გამოდის 1998 წლიდან
2011-06-29
ბათუმის ქალთა გიმნაზია

ბათუმის N2 საჯარო სკოლას (ყოფილი ქალთა გიმნაზია) 2010 წელს 110 წელი შეუსრულდა.
საინტერესოა ის ვითარება, რამაც წამოჭრა ბათუმში ქალთა გიმნაზიის გახსნის საკითხი. ბათუმის ოლქის რუსეთთან შეერთების პირველსავე წლებში სკოლების რაოდენობა ძალზე მცირე იყო. ეს აღელვებდა ქალაქის ქართველ საზოგადოებრიობას. 1893 წელს წამოიჭრა საკითხი ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დაარსების შესახებ. ეს საკითხი დიდხანს ჭიანურდებოდა, სანამ ქალაქის თვითმმართველობას სათავეში არ ჩაუდგა დიდი საზოგადო მოღვაწე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი. მან, მისთვის ჩვეული ენერგიით, მოჰკიდა ხელი ვაჟთა გიმნაზიის დაარსების საქმეს. დიდი სიძნელეების მიუხედავად მიაღწია კიდეც გიმნაზიის დაფუძნებას. ვაჟთა კლასიკური გიმნაზია ბათუმში 1897 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა დიდ სადღესასწაულო ვითარებაში. ამ მოქალაქეობრივ ღონისძიებაზე ლუკა ასათიანს შესანიშნავი სიტყვა წარმოუთქვამს და მიულოცნია მოწინავე ქართული საზოგადოებისათვის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის გახსნა.

არქივიდან
გაზეთი „ივერია“, 1897 წლის 23 სექტემბერი. ქართველი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია, პოდპოლკოვნიკ ნიკოლოზ ანტონის ძე დუმბაძის ინიციატივით, თვითმმართველობის წინაშე აყენებს საკითხს ბათუმში ქალთა გიმნაზიის გახსნის შესახებ. ამ დროს ბათუმში არსებობდა წმინდა მარინეს სასწავლებელი, რომლის კურსებიც ვერ აკმაყოფილებდა საზოგადოების მოთხოვნილებებს. ქალაქის თვითმმართველობამ, ლ. ასათიანის მეთაურობით, აღძრა შუამდგომლობა ოლქის მზრუნველის წინაშე და დაბეჯითებით მოითხოვა ქალთა გიმნაზიის გახსნა. ორი წლის განმავლობაში ეს საკითხი ჭიანურდებოდა, რადგან იგი „გაამრავლებს ინტელიგენტი ქალების რიცხვს, მით უფრო, რომ გიმნაზია აივსება მზარეულების, პარიკმახერების, მეეტლეების, თერძების და ამათი მზგავსი ხალხის შვილებით“. ასეთი იყო პასუხი ოლქის მზრუნველისგან, ამ პასუხმა უფრო გაამძაფრა სურვილი ქალთა გიმნაზიის გახსნისა. დიდი დავის შემდეგ, 1900 წლის 26 სექტემბერს, გაიხსნა ბათუმის ქალთა გიმნაზია 150 მოსწავლისათვის. ბათუმის ქალთა გიმნაზიის გახსნა უშუალოდ დაკავშირებულია ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლებთან: ივ. მესხის, გრ. ვოლსკის, ნ. ჯაყელის, ნ. დუმბაძის, კ. ქიქოძის, ს. ნაკაშიძისა და ლ. ასათიანის სახელებთან, ეს უკანასკნელი ქალაქის თვითმმართველობას ედგა სათავეში.

***
სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, რაც ქართველ გიმნაზიელთათვის ძლიერ დიდ სიძნელეებს ქმნიდა. გიმნაზიაში შემდეგი საგნები ისწავლებოდა: საღვთო სჯული, რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, ისტორია, პედაგოგიკა, დიდაქტიკა, ჰიგიენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა, ბუნებისმეტყველების ისტორია, სუფთა წერა, ხატვა, გიმნასტიკა, სიმღერა, ხელგარჯილობა და ბოლოს — ქართული ენა (ზოგიერთ სასწავლო გეგმაში გვხვდება ლათინური ენაც, რომელსაც დათმობილი აქვს 2 ან 3 კვირეული საათი). 1904 წლის გიმნაზიის სამეცადინეო ცხრილში მათემატიკა დაყოფილი იყო საგნებად: ალგებრა, გეომეტრია. საკლასო ჟურნალის მიხედვით შეფასების ნიშნებია: 2, 3, 4, 5.
1909 წლის 15 მაისის დადგენილებით, ხელგარჯილობაში არადამაკმაყოფილებელი წლიური ნიშნის შემთხვევაში, მოსწავლე დატოვებული უნდა ყოფილიყო იმავე კლასში. გიმნაზიის დაფუძნების პირველ დღეებში არ იყო დანიშნული დირექტორი და მასწავლებლები. არქივში დაცულია ცნობა ქალბატონ ნადეჟდა ნიკოლოზის ასულ ტიბელნიზე (სხვაგან მისი გვარი არსად არ ფიგურირებს). დირექტორობა კი წილად ხვდა ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს (შეითავსა) ი. ი. სტოიანოვს. გიმნაზიისათვის მასწავლებელთა კონტინგენტის შერჩევა დიდ მუშაობას მოითხოვდა. ყველაზე დიდი მიზეზი კი შენობის უქონლობა იყო. სკოლა პირველად ნაქირავებ შენობაში მოთავსდა, ახლანდელი სკოლის შენობის ახლოს. საკუთარი შენობა 1904 წელს მიიღო.
გიმნაზიაში სწავლება წარმოებდა იმ პროგრამით, რომლითაც რუსულ ენას სწავლობდნენ ბათუმის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში. რადგანაც გიმნაზიისათვის რუსული ენა მშობლიური იყო, ბუნებრივია, ყველა საგნის სწავლება მხოლოდ ამ ენაზე წარმოებდა.
გიმნაზიის დაარსების პირველ ხანებში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები უმცირესობას წარმოადგენდნენ. მათი გიმნაზიაში ყოფნა თითქმის შეუმჩნეველი იყო. მხოლოდ 1904-06 წლებში და შემდგომ გიმნაზიელთა 40%-ს არარუსი წარმოშობის ახალგაზრდები შეადგენდნენ. მათ მშობლიურ ენაზე (ქართული) აზროვნება და სწავლა სასტიკად ეკრძალებოდათ. ამიტომ იზეპირებდნენ გრამატიკულ წესებს, ლექსებს, მოთხრობებს, რომელთა შინაარსი, უმეტეს შემთხვევაში, მათთვის უცხო იყო.
ქართველი მოწინავე ინტელიგენტები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე მოითხოვდნენ სწავლებას მხოლოდ მშობლიურ ენაზე. „ბავშვმა თავდაპირველად თავის დედაენაზე უნდა გაიხსნას გონება და უცხო ენის სწავლებას მხოლოდ მაშინ მოჰკიდოს ხელი, როცა თავის დედაენაზე საკმაოდ გაწვრთნილი იქნება“ (ილია ჭავჭავაძე).
გიმნაზიის ხელმძღვანელობა და თვით რუსული ენის მასწავლებლები ამ საგნის — რუსული ენის — ცოდნის დაბალ დონეს ხსნიდნენ როგორც საათების (გაკვეთილების) სიმცირით, ასევე არარუსი მოსწავლეების განვითარების დაბალი დონითაც და სწავლების პროცესში სასტიკ სიმკაცრეს მიმართავდნენ.
— „გვსჯიდნენ, თუ ქართულად დავილაპარაკებდით“;
— „ქართულს, მგონი, არც გვასწავლიდნენ“;
— „მხოლოდ საღმრთო რჯულს ვსწავლობდით ქართულად“.
(გიმნაზიის კურსდამთავრებულთა მონათხრობიდან).

არქივიდან
1900 წლის სექტემბერში გიმნაზიაში ჩაირიცხა 150 მოსწავლე და გაიხსნა 5 კლასი.
I — 36 მოსწავლე;
II — 38 მოსწავლე;
III — 28 მოსწავლე;
IV — 26 მოსწავლე;
მოსამზადებელში — 24 მოსწავლე.
ხელს აწერს: За начальницу – Ральцевич.
Начальница попечительного совета – госпожа Тиблень Надежда Николаевна.
(შემდეგ ეს გვარი არსად მოიხსენიება)
ერთი წლის შემდეგ დაშვებულია ებრაელთა შვილების მიღებაც.

***
დაარსების დღიდან (1900 წლიდან) სკოლას ხშირად ეცვლებოდა სახელი:
1900-1921 — ბათუმის ქალთა გიმნაზია;
1921-1922 — ბათუმის მეორე საფეხურის სკოლა (ჰუმანიტარული);
1924 — შვიდწლედი;
1934 — შვიდწლედი გადაკეთდა საშუალოდ;
— დაერქვა ბათუმის ¹4 საშ. სკოლა
და მიენიჭა ვ. ი. ლენინის სახელი;
— გადაკეთდა ლენინის სახ. ვაჟთა
¹2 საშ. სკოლად;
1949 — ეწოდა ¹1 საშ. სკოლა;
1966 — ვ. ი. ლენინის სახ. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
1980 — ბათუმის ვ. ი. ლენინის სახ. ¹1 საშ. სკოლა;
1991 — ბათუმის დ. აღმაშენებლის სახ. ¹2 საშ. სკოლა;
2001 — ბათუმის დ. აღმაშენებლის სახ. გიმნაზია;
2004 — ბათუმის ¹2 საშ. სკოლა (შეუერთდა ელემენტარული სკოლა);
2005 — ბათუმის ¹2 საჯარო სკოლა.
სასწავლებელმა მეტად საინტერესო პერიოდები განვლო: საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე — 1921 წლამდე; ავადსახსენებელი 1937 წელი; სამამულო ომის და ომისშემდგომი.
გიმნაზიის არსებობის ძირითად წყაროს სწავლის ქირა წარმოადგენდა. თითოეული მოსწავლე სწავლის ქირას, წელიწადში, 60 მანეთს იხდიდა და ცეკვისთვის ცალკე — 5 მანეთს (ცეკვა აუცილებელი იყო). წელიწადში, ამ გზით, გიმნაზიის შემოსავალი 1.400 მანეთი იყო. სხვა გზა იყო შემოწირულობები (მაგალითად, 1915 წელს ამ თანხამ 210 მანეთი შეადგინა). თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა.
გიმნაზიის მიზანი იყო ადგილობრივი და ახლომდებარე რაიონების მკვიდრ მცხოვრებთა ქალიშვილების აღზრდა, მათთვის აუცილებელი, საჭირო განათლების მიცემა.
სწავლა 1 სექტემბერს იწყებოდა და ივნისის შუა რიცხვებში მთავრდებოდა, მაშინ ხდებოდა ატესტატების გაცემაც. 1902 წელს სასწავლო წლის მეცადინეობის დამთავრების ვადა შეიცვალა. განათლების სამინისტროს სპეციალური მიმართვის საფუძველზე, გამოსაშვებ კლასებში მეცადინეობა წყდებოდა 11 მაისს, სხვა კლასებში — 30 მაისს. გაუქმდა კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები. მოსწავლეთა გადაყვანა კლასიდან კლასში წლიური ნიშნების მიხედვით ხდებოდა.
საქართველოს გასაბჭოებამდე, ბათუმის ქალთა გიმნაზიის დირექტორები იყვნენ: ალექსანდრე ილიას ძე სტოიანოვი — 1900 წ. (ნახსენებია ნადეჟდა ნიკოლოზის ასული ტიბლენიც — 1901 წ. 20/I); ელენე (ლავინია) სახაროვა ივანეს ასული — 1902 წ. 20/I; დანიელ ქინქლაძე — 1920 წ. 4/X.

არქივიდან
1902 წლის 20 თებერვალი. მოისმინეს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის მოხსენება გიმნაზიის მოსწავლეებისათვის ჯილდოდ ნ. ვ. გოგოლის ნაწარმოებების კრებულის გადაცემა в честь чествования его памяти.
მე-5 კლასიდან – 7 მოსწავლეს
მე-4 კლ — 8-ს
მე-3 კლ. — 3-ს
მე-2 კლ. — 2-ს. აღნიშნულია, რომ ეს მოსწავლეები ძალიან კარგად იქცევიან და კარგადაც სწავლობენ.

***
13, 14/V. ქალთა გიმნაზიაში მოეწყო მოსწავლე გოგონების ნახატებისა და ხელსაქმის გამოფენა. ამაზე ადგილობრივ გაზეთში და გაზეთ „Кавказ“-ში იყო ცნობა და სურათებიც. შესვლა უფასო ყოფილა.
(არქივში ძალიან მწირი ცნობებია საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდის გიმნაზიაზე).

***
1920 წლამდე, დოკუმენტების მიხედვით, ქალთა გიმნაზიის დირექტორად ელენე სახაროვაა. ეს ის დროა, როცა ქალაქის მართვა მენშევიკებმა ჩაიგდეს ხელში. გიმნაზიაშიც აირ-დაირია დისციპლინა, სწავლება, აღზრდა. ისეთი ენერგიული და მკაცრი ქალი, როგორიც სახაროვა იყო, ვეღარ ახერხებდა გიმნაზიაში დისციპლინის დამყარებას. ბევრი პედაგოგი წავიდა. შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობაც. 1921 წლიდან სახაროვას გვარი აღარ მოიხსენიება.
1920 წ. 4 ნოემბერი. ოქმი.
პირველად ქართულ ენაზე ოქმს ხელს აწერს ბ. დ. ქინქლაძე.

რეპრესირებული დირექტორები
1934/35 სასწავლო წლის 7 სექტემბრიდან დირექტორად დაინიშნა გრიგოლ გორგაძე. 1937 წელს იგი გადაუსახლებიათ. ყოფილა შესანიშნავი პიროვნება, სპეციალისტი, დირექტორი. განსაკუთრებით ჰყვარებიათ უფროსკლასელ ბიჭებს. მის დროს სკოლა მოწინავეთა რიგებში ყოფილა. შემორჩენილია იმდროინდელ მასწავლებელთა სია.
1936 წელი — დირექტორი სიმონ ქარუმიძე. არქივში, ბათუმისა და თბილისის ტელეფონების წიგნებშიც ეს გვარი თითქოს სპეციალურად იყო ამოშლილი. მის შესახებ არავინ არაფერი იცის.
მემნუნე უსტიაშვილი, ექიმ-გინეკოლოგი: სიმონ ქარუმიძე ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი დირექტორი იყო. ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. 37 წელს დააპატიმრეს. იყო დაბალი, მსუქანი და ძალიან სანდომიანი შესახედავი. ასწავლიდა გერმანულს. სტუდენტობის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაგვიყვანეს პრაქტიკაზე. იქ ეზოში ბევრი ავადმყოფი იყო. მათში ჩვენი დირექტორი ამოვიცანი. მისკენ გავიწიე, მაგრამ მან ძალიან ფრთხილად თითი მიიდო ტუჩთან — გაჩუმდიო. ძალიან გამიკვირდა. მერე, როცა ბათუმში დავბრუნდი ახლობლებმა მითხრეს, 37-ში დააბრალეს რაღაც და ნერვიულობით ფსიქიატრიულში მოხვდაო. შემდეგ მასწავლებლებმა — ნინა კაკაბაძემ, ფარცხალაძემ, მ. ჩიტაიშვილმა, ბ. დადუნაშვილმა მითხრეს — მგონი საავადმყოფოში დახვრიტესო.
1937 წლის რეპრესიებს შეეწირა ამ სკოლის კიდევ ერთი დირექტორი — ირაკლი ღლონტი. მასზეც ვერაფერი გავიგე. ამბობდნენ, გაგვიგია, რომ ძალიან მაგარი დირექტორი იყოო. ისიც გავიგე, სად ცხოვრობდა, მაგრამ თითქოს ახლაც ეშინოდათ, არავინ მასზე არაფერი არ იცოდა. მერე დავიწყე თბილისში ძებნა. ღლონტების 80 ოჯახში დავრეკე. არავინ არაფერი იცოდა. ყველანაირი იმედი რომ დავკარგე, სწორედ მაშინ მივაგენი. ჩემს შვილ ზაზასთან თბილისში მოვიდნენ რაგბისტი მეგობრები. ლაპარაკში გავიგე, რომ ერთ-ერთი ირაკლი ღლონტი იყო. გაოცება რომ გამოვხატე და მოვუყევი ჩემი გასაჭირი, მან გაიცინა: ცირა დეიდა, მაგ ირაკლის პატივსაცემად დამარქვეს მეც ირაკლიო. ბაბუაჩემის ძმა ყოფილა და მთელი ოჯახი 1937 წელს ამოუწყვეტიათო. სახლში მხოლოდ პატარა სურათი (ისიც ჩუმად) გვაქვს და ხელჯოხი წარწერით: „6ბ კლასის მოსწავლეებისაგან საყვარელ ირაკლი მასწავლებელს. 1925 წ.“. მან სურათიც და ჯოხიც მომიტანა.

სამამულო ომი
ომი რომ დაწყებულა, ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები მოხალისედ წასულან. ნაწილი არ დაბრუნებულა. ჩვენი სკოლის მასწავლებელმა დოდო ქინქლაძემ და მაშინ სრულიად ახალგაზრდა ცირა კვაჭანტირაძემ შეუძლებელი შეძლეს და ყველა მათგანის ვინაობა დაადგინეს. მათი სურათები დირექტორის კაბინეტის წინ იყო გამოფენილი (ციალა შარაძის დირექტორობის დროს).
ამ გამოშვების მოსწავლეებმა ატესტატი მიიღეს 1941 წლის 22 ივნისს, სამამულო ომის გამოცხადების დღეს. თითქმის ყველა იბრძოდა დიდ სამამულო ომში. მათ შეიძლება „ღიმილის ბიჭები“ ვუწოდოთ. დირექტორი გრიშა ლორთქიფანიძე მოხალისედ წასულა. 1941 წლის გამოშვების მოსწავლეთა უმეტესობა ეწეოდა შემოქმედებით ცხოვრებას (განსაკუთრებით ვაჟები). ნოდარ ალანია იყო ბრწყინვალე ფილოლოგი. შურა ჯაველიძემ სკოლის პერიოდში დაწერა პიესა „დაუთ“, რომელიც დაიდგა მასწავლებელთა სახლის სცენაზე. აგრეთვე პიესა „გარიჟრაჟზე“. მის სამწერლო (დრამატურგიულ) მოღვაწეობას ხელი შეუშალა სამამულო ომმა. ომიდან დაბრუნებულმა გადაწყვიტა, გამხდარიყო არქიტექტორი. ეს კი განაპირობა საბჭოთა კავშირის გმირის, არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის მიერ ომში მტრის მიერ აფეთქებული ხიდის ორ დღეში აშენებამ.

***
1944 წელს სკოლა გაიყო ქალთა და ვაჟთა სკოლებად. გოგონების ნაწილი გადაიყვანეს ¹1 ქალთა სკოლაში (შაუმიანის ქუჩაზე), ხოლო ნაწილი — ¹2 ქალთა სკოლაში (პუშკინის ქუჩაზე). ჯინჭარაძის ქუჩაზე (ყოფილი გურიის შესახვევი) ყოფილ ¹4 სკოლას ეწოდა ¹1 ვაჟთა სკოლა.
1945 წელს, ომის დამთავრების წელს, იყო ¹1 ვაჟთა სკოლის მეორე გამოშვება.

კურსდამთავრებულები
სკოლის კურსდამთავრებულთა შორის არაერთი ცნობილი პიროვნებაა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ:
პირველი ქართველი ქალი მოქანდაკე-მხატვარი თამარ აბაკელია ცნობილი სურათებია: „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, „ქეთევანი“, „შურისძიება“, „სასიხარულო ამბები ფრონტიდან“, „გიორგი სააკაძე“ და სხვ.
მიხეილ უკლება — საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში.
თამაზ დიასამიძე — თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე — შესანიშნავი ქირურგი, პაციენტების მიერ „მსოფლიოში ყველაზე კეთილ მომღერალ ექიმად“ წოდებული; მოწოდებით ქველმოქმედი, რომელიც ყოველი შვებულების დროს თბილისიდან ბათუმში ჩამოდიოდა და უფასოდ აკეთებდა ოპერაციებს. ხელმოკლე ოჯახებისა და უპოვართა განმკითხავი, კოლეგების მიერ წლის საუკეთესო ექიმთა რეიტინგში არაერთხელ აღიარებული... ცნობილი ქართველი მედიკოსების — ტარსაიძის, გომართელის, ჟორჟოლიანის ტრადიციების გამგრძელებელი. ექიმი ესთეტი, რომელიც ანესტეზიად საკუთარ ვოკალურ მონაცემებს იყენებდა.
პარიზში მცხოვრები, საქვეყნოდ აღიარებული ოქრომჭედელი გუჯი (ელგუჯა) ამაშუკელი. მისი ძმა ნუკრი კი მოსკოვში კინორეჟისორია (მასწავლებელ ნინა კაკაბაძის შვილები).
ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე, ოქროსმედალოსანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, აჭარის კულტურის მინისტრი, გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორი, ბატონი ბიძინა მახარაძე.
ოპერის მომღერალი ალექსანდრე (ალიკო) ხომერიკი. მასზე დედაჩემმა მეტად საინტერესო ამბავი მიამბო: ალიკო ჩემს სადამრიგებლო კლასში სწავლობდა. ნიჭიერი, მაგრამ ზედმეტად ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო. თურმე, ერთხელ, გაბრაზებულს მისთვის მითქვამს: შვილო, შენ ისე იქცევი, რომ შენგან არაფერი გამოვაო. გავიდა წლები და ალიკომ შემომითვალა: მარო მასწავლებელო, მე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი ვარო. ერთხელ, როცა ბათუმში გასტროლებზე იყო, ბილეთიც კი გამომიგზავნაო.
1999 წლის 28 ივლისს ქართული გაზეთები, რადიო, ტელევიზია იუწყებოდა, რომ ავიაკონსტრუქციის ისტორიაში შეიქმნა პირველი ქართული კოსმოსური რეფლექტორი, რომელსაც დიდი სამხედრო, სამოქალაქო და სამეცნიერო მნიშვნელობა ენიჭებოდა — ცნობას თან ახლდა კონსტრუქციის ავტორის — ელგუჯა მეძმარიაშვილის ფოტოსურათი. სახელი და გვარი მეცნო. დედას მოსწავლე იყო. მოვძებნე სურათები. გამიმართლა. ელგუჯა მეძმარიაშვილი ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე, ოქროს მედალოსანი გახლდათ.
აღნიშნული ნაკეთობის დამზადებაში მონაწილეობდნენ: მიხეილ ჯანიკაშვილი და ვასილ ურუშაძე. ორთავე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, მედალოსნები იყვნენ. ელგუჯა მეძმარიაშვილი ახლა სამხედრო, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეციერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. მას მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი; საქართველოს, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ორდენები და მედლები. როდესაც ელგუჯა მეძმარიაშვილს საზეიმო ვითარებაში გადაეცა დამსახურებული ჯილდო, საქართველოს კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, თურმე, ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა: რაც კარგები ვართ, პირველსკოლელები ვართო.

***
ამ ადამიანების პიროვნული ღირსებები, მათი დამსახურება ქვეყნისა და საზოგადოებრიობის წინაშე მავალდებულებს საკადრისი პატივი მივაგო სკოლას, რომელშიც ისინი აღიზარდნენ. მიმაჩნია, შეიქმნას მუზეუმი, რომელიც ნათელს მოჰფენს სკოლისა და მისი პედაგოგიური პერსონალის კეთილშობილურ საქმიანობას. მომავალ თაობას კი გაუღვიძებს ინტერესს — ისწავლონ ბეჯითად, იყვნენ წარმატებულები და გამოადგნენ სამშობლოს მისი მომავლის შენებაში.

მასალა მომზადდა სკოლის კურსდამთავრებულის, ქალბატონ ცირა ბექაიას მიერ მოძიებული და ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე.

25-28(942)N