2013-04-25 დადიანების განძის თბილისური დღეები გრაფ ოლდენბურგის თბილისის სასახლე ზუგდიდის დადიანების სასახლეს მასპინძლობს. ოდესღაც დიდი სიყვარულით გაჟღენთილ, ლეგენდად ქცეულ ზამბახებისა და ოქროსფერ დარბაზებში გამოფენილი უნიკალური ექსპონატები დადიანების ცხოვრებაში გვამოგზაურებს. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, რომლის სახელიც უცნაურ ლეგენდებს უკავშირდება, დამთვალიერებელზე დღესაც საოცარ გავლენას ახდენს. იქ მისული, უცებ აღმოჩნდები გარემოში, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს შენობა არა მხოლოდ გაჟღენთილია ლეგენდით, რომელიც ოლდენბურგისა და მისი მეუღლის აგრაფინა ჯაფარიძის სიყვარულს უკავშირდება, არამედ ლეგენდა დღესაც ცოცხლობს. ოდესღაც ზამბახების ორნამენტებით მოხატულ ოთახში, ზამთარ-ზაფხულ, ჰყვაოდა ზამბახები, რომელსაც გრაფი საყვარელ მეუღლეს ყოველდღიურად უძღვნიდა (როცა საქართველოში არ ყვაოდა, ბაქოდანაც კი უგზავნიდა). დღეს, რესტავრაციის შემდეგ, ფრაგმენტებად გაცოცხლებული კედლის ორნამენტები ამ ლეგენდას ხორცს ასხამს. ოქროსფერ დარბაზში გასასვლელი კარის მინაზე გამოსახული მონოცეროზი — რქიანი, მითიური ცხენი გვახსენებს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, პრინცი მეუღლეს სწორედ ამ მითიურ არსებას ადარებდა. ეს ლეგენდარული დარბაზები კი, დღეს დადიანების ცხოვრებას ექსპონატებით აცოცხლებენ, რომლებსაც წარმოშობისა და ღირებულების გარდა, განსაკუთრებული ისტორიები აქვთ.
ეკატერინე ჭავჭავაძის ცნობილი „საკოცნელა-საქანელა“ აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას როგორც სილამაზით, ისე ისტორიით. ესეც ლეგენდაა, რომელიც მოგვითხრობს იმ მარადიული სიყვარულის შესახებ, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ეკატერინე ჭავჭავაძეს აკავშირებდა. XIX საუკუნის ქართველ დიდგვაროვანთა საყვარელი გასართობი, „საკოცნელა-საქანელა“, ეკატერინე ჭავჭავაძის ერთ-ერთი საყვარელი ნივთი ყოფილა, რადგანაც სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ტატომ და ეკატერინემ. საქანელაზე წყვილ-წყვილად დაკიდებულ სხვადასხვა ფერის ჭიქებში ღვინოს ასხამდნენ, შემდეგ დაატრიალებდნენ, რომელ წყვილსაც ერთნაირი ფერის ჭიქა შეხვდებოდა, ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. ერთ-ერთი გართობის დროს, რომელიც ჭავჭავაძეებს გაუმართავთ, თურმე, ბარათაშვილს ძალიან გაუმართლა, მას და ეკატერინეს ერთი ფერის ჭიქები შეხვდათ. ამბობენ, ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელიც მთელი ცხოვრება დადიანების ერთგული დარჩა, ამ ნივთს ყველგან თან დაატარებდა, გარდაცვალების დროსაც კი სასთუმალთან ედოო, ბარათაშვილის სიყვარულის ერთადერთი იღბალი კი სწორედ ამ „ბედის ბორბალს“ უკავშირდებაო.
ფრანგული პრესა ახალდაქორწინებული წყვილის — სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შესახებ წერდა: „პრინცესა დადიანი იყო გრაციოზული და წარმტაცი. როგორც დედამისი, ცხოვრობდა ლუვრში. საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან, დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანია მეფობდნენ სამეგრელოში, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სადაც ამბობენ, რომ ქალები ლამაზები არიან“. Ìამეგრელოში დაბრუნებული ამ გრაციოზული და წარმტაცი პრინცესასთვის სამუშაო მაგიდის გარნიტურს სპეციალურად საფრანგეთში უკვეთავდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილია მისი კაბინეტის ნივთები: კალენდარი, საქაღალდე, ცნობილი მოოქროვილი გლობუსი, რომელიც დატრიალებისას იმ ქვეყნის დროის სარტყელს აჩვენებს, რომელზეც გააჩერებთ. ყურადღებას იპყრობს მისი ზანზალაკი, რომლითაც პრინცესა მსახურებს თავისთან უხმობდა.
ექსპოზციაზე გამოფენილი ყველა ნივთი სახელობითია. ოდესღაც დადიანების საოჯახო ფოტოებით შევსებული მოოქროვილი სურათების ალბომი ალექსანდრე მეორეს ნიკო მენგრელსკისთვის უჩუქებია. ფილიგრანული, ოქროს ზარნიშით შემკული დადიანების მემატიანე ალბომი ფრიშესა და გრიუბერის ნაშრომებს აერთიანებს.
აუცილებლად მიიპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას ანდრია დადიანის ერთი ცხენის ფიგურის გარეშე დარჩენილი ყველასთვის ცნობილი საჭადრაკო დაფა და მის მიერ გამოცემული წიგნები, რომელშიც შესულია პირველი ქართველი პროფესიონალი მოჭადრაკის საუკეთესო საჭადრაკო პარტიები. ერთ-ერთი წიგნი, რომელშიც 100 საუკეთესო საჭადრაკო პარტიაა, ანდრია დადიანს, 1903 წელს, თავისი მეგობრისთვის, რუსი ოსტატისთვის — ემანუილ შიფერისთვის შეუკვეთია. წიგნში შიფერს მოჰყავს ციტატა „ბრიტანული საჭადრაკო ჟურნალიდან“: „სამეგრელოს პრინც დადიანის საჭადრაკო პარტიები ფანტასტიკურია და საჭადრაკო ლიტერატურაში ისინი მუდამ ბრწყინვალე წარმატების ნიმუშებად დარჩება“.
მართლაც გამორჩეული ქართველი დიდგვაროვნების ოჯახი საქართველოში, ერთგვარად, ქართული არისტოკრატიის მთავარ ნიშას წარმოადგენდა და მათი ცხოვრების დეტალების თვალის გადავლება წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ცხოვრობდა მაშინდელი ქართული არისტოკრატია. გამოფენაზე წარმოდგენილი სამეგრელოს თვალისმომჭრელი ფაიფური, ბროლი და მინა — თითოეული ნივთი სახელობითია. სამეგრელოს უფლისწულის ჭურჭელი, დადიანების გერბითა და წარწერით — „გორდი“, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ჭურჭლით, მხოლოდ გორდის სასახლეში სადილობდნენ, მასზე ამოტვიფრული „NM“ კი უფლისწულის ინიციალებია — ნიკო მენგრელსკი.
ნიკო დადიანის — სისხლისფერი რაინდის სახელით ცნობილი თავადის ჭურჭელი მეწამულისფერია. ეკატერინე ჭავჭავაძისთვის კერამიკის ცნობილი ოსტატების მიერ დამზადებულ ჭურჭელს მისი თვალისფერითა და მასზე ამოტვიფრული სამეგრელოს ნიშნით — ვერძით — ამოიცნობთ. მსოფლიოდან სამეგრელოში ჩამოტანილი უნიკალური ნივთების ისტორია საუკეთესო მემატიანეა იმისა, თუ როგორი იყო ქართველი დიდგვაროვნების ყოფა.
ამ ექსპონატების თვალის შევლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას ქართველ თავადთა ნადიმზე. განსაკუთრებით ყურადსაღებია ღვინის ჭიქების მოცულობა. პატარა— ერთყლუპიანი ჭიქები მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავადები ნადიმის დროს არ თვრებოდნენ და ღვინოს ძალიან პატარა ჭიქებით მიირთმევდნენ. Ìაქართველოში, მაგალითად, როსტომ ხანის დროს, მამაკაცის თრობა სირცხვილადაც კი ითვლებოდა.
უნიკალური გამოფენა — „დადიანები თბილისში“ — ძვირფას საგანძურს აერთიანებს — სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის პირადი ნივთები, საფრანგეთისა და რუსეთის იმპერატორთა ძვირფასი ტილოები, ნიკოლოზ ბარათაშვილის კუთვნილი ღვინის სასმისი, ვერსალსა და ლუვრში დამზადებული სხვადასხვა ჭურჭელი.
დავით არსენიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელი, დადიანების სასახლეებში დაცულ პირველი ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის ჭადრაკის დაფასა და რუსეთის იმპერატორის ოქროს ალბომთან ერთად, იხილავს საფრანგეთის მარშლის, პრინც იოაჰიმ მიურატისა და ნაპოლეონ მესამის ადიუტანტის, პრინც აშილ მიურატის პირად ნივთებს; მათ დღემდე გამოუქვეყნებელ ფოტოებს; ცნობილი მხატვრის პიერ ბლანშარის, ჟაკ-ლუი დავიდის, ლადიურნერის ტილოებსა და ძვირფას კავკასიურ ხედებსა თუ კავკასიელთა ტიპაჟის პორტრეტებს.
ბარონ დე ბაის უნიკალური ფოტოკოლექცია, რომლის ორიგინალები მხოლოდ საქართველოში ინახება, გამოფენის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშას იკავებს და ბევრ მათგანს ქართველი დამთვალიერებელი პირველად იხილავს. მათ შორის ერთი ძალიან საინტერესო ფოტოა, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ თამაშობენ ერთად პოლოს ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მიურატები, დადიანები და გლეხები. ეს ფოტოკოლექცია ფოტოხელოვანისა და დადიანების მჭიდრო მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.
უნიკალურმა ნივთებმა, ძვირფასი ლითონისგან დამზადებულმა ექსპონატებმა პირველად დატოვეს ზუგდიდის სასახლის საცავები. მსგავსი მასშტაბის გამოფენა ზუგდიდის დადიანების სასახლეებიდან, ბოლო 10 წლის განმავალობაში, თბილისში პირველად მოეწყო. „ამ პროექტზე მართლაც დიდხანს ვფიქრობდით. 2002 წელს დადიანების საგანძური ეროვნულ გალერეაში გვქონდა გამოფენილი, რასაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, დამთვალიერებლების რიგი იდგა. გვინდოდა, ასე გაგვეგრძელებინა სამუზეუმო ცხოვრება, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს ვერ შევძელით. ამდენი დროისა და ფიქრის შემდეგ, ისევ თბილისში ვართ, ახლა ხელოვნების სასახლეში. სულ 200 ერთეული ექსპონატი ჩამოვიტანეთ, რომელიც მხოლოდ მცირე ნაწილია ზუგდიდის სასახლეებში დაცული ექსპონატებისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის მხარდამჭერებს. ვიცი, რომ დამთვალიერებელს გამოფენა ძალიან მოეწონება და იმედია, ჩვენს მუზეუმებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან ვღელავ, თან სიამაყის გრძნობით ვივსები, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დადიანების საგანძური თბილისელ დამთვალიერებელს უმასპინძლებს“ — გვითხრა დადიანების სასახლის დირექტორმა ლილი ბერაიამ.
დამთვალიერებელს გიდობას სტუდენტები გაუწევენ, ეს ჩანაფიქრიც სწორედ პროექტის მთავარ მიზანს — ახალგაზრდებმა გაიცნონ ჩვენი წარსულის უნიკალური საგანძური — ემსახურება.
ზაზა ცოტნიაშვილი, სდასუ-ს წარმომადგენელი: „პროექტი „დადიანები თბილისში“ ერთობ საინტერესოა სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, რადგან მათ საუკეთესო საშუალება ეძლევათ, ცოცხალი პროცესების პირობებში, ექსპოზიციის გაშუქება და გიდობა შეისწავლონ.
ბარონ დე ბაის უნიკალური ფოტოკოლექცია, რომელმაც, პრაქტიკულად, საუკუნეს გაუძლო, საუკეთესო ნიმუშია, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი სტუდენტები ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით დავახელოვნოთ. ამ თვალსაზრისით, მართლაც საინტერესო პროექტია ახალგაზრდებისთვის — კვლევა და სწავლება ერთმანეთთანაა შერწყმული.“
სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია მიიჩნევს, რომ: „დადიანების განძი ერთ-ერთი ლეგენდარულია, არა მარტო კარგად არის შენარჩუნებული, არამედ ყველაზე დიდი რაოდენობის ექსპონატებს მოიცავს ქართველი თავადების შემორჩენილი საგანძურიდან. გამოფენაზე ნახავთ ნივთებს, რომელთა არსებობა საქართველოში ძნელად თუ წარმოგიდგენიათ — საფრანგეთის, რუსეთის, ინგლისის იმპერატორთა პირადი ნივთები, რომლებიც მათ სახსოვრად გადასცეს დადიანებს. აქედან გამომდინარე, ექსპოზიციაზე ძალიან ბევრმა ძვირფასმა ნივთმა მოიყარა თავი. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი სასახლე არ არის, სულ რამდენიმეა, თითზე ჩამოსათვლელი, მათ შორისაა ჩვენი და ზუგდიდის სასახლეები. ჩვენ თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში გადავწყვიტეთ, დადიანების განძის ნაწილი გამოგვეფინა მუზეუმში, რათა ახალგაზრდებმა დაათვალიერონ ქართველების თავადური ცხოვრების ელემენტები.
გამოფენა, გარდა იმისა, რომ მოვახდინოთ საგანძურის პოპულარიზაცია, სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება — დავაინტერესოთ ახალგაზრდობა. აქტიურად ვთანამშრომლობთ სდასუ-სთან. მისი რექტორი, ბატონი თემურ ქორიძე ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ჩვენი მუზეუმისა და ახალგაზრდების დაახლოებას. მუზეუმში სდასუ-ს ბევრი კურსდამთავრებულია დასაქმებული და ძალიან კარგ საქმესაც აკეთებენ.
ამ პროექტზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, თუმცა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, მხოლოდ ახლა მოგვეცა საშუალება, უნიკალური განძი ჩამოგვეტანა თბილისელი დამთვალიერებლისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის სასახლეების, ისტორიული არქიტექტურული მუზეუმების დირექტორს, ქალბატონ ლილი ბერაიას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გამოფენის მოწყობაში. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის გამგეობას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ პროექტის განხორციელებაში, პირადად გამგებლის მოადგილეს, გიზო სართანიას, რომელიც ახლა აქ იმყოფება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი გულშემატკივარი და მცველები ჰყავს დადიანების საგანძურს; მუზეუმის თანამშრომლებს, რომელთა სული და გული გამოჰყვა ექსპონატებს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ამ განძის ჩამოტანის საკითხს ვწყვეტდით, როგორ გამაფრთხილა ერთ-ერთმა თანამშრომელმა: აბა, გიორგი, შენ იცი, როგორ მოუვლი, ჩვენი სული და გული ამ ექსპონატებს თან მოჰყვებაო. მე ამაყი ვარ, რომ ეს „ცხელი გული“ დღეს თბილისშია.“
პროექტის სპონსორის — „თელიანი ველის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თეა კიკვაძემ განაცხადა, რომ: „გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატებიდან, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქართული სასმისებია. ყურადსაღებია, თუ როგორ მიირთმევდნენ ქართველი თავადები სასმელს. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს ახალგაზრდებისთვის.“
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა გამოფენის მნიშვნელობას იმ თვალსაზრისითაც გაუსვა ხაზი, რომ ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონული კულტურის — ხელოვნების გაცოცხლება-აღორძინებას.
მინისტრის მრჩეველმა გიორგი გეგეჭკორმა კი ამ პროექტს გაფანტული საქართველოს ნელ-ნელა ერთ ჯაჭვად შეკრება უწოდა. „სამეგრელოში მოგზაურობის შემდეგ ილია ჭავჭავაძე წერდა: მე ვიყავი სამეგრელოში და ვნახე დიდი საქართველოო. ჩვენი დღევანდელი ბედნიერება სწორედ იმაშია, რომ დღეს ვიწყებთ ამ გაფანტული საქართველოს შეკრებას. დიდი იმედი მაქვს, ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გაფანტული ჯაჭვივით იყო, ნელ-ნელა შემოიკრებს თითოეულ რგოლს. დადიანების სასახლე-მუზეუმის უნიკალური განძი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობაა და მიხარია, რომ მას ისეთი ადამიანი უდგას სათავეში, როგორიც ქალბატონი ლილი ბერაიაა. მან უმძიმეს წლებში მოახერხა ამ მუზეუმების გადარჩენა. პატივი მხვდა, ამ წლებში მეთანამშრომლა მუზეუმთან. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მუზეუმში ჩემი ოთხი ნამუშევარი ინახება, მათ შორისაა ცოტნე დადიანის პორტრეტი. დღეს ჩემს ერთ-ერთ ნაშრომს ბატონ გიორგის გადავცემ მუზეუმისთვის. ეს ადამიანი მართლა დაბადებულია იმისთვის, რომ ემსახუროს ხელოვნებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისედაც საუკეთესო მუზეუმი, კიდევ უფრო საუკეთესოდ ვაქციოთ.“
ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას ამბიციური განცხადება — ლუვრი მინდა გვქონდეს საქართველოშიო — ნაბიჯ-ნაბიჯ მართლაც ხორციელდება. ნახევარ მილიონზე მეტი ექსპონატის მფლობელი მუზეუმი ასეთი საინტერესო პროექტებით კიდევ მეტ ხიბლს სძენს „იდუმალებით მოცულ“ სასახლეს. ვისაც გსურთ დადიანების საგანძურის ხილვა და, თუნდაც, სულ ცოტა ხნით ქართველ თავადთა ეპოქაში მოგზაურობა, აუცილებლად ეწვიეთ ექსპოზიციას, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით კი, გარანტირებულად, კარგა ხანს შეინარჩუნებთ ამაღლებულ სულიერ განწყობას.
ლალი ჯელაძე
|