2011-12-14 სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა იდგეს ლეილა ქოჩორაშვილი
დაიბადა ყვარელში, 1958 წლის 22 ოქტომბერს
განათლება: 1975 წელს დაამთავრა ყვარლის ¹2 საშუალო სკოლა.
1976-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება: 1981-84 წლებში მუშაობდა თბილისში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში „მიონი“, ინჟინერ-ტექნოლოგად.
1984 წლიდან მუშაობს ყვარლის ¹2 საჯარო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებლად.
2005 წელს დაინიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
2007 წლიდან არჩეული დირექტორია.
ინტერესთა სფერო: თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები
სკოლის შესახებ
ყვარლის ¹2 საჯარო სკოლა არსებობის 74 წელს ითვლის. ამჟამად, სკოლაში 486 მოსწავლე სწავლობს, რომელთაც ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ იყვნენ წარმატებულნი. მოსწავლეებს, რომელთა საცხოვრებელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული სკოლიდან, სასკოლო ავტობუსი ემსახურება. 2006 წელს, პროგრამა „იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში, სასკოლო შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; სრულიად განახლდა სასკოლო ინვენტარი, ბიბლიოთეკა; ფუნქციონირებს კომპიუტერული კლასი ინტერნეტში ჩართული 40 კომპიუტერით, ტექნიკით აღჭურვილი ინგლისური ენის კაბინეტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი; სულ ახლახან სკოლაში გაიხსნა ჯეოსელის კლასი „წარმატებული მომავლისათვის“, რაც სიამაყის გრძნობასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ყველა მეორესკოლელს.
სკოლა ბრენდირებულია, 8 ვარსკვლავის მფლობელი. გასულ სასწავლო წელს, საერთო შედეგების მიხედვით, წარმატებულ 20 სკოლას შორის მოვხვდით.
წარმატებული სკოლის მოდელი
წარმატებულია სკოლა, სადაც შექმნილია პოზიტიური სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს სწორად განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები და ამის მიხედვით დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში.
პოზიტიური სასწავლო გარემო, კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს სკოლის მანდატურს, მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის. ყველა მშობელს უნდა, რომ შვილი ისეთ სკოლაში სწავლობდეს, სადაც მის აზრს ითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, საუბარია საღი აზრის გათვალისწინებაზე.
სკოლის წარმატებულობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია თემის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ამასთანავე, სკოლა ვერ იქნება წარმატებული, თუ მასწავლებელთა კვალიფიკაცია მოსწავლეთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, არ არის შედეგზე ორიენტირებული, რაც თავისთავად გულისხმობს შედეგს მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე. თუ სკოლის კურსდამთავრებული სასწავლო წლის ბოლოს ქუჩაში არ აღმოჩნდება, საკუთარ თავთან დასმული შეკითხვით — „ახლა რა ვაკეთო?“, ეს ნიშნავს, რომ სკოლა წარმატებულია.
როგორი უნდა იყოს
თანამედროვე მასწავლებელი
დღეს საკამათო არ არის, პედაგოგს საგნის საფუძვლიანი ცოდნა რომ მოეთხოვება, მაგრამ, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ცენტრში უნდა იდგეს მოსწავლე და არა მასწავლებელი. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პედაგოგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ეუფლებოდეს სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ხერხებს, შეეძლოს კომპიუტერთან მუშაობა — ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მისი გამოყენება სწავლების პროცესში. მასწავლებელი იყოს თანამედროვე, ნიშნავს იყოს სერტიფიცირებული.
მაგრამ მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ნიშნავს, იყო თანამედროვე მასწავლებელი, მას კლასის ეფექტური მართვა უნდა შეეძლოს. ეს რომ შეძლო, უნდა იყო ფსიქოლოგი, იცოდე ბავშვებთან ურთიერთობა, შეგეძლოს საკუთარი პრობლემების სკოლის კარს მიღმა დატოვება, შესწავლილი უნდა გქონდეს თითოეული მოსწავლის ფსიქიკა. ბავშვებთან ისეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს, რომ მოსწავლემ გითხრას: „მხოლოდ თქვენ შემდეგ გავიგე, რა არის დედის სიყვარული“. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებში, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ზღვარი არ უნდა წაიშალოს.
ასე რომ, თანამედროვეა მასწავლებელი, რომელსაც ყოველთვის ახსოვს ილიას სიტყვები: „სწავლება და აღზრდა სკოლაში ხელიხელჩაკიდებულნი უნდა ვიდოდნენ“.
სკოლის მართვა
სკოლის მართვა დემოკრატიულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს, რაც თავისთავად მოიცავს თანამშრომლებს შორის ფუნქციების დელეგირებას. მართვის ასეთი ფორმა საშუალებას მისცემს მათ, სრულად გამოავლინონ და სკოლის წარმატებულ საქმიანობას მოახმარონ თავიანთი ნიჭი და უნარ-ჩვევები. ეს კი, ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და ინიციატივების წამოწყებას, ინიციატივებისა, რომელიც სასწავლო პროცესს მოსწავლეთათვის ეფექტურსა და სასიამოვნოს გახდის. ასეთ გარემოში მათ საშუალება ექნებათ, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიაღწიონ წარმატებებს.
ფუნქციების გადანაწილება დირექციას, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოსა და მოსწავლეთა თვითმმართველობას შორის დირექტორის პასუხისმგებლობის შემცირებას არ გულისხმობს. დირექტორი პასუხისმგებელია ყველა საკითხზე, რაც სასკოლო ცხოვრებას შეეხება და მხოლოდ მაშინ შეძლებს სკოლის ეფექტურ მართვას, როდესაც მისი საქმიანობა დამყარებული იქნება სამართლიანობის პრინციპებზე, როდესაც მისი სჯერათ და ენდობიან.
პრობლემები და
მათი მოგვარების გზები
ერთი წლის წინ რომ გეკითხათ, რა პრობლემებია სკოლაში, ალბათ ყველა გიპასუხებდათ, მოსწავლეთა დასწრება გაკვეთილებზე და თითქმის იგნორირება იმ საგნების, რომელიც მოსწავლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად არ სჭირდება. ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საატესტატო გამოცდების დანიშვნამ და მანდატურის სამსახურის შემოღებამ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში ეს პრობლემა ნაკლებად იყო, დედაქალაქის სკოლებთან შედარებით, ჩემს სკოლაში მანდატურის სამსახურის არსებობამ ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა.
ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, პრობლემაა, რომ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი არ არის მზად, სწავლების პროცესში გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს პრობლემა მოგვარებადია, რადგან მასწავლებელთა სახლი, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა, ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მასწავლებელმა აიმაღლოს კვალიფიკაცია და გახდეს სერტიფიცირებული.
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და მუშაობის პროცესში უამრავი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს როგორც სასწავლო პროცესთან, ასევე ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული. მსგავსი პრობლემების მოგვარებაში ყოველთვის გვერდში გვიდგას კახეთის გუბერნია, რაიონის გამგეობა, ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო (რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია), რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო.
დირექტორის თავისუფალი დრო
დირექტორს, რომელსაც სრულად აქვს გათავისებული მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს. ამ მცირე დროის ნაწილს მე ოჯახს ვუთმობ, ნაწილს კი, როგორც ფიზიკის მასწავლებელი — ფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებთან დამატებით მუშაობას.
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება
სკოლის ხარისხიანობის მთავარი მაჩვენებელი მოსწავლეთა მაღალი მიღწევებია. ამის განხორციელება კი შეუძლებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გარეშე. სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა 90%-მა გაიარა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგი. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ მაინც გვაქვს ჩამორჩენა, რადგან მხოლოდ 5 სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს, თუმცა გარკვეულ ნაწილს ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი გამოცდა — პროფესიული უნარები ან საგანი. მასწავლებლის სახლის გახსნა სტიმულია იმისათვის, რომ კარგად მოვემზადოთ შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის და ეს ჩამორჩენა დავძლიოთ.
მიუხედავად ამისა, მასწავლებელთა აქტიური მხარდაჭერით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ღონისძიებებში, საპრიზო ადგილებსაც იკავებენ. სასწავლო ოლიმპიადებში მიღწეული შედეგების მიხედვით, ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე იმყოფებოდა ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში, აქედან ერთ-ერთი, ინგლისში, ენის შემსწავლელ კურსებზე. ერთ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადაეცა. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები. საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებს იღებენ.
წარმატებას მაშინ აღწევ, როცა მიღწეულით არ კმაყოფილდები. დირექცია, იმის გამოსავლენად, მოსწავლეს და მასწავლებელს რომელ საგანში უფრო სჭირდება მუშაობის გაუმჯობესება, სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით, სემესტრის ბოლოს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში შემაჯამებელ სამუშაოებს ატარებს. მიღებული შედეგების მიხედვით, სკოლის სამუშაო გეგმაში ცვლილებები შეგვაქვს და ნაკლოვანებების გამოსწორების გზებს ვსახავთ.
სკოლის კურსდამთავრებულები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, სკოლის მუშაობა შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს. 2009-2010 სასწავლო წელს, დარეგისტრირებული 37 აბიტურიენტიდან, უმაღლეს სასწავლებელში 30 ჩაირიცხა, 13-მა მოიპოვა გრანტი, აქედან 11-მა — 50%-იანი და მეტი.
2010-2011 სასწავლო წელს კი, დარეგისტრირებული 26 აბიტურიენტიდან, 24 ჩაირიცხა. რვამ სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, აქედან 4-მა — 100%-იანი. 5 კურსდამთავრებული უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა. საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით, ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე პირველ ასეულში მოხვდა და პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერი მიიღო. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება. წელს, ალბათ, უკეთესი შედეგები გვექნება, რადგან გასული წლის მაგალითზე მოსწავლეებმა დაინახეს, რომ მხოლოდ სკოლაში სიარული და თავდაუზოგავი შრომაა წარმატების გარანტი.
მოამზადა
ანა ფირცხალაიშვილმა
|