2012-03-28 ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საქართველო — თითოეული ბავშვის უფლების რეალიზაციისათვის „საქართველო და ბავშვის უფლებათა კონვენცია“ — განახლებული მონაცემები საქართველოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ — მორიგი პუბლიკაცია გაეროს ბაშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ გასული წლის ბოლოს მოამზადა და ერთგვარად შეაჯამა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებასა და ათასწლეულის განვითარების მიზნებს უკავშირდება. გამოცემაში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაც საქართველომ მიაღწია ბოლო პერიოდში ბავშვების საკეთილდღეოდ. მტკიცებულებები ცალსახაა: საქართველოში 10 წლის წინ დაბადებული ბავშვი მნიშვნელოვნად უარეს პირობებში იყო, ვიდრე დღეს. კონკრეტულად, რა გაუმჯობესდა ბავშვთა მდგომარეობის მხრივ, ამის შესახებ გვესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში.
— როგორია საქართველოში ბავშვთა მდგომარეობა და რა გაუმჯობესდა წინა წლებთან შედარებით?
— ბავშვების სიტუაცია დღეს საქართველოში უკეთესია, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ჩავატარეთ კვლევა, რომლის პრეზენტაცია შარშან იყო ნოემბერში. ეს არის განახლებული მონაცემები საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, სადაც მოკლედ არის აღწერილი, სხვადასხვა სფეროში, რა ვითარებაა ბავშვთა მდგომარეობის მხრივ. ბევრი ინდიკატორით, მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით — მაჩვენებელი შემცირებულია, და ასევე, მდგომარეობა გაუმჯობესდა ძირითადი სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
როგორც აღვნიშნე, ბავშვთა სიკვდილიანობა და ავადობა, მეტწილად, თავიდან აცილებადია. კვლევის შედეგად, ასეთი მაჩვენებლები გვაქვს: 1999 წლიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი მესამედით შემცირდა, ე.ი. 1000 ცოცხლადშობილიდან 45 ლეტალური გამოსავალი 16-მდე დაეცა, 2010 წელს. ამავე პერიოდში, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობამ იკლო 42-დან 14 შემთხვევამდე, 1000 ცოცხლადშობილიდან; გაუმჯობესდა ქალებისა და ფეხმძიმე ქალების სამედიცინო მომსახურების სერვისები; ასევე, გაუმჯობესდა მდგომარეობა განათლების სფეროში ბავშვთა ჩართულობის მხრივ — უფრო მეტი ბავშვია ჩართული საშუალო და დაწყებითი განათლების სფეროში; მეტი ხელმისაწვდომობაა აივ/შიდსის მკურნალობასთან დაკავშირებით. მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა არის მიმართულებები, რომლებიც ისევ პრობლემატური რჩება. გამოვყოფდი ორ სფეროს, სადაც ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და პრობლემები — სიღარიბე და უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის. საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სოციალური დანახარჯების მხრივ. შესაბამისად, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა გადაიჭრას, თუ გვსურს, დავიცვათ ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებები და 2015 წლამდე მივაღწიოთ ათასწლეულის განვითარების მიზნებსა და ათასწლეულის დეკლარაციით გათვალისწინებულ ხედვებს.
იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, აუცილებელია თანასწორობაზე ორიენტირებული სკოლამდელი განათლების სფერო, რადგან უღარიბეს ოჯახებში მცხოვრები ხუთი წლის ასაკის ბავშვები დღეს ნაკლები ალბათობით დადიან სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში, ვიდრე მათი თანატოლები შეძლებული ოჯახებიდან. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება, სპორტის, ჯანსაღი კვებისა და გუნდური მუშაობის ღირებულებების პოპულარიზაციის გზით, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად. სოფლად სანიტარული პირობების საკითხებს დამატებითი ყურადღება უნდა დაეთმოს. უნდა აღიკვეთოს სოციალური იზოლაცია, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, ვინაიდან ისინი ხშირად გარიყულები და იზოლირებულები არიან. ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დროულად იდენტიფიკაცია და მასზე რეაგირებაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
უნდა შენარჩუნდეს თანასწორუფლებიანობისადმი ერთგულება, რისი შედეგიცაა უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესი.
— ჩვენი გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მინდა გავამახვილოთ ყურადღება განათლების მიმართულებით — პრობლემები, რომელიც არსებობს და რა კეთდება მათ დასაძლევად?
— როგორც აღვნიშნე, ჩვენ ჩავატარეთ საფუძვლიანი მიმოხილვა ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი სურათი: საშუალო სკოლაში ჩარიცხვის მთლიანი მაჩვენებელი (1999 წელს) 79 პროცენტიდან 90,1 პროცენტამდე გაიზარდა (2009 წელს) და არ აღნიშნულა გენდერული უთანასწორობა. თუმცა, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა, უახლოეს წარსულში, შეშფოთება გამოთქვა სკოლიდან ბაშვების გამოსვლის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო მაღალ კლასებში, განსაკუთრებით — სოფლად.
დაწყებითი სკოლის ასაკის თითქმის ყველა ბავშვი დადის სკოლაში; სასწავლო პროცესში ერთნაირად არიან ჩართული როგორც შეძლებული ოჯახის შვილები, ისე ღარიბი ოჯახის. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ კვლევამაც იგივე დაადასტურა. როდესაც გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, 12-13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების განათლებაზე, ვიგებთ, რომ სკოლებში ღარიბი ოჯახის ბავშვების ჩართულობა თანდათან იკლებს.
რეგიონების მიხედვით კვლევამ კი აჩვენა, რომ მთლიანობაში (12-დან 16 წლამდე განათლება) ჩართულობის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ მაინც არის დარჩენილი ბავშვების 5%, რომელიც სკოლაში არ დადის. თუ რეგიონების მიხედვით დავყოფთ, კახეთში ბიჭების 15% არ დადის სკოლაში. არადა, იუნისეფის სახელით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვამბობთ, რომ გოგონების განათლება უნდა იყოს პრიორიტეტული, კახეთში კი, რატომღაც, იმ ჯგუფს, რომლებიც მოკლებულნი არიან განათლებას, ბიჭები განეკუთვნებიან.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მდიდარი გოგონების 20%-ს და უღარიბესი გოგონების 20%-ს შორის გამოკვლევამ აჩვენა — მათ შორის განსხვავება არ არის, ანუ თანაბრად არიან ჩართული სასწავლო პროცესში ორივე კატეგორიის გოგონები და სკოლაში დადიან.
სხვა სურათია ბიჭების მხრივ — ღარიბი ოჯახების ბიჭების ჩართულობა სასწავლო პროცესში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გოგონების. ეს არის პირველი დაკვირვება განათლებასთან დაკავშირებით.
მეორე დაკვირვება სკოლამდელ განათლებას ეხება, ანუ 3-დან 6 წლამდე ბავშვების განათლებას. კვლევა ჩატარებულია ღარიბი და მდიდარი ფენების ბავშვების (3-დან 6 წლამდე) ჩართულობაზე სკოლამდელ დაწესებულებებში. აღმოჩნდა, რომ ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ღარიბი ბავშვების ჩართულობა გაცილებით დაბალია. ამ შემთხვევაში, აქ ასევე, გარდა შეძლებისა, იგულისხმება ხელმისაწვდომობაც — ზოგადად არსებობა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისა, რამდენადაც უღარიბესი ბავშვები, უფრო მეტად სოფლებში ცხოვრობენ, სოფლებში კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებადაა.
ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელსაც ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ექცევა და ამიტომაც მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო სკოლამდელი აღზრდის განათლებაზე. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან სკოლამდელი განათლების სისტემაში, უფრო კარგ აკადემიურ მოსწრებას ავლენენ სკოლაში, ანუ უკეთესად სწავლობენ, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც არ მიუღიათ სკოლამდელი განათლება. თუ ჩვენ გვინდა, რომ საშუალო განათლების ხარისხი გავაუმჯობესოთ, ინვესტიცია სკოლამდელ განათლებაში უნდა ჩავდოთ, რათა უზრუნველვყოთ ბავშვების სწავლა საბავშვო ბაღებში — სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
საქართველო გამოირჩევა დაბალი ჩართულობით არა მარტო საშუალო განათლებაში, არამედ სკოლამდელი განათლების თვალსაზრისითაც. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც სკოლამდელი განათლების აუცილებლობას ეხება. არსებობს სხვა არგუმენტებიც. მე გამოვყავი ორი პრობლემური მიმართულება: ერთი — სიღატაკე და მეორე — ახალგაზრდობის უმუშევრობა. ამ პრობლემებზე ყურადღება კიდევ ერთხელ იმიტომ გავამახვილე, რომ სკოლამდელი განათლება ორივესთან პირდაპირ კავშირშია. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებს, რომლებიც ჩართული არიან სკოლამდელი განათლების სისტემაში, ნაკლები შანსი აქვთ, იყვნენ ღარიბები და მეტი შანსი აქვთ მომავალში იყვნენ დასაქმებულები, ანუ სკოლამდელი განათლება პირდაპირ აისახება მათ მომავალზე. ამიტომაც, თამამად შეიძლება გითხრათ, რომ ინვესტიციის ჩადება სკოლამდელი განათლების სფეროში ძალიან ეფექტური და აუცილებელი საქმეა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და უზრუნველვყოთ 3-დან 6 წლამდე ბავშვის განათლება, რითაც შემდგომში გავაუმჯობესებთ როგორც საშუალო განათლების ხარისხს, ასევე ზოგადად საზოგადოების განვითარებასაც.
როგორც გითხარით, ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს მხრიდან, განათლების მიმართულებით, სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს სკოლამდელი აღზრდის სექტორის რეფორმას გაეროს ბავშვთა ფონდსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. რეფორმა ითვალისწინებს: ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდას; სკოლისათვის მზადყოფნის ხელშეწყობას; აკადემიური მოსწრებისა და სკოლებში სწავლის შედეგების გაუმჯობესებას.
2011 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ძალისხმევით, შემუშავდა შემდეგი სახელმძღვანელოები: „სკოლამდელი განათლების სასწავლო პროგრამა“; „სახელმძღვანელო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პედაგოგებისათვის“; „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრატორთა სახელმძღვანელო, პრინციპები და სკოლამდელი ასაკის შეფასების ფორმები“. სახელმძღვანელოები გავრცელდა ყველა მუნიციპალიტეტსა და საბავშვო ბაღში, საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, შეიქმნა ინოვაციური მეთოდოლოგია სკოლამდელი განათლების დონეზე ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლებისათვის.
2011 წელს, „იკეას“ ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ორწლიანი პროგრამა „განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის ადრეული ასაკის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, განათლების ხარისხს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, განსაკუთრებით ახლანდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით, ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ამას ვაფასებთ — იგივე კურიკულუმების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ.
მაგრამ გვესმის ისიც, რომ გარკვეული დრო, ალბათ რამდენიმე წელია საჭირო, ხარისხი რომ გამოჩნდეს. ამ კუთხით, სერიოზული ინვესტიციაა აუცილებელი, შესაბამისად, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კურიკულუმის ხარისხის კიდევ მეტად გაუმჯობესება და სხვ., რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
მე, როგორც იუნისეფის წარმომადგენელი, ვთანამშრომლობ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია განათლების პროექტებში. ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია სწორედ სკოლამდელ განათლებას ეხება — ვისურვებდით, 2015 წლისთვის, საქართველოში, ბავშვების 80% იყოს ჩართული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. მერწმუნეთ, ეს იქნება ყველაზე კარგი ინვესტიცია, რომელსაც ქვეყანა განახორციელებს.
— მიმდინარეობს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რას გულისხმობს და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მისი განხორციელების შემთხვევაში?
— ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად (ჩვენც ასე ვფიქრობთ), ბავშვები არ უნდა იყვნენ დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებებში, ანუ ბავშვთა სახლებში, სწორედ ამიტომ იხურება დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციები. მსგავსი დაწესებულებები, საერთაშორისო დონეზე, ბაშვებისათვის ყველაზე ნაკლებ შესაფერისადაა აღიარებული. ისინი ოჯახებში ან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ადგილებში გადადიან. წლის ბოლომდე ყველა ასეთი ინსტიტუციური დაწესებულება დაიხურება. 2011-2012 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოში ითვალისწინებს, დიდი ზომის დაწესებულების ნაცვლად, 72-მდე მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის შექმნას, სადაც 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ასევე მინდობით აღზრდის სისტემის გაუმჯობესებას, ანუ ყველა ბავშვი, რომელიც ამჟამად დიდი ზომის ინსტიტუციურ დაწესებულებაში ცხოვრობს, უნდა დაუბრუნდეს ოჯახს, პრიორიტეტი ენიჭება ბიოლოგიურ ოჯახებს. მეორე ალტერნატივა შვილობილობაა — მინდობითი აღზრდა. მესამე ალტერნატივა, თუკი დასახელებული ორი ალტერნატივიდან არც ერთი არ იმუშავებს, იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლი, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ — 8-10 ბავშვი დედობილთან, მამობილთან და აღმზრდელებთან ერთად იცხოვრებს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ სახლში. ამჟამად, სახელმწიფო აწარმოებს დიდი ზომის დაწესებულებებში მცხოვრები 915 ბავშვის საჭიროებების შეფასებას. რეფორმის შედეგად, როგორც მოგახსენეთ, ამ ბავშვების 70 პროცენტამდე უსაფრთხოდ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში; დანარჩენი 30 პროცენტი კი, განთავსდება მინდობით ოჯახებსა და მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში.
ბავშვთა სახლებში, ასევე, ცხოვრობენ უნარშეზღუდული ბავშვებიც. ჩვენი აზრით, მათი ადგილი იქ არ არის. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ მთავრობასთან. უნდა გაიხსნას დღის ცენტრები, სადაც უნარშეზღუდული ბავშვები დღის განმავლობაში იქნებიან და მიიღებენ ყველა სახის სერვისსა და დახმარებას. გარდა ამისა, ეს ცენტრები იფუნქციონირებს, როგორც საკონსულტაციო ცენტრები უნარშეზღუდული ბავშვების მშობლებისთვის, სადაც ისინი საჭირო ინფორმაციას მიიღებენ, როგორ იმუშაონ და მოუარონ უნარშეზღუდულ ბავშვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ამ ბავშვებთან მიმართებაში ინკლუზიური განათლება. ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტებთან, რათა ეს ბავშვები სკოლამდელ განათლებაში ჩავრთოთ.
— სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ კანონთან კონფლიტქში მყოფი არასრულწლოვანები, რა კეთდება ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ?
— რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს — „არასრულწლოვანი და კანონი“ — აქაც დიდი რეფორმა მიმდინარეობს და ჩვენ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან. საქართველოში სასჯელაღსრულების საკმაოდ ხისტი და მკაცრი სისტემა მოქმედებს იმ ბავშვების მიმართ, ვინც დანაშაულს ჩადიან. მიგვაჩნია, რომ კანონდამრღვევი მოზარდები მაქსიმალურად უნდა იყვნენ განრიდებული პატიმრობას, ციხეებს. ბავშვი მხოლოდ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა ხვდებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ანუ პატიმრობა მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს არასრულწლოვანთათვის. ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში, საქართველოში, საკმაოდ მკაცრი იყო კანონი მოზარდის მიმართ. სწორედ ამ პერიოდში, ძალიან ბევრი ბავშვი მოხვდა ციხეში. მათ მიმართ გამოიყენებოდა საპატიმრო ზომები და სასჯელები, არ არსებობდნენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე მოსამართლეები; ასევე, არ არსებობდა ისეთი სათემო პროგრამები, რომლებიც სისხლის სამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ალტერნატივა იქნებოდა. არასრულწლოვან კანონდამრღვევთათვის არ იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამები. ამ მიმართულებით, როგორც გითხარით, ძირეული რეფორმა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ყველა სფეროში: პოლიტიკის შემუშავება, პენიტენციური სისტემა, პრობაცია და განრიდება. სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა მიმართ სრულიად ახლებური მიდგომა დაინერგა, მათ შორის, შემოღებულ იქნა მსჯავრდებულ არასრულწლოვანთათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმები, რაც მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას უწყობს ხელს. განხორციელდა არასრულწლოვანთა საცხოვრებელი და სასწავლო ოთახების რეაბილიტაცია და აღჭურვა. პატიმრობის ახალი კოდექსის თანახმად, კანონდამრღვევ არასრულწლოვანს ეძლევა განათლების, დასვენებისა და შინაარსიანი საქმიანობის უფლება.
რაც მთავარია, ამუშავდა განრიდების პროგრამა — იუსტიციის სამინისტრომ და სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ აღიარეს სამართლებრივი ღონისძიებების, როგორც უკიდურესი ზომის, გამოყენების აუცილებლობა და განახორციელეს მართლმსაჯულების სისტემიდან განრიდების ეროვნული მექანიზმების პილოტირება საქართველოს ექვს დიდ ქალაქში ისეთი ბავშვებისათვის, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. განრიდება ითვალისწინებს — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე პროკურორის უფლებას, დევნის ნაცვლად აარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და გამოიყენოს ალტერნატიული ფორმები მის მიმართ. თუ არასრულწლოვანი წარმატებით გაივლის განრიდების პროგრამის ყველა საფეხურს, სასამართლო არ განიხილავს მის საქმეს და არც ნასამართლეობის ჩანაწერი იარსებებს. სავარაუდოდ, განრიდების სქემის გამოყენების გზით, ბრალდებულ ან მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა 33 პროცენტით შემცირდა. ასევე, ვთანამშრომლობთ მთავრობასთან იმ მიმართულებით, რომ იმ ბავშვების მდგომარეობა, ვინც უკვე იხდიან სასჯელს საპყრობილეში, ნორმალური და ადეკვატური იყოს და, რაც მთავარია, მათ განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ.
— რა მდგომარეობაა ჯანდაცვის სფეროში და რა პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით?
— რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სისტემა მთლიანად პრივატიზებულია, იხსნება ახალი საავადმყოფოები. რასაკვირველია, კარგია, როცა ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, ეს ხელს უწყობს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მაგრამ აუცილებელია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სამედიცინო დახმარების და მომსახურების ყველასთვის ხელმისაწვდომობა. მივესალმებით სამედიცინო დაზღვევის პროგრამებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, მაგრამ არის ღარიბი ოჯახები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ამ დაზღვევით და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გააფართოვოს ეს პროგრამები — გაზარდონ იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ისარგებლებენ სამედიცინო დაზღვევითა და სხვა სოციალური პროგრამებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დაავადებების პრევენციის პროგრამები, განსაკუთრებით „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ პოპულარიზების მიმართულებით — თამბაქოს, ნარკოტიკების, აივ/შიდსის და ა.შ. წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიები. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ პირველი ლედის კამპანიასთან ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზების მიზნით. სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, სადაც აივ/შიდსის შემთხვევები 25 პროცენტზე მეტად გაიზარდა, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ამ პრობლემის დასაძლევად მთავრობა სერიოზულ სტრატეგიულ გეგმას ახორციელებს. 2010 წლის აგვისტოში ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმმა დაამტკიცა 2011-2016 წლების აივ/შიდსის ახალი ეროვნული სტრატეგიული გეგმა, რომლის მიზანია ეპიდემიის გავრცელების შეზღუდვა, განსაკუთრებით მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში და აივ/შიდსით ინფიცირებული ადამიანების მკურნულობის შედეგების გაუმჯობესება. აუცილებელია აივ/შიდსის მიმართ ახალგაზრდების დაუცველობის ხარისხის შემცირება ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების გზით — პრევენციული პროგრამების გაფართოება ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მოხმარების დაწყების თავიდან აცილებისა და სხვა სარისკო ქცევების შემცირების ხელშეწყობით.
— როგორია თქვენი შთაბეჭდილება ჩვენს ქეყანაზე, იუნისეფის მიღმა?
— ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მომწონს აქ ცხოვრება. ხალხი გამორჩეულად კეთილგანწყობილი და მეგობრულია.
არაჩვეულებრივია თქვენი სასმელი და საკვები... თბილისში ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ, მათაც ძალიან მოსწონთ საქართველო.
მე ისევ საქართველოს ბავშვებს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ჩემი სურვილია უფრო მჭიდრო და მეტი თანამშრომლობა როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე სხვა სამინისტროებთან, რათა ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში ეფექტურად გაუმჯობესდეს. ჩვენ ერთად გვაქვს საჭირო ცოდნა და რესურსი თითოეული ბავშვის უფლების რეალიზაციისათვის. ბავშვთა უფლებები უზრუნველყოფს ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნებას, მათ განვითარებასა და კეთილდღეობას. ამის გარეშე შეუძლებელია ისეთი ქვეყნის მშენებლობა, რომელიც ათასწლეულის დეკლარაციითაა გათვალისწინებული — ქვეყნისა, სადაც სუფევს მშვიდობა, თანასწორობა, უსაფრთხოება, დაცული გარემო, მოკლედ — ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი საქართველო.
ესაუბრა
ლალი ჯელაძე
|