2012-03-21 გურჯები ოსმალთა იმპერიაში - „გადარჩენილი და ერთგული ერი“ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. გამოფენა, ინფორმაციულობის თვალსაზრისით, მართლაც ბევრისმომცველია, რადგანაც წარმატებული გურჯების ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეობას ასახავს, ასეთები კი, როგორც ჩანს, სამკაოდ ბევრნი ყოფილან. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გურჯები კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და, როგორც პროფსიონალები, ფასობდნენ.
დამთვალიერებელი გაიცნობს ბევრ წარმატებულ ქართველ მუსულმანს და შეიტყობს იმასაც, რომ მათ სახელს ოსმალთა იმპერიის განვითარებაში ბევრი რამ უკავშირდება — ბატონი მეჰმედ ეძინი, ოსმალელი მეცნიერი, განათლების მუშაკი, ბატონი თავდგირიძე ოსმანის შვილი ყოფილა. სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის მასწავლებელი გახდა, შემდეგ — მექქეს, მედინესა და იზმირის მოსამართლე. ანატოლიის განათლების ხელმძღვანელის პოსტზეც დაინიშნა და მისი სახელი, საბოლოოდ, ოსმალეთის ისტორიაში, მითჰაათ ფაშასთან ერთად, პირველი კონსტიტუციის ჩამოყალიბებით ჩაიწერა. რესპუბლიკის დროს, მის გამოცდილებასა და ნაშრომებზე დაყრდნობით დაარსდა ვაქიფლარ ბანკი.
ექსპოზიციაზე მთავარ ვეზირთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: იუსუფ ზია ფაშა (სადრაზმი), მის სახელს უკავშირდება 1801 წელს ეგვიპტის განთავისუფლება საფრანგეთისგან; ჰუსრევ მეჰმედ ფაშა, მთავარი ვეზირი, მე-19 საუკუნეში ყველაზე გამორჩეული მოღვაწე ყოფილა, უამრავი სახელმწიფო მოღვაწე აღზარდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი ვეზირები; მეჰმედ ფაშამ ოსმალეთის ისტორიაში, პოლიტიკურად ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში, დაიკავა მთავარი ვეზირის თანამდებობა და მის მიერ შესრულებული რწმუნებულობით ცენტრალურ უწყებებში ყველაზე გაწონასწორებული და გამოცდილი ადამიანის სახელი მოიხვეჭა. რწმუნებულობის პერიოდში მან განმუხტა შექმნილი დაძაბულობა, მოაგვარა ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფო რეპუტაციის აღდგენაც შეძლო.
გამოფენაზე წარმოდგენილ გურჯებს შორის ასევე ყურადღებას იქცევს მარშალი ალი საიფ ფაშა, რომელიც მუჰაჯირის ოჯახში დაიბადა. ის იშკოდრასა და მანასტირის გუბერნატორი ყოფილა, ერთხელ — ზაფთირე დამკვირვებელი და ორჯერ — უმაღლესი სამხედრო მოსამართლე. მარშალის თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა 1891 წელს, მისი საფლავი სტამბოლში, ჩემბერლითამშში ინახება.
პირველი თურქული სტამბის დაარსებაც მუსლიმან ქართველს უკავშირდება — მეჰმედ ფაშა — ირმისექის ჩელებიზადე. ის მოიხსენიება, როგორც მხატვარი, ვეზირი, სტამბის ხელმძღვანელი და ელჩი. მეჰმედ ფაშა, იბრაჰიმ მეთეფერრიქთან ერთად, პირველ თურქულ სტამბას აარსებს. ამის გარდა, უამრავ თანამდებობაზე მუშაობს და 1755 წელს მთავარი ვეზირიც ხდება. ამ თანამდებობაზე ცოტა ხანი იმუშავა და კარიერა ეგვიპტის, ადანის, ქონიის და მარაშის გუბერნატორის თანამდებობებზე გააგრძელა.
მედიცინის დარგში წერს ნაშრომს სახელწოდებით „ფერაიდულ მეფრედათ“. პარიზიდან ჩამოტანილი ტაბლოებით, განსაკუთრებით დევნის მინიატურებით, დასავლური სტილის შექმნას უხსნის გზას; ექსპოზიციის „გურჯებს“ შორის ნახავთ მემედ აბაშიძის, აჭარელი ალი რიზას, ალი რიზა ფაშას, დავუდჰანის (ქართლის მეფე ლუარსაბის ვაჟიშვილი) და სხვათა ამსახველ ფოტომასალასაც.
წარმატებულ გურჯებს შორის ერთ-ერთი ქალბატონიცაა. მისი სახელი „გალათა ხიდს“ უკავშირდება, რომელიც ბეზემი ალემ ვალიდე სულთანმა,1845 წელს, ხისგან ააგებინა. ქართველი წარმოშობის ქალბატონი, იმავდროულად ოსმალეთის მეფის დედაც იყო. 1853 წლის 3 მარტს, ბეშიქტაშში გარდაიცვალა. ეს ქალბატონი სასახლეში წინ აღუდგა მფლანგველობას და უამრავი სასიკეთო საქმეც გააკეთა. მათ შორის ყველაზე მთავარი სწორედ „გალათა ხიდია“. სტამბულში ააშენა საქველმოქმედო საავადმყოფო „გურაბე“, ქალაქ მექქეში კი — „გურაბაი მუსლიმინი“. ამის გარდა, მის სახელს უკავშირდება პირველი დაგეგმილი სკოლა-სასწავლებლის მშენებლობაც. ეს სკოლა, 1933 წლიდან მოყოლებული, სტამბოლის გოგონათა სკოლის სახელწოდებით, დღემდე ფუნქციონირებს. მედინეში მის მიერ დაარსებული უამრავი ქუჩა და გზაა. ამ ქალბატონმა დახმარება გაუწია სხვადასხვა ფონდებს.
დამთვალიერებლის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს დივრილი ულუ მეჩეთის — მინბერის ფოტო — საქადაგებელი ადგილი მეჩეთში, რომელიც მსოფლიოში „დარუ-შიფასის“ სახელწოდებითაა ცნობილი და ეს უბადლო ქმნილება მსოფლიო კულტურის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ჩვენთვის ყურადსაღები კი იმითაა, რომ სელჩუკების პერიოდში, ანატოლიაში (1228 წელს) აშენებული მენგუჯე ბეის მიერ და ოსტატი, რომელსაც მინბერი გაუკეთებია, თბილისელი იბრაჰიმ ოღლი აჰმედია. გურჯ მეცნიერთაგან ყურადღებას იპყრობს აჰმეთ ქამილ ეფენდი, სილივრის ქართველი მუფთის, ბატონ ოსმანის შვილი. ის მედრესეს მასწავლებელიც ყოფილა, მისტიკიც და პოეტიც. მას დერვიშთა სავანეც ჰქონია, მისი ნაწარმოებები 1872 წელს დაბეჭდილა. ერთ-ერთი მეცნიერ მისტიკოსი მუჰამმედ ფეეზი კი ბათუმში დაბადებულა და ბატონი შერიფის ვაჟია. მან მისტიციზმის მიმართ დამოკიდებულება გადმოსცა ნაწარმოებში „თასავვუფი“ , ხოლო მორალურ-ზნეობრივი შეხედულებები — ოსმალურ ენაზე დაწერილ ნაწარმოებში „ელ-მეჯმიულ ფევზიეში“.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ წარმატებული გურჯებისა — მუსლიმი ქართველებისა, რომლებმაც მართლაც გასაოცარი წარმატება და სახელი მოიხვეჭეს ოსმალეთის იმპერიაში და დღემდე მათ ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
გიორგი კალანდია, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი: „საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი მუზეუმისა და, შეიძლება ითქვას, თბილისის ისტორიაში მასპინძლობს საოცრად მნიშვნელოვან გამოფენას „ქართველი გურჯები ოსმალეთის იმპერიაში“. ეს გამოფენა მრავალმხრივ საინტერესოა, რადგან ბევრი ისეთი მასალა, რასაც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს, პირველადაა ამ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გამოფენის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს მასალები თქვენთვის ყოფილიყო ცნობილი, გახლავთ ადამიანი, რომელთანაც ჩვენ გამორჩეულად ვმეგობრობთ. ესაა ბატონი ალი რიზა ალთუნელი (დარბაზიშვილი), „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ქალაქ სტამბულის მერის მოადგილე, რომელიც დღეს აქ იმყოფება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინტერნეტჟურნალ „ამბიონს“, რომელიც ამ საქმეში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ამ გამოფენაზე კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები ქართველი კაცის ნიჭიერება. მიუხედავად მრავალი ისტორიული ძნელბედობისა, ქართველები ახერხებდნენ, შეენარჩუნებინათ თავიანთი ენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ქართულ ენას ამჟამადაც სწავლობენ და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ორჰან სარდაგს, რომელიც ქართულს დღესაც ასწავლის ახალგაზრდობას, რის გამოც მისი მადლობლები ვართ“.
ლელო ჭიჭინაძე, საგამოფენო პროგრამების ხელმძღვანელი: „როგორც ცნობილია, საქართველოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი თუ სხვა აღმსარებლობის ადამიანები. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი და სხვა მოღვაწეები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველა აღმსარებლობის ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, მიეჩნიათ ამ ერის ნაწილად. რა თქმა უნდა, მათ ქართული ენა და კულტურა აერთიანებდათ. ეს გამოფენაც სწორედ ამის მაგალითია. წარმოდგენილი არიან ის ქართველები, რომელთაგან ნაწილი საქართველოშია დაბადებული და შემდეგ არის წასული თურქეთში, ნაწილი კი თურქეთის ტერიტორიაზე დაიბადა. მიუხედავად იმისა, რა პირობებში იმყოფებოდნენ მშობლები, მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას, უფრო სწორად დიდ წარმატებას. გამოფენაზე, მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი იმ მოღვაწეებისა, რომლებიც ძალიან წარმატებულები იყვნენ თურქეთის ტერიტორიაზე. როგორც ვიცით, ოსმალეთის იმპერიაში, მე-19 საუკუნეში დაიწყო მუჰაჯირობა და ეს იყო კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის, ძირითადად, იძულებით გადასახლება. ეს ხდებოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ქართველი მუჰაჯირები სახლობდნენ დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე და სტამბულში. მათმა ნაწილმა დღემდე შემოინახა მშობლიური ენა და ზოგიერთი ზნე-ჩვეულებაც კი. თურქეთის ტერიტორიაზე ათობით სოფელია, რომელთა მკვიდრებს შენარჩუნებული აქვთ თავიანთი ეთნიკური წარმომავლობა. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ჩამოყალიბებული აქვთ სხვადასხვა ფონდები, გაერთიანებები, აგიტაციას უწევენ ქართულ ენას, სწავლობენ ქართულ ანბანს, ეცნობიან ქართულ კულტურას და იბრუნებენ ისტორიული სამშობლოს სიყვარულს. უფრო ადრეც, დაახლოებით 1828 წლიდან, სამცხე-ჯავახეთიდანაც წასულან მაჰმადიანი ქართველები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოდგენილ მუსულმან ქართველებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ოსმალეთის იმპერიის განვითარებაში, ზოგიერთი მათგანი ელჩი იყო ევროპის ქვეყნებში, აშენებული აქვთ მეჩეთები, შადრევნები, საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი, ასევე, რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებაში, ფერწერაში, საერთოდ, ქვეყნის აღმშენებლობაში. აქ წარმოდგენილი ქართველებიდან ერთ-ერთი უმთავრესი ვეზირთაგანი იყო. სასიამოვნოა, რომ ამ მართლაც საინტერესო ექსპოზიციას დამთვალიერებელიც ბევრი ჰყავს. შარშან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ასევე, გამოფენას „თურქეთი საქართველოში“, სადაც წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო ესკიზები თურქული დრამატურგიის მიხედვით დადგმული სპექტაკლებიდან, ცნობილი ქართველი მხატვრების — სოლიკო ვირსალაძის, ნიკა ყაზბეგის, მიხეილ ჩიქოვანის და სხვათა შესრულებით.“
გამოფენაზე იმყოფებოდა წიგნის „ოსმალეთის ქართველები“ ავტორი მურად ქესაბი (ყასაბიშვილი): „დედასამშობლოში — საქართველოში ვიმყოფები და ძალიან მეამაყება თქვენთან ერთად ყოფნა. დიდ მადლობას გიხდით ამ გამოფენის მოწყობისათვის. „ოსმალეთის ქართველები“ — ეს სახელწოდება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიზანმიმართული ყოფილიყო, ეს ხალხი უშუალოდ ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეობდა. წიგნში თურქეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობის გახსენებისა და აღმოჩენების ისტორიაა მოთხრობილი. ეს ადამიანები ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეობდნენ და მათი საქმიანობა სტამბულით არ შემოიფარგლებოდა. ისინი გაფანტულნი იყვნენ სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად, ანატოლიაში. მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში კი არ მოღვაწეობდნენ, აშენებდნენ საავადმყოფოებს, ბიბლიოთეკებს და ა.შ. ამ ქართველებს ოსმალეთის იმპერატორები ასე მოიხსენიებდნენ: „გადარჩენილი და ერთგული ერი“.
გამოფენის სტუმართა შორის იყო ასევე ორჰან სარდაგი (ბერიძე), რომელმაც ქართველებს შეახსენა, რომ ისიც ქართველია და, როგორც უცხოელს, ისე არ უნდა მოექცნენ. „ძალიან გვიხარია, რომ საქართველო თურქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. გვჯერა, რომ კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და მსგავსი პროექტები თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში. მეამაყება, რომ ამ პატარა ხალხის შვილი ვარ. გაუმარჯოს დედასამშობლოს! მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ და ვისაც ქართველობა რცხვენია, ვაი იმას. ვინც საქართველოს ებრძვის, არც კი იცის, დამარცხებულია! გაუმარჯოს ჩვენს ჯიშს, განსაკუთრებულ მოდგმას, გაუმარჯოს დედასავით საყვარელ დედასამშობლოს!“
ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია“, „თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია“, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“.
გამოფენის მასალებიდან ცხადი ხდება, რომ XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და XX საუკუნის დასაწყისის ოტომანთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი როლი ეკავათ თურქეთის ისტორიაში. მუსლიმ ქართველ პოლიტიკოსთა, მეცნიერთა თუ კულტურის მოღვაწეთა შესახებ არსებული უნიკალური მასალები, ფოტოარქივები და ხელნაწერი ასლები მუზეუმში პირველად გამოიფინა.
ხელოვნების სასახლეში ექსპოზიცია 20 მარტამდე გაგრძელდება.
ლალი ჯელაძე
|