჭანკვეტაძე
რემარკს დავესესხე სათაურში.
ცალ-ცალკე მათზე წერა გამიჭირდება.
ნებისმიერ შეხვედრაზე სულ ერთად არიან.
ორადგილიან ნომრებშიც კი მესამე ლოგინს აშლევინებენ.
ისიც კი, ვინც პირველად ხედავს მათ, ხვდება, რომ საერთო წარსული აკავშირებთ!
და მართლაც ასეა... ორნი ჯგუფელები არიან, მესამე მათი კურსელია.
ორი კავსიური ენების სპეციალისტი, მესამე — ლიტერატურის.
მესამეს ია ჰქვია და თავად არის იისნაირი ნაზი და ნათელი, იისფერი თვალებით და ქერა თმით, იმერული თავაზიანობითა და თავისი გვარისთვის შესაფერისი სიდინჯით და თავმდაბლობით — ია რობაქიძეა.
#ია ისევე, როგორც სხვები, ვისზეც ახლა ვწერ, ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ ჩაერთო ამ პროგრამაში და სომეხ ბავშვებს ასწავლიდა ქართულს.
ახლა კი აზერბაიჯანელი ბავშვებია მისი ზრუნვის საგანი.
ია თავისი პატარა ოჯახის დიდი დიასახლისია... თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დატოვა თანამდებობა, მოკიდა თავის მეუღლესა და პატარა ბიჭს ხელი, ბოლნისში წავიდა და იქ ასწავლის თავის საყვარელ ქართულს და ქართველობას აზერბაიჯანელ ბავშვებს, თავის საკუთარ შვილს კი იმაზე დიდი მაგალითი ადამიანობის, პროფესიონალიზმისა, დიდი გულის, ალბათ, კიდევ დიდხანს არ შეხვდება. ბავშვები ხომ მაგალითებზე უკეთ სწავლობენ, ვიდრე მშრალ სენტენციებზე... ასე რომ, კიდევ ერთი დიდი გულის ნამდვილი ადამიანი და თავის საქმეზე შეყვარებული ქართველი ეზრდება საქართველოს.
იას პროფესიონალიზმს და მიზანმიმართულებას ისიც ამტკიცებს, რომ ისიც, როგორც გიორგი და ნონა „საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებელია“.
კიდევ ერთი „საუკეთესო სერტიფიცირებული“ მასწავლებელი გვყავს.
კიდევ ერთი იმერელი — ზესტაფონელი ნინო ჭანკვეტაძე, ზესტაფონელობას მგონი იბრალებს, რადგან სულ თბილისში ცხოვრობს და აქვე მუშაობდა.
მაგრამ არა, არ იბრალებს, რადგან იმერული სტუმარ-მასპინძლობა სისხლში აქვს გამჯდარი და საუკეთესო ჭვიშტარს აკეთებს. სხვათა შორის, კარგი კულინარიც ვარო — ასე თქვა ნინომ.
მჯერა, რომ არის...
ზოგადად, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ადამიანს უყვარს იმის კეთება, რაც მასთან, როგორც პიროვნებასთან, ძალიან ახლოსაა. ნინოც ასეთია...
ძალიან ლამაზი, ფაფუკი და ნაზი, ენატკბილად მოსაუბრე, რომელიც სულ მუდამ კარგ ხასიათზე გაყენებს. ნინოს განსაკუთრებული ღიმილი აქვს — აი, თვალები რომ იცინის, ისეთი.
როცა ასეთი მასწავლებელი შედის ალგეთის აზერბაიჯანულ სკოლაში, შეუძლებელია რომელიმე მოსწავლე გულგრილი დარჩეს მის მიმარ, არ მოუსმინოს და არ ისწავლოს ის, რასაც ნინო მასწავლებელი ეტყვის.
უსმენენ და სწავლობენ. შედეგად — ყოველ წელიწადს სტუდენტად ქცეული აბიტურიენტები და გრანტიანი სტუდენტები. ეს სწორედ ის შედეგია, რომელზეც ბევრი ჩვენგანი და პირადად მე ვოცნებობ, რომ ჩვენი არაქართველი მოსწავლეები საქართველოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
კინაღამ დამავიწყდა, ნინო განა მხოლოდ ქართულშია სერტიფიცირებული მასწავლებელი, მას კიდევ აქვს ერთი სერტიფიკატი — მათემატიკაში!!!
აი, რატომ არის ის მრავალმხრივი!
ამბობენ, მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიანო..
ამას ადასტურებენ მანია და ხუხუა.
იმასაც ამბობენ მეგრელები განსაკუთრებით ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხიაო
ამის არგუმენტიც მანია და ხუხუაა...
ეს ნახევრადსერიოზულად..
დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ ნათია მანიაზე დამეწერა რამე... ნათია ერთ-ერთია იმათგან, ვისიც განსაკუთრებულად „მეშინია“... ის არ არის უბრალოდ ქართულის კარგი მასწავლებელი, ის არის სულით, გონებით, მოწოდებით და ინტუიციით ლინგვისტი.
ის ნებისმიერ ენობრივ შეცდომას, განსაკუთრებით დაწერილს, თითქმის, პირად შეურაცხყოფად იღებს. იბრძვის ენის სიწმინდისათვის, არა მხოლოდ თავის აზერბაიჯანულ კლასში, არამედ ფეისბუკის გვერდზეც. როცა ნათია ენობრივ საკითხებზე საუბრობს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, გადამოწმება არ არის საჭირო.
მაგრამ განა მხოლოდ ენობრივი შეცდომების წინააღმდეგ ილაშქრებს მანია? არა!
მისთვის მიუღებელია ნებისმიერი ფაქტობრივი შეცდომა ან უზუსტობა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერ სასკოლო სახელმძღვანელოში. ის თვლის (და ამაში, ალბათ, ყველა ვეთანხმებით), რომ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს მეცნიერულად სწორი და უტყუარი.
ეს, ალბათ, ნათიას მოაზროვნეობის „ბრალია“. ის ხომ მოაზროვნეთა კლუბის წევრია და მისთვის ინფორმაციის უტყუარობას და სანდოობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ნათია წერს... წერს ძალიან ლამაზად და ძალიან გულწრფელად, ამიტომ მისი ნაწერი გულგრილს არ გტოვებს, თბილად გედება სულზე და ნაზ სევდას გგვრის.
ასე მგონია, ნათიასთვის ნახევარტონები მიუღებელია — რამდენადაც ნაზი და მგრძნობიარეა თავის ლექსებში და ჩანახატებში, იმდენად შეუდრეკელი და უტეხია პროფესიულ საკითხებში, იმდენადვე ლაღი და გულღიაა მეგობრებთან ურთიერთობაში.
მეგობრობა კი როგორი იცის (უფრო სწორად, როგორიც იციან) უკვე იქიდან ჩანს, რომ სტუდენტობაში დაწყებული მეგობრობა დღესაც ისეთივე ძლიერი, გულწრფელი და ლამაზია, როგორც მაშინ — გადარეულ, გაყინულ და გაუბედურებულ 90-იანებში.
ია, ნინო და ნათია — ქართული ენის სიყვარულით გაერთიანებულ ამ სამ მეგობარს მასწავლებლობის მადლიც უხვად აქვთ მონიჭებული და, ნათიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „არიგებენ ჭკუას აქეთ და იქით, სთხოვენ თუ არა“.
***
მინდა, კიდევ ერთ ჩემს კოლეგაზე დავწერო.
#მას საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს საქართველოში
მასზე კეთდება გადაცემები, იწერება სტატიები.
მეც მინდა დავწერო...
არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ერთხელ რომ ნახავ, უბრალოდ ნახავ, ძალიან დიდი ხნით რჩებიან შენს მეხსიერებაში რაღაც წვრილმანებით, სერიოზული თუ უმნიშვნელო წვრილმანებით... ის დანახვისთანავე იქცევს შენს ყურადღებას, გაბნევს კიდეც, არ იცი მოგეწონოს თუ არა, რადგან ძალიან განსხვავდება შენგან და ამ განსხვავებულობაში მის უპირატესობას გრძნობ.
სადაც ეს პატარა ტანის ახალგაზრდა ქალი გამოჩნდება, ყველგან სიცოცხლე სხვანაირად, უფრო ძლიერად, ენერგიულად და ხმამაღლა იწყებს ჩქეფას.
ბევრია მასში ყმაწვილებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა, უკომპრომისობა და მაქსიმალიზმი.
მას მაქსიმუმის მიღება უნდა ცხოვრებიდან და მაქსიმუმის მიღება უნდა მოსწავლეებისგან.
ამიტომ მაქსიმალურად იხარჯება ცხოვრებაში და მაქსიმალურად გასცემს თავის ცოდნასა და უნარს სკოლაში.
ის ერთადერთია ჩვენს პროგრამაში, ვინც 9 წლის წინ დაწყებული მუშაობა სადახლოს სკოლაში არ შეწყვიტა და ცხრა წელია ასწავლის აზერბაიჯანელებს ქართულს. ამიტომ ჰყავს მას სტუდენტები, ამიტომ არჩევენ მისი უფროსკლასელები ილიას „მგზავრის წერილებს.
საერთოდ ვთვლი, რომ ენერგეტიკა, რომელსაც ატარებს მასწავლებელი, გადამდებია, სიყვარული საგნისადმი, გადამდებია, სიყვარული ბავშვებისადმი, გადამდებია და ბადებს საპასუხო სიყვარულს.
მასწავლებლების უმრავლესობას აქვს ეს უნარი, ეს უნარი აქვს ყველას, ვისზეც მე დავწერე, მაგრამ შორენა არა მხოლოდ ბავშვებზე მოქმედებს ასე, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც, მათ შორის თავის კოლეგებზეც.
ალბათ, იმიტომ რომ ის ჩვენი პროფესიის წარმომადგენლების უმრავლესობისაგან, პირადად ჩემგან განსხვავებით ნაკლებად ბოჭავს და აკონტროლებს თავის ემოციებს, არ ზღუდავს საკუთარ თავს არც აზრის გამოთქმისას და არც რაიმე საქმის კეთებისას. სიცოცხლის სიყვარული საოცარ რამეებს აკეთებინებს.
შეუძლებელია ეს ვერ დაინახოს და ვერ იგრძნოს, თუნდაც სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანმა, მოზარდმა და შეუძლებელია არ უნდოდეს მასთან დაახლოება, მეგობრობა, ამიტომ კი უნდა ისწავლოს ის ენა, რომელზეც ასეთი მასწავლებელი ლაპარაკობს. უკეთ ისწავლოს ქართული, რომ სწორედ ამ მასწავლებლისგან გაიგოს, რატომ უნდა უყვარდეს ადამიანს სიცოცხლე, რატომ უნდა ცხოვრობდეს საინტერესო ცხოვრებით და არ იყოს ჩაკეტილი თავის თავში. აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს და რომელიც თავის ქვეყანას გამოადგება.
ამ ჩემს კოლეგას შორენა ხუხუა ჰქვია. მე შეგნებულად ავარიდე თავი იმაზე წერას, რაც ბევრჯერ ითქვა და დაიწერა... შორენას პორტრეტს არ სჭირდება დამატებითი ბედუკუღმართობის მუქი საღებავები იმისათვის, რომ მისი შინაგანი ნათელი გავაძლიეროთ, რომელიც ასე ანათებს მისი შავი თვალებიდან.
ინგა ბაგრატიონი
P.S. ძალიან ბევრი, ძალიან ღირსეული ადამიანი მუშაობს ჩვენ პროგრამაში „ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა“. ზოგს კარგად ვიცნობ, ზოგს ნაკლებად, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო — ღირსეულთა შორის ღირსეულები არიან! სწორედ მათ შეუძლიათ ბაზალეთის ტბის ძირას დავანებული საქართველოს იმედის გაცოცხლება და აღორძინება. მათზე წიგნები უნდა იწერებოდეს! ვამაყობ, რომ მათი გუნდის წევრი ვარ.
|