2011-11-03 ერთ პატარა ოთახში დაწყებული „ქართველთ სწავლის“ ისტორია ვარიანში თბილი, მზიანი შემოდგომის დღე იდგა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ნახევრად ღია ჭიშკრებიდან, კარგად მოჩანდა პომიდვრით სავსე კალათები, ახლად მობერტყილი კაკალი, გასახმობად გაყრილი ლობიო... სკოლის ეზოში სიჩუმე იყო, გაკვეთილები მიმდინარეობდა. შენობის კუთხეში მოსწავლეები შევნიშნე, ისხდნენ და საუბრობდნენ. ვიფიქრე გაკვეთილი უცდებათ და მზეზე თბებიან-მეთქი. მივუახლოვდი, საუბარს ქალბატონი წარმართავდა, ვაჟას შესახებ სვამდა შეკითხვებს. მივხვდი, უნებურად ქართულის გაკვეთილზე აღმოვჩნდი. დაახლოებით 10 წუთში ზარიც დაირეკა. ეს ქალბატონი ქართულის მასწავლებელი ქეთევან ბერკაციშვილი აღმოჩნდა. XII კლასში ჯემალ ქარჩხაძის „ლახათ ლუქუმს“ გადიან და დასაწერად თემა მიუცია „ვინ ვარ მე“. გასაგები გახდა, რატომაც დააკავშირეს იმდღევანდელი გაკვეთილი ვაჟასთან. „ბავშვებმა მთხოვეს, საკლასო ოთახში ცივა და ეზოში ჩავატაროთ გაკვეთილიო, უარი არ ვუთხარი, მართლაც კარგი შემოდგომა გვიდგას. 45 წელია მასწავლებელი ვარ და მოსწავლეებთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, მათთან ხმის აწევაც არ მჭირდება, კარგად გვესმის ერთმანეთის. გაკვეთილებს, ძირითადად, საუბრის, კითხვა-პასუხის, მსჯელობის რეჟიმში ვატარებ. ჩემთვის მთავარია თემის ანალიზი შეძლოს და აზრის გამოთქმის კულტურა შეიძინოს თითოეულმა მოსწავლემ. ხშირად ვკამათობთ კიდეც. ახლაც ასე იყო...“
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სკოლაში შევედი. საკმაოდ მოზრდილი ორსართულიანი ქვის შენობაა, მართლაც ძალიან ცივა. სკოლას ახალგაზრდა ქალბატონი ლია წიკლაური უძღვება. გორის პედაგოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა აქ ჯერ პედაგოგად დაიწყო მუშაობა, შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2007 წლიდან არჩეული დირექტორია. დღეს ვარიანში 241 მოსწავლის სწავლა-აღზრდის საქმეს 24 პედაგოგი ემსახურება, მათგან 4 სერტიფიცირებულია, მათემატიკის მასწავლებელი ინგა ხოხაშვილი კი 1000-ლარიანი ხელფასის მოლოდინშია. დანარჩენები სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადებიან.
შესვენება დამთავრდა. ბავშვებმა საკლასო ოთახებს მიაშურეს. დერეფნის ბოლოში კარგა მოზრდილი ოთახი ბიბლიოთეკას უჭირავს. სოფლის ბიბლიოთეკა გაუქმებულა და მთელი წიგნადი ფონდი სკოლისთვის გადაუციათ. ახლა 12000-ზე მეტი დასახელების წიგნია ბიბლიოთეკაში. ფონდი კი გაიზარდა, მაგრამ, ძირითადად, ძალიან ძველი გამოცემებით. ახლა, როცა სკოლები ბრენდირებისთვის ემზადებიან, ალბათ, ბიბლიოთეკის ფონდის განახლებისთვის ზრუნვაც იქნება საჭირო.
ერთი წუთით პირველკლასელებთანაც შევიხედე. ჩვიდმეტივეს მერხზე ნეთბუქი და გადაშლილი „დედაენა“ უდევს. როგორ არ ჰგავს ეს გარემო იმ პაწაწინა ოთახს (რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს ნანახი გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში), სადაც ჩაეყარა საფუძველი ვარიანში სწავლა-აღზრდის საქმეს.
***
ზუსტად 110 წლის წინ, 1901 წელს სოფელ ვარიანში, კერძოდ, წყაროსუბანში, გოგებაშვილების სახლის ერთ პატარა ოთახში, რომელიც თავად იაკობს ეკუთვნოდა, მისივე ინიციატივით, გაიხსნა სკოლა სოფლის გლეხების შვილებისათვის. მასწავლებლად თავისი ძმისშვილი ალექსანდრე გოგებაშვილი გაამწესა. ხელფასითა და სწავლისათვის საჭირო ნივთებით სკოლას იაკობ გოგებაშვილი თავად უზრუნველყოფდა. ასე რომ, ღარიბ ვარიანს, და არა მარტო ვარიანს, სწავლაში გროშიც არ ეხარჯებოდა. სწავლის მსურველთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. კლასში მათი მოთავსება შეუძლებელი გახდა, იაკობმა ვარიანელი გლეხის შვილებისთვის მამა-პაპისეულ სახლს ოთახები მიაშენა, უფრო მოგვიანებით კი, როცა ესეც არ იყო საკმარისი, გაკვეთილები ბავშვებს მეზობელ ოჯახებშიც უტარდებოდათ. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში (ვარიანელი ახალგაზრდები აქ მხოლოდ საბაზო განათლებას იღებდნენ), ვიდრე 1954 წელს სოფელში არ აიგო რაიონში პირველი ტიპური საშუალო სკოლა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელი მიენიჭა. ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ დაიწყო ზრუნვა გოგებაშვილების სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნისათვის. ახალ სკოლაში კი, დღემდე არსებობს ასეთი ტრადიცია — პირველი კლასის მასწავლებელი პირველ საანბანო გაკვეთილს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში არსებულ საკლასო ოთახში ატარებს. სხვა მხრივ აქ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით 90-იანი წლების შემდეგ. დანგრევის პირას მისული შენობის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა პროექტ „იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში, ამავე წელს, პროექტ „გიორგი ნიკოლაძის“ მეშვეობით, სკოლას 3000 ლარი გადაეცა, რითაც ღია სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო მომდევნო წელს, „ირმის ნახტომის“ ფარგლებში — 8 კომპიუტერი (ამჟამად სკოლაში 16 კომპიუტერია). დღეისათვის სკოლა მთლიანადაა აღჭურვილი ახალი სასკოლო ინვენტარით, თუმცა შენობა მართლაც რომ ტიპური საბჭოთა ნაგებობაა, ყველა პარამეტრით. სპორტის მასწავლებელი იასონ ადუაშვილი ამბობს, რომ ღია და დახურული სპორტული მოედნები არასტანდარტულია, მაშინდელი ნორმები არ ითვალისწინებდა დარბაზში მაყურებელს, ამიტომ შეჯიბრებებს კი მართავენ, მაგრამ მაყურებელი მხოლოდ მაშინ ჰყავთ, როცა შეჯიბრება სკოლის ღია სპორტულ მოედანზე ეწყობა. სკოლამ სპორტის სამი სახეობა აირჩია — კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი. პედაგოგის გადაწყვეტილებით, თითოეული სახეობის შესწავლას 3-3 თვე ეთმობა, ყველა საჭირო სპორტული ინვენტარი აქვთ, რაც შემოაკლდებათ, იძენენ. მეზობელი სოფლების სკოლებსაც ეჯიბრებიან ხოლმე ამ სახეობებში, მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ბავშვებს მოსწონთ ამ ტიპის გაკვეთილები და ხალისითაც ვარჯიშობენ, სკოლას ორი საქართველოს ჩემპიონიც ჰყავს, ოღონდ კრივში — მეთერთმეტეკლასელები პაატა ადუაშვილი და იოსებ აბულაძე.
***
სწავლების თანამედროვე მეთოდების მცოდნე, შემოქმედებითად აქტიური პედაგოგი მიმდინარე რეფორმის აუცილებელი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლები განებივრებული არ არიან ასეთი პედაგოგებით, ამიტომაც იყო სასიამოვნო ვარიანის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელთან, თამარ დავითიძესთან შეხვედრა. ახალგაზრდა პედაგოგი ორი სერტიფიკატის მფლობელია — ბიოლოგიასა და სამოქალაქო მომზადებაში (ამ საგანსაც ასწავლის). ახლა საბუნებისმეტყველო საგნებს სახელმწიფო მეტ მოთხოვნებს უყენებს, პედაგოგსაც მეტი ძალისხმევა სჭირდება მოსწავლეების დაინტერებისათვის. სწორედ ამ მიზნით ჩაერთო იგი პროექტში, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს: „პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად გაუმჯობესდა ბიოლოგიის სახელმძღვანელოები, გამრავალფეროვნდა და დაიტვირთა სააზროვნო პრაქტიკული სავარჯიშოებით. რაც შეეხება პროექტს, იგი 2009 წელს დაიწყო პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით და ჰქვია „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“. აქცენტი კეთდება საბუნებისმეტყველო საგნების მარტივი ექსპერიმენტებით დატვირთვაზე და სასწავლო პროცესისადმი მიდგომასა და დამოკიდებულების შეცვლას ემსახურება. კონკურსის შედეგად შერჩეულმა ჯგუფმა სათანადო ტრენინგი ვარშავაში, კოპერნიკის სახელობის სამეცნიერო ცენტრში გავიარეთ, შევისწავლეთ მეთოდები, რომლის მიხედვითაც, პროექტის ფარგლებში, უნდა ჩავატაროთ გაკვეთილები. დაბრუნების შემდეგ მიღებული ცოდნა კოლეგებს, შიდა ქართლის სოფლების ბიოლოგიის მასწავლებლებს გავუზიარე. ეს იყო შანსი, საკუთარი თავი ტრენერის როლშიც მომესინჯა. ამ მხრივაც საინტერესო გამოდგა პროექტში მონაწილეობა, რომელიც უფრო გაფართოვდა და ჰქვია „თანაბარი შანსები ყველასათვის“. იგი ითვალისწინებს სოფლის ტიპის დასახლებაში განათლების შეტანას, გაკვეთილების ექსპერიმენტებით დატვირთვით. პროექტის ფარგლებში, გორში შეიქმნა განათლების განვითარების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ექსპერიმენტებისათვის საჭირო ნანოტექნოლოგიური ყუთებით. პედაგოგს შეუძლია ცენტრიდან ითხოვოს გაკვეთილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური საშუალება, რომელსაც გამოყენების შემდეგ უკან დააბრუნებს. პედაგოგები, რომლებიც ამ მეთოდით ატარებენ გაკვეთილებს, საჩუქრად იღებენ ე.წ. „ჯადოსნურ ყუთს“, რომელიც მარტივ მოწყობილობებს მოიცავს და საუკეთესო საშუალებაა, როგორც თვალსაჩინოება. ასეთი ექსპერიმენტებით ჩატარებული გაკვეთილები ძალიან მოსწონთ ბავშვებს, მაგალითად, განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ მეათეკლასელები უჯრედიდან დნმ-ის გამოყოფის პროცესს, საფუარის სოკოს ცხოველმოქმედებას და ა.შ. დღევანდელ გაკვეთილზეც ერთი მოსწავლე კარტოფილის ბოლქვებითაა მოსული, მაშასადამე ისევ რაღაცას დავაკვირდებით და აღმოვაჩენთ. მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაც აქედან იწყება“. ეს რომ ასეა, გაკვეთილზეც გამოჩნდა. ბავშვებს ყველაფრის გაგება ერთბაშად უნდათ, უამრავ შეკითხვას სვამენ „ჯადოსნურ ყუთში“ მოთავსებული ხელსაწყოების შესახებ. თამარ მასწავლებელი მოთმინებით ცდილობს მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. „ერთი ოცნება მაქვს, მინდა ჩემი მოსწავლეები კოპერნიკის ცენტრში მოხვდნენ. ვფიქრობ, მათთან თანამშრომლობით შეიძლება პროექტის მოფიქრება და ოცნების რეალობად ქცევა“, — ამბობს თამარ დავითიძე.
გეოგრაფიის მასწავლებელი ლალი ონიაშვილი, 22-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, სინანულით იხსენებს, როგორ „დაჩაგრა“ მისი საგანი ისტორიასთან ინტეგრირებამ. მსგავსი ნაჩქარევი ექსპერიმენტების კატეგორიული წინააღმდეგია. ამბობს, რომ გეოგრაფია ერთი იმ დისციპლინათაგანია, რომლითაც ბავშვის დაინტერესება ძალიან იოლია, მით უმეტეს სოფელში. „გაკვეთილს ხშირად ვატარებთ სკოლის გარეთ, გააჩნია რა თემას ვხსნი, ხან ახლომდებარე ქედებზე ვაწყობთ ექსკურსიას, ხან მდინარის სიჩქარეს ვზომავთ, ნიადაგს ვაკვირდებით, მხარეების გაგებას ვსწავლობთ... ეს უბრალო ექსკურსიები არ არის, სამყაროს შემეცნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია, რაკი აქაც შედეგი უმთავრესია, მეამაყება, რომ წლევანდელმა მეთორმეტეკლასელებმა, სხვათა შორის, არც ერთი არ ემზადებოდა, ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ გეოგრაფიაში მიიღეს“.
***
ვარიანის საჯარო სკოლის 29 მოსწავლიდან საატესტაციო გამოცდაზე მხოლოდ 10 გავიდა, მათგან 8 სტუდენტი გახდა. დანარჩენების ბედი უცნობია. სოფელში, საიდანაც სათავეს იღებს „XIX საუკუნის ქართველთ სწავლის ისტორია“, იგივე რომ არ განმეორდეს, სკოლამ ამისათვის აქედანვე უნდა იზრუნოს.
ანა ფირცხალაიშვილი
|