გამოდის 1998 წლიდან
2011-05-25
მაძიებლის სადემონსტრაციო გაკვეთილის გეგმა

2010-11 სასწავლო წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით, განხორციელდა მენტორ-მაძიებელთა თანამშრომლობის პროგრამის დანერგვა და მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ მენტორ-მაძიებელთა ინსტიტუტი მანამდეც არსებობდა, თუმცა წელს მათი საქმიანობა გაცილებით ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა. მაძიებლებთან თანამშრომლობა მენტორი-მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო სტიმული გამოდგა და მაძიებლებმაც ბევრი შეიძინეს პრაქტიკული დაკვირვებისა და თეორიული ცოდნის შეჯერების წყალობით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ მასწავლებლობის მსურველთა ახალი კადრები, რომლებიც გამოირჩევიან შესაშური ენთუზიაზმითა და მოტივაციით. გთავაზობთ 144-ე საჯარო სკოლის მაძიებელი მასწავლებლის, დარეჯან სუმბაძის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული სადემონსტრაციო გაკვეთილის გეგმას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მენტორი-მასწავლებელი _ ქეთი ქათამაძე). გაკვეთილს დაესწრო სკოლის დირექტორი და მენტორი.
გაკვეთილის თემა/თემის აქტუალობა _ უილიამ შექსპირის `რომეო და ჯულიეტა~ _ ლეგენდად ქცეული სიყვარული.
საგანი _ ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი _ VIII
დრო _ 45 წთ.
გაკვეთილის მიზნები _ მოსწავლეები გაიცნობენ უილიამ შექსპირის ტრაგედიის ფრაგმენტს; ნახავენ პიესის მიხედვით გადაღებული ფილმის ნაწყვეტს; იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გადაიქცეს სიყვარული ლეგენდად.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი _ ქართ.VIII.1. მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე; ქართ.VIII.3. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს მსჯელობის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს; ქართ.VIII.9. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი კითხვა).
აქტივობები/დროის განაწილება _ გონებრივი იერიში _ 5 წთ.; აქტიური კითხვა _15 წთ.; დისკუსია _ 5 წთ.; ორმხრივ ჩანაწერთა სქემის შევსება _ 5 წთ.; ფილმის ნაწყვეტის გაცნობა _ 10 წთ.; რეფლექსია (შეჯამება/შეფასება/საშინაო დავალება) _ 5 წთ.
გაკვეთილის თანმიმდევრობა _ გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი:
I ეტაპი _ პროვოცირება (5 წთ). განწყობისთვის წარმოდგენილია საგანგებოდ მოწყობილი კუთხე ნიღბებით, პიესის უცხოენოვანი დასურათებული ვარიანტით, შექსპირის `სონეტების~ 1956 წლის გამოცემით (გივი გაჩეჩილაძის თარგმანი). პედაგოგი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მათთან ერთად ხსნის თემის სათაურს: რა არის ლეგენდა? როგორ გადაიქცევა სიყვარული ლეგენდად? თუ სმენიათ რაიმე რომეოსა და ჯულიეტას შესახებ? რა ჟანრის ნაწარმოებია `რომეო და ჯულიეტა~? თუ იცნობენ ამ ნაწარმოების კინოვერსიებს? რა სმენიათ უილიამ შექსპირის შესახებ? თუ იცნობენ მის სონეტებს? აქ პედაგოგი უკითხავს ერთ სონეტს, ესაუბრება პიესის, ლექსის სტრუქტურაზე, თარგმანებზე. შექსპირის სავარაუდო ავტორობაზე...
II ეტაპი _ წვდომა (35 წუთი). აქტიური კითხვის საშუალებით პედაგოგი აცნობს მოსწავლეებს ტექსტს (დიალოგის დროს ორ მოსწავლეს შორის ანაწილებს როლებს). იწყებენ ტექსტის განხილვას. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, ტექსტის კითხვის პარალელურად, დაფაზე ავსებს ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის სქემას:
მნიშვნელოვანი ფრაზა/პირველადი კომენტარი/ემოციური კომენტარი
მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, დაწვრილებით არჩევს ფრაზებს, ტროპების ნიმუშებს; ერთად იხსენებენ თეორიულ საკითხებს (განმარტავენ პიესის, დიალოგის, რემარკის მნიშვნელობებს). დაფაზე წარმოდგენილ სქემას ავსებენ კითხვების საშუალებით: რა ხდება ამ ეპიზოდში? ვინ არიან მოქმედი პირები? სად ხდება მოქმედება? როდის ხდება მოქმედება? რატომ შედის რომეო ბაღში მალულად? მათ გასწვრივ, მეორე სვეტში, მოსწავლეებს შეაქვთ პირველადი კომენტარები: რა განწყობას ქმნის... დაახასიათეთ მოქმედი პირები... ისაუბრეთ ნაწარმოებში ასახულ გარემოსა და ეპოქაზე... რა შთაბეჭდილებები აღგეძრათ ტექსტის წაკითხვისას... შემდეგ გაუცვლიან მეწყვილეს რვეულებს და ავსებენ მესამე გრაფას: ემოციურ კომენტარს უკეთებენ ამოწერილ ფრაზებს. ტექსტის გაცნობის შემდეგ პედაგოგი სთავაზობს კლასს, უყურონ ფრანკო ძეფირელის ფილმის `რომეო და ჯულიეტა~ ფრაგმენტს და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, რამდენად დაემთხვა მათ მიერ წარმოსახული სურათი ფილმში ნანახს.
III ეტაპი _ რეფლექსია (5 წუთი). მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილის თემას და მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას: ბიჭებმა მიწერონ წერილი ჯულიეტას, ხოლო გოგონებმა _ რომეოს; გაითვალისწინონ როგორც პერსონაჟთა ხასიათი, ასევე მათი მეტყველება და ნაწარმოების ჟანრობრივი თავისებურება.
შეფასება _ განმავითარებელი შეფასება/სიტყვიერი კომენტარი.
საკლასო მენეჯმენტი/მოსწავლეთა ორგანიზება _ საერთო-საკლასო.
საჭირო რესურსები _ თეატრალური ნიღბები, ეკრანი, პროექტორი, ინტერნეტი, კომპიუტერი, პიესის უცხოენოვანი დასურათებული ვარიანტი, შექსპირის `სონეტების~ 1956 წლის გამოცემა (გივი გაჩეჩილაძის თარგმანი), VIII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო (თუშური, შარაშენიძე, ინასარიძე).

ქეთი ქათამაძე
144-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგი

25-28(942)N