2012-11-26 გაირიცხებიან თუ არა დისციპლინარული პრობლემის მქონე მოსწავლეები სკოლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც X-XII კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, I-IX კლასის ჩათვლით, სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება არ ჰქონდა. ახალი ინიციატივით კი, ეს უფლება სკოლის ადმინისტრაციას XII კლასის ჩათვლით შეეზღუდება.
განათლების მინისტრი საზოგადოებას ამ პრობლემური საკითხის გადასაჭრელად მსჯელობასა და დისკუსიების გამართვას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები, სამინისტროს ინიციატივას მოიწონებენ, საჯარო სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის პროცედურა გაუქმდება.
ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლა სააღმზრდელო დაწესებულებაა არა მარტო მე-9 კლასამდე, არამედ მე-12 კლასის ჩათვლით. გარკვეულ შემთხვევაში სკოლიდან მოსწავლეების გარიცხვის სამართლებრივი ნორმა, მათი სკოლიდან განთესვის, სეგრეგაციისა და მანიპულირების ინსტრუმენტია. საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორ შეიძლება სკოლამ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება - სააღმზრდელო ფუნქცია“.
მინისტრის განმარტებით, სკოლებში დისციპლინის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ ერთ-ერთი ალტერნატივა ამ კუთხით შესაძლოა, სწორედ ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს.
„ჩვენ გვსურს, საზოგადოებამ, განსაკუთრებით მშობლებმა, მიიღონ გადაწყვეტილება, რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მოსწავლის დისციპლინარული პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს და არ მოხდეს პრობლემისგან გაქცევისა და გადავადების ფაქტები.“ — აცხადებს მინისტრი და თხოვნით მიმართავს საჯარო სკოლებს, პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და ექსპერტებს, გამოეხმაურონ სამინისტროს ინიციატივას და პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა ორი კვირის ვადაში წერილობით წარმოადგინონ. მისივე განცხადებით, შესაბამის კანონში ცვლილებები კონსულტაციების დასრულებისთანავე შევა.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: ჩვენი ურთიერთობა საზოგადოებასთან ინტენსიურად გრძელდება. დღეს, გვინდა საზოგადოების სამსჯავროზე გავიტანოთ კიდევ ერთი ახალი შეხედულება და ამ საკითხის განხილვაში მოველით აქტიურ ჩართულობას როგორც მედიისგან, ასევე ექსპერტებისგან, მასწავლებლებისგან და პროფესურისგან. საკითხი ეხება კანონის რეგულირებას, რომლის მიხედვითაც, მეცხრე კლასის ჩათვლით, საჯარო სკოლებში მოსწავლის გარიცხვის პროცედურა აკრძალული გვაქვს. გვინდა ეს რეგულირება გავზარდოთ მეთორმეტე კლასის ჩათვლით. მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: არ მიგვაჩნია, რომ გარიცხვა არის პედაგოგიური ქმედება, რომელიც რაღაც პოზიტიურს იწვევს აღზრდის თვალსაზრისით. სკოლა მინი-სოციუმია. ამ სოციუმში მოსწავლემ, პედაგოგებთან ერთად, უნდა მოახერხოს თანაცხოვრების აწყობა და ვალდებულება ასეთი თანაცხოვრების აწყობაზე, მიგვაჩნია, რომ არის საზოგადოებაზე, მშობლებზე, აღმზრდელობით კოლექტივზე. ვიცით, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები და ეს იხმარება ერთ-ერთ დისციპლინარულ ზომად ისეთი მოსწავლეების დასასჯელად, რომლებიც არ ექვემდებარებიან დისციპლინარულ ზემოქმედებას. ჩვენი იდეაა, შევთავაზოთ საზოგადოებას ფსიქოლოგიური სამსახურები, რომლებიც ასეთ მოსწავლეებს (სკოლას, მშობლებს, პედაგოგებს) კლასიდან მოწყვეტის გარეშე დაეხმარებიან, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს კლასის ფარგლებში.
ეს არის ჩვენი შეხედულება, რომელსაც ვაწვდით ჩვენს კოლეგებს. მოველით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში ჩატარდება პედკოლექტივის შეხვედრები, ისინი გააკეთებენ თავიანთ დასკვნას და ორი კვირის მანძილზე, დაახლოებით ერთი გვერდის ფარგლებში, მოგვწერენ თავიანთ არგუმენტებს ამ ინიციატივის მხარდასაჭერად, ჩასასწორებლად ან უარსაყოფად. ველით თქვენს გამოხმაურებას. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, თუ შესაძლებლობა იქნება, ამ საკითხზე დისკუსიის მიზნით გაუხსნათ ეთერი ჩვენს ექსპერტებს, მასწავლებლებს, მშობლებს, რომ მათ გამოთქვან თავიანთი აზრი და მომავალი ცვლილება, რომელსაც, შესაძლოა, თქვენთან ერთად გავატარებთ ამ მიმართულებით, იყოს ფართო განხილვის საკითხი.
ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: ჩვენი ამოცანაა, სკოლის ცხოვრებაში არსებული ესა თუ ის პრობლემა გავხადოთ საზოგადოების განსჯის საგანი. ვფიქრობთ, რომ რეგულირება, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამე საფეხურიდან მოსწავლის გარიცხვას, თუ ამას არ აქვს სათანადო მექანიზმები, სათანადო პროცედურები, კარგად გააზრებული პოლიტიკა და არ არის სიღრმისეულად ბოლომდე ჩამოყალიბებული შეიძლება, რიგ შემთხვევებში, გახდეს მანიპულირების საგანი, მოსწავლეების განთესვის საგანი და სეგრეგაციის საფუძველი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორ შეიძლება სკოლამ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება — სააღმზრდელო ფუნქცია, რას ვაკეთებთ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არღვევენ დისციპლინას, ან არ გამოირჩევიან ორდინალური ქცევებით. ბუნებრივია, მექანიზმი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას კონკრეტულად, კვალიფიცირებულად გავარკვიოთ, რაში მდგომარეობს პრობლემა — ეს არის წმინდა დისციპლინური ხასიათის ქმედება, ეს არის მოსწავლეების გარკვეული პროტესტი, დავუშვათ უხარისხო სწავლების მიმართ, თუ ეს არის წმინდა ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური თემები, რომლებიც სხვა ტიპის ინტერვენციას საჭიროებს. დღევანდელი სკოლა ასეთ მექანიზმებს, მართვის ტექნოლოგიებს, ჩვენი აზრით, მოკლებულია. ამიტომ გვინდა, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ ეს თემა. პარალელურად, ბუნებრივია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მუშაობას, როგორ მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა უფრო კვალიფიცირებულად. ჩვენ არ ვაპირებთ ერთი ხელის მოსმით რაღაცის შეცვლას, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი არ მიგვაჩნია სააღმზრდელო პოლიტიკის გატარების სრულყოფილ ინსტრუმენტად.
მაკა ყიფიანი
|